ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N3/4/1607 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
თარიღი | 7 მარტი 2025 |
გამოქვეყნების თარიღი | 24 მარტი 2025 17:36 |
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 21 მაისს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1607) მომართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ (მოსამართლეები - ინდირა მაშანეიშვილი, ირმა პერანიძე და თამარ სვანიძე). №1607 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2021 წლის 24 მაისს. №1607 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.
2. №1607 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი, 31-ე მუხლი და 42-ე მუხლი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, „გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ გაუქმდა სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას.
4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებას.
5. №1607 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია კერძო საჩივარი, რომლის ფარგლებშიც, კერძო საჩივრის ავტორები, სადავო ნორმის საფუძველზე, ითხოვენ პირველი ინსტანციის სასამართლო განჩინების გაუქმებასა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაუშვებლად ცნობას.
6. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიუთითებენ, რომ სამოხელეო დანაშაულისათვის წარდგენილი ბრალდების საფუძველზე, თანამდებობის პირს, მის ოჯახის წევრებს, ახლო ნათესავებსა და მასთან დაკავშირებულ პირებს, სასამართლო გადაწყვეტილებით, ჩამოერთვათ მათ საკუთრებაში არსებული ქონება და გადაეცა სახელმწიფოს. ხსენებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2007 წელს.
7. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ პროკურორის 2014 წლის 19 ივნისის დადგენილებით, ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც საფუძვლად დაედო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით პირებისათვის ქონების ჩამორთმევას, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არასებობის გამო, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა. კონსტიტუციური წარდგინების ავტორების განმარტებით, პირებმა, რომელთაც ჩამოერთვათ ქონება, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს, თუმცა განცხადებით მიმართვის დროისათვის გასულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი 5-წლიანი ვადა.
8. კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობის მიუხედავად, სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის გამო, პირს ერთმევა უფლება, კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, მიმართოს სასამართლოს და ისარგებლოს გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის წარმოების განახლების საპროცესო ინსტიტუტით, მიუხედავად იმისა, რომ საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა სადავო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა განმარტებით, სადავო ნორმა უფლების რეალიზების შესაძლებლობას გამორიცხავს არა მხოლოდ ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფოს სასარგებლოდ.
9. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც განმცხადებლები ითხოვენ, გამოტანილია სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს გადაეცა განმცხადებლების საკუთრებაში არსებული მატერიალური და არამატერიალური ქონება. წარდგინების ავტორები მიუთითებენ იმასაც, რომ აშკარაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრების საფუძველი. ამასთან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა წარმოადგენს განმცხადებელთა უფლებების დაცვის ერთადერთ გზას, ვინაიდან მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე არის შესაძლებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგების შეცვლა. დამატებით, კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ განმცხადებლები ობიექტურად იყვნენ მოკლებულნი შესაძლებლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ ვადაში მიემართათ სასამართლოსათვის, რამდენადაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი წარმოიშვა ამ ვადის გასვლის შემდეგ.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები ითხოვენ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
11. კონსტიტუციური წარდგინების ავტორები, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური წარდგინება არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1607 კონსტიტუციური წარდგინებით საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში, საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, უკვე შეფასდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, პირის მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. №1607 კონსტიტუციური წარდგინების ავტორები პრობლემურად მიიჩნევენ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ შინაარსს კონკრეტულად სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებით. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილების ფარგლებში განვითარებული მსჯელობა მიემართება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ნებისმიერი, მათ შორის, სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დაუშვებლობას, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, იმ შემთხვევაში, თუკი გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციული ძალა ჰქონდა და არსებითად გადაწყვიტა სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განსახილველი საკითხი.
5. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამიჯნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების ორი, ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავებული შემთხვევა. ერთი მხრივ, შემთხვევა, როდესაც უქმდება ის სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელსაც პრეიუდიციის ძალა ჰქონდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და სამოქალაქო საქმის განმხილველმა სასამართლომ ხსენებული აქტით დადგენილი გარემოებები გამოიყენა დამატებითი გამოკვლევის გარეშე, ხოლო მეორე მხრივ, შემთხვევა, როდესაც გაუქმდა სასამართლოს ის განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას, საქმის წარმოების დაწყების საფუძვლად ან ორდინალური მტკიცებულების სახით იქნა გამოყენებული, თუმცა სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის განმხილველმა სასამართლომ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებები თავად დაადგინა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).
6. 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილების ფარგლებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც „სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას ენიჭება პრეიუდიციის ძალა, მხარე მოკლებულია შესაძლებლობას, სადავოდ გახადოს ამ სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმის წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო გარემოებები. [...] ის გადაწყვეტილება, რომელიც ამ ფორმით ეფუძნება სასამართლო განაჩენს, გადაწყვეტილებას, განჩინებას ან სხვა ორგანოს დადგენილებას, ფაქტობრივად, წარმოადგენს იმავე პროცესის გაგრძელებას და არა დამოუკიდებელ პროცესს, რომელზეც ხდება წარდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევა და მათი შეფასების გზით მიიღება გადაწყვეტილება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-61).
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნას წარმოადგენს ის, რომ პრეიუდიციის ძალის მქონე სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების გაუქმებას ასევე მოჰყვეს ამ აქტის პირდაპირი სამართლებრივი შედეგების გაუქმებაც. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, გაუქმებული აქტის საფუძველზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება „პრეიუდიციის ძალის მქონე აქტების ბუნებიდან და მათთან დაკავშირებული საპროცესო წესრიგიდან გამომდინარე, ნაკლებად შეიძლება იქნეს განხილული ახალი სასამართლო პროცესის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებად, რამდენადაც იგი ეფუძნება სხვა აქტის მიღებისას გამოკვლეულ და დადგენილ გარემოებებს და მისგან დამოუკიდებლად არ იძლევა რაიმე განსხვავებულ შეფასებას, არ იწვევს რაიმე განსხვავებულ შედეგს და არ ადგენს ახალ გარემოებებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-63).
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ზემოხსენებული აქტების გაუქმება, შესაძლოა, მხარისაგან ან სხვა შესაბამისი ორგანოებისაგან მოითხოვდეს სხვადასხვა პროცესუალური მოქმედებების განხორციელებას და, ხშირ შემთხვევაში, მათი გაუქმების საფუძვლის გამოვლენა, შესაძლებელია, პირის ნების მიღმა არსებულ გარემო ფაქტორებზე იყოს დამოკიდებული. ამ პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმგვარი სამართლებრივი ბალანსის დადგენა, რომლის ფარგლებშიც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება, მაშინაც კი, თუკი გაუქმებულ განაჩენს პრეიუდიციის ძალა ჰქონდა მის წინააღმდეგ გამოტანილ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების მიღებისას და სწორედ მას ეფუძნებოდა იგი, „ვერ ჩაითვლება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, რამდენადაც პირს, არც თავდაპირველად მისცემია შესაძლებლობა, გადაწყვეტილების მიღებისას ეჭვქვეშ დაეყენებინა კონკრეტული ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოებები, სასამართლოს შეფასებები და, ამგვარი აქტის გაუქმების შემდგომაც, ფაქტობრივად, ერთმევა შესაძლებლობა, გამოასწოროს მდგომარეობა, და აღკვეთოს გაუქმებული აქტით განპირობებული ნეგატიური სამართლებრივი შედეგები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-64).
9. აღნიშნულისგან განსხვავებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის წარმოების განახლებისათვის დადგენილი 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის დაწესება საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისად მიიჩნია მაშინ, როდესაც სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება დამოუკიდებლად და თვითკმარად არ ხდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველი, არამედ წარმოადგენს სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველს ან/და გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ორდინალური მტკიცებულების ძალა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმ პირობებში, როდესაც მხარეს უკვე ჰქონდა საპროცესო შესაძლებლობა, ედავა სხვა აქტში მითითებული გარემოებების სისწორესა და სანდოობაზე, გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო დაერწმუნებინა საპირისპირო პოზიციაში, მაგრამ ეს ვერ შეძლო ან როდესაც სასამართლო განაჩენის, გადაწყვეტილების, განჩინების ან სხვა ორგანოს დადგენილების საფუძველზე ხდება სამართალწარმოების ინიციირება, ხოლო, უშუალოდ პროცესის მიმდინარეობისას ფასდება მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი შეფასების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება, 5-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება ამგვარ შემთხვევებზე ვერ ჩაითვლება არასამართლიანი ბალანსის დამდგენ რეგულაციად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილება საქმეზე „ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-67).
10. ამრიგად, №1607 კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებით. კონსტიტუციურ წარდგინებაში არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის კონსტიტუციურობის თაობაზეც სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/2/1400 გადაწყვეტილებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის გამოყენების საჭიროება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1607 კონსტიტუციური წარდგინება არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 42-ე მუხლისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს №1607 კონსტიტუციური წარდგინება.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
ირინე იმერლიშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
ხვიჩა კიკილაშვილი
მანანა კობახიძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში