ნატო ქავთარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/1/1835 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 5 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 14 მარტი 2025 11:17 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი - კოლეგიის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: ნატო ქავთარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 2 აგვისტოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1835) მომართა ნატო ქავთარაძემ. №1835 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 5 აგვისტოს. №1835 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 5 მარტს.
2. №1835 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, პირს, რომელსაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი განამტკიცებს სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებებს. ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
5. კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატთან არსებული საგანგებო თათბირის 1940 წლის 30 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის 50-10 (აგიტაცია ან პროპაგანდა, რომელიც შეიცავს საბჭოთა ხელისუფლების დამხობას) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისთვის) მუხლების საფუძველზე, მოსარჩელის მამას, ნიკოლოზ ქავთარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ციმბირში გადასახლებით. ამავდროულად, კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ საბრალდებო საქმე ხელახლა განხილულ იქნა საქართველოს სსრ უმაღლესი სასამართლოს მიერ 1960 წლის 8 ივნისს, რის შედეგადაც საქმის წარმოება შეწყდა და დანაშაულის არარსებობის გამო მოხდა ნიკოლოზ ქავთარაძის რეაბილიტაცია.
6. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელემ, 2016 წლის 11 აგვისტოს განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა მამის - ნიკოლოზ ქავთარაძის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 აგვისტოს №3/5982-16 განჩინების საფუძველზე, საქმე არ იქნა მიღებული წარმოებაში. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის №3/5982-16 განჩინება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თავის მხრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ნოემბრის №3ბ/1767-16 განჩინების თანახმად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოხსენებული განჩინება. ორივე შემთხვევაში სასამართლოებმა განმარტეს, რომ ნატო ქავთარაძის სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული წარმოებაში შემდეგ გარემოებათა გამო: „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, ამ კანონით განსაზღვრული პირობების საფუძველზე, პირის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარება და მისი დარღვეული უფლებების აღდგენა ხდება სასამართლოს წესით. კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის თანახმად კი, პირს, რომელსაც აქამდე არ მიუმართავს სასამართლოსათვის განცხადებით პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ, უფლება აქვს, შესაბამისი განცხადებით მიმართოს სასამართლოს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში. დასახელებული კანონი გამოქვეყნდა 2011 წლის 18 მაისს. შესაბამისად, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლება კანონმა 2012 წლის 18 მაისამდე განსაზღვრა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორმა მისი მამის პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების მოთხოვნის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა 2016 წლის 11 აგვისტოს, მაშასადამე, 4 წელზე მეტი ვადის დაგვიანებით. შესაბამისად, ვინაიდან განცხადება წარდგენილი იყო „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, იგი არ იქნა მიღებული განსახილველად.
7. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ამგვარი ნორმატიული შინაარსით, ანუ პირებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის ვადის დაწესებით, სახელმწიფო უკვე ჩაერია მოსარჩელის საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებაში, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიღებას შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
8. ამდენად, მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა ზემოხსენებული კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს უკანონო პატიმრობისათვის სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას. მოსარჩელე ასევე აღნიშნავს, რომ რეპრესირებულ პირთა კონკრეტული, შემოსაზღვრული რაოდენობიდან გამომდინარე, არ არსებობს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გაუმართლებლად მაღალი ოდენობის ხარჯვის რისკი და სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის ლეგიტიმური მიზანი ვერ გამოდგება სადავო რეგულაციით დადგენილი შეზღუდვის გასამართლებლად.
9. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, სადავო ნორმა ასევე არ აკმაყოფილებს კანონის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კონსტიტუციურ სტანდარტს. მოსარჩელის განმარტებით, გასაჩივრებული რეგულაცია წარმოადგენს ძირითად (კოდიფიცირებულ) აქტში ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კანონის ნორმას, რომელიც ადგენს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის ზოგად წესს - კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის ვადას. თუმცა, ეს დანაწესი არსებობას განაგრძობს მხოლოდ ცვლილებებისა და დამატებების შემტან კანონში და არ ხდება მისი ინტეგრირება ძირითად (კოდიფიცირებულ) საკანონმდებლო აქტში, რაც არღვევს კანონის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ პრინციპს, ისევე როგორც, ართულებს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვის აღქმას მისი ადრესატისთვის, ვინაიდან შეუძლებელია ასეთი შეზღუდვის ამოკითხვა საკანონმდებლო აქტის ძირითად (კოდიფიცირებულ) ვერსიაში.
10. მოსარჩელე არ გამორიცხავს შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კანონმდებლობა შეიცავდეს ისეთ დებულებებს, რომელთა გადატანა არ ხდება ძირითად აქტში და ამას არც კანონის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის პრინციპი მოითხოვდეს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ცვლილებების და დამატებების შემტანი კანონი აწესრიგებს კონკრეტული უფლებით სარგებლობის შინაარსობრივ ასპექტებს, აუცილებელია მისი ინტეგრირება ძირითად აქტში. სხვაგვარად, ყოველთვის იარსებებს იმის რისკი, რომ სამართლის სუბიექტისთვის უცნობი დარჩეს მისი კონსტიტუციური უფლების შემზღუდავი აქტის მოთხოვნები.
11. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს, როგორც მისი შინაარსის არაკონსტიტუციურობის გამო, ასევე იმ საფუძვლით, რომ ის არღვევს კანონის განჭვრეტადობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპს.
12. მოსარჩელე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1835 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე სადავოდ ხდის „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელის მოსაზრებით, კანონმდებელმა გაუმართლებლად შეზღუდა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისთვის დაწესებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან დააწესა ხანდაზმულობა სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვისთვის 2012 წლის 18 მაისამდე, რაც გაუმართლებელია და არღვევს სახელმწიფოსგან კუთვნილი კომპენსაციის მიღების უფლებას.
3. აღსანიშნავია, რომ „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით შეფასებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/5/1655 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „თენგიზ ორჯონიკიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოხსენებულ საქმეზე განმარტა, რომ სადავო ნორმა კონკრეტული ვადით შემოფარგლავს, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად ცნობის მოთხოვნით, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სასამართლოსათვის მიმართვა წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების პროცედურის ნაწილს და, ამავე დროს, ხსენებული სტატუსის მიღების ერთადერთ გზას. ამ პროცესში პირველი ინსტანციის სასამართლო მონაწილეობს, როგორც გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და არა სხვა ორგანოს ქმედების კანონიერების მაკონტროლებელი. სასამართლოსათვის მიმართვა ემსახურება არა რომელიმე ორგანოს მიერ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის კანონიერების შემოწმებას, არამედ თავად ამ სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტას. ამდენად, სადავო ნორმით ხორციელდება არა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად ცნობასთან დაკავშირებით უკანონო გადაწყვეტილებიდან დაცვის საპროცესო წესრიგის დადგენა, არამედ თავად ამ მატერიალური უფლების რეალიზების დროით შემოფარგვლა. გასაჩივრებული ნორმა შეეხება მხოლოდ იმ საკითხს, თუ კანონის ამოქმედებიდან რა ვადაში შეუძლია პირს ისარგებლოს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსთვის განცხადებით მიმართვის უფლებით. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმას არ გააჩნია ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანისთვის სასამართლო წესით შესაბამისი კომპენსაციის უპირობოდ მიღების/ანაზღაურების ნორმატიული შინაარსი.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რეგულაციით გათვალისწინებული წესით, კერძოდ, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ პირის მიერ სასამართლოსთვის შესაბამისი განცხადებით მიმართვისათვის კონკრეტული ვადის დაწესებით არ ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლოს წესით ანაზღაურების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტს.
5. ამრიგად, კონსტიტუციური სარჩელით, ზემოხსენებული სადავო საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/5/1655 გადაწყვეტილებით. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 20 ნოემბრის №1/5/1655 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მიხედვით, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი არ ითვალისწინებს გარანტირებულ უფლებას საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლისა და მათი ნათესავებისთვის, მიიღონ კომპენსაცია ამ რეპრესიებთან დაკავშირებით. თანამედროვე საქართველო, საბჭოთა კავშირის ერთიანი სახელმწიფოს რღვევის შედეგად შექმნილი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც არ ეკისრება პასუხისმგებლობა საბჭოთა პერიოდის რეპრესიებისა და უფლებების დარღვევისათვის და არ წარმოადგენს მის პირდაპირ სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, არ მოეთხოვება საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჩადენილ, ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლისთვის მატერიალური კომპენსაციის მინიჭება ან მათი დარღვეული უფლებების სხვაგვარად გამოსწორება. ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა მის მხოლოდ კეთილ ნებას წარმოადგენს. ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სადავო ნორმის საფუძველზე საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიებთან დაკავშირებით მატერიალური კომპენსაციის მიღებისათვის გარკვეული ვადების დაწესება არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის საწინააღმდეგო. ისევე, როგორც ამ მუხლის დარღვევად ვერ იქნებოდა მიჩნეული ვერც იმგვარი შემთხვევა, სახელმწიფოს საერთოდ რომ არ გადაედგა არცერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით და არ მიეღო ნორმები, რომლებიც საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მატერიალური კომპენსაციის მიღების უფლებას გაითვალისწინებდა, თუნდაც შეზღუდულ დროში.
6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, რომელიც შეეხება „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვის უფლებას შემოსაზღვრავს ამავე კანონის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადით საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, №1835 კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
7. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
8. მოსარჩელე სადავო რეგულირებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი ეწინააღმდეგება კანონის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნას. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის პოზიციით, ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კანონის სადავო რეგულაცია ადგენს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის ზოგად წესს, შემოსაზღვრავს მას კონკრეტული ვადით იმგვარად, რომ არ ხდება მისი ინტეგრირება ძირითად, (კოდიფიცირებულ აქტში). ასეთი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში ჩნდება მომეტებული რისკი იმისა, რომ ინდივიდმა მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის მოპოვება ვერ შეძლოს, ვინაიდან კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები გაბნეულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში - როგორც კოდიფიცირებულ (ძირითად), ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შემტან კანონმდებლობაში. გარდა ამისა, ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონმდებლობის ნორმა, რომლის ინტეგრირება არ ხდება ძირითად (კოდიფიცირებულ) აქტში ართულებს მისი ადრესატისთვის კანონით დაწესებული მოთხოვნების ზუსტ აღქმადობას და იწვევს სამართლებრივ გაურკვევლობას.
9. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კანონის ხელმისაწვდომობა […] პირდაპირ კავშირშია სამართლის ცოდნის ფიქციასთან და სამართლებრივი სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მახასიათებელს წარმოადგენს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი მოითხოვს, რომ ძირითადი უფლების შემზღუდავი ნორმები ხელმისაწვდომი იყოს ადრესატისათვის, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს საკუთარი ქმედებების სამართლის ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/7/700 გადაწყვეტილება საქმეზე - „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და სს „წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“ II-21). ამასთანავე, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო აქტის ხელმისაწვდომობა იმას გულისხმობს, თუ რამდენად გააჩნია პირს, დაინტერესების შემთხვევაში, ობიექტურად საკმარისი შესაძლებლობა, რომ გონივრულ ფარგლებში დროის, ორგანიზაციული ან სხვაგვარი რესურსების დახარჯვისა თუ შესაბამისი ძალისხმევის გაწევის გზით მოიპოვოს და გაეცნოს ნორმატიულ აქტს. ამრიგად, მოსარჩელეს მოეთხოვება, რომ მან სასამართლოს ნათლად დაანახოს და დაუსაბუთოს, რომ იგი გონივრულ ფარგლებში შესაბამისი ძალისხმევის გაწევის პირობებშიც კი ობიექტურად მოკლებულია შესაძლებლობას ხელი მიუწვდებოდეს მისი უფლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი არგუმენტაცია, რაც სარწმუნოს გახდიდა სასამართლოსთვის გასაჩივრებული რეგულაციის ხელმისაწვდომობის პრობლემურობას. უფრო მეტიც, განსახილველ შემთხვევაში სადავო აქტის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული რისკები პრაქტიკულად არ არსებობს. სადავო კანონი არის საჯარო, ის დადგენილი წესით გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და ნებისმიერ სუბიექტს აქვს ობიექტურად საკმარისი შესაძლებლობა, რომ გონივრულ ფარგლებში თავისი დროისა თუ სხვა რესურსების გამოყენების შედეგად გაეცნოს მას.
10. მოსარჩელის იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სადავო რეგულაცია აგრძელებს მოქმედებას ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კანონის ფარგლებში და არ ხორციელდება მისი ინტეგრირება კოდიფიცირებულ (ძირითად) საკანონმდებლო აქტში, რამაც შეიძლება სუბიექტს მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სწორი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაში შეუშალოს ხელი, სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, კანონის ხელმისაწვდომობა გულისხმობს ობიექტური შესაძლებლობის არსებობას, გონივრულ ფარგლებში დროისა თუ სხვა რესურსების გაღების, შესაბამისი ძალისხმევის გაწევის პირობებში ინდივიდებმა შეძლონ ნორმატიული აქტის მოძიება და გაცნობა. ამგვარი ობიექტური შესაძლებლობა არსებობს იმის მიუხედავად, სადავო დანაწესი კოდიფიცირებულ (ძირითად) საკანონმდებლო აქტშია გადმოცემული, თუ ცვლილებებისა და დამატებების შემტან კანონმდებლობაში იმ პირობით, რომ დაცული იქნება მისი ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური სტანდარტები. ამრიგად, ზემოხსენებული ჰიპოთეტური რისკის არსებობა, ისევე როგორც მისი შესაძლო პრაქტიკული რეალიზაცია, რაზეც მიუთითებს მოსარჩელე მხარე საერთოდ არ არის დაკავშირებული კანონის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან, და მით უფრო ვერ გამოდგება მისი დარღვეულობის დასასაბუთებლად.
11. ნორმის შინაარსობრივი განჭვრეტადობის საკითხზე მოსარჩელე საკუთარ არგუმენტაციას აფუძნებს მხოლოდ იმ გარემოებას, რომ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა, რომელიც ტექნიკურ საკითხებს კი არ განსაზღვრავს, არამედ პირის უფლებრივ მდგომარეობას, მიღებულია ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონის საფუძველზე და ინტეგრირებული არ არის ძირითად (კოდიფიცირებულ) აქტში. მისი პოზიციით, ასეთი საკანონმდებლო ტექნიკა ართულებს კანონით დადგენილი მოთხოვნის აღქმას ნორმის ადრესატისთვის, ვინაიდან, ზოგადად არსებობს იმის გონივრული მოლოდინი, რომ საკანონმდებლო აქტის ძირითადი (კოდიფიცირებული) ვერსიის შესწავლით პირი მიიღებს სრულყოფილ ინფორმაციას მისი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში უგულებელყოფილია.
12. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ამა თუ იმ იურიდიული ნორმის განჭვრეტადობის ხარისხის განმსაზღვრელი ვერ გახდება თავისთავად ის გარემოება, იგი კანონმდებლობის ძირითად (კოდიფიცირებულ) ვერსიაშია მითითებული თუ იურიდიულად აგრძელებს მოქმედებას ძირითად (კოდიფიცირებულ) აქტში ცვლილებებისა და დამატებების შემტან კანონმდებლობაში. ნორმის განჭვრეტადობის ხარისხი უკავშირდება ნორმის შინაარსს, მისი დებულებების სიცხადეს და არა ნორმატიული აქტების სისტემაში მის ადგილს არსებული საკანონმდებლო ტექნიკის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მარტოოდენ ის გარემოება, რომ გასაჩივრებული რეგულაცია აგრძელებს მოქმედებას ცვლილებებისა და დამატებების შემტანი კანონის ძალით და არ ხდება მისი გადატანა ძირითად (კოდიფიცირებულ აქტში) არ ამცირებს კანონის განჭვრეტადობის ხარისხს. საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმა არის „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის შემადგენელი ნაწილი, რომელიც არის საჯარო და დადგენილი წესით გამოქვეყნებული საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. ამასთანავე, გასაჩივრებული რეგულაცია მისი ერთმნიშვნელოვანი ფორმულირების, შინაარსობრივი სიზუსტისა და მისით მოსაწესრიგებელი ურთიერთობის კონკრეტიკის გათვალისწინებით, არის საკმარისად განჭვრეტადიც იმისთვის, რომ ნებისმიერმა პირმა ნათლად განსაზღვროს მისით დაწესებული მოთხოვნები. მეტიც, საზოგადოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების მიხედვით, კანონის შინაარსობრივი განჭვრეტადობის ხარისხი დაკმაყოფილებულია, თუკი პირს შეეძლო ნორმის შინაარსში დაზუსტებით გარკვეულიყო სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართვის გზით. ამგვარად, მოსარჩელის მტკიცება სადავო ნორმის ბუნდოვანობასა და განუჭვრეტელობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია.
13. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც შეეხება „„საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2011 წლის 19 აპრილის №4562-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, იმ საფუძვლით, რომ სადავო ნორმა არ აკმაყოფილებს კანონის ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1835 კონსტიტუციური სარჩელი („ნატო ქავთარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე