• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 23.10.2024
      • N1846
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის №3/4/1846 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი საოქმო ჩანაწერი
ნომერი N3/4/1846
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - მერაბ ტურავა, ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ხვიჩა კიკილაშვილი, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 7 მარტი 2025
გამოქვეყნების თარიღი 24 მარტი 2025 18:16

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

ხვიჩა კიკილაშვილი – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 23 ოქტომბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1846) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ბადრი ნიპარიშვილი). №1846 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 25 ოქტომბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 7 მარტს.

2. №1846 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების თანახმად, „სასამართლოს განჩინება არ გასაჩივრდება“. კონსტიტუციური წარდგინებით სადავოდ არის გამხდარი სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ზღუდავს ამავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო განჩინების გასაჩივრების უფლებას.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სასამართლოსთვის მიმართვისა და საქმის სამართლიანად და დროულად განხილვის კონსტიტუციურ გარანტიას.

5. №1846 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ პირის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საჭირო გახდა შემთხვევის ადგილიდან მიმალული ერთ-ერთი ბრალდებულის დისგან ნერწყვის ნიმუშის აღება. ხსენებულმა პირმა უარი განაცხადა მისგან ნებაყოფლობით ნიმუშის აღებაზე. შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით პირისაგან ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

6. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, ნიმუშის აღებისათვის სასამართლოს განჩინება გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით, ხოლო დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადება სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის, იმ პირს, რომლისგანაც უნდა მოხდეს ნიმუშის აღება, უზღუდავს ამგვარი შუამდგომლობის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლებას.

7. №1846 კონსტიტუციური წარდგინების ავტორის არგუმენტაციით, განსახილველი საქმის შემთხვევაში, გასაჩივრების უფლებას მომეტებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოება, რომ პირი, რომელთან მიმართებითაც ბრალდების მხარე ითხოვს საპროცესო იძულების ღონისძიების განხორციელებაზე - ნიმუშის აღებაზე ნებართვის გაცემას, არ არის დაკავშირებული მიმდინარე გამოძიებასთან. მისი კავშირი ამ საქმესთან შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ იგი წარმოადგენს ბრალდებულის დას. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი უუნაროა, იდავოს მის მიმართ იძულების იმგვარი ღონისძიების ჩატარების კანონიერებასთან დაკავშირებით, რომელიც, შესაძლოა, იწვევდეს მისი ახლო ნათესავის ინკრიმინაციას. ამასთან, მის მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის წინააღმდეგობის გაწევა, შესაძლებელია, მიჩნეული იქნეს სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობად, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

8. წარდგინების ავტორის მითითებით, ნიმუშის აღების შუამდგომლობის განხილვის შედეგად მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების სრული შეზღუდვა არაპროპორციულია დასახულ მიზანთან მიმართებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ, უმრავლეს შემთხვევაში, ნიმუშს იღებენ ცოცხალი ადამიანებისგან, ხსენებული პირები რჩებიან საკუთარ სხეულში იძულებითი ჩარევის კანონიერებაზე დავის უფლების მიღმა. შესაბამისად, წარდგინების ავტორის პოზიციით, პირი, მისი ახლო ნათესავის პოტენციურად საწინააღმდეგო მტკიცებულების მისი სხეულიდან ამოღებასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, საფუძვლად დაედოს ასეთი პირისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, ვერ სარგებლობს სასამართლოსთვის მიმართვის უფლებით.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-8 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც არ ითვალისწინებს ამავე კოდექსის 147-ე მუხლით გათვალისწინებული ნიმუშის აღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს.

10. №1846 კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1846 კონსტიტუციური წარდგინება სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1846 კონსტიტუციური წარდგინება.

2. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.

3. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

მერაბ ტურავა

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ