ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N3/1/1362 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 7 მარტი 2025 17:11 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის, ანა დოლიძის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – ქრისტინე კუპრავა და ლევან ღავთაძე; საჯარო დაწესებულების წარმომადგენელი – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი კონსულტანტი ნათია მახათაძე.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 31 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1362) მომართა ანა დოლიძემ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/4/1362 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1362 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2024 წლის 28 თებერვალს და ამავე წლის 29 მარტს.
2. №1362 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება ადგენს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლებს. კერძოდ, სადავო ნორმის თანახმად, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება იცავს საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას.
5. №1362 კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, 2017 წელს, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 794 მუხლის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ განწესების მოთხოვნით, მიმართეს სამი წლის ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა. მოსამართლეების უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა – ანა დოლიძემ გააკეთა საჯარო განცხადებები, სადაც აღნიშნა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებმაც მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ჰქონდათ სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება, თუმცა მათ ეს გამოცდილება დააგროვეს მძიმე წლებში, როდესაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები ხორციელდებოდა მოსამართლეების ხელით, ხდებოდა პირების უკანონო დაკავება, პოლიტიკური დევნა და დაპატიმრება. აქედან გამომდინარე, მათი გამოცდილება, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო სასარგებლო სასამართლო სისტემისათვის. ანა დოლიძემ საჯაროდ განაცხადა, აგრეთვე, რომ სასამართლო სისტემა უნდა გათავისუფლებულიყო „ადეიშვილის ნარჩენებისაგან... მათი წუთები დათვლილია“.
6. 2018 წლის 6, 7 და 8 თებერვალს, მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დასანიშნ კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების დროს, მოსამართლეებმა შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და, სადავო ნორმის საფუძველზე, მოითხოვეს მათი არჩევის პროცედურისაგან ანა დოლიძის აცილება. შუამდგომლობების ავტორთა მტკიცებით, მოსარჩელის მიერ საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები ეჭვს იწვევდა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შუამდგომლობები დააკმაყოფილა და ანა დოლიძე ააცილა აღნიშნულ მოსამართლეთა გასაუბრებისა და კენჭისყრის პროცედურას. მოსარჩელემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 7 ივნისის №3/1365-18 გადაწყვეტილებით, კანონიერად მიიჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება და, შესაბამისად, ანა დოლიძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერებასთან დაკავშირებით, გაიზიარეს სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებმა.
7. მოსარჩელე განმარტავს, რომ იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნული იყო საქართველოს პრეზიდენტის მიერ და საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება, მონაწილეობა მიეღო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში. სადავო ნორმის საფუძველზე, მიკერძოებულობის მოტივით, მოხდა მისი აცილება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან. მართალია, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესისაგან აცილების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კვლავაც ინარჩუნებს თანამდებობას და იღებს შესაბამის შრომის ანაზღაურებას, თუმცა იგი ვერ ახორციელებს კონსტიტუციით მისთვის დაკისრებულ უმთავრეს ფუნქციას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებით შეიზღუდა საჯარო სამსახურში მისი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება.
8. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის მოტივით აცილების შესაძლებლობას საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების გამო, სადაც იგი, მათ შორის, პერსონიფიცირებულად, არა პირადი მტრობიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების კეთილსინდისიერებაზე და ნეგატიურად აფასებს მათ.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ფლობს გარკვეულ ინფორმაციას მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, იგი არ უნდა დაელოდოს გასაუბრების ეტაპის ჩავლას და ამ ინფორმაციის შესახებ დროულად უნდა აცნობოს საზოგადოებას. მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს მოსამართლეების არჩევის პროცესის ღიაობას და ამცირებს მოსამართლეებად არაკეთილსინდისიერი კანდიდატების განწესების შანსებს. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის გასაუბრების ეტაპამდე გაჟღერება ხელსაყრელია თავად მოსამართლეობის კანდიდატისთვისაც, ვინაიდან ამ ინფორმაციის გაჟღერებით, მას ეძლევა შესაძლებლობა, უკეთ მოემზადოს გასაუბრებისათვის და წინასწარ შეაგროვოს შესაბამისი მტკიცებულებები მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად.
10. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნას აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, კერძოდ, ამით უზრუნველყოფილია საბჭოში კორპორატივიზმის საფრთხის დაბალანსება. შესაბამისად, საბჭოს არამოსამართლე წევრს უნდა ჰქონდეს მოსამართლეობის კანდიდატის მიკერძოებულობის თაობაზე კითხვების დასმისა და მოსაზრებების გამოთქმის მაქსიმალური თავისუფლება.
11. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სადავო საფუძვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დაუყოვნებლივ აცილებასთან შედარებით, უფლების ნაკლებად მზღუდავი საშუალება იქნებოდა ამ წევრის დაშვება გასაუბრების ეტაპზე. მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, მიკერძოებულობის მოტივით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხი დადებითად უნდა წყდებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც იგი კანდიდატის მიმართ არ შეიცვლის წინასწარ გაცხადებულ პოზიციას, ამ უკანასკნელის მიერ გასაუბრების ეტაპზე საკუთარი კეთილსინდისიერების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაშიც კი.
12. მოსარჩელე მხარის განცხადებით, მართალია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მოეთხოვება მიუკერძოებლობა, თუმცა მის მიმართ წაყენებული მიუკერძოებლობის სტანდარტი განსხვავდება მოსამართლის მიმართ წაყენებული მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტისაგან. აღნიშნული განსხვავება თავს იჩენს, მათ შორის, წინასწარ გამოთქმული პოზიციის გამო, აცილების ინსტიტუტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელე მხარის განმარტებით, მოსამართლის მხრიდან მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის დაცვის და გადასაწყვეტ საკითხზე საკუთარი პოზიციის წინასწარი დაფიქსირებისაგან თავის შეკავების ვალდებულება გამომდინარეობს იმ მოცემულობიდან, რომ მოსამართლე ახორციელებს მართლმსაჯულებას, წარმართავს შეჯიბრებით პროცესს და დამოკიდებულია მხარეთა მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე. აღნიშნულისაგან განსხვავებით, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ახორციელებს ინკვიზიციური ხასიათის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. პროცესის ინკვიზიციურობა კი, თავის თავში, გულისხმობს საბჭოს თითოეული წევრის უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად მოიძიოს ინფორმაცია მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ, მიაწოდოს იგი მედიას და საჯაროდ განაცხადოს საკუთარი შეხედულებები ამ კანდიდატის, მათ შორის, მისი კეთილსინდისიერების თაობაზე. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან წინასწარ გამოთქმული მოსაზრების მიმართ, ვერ მოხდება მიუკერძოებლობის შეფასების ისეთივე მკაცრი სტანდარტის გამოყენება, როგორც ეს მოსამართლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
13. მოსარჩელე მხარის პოზიციით, ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მიუკერძოებლობა უნდა შეფასდეს არა მისი მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ერთ კონკრეტულ ეტაპზე გამოთქმული მოსაზრების საფუძველზე, არამედ მთლიანი ადმინისტრაციული პროცესის მანძილზე დაკავებული პოზიციის შეფასების შედეგად. მმართველობითი ფუნქციის განხორციელებისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი, რომელიც ეჭვს ეფუძნება. მისი აცილება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს გააჩნია პირადი მტრობა ან ინტერესი მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ.
14. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
15. მოპასუხე მხარის პოზიციით, ზოგადად, მიკერძოებულობა წარმოადგენს აცილების ინსტიტუტის ამოქმედების ერთ-ერთ კლასიკურ საფუძველს და იგი საქართველოს კანონმდებლობაში ფართოდ დამკვიდრებული მექანიზმია. სადავო ნორმით განსაზღვრული აცილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მოსამართლეთა შერჩევის კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების გამორიცხვას, რომლებსაც ამა თუ იმ კანდიდატის/კანდიდატების მიმართ წინასწარ აქვთ ჩამოყალიბებული და დაფიქსირებული პოზიტიური ან ნეგატიური განწყობა.
16. მოპასუხის განმარტებით, კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე ითხოვდა სადავო ნორმის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის შეფასებას, რომელიც ითვალისწინებდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესაძლებლობას მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას, მის მიერ გაკეთებული ზოგადი განცხადებების გამო. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმატიული შინაარსი სადავო ნორმას არ გააჩნია. ეს მოცემულობა კიდევ უფრო თვალნათელი გახდა მას შემდეგ, რაც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლს დაემატა მე-6 პუნქტი, რომლის თანახმად, დაუშვებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მის მიერ აბსტრაქტულად განსაზღვრულ პირთა წრის მიმართ გამოთქმული მოსაზრების გამო. რაც შეეხება მოსარჩელის აცილებას, იგი განაპირობა იმ ფაქტმა, რომ განცხადება, რომელიც მან გააკეთა მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმართებით, არ იყო ზოგადი ხასიათის და იძლეოდა კონკრეტულ კონკურსანტთა იდენტიფიცირებისა და მათ მიმართ მოსარჩელის წინასწარი ნეგატიური განწყობის პროგნოზირების შესაძლებლობას, რაც დაადასტურა, მათ შორის, სამივე ინსტანციის სასამართლომ.
17. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმას გააჩნია ორი ლეგიტიმური მიზანი. პირველი, ეს არის, მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ობიექტურად, ჯეროვნად და მიუკერძოებლად ჩატარება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ პროცესისა და, შემდგომში – მის საფუძველზე დანიშნული მოსამართლეების მიმართ. მეორე ლეგიტიმურ მიზანს კი წარმოადგენს უშუალოდ მოსამართლეობის კანდიდატის უფლებების დაცვა, რაც გამოიხატება მის მიმართ, სამართლიანი კონკურსის საფუძველზე, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების გამოტანაში.
18. მოპასუხის განმარტებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კანდიდატის თაობაზე გამოხატული პოზიცია აზიანებს ამ პროცესს და აქცევს მას ფორმალობად. უფრო კონკრეტულად, თუკი მოსამართლეობის კანდიდატს წინასწარ ეცოდინება რა აზრის არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მისი კეთილსინდისიერების თაობაზე, მას, ისევე, როგორც გარე დამკვირვებელს, აღარ ექნება განცდა იმისა, რომ ამ კანდიდატის მიმართ მიღებული იქნება სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ვალდებულია, თავი შეიკავოს კონკრეტულ კანდიდატზე ან კანდიდატთა იდენტიფიცირებად ჯგუფზე ისეთი განცხადების გაკეთებისაგან, რომელიც კანდიდატს ან/და საზოგადოებას აღუძრავს ეჭვს მისი მიკერძოებულობის თაობაზე.
19. მოპასუხის პოზიციით, კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დასადგენად კანონმდებლობა ითვალისწინებს გასაუბრების პროცედურას, რომელიც არის საჯარო და რომლის დროსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ შესაძლებლობა, კითხვა-პასუხის მეშვეობით, სრულყოფილად გამოიკვლიონ და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახადონ კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. გარდა ამისა, გასაუბრებამდე პერიოდშიც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა, კანდიდატების შესახებ მოიძიონ ინფორმაცია და გააცნონ იგი საზოგადოებას იმ დათქმით, რომ თავს შეიკავებენ ამ საკითხზე პირადი პოზიციის დაფიქსირებისაგან, ხოლო მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება აქვთ, წარმოადგინონ მათ შესახებ არსებული მცდარი ინფორმაციის გამაბათილებელი სათანადო მტკიცებულებები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეობის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შესახებ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ეძლევათ, აგრეთვე საბოლოო შეფასების დასაბუთების დროს. ამ ფონზე, მოპასუხე მხარისათვის გაუგებარია, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის მიმართ წინასწარი შეფასებისა და პოზიციის დაფიქსირების საჭიროება.
20. მოპასუხის პოზიციით, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი წინასწარ, გასაუბრების გამართვამდე, აფიქსირებს ნეგატიურ განწყობას მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან მიმართებით, რთულია იმის გამორკვევა, ეს განცხადება გაკეთებულია პირადი მტრობის ნიადაგზე თუ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით. მეტიც, მოპასუხის აზრით, მოტივის გამორკვევა, ამ კონტექსტში, არარელევანტურია, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, განცხადება თანაბრად აზიანებს როგორც კონკურსანტის, ისე ობიექტური დამკვირვებლის ნდობას ამ საბჭოს წევრის მიუკერძოებლობისა და მისი მონაწილეობით გამართული კონკურსის სამართლიანად ჩატარების, ხოლო შემდგომში, ამ კონკურსის შედეგად არჩეული მოსამართლის მიმართ.
21. მოპასუხე მხარემ, ასევე არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის შეფასებისას იმაზე დაბალი სტანდარტის გამოყენების საჭიროებაზე, ვიდრე ეს გათვალისწინებულია მოსამართლის შემთხვევაში. მოპასუხის განმარტებით, გაუმართლებელი იქნებოდა მიუკერძოებლობის დადგენის დაბალი სტანდარტის გამოყენება იმ ორგანოს წევრების მიმართ, რომლის უმთავრეს კომპეტენციას სწორედ მოსამართლეების დანიშვნა წარმოადგენს.
22. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერებაზე გამოთქმული მოსაზრებების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით, თავისი არსით, შეფასებადია გამოხატვის თავისუფლების უფლებასთან. შესაბამისად, მოპასუხე ვერ ხედავს კავშირს სასარჩელო მოთხოვნასა და საჯარო თანამდებობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვას შორის. მეტიც, მოპასუხის პოზიციით, სადავოდ გამხდარი აცილების ინსტიტუტი, არსებული საფუძვლებითა და პროცედურული გარანტიებით, იმგვარად არის მოწესრიგებული, რომ არათუ ზღუდავს საჯარო სამსახურის თავისუფლად განხორციელების უფლებას, არამედ პირიქით, უზრუნველყოფს მის სათანადო განმტკიცებას და ეხმარება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკუთარი საჯარო ფუნქციების ჯეროვნად და სამართლიანად განხორციელებაში.
23. მოპასუხე მხარის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსახილველი ნორმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საჯარო სამსახურის განხორციელების უფლების შეზღუდვას, ინტერესთა დაბალანსების ეტაპზე, გასათვალისწინებელია, რომ ეს შეზღუდვა არ არის ინტენსიური ხასიათის. კერძოდ, სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება ხდება კონკურსში მონაწილე კონკრეტულ მოსამართლეობის კანდიდატთან მიმართებით. სხვა მხრივ, იგი კვლავ აგრძელებს თავის საქმიანობას, მონაწილეობას იღებს სხვა კონკურსანტების შეფასებაში, უნარჩუნდება ხელფასი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები. ამასთანავე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომლის აცილების საკითხიც განიხილება, გადაწყვეტილების მიღებამდე ეძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და სათანადოდ დაცვის უფლება, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კანონით უზრუნველყოფილია ამ გადაწყვეტილების სასამართლო წესით გადამოწმების შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ან/და აცილების თაობაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების ალბათობას.
24. საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, №1362 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და მატერიალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა სამმართველოს უფროსი კონსულტანტი ნათია მახათაძე.
25. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის პოზიციით, საქმის მიუკერძოებლად წარმოების პრინციპი წარმოადგენს საჯარო სამართლის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ამ პრინციპის სათანადო გარანტირება სამართალწარმოების ადრესატს უქმნის რწმენას და გარანტიას, რომ მის მიმართ გადაწყვეტილების მიღება მოხდება არა გადაწყვეტილების მიმღები პირის ან ორგანოს მიკერძოებული მიდგომით, არამედ საქმის გარემოებების სრული და ყოველმხრივი გამოკვლევის საფუძველზე. თავის მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება მიუკერძოებლობის უზრუნველმყოფი საკანონმდებლო ჩარჩოს დადგენის პოზიტიური ვალდებულება, რაც გულისხმობს, მათ შორის, აცილების საფუძვლებისა და აცილების მარეგლამენტირებელი წესების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას. სწორედ ამიტომაა, რომ მიუკერძოებლობის საფუძვლით აცილების ინსტიტუტი გათვალისწინებულია საჯარო სამართლის მარეგულირებელი მთელი რიგი საკანონმდებლო აქტებით.
26. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის განმარტებით, მიკერძოებულობა, თავის თავში, არ მოიცავს მარტოოდენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც კონკრეტული საქმის მიმართ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს პირადი დაინტერესება და ეს დადასტურებულია შესაბამისი მტკიცებულებებით. აცილების მექანიზმის გამოყენებისას, მიკერძოებულობის ამგვარი ვიწრო შინაარსით გაგება, ცალკეულ შემთხვევებში, შეუძლებელს გახდიდა მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას. შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ნებისმიერი გარემოება, რომელიც წარმოშობს გონივრულ, ობიექტურ ეჭვს მისი მიკერძოებისა და მის მიერ ტენდენციური გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიმართ მიუკერძოებლობის მაღალი სტანდარტის გამოყენების საჭიროება იმითაც არის განპირობებული, რომ, არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, საბჭოს თითოეულ წევრს და მის მიერ გაკეთებულ კანდიდატის შეფასებას გააჩნია მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის რესურსი, საბოლოოდ, ამ კანდიდატის მოსამართლედ განწესებაზე.
27. საბჭოს წარმომადგენლის განცხადებით, მიკერძოებულობის საფუძვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეობის კანდიდატს აცილების შუამდგომლობის დაყენება შეეძლოს გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, ვინაიდან გასაუბრების დასრულების შემდეგ, კანდიდატთა შეფასების ქულები და შესაბამისი დასაბუთება ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ხდება საჯარო, რაც შეუქცევადად აზიანებს ზემოთ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის არსებობასთან დაკავშირებით.
28. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკაში, მოსარჩელესთან დაკავშირებული შემთხვევის გარდა, საჯარო განცხადების გაკეთების გამო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების პრეცედენტი არ დაფიქსირებულა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ არსებობს აგრეთვე პრაქტიკა, რომლის შესაბამისადაც, განიმარტებოდა, რა იგულისხმება აბსტრაქტული, ზოგადი შინაარსის განცხადებაში.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცული სფერო
1. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს ყოველი მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს წვდომა საჯარო თანამდებობაზე. დასახელებული კონსტიტუციური დებულება „სახელმწიფოს ავალდებულებს, დაადგინოს სახელმწიფო თანამდებობაზე საქმიანობის გონივრული პირობები და გაუმართლებლად არ შეზღუდოს მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო მართვაში, განახორციელოს საჯარო მნიშვნელობის ფუნქცია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის №3/2/574 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18).
2. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულება მოიცავს საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, ადგენს თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის №1/9/1673,1681 გადაწყვეტილება საქმეზე „ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
3. საჯარო თანამდებობიდან პირის გათავისუფლება წარმოადგენს საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების შეზღუდვის თვალნათელ მაგალითს, თუმცა, ცხადია, რომ დასახელებული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის შემთხვევები მხოლოდ პირის თანამდებობიდან გათავისუფლებით არ შემოიფარგლება. საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეფერხებამ შესაძლოა, სხვადასხვაგვარი შედეგები წარმოშვას და, ინტენსივობით, ყოველ ჯერზე არ გაუთანაბრდეს სამსახურიდან გათავისუფლებას. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა, რომელიც ამ უფლების განხორციელების რაიმე ფორმით შეფერხებას/შეზღუდვას გამოიწვევს, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციის სწორედ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით უნდა გადამოწმდეს.
4. ამასთანავე, დასახელებული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვის კონტექსტში, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებასთან მიმართებით, შესაძლოა, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს თანამდებობის პირის უფლებრივი დაცვის გარანტიები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ამა თუ იმ სახელმწიფო თანამდებობის მიმართ მოქმედი უფლების დაცვის კონსტიტუციური სტანდარტები შეიძლება გამომდინარეობდეს მისი კონსტიტუციური სტატუსიდან. ამასთან, მაღალი კონსტიტუციური სტანდარტის აუცილებლობა შეიძლება განსახორციელებელი საქმიანობის თავისებურებას უკავშირდებოდეს. განსაზღვრული ტიპის სახელმწიფო თანამდებობები, თავიანთი შინაარსით და დანიშნულებით განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს. ამგვარი გარანტიების არარსებობის შემთხვევაში ზოგიერთი სახელმწიფო სამსახურის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტიები ფიქტიურ ხასიათს მიიღებდა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27).
2. სადავო ნორმის შინაარსის, შესაფასებელი მოცემულობისა და უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირება
5. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმების დაწყებამდე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ №1362 კონსტიტუციური სარჩელის შემოტანიდან მის საბოლოო გადაწყვეტამდე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულმა კანონმა განსახილველ საკითხთან შემხებლობაში მყოფი არაერთი ცვლილება განიცადა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას, მხედველობაში იქნება მიღებული აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებული ნორმატიული რეალობა და გადაწყვეტილების გამოტანისას მოქმედი კანონმდებლობა (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2-3).
6. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 353 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისას მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება, თუ არსებობს ინტერესთა შეუთავსებლობა, კერძოდ, გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას“.
7. მაშასადამე, აღნიშნული დებულება შემოიფარგლება, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლების განსაზღვრით. ასეთ საფუძვლად სადავო ნორმა მიიჩნევს გარემოებას, რომელიც საეჭვოს ხდის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ობიექტურობას, დამოუკიდებლობას ან/და მიუკერძოებლობას.
8. წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ მოსამართლეობის ცალკეული კანდიდატების შესარჩევი კონკურსიდან მოსარჩელის აცილება გამოიწვია საკონკურსო პროცესის მიმდინარეობისას გაკეთებულმა მისმა საჯარო განცხადებებმა. კერძოდ, გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე გაკეთებულ ამ განცხადებებში, მოსარჩელე ნეგატიურად აფასებდა მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში მონაწილე იმ კანდიდატების წინარე სამოსამართლო საქმიანობას და კეთილსინდისიერებას, რომლებმაც შემდგომში მოითხოვეს მისი აცილება მიკერძოებულობის მოტივით.
9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, საერთო სასამართლოების პრაქტიკისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების განხილვის შემდგომ, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ არაკონსტიტუციურად მიაჩნია სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის მოტივით აცილების შესაძლებლობას საჯაროდ გამოთქმული მოსაზრების გამო, სადაც იგი, მართალია, პერსონიფიცირებულად საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე, თუმცა მოქმედებს არა პირადი მტრობიდან გამომდინარე, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით.
10. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირის მიკერძოებულად მიჩნევა მისი მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების გამო, მრავალ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია როგორც გამოთქმული მოსაზრების შინაარსი, ისე სხვა გარემოებები, როგორებიც არის, მაგალითად, განცხადების გაკეთების დრო, მოსაზრების გამოთქმის მომენტში პირის თანამდებობრივი სტატუსი, განმცხადებლის როლი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში და ა.შ. ამ და სხვა გარემოებებმა შესაძლოა, მნიშვნელოვანი ან სულაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს პირის მიკერძოებულად მიჩნევაზე და, შედეგად, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან მისი აცილების საჭიროებაზე. სხვა სიტყვებით, განსხვავებულ დროსა და მომენტში გამოთქმულმა ერთმა და იმავე მოსაზრებამაც კი, შესაძლოა, განსხვავებული შედეგები წარმოშვას პირის მიკერძოებულად მიჩნევის თვალსაზრისით.
11. აქედან გამომდინარე, წინამდებარე საქმის გადაწყვეტისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მაქსიმალურად კონცენტრირდება მოსარჩელის შემთხვევაზე და სადავო ნორმის კონსტიტუციურ მოთხოვნებთან შესაბამისობას შეაფასებს მხოლოდ ამ შემთხვევის ირგვლივ წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში.
12. შესაბამისად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს, არის თუ არა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მიმდინარეობისას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის მოტივით აცილება მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო, სადაც იგი პერსონიფიცირებულად ან/და იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ადრესატთა წრე, საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე.
13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მხარეების მიერ განსხვავებული მოსაზრებები გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, იზღუდება თუ არა სადავო ნორმის საფუძველზე, საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლება.
14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცული უფლების შეზღუდვის წარმოსაჩენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგინდეს, რომ სადავო ნორმა აწესრიგებს საჯარო თანამდებობის ან/და საჯარო სამსახურში საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (იხ., mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). „საჯარო სამსახური“ არის კონსტიტუციური ტერმინი, რომელიც უნდა განიმარტოს მისი ავტონომიური კონსტიტუციური მნიშვნელობით, მისი ბუნებისა და კონსტიტუციურსამართლებრივი დატვირთვის გათვალისწინებით. ამა თუ იმ პირის/ორგანოს საქმიანობის „საჯარო სამსახურად“ დაკვალიფიცირებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი კონსტიტუციური სტატუსი, ასევე განსახორციელებელი საქმიანობის ბუნება, არსი და დაკისრებულ ფუნქციათა ხასიათი (იხ., mutatis mutandis, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 19 თებერვლის №1/1/569 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9, 25).
15. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო და მისი ძირითადი ფუნქციები უშუალოდ კონსტიტუციით არის განსაზღვრული. საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს საერთო სასამართლოების სისტემის ორგანოს, რომელიც იქმნება საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის, მოსამართლეთა დანიშვნისა და გათავისუფლების და სხვა ამოცანების შესრულების მიზნით. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსამართლეთა დანიშვნა/მათი დანიშვნის პროცესში მონაწილეობის მიღება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ, საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.
16. საერთო სასამართლოების მოსამართლედ დანიშვნის აუცილებელი ეტაპი და წინაპირობა არის კონკურსი, რომელშიც მოსამართლეობის კანდიდატებს, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების საფუძველზე აფასებენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციური დატვირთვისა და, უშუალოდ, მოსამართლეთა განწესების პროცესის საჯაროსამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მიმდინარეობისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეწევიან საჯარო სამსახურებრივ საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის გაგებით.
17. სადავო ნორმა სწორედ მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძვლებს ითვალისწინებს. კერძოდ, გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს კონკურსიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მიკერძოებულობის მოტივით. წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ხმათა უმრავლესობით, შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების თაობაზე, როგორც ეს მოხდა მოსარჩელის შემთხვევაში.
18. აღნიშნული საფუძვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი მოსამართლეობის კანდიდატთან/კანდიდატებთან მიმართებით, იგი მონაწილეობას ვერ მიიღებს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებში და, ამდენად, ვერ განახორციელებს კონსტიტუციით მასზე დაკისრებულ ისეთ მნიშვნელოვან საჯაროსამართლებრივ ფუნქციას, როგორიცაა მოსამართლეთა დანიშვნა. შესაბამისად, სადავო ნორმა უშვებს ჩარევას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ერთ-ერთი მთავარი საჯაროსამართლებრივი ფუნქციის შეუფერხებელ განხორციელებაში.
19. როგორც აღინიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებას ადგენს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება. სწორედ კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ავალდებულებს სახელმწიფოს, დაადგინოს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის განხორციელების გონივრული პირობები და გარანტიები, მათ შორის, გარანტია, რომ პირი, თუნდაც დროებით, არ იქნება ჩამოშორებული საჯარო სამსახურის განხორციელებას კონსტიტუციურ სტანდარტებთან შეუთავსებელი აცილების საფუძვლით.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დაცულ უფლებას და, შესაბამისად, მისი კონსტიტუციურობის შემოწმება უნდა მოხდეს ამ კონსტიტუციური დებულებით დადგენილ სტანდარტებთან მიმართებით.
3. უფლების შეზღუდვის გამართლება, შეფასების ტესტი
21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და შესაძლებელია მისი შეზღუდვა. ამავდროულად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი „სახელმწიფო ხელისუფლების, მათ შორის, საკანონმდებლო ხელისუფლების მოქმედებას მკაცრ კონსტიტუციურ-სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-18), რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით.
22. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილი ფორმალური მოთხოვნაა, რომ საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრებოდეს „კანონით“. განსახილველ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების სადავო საფუძველი მკაფიოდაა განსაზღვრული „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. შესაბამისად, სადავო ნორმა აკმაყოფილებს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნას.
23. მატერიალური თვალსაზრისით, საჯარო სამსახურის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვის შეფასების მასშტაბს თანაზომიერების პრინციპი ქმნის. შესაბამისად, საჯარო თანამდებობის განხორციელების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლებისათვის, აუცილებელია, იგი შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის დისტანცირება საჯარო მმართველობის პროცესიდან უნდა მოხდეს შესაბამისი ლეგიტიმური საჯარო მიზნის არსებობისას. ამასთან, კანონმდებლის მიერ დადგენილი შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ღირებულ ლეგიტიმურ მიზანს და უნდა იყოს მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44).
3.1. ლეგიტიმური მიზანი
24. როგორც უკვე აღინიშნა, იმისათვის, რომ სადავო ნორმით დადგენილი საჯარო საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების შეზღუდვა, მატერიალური თვალსაზრისით, კონსტიტუციურად იქნეს მიჩნეული, იგი უნდა შეესაბამებოდეს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის უპირველესი მოთხოვნაა, რომ გასაჩივრებული საკანონმდებლო ღონისძიება ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
25. მოპასუხე მხარემ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ობიექტურად, ჯეროვნად და მიუკერძოებლად ჩატარება, რათა, ერთი მხრივ, საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა ამ პროცესის და, შემდგომში, მის საფუძველზე შერჩეული მოსამართლეების მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, უშუალოდ მოსამართლეობის კანდიდატის უფლებები იყოს სათანადოდ დაცული, კერძოდ, უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი კონკურსის პირობები, რათა მოსამართლეობის კანდიდატს გააჩნდეს ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მის საკითხზე მიღებული იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილება.
26. მოსარჩელე მხარემ მოპასუხისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების რელევანტურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელის მოსაზრებით, მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების თაობაზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არათუ აზიანებს მოსამართლეების არჩევის პროცესს, არამედ ხელს უწყობს მის ღიაობას და ამცირებს მოსამართლეებად არაკეთილსინდისიერი კანდიდატების განწესების შანსებს. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის გასაუბრების ეტაპამდე გაჟღერება ხელსაყრელია თავად მოსამართლეობის კანდიდატისთვისაც, რამდენადაც მას ეძლევა შესაძლებლობა, სრულყოფილად მოემზადოს გასაუბრების ეტაპისთვის. ამავდროულად, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ, მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესის ინკვიზიციური ხასიათიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება დაუშვებელია ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის გამოყენებით, რომელიც ეჭვს ეფუძნება და რომელიც გამოიყენება მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ. მოსარჩელის პოზიციით, მიკერძოებულობის მოტივით საბჭოს წევრის აცილება შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე მისი სუბიექტური მიკერძოებულობის დადასტურების შემთხვევაში.
27. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მოსარჩელე მხარე მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით დაფიქსირებული საჯარო პოზიციის გამო, ამ კონკურსის სამართლიანად, ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარების მიმართ საზოგადოების მხრიდან ნდობის დაკარგვის ან პროცესის სხვაგვარად დაზიანების რისკებს არ იზიარებს. შესაბამისად, მიაჩნია, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ დგას მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების შეზღუდვის საფრთხე და მათი დაცვის საჭიროება.
28. იმისათვის, რომ, წინამდებარე საქმის ფარგლებში, დადგინდეს მოპასუხის მიერ დასახელებული ლეგიტიმური მიზნების რელევანტურობა, პირველ რიგში, გასარკვევია, შესაძლებელია თუ არა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მოეთხოვებოდეს მიუკერძოებლობის დაცვა, მათ შორის, ობიექტური ტესტის სტანდარტის შესაბამისად. ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის ფარგლებში, მოწმდება, ხომ არ არსებობს რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც განსახილველი საკითხის ირგვლივ საკმარისად ინფორმირებულ, ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენდა რაციონალურ და ლეგიტიმურ აღქმას/ეჭვს იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო/პირი იმოქმედებს მიკერძოებულად. ობიექტური მიუკერძოებლობის სტანდარტი ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებასა და პროცესის მონაწილეებს არ გაუჩნდეთ უნდობლობის განცდა გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის მიმართ. ამავდროულად, ვინაიდან, ჩვეულებრივ, ძალზე რთულია სუბიექტური ტესტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიმღები პირის შედეგისადმი სუბიექტური დაინტერესებულობის დადგენა, ხშირად სწორედ ობიექტური მიუკერძოებლობის სტანდარტი ითავსებს ამ რისკების გადაზღვევის ფუნქციას. კერძოდ, ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან სავარაუდოდ მიკერძოებული პირების ჩამოშორებას და, ამ გზით, მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალურ პრევენციას.
29. ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის გამოყენების საჭიროებას განაპირობებს საზოგადოების მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის მიმართ არსებული მოლოდინი/საჯარო ინტერესი, საკითხის გადაწყვეტის ამა თუ იმ ეტაპზე მისი მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნების თაობაზე. ამ მოლოდინს, თავის მხრივ, წარმოშობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის სტატუსი და მასზე დაკისრებული ფუნქციები, აგრეთვე კანონმდებლობით მოწესრიგებული ამ ფუნქციის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი, ექსკლუზიურად, მხოლოდ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ არ გამოიყენება. იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი სხვა ორგანოს/პირის მიმართ. განსხვავებული შეიძლება იყოს უშუალოდ ობიექტური მიუკერძოებლობის შეფასებისა და დადგენის სტანდარტები იმისდა მიხედვით, რამდენად მზარდია საზოგადოების მოლოდინი და მოთხოვნა კონკრეტულ მომენტში გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნების თაობაზე.
30. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის კონსტიტუციური ორგანო, რომელიც ვალდებულია, სამართლიანი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე, შეარჩიოს ან/და თანამდებობაზე განაწესოს მოსამართლეობის ის კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ამ თანამდებობრივ სტატუსს. მოსამართლეთა ობიექტური და სამართლიანი შერჩევის/დანიშვნის პროცესის უზრუნველსაყოფად და თვითნებური და მიკერძოებული გადაწყვეტილებების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვადასხვა გარანტიებსა და ინსტრუმენტებს, როგორებიცაა: მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების კრიტერიუმების დადგენა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობის მოთხოვნა, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა და სხვ. (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18-22). ცხადია, მსგავსი მნიშვნელობის საჯარო საკითხის გადაწყვეტის დროს, დიდია საზოგადოების მოლოდინი და ინტერესი, რომ მოსამართლეთა განწესების პროცესი ჩატარდება მაქსიმალურად გამჭვირვალედ, მიუკერძოებლად და სამართლიანად.
31. გარდა ზემოაღნიშნულისა, განსახილველ სამართალურთიერთობასთან მიმართებით, მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის დაცვის საჭიროების კონტექსტში, საყურადღებოა, რომ მოსამართლეთა თანამდებობაზე განწესება ხდება კონკურსის საფუძველზე, რომელშიც, როგორც წესი, რამდენიმე კანდიდატი მონაწილეობს. კონკურსის მთავარი დანიშნულება კი მათგან საუკეთესო კანდიდატის გამოვლენაა. მსგავს ვითარებაში, კერძოდ, როდესაც სამართალურთიერთობაში არსებობს სხვადასხვა კონკურენტული ინტერესები და ერთი კანდიდატის მიმართ არსებულმა მიკერძოებულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, ავტომატურად დააზარალოს სხვა კანდიდატები ან პირიქით, უპირატესობა მიანიჭოს მათ, კიდევ უფრო მეტად იზრდება იმის საჭიროება, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი არა მხოლოდ მოქმედებდეს მიკერძოების გარეშე, არამედ ტოვებდეს კიდეც მიუკერძოებელი და ნეიტრალური არბიტრის შთაბეჭდილებას.
32. საზოგადოების მხრიდან მოსამართლეთა განწესების პროცესის ღიად, ობიექტურად და სამართლიანად ჩატარების აღქმადობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს, აგრეთვე ამ პროცესის საკანონმდებლო მოწესრიგება, კერძოდ, მისი თითოეული ეტაპის მაქსიმალური გასაჯაროება. საგულისხმოა ისიც, რომ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაც, როგორც წესი, საჯარო მოსმენის საფუძველზე, ღია სხდომის ფორმატში მიმდინარეობს, რომელიც, ზოგიერთ შემთხვევაში, პირდაპირი ეთერითაც კი გადაიცემა, რათა საზოგადოებისთვის უზრუნველყოფილი იქნეს ამ პროცესზე დაკვირვების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
33. დაბოლოს, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, საყურადღებოა, თავად საჯარო განცხადების გაკეთების მომენტი და ამ განცხადების შინაარსი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლეობის კანდიდატთან კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, აფიქსირებს საკუთარ პოზიციას კანდიდატის შეფასების ორი ძირითადი კრიტერიუმიდან ერთ-ერთის, კერძოდ, კეთილსინდისიერების თაობაზე. მაშინ, როდესაც მოსამართლეობის კანდიდატს ჯერ არ აქვს გავლილი გასაუბრება და სრულყოფილად არ არის რეალიზებული მისი უფლება, საბოლოო შეფასებამდე იქნეს მოსმენილი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ, განსაკუთრებით მაღალია საზოგადოების მოლოდინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან ამ კანდიდატის მიმართ მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნებისა და, მით უფრო, წინასწარ ისეთი შეფასების გაკეთებისაგან თავის შეკავების თაობაზე, რომელიც გამოააშკარავებს მის საბოლოო პოზიციას მოსამართლეობის კანდიდატთან მიმართებით.
34. ზემოთ დასახელებული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს რაციონალურად და ლოგიკურად ესახება მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, კანონმდებლობით შესაძლებელია დაწესებული იყოს მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან მიუკერძოებლობის როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური სტანდარტის დაცვის საჭიროების შესახებ.
35. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზნები, მოცემულ შემთხვევაში, რელევანტურ და, ამასთანავე, ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს და მათ საფუძველზე შესაძლებელია, მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლების შეზღუდვა.
3.2. გამოსადეგობა და აუცილებლობა
36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის და აუცილებლობის კრიტერიუმებს.
37. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). იმავდროულად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). საჭიროა, არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
38. სადავო ნორმა იძლევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის აცილების შესაძლებლობას, რომელიც, საჯაროდ დაფიქსირებული პოზიციის გამო, შესაძლოა, მიჩნეული იქნეს მიკერძოებულად. აღნიშნული საფუძვლით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება გულისხმობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის პროცედურებიდან ამ წევრის ჩამოშორებას, მოსამართლეობის შესაბამის კანდიდატთან მიმართებით. მოსამართლეობის კანდიდატის შემფასებელთა სიიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრის ამორიცხვა, რომლის მიკერძოებულობის მიმართ არსებულ ეჭვს ობიექტური საფუძველი გააჩნია, ნამდვილად ხელს უწყობს და უზრუნველყოფს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის მიუკერძოებლად, ჯეროვნად და სამართლიანად ჩატარებას და პროცესის ასეთად აღქმას საზოგადოების თვალში.
39. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა წარმოადგენს წინამდებარე საქმის ფარგლებში დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.
40. როგორც აღინიშნა, გამოსადეგობასთან ერთად, სადავო ნორმა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ, ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ხომ არ არსებობს უფლების ნაკლებად მზღუდავი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით შეძლებდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას.
41. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ უფლების ნაკლებად მზღუდავ საშუალებად დაასახელა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დაშვება გასაუბრების ეტაპზე და მისი აცილების საკითხის განხილვის გადავადება გასაუბრების დასრულებამდე, იმ შემთხვევაში, თუ იგი კანდიდატის მიმართ არ შეიცვლის წინასწარ გაცხადებულ პოზიციას, ამ უკანასკნელის მიერ გასაუბრების ეტაპზე საკუთარი კეთილსინდისიერების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენის მიუხედავად.
42. საგულისხმოა, რომ აღნიშნული პოზიციის შესაბამისად, თავად მოსარჩელე მხარე უშვებს იმის ალბათობას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების შესახებ გაკეთებული განცხადება შესაძლოა, არ ეფუძნებოდეს მყარ არგუმენტებს და მისი პოზიცია გასაუბრების დასრულების შემდგომ შესაძლოა შეიცვალოს.
43. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გონივრულ ეჭვს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის შესახებ, წარმოშობს მის მიერ გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე გაკეთებული წინასწარი საჯარო განცხადება მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების შესახებ. კანონმდებლობა კონკურსის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპად გამოყოფს კანდიდატთან გასაუბრებას სწორედ იმ მიზნით, რომ, ერთი მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს მიეცეს მის ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმებისა და გასაჯაროების, ხოლო, მეორე მხრივ, მოსამართლეობის კანდიდატს, საბოლოო შეფასებამდე, მის ირგვლივ არსებულ საკითხებზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და საბჭოს წევრების საკუთარ კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობაში დარწმუნების შესაძლებლობა.
44. როდესაც მიკერძოებულობის ეჭვს წარმოშობს გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების შესახებ საჯარო განცხადების გაკეთების ფაქტი, ეს ნიშნავს, რომ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს საფრთხე ექმნება სწორედ საჯარო განცხადების გაკეთების მომენტიდან. მსგავს სიტუაციაში, რაც უფრო დიდხანს დარჩება ეს პირი კანდიდატის მოსამართლედ განწესების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მით უფრო გაძლიერდება საზოგადოების უნდობლობა ამ პროცესის ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მიმართ. შესაბამისად, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის უფრო ეფექტიან საშუალებად ვერ ჩაითვლება მოსარჩელე მხარის მიერ შემოთავაზებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხის განხილვის გადავადება გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე.
45. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე შემთხვევაზე გამოსაყენებელი ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი აგებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობისადმი საზოგადოების და მოსამართლეობის კანდიდატის ლეგიტიმურ ეჭვზე. ამ ეჭვის საფუძველს კი წარმოშობს მის მიერ გაკეთებული განცხადების შინაარსი და კონტექსტი და გადამწყვეტი არ არის იმის გამორკვევა, კონკრეტულად რა მიზანი ამოძრავებდა საბჭოს წევრს განცხადების გაკეთებისას. შესაბამისად, დროში გადავადებით გამოწვეული არაეფექტიანობის პარალელურად, ზოგადად, ბუნდოვანია, ექნება თუ არა საზოგადოების მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის მიმართ დაკარგული ნდობის აღდგენის თვალსაზრისით, რაიმე დატვირთვა გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდგომ, მისი პოზიციის ცვლილებას.
46. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში არ გამოკვეთილა უფლების უფრო ნაკლებად მზღუდავი სხვა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც იმავე ეფექტიანობით უზრუნველყოფდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, როგორც ეს არსებული მოწესრიგების პირობებშია შესაძლებელი. ამდენად, სადავო რეგულირება, გამოსადეგობასთან ერთად, ასევე აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის კრიტერიუმსაც.
3.3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით
47. ვინაიდან სადავო ნორმა აკმაყოფილებს გამოსადეგობის და აუცილებლობის მოთხოვნებს, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა, რომ „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).
48. როგორც აღინიშნა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარმოადგენს კონსტიტუციურ ორგანოს, რომლის შექმნის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება, საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, არის საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, ისევე, როგორც მოსამართლეთა შერჩევა და დანიშვნა. სასამართლოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო და მისი წევრები სათანადო გარანტიებით უნდა იყვნენ აღჭურვილნი. ეს გარანტიები, მათ შორის, უნდა მოიცავდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ხელში ისეთ ბერკეტებს, რომელთა მეშვეობითაც ისინი არ დაუშვებენ მოსამართლედ არაკეთილსინდისიერი და არაკომპეტენტური პირის განწესებას და, ამ გზით, უზრუნველყოფენ საერთო სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებას.
49. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლის დანიშვნის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის საჯარო საქმიანობის განხორციელების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურობა ყოველთვის განსაკუთრებული სკრუპულოზურობით უნდა შეფასდეს. ამავდროულად, ბუნებრივია ისიც, რომ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, უფლების შეზღუდვის ინტენსივობის, შეზღუდვის საპირწონე დასაცავი ინტერესების მნიშვნელობისა და სხვა რელევანტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, შესაძლოა, განსხვავებული იყოს შეზღუდვის გამართლების სტანდარტი სიმკაცრის ხარისხის მიხედვით.
50. მოცემულ საქმეზე, უფლების შეზღუდვის ინტენსივობის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, ყურადღება მიექცეს რამდენიმე გარემოებას. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმის საფუძველზე ავტომატურად არ ხდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილება მთლიანად მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამართული შესაბამისი კონკურსიდან, არამედ ხდება კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის მხოლოდ იმ კანდიდატებთან მიმართებით, რომლებთან დაკავშირებითაც არსებობს საბჭოს წევრის მიკერძოებულობის გონივრული ეჭვი. ამავდროულად, აცილების მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, სხვა მხრივ, ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საქმიანობას, დაუბრკოლებლად ახორციელებს ყველა სამსახურებრივ ფუნქციას და სარგებლობს ყველა იმ სოციალური გარანტიით, რითაც სარგებლობენ საბჭოს დანარჩენი წევრები. გარდა ამისა, სადავო ნორმის საფუძველზე აცილების შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს შესაძლებლობა, საბჭოს გადაწყვეტილება, პროცედურული წესების დაცვით, გაასაჩივროს საერთო სასამართლოს სამივე ინსტანციაში და, ამ გზით, გადაამოწმოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერება, როგორც ეს გააკეთა მოსარჩელე მხარემ.
51. სადავო ნორმით შეზღუდული ინტერესების მასშტაბის წარმოსაჩენად, საყურადღებოა აგრეთვე მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილი არგუმენტის განხილვა, რომლის თანახმად, მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვალდებულია, მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების თაობაზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მათ შორის, გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, აცნობოს საზოგადოებას. ამით იგი ხელს უწყობს მოსამართლეების არჩევის პროცესის ღიაობას და ამცირებს მოსამართლეებად არაკეთილსინდისიერი კანდიდატების განწესების შანსებს. გარდა ამისა, ამ ინფორმაციის გასაუბრების ეტაპამდე გაჟღერება ხელსაყრელია თავად მოსამართლეობის კანდიდატისთვისაც, რათა იგი უკეთ მოემზადოს გასაუბრებისათვის და წინასწარ შეაგროვოს შესაბამისი მტკიცებულებები მისი არაკეთილსინდისიერების შესახებ არსებული ეჭვების გასაქარწყლებლად.
52. მოსამართლეობის კანდიდატების არაკეთილსინდისიერების გამოვლენისა და გასაჯაროების კუთხით, გასათვალისწინებელია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, პირველ რიგში კი, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ითვალისწინებს მოსამართლის თანამდებობაზე განწესების მრავალეტაპიან პროცედურას, რომლის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება სწორედ კანდიდატის კეთილსინდისიერების დადგენაა, ვინაიდან მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების ორი კრიტერიუმიდან ერთს სწორედ კეთილსინდისიერების კრიტერიუმი წარმოადგენს. უფრო კონკრეტულად, ეს პროცედურა მოიცავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსში მონაწილე პირთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების განხილვას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სპეციალური სტრუქტურული ერთეულის მიერ კანდიდატად რეგისტრირებული პირების შესახებ ყოვლისმომცველი ინფორმაციის მოძიებას, რომელიც დაკავშირებულია მათი კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის დადგენასთან, საჯარო მოსმენის ფორმატში კანდიდატებთან გასაუბრებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან თითოეული კანდიდატის წერილობით, დასაბუთებულ შეფასებას, რომელიც საბჭოს ვებგვერდზე ქვეყნდება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან საბჭოს გადაწყვეტილებაზე განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას, რომელიც ასევე ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ა.შ.. სწორედ ამ გზით ხორციელდება საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება თითოეულ კანდიდატთან მიმართებით მიღებულ გადაწყვეტილებათა გამო.
53. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საპროცესო მექანიზმებისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების თაობაზე საზოგადოების დროულად ინფორმირების კუთხით, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საფუძველს ქმნის არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების შესახებ არსებული ინფორმაციის საზოგადოებამდე მიტანა, არამედ კანდიდატის არაკეთილსინდისიერების თაობაზე საკუთარი პოზიციის გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე დაფიქსირება, კანდიდატის წინასწარ შეფასება.
54. ამ კონტექსტში, საგულისხმოა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე თავად მოპასუხე მხარის მითითება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს აქვს უფლება საჯარო განცხადების მეშვეობით, ისევე, როგორც გასაუბრების ეტაპზე, საზოგადოებას მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, უკავშირდებოდეს მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერების საკითხს, თუ საბჭოს წევრი თავად არ შევა კანდიდატის კეთილსინდისიერების შეფასებაში და, ამ კუთხით, არ დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით განსხვავებული მიდგომა არ გვხვდება არც საერთო სასამართლოებისა და უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრაქტიკაში.
55. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგების ფარგლებში, იმ მიზნების მიღწევა, რომლებზეც საუბრობდა მოსარჩელე მხარე, კერძოდ, პროცესის საჯაროობა და საზოგადოების, ისევე, როგორც მოსამართლეობის კანდიდატის დროულად და ეფექტიანად სათანადო ინფორმირება, შესაძლებელია გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე, მოსამართლეობის კანდიდატის არაკეთილსინდისიერების თაობაზე უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ პოზიციის დაფიქსირებისა და ამ გზით მისი აცილების საფუძვლის წარმოქმნის გარეშე. ამავდროულად, სადავო ნორმის საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საჯარო საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებაში ჩარევა არის ფრაგმენტული და პრეცედენტული ბუნების. მისი თავიდან აცილება კი, როგორც აღინიშნა, თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ მარტივად არის შესაძლებელი, საზოგადოების ინფორმირებისა და სხვა იმ ლეგიტიმური მიზნებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, რომელზეც მოსარჩელე მხარე მიუთითებს.
56. ზემოთ განხილულ გარემოებებზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო რეგულაციის საფუძველზე არ ხდება მოსარჩელის საჯარო საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების უფლებაში ინტენსიური ჩარევა.
57. გარდა მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჯეროვნად, ობიექტურად და სამართლიანად წარმართვის და ამ პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის შენარჩუნების თავისთავადი მნიშვნელობისა, შეზღუდვის ვიწრო პროპორციულობის დადგენის კონტექსტში, საჭიროა, აგრეთვე იმის გამორკვევა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსამართლეთა კონკურსის ჩატარებისას, ამ კონკურსში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიუკერძოებლობა. სხვა სიტყვებით, შესაფასებელია, რამდენად დიდი გავლენა შეიძლება მოახდინოს პროცესის ობიექტურად და სამართლიანად ჩატარებაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თუნდაც ერთი წევრის მიკერძოებულობამ.
58. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში წარმატების მისაღწევად, მოსამართლეობის კანდიდატის მიერ კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას დაგროვებულ ქულათა ჯამი უნდა აღწევდეს ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტს. ეს პროცენტი გამოითვლება უშუალოდ შეფასების პროცესში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულების საშუალო არითმეტიკულით, რაც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაადასტურა, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ დაწერილი ქულების ჯამი იყოფა იმ რაოდენობაზე, საბჭოს რამდენი წევრიც მონაწილეობდა კანდიდატის შეფასებაში. მიღებული შედეგი კი, მოქმედი 100 ქულიანი შეფასების სისტემის პირობებში, ემთხვევა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის შესაბამის პროცენტს). შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატის მიმართ პოტენციურად მიკერძოებული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კონკურსიდან განურიდებლობის შემთხვევაში, იქმნება იმის რეალური შესაძლებლობა, რომ აღნიშნულმა პირმა, განზრახ დაბალი ქულების დაწერით, მნიშვნელოვნად შეაფერხოს ამ კანდიდატის მოსამართლედ განწესება.
59. ამდენად, აშკარაა, რომ მოსამართლის განწესების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის მიერ გაკეთებულ შეფასებას მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია კანდიდატის მიმართ დამდგარ საერთო შედეგზე. შესაბამისად, გონივრულია, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდეს ისეთ მექანიზმებს, რომლებიც მაქსიმალურად დააზღვევს და გამორიცხავს მოსამართლეთა შერჩევის/განწესების პროცესში საბჭოს იმ წევრთა მონაწილეობას, ვისი მიუკერძოებლობის მიმართ ეჭვებიც ობიექტურ საფუძვლებს ემყარება.
60. მაშასადამე, მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების ინსტიტუტის მომწესრიგებელი კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სადავო ნორმით დადგენილი აცილების მექანიზმი ემსახურება უმნიშვნელოვანესი მიზნების მიღწევას. კერძოდ, იგი ხელს უწყობს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჯეროვან, ობიექტურ და სამართლიან პირობებში ჩატარებას და კონკურსის ობიექტურობისადმი საზოგადოებისა და მოსამართლეობის კანდიდატების ნდობის განმტკიცებას. მეორე მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვისთვის საჭირო სხვადასხვა ეფექტიან მექანიზმებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის უზრუნველყოფს პროცესის საჯაროობის, ისევე, როგორც საზოგადოებისა და თავად მოსამართლეობის კანდიდატის დროული და ეფექტიანი ინფორმირების შესაძლებლობას იმ საკითხების ირგვლივ, რომლებიც შესაძლოა აჩენდეს კითხვებს კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობასთან დაკავშირებით. ამასთანავე, აცილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმით, კანონმდებლობა დამატებით აზღვევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ აცილების ინსტიტუტის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ან/და გადაწყვეტილების მიღებისას შეცდომის დაშვების/თვითნებობის რისკებს.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, სადავო ნორმის მოქმედების პირობებში, კანონმდებლის მიერ დადგენილია სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებაში ჩარევა, კერძოდ, მოსამართლეობის კონკრეტული კანდიდატების მიმართ მისი მიკერძოებულობის მოტივით აცილების შესაძლებლობა, გასაუბრების ეტაპის დასრულებამდე საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებების გამო, სადაც იგი პერსონიფიცირებულად ან/და იმგვარად, რომ იდენტიფიცირებადი იყოს ადრესატთა წრე, საუბრობს მოსამართლეობის კანდიდატის/კანდიდატების არაკეთილსინდისიერებაზე, აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას.
62. შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასკვნის, რომ სადავო ნორმის გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი, შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით დადგენილ როგორც ფორმალურ, ისე მატერიალურ მოთხოვნებთან და არ არსებობს №1362 კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი, მე-5 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე, 44-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ დაკმაყოფილდეს №1362 კონსტიტუციური სარჩელი („ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.
3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლეების გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.
5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში