„სს ტრანსსერვისი“ და ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/9/1343 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 7 ნოემბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 ნოემბერი 2019 14:22 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: „სს ტრანსსერვისი“ დალევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე ლევან ალაფიშვილი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი ქრისტინე კუპრავა, მოპასუხის, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები - ალექსანდრე თორია, გიორგი ლელაძე და ერეკლე კეჟერაშვილი.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1343) მიმართეს „სს ტრანსსერვისმა“ და საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილმა. №1343 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 20 აგვისტოს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 24 მაისს.
2. №1343 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე და 45-ე მუხლები, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი ადგენს, რომ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები მოიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის.
4. „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდეგში „ტექნიკური რეგლამენტი“) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეგლამენტის მიზანია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა. ხსენებული დადგენილების №2 დანართით კი განსაზღვრულია სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურები.
5. №1343 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, ამავე დადგენილების №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით; ხოლო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნა სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14, 21-ე და 30-ე მუხლებთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია.
6. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-14 მუხლით დაცული იყო კანონის წინაშე თანასწორობის უფლება, ხოლო 21-ე მუხლი განამტკიცებდა საკუთრების უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა შრომის თავისუფლების უფლებას, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას, აგრეთვე აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ითვალისწინებდა შრომითი უფლებების დაცვას.
7. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, სამართლის წინაშე პირთა თანასწორობის უფლება დაცულია მე-11 მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლება გარანტირებულია მე-19 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით. რაც შეეხება შრომისა და მეწარმეობის თავისუფლების, მომხმარებელთა უფლებებისა და შრომითი უფლებების დაცვას, აღნიშნული უფლებები განმტკიცებულია მოქმედი კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით.
8. 2019 წლის 21 მაისს მოსარჩელე „სს ტრანსსერვისმა“ განცხადებით მომართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე. 2019 წლის 24 მაისს, საქმის განხილვის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე ლევან ალაფიშვილმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან მიმართებით, ასევე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა გარკვეულ ნაწილში. კერძოდ, №1343 კონსტიტუციური სარჩელის ავტორი სადავოდ არ ხდის: ა) „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტთან და 26-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით და ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №301 დადგენილების №1 დანართის მე-2 შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან, მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებთან და 26-ე მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებთან მიმართებით.
9. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ დავის საგანს წარმოადგენს: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და ამავე დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო აქტებით საქართველოს მთავრობას უფლება აქვს განსაზღვროს ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების საფასური ფიქსირებული თანხის ოდენობით. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ჩაერიოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში და განსაზღვროს ამა თუ იმ მომსახურების საფასურები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს არის რეგულირებად, სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობას მიკუთვნებული სფერო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება ორ კერძო სუბიექტს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობაა. შესაბამისად, ამ მომსახურების საფასური თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების პრინციპიდან გამომდინარე, თავისუფალი ფასწარმოქმნის პირობებში უნდა დადგინდეს და სახელმწიფო მასში არ უნდა ერეოდეს.
11. მოსარჩელეთა პოზიციით, რამდენადაც ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით გამოცხადებული არ არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებად სფეროდ, ამ საქმიანობაში ჩარევა და მომსახურების საფასურების განსაზღვრა, თავისთავად, იწვევს კონსტიტუციის დარღვევას. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო აქტებით საქართველოს მთავრობამ დაადგინა მომსახურების კონკრეტული საფასური, თუმცა გაურკვეველია, თუ რა პრინციპებზე დაყრდნობით ან გათვლით მოხდა ყველა კომპანიის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ერთი და იმავე საფასურის განსაზღვრა. ამგვარი მოწესრიგების პირობებში, მომხმარებელი მოკლებულია შესაძლებლობას ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკება მომსახურების ფასთან დაკავშირებით და მიიღოს ეს მომსახურება, მათ შორის, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფასზე ნაკლებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში კონკრეტული მომსახურების ფასის ნორმატიული აქტით განსაზღვრა იწვევს საკუთრების უფლების შეზღუდვას.
12. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, არ დაუშვას ბაზრის მონოპოლიზაცია და მომხმარებელს შეუქმნას იმგვარი პირობები, რომ მან შეძლოს არჩევანის გაკეთება მომსახურების მიმწოდებლებს შორის, იმისდა მიხედვით, თუ რომელი მათგანი სთავაზობს მომსახურების საუკეთესო პირობებს. ამის საპირისპიროდ, სადავო ნორმებიდან გამომდინარე, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრები ვალდებულნი არიან მომხმარებელს მომსახურება გაუწიონ კონკრეტულ ფასად, რაც იწვევს ბაზრის მონოპოლიზაციას. ამასთან, მომხმარებელს ერთმევა შესაძლებლობა, ბაზარზე არსებული კონკურენციისა და თავისუფალი ფასწარმოქმნის პრინციპებიდან გამომდინარე, მომსახურება მიიღოს მისთვის ყველაზე ხელსაყრელ ფასად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტს.
13. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის, წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადავო ნორმებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ორგანომ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს მთავრობას, თუმცა ამა თუ იმ სფეროს მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოსათვის გადაცემა, თავისთავად, არ იწვევს პირის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას. მოპასუხემ მიუთითა, რომ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს მთავრობას შეეძლო შეერჩია საფასურის განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის, დაედგინა მომსახურების საფასურის ქვედა ან ზედა ზღვარი ან კონკრეტული, ფიქსირებული ოდენობა. შესაბამისად, მოსარჩელის უფლების შემზღუდველი შეიძლება იყოს უშუალოდ ის რეგულაცია, რომლითაც ამა თუ იმ ფორმით განისაზღვრა მომსახურების საფასური და არა თავად მომსახურების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირება.
14. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობას შესაძლებლობა ჰქონდა აერჩია საფასურის განსაზღვრის სხვადასხვა მოდელი, თუმცა, შესაბამისი ბაზრის შესწავლისა და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე გონივრულ მოწესრიგებად ჩაითვალა მომსახურების ფიქსირებული საფასურის დადგენა. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ მომსახურების საფასურის ამგვარად განსაზღვრა უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი ხარისხით მიწოდებას. ამასთანავე, შედარებით მყარი ფინანსური რესურსის მქონე კომპანიებს შეეძლოთ ფასის ხელოვნურად შემცირება და მცირე სუბიექტების ბაზრიდან ხელოვნურად განდევნა, თუმცა ნორმატიული აქტით მომსახურების საფასურის კონკრეტული ოდენობის დადგენით ამგვარი რისკები სრულად განეიტრალდა და მოხდა შესაბამისი ბაზრის დაცვა მონოპოლიზაციისაგან.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით არ ხდება მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევა და, შესაბამისად, №1343 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარეს წარმოადგენდნენ „სს ტრანსსერვისი“ და ლევან ალაფიშვილი. 2019 წლის 21 მაისს მოსარჩელე „სს ტრანსსერვისმა“ მომართა საკონსტიტუციო სასამართლოს და უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე.
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელეს უფლება აქვს, უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას.
3. ამდენად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტზე დაყრდნობით, №1343 კონსტიტუციურ სარჩელზე „სს ტრანსსერვისის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საქმე უნდა შეწყდეს.
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „[…] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
5. №1343 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
6. №1343 კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 მარტის №127 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე, ზემოხსენებული დებულების №2 დანართი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. კერძოდ, შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიები და გარკვეული კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პერიოდულობა, ასევე №2 დანართის ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებულმა სადავო დებულებებმა განიცადეს ნუმერაციული ცვლილებები.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“, II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ №1343 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართი ძალადაკარგულია.
8. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული დებულებები ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას და გამორიცხავს იმავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/15/1262 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ნატალია ფერაძე და კონსტანტინე გურული საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, №1343 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
10. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, მოსარჩელე სწორად აღიქვამდეს სადავო ნორმის და შესაბამისი კონსტიტუციური დებულების შინაარსს.
11. კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის განმარტებით, რამდენადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კანონმდებლობის შესაბამისად მიჩნეული არ არის რეგულირებად ან ლიცენზირებად სფეროდ, სახელმწიფოს არ გააჩნია ამ მომსახურების ფასის განსაზღვრის უფლებამოსილება. შესაბამისად, მისი პოზიციით, მომსახურების ფასი უნდა განისაზღვრებოდეს ინსპექტირების ცენტრსა და მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულებით და არა ნორმატიული აქტით. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საკუთრებისა და მომხმარებელთა უფლების დარღვევას იწვევს, ერთი მხრივ, ზოგადად, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრა, ხოლო, მეორე მხრივ, ამ მომსახურების საფასურის ფიქსირებული ოდენობის დადგენა.
12. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები, მისი პერიოდულობა და საფასურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. აღნიშნული ნორმა ახდენს საქართველოს მთავრობისათვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებას და ქმნის მის მიერ, მათ შორის, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის სამართლებრივ საფუძველს. გასაჩივრებული წესი ახდენს საქართველოს მთავრობისათვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საკანონმდებლო ორგანო უფლებამოსილია, საქართველოს კონსტიტუციის ფორმალურ მოთხოვნათა დაცვით, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადასცეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგების შესაძლებლობა. კანონით მოსაწესრიგებელ საკითხზე პარლამენტის მიერ უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება, თავისთავად, პირის ძირითადი უფლების შეზღუდვას და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას არ იწვევს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“).
13. საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციით, ზოგადად, ამ სფეროში მომსახურების საფასურის განსაზღვრა არ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ, რამდენადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის არც ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ და არც სალიცენზიო ან სანებართვო საქმიანობად. ამასთანავე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება განისაზღვრება როგორც ლიცენზირებადი ან რეგულირებადი სფერო, სახელმწიფოს შეეძლება, შეიმუშაოს შესაბამისი რეგულაციები, მათ შორის, მომსახურების ფასის განსაზღვრის ნაწილშიც.
14. ხსენებულთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული არგუმენტაცია მიმართულია მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის წარმოჩენისაკენ, რაც თვისობრივად განსხვავდება კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის დასაბუთებისგან. ამ კუთხით, სახელმწიფოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის დადგენის უფლებამოსილების არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია შესაბამისი არგუმენტაცია და იგი აპელირებს მხოლოდ კანონის მოთხოვნათა შეუსრულებლობაზე, რაც ვერ გამოდგება ძირითადი უფლების შეზღუდვის დასაბუთების თვითკმარ საფუძვლად. მოსარჩელის მიერ დაფიქსირებული პოზიციიდან არ იკვეთება, კანონთან შეუსაბამობის მიღმა, კონკრეტულად რაში გამოიხატება სადავო ნორმიდან გამომდინარე საკუთრებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევა.
15. როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარისათვის ასევე პრობლემურია მომსახურების საფასურის ფიქსირებული ოდენობით დადგენა, რამდენადაც მომხმარებელს ერთმევა შესაძლებლობა, ნორმატიული აქტით განსაზღვრულზე უფრო ნაკლებ ფასად მიიღოს ანალოგიური მომსახურება.
16. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ საქართველოს მთავრობისათვის კონკრეტული უფლებამოსილების დელეგირებით და არ განსაზღვრავს თავად ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით რაიმე სხვა რეგულაციას. №1343 კონსტიტუციური სარჩელის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სადავო ნორმა საქართველოს მთავრობას ანიჭებს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის ზოგად უფლებამოსილებას. კერძოდ, უფლებამოსილების ამგვარი დელეგირების ფარგლებში საქართველოს მთავრობას შეეძლო განესაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის ზედა ან ქვედა ზღვარი ან დაეწესებინა კონკრეტული, ფიქსირებული საფასური. საფასურის განსაზღვრის ზოგადი უფლებამოსილების დელეგირება ავტომატურად არ გულისხმობს, რომ ყველა შემთხვევაში უნდა მოხდეს საფასურის კონკრეტული, ფიქსირებული ოდენობით განსაზღვრა. ამ მხრივ, საქართველოს მთავრობას შეეძლო, დაეწესებინა მხოლოდ მომსახურების საფასურის ზედა ზღვარი, რომელიც ხელს არ შეუშლიდა ურთიერთობის მონაწილე მხარეებს, ამ ზღვრის ფარგლებში თავად განესაზღვრათ საფასურის კონკრეტული ოდენობა. შესაბამისად, სადავო წესის ფარგლებში უფლებამოსილების დელეგირებისას საქართველოს მთავრობას მიენიჭა უფლება, თავად გადაეწყვიტა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის რომელ მოდელს და საშუალებას აირჩევდა.
17. მოსარჩელისათვის, როგორც მომხმარებლისათვის, პრობლემურია ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის კონკრეტული, ფიქსირებული ოდენობით განსაზღვრა, რადგან მას ეზღუდება ამ მომსახურების უფრო დაბალ ფასად მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული შეზღუდვა გამომდინარეობს არა სადავო ნორმიდან, რომელიც უშუალოდ მომსახურების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილების დელეგირებას ახდენს, არამედ იმ სამართლებრივი აქტიდან, რომელიც შინაარსობრივად არეგულირებს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის ოდენობას. ამ კუთხით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონტექსტში ზღუდავს სადავო ნორმა მოსარჩელის უფლებას ან, უფლებამოსილების ამგვარად დელეგირების პირობებში, რატომ არის შეუძლებელი ფიქსირებული საფასურის განსაზღვრისგან განსხვავებული რაიმე მოდელის ან საშუალების არჩევა. ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ორგანო ფასს განსაზღვრავდა მხოლოდ ზედა ზღვრის ოდენობით, გაუგებარია, თუ რა კონტექსტში შეიზღუდებოდა მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები, რამდენადაც ზედა ზღვრის დადგენა მიმართულია სწორედ მომხმარებელთა უფლებების დაცვისაკენ.
18. ხსენებულის გათვალისწინებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიემართება არა მთავრობისათვის უფლებამოსილების დელეგირების და, ზოგადად, სახელმწიფოს მიერ საფასურის დადგენის, არამედ ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის კონკრეტული შინაარსობრივი ასპექტების კონსტიტუციურობას. აღნიშნული საკითხი სცდება სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს და გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული დებულების შინაარსის არასწორი აღქმიდან. შესაბამისად, მოსარჩელისათვის პრობლემური შინაარსი გააჩნია არა სადავო ნორმას, არამედ იმ აქტს, რომლითაც განისაზღვრა ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების კონკრეტული საფასურები.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1343 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
20. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული ნორმა აწესებს მთავრობის უფლებამოსილებას, განსაზღვროს ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასური, რაც ეწინააღმდეგება საკუთრებისა და მომხმარებელთა უფლებებს.
21. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები შეიცავს ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აგრეთვე ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმას, პერიოდულობას და საფასურს სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. დასახელებული საკანონმდებლო ნორმა განსაზღვრავს, რას გულისხმობს „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მიმართ მოთხოვნები“. ესენია - ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დასადგენადაც ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მისი გავლის დადასტურების ფორმა, პერიოდულობა და საფასური სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. აღნიშნული სადავო ნორმა არ ადგენს საქართველოს მთავრობის ან რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასურის განსაზღვრის უფლებამოსილებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1343 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
23. მოსარჩელე სადავოდ ხდის, მათ შორის, ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლით განსაზღვრულია რეგლამენტის მიზნები, მათ შორის, სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების საფასურების განსაზღვრა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირების საფასური უნდა განისაზღვრებოდეს კერძო სუბიექტების შეთანხმებით და არა რაიმე ნორმატიული აქტით.
24. დასახელებული სადავო ნორმით განსაზღვრულია ტექნიკური რეგლამენტის შემუშავების მიზნები. ამ შემთხვევაში სადავო ნორმის რეგულირების სფერო ამოიწურება მხოლოდ ტექნიკური რეგლამენტის მიზნების ჩამოთვლით და არ განსაზღვრავს საფასურს რაიმე მომსახურებისათვის. მოსარჩელეს არ მოუყვანია რაიმე არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა, თუ რა კონტექსტში ზღუდავს ტექნიკური რეგლამენტის მიზნის განმსაზღვრელი ნორმა მის უფლებებს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არ არის დასაბუთება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის შესახებ.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1343 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1343 კონსტიტუციური სარჩელი („ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის სიტყვების: „საფასურები განისაზღვრება“, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის სიტყვის: „საფასურს“ და „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
2. შეწყდეს საქმე №1343 კონსტიტუციურ სარჩელზე „სს ტრანსსერვისის“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
3. შეწყდეს საქმე №1343 კონსტიტუციურ სარჩელზე („ლევან ალაფიშვილი საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების №2 დანართის (2019 წლის 5 მარტამდე მოქმედი რედაქცია) ვერტიკალურ სვეტში „საფასურები“ მითითებული ყველა მონაცემის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი