სიმონი ბულბულაშვილი და მამუკა სახიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1840 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
ავტორ(ებ)ი | სიმონი ბულბულაშვილი, მამუკა სახიაშვილი |
თარიღი | 11 სექტემბერი 2024 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადება: „1. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“ |
1) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამათლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადება: „1. თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“ |
2) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“ |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების “ა” ქვეპუნქტი (მეორე წინადადება): ,,თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება: ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;“ |
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი: ,,ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“ |
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის, მე-3 პუნქტის შემდეგი სიტყვები: „ამასთანავე, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.“ |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი პუნქტი: ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
· საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი წინადადება - „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“;
· საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით:
ა) ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით.“ ;
· საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი - (საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს)
„საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“ ;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები;
· ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი -
(საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ) „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
● წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
სიმონი ბულბულაშვილის მიმართ გამოცემულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე. აღნიშნული დადგენილება, პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში (როგორც ზემდგომ ორგანოში), ხოლო შემდგომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, სადაც საქმის განხილვა კვლავ მიმდინარეობს. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 (სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე)-დან გამომდინარე, სიმონი ბულბულაშვილი ვალდებულია, მოახდინოს კაპიტალური და მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობისა და მოწყობილი მსუბუქი კონსტრუქციის ღობის დემონტაჟი, მანამ, სანამ სასამართლო იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ცალსახად კონსტიტუციური ნორმების უხეში დარღვევაა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიმონი ბულბულსაშვილს აქვს უფლება, იდაოს სარჩელში წარმოდგენილ გარემოებებთან დაკავშირებით. (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დადგენილება N003440 თან ერთვის).
სარჩელის შეტანაზე უფლებამოსილი პირია მამუკა სახიაშვილიც. მას N19/01191721654-01 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის N1738 ბრძანების სახით 2022 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა სამშენებლო ობიექტზე განთავსების გზით, თუმცა მისი გაცნობის რეალური შესაძლებლობა არ ჰქონია. (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2019 წლის 12 ნოემბრის N1738 ბრძანება თან ერთვის). ამავდროულად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მიზნით დაიწყო სადავო ქონების დემონტაჟი. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში კი მამუკა სახიაშვილის მიერ აქტების გასაჩივრება არ აჩერებს აღსრულების პროცესს და იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მომჩივანის მოთხოვნას, მისი აღსრულება შეუძლებელი გახდება, ვინაიდან შენობა უკვე დანგრეული იქნება და გადაწყვეტილება აზრს დაკარგავს. (სააღსრულებო ფურცელი თან ერთვის). აღნიშნულის გათვალისწინებით, მამუკა სახიაშვილი წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, იდავოს კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ საკითხებთან მიმართებით;
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
მოცემული კონსტიტუციური სარჩელით საჩივრდება შემდეგი ნორმები:
1.საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადება:
„თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე ან უარს აცხადებს შესაბამისი აქტის/აქტების გაცნობაზე, გაცნობად ჩაითვლება აქტის/აქტების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.“
2.საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების “ა” ქვეპუნქტი:
,,თუ სამშენებლო სამართალდამრღვევი არ იმყოფება ადმინისტრაციულ საჩივარში მითითებულ მისამართზე ან უარს აცხადებს აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობაზე, სამშენებლო სამართალდამრღვევისთვის ამ გადაწყვეტილების გაცნობად ჩაითვლება:
ა) გადაწყვეტილების სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება;“
3.საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი-ს (შემდგომში ,,კოდექსის“) 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგი სიტყვები - „სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში“.
აღნიშნული ნორმები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელ პუნქტს - ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამათლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის 1-ელ პუნქტს:
,,ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა ფასდება თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. უპირველესად, განვიხილოთ კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის ზ/ხ სიტყვებისა და კოდექსის 128-ე მუხლის 11 ნაწილის მე-2 წინადადების “ა” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელ პუნქტთან და მე-18 მუხლის 1-ელ პუნქტთან მიმართებით:
- სადავო მოწესრიგებათა ლეგიტიმურ საჯარო მიზნად დასაშვებია მივიჩნიოთ საქმის წარმოების შეუფერხებლობა. ამასთან, შესაძლებელია მივიჩნიოთ, რომ ციტირებულ ნორმებით დადგენილი წესი წარმოადგენს მიზნის მისაღწევად გამოსადეგ საშუალებას, რადგან შესაბამისი აქტის სამშენებლო ობიექტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ოფიციალურ გაცნობად ჩაითვლება და ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევისა და “დროში გაჭიანურიების’’ გარეშე გაგრძელდება შესაბამისი საქმის წარმოება. თუმცა სადაოა, რამდენად არის მსგავსი მოწესრიგება აუცილებელი და პროპორციული. ხშირია შემთხვევა, როდესაც პირი არ ცხოვრობს რეგისტრირებულ მისამართზე ან იმყოფება საზღვარგარეთ. შესაბამისად, არსებული მოწესრიგების პირობებში, გაეცნობა თუ არა იგი აქტს ოფიციალურად და მიუვა თუ არა მას აქტი ავთენტური სახით, დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. თავის მხრივ, ,,თვალსაჩინო ადგილი“ პრაქტიკაში შეიძლება იყოს ოფისის შესასვლელი, სამშენებლო კონსტრუქციის ნაწილი და სხვა ისეთი დაუცველი ადგილი, სადაც დიდია დოკუმენტის დაკარგვის ან მნიშვნელოვნად დაზიანების საფრთხე, როგორც გარეშე პირებისგან, ისე კლიმატური მოვლენებისგან. ასეთ პირობებში, დაინტერესებულ პირს, ფაქტობრივად, ერთმევა აქტის გაცნობის შესაძლებლობა და შესაბამისად სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება, რომელიც აქტის ოფიციალურად გაცნობის უფლებასაც მოიცავს.
აუცილებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ მიმართოს სხვა ხელთ არსებულ საშუალებებსაც, რათა შეძლოს დაინტერესებული პირისთვის აქტის ჩაბარება. დადგენილების ფასადზე გაკვრა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას და აღნიშნული უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული ორგანო მის ხელთ არსებულ ყველა ზომას მიიღებს კორესპონდენციის ადრესატისთვის პირადად ჩასაბარებლად, რაც არსებული მოწესრიგების ფარგლებში არ ხდება. სწორედ ამიტომ, აქტის ე.წ ,,თვალსაჩინო ადგილზე“ განთავსება არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებს და არღვევს პირის კონსტიტუციურ უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოებით.
ამასთან, კონკრეტულად ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლებასთან დაკავშირებით არ გვაქვს შესაბამისი საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა. სწორედ ამიტომ, წინამდებარე სარჩელის მიზნებისთვის ვიყენებთ არსებულ განმარტებებს სასამართლო განხილვის უფლებასთან დაკავშირებით, რადგან შეგვიძლია არაერთი პარალელი გავავლოთ. პრეცედენტულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,გახარია საქართველოს წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და მიუთითა: „სასამართლო არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლო უწყებებისა და გადაწყვეტილებების ჩაბარება მათი მედიაში გამოქვეყნების საშუალებით შეიძლება ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმის წარმოების სისწრაფე და ეფექტურობა“ .“ მაგრამ აქვეა აღნიშნული: „ ...ეს პროცედურა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის, საზიანოდ (იხ. 34-ე პარაგრაფი)“. როგორც კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ ნაწილთან დაკავშირებულ არაერთ სასამართლო გადაწყვეტილებაშია მინიშნებული, სამართალწარმოების მხარეს უნდა ჰქონდეს სასამართლოს წინაშე არსებული მტკიცებულებების გაცნობის შესაძლებლობა, ისევე, როგორც მისი შინაარსსა და ავთენტურობასთან დაკავშირებით შესაბამისი ფორმით და გონივრული დროის განმავლობაში კომენტარის გაკეთების საშუალება (Krcnar and Others v the Czech Republic &42; Immeubles Groupe Kosser v France &26). მხარეებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ცნობილი გახადონ ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც მათი პოზიციის გასამყარებლად არის საჭირო (Clinique des Acacias and Others v France &37). უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (Dilipak and Karakaya v. Turkey). თუ სასამართლო დოკუმენტები მათ შორის სასამართლო სხდომის უწყებები არ ჩაჰბარდა მხარეს პირადად, მაშინ განმცხადებელს შეიძლება ხელი შეეშალოს საკუთარი თავის დაცვის განხორციელებაში სამართალწარმოების პროცესში (Ozgur-Karaduman v. Germany , no. 4769/02, 26/06/2007).
სადავოა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-2 წინადადების კონსტიტუციურობაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. კოდექსის ხსნებეული მოწესრიგება ასეთია: ,,სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას მშენებლობის ან დემონტაჟის შეჩერების ნაწილში.“
- სადავო ნორმას არ გააჩნია ლეგიტიმური საჯარო მიზანი. ფორმალურად იგი დაინტერესებულ პირს გასაჩივრების შესაძლებლობას არ ართმევს, თუმცა არსებითად უზღუდავს მას, რადგან გასაჩივრება აზრს კარგავს პრაქტიკულ კონტექსტში. სადაო მოწესრიგებით გასაჩივრება არ აჩერებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში აღსრულების პროცესს. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი იქნება სადავო აქტის მოქმედების შეჩერების გარეშე, რადგან დავის საგანი აღარ იარსებებს. თუკი არ იარსებებს უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. ასეთ დროს იზღუდება სასამართლოსთის მიმართვის უფლებაც, რადგან ამ უფლებით სარგებლობა აზრს კარგავს დავის საგნის არარსებობის გამო. არსებული მოწესრიგების პირობებში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ხდება ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების „წინასწარი აღსრულება“.
- გასაჩივრებული ნორმა ვერ ასაბუთებს იმასაც თუ რაში მდგომარეობს დაუყოვნებლივი აღსრულების მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღნიშნული ავტომატურად ხორციელდება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ირღვევა სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება, რადგან ზემდგომ ორგანოში გასაჩივრების უფლებით წარმოება კარგავს აზრს, ამასთან აზრს მოკლებული ხდება სასამართლოში გასაჩივრებაც დავის საგნის არარსებობის გამო.
აღსანიშნავია, რომ როდესაც სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების დაუყოვნებლივმა აღსრულებამ დემონტაჟის ნაწილში შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ფუნდამენტური უფლების ხელყოფა, როგორიცაა საცხოვრებლის უფლება, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დაინტერესებულ პირთა უფლებების დაცვის გარანტიებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ვინაიდან სახლის დაკარგვა არის სახლის პატივისცემის უფლებაში ჩარევის ყველაზე ექსტრემალური ფორმა, ნებისმიერ პირს, რომელსაც ემუქრება აღნიშნული, უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ ეს ღონისძიება პროპორციულობისა და გონივრულობის პრინციპების დაცვით განხორციელდება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი კონვენციით გათვალისწინებული სხვა უფლებების დარღვევა“. (Yordanova and Others v. Bulgaria #25446/06). შესაბამისად, გასაჩივრების უფლების გამოყენების შემთხვევაშიც კი გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღსრულების შეუჩერებლობა, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ საცხოვრებლის უფლებას. გასაჩივრებული დადგენილების მოქმედების შეუჩერებლობით, დაინტერესებული პირის უფლების რეალიზაცია მნიშვნელოვნად გართულდება და მის კანონიერ უფლებას და ინტერესს შესაძლოა მიადგეს არსებითი და შეუქცევადი ზიანი, რაც შემდგომში შეუძლებელს გახდის მოსარჩელის კანონიერი უფლებისა და ინტერესების დაცვას საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა