• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

ალექსანდრე მაისურაძე საქართველოს პარლამეტის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1853
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში,
ავტორ(ებ)ი ალექსანდრე მაისურაძე
თარიღი 5 მარტი 2025



თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს კანონი - თავდაცვის კოდექსი

2. „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსაურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსაურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-132 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი: „სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია: უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;“ საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: `საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსაურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტი: „მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს: დ​1 ) ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;“ ის ნორმატიული შინაარსი, რაც ითვალისწინებს უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გათავისუფლების შესაძლებლობას ზღვრული ასაკის მიღწევის შედეგად. საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“

საქართველოს კანონის - თავდაცვის კოდექსის 26-ე მუხლი: „1. სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით.

2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით.“

ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ადგენს თავდაცვის მინისტრზე უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის ზღვრული ასაკის დადგენის და მისი გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირებას

საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება: „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:

მოსარჩელეს წარმოადგენს ალექსანდრე მაისურაძე. სარჩელს თან ერთვის საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა ჩიქოვანის, 2022 წლის 27 ივნისის №MOD4 22 00002266 ბრძანება, სადაც აღნიშნულია: „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი (საშტატო კატეგორია „თავდაცვის პოლკოვნიკი შტატი №8/1134-01) თავდაცვის პოლკოვნიკი ალექსანდრე გიორგი ძე მაისურაძე გადაყვანილ იქნას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის მთავარ ინსპექტორად (საშტატო კატეგორია „თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკი, შტატი: №8/1134-01)

საქართველოს თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამინისტროში დასაქმებული არიან სამხედრო მოსამსახურეები, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სამოქალაქო პირები. თავდაცვის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ პირს პირველადი სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ან/და იგი სახელმწიფო სპეციალური წოდებით დაინიშნება მხოლოდ სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში. ეს ნორმები მეტყველებს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში სამოქალაქო და სამხედრო წოდების მქონე პირებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები. ამასთან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საქმდებიან მხოლოდ გენერალურ ინსპექციაში, სამხედრო პოლიციაში ან სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში. მოსარჩელე ალექსანდრე მაისურაძე დასაქმებულია სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, რაზეც მეტყველებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა ჩიქოვანის, 2022 წლის 27 ივნისის №MOD4 22 00002266 ბრძანება. ამ უკანასკნელის მიხედვით, ალექსანდრე მაისურაძე მოხსენიებულია, როგორც თავდაცვის პოლკოვნიკი, ამის მიუხედავად, ის იკავებს, მისი სპეციალური წოდებასთან (თავდაცვის პოლკოვნიკი) შედარებით დაბალ საშტატო (თავდაცვის ვიცე-პოლკოვნიკის შესაბამის) ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის მთავარ ინსპექტორის თანამდებობას. დასაშვებია ადამიანს ჰქონდეს უფრო მაღალი სახელმწიფო სპეციალური წოდება, თუმცა ეკავოს უფრო დაბალი წოდებისათვის გათვალისწინებული საშტატო თანამდებობა.

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-55 მუხლი არეგულირებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური წოდებების საკითხს. ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „თავდაცვის.“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლელა ჩიქოვანის, 2022 წლის 27 ივნისის №MOD4 22 00002266 ბრძანებაში ალექსანდრე მაისურაძე მოხსენიებულია როგორც „თავდაცვის პოლკოვნიკი,“ რაც მიუთითებს იმას, რომ ალექსანდრე მაისურაძე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობის გამო ატარებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებას.

ახლა რაც შეეხება იმას, რა სახის სპეციაალურ წოდებას ატარებს ალექსანდრე მაისურაძე, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-55 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;“ ალექსანდრე მაისურაძეს აქვს პოლკოვნიკის სპეციალური წოდება, უკავია ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური წოდების კატეგორიის საშტატო თანამდებობა. როგორც ვიცე-პოლკოვნიკი, ისე პოლკოვნიკი წარმოადგენს უფროს სპეციალურ წოდებას.

„სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსაურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანება „სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ მე-132 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად: „სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ზღვრული ასაკია: უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებისთვის – 60 წელი;“ ამავე ნორმატიული აქტის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად: „მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; 60 წლის მიღწევა არის უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი.

სარჩელს თან ერთვის ალექსანდრე მაისურაძის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საიდანაც ირკვევა, რომ მოსარჩელ დაბადებულია 1962 წლის 28 სექტემბერს. მოსარჩელე ამჟამად არის 62 წლის. სადავო ნორმა მიღებული იქნა 2025 წლის 24 იანვარს. ეს ნორმა მართალია მიღებულია, თუმცა ძალაში შედის 2025 წლის 1 მარტს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დღიდან ალექსანდრე მაისურაძე ავტომატურად გათავისუფლდება თანამდებობიდან, ვინაიდან ის არის უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში აღარ უნდა მუშაობდეს 60 წლიდან, იმ სამართლებრივი რეალობის გათვალისწინებით, რაც 2025 წლის 1 მარტიდან შეიქმნება.

ეს საკითხი წარმოშობს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას. ამ საქმეში სადავოდ არის ქცეული ნორმები, რომლებიც ძალაში შედის 2025 წლის 1 მარტს, შესაბამისად, სარჩელის წარდგენის მომენტში გასაჩივრებული ნორმა ჯერ ძალაში არ არის შესული. საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის მიხედვით, „...საკონსტიტუციო სასამართლო, კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის სარჩელის საფუძველზე იხილავს მოქმედი ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 29 იანვრის №2/3/182,185,191 გადაწყვეტილება, 2002 წლის 12 მარტის №2/124/3 და 2005 წლის 11 ოქტომბრის №1/17/345 განჩინებები). მხოლოდ მოქმედი ნორმა შეიძლება წარმოშობდეს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევის რისკს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის N1/494 განჩინება საქმეზე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-9). აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა იმ ფაქტობრივ გარემოებებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებული ნორმები სარჩელის შეტანის მომენტში ძალადაკარგულად იყო ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ ხსენებული მიდგომა არ ეხება ნორმებს, რომელიც მართალია მიღებულია, სარჩელის შეტანის მომენტისათვის ჯერ არ ამოქმედებულა, თუმცა ამოქმედდება უახლოეს მომავალში, მაგალითად, ერთ კვირაში, რითაც გამოუსწორებელ ზიანს მიყენებს მოსარჩელის კონსტიტუციურ უფლებებს.

სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, ორ კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი გასაჩივრებული ნორმის ამოქმედებამდე. ნორმის ამოქმედება გამოიწვევს მოსარჩელის, 62 წლის ალექსანდრე მაისურაძის კონსტიტუციით გარანტირებული შრომითი უფლებების შეუქცევად დარღვევას. 2025 წლის 1 მარტიდან მოხდება ალექსანდრე მაისურაძის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან გათავისუფლება. კონსტიტუციის მეორე თავთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუკი არ ხდება სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის ძალადაკარგულად ცნობა, არა აქვს უკუძალა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს 2025 წლის 1 მარტის შემდეგ, ეს ვერ გამოიწვევს ალექსანდრე მაისურაძის აღდგენას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ოპერატიული საქმიანობის კოორდინაციის სამსახურის მთავარ ინსპექტორის თანამდებობაზე. ამიტომ აუცილებელია სადავო ნორმის მოქმედების შეჩერება 2025 წლის 1 მარტამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული ალექსანდრე მაისურაძის შრომითი უფლებების გამოუსწორებელი და შეუქცევადი დარღვევა. თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს სარჩელს არსებითად განსახილველად, იმ საფუძვლით, რომ სარჩელის შეტანის მომენტში გასაჩივრებული ნორმა არ იყო ძალაში შესული, ამით სასამართლო დაუშვებს იმას, რომ საკანონმდებლო მაცნეში დადგენილი წესით მიღებულმა, თუმცა ჯერ კიდევ ძალაში არ შესულმა ნორმამ, ძალაში შესვლის დღეს შეუქცევადად შელახოს მოსარჩელე მხარის კონსტიტუციური უფლებები და მოსარჩელისათვის აზრი დაუკარგოს მოგვიანებით მიღებული გადაწყვეტილებებით სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს არა მარტო სასამართლოსადმი ფორმალურ ხელმისაწვდომობას, არამედ ასევე მოითხოვს, რომ საქმის განმხილველ სასამართლოს ჰქონდეს უფლების დარღვევის ფაქტზე რეაგირების ეფექტური საშუალება. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდომობა იქნება თეორიული და ფიქციური და არა რეალური მექანიზმი უფლებების დასაცავად.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-14) უფლება” ვერ იქნება პირის ლეგიტიმური ინტერესების დაცვის რეალური გარანტია, ის იქნება მხოლოდ თეორიული და ფიქციური, თუ მას არ ახლავს სასამართლო წესით მისი დაცვის შესაძლებლობა” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის 1/3/421, 422 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”). ბუნებრივია, ამ თვალსაზრისით, ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლებებიც, მათი სასამართლოში დაცვის ადეკვატური შესაძლებლობის გარეშე, იქნება ფორმალური, ილუზორული. ამიტომ სასამართლო ხელისუფლების (მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს) უფლებამოსილება უნდა წარმოადგენდეს კონსტიტუციის 31-ე მუხლის რეალიზაციის ეფექტურ შესაძლებლობას და, იმავდროულად, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით სრულყოფილად სარგებლობის კონსტიტუციურ გარანტიას (mutatis mutandis . საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის N1/466 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-22).

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო არათუ 2025 წლის 1 მარტამდე არ შეაჩერებს გასაჩივრებული ნორმების მოქმედებას, არამედ არ მიიღებს სარჩელს არსებითად განსახილველად იმ საფუძვლით, რომ სარჩელის შეტანის მომენტში გასაჩივრებული ნორმები ჯერ არ არის ამოქმედებული, ამით საკონონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას უტოვებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, თვითნებობის და კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანად განხორციელებისაგან თავის არიდების შესაძლებლობას. საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს და გამოაქვეყნოს ნორმა, თუმცა მისი ამოქმედება დაუკავშიროს კონკრეტულ თარიღს, ამ თარიღამდე არ დაუშვებს ნორმაზე კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო თარიღის დადგომის მომენტში შეუქცევადად დაირღვევა მოსარჩელის და მის მდგომარეობაში მყოფი მრავალი ადამიანის კონსტიტუციური უფლებები. იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ეფექტიანი კონსტიტუციური კონტროლისაგან თავის არიდების შესაძლებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა ჰქონდეს იმ ნორმის არსებითად განსახილევლად მიღების და შეჩერების შესაძლებლობა, რომელიც დადგენილი წესით არის მიღებული და გამოქვეყნებული, თუმცა ჯერ არ არის ძალაში შესული; ნორმის ძალაში შესვლა კი მოსარჩელე მხარეს მიაყენებს გამოუსწორებელ ზიანს. ამ საქმეში სწორედ ასეთ ფაქტობრივ გარემოებასთან გვაქვს საქმე.

ამგვარად, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი;“ ვინაიდან 2025 წლის 1 მარტისათვის უშუალოდ დაირღვევა მოსარჩელის შრომითი უფლებები, მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) გასაჩივრებულია როგორც საკანონმდებლო ნორმა, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 15 დეკემბრის N3/5/1502,1503 გადაწყვეტილებაში საქმეზე ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ მეორე თავის 69-ე პუნქტში განაცხადა: „იქ კი, სადაც კონსტიტუცია კონკრეტული უფლების შეზღუდვის ფორმად ექსპლიციტურად კანონზე მიუთითებს, იგი თავადვე წყვეტს, რომ ამავე უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი, როგორც სისტემური, ასევე სხვა, მათ შორის, კანონის იმპლემენტაციასთან, მის აღსრულებასთან დაკავშირებული ნორმატიული წესები საქართველოს პარლამენტმა ან კონსტიტუციური სტანდარტების დაცვით დელეგირების საფუძველზე უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დაარეგულიროს.“

კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების თანახმად, „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.“ ამგვარად, კონსტიტუცია პირდაპირ ითვალისწინებს იმას, რომ საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი ან პარლამენტმა უნდა განახორციელოს ან, კონსტიტუციური სტანდარტების დაცვით, ამ საკითხების დელეგირება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. სპეციალური წოდების მქონე პირებს თავდაცვის სამინისტროში სამსახურის ზღვრულ ასაკს არ უწესებს თავდაცვის კოდექსი ან პარლამენტის მიერ მიღებული სხვა კანონი. ამის ნაცვლად, ამ საკითხს არეგულირებს აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტი. უნდა განისაზღვროს, რამდენად ახდენს თავდაცვის კოდექსი ზღვრული ასაკის დაწესების უფლებამოსილების დელეგირებას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

თავდაცვის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციის სტრუქტურა, ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით. ორგანიზება გულისხმობს ზღვრული ასაკის გამო სპეციალური წოდების მქონე პირის გათავისუფლების უფლებამოსილების დელეგირებასაც. ამ ნორმის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ახდენს ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხის დელეგირებას თავდაცვის სამინისტროზე, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს დებულებით აძლევს ზღვრული ასაკის დადგენის და ამის საფუძველზე ადამიანის გათავისუფლების უფლებამოსილებას.

თავდაცვის კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. სამსახურის გავლის წესში შესაძლოა იგულისხმებოდეს, როგორც პირის სამხედრო პოლიციაში მიღება, მისთვის სპეციალური წოდების მინიჭება, ისე მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. იმის მიუხედავად, რომ საკანონმდებლო დელეგირება მომხდარია, მოსარჩელე მხარე მაინც თვლის, რომ სადავო ნორმები არ შეესაბამება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს, ვინაიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ჰქონდა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხის მოწესრიგების უფლება, ხოლო პარლამენტს ასეთი საკითხის მოწესრიგების აღმასრულებელ ხელისუფლებაზე დელეგირების უფლებამოსილება. პარლამენტს საკანონმდებლო აქტით თავად უნდა მოეწესრიგებინა ზღვრული ასაკის დადგენა და, ამის საფუძველზე, სპეციალური წოდების მქონე პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი.

ამასთან, თავისთავად, სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დელეგირება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ზოგადად არ არღვევს კონსტიტუციის მოთხოვნებს, ვინაიდან სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი შეიძლება გულისხმობდეს იმ ტექნიკურ კრიტერიუმებსაც, რასაც პირი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა სამხედრო პოლიციაში დაიწყოს მუშაობა (მაგალითად, სახელმწიფო ენის ცოდნა, უმაღლესი განათლება, ტექნიკური ნორმატივების ჩაბარების საკითხი და ა.შ,). ამის მიუხედავად, სამხედრო სამსახურის გავლის წესის ის ნორმატიული შინაარსი, რაც ასაკის გამო უკავშირდება ადამიანის სამხედრო პოლიციის მიღმა დატოვებას, არის მაღალი სოციალური მნიშვნელობის საკითხი. ამასთან დაკავშირებით დგება მძიმე სოციალური შედეგები და შესაბამისად, მისი რეგულრიება პარლამენტის მიერ მიღებული კანონით უნდა მომხდარიყო. იგივე ითქმის თავდაცვის კოდექსის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის იმგვარ ნორმატიულ შინაარსზე, რაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებას უქვემდებარებს საკითხს სპეციალური წოდების მქონე პირების ნამსახურობის ზღვრული ასაკის განსაზღვრას; ამ ასაკის მიღწევის შემდეგ კი, პირის გათავისუფლებას.

დავის საგანია ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც განსაზღვრულია როგორც ზღვრული ასაკი, ისე მისი მიღწევის გამო სპეციალური წოდების მქონე პირის გათავისუფლება თანამდებობიდან. ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესების ფორმალურ-სამართლებრივი შესაბამისობა ფასდება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებასთან, დელეგირების განმსაზღვრელ თავდაცვის კოდექსის 26-ე მუხლთან ერთად. შესაბამისად, დასაშვებია საკონსტიტუციო სასამართლომ ერთობლივად იმსჯელოს საკანონმდებლო ნორმაზე, რომლითაც, არაკონსტიტუციურად მოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე უფლებამოსილების დელეგირება, ისე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე, რომლითაც სამართლებრივი ურთიერთობა კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლების გადაცილებით იქნა მოწესრიგებული.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების ფორმლური ასპექტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკით, ერთმანეთისგან გამიჯნულია საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი და მე-2 წინადადებებით დაცული სფეროები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება [საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს], ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის უფლებას კი - ამავე ნორმის მე-2 წინადადება [საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით]. ამასთან, როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადება მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას.

სადავო ნორმა არეგულირებს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო მოქალაქის გათავისუფლებას სამხედრო პოლიციიდან. შესაბამისად, სადავო ნორმას აქვს მიმართება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებასთან.

ზოგადად, ადამიანის უფლების კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში შეზღუდვისას კანონმდებელი ვალდებულია, დაიცვას როგორც უფლების შეზღუდვის ფორმალური, ასევე მატერიალური მოთხოვნები. „საკანონმდებლო ხელისუფლების კონსტიტუციურ-სამართლებრივი შეზღუდვა გულისხმობს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის №3/1/659 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის N2/5/658 გადაწყვეტილება საქმეზე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-19). ამდენად, სადავო ნორმა, რომელიც განსაზღვრავს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებს, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური შინაარსით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №3/2/767,1272 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ჯიმშერ ცხადაძე და მამუკა ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).

ამ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს ის, რომ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ზღვრული ასაკის დაწესება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რაც უნდა მოწესრიგდეს კანონით და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, სადავო ნორმები არ შეესაბამება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მოთხოვნას ფორმალური თვალსაზრისით. გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციასთან მატერიალური შესაბამისობა არ არის დავის საგნად ქცეული.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელია და პრაქტიკული საჭიროებებით არის ნაკარნახევი. კერძოდ, უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა საკითხის საქართველოს პარლამენტის მიერ მოწესრიგებამ შესაძლოა, საკანონმდებლო ხელისუფლების პარალიზება/შეფერხება გამოიწვიოს და წარმოშვას ინსტიტუციური პრობლემები. საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებდეს საქართველოს პარლამენტი, როგორც ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი და ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ორგანო. აღნიშნული უზრუნველყოფს, მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას, ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენელთა შორის გარკვეული პროცედურით დადგენილი თანხმობის არსებობას. საკანონმდებლო ხელისუფლების ფუნქციონირების სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია, უფლების რეგულირებასთან დაკავშირებული ყველა, მათ შორის, პროცედურული/ტექნიკური საკითხის კანონით მოწესრიგება მოხდეს პარლამენტში დადგენილი პროცედურული წესების საფუძველზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ II-30).

მძინარაშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს თქმითვე: „გარკვეული საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება ასევე შესაძლოა, გამართლებული იყოს საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც. ბუნებრივია, საკითხის კანონით დარეგულირება ქმნის სტაბილურობის უფრო მაღალ გარანტიებს, თუმცა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს მოქნილ საკანონმდებლო მექანიზმს. ამ თვალსაზრისით უფლებამოსილების დელეგირება ხელს უწყობს მარტივ ნორმატიულ ცვლილებებს იმ სფეროებში, რომლებიც მოითხოვს ხშირ მოდიფიკაციას, გამარტივებული პროცედურების საფუძველზე რეგულირების შეცვლილ გარემოებებზე მორგებას. ამასთან, მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება შესაძლოა, ასევე გამართლებული იყოს ამა თუ იმ საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღების მოტივითაც. ამგვარად, გარკვეულ შემთხვევებში, პარლამენტის მიერ კანონით მოსაწესრიგებელი საკითხის დელეგირება არის ლეგიტიმური და აუცილებელი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ II-31).

გარკვეულ შემთხვევებში საკითხის მოწესრიგების დელეგირება არ წარმოადგენს კონსტიტუციური უფლებების კანონით შეზღუდვის ლეგიტიმურ ალტერნატივას. საქართველოს კონსტიტუცია თავადვე განსაზღვრავს იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც ამა თუ იმ კონსტიტუციური ორგანოსათვის იმანენტურია და მისი დელეგირება იმთავითვე კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 67-ე მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ „მხოლოდ კანონით“ დაიშვება გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურისა და შემოღების წესის, მათი განაკვეთების ან განაკვეთის ფარგლების დადგენა, რაც გამორიცხავს კანონმდებლის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირებას სხვა ორგანოზე (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 5 ივლისის №2/3/1279 გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-36). ამავე დროს, საქართველოს პარლამენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმას უთანაბრდება და კონსტიტუციის დარღვევას იწვევს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილების სხვა ორგანოზე დელეგირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივლისის №3/3/763 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, გიორგი ბარამიძე და სხვები, სულ 42 დეპუტატი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-78).

სასამართლოს ასევე შესაფასებელი აქვს შემდეგი საკითხი: მიუხედავად იმისა, რომ მადელეგირებელი აქტით განსაზღვრულია გადაცემული უფლებამოსილების მიზანი, შინაარსი და ფარგლები, ამ ეტაპზე ისიც უნდა შემოწმდეს, თუ რა მიმართებაშია უფლებამოსილების დელეგირების კონკრეტული ფაქტი ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიის პრიცნიპებთან, კერძოდ, ხომ არ მომხდარა საქართველოს პარლამენტის მიერ ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე საკითხის მოწესრიგების უფლებამოსილების დელეგირება. ის, თუ რომელ საკითხებს გააჩნია კონსტიტუციის მიზნებისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ზოგად კრიტერიუმებზე დაყრდნობით, ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს და ამ საკითხთა ამომწურავად ჩამოთვლა არც შესაძლებელია და არც სასურველი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 11 თებერვლის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილება პაატა დიასამიძე, გიორგი ჩიტიძე, ედუარდ მარიკაშვილი და ლიკა საჯაია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ II-54).

საქართველოს პარლამენტის წევრთათვის ხალხის მიერ მანდატის პირდაპირი გზით მინიჭება გულისხმობს, რომ სწორედ მათ მიერ და კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურით უნდა მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, სამართლებრივი თუ პოლიტიკური განვითარების ფუძემდებლური პრინციპების, ძირითადი არსის შესახებ. მათვე უნდა იმსჯელონ ისეთ საკითხებზე, რომელთა რეგულირებაც მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-17). სწორედ მათ უნდა მოაწესრიგონ ყველა ის საკითხი, რომელიც გავლენას ახდენს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივებზე ან/და ინდივიდის ძირითად უფლებებში მძიმე ფორმით ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ამგვარი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს განეკუთვნება, მაგალითად, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე „ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინააღმდეგ“).

სადავო ნორმა ეხება სპეციალური წოდების მქონე პირისათვის ისეთი ზღვრული ასაკის დაწესებას, რის შედეგადაც პირთა ძალიან დიდი ჯგუფი თავისუფლდება სამსახურიდან. ეს საკითხი უდავოდ, გავლენას ახდენს ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფის სოციალურ მდგომარეობაზე. ლონდა თოლორაიას საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ზოგიერთ თანამდებობასთან მიმართებით, საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადების მიზანი, უმთავრესად, შრომითი უფლებების დაცვაა, რაც მოიაზრებს შრომის სათანადო პირობების უზრუნველყოფას, თანამდებობრივი სარგოს მიღების შესაძლებლობას, უფლებამოსილების დაუსაბუთებლად შეწყვეტისაგან დაცვას და სხვა შრომით გარანტიებს. საქართველოს კონსტიტუციით შრომითი უფლებების დაცვის საჭიროება, უმთავრესად, მიმართულია პროფესიული თანამდებობის პირების ინტერესების დაცვისაკენ. ამ შემთხვევაში ამოსავალი წერტილია პირის ინდივიდუალური უფლება, საკუთარი კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეწეოდეს შრომით საქმიანობას საჯარო სამსახურში, იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას, ჰქონდეს კარიერული წინსვლის საშუალება და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დამოკიდებული არ იყოს რომელიმე პირის სუბიექტურ შეხედულებაზე. ამდენად, როგორც წესი, პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობიდან დაუსაბუთებლად გათავისუფლების აკრძალვის უმთავრესი მიზანი მისი შრომითი უფლების დაცვაა და არა საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებლობის გარანტიების შექმნა, (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის №3/1/1298,1313 გადაწყვეტილება საქმეზე „თამაზ მეჭიაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).

ალექსანდრე მაისურაძის თანამადებობა, ცხადია, არის პროფესიული და კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის გარანტიები გამოიხატება იმ ინტერესში, რომ ალექსანდრე მაისურაძემ შეინარჩუნოს ის თანამდებობრივი სარგო, რასაც ის თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შედეგად იღებდა. საკუთარი შრომითი ფუნქციების განხორციელებისას, ალექსანდრე მაისურაძე, ერთი მხრივ, ხელს უწყობს თავდაცვის სამინისტროს ფუნქციების ჯეროვან შესრულებას, მეორე მხრივ, ამ სამუშაოს შესრულებით უზრუნველყოფილია მისი სოციალური კეთილდღეობა. ცხადია, ნამსახურობის ასაკობრივი ზღვარის დაწესება იწვევს ალექსანდრე მაისურაძის სოციალური მდგომაროების გაუარესებას, ისე რომ მისი გათავისუფლებით, არ ხდება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საქმიანობის ჯეროვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. 2025 წლის იანვრიდან ალექსანდრე მაისურაძე თანამდებობრივი სარგოს სახით, ხელზე (ეს არ არის დარიცხული თანხა, რომელსაც აკლდება 20% საშემოსავლო გადასახადი და 2% საპენსიო შენატანი) იღებს 2900 ლარს. მანამდე ის თანამდებობრივი სარგოს სახით ხელზე იღებდა 2700 ლარს. თუკი ალექსანდრე მაისურაძე 2025 წლის 1 მარტიდან გათავისუფლდება სამსახურიდან, მას მიეცემა სახელმწიფო კომპენსაცია, რომლის გამოთვლის წესს არეგულრიებს „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.

ზემოთ ხსენებული ნორმის თანახმად, „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს კომპენსაცია ენიშნებათ ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობისას და მისი ოდენობაა: ა.გ) უფროსი ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე პირისთვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის – ზემოხსენებულ ორგანოებში ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი. ამავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 65 წლის ასაკამდე დანიშვნის შემთხვევაში – ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კომპენსაციის 80%.“

მნიშვნელოვანია, მოსარჩელის ინდივიდუალური მდგომარეობა შევაფასოთ კანონით დადგენილი ფორმულის საფუძველზე. მოსარჩელეს 65 წელი უსრულდება 2027 წელს. ამ დროისათვის მის მიერ მიღებული სოციალური დახმარების ოდენობა ნამსახურობის წლების (16 წელი და 6 თვე) გამრავლებული 15 ლარზე + სახელმწიფო პენსია (2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, 70 წლამდე პირთა პენსია განისაზღვრება 350 ლარის ოდენობით). ამგვარი გამოთვლით, 2027 წლიდან ალექსანდრე მაისურაძის მიერ მისაღები დახმარების ოდენობა იქნება 599 ლარი. რაც შეეხება 2025 წლის 1 მარტიდან მისაღები დახმარების ოდენობას, ის იქნება 599 ლარის 80% - 479,2 ლარი. ეს თანხა არა მარტო ჩამორჩება ხელზე ასაღები ალექსანდრე მაისურაძის თანამდებობრივი სარგოს ოდენობას - 2900 ლარს, არამედ ინფლაციის და პროდუქტებზე ფასების მატების გამო, მკვეთრად აურესებს ალექსანდრე მაისურაძის და მის მდგომარეობაში მყოფი ყოფილი პროფესიული საჯარო მოხელეების სოციალურ მდგომარეობას.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 25 ივლისის N2/5/1442 გადაწყვეტილებაში საქმეზე ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, გასაჩივრებული ნორმის შეფასების შედეგად, კონსტიტუციურად მიიჩნია უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის 45 წლის ზღვრული ასაკის დაწესება. ამის მიუხედავად, ვიწრო გაგებით, პროპორციულობის შეფასების კონტექსტში, საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა: „როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სადავო ნორმით დადგენილი ზღვრული ასაკი კაპიტნის წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეებისათვის შეადგენს 45 წელს. ზღვრული ასაკის მიღწევა წარმოადგენს სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს 45 წლის შრომისუნარიანი პირის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, იქნება ეს რეზერვში ჩარიცხვა თუ გადადგომა, იგი წარმოადგენს უფლებაში ჩარევის ინტენსიურ ფორმას. შეზღუდვის ინტენსივობას დამატებით ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ სადავო ზღვრული ასაკი მკვეთრადაა დაშორებული ზოგად საპენსიო ასაკთან. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, სამსახურის მსგავსი დაბალი ზღვრული ასაკი უკიდურესად იშვიათ და განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება იქნეს გამართლებული.“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 25 ივლისის N2/5/1442 გადაწყვეტილება საქმეზე ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-64).

ამგვარად, შრომისუნარიანი ადამიანისათვის ზღვრული ასაკის დაწესება, რაც იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, ეს პერიოდი დაშორებულია საპენსიო ასაკთან, წარმოადგენს უფლებაში ინტენსიურ ჩარევას. პაატა დიასამიძის №1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილების მე-2 თავის 55-ე პუნქტის თანახმად, ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხის განსაზღვრისას, რომელზეც გადაწყვეტილება მხოლოდ პარლამენტმა და არა აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა მიიღოს, არის ისეთი შემთხვევა, როცა ინდივიდის უფლებებში მძიმე ფორმით ხდება ჩარევა. საპენსიო ასაკთან (ყველა საჯარო მოხელისათვის 65 წელი) მოშორებული ზღვრული ასაკის დადგენა, რაც იწვევს შრომითი უფლებების შეწყვეტას, წარმოადგენს უფლებებში ასეთ მძიმე ჩარევას. გარდა ამისა, დიასამიძის საქმეში, ასეთ ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური ხასიათის საკითხი, რომლის მიმართაც არსებობს მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესი (№1/1/1505,1515,1516,1529 გადაწყვეტილების მე-2 თავის 55-ე პუნქტი).

ალექსანდრე მაისურაძის მაგალითზე დავინახეთ, როგორ გაუარესდება სადავო ნორმით მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ალექსანდრე მაისურაძის მდგომარეობაში შესაძლოა კიდევ უამრავი ადამიანი იყოს. შესაბამისად, მოსარჩელის საჯარო სამსახურში შრომითი უფლებები, რაც გარანტირებულია კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო დაწესებულების ჯეროვნად ფუნქციონირების ინტერესებით დაბალანსებული უნდა იქნეს სწორედ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით და არა აღმასრულებელი ხელისუფლების ნორმატიული აქტით. ამის მიზეზია ის, რომ აღნიშნული მტკივნეული სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის გადაწყვეტილება ეხება პირთა ფართო წრეს. შესაბამისად, მტკივნეული სოციალურ-ეკონომიკური გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს იმ ორგანოს მიერ, რომელსაც უშუალოდ გააჩნია იმ ადამიანების ნდობის მანდატი, რომელთა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც მნიშვნელოვნად უარესდება ნორმატიული აქტით. ასეთი ორგანო პარლამენტია. ამასთან პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს გამჭვირვალე პროცედურების გზით - პლენარულ სხდომაზე როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის აზრის მოსმენის გზით. საკომიტეტო მოსმენებზე უზრუნველყოფილია საზოგადოების წარმომადგენლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფკავშირების და თავად იმ ადამიანების აზრის მოსმენის პროცედურული გარანტიები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასაც კანონპროექტი შესაძლოა აუარესებდეს. პროცედურული სამართლიანობის ელემენტარულ მოთხოვნას წარმოადგენს იმ ადამიანების ან მათი ნამდვილი წარმომადგენლების მოსმენა, ვის მიმართაც ხელისუფლებამ უარყოფითი გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს, ამგვარი გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, სოციალურ-ეკონიმიკურ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვნად უარესდება ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილის მდგომარეობა, გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს გამჭვირვალე საპარლამენტო პროცედურების გზით, სადაც დაინტერესებული პირების მონაწილეობა და მათი აზრის, არგუმენტების მოსმენა უზრუნველყოფილია.

აღმასრულებელი ხელისუფლების, მით უმეტეს, მინისტრის მიერ ნორმატიული აქტის მიღება არ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ამგვარ ჩართულობას, მეტიც, მინისტრის ნორმატიული აქტი, რომელიც ერთპიროვნულად მიიღება, შესაძლოა სულაც სიურპრიზი აღმოჩნდეს იმ ადამიანების ჯგუფისათვის, რომელსაც ეს ნორმატიული აქტი ეხება, ისე რომ მათ წინასწარ არათუ აზრი ვერ გამოთქვან, არამედ ვერ დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება და ვერ ადაპტირდნენ იმ სირთულეებთან, განსაკუთრებით კი სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან, რაც ნორმატიულმა აქტმა შესაძლოა გამოიწვიოს. ამასთან სწრაფი და გამარტივებული ცვლილებები არ არის გამოწვეული რაიმე სწრაფად ცვალებად გარემოებებთან ადაპტირების საჭიროებით. მეტიც, სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის ზღვრული ასაკის დაწესება იწვევს სოციალური დახმარების მიმღები ახალი კატეგორიის პირების გაჩენას იმ პირობებში, როცა, სახელმწიფოს ისევ უწევს პენსიაში გასული პირების შემცვლელებისათვის თანამდებობრივი სარგოების გადახდა და ამით კი ხარჯები არ იზოგება. ამით იზრდება სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯები, იმის გამო, სახელმწიფო კომპენსაციის გადახდა არ ხდება დაგროვებული საპენსიო ფონდიდან და სახელმწიფოს სჭირდება ფულადი სახსრების მოძიება სოციალური დახმარების მიმღები ახალად გაჩენილი ბენეფიციარების დასაკმაყოფილებლად. საჭიროა არა სწრაფი და მოქნილი გადაწყვეტილებები, არამედ არსებული რესურსების დეტალური ანალიზი, სხვა ხარჯების ოპტიმიზაცია და სახსრების სპეციალური წოდების მქონე ზღვრულ ასაკს მიღწეული პირებისაკენ მიმართვა, რაც მთავარია, მთავრობის ფინანსური ანგარიშგება პარლამენტის წინაშე. შესაბამისად, ამგვარი გადაწყვეტილება გამჭვირვალე და დეტალური საპარლამენტო განხილვების გზით უნდა ხდებოდეს და არა ერთპიროვნულად მინისტრის გადაწყვეტილებით.

ამგვარად, სადავო ნორმით, თავდაცვის მინისტრმა მოაწესრიგა საკითხი, რომელიც იყო ფუნდამენტური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობის მქონე და რომელზეც გადაწყვეტილება საპარლამენტო განხილვის შედეგად უნდა ყოფილიყო მიღებული და არა მინისტრის მიერ. ამასთან სადავო საკანონმდებლო ნორმებით პარლამენტმა კონსტიტუციის დარღვევით მოახდინა ზღვრული ასაკის დაწესებასა და სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობის რეგულირების უფლებამოსილების დელეგირება თავდაცვის მინისტრზე. შესაბამისად, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადების მოთხოვნებს. ამის გამო, ვითხოვთ გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ