აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამი კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/12/1811 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 20 ნოემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 ნოემბერი 2024 13:04 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 13 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1811) მომართეს აითაჯ ხალილოვამ, რამიდა სარიევამ, ბანიამინ კასიმოვმა, სადი სადიგოვმა, რაბილ ისმაილოვმა, ქამრან მამედოვმა და აიჰან გასანოვმა. №1811 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 15 თებერვალს. №1811 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 20 ნოემბერს.
2. №1811 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს სრულწლოვანის პირის მიერ გვარის შეცვლის უფლებამოსილებასა და შესაბამის წინაპირობებს. კერძოდ, პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს: ა) მშობელთა შეერთებული გვარი; ბ) პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი; გ) საკუთარი გვარისა და ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი; დ) ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი; ე) მშვილებლის გვარი; ვ) ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი; ზ) მამის გვარი, ამ კანონის III თავით დადგენილი წესით მამობის დადგენისას; თ) ისტორიული გვარი, ამ კანონის 65-ე მუხლით დადგენილი წესით; ი) სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.
5. სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ №1811 კონსტიტუციური სარჩელის ერთ-ერთმა ავტორმა აითაჯ ხალილოვმა გვარის შეცვლის შესახებ 2020 წლის 18 აგვისტოს №001220098547 განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს. განცმხადებელი ითხოვდა გვარის შეცვლას გვარით „ხალილლი“. განცხადება მიღებულ იქნა „აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის მიღების“ პრიორიტეტით. სააგენტოს გადაწყვეტილების თანახმად, მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის გადამოწმებით დადგინდა, რომ აითაჯ ხალილოვა არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მის წინააღმდეგ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, არ იყო ინფორმაცია რეადმისიისა და დეპორტაციის შესახებ, არ იძებნებოდა საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის მიერ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 6 სექტემბრის №388/ს ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების/ერთეულების საქმიანობის მეთოდური სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ“ 1.8 მუხლის თანახმად, საქართველოში გავრცელებული არაქართული წარმოშობის გვარების დაბოლოებათა თავისებურების გათვალისწინებით, „ოვ“ დაბოლოების მქონე გვარების შესწორება შესაძლებელია მხოლოდ „ოვი“ ან „ოვა“ დაბოლოებით. მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გაირკვა, რომ ვინაიდან არ დასტურდებოდა აითაჯ ხალილოვას აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის მიერ გვარის „ხალილლი“ ფლობა, საქართველოში გავრცელებული არაქართული წარმოშობის გვარების დაბოლოებათა თავისებურების გათვალისწინებით, აითაჯ ხალილოვას მოთხოვნა გვარის შეცვლის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
6. №1811 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ამომწურავად ჩამოთვლის იმ საფუძვლებს, რომელთა არსებობისას პირს შეუძლია გვარის შეცვლა. შესაბამისად, ამგვარი ამომწურავი ჩამონათვალით კანონმდებელი გამორიცხავს პირის მიერ გვარის შეცვლის სხვა ნებისმიერი დასაბუთებული და რელევანტური საფუძვლის არსებობას და გვარის შეცვლის შესაძლებლობას აფუძნებს მხოლოდ ვიწროდ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე, რომლებიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს ეყრდნობა. ამგვარად, მოსარჩელის პოზიციით, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტს.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, განისაზღვროს, თუ, კონკრეტულად, რა იგულისხმება ტერმინში „მყარი პიროვნული კავშირი“. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, „მყარ პიროვნულ კავშირს“ განეკუთვნება შემთხვევა, როდესაც პირის მიერ გვარის შეცვლის მიზნით კონკრეტული გვარის შერჩევა ეყრდნობა არა შემთხვევითობის პრინციპს ან უბრალო სურვილს, არამედ პირთან დაკავშირებულ კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენას, რომელიც, ერთი მხრივ, აჩენს მის ნებას, ატაროს კონკრეტული გვარი და, მეორე მხრივ, მესამე პირთათვის სრულიად გასაგებს ხდის, თუ რატომ შეიძლება სურდეს პირს ამ კონკრეტული გვარის ტარება. აღნიშნული მყარი პიროვნული კავშირის არსებობის შემთხვევაში პირის სურვილს, ატაროს კონკრეტული გვარი, განაპირობებს ამ გვარის კავშირი მის იდენტობასთან. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შესაძლებელია, განისაზღვროს ამგვარ შემთხვევათა კონკრეტული წრე, რომელთა განხილვაც თვალსაჩინოს გახდის, თუ რა იგულისხმება სიტყვაშეთანხმებაში „მყარი პიროვნული კავშირი“.
8. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, დღესდღეობით, ოფიციალურ დოკუმენტებში მრავალი მოქალაქის გვარი აღრიცხულია სწორედ ოვ/ევ ან სხვა რუსული გვარების მაწარმოებელი სუფიქსებით, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული მოქალაქეები ატარებენ არა იმ გვარს, რომელიც მათთვის წარმოადგენს ავთენტურ გვარს და რომელიც კავშირში იქნებოდა ამ პირების ტრადიციასთან, ეთნიკურ წარმომავლობასთან, რელიგიასთან და ოჯახურ ურთიერთობებთან, არამედ იმ გვარს, რომელიც ფორმირდა ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა სისტემის არსებობის დროს დამკვიდრებული პრაქტიკის შედეგად. შესაბამისად, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ოვ/ევ ან რომელიმე სხვა სუფიქსის ჩამოშორების გზით დაიბრუნოს ავთენტური გვარი, რაც გამოიხატება არაავთენტური სუფიქსის ჩამოშორებაში ან გვარისთვის ისტორიულად დამახასიათებელი სუფიქსის დაბრუნებაში. მოსარჩელეთა განმარტებით, პირი საკუთარ თავს უნდა აიდენტიფიცირებდეს მის ავთენტურ და არა კონკრეტული სისტემის პირობებში მოდიფიცირებულ გვართან, რადგან სწორედ მხოლოდ ავთენტური გვარი შეიძლება ასრულებდეს იმ ფუნქციას, რომელიც გააჩნია პიროვნების გვარს, რაც გულისხმობს მისი კავშირის გამოკვეთას მის ისტორიულ, ეთნიკურ, რელიგიურ თუ ოჯახურ წარსულთან. ამასთანავე, ავთენტური გვარის დაბრუნება მყარი პიროვნული კავშირის გამყარებასა და ნათლად გამოკვეთას ემსახურება და შეუძლებელია, საზოგადოების დაბნეულობა გამოიწვიოს. უფრო მეტიც, მოსარჩელეთა განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში გვარის ფუძე უცვლელი რჩება.
9. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, სადავო ნორმა არ იძლევა გვარის შეცვლის ამგვარ შესაძლებლობას, რადგან სუფიქსების ჩამოშორებით ავთენტური გვარის დაბრუნების უფლებას არ ითვალისწინებს გვარის შეცვლის შემთხვევების სადავო ამომწურავი ჩამონათვალი. მოქალაქის მყარი პიროვნული კავშირი ავთენტურ გვართან მარტივად შეიძლება გამოიკვეთოს პირის ეთნიკური წარმომავლობიდან, რელიგიიდან, ხოლო მისი აღმავალი შტოს რომელიმე ნათესავის მიერ ავთენტური გვარის ტარების ფაქტი შეიძლება იყოს შეფასების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი კრიტერიუმი. მოსარჩელეთა მოსაზრებით, არსებული კანონმდებლობის პრობლემაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უფლებამოსილი ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, განავითაროს ზემოხსენებული მსჯელობა პირის გვარის შეცვლის განხილვისას, რადგან კანონმდებლობა არ შეიცავს ჩანაწერს მყარი პიროვნული კავშირის არსებობის შემთხვევაში გვარის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ.
10. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ავთენტური გვარის დაბრუნების შემთხვევაში კონკრეტულ პირს და მის ავთენტურ გვარს შორის მყარი პიროვნული კავშირის არსებობა არ მოითხოვს დამატებით მტკიცებას, რადგან ბუნებრივია, რომ პირი საკუთარ თავს აიდენტიფიცირებდეს იმ გვართან, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მის ისტორიულ ვინაობას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები აღნიშნავენ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს „სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში იმგვარი რედაქციული ცვლილების განხორციელება, რომელიც შესაბამისი ინტერესის მქონე პირებს საშუალებას მისცემს დაიბრუნონ ავთენტური გვარი სწორედ სუფიქსების ჩამოშორების საშუალებით.
11. №1811 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და პირადი და ოჯახური ხელშეუხებლობის უფლების გამიჯვნასთან დაკავშირებით. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინებაში საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ „საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად კი, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გაჩნდა ზოგადი ჩანაწერი პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების ხელშეუხებლობის შესახებ. ამდენად, კონსტიტუციის მოქმედ არქიტექტურაში, პირადი ცხოვრების უფლება, მათ შორის, ის უფლებრივი კომპონენტები, რომლებიც 2018 წლის 16 დეკემბრამდე კონსტიტუციის მე-16 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების რეგულირების სფეროში ექცეოდა, დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით“. შესაბამისად, მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პირის შესაძლებლობა, საზოგადოების წინაში წარსდგეს მისთვის სასურველი გვარით, ექცევა პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკონსტიტუციო სასამართლომ №1811 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, მხედველობაში აღარ უნდა მიიღოს 2018 წლის 16 დეკემბრამდე არსებული პრაქტიკა [მხედველობაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“] პირის გვარის შეცვლის საკითხის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით განხილვის თაობაზე.
12. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს ასევე განიხილავს პირის გვარის ცვლილებასთან დაკავშირებით არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისა და საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოების დაბნეულობის თავიდან არიდება. სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის გამოსადეგობისა და აუცილებლობის კომპონენტებიც, კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, აღნიშნულ ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით არის შეფასებული, რადგან, როგორც წესი, საზოგადოებაში არსებული შეხედულებებისა და ჩვეულების მიხედვით, პირს გააჩნია კავშირი საკუთარ გვართან და გვარი გარკვეულწილად არის პიროვნების იდენტობის გამომხატველი. შესაბამისად, საზოგადოებაში შესაძლებელია დაბნეულობა გამოიწვიოს კონკრეტულ პირსა და მის გვარს შორის რაიმე ტიპის კავშირის არარსებობამ. მხარის პოზიციით, მყარი პიროვნული კავშირი პირის მიერ არჩეულ გვართან a priori არ გულისხმობს მის ოჯახურ კავშირს ამ უკანასკნელთან. სადავო ნორმატიულ შინაარსში ექცევა სწორედ ის შემთხვევები, როდესაც პირს მის მიერ შერჩეულ გვართან გააჩნია არა ოჯახური, არამედ სხვა ტიპის კავშირი და, გარდა ამისა, ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფი პირების შემთხვევაშიც, ისინი საკანონმდებლო დონეზე არ მიიჩნევიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად, რადგან არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათ შორის ემოციური კავშირის არსებობა ეჭვგარეშეა, რაც განაპირობებს კიდეც გვარის შეცვლის ინტერესს. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა ასეთ შემთხვევაში გვარის ცვლილებამ გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა.
13. როგორც კონსტიტუციურ სარჩელშია აღნიშნული, სადავო ნორმით განსაზღვრულ მზღუდავ საშუალებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის არ არის მიზეზობრივი კავშირი. ტერმინი „მყარი პიროვნული კავშირი“ მიემართება სწორედ იმ გარემოების არსებობას, რომ პირს მისი პიროვნული გამოცდილებიდან, მოღვაწეობიდან ან წარსული მოვლენებიდან გამომდინარე, მის მიერ შერჩეულ გვართან აკავშირებს კონკრეტული რელევანტური გარემოება. შესაბამისად, აღნიშნული ნორმატიული შინაარსით პირს ეზღუდება არა უფლება იმისა, რომ აირჩიოს რაიმე შემთხვევითი გვარი, რომელიც არანაირ კავშირში არ იქნება მის იდენტობასთან, არამედ ისეთი გვარი, რომელთანაც მას აკავშირებს გარკვეული მნიშვნელოვანი ხდომილება. აღსანიშნავია, რომ პირის მიერ ამგვარ გვარზე გადასვლამ შეუძლებელია გამოიწვიოს საზოგადოების დაბნეულობა, რადგან პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის არსებული მყარი კავშირის გამო ყოველი პირისათვის სრულიად გასაგები იქნება, თუ რატომ შეარჩია პირმა აღნიშნული გვარი. მესამე პირთა დაბნეულობას შესაძლებელია იწვევდეს მხოლოდ ამგვარი კავშირის არარსებობა, რაც მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ნორმატიული შინაარსის პირობებში სახეზე ვერ იქნება. ამგვარად, კონსტიტუციური სარჩელის ავტორების მოსაზრებით, სადავო ნორმის მოსარჩელის მიერ განსაზღვრული ნორმატიული შინაარსი ვერ აკმაყოფილებს გამოსადეგობის კრიტერიუმს.
14. მოსარჩელეების განმარტებით, სადავო ნორმაში ამომწურავი ჩამონათვალის სახით არის მოცემული ის საფუძვლები, რომელთა არსებობის პირობებშიც შეუძლია პირს გვარის შეცვლა. აღნიშნული ნორმა გვარის შეცვლის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში და ბლანკეტურად ართმევს ყველა პირს გვარის შეცვლის საშუალებას, მაშინაც კი, როდესაც ამ უკანასკნელს დასაბუთებული ინტერესი გააჩნია. მათი მოსაზრებით, საზოგადოებრივ ურთიერთობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ იმას, თუ რა გვარით აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს, არამედ, იმავდროულად, მნიშვნელოვანია, თუ რა გვარითა თუ სახელით ახდენს პირის იდენტიფიცირებას საზოგადოება. იმ საზოგადოების დაბნეულობა, რომელმაც ვერავითარი კავშირი ვერ დაინახა პიროვნების ოჯახსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის, შესაძლოა უფრო მეტად იყოს სახეზე მაშინ, როდესაც პირის იდენტიფიკაცია ხდება არა იმ გვარის მეშვეობით, რომელთანაც მას მყარი პიროვნული კავშირი გააჩნია, არამედ მისი ნამდვილი გვარით. მოსარჩელეები იმასაც აღნიშნავენ, რომ საზოგადოებრივი დაბნეულობის თავიდან ასაცილებლად, უკვე არსებობს ისეთი საკანონმდებლო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, გვარის შეცვლის უფლებამოსილება პირს გააჩნია მხოლოდ ერთხელ. აღნიშნულით კი უზრუნველყოფილია პირის მხრიდან გვარის თვითნებურად რამდენჯერმე შეცვლით საზოგადოებრივი დაბნეულობის პრევენცია. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის პოზიციით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისთვის უკვე არსებული ამგვარი საკანონმდებლო მექანიზმი წარმოადგენს პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის ეფექტიან საშუალებას.
15. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმა, სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობას ცხადყოფს, მაგრამ მისდამი უფრო მსუბუქი მიდგომა, სადაც გვარის აღდგენა აღმავალი შტოს თაობების განსაზღვრულ ოდენობაზე არ იქნებოდა დამოკიდებული შესაძლებელს გახდიდა იმ ავთენტური გვარის დაბრუნებას, რომელიც თუნდაც საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, ამავდროულად, კანონმდებელი დაიცავდა პროპორციულობის კრიტერიუმს. წინამდებარე საქმეში ერთმანეთს შეპირისპირებულ ინტერესებს შორის უნდა გადაწონოს პირის უფლებამ, შეიცვალოს არაავთენტური გვარი, ვინაიდან შეზღუდვით დაცული ინტერესები კანონმდებლობით ისედაც დაზღვეულია. გარდა ამისა, ნორმის არაკონსტიტუციურობა გამოიხატება აკრძალვის ბლანკეტურობაშიც მაშინ, როდესაც ამგვარი აკრძალვის აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. ამგვარად, მოსარჩელეთა მოსაზრებით, პროპორციულობის ტესტის თანახმად, სადავო ნორმა იმაზე მეტად ზღუდავს ადამიანის უფლებას, ვიდრე ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად არის საჭირო, შესაბამისად, ვერ აკმაყოფილებს ვერც შეზღუდვის პროპორციულობის მოთხოვნას.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვით, პირს ეზღუდება გვარის შეცვლის შესაძლებლობა, როდესაც არსებობს მყარი პიროვნული კავშირი პირსა და მის მიერ შერჩეულ გვარს შორის.
17. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეცედენტულ სამართალზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1811 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1811 კონსტიტუციური სარჩელი („აითაჯ ხალილოვა, რამიდა სარიევა, ბანიამინ კასიმოვი და სხვები (სულ, 7 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე