ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N2/19/1833 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, |
თარიღი | 27 დეკემბერი 2024 |
გამოქვეყნების თარიღი | 13 იანვარი 2025 20:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1833) მომართეს ალექსანდრე კოხიამ და კახაბერ გოგოძემ. №1833 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის პირველ აგვისტოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2024 წლის 28 დეკემბერს.
2. №1833 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „თუ გამსესხებელი/კრედიტის გამცემი არ არის საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტი, ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის (საგნების) ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის (საგნების) ღირებულება ან გირავნობის საგნისა (საგნებისა) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (ნივთების) ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას. მხარეთა შორის სხვაგვარი შეთანხმება დაუშვებელია. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მისი ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებულ სუბიექტებს დაუდგინოს ამ ნაწილით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი ან/და დამატებითი წესი“. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული პირობა არ ვრცელდება კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის მიერ დადებულ სესხის ხელშეკრულებებზე“.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება.
5. №1833 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელეებს სესხის გამცემ სხვადასხვა სუბიექტთან დადებული ჰქონდათ სესხის ხელშეკრულებები. აღნიშნული სესხის ხელშეკრულებებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებდა შეუსაბამოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო მეორე შემთხვევაში, ერთ-ერთ მოსარჩელეს, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით უზრუნველყოფილი საგნის რეალიზაციის შემდგომ, შეუნარჩუნდა სესხის ხელშეკრულებიდან მომდინარე დარჩენილი მოთხოვნის შესრულების ვალდებულება.
6. მოსარჩელეთა განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებისთვის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურ ზღვარს, ემსახურება სესხის გამცემი პირების თვითნებობის აღკვეთას, თუმცა ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, კანონმდებელი აღნიშნულ შემზღუდველ წესს არ ავრცელებს საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებზე, მაშინ, როდესაც ამ უკანასკნელთ, ანალოგიური თვითნებობის შესაძლებლობა აქვთ. სადავო ნორმა ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და საკრედიტო კავშირს, ხოლო, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის გამცემ პირთა შორის. მსესხებლის ინტერესია შეღავათიანი პირობებით გარიგების დადება, ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია გასაჩივრებული რეგულირებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ პირებს უფლება აქვთ, თავად დაადგინონ იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ყოველთვიური პროცენტის მაჩვენებლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებულ დიფერენციაციას არ აქვს ლეგიტიმური გამართლება.
7. კონსტიტუციური სარჩელის ავტორები სადავოდ ხდიან, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხს. სადავო ნორმის თანახმად, გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ საგნებიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის მოთხოვნის დასაფარად. გასაჩივრებული რეგულირების საფუძველზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია, განსხვავებული წესი დაუდგინოს მის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სუბიექტებს. შესაბამისად, ადგილი აქვს ანალოგიურ დიფერენცირებულ მოპყრობას, ერთი მხრივ, საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებს, ხოლო, მეორე მხრივ, სხვა გამსესხებელს/კრედიტის გამცემ პირებს შორის. დასახელებული სადავო ნორმა, ლეგიტიმური მიზნის გარეშე, უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს ერთი ნიშნით გაერთიანებულ სუბიექტებს. შედეგად, სახეზეა დისკრიმინაციული მოპყრობა.
8. მოსარჩელე მხარე, დამატებით, მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს, არსებითად თანასწორ გარემოში, მოწყვლადი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობა სესხის ხელშეკრულებით სწორედ საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ სუბიექტებთან სარგებლობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
9. მოსარჩელეები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და ევროკავშირის კანონმდებლობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1833 კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1833 კონსტიტუციური სარჩელი („ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
ირინე იმერლიშვილი
ხვიჩა კიკილაშვილი
თეიმურაზ ტუღუში