საქართველოს მოქალაქე დავით გამცემლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1230 |
ავტორ(ებ)ი | დავით გამცემლიძე |
თარიღი | 30 მაისი 2017 |
თქვენ არ ეცნობით სარჩელის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ სარჩელის დოკუმენტი
განმარტებები სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
ბ) მოგახსენებთ, რომ ვარ საქართველოს მოქალაქე, რომელიც, როგორც ამომრჩეველი რეგისტრირებული ვარ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის N 51/01 (ქ. ზესტაფონის) ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც რეგისტრირებულია 19 246 ამომრჩეველი.
ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვბის შექმნილია, მაგ: შროშის თემის N51.17 მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც რეგისტრირებულია 859 ამომრჩეველი
აგრეთვე ილემის თემის №51.07 მაჟორიტარული ოლქი, რომელშიც რეგისტრირებულია 898 ამომრჩეველი და ა.შ.
გ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
დ) სარჩელში მითითებული სადავო საკითხები გადაწყვეტილი არ არის საკონსტრიტუციო სასამართლოს მიერ.
ე)სარჩელში მითითებული სადავო საკითხი გადაწყვეტილი არის საქართველოს კონსტიტუციით.
ვ) დარღვეული არ არის სარჩელის შეტანის კანონით დადგენილი ვადა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ მიიღოთ ჩემი კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად, ვინაიდან არ არსებობს "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწიენბული სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის არც-ერთი საფუძველი.
|
მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს არჩევნები ტარდება პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე. საკრებულოს არჩევნებისათვის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს ქმნიან და მათ საზღვრებს აზუსტებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები. საკრებულოს არჩევნების მიზნებისათვის ყოველი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს დამოუკიდებელ საარჩევნო ოლქს. ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქი არის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად. მაჟორიტარულ არჩევნებში გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია, ზუსტად შესაბამის საარჩევნო ოლქს, რომლის ამომრჩევლის მიერაც უნდა იქნეს არჩეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს წევრი. ამდენად, შესაბამისი საარჩევნო ოლქები, წარმოადგენენ უმნიშვნელოვანეს და უპირველეს საარჩევნო ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელთა ფარგლებშიც უნდა განხორციელდეს ამომრჩეველთა მიერ საკუთარი ნების გამოვლენა .საარჩევნო ოლქების საზღვრები ემთხვევა დღეს არსებულ რაიონულ დაყოფას. რაც ნიშნავს იმას, რომ, როგორც წესი, რაიონულ ცენტრში არის ბევრად მეტი ამომრჩეველი ვიდრე დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულებში.
მაგალითად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზესტაფონის №51.01 ოლქში არის 19 246 ამომრჩეველი, მაშინ როდესაც ილემის თემის №51.07 ოლქში არის 898 ამომრჩეველი, შროშის თემის №51.17 ოლქში კი - 859 ამომრჩეველი
ქალაქ ზესტაფონის ამომრჩეველთა რაოდენობა 22-ჯერ აღემატება შროშის თემის ამომრჩეველთა რაოდენობას და 21-ჯერ აღემატება ილემის თემის ამომრჩეველთა რაოდენობას. ანალოგიური ვითარებაა თბილისის და თვითმმართველი ქალაქების გარდა ყველა სხვა მუნიცპალიტეტში.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
შესაბამისად, კონსტიტუციის მე-14 მუხლი ადგენს მოქალაქეთა თანასწორობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და მიუხედავად იმისა, ქალაქში იცხოვრებს ის თუ სოფელში, მათი ხმები უნდა იყოს თანაბარწონადი, რაც ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან თუ ქალაქ ზესტაფონში 19 ათასი მოქალაქე ირჩევს საკრებულოს 1 წევრს, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში 19 ათას მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს საკრებულოს 21 წევრი. ამას კი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან რომელიღაც პარტიას შეიძლება მხარს უჭერდეს ქალაქი და სოფელი არ უჭერდეს მხარს.
3. თანასწორი საარჩევნო უფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპის თანახმად, ერთ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ხმა და ეს ხმები უნდა იყოს თანაბარწონადი - ამომრჩეველს უნდა გააჩნდეს უფლება, თავისი რაოდენობის პროპორციულად, უშუალოდ აირჩიოს საკრებულოს წევრი. ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ოლქების ამომრჩეველთა შორის განსხვავება არ უნდა აღემატებოდეს 10-15%-ს (http://www.venice.coe.int/docs/2002/CDL-AD(2002)023-e.asp).
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, "საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს აქტიური საარჩევნო უფლება. მას, როგორც ამომრჩეველს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში - მისცეს ხმა და აირჩიოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის #1/1/257,268 გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ").
"არჩევნები არის ერთგვარი ინსტიტუციური მექანიზმი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დემოკრატია. იმისათვის, რომ შედგეს "ხალხის მმართველობა", ხალხმა უნდა მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკაში და ამის საუკეთესო გზა არჩევნებია. არჩევნები თავისთავად აჩენს განცდას და რწმენას ადამიანებში, რომ ისინი უშუალოდ იღებენ მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში (ირჩევენ რა თავის რჩეულებს და თავად არიან არჩეულნი)" (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები "ახალი მემარჯვენეები" და "საქართველოს კონსერვატიული პარტია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ"). ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია: "„ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ტარდება არჩევნები, პირველ რიგში, როგორია თავად საარჩევნო კანონმდებლობა, რამდენად შეიცავს ის საკმარის და საჭირო გარანტიებს იმისათვის, რომ არჩევნების შედეგად ქვეყანამ, მისმა მოქალაქეებმა მიიღონ «ხალხის მმართველობა». ეს შედეგი მიღწევადია, თუ არჩევნებში მონაწილეობა რეალურად თანაბრად არის ხელმისაწვდომი ყველა მოქალაქისთვის“ .
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 28 მაისის #1/3/547 გადაწყვეტილებაში, საქმეზე - "საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", ნათქვამია: "არჩევნები უზრუნველყოფს დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპის პრაქტიკულ რეალიზაციასა და მოქალაქეთა მონაწილეობას სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებაში. სამართლიანი საარჩევნო პროცესი ხელს უწყობს თანამედროვე, პლურალისტური საზოგადოების ჩამოყალიბებას და ქმნის დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ფუნდამენტს. დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება ეფუძნება თითოეული მოქალაქის თავისუფალი თვითგამორკვევისა და ღირსების პატივისცემის იდეას. თანამედროვე სახელმწიფოში ხალხის სახელით მოქმედი სახელმწიფო ორგანოების ლეგიტიმაცია უშუალოდ ხალხის ნებიდან უნდა მომდინარეობდეს. არჩევნები არის ის მექანიზმი, რომელიც სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის შესაძლებლობას ქმნის. სწორედ კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი, თავისუფალი, საყოველთაო და თანასწორი არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის საყრდენს." ამავე გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ : "საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა“, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით აღიარებულია, რომ „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი. ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“. სახალხო სუვერენიტეტის იდეა გულისხმობს, რომ თითოეული მოქალაქე მონაწილეობს ხელისუფლების ფორმირებაში და ამით ჩართულია ხელისუფლების განხორციელების პროცესში. სახალხო სუვერენიტეტი მნიშვნელოვანწილად ხორციელდება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპის მეშვეობით. საქართველოს თითოეული მოქალაქე ირჩევს რა წარმომადგენელს, საკუთარ ძალაუფლებას გადასცემს მას და ამით აძლევს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, სახელმწიფოს მართვის ლეგიტიმაციას." "საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ გარანტიას, რომ საქართველოს ყოველმა მოქალაქემ თავისუფალი ნების გამოვლინების საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში. საარჩევნო უფლების რეალიზაცია გულისხმობს, რომ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, აქტიური საარჩევნო უფლება მნიშვნელოვნად იზღუდება ამომრჩევლის ხმის გავლენის დამცრობით. საარჩევნო უფლება შინაარსს დაკარგავს მასზე თანაბარი ხელმისაწვდომობის არარსებობისას. არჩევნების მიზანი სწორედ მოქალაქეთა ნების შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფაა, აქედან გამომდინარე - არჩევნებმა უნდა უზრუნველყოს მოქალაქეთა თავისუფალი, ნამდვილი ნების შესაბამისი წარმომადგენლობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფორმირებისას. მოქალაქეთა ნამდვილი ნების შესაბამისი ფორმაციის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ საარჩევნო სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეთა ნების ადეკვატურ ასახვას არჩევნების შედეგებზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას შესაბამისი გარანტიები, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ თანაბარი წვდომა არჩევნებზე და თანაბარი შესაძლებლობა, გავლენა იქონიონ არჩევნების საბოლოო შედეგებზე. მხოლოდ ასეთი სისტემის არსებობისას იქნება შესაძლებელი, რომ სრულყოფილად განხორციელდეს დემოკრატიული წარმომადგენლობა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა ნებით განმტკიცებული საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია. "
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების განსაზღვრა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მთელი საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაზე და საარჩევნო უფლების რეალიზაციაზე. ხმათა თანასწორობა და ამომრჩევლებისათვის თანაბარი შესაძლებლობების მინიჭება უნდა წარმოადგენდეს საარჩევნო ოლქების, საარჩევნო გეოგრაფიის განსაზღვრის უმთავრეს პრინციპს. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იყოს მოწოდებული, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები განისაზღვროს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ხმათა თანასწორობა და ადეკვატური წარმომადგენლობა. ეს გულისხმობს, რომ საარჩევნო ოლქებში ამომრჩევლების რაოდენობა შეძლებისდაგვარად თანასწორი იყოს, რათა მაქსიმალურად უზრუნველყოფილ იქნეს ხმათა თანაბარი „წონა“.
"საარჩევნო ოლქების განსაზღვრისას შესაძლოა მხედველობაში იქნეს მიღებული როგორც ადმინისტრაციული საზღვრები, ისე - გეოგრაფიული სპეციფიკაციები, ასევე სხვა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს საარჩევნო ოლქებს შორის ზომიერი დისპროპრციის დაშვება. თუმცა ნებისმიერი ასეთი რეგულირება დაექვემდებარება კონსტიტუციურ-სამართლებრივ შემოწმებას როგორც საარჩევნო, ასევე თანასწორობის უფლებასთან მიმართებით. ტერიტორიული წარმომადგენლობის ელემენტის შემოტანამ არ უნდა გამოიწვიოს საარჩევნო ხმების აშკარა და გაუმართლებელი უთანაბრობა, ტერიტორიულ ერთეულებში რეგისტრირებული ამომრჩევლების ხმების გავლენა არ უნდა შემცირდეს იმდენად, რომ ხელისუფლების ფორმირების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა არსებითად შეზღუდოს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნაა, რომ სახალხო სუვერენიტეტის იდეიდან გამომდინარე, ყველა ამომრჩეველს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს (ზეგავლენა მოახდინოს) ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ხმათა თანაბრობიდან გარკვეული ხარისხის გადახრა შესაძლებელია გამართლებული იყოს მნიშვნელოვანი გარემოებების, შესაბამისი კონსტიტუციურ-სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას და არა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენლობის უზრუნველყოფისათვის."
"ზოგადად, არჩევნების ადმინისტრირების პროცესში არსებობს რისკები, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ შექმნას მისთვის სასურველი საარჩევნო გეოგრაფია და საარჩევნო ოლქების საზღვრები დაადგინოს იმგვარად, რომ სასარგებლო იყოს რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისთვის. ცხადია, კანონმდებელი ვალდებულია, შექმნას საკმარისი საკანონმდებლო გარანტიები და აღკვეთოს ასეთი მანიპულაციის შესაძლებლობა. დასახელებული საფრთხის თავიდან აცილება უნდა მოხდეს ლეგიტიმური მიზნის პროპორციული საშუალების გამოყენებით. ამავე დროს, საარჩევნო ოლქებს შორის სხვაობა არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს აბსოლუტურად აუცილებელია საარჩევნო ადმინისტრირების ეფექტური უზრუნველყოფისათვის. კანონმდებელი ვალდებულია, მოახდინოს საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების პრევენცია და, მეორე მხრივ, უზრუნველყოს, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენის მოხდენის თანაბარი შესაძლებლობები." |
სარჩელით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა