საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | №1/5/193 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 16 დეკემბერი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 16 დეკემბერი 2003 00:00 |
საქართველოს სახელით
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
პირველი კოლეგია
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
№1/5/193 თბილისი, 2003 წლის 16 დეკემბერი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ბესარიონ ზოიძის (სხდომის თავმჯდომარე), ვახტანგ გვარამიას, იაკობ ფუტკარაძისა და ნიკოლოზ შაშკინის (მომხსენებელი მოსამართლე) შემადგენლობით (სხდომის მდივანი დარეჯან ჩალიგავა), -
ღია სასამართლო სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსარჩელე მხარე-საქართველოს სახალხო დამცველი მისი მოვალეობის შემსრულებლის თემურ ლომსაძის სახით და მოსარჩელის წარმომადგენელი ვლადიმერ სახელაშვილი, მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი აკაკი გიქოშვილი, მოწმეები – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის სისხლის სამართლისა და პროცესის განყოფილების გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ვენედი ბენიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ლია ხვედელიანი, სპეციალისტი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროცესისა და კრიმინალისტიკის კათედრის გამგე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შოთა ფაფიაშვილი.
განიხილა საქმე - „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილების (ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღმატებოდეს 9 თვეს.
საქართველოს სახალხო დამცველის 193-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა 2002 წლის 20 ივნისს და არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით პირველ კოლეგიას გადმოეცა 26 ივნისს. კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომის 2002 წლის 9 ივლისის №1/7/193 საოქმო ჩანაწერით იგი მიღებული იქნა არსებითად განსახილველად
კონსტიტუციური სარჩელი შემოტანილია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 21-ე მუხლის „ი“ პუნქტის საფუძველზე.
მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ვადის გამოთვლისას ბრალდებულისა და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის დრო მხედველობაში არ მიიღება. ამგვარად, გამოდის, რომ სადავო ნორმებით დაშვებულია ბრალდებულის ცხრათვიან ვადაზე მეტი დროით წინასწარი პატიმრობა, რაც მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სადავო საპროცესო ნორმები,
მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა ა. გიქოშვილმა მხარ არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას. მისი აზრით, სადავო ნორმები არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებას, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. თუკი საკონსტიტუციო სასამართალო გააუქმებს სადავო საპროცესო ნორმებს ან შეაჩერებს მათ მოქმედებას, ეს პრეცენდენტი ნეგატიურ ზემოქმედებას მოახდენს საპროცესო კანონმდებლობაზე – ბრალდებულისა თუ მისი დამცველის მხრიდან ადგილი ექნება საქმის მასალების გაცნობის შეგნებულად გაჭიანურებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ მოწვეულმა ო. გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. კანონმდებელმა ეს დააწესა პირდაპირი მნიშველობით, რაიმე გამონაკლისის დაშვება აქ არ შეიძლება. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურია და ისინი უნდა გაუქმდეს.
მოწმე ვ. ბენიძემ აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადად სწორია. მისი აზრით, 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი მთლიანად უნდა გაუქმდეს, ხოლო 406- ე მუხლის მე-4 ნაწილი უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, ვინაიდან იგი ეხება როგორც საგამოძებო ვადას (რაც რეგლამენტირებული არ არის), ისე პატიმრობის ვადას. ამასთანავე, მოწმის აზრით, თუკი სადავო ნორმები გაუქმდება, საგამოძიებო ორგანოებს სირთულეები რომ არ შეექმნათ, კარგი იქნება გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდოს მაქსიმუმ სამ თვემდე მაინც.
მოწმე ლ. ხვედელიანი მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამართლებულია, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ისინი უნდა გაუქმდეს.
სპეციალისტის შ. ფაფიაშვილის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილითა და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებული წესი, რომლითაც პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების ვადის გამოთვლისას ბრალდებულის და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა მხედველობაში არ მიიღება, არასწორია და იგი ამოღებული უნდა იქნეს, ასევე, ცვლილება შეიძლება იმ მიმართებით, რომ მიეთითოს საქმის მასალების გაცნობის წინასწარ განსაზღვრული კონკრეტული ვადა. ეს გარემოება ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველის მიერ ბოროტად რომ არ იქნეს გამოყენებული, მიზანშეწონილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს სათანადო ცვლილებები. კერძოდ. საქმის მწარმოებელ ორგანოს მიეცეს უფლება ბრალდებულსა და მისი ინტერესების დამცველს საქმის მასალების გასაცნობად განსუზაღვროს გონივრული ვადა (ცხრათვიანი ვადის ფარგლებში).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვის საფუძველზე გაანალიზა კონსტიტუციური სარჩელის მონაცემები, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეთა გამოსვლები, მოწმეთა ჩვენებები, სპეციალისტის დასკვნა და ამის შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
1. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილი შეეხება ბრალდებულის პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ვადას, რომლის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ბრალდებულისა და მის დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს. აღნიშნული დებულება ერთმნიშვნელობიანია და იმპერატიულ ხასიათს ატარებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 ნაწილებში განსაზღვრულია პატიმრობის ვადა. თავდაპირველად პატიმრობის ვადა საქმის გამოძიებისას განისაზღვრება 3 თვით ეჭვმიტანილის დაკავების ან ბრალდებულის დაპატიმრების მომენტიდან. საბოლოოდ ამ ვადის 9 თვემდე გაგრძელება, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, გამომძიებლის მოტივირებული შუამდგომლობითა და საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, შეუძლია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებული პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სადავო ნორმები უშვებს იმისი შესაძლებლობას, რომ ბრალდებულის პატიმრობა აღემატებოდეს 9 თვეს, ვინაიდან ამ ვადის გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ბრალდებულის და მისი დამცველის მიერ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგია თვლის. რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებასთან, რომლის თანახმად ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
2. საქართველოს კონსტიტუციის გარდა, სადავო ნორმები არ შეესაბამება ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავსუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია) მოთხოვნებს. ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით ყველას აქვს თავსუფლებისა და პირადი უსაფრთხოების უფლება, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლურ ფასეულობასა და ბევრის სხვა უფლებისა და თავსუფლების სრული განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს. მე-5 მუხლის დანიშნულებაა უზრუნვენლყოს, რომ არავის წაერთვას თავსუფლება თვითნებურად. პირი შეიძლება დაკავებული ან დაპატიმრებული იქნეს მხოლოდ კანონის საფუძველზე, რომელიც შესაბამისობაში უნდა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან . თავისუფლების აღკვეთა იმაზე მეტხანს არ უნდა გრძელდებოდეს, რაც აუცილებლობითაა განპირობებული და შესაძლებელი უნდა იყოს თავისუფლების მყისიერი აღდგენა, როდესაც აღკვეთა გამართლებული არ არის (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1979 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე - „ვინტერვერპი ნიდერლანდების წინააღმდეგ“, series A N 33). ევროპული კონვენციით სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ გასცდეს გონივრულ ვადებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სადავო ნორმები ასევე ვერ აკმაყოფილებს ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის სტანდარტებსაც.
3. სასამართლო კოლეგია ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და გააუქმებს სადავო ნორმებს ან შეაჩერებს მათ მოქმედებას, ეს პრეცენდენტი თავის მხრივ ნეგატიურად იმოქმედებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაზე. კერძოდ, ბრალდებულის ან მისი დამცველის მხრიდან ადგილი ექნება საქმის მასალების გაცნობის შეგნებულად გაჭიანურებას. ამასთან დაკავშირებით სასამართლო კოლეგია მიუთითებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, თუ პროცესის რომელიმე მონაწილის მხრიდან ადგილი ექნება საქმის გაცნობის შეგნებულად გაჭიანურებას, გამომძიებელს უფლება აქვს გამოიტანოს პროკურორის მიერ სანქციონირებული დადგენილება საქმის გაცნობის გონივრული და საკმარისი ვადის მითითებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმძვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის 32-ე და 33-ე მუხლებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. დაკმაყოფილდეს საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მე-7 და 406-ე მუხლის მე-4 ნაწილები (ბრალდებულის პატიმრობასთან დაკავშირებით) საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტის იმ დებულებასთან მიმართებით, რომლის თანახმადაც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს;
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 162-ე და 406-ე მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნაწილები იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
3. საგამოძიებო ორგანოებს სირთულეები რომ არ შეექმნათ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი და მე-2 პუნქტების აღსრულება გადაიდოს 2004 წლის 25 სექტემბრამდე;
4. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექსედებარება;
6. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს;
7. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
ბესარიონ ზოიძე (თავმჯომარე)
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი (მომხსენებელი მოსამართლე)