• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი, ზურაბ ლომსაძე, ნინო ბახტაძე და ხათუნა იმნაძე საქართველოს პარლამენტის და სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1860
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი,
ავტორ(ებ)ი დავით ძამუკაშვილი, შალვა გვარამაძე, გიორგი მეიფარიანი, ზურაბ ლომსაძე, ნინო ბახტაძე, ხათუნა იმნაძე
თარიღი 29 აპრილი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონი

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №12

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანება №13

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები

6. ასოციაცია ვალდებულია პირის ასოციაციაში გაწევრების ან პირის ასოციაციაში გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ამ ინფორმაციას ცნობად იღებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.

7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, იგი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირი დაადასტურებს, რომ მან ამ კანონით დადგენილი ვადა საპატიო მიზეზით გაუშვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შესახებ ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/პირს აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პატენტრწმუნებულმა საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციას უნდა წარუდგინოს განცხადება ასოციაციაში გაწევრების მოთხოვნის შესახებ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება

ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები

4. კანონის მე-15 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია გადაწყვეტილება პირის პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი ცნობად იღებს ამ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის ვადაში სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.

5. კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობის შეჩერების ან წევრობის აღდგენის თაობაზე პატენტრწმუნებულთა ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს. საქპატენტს 5 სამუშაო დღის ვადაში შესაბამისი ცვლილება შეაქვს რეესტრში და პატენტრწმუნებულს შეუჩერებს/აღუდგენს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებას.

6. კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ვალდებულია პატენტრწმუნებულისათვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს. საქპატენტი 5 სამუშაო დღის ვადაში პირს რეესტრიდან ამორიცხავს.

7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა არ მიმართა პატენტრწმუნებულთა ასოციაციას გაწევრებისთვის რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ კანონით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

2. პატენტრწმუნებული ვალდებულია რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა ასოციაციას (შემდგომ – ასოციაცია) წარუდგინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები (დაზღვევის ხელშეკრულება და პოლისი).

3. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების (დაზღვევის ხელშეკრულებისა და პოლისის) ვადის გასვლის, შეწყვეტის ან გაუქმების შემთხვევაში პატენტრწმუნებული ვალდებულია არაუგვიანეს 5 დღისა წარუდგინოს ასოციაციას პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტები.

4. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 პუნქტით ან/და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის წევრობა და მისი შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს.

5. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი: 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი ვალდებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს − „საქპატენტს“ წარუდგინოს ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობა საქართველოს პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია.

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანების სიტყვები

„სავალდებულო“ რომელიც ბრძანების ტექსტში 13-ჯერ არის მოხსენიებული: ბრძანების დასახელებაში, პირველი მუხლი, მე-2 მუხლი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლში, მე-4 მუხლის ასევე ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-5 მუხლში 2-ჯერ, მე-8 მუხლში, და მე-9 მუხლში

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი

1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით.

მუხლი 12. პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

1) საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი;

2) საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;

3) “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 31 მუხლი და 311 მუხლი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. წარმოდგენილი სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს.

სარჩელი:

· წარმოდგენილია კანონით დადგენილი ფორმით,

· შემოტანილია უფლებამოსილი სუბიექტების მიერ,

· მასში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად,

· სადავო საკითხები სადავო ნორმებთან მიმართებით არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ,

· დავის საგანს წარმოადგენს ნორმატიული აქტი, ასევე მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი შესაბამისად, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.

· კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის,

· სადავო საკითხი შეეხება კონსტიტუციის მე-11 და მე-12 მუხლებს და სადავო ნორმებზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.

· მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიექტები

ყველა მოსარჩელე არის პატენტრწმუნებული და ისინი დარეგისტრირებულნი არიან საქპატენტის წამოებულ პატენტრწმუნებულთა ოფიციალურ რეესტრში https://www.sakpatenti.gov.ge/ka/patent_attorneys/o/ და შესაბამისად წარმოადგენენ საკონსტიტუციო სამართალწარმოებისთვის მოსარჩელე სუბიეტებს:

1. დავით ძამუკაშვილი, მოქმედი პატენტრწმუნებული,საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N 22;

2. შალვა გვარამაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N 06;

3. ზურაბ ლომსაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N03;

4. ნინო ბახტაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N04;

5. ხათუნა იმნაძე, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა N05;

6. გიორგი მეიფარიანი, მოქმედი პატენტრწმუნებული, საქართველოს პატენტრწმუნებულის მოწმობა #31

მოსარჩელეები არიან მოქმედი პატენტრწმუნებულები, რომელთაც საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაბარებული აქვთ და რეგისტრირებული არიან პატენტრწმუნებულთა რეესტრში გასაჩივრებული სამართლებრივი ნორმების მიღებამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე). მათი სტატუსი, როგორც ახალი, ისე მანამდე არსებული ნორმების თანახმად არის უვადო. სტატუსის მოპოვება/დაკარგვა გასაჩივრებული ნორმების მიღებამდე არ უკავშირდებოდა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევასა და პროფესიულ ასოციაციაში გაწევრებას.

კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმები განსაზღვრავენ საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, პირის რეგისტრაციასა და მისთვის საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ სავალდებულო სამართლებრივ ურთიერთობებს, მის ვალდებულებებს, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებისა და საქმიანობის პრინციპებსა და ძირითად მიზნებს. ამასთანავე, აწესებენ პატენტრწმუნებულთათვის სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას.

მოსარჩელეები, გასაჩივრებული ნორმების საფუძველზე ახალი სამართლებრივი ვალდებულებების წინაშე აღმოჩნდნენ. ისინი მათი პროფესიული სტატუსის გამო უნდა გაწევრიადნენ ასოციაციაში, და ამასთანაცე უნდა იყვნენ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევით დაზღვეულნი. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სათანადო სუბიექტებს იდავონ გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობის საკითხზე. ყველა წარმოდგენილ მოსარჩელეს უშუალოდ ეხება სადავო ნორმები და ამასთანავე მათი აზრით, მათი კონსტიტუციური უფლებები დარღვეულია გასაჩივრებული ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი სუბიეტები წარმოადგინონ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვნონ მათი უფლებების შეზღუდვის კონსტიტუციურობის შემოწმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, ნათელია რომ მოსარჩელეები წარმოადგენენ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე, 11-ე და 12-ე მუხლით დაცულ პირებს და არ არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონით გათვალისწინებული არც ერთი ნორმა, რომელიც იქნება სარჩელის დასაშვებობაზე უარის თქმის საფუძველი.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

2024 წლის 15 მაისის საქართველოს კანონით „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ ძალაში შევიდა საქართველოს პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის ახლებური სამართლებრივი წესრიგი.

კონკრეტულად კი, კანონის სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენენ ორ სიახლეს. პირველი: საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნებასა და მასში საქართველოს პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას. მეორე: შემოღებული იქნა საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. მესამე: საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის სავალდებულო ტრენინგების შემოღება

მოსარჩელეების აზრით ახალი საკანონმდებლო ნორმებით დაწესებული ასოციაციის სავალდებულო წევრობა, და სავალდებულო დაზღვევის დაწესება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას და კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარებით დაცულ საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას. სადავო ნორმების კონსტიტუციურობის საკითხი სარჩელში განხილული იქნება შემდეგი თანმიმდევრობით:

1. სადავო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის მე- 11 მუხლის პირველ პუნქტთან:

1.1. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი

1.2 საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი

1.4. სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან

1.5. სადავო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან

ა. საქპატენტის მიერ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნა

ბ. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება

2. სადავო ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

2.1. სადავო ნორმების არსი

2.2. კონსტიტუციის მე-12 მუხლის გააზრება და სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

2.2. საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

2.3. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

3. სადავო ნორმებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა

3.1. საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით

3.2. საერთაშორისო პრაქტიკა სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით

4. სასარჩელო მოთხოვნა

1. სადავო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის მე- 11 მუხლის პირველ პუნქტთან:

1.2 საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი

მოსარჩელეების მიერ სადავოდ არის გამხდარი ნორმები, რომელიც ადგენს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში საქართველოში რეგისტრირებულ პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას. მისი სავალდებულოობა ვლინდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ შემდეგ ნორმებში: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი; ამასთანავე სადავოა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.

აღნიშნული ნორმების ერთობლიობით, დგინდება რომ საქართველოს „პატენტრწმუნებული – რომელიც არის საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, სავალდებულოდ უნდა გახდეს ასოციაციის წევრი, რომელიც საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს“.

კანონის მიღების წინაპირობას განმარტავს „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე განმარტებითი ბარათი რომელიც საქართველოს პარლამენტის ოფიციალურ ვებ. გვერდზე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ახალი სამართლებრივი წესრიგის შექმნის მიზეზად ცხადდება სფეროში არსებული ქართული პრაქტიკა, რომელიც „ამ მიმართულებით ვერ პასუხობს თანამედროვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს და განსხვავდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან. არსებული კანონმდებლობა არ მოიცავს ისეთი საკითხების მომწესრიგებელ ნორმებს, როგორიცაა პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, რეგისტრაცია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მარწმუნებელთან ურთიერთობა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები“. აქვე დასახელებულია რომ დღეისათვის „საქართველოში პატენტრწმუნებულის სტატუსი გააჩნია 54 ფიზიკურ პირს, რომელთაგანაც, საქპატენტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში ჩართული იყო მხოლოდ 31 პირი.“ შესაბამისად, აღნიშნული ნორმები ვრცელდება მხოლოდ 54 პირზე.

კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად „საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იმისთვის, რომ პირმა შეძლოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, რაც გამოიხატება მისი მხრიდან ამ მიმართულებით შესაბამისი სპეციალური ცოდნის ფლობაში, სამუშაო გამოცდილების ქონასა თუ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში, რაც, თავის მხრივ, დაადასტურებს პირის კომპეტენტურობასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არსებობას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და უფლების მფლობელის ინტერესების დაცვას“.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატენტო კანონის 221 მუხლის ადგენს პატენტრწმუნებულის დანიშვნას. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად:

1. საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი

წარმომადგენელი ან/და საქართველოს პატენტრწმუნებული (არსებობის შემთხვევაში).

2. განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს პატენტრწმუნებული.

აღნიშნული ნორმიდან იკითხება, რომ საქპატენტში განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობა შეიძლება განახორციელოს არამხოლოდ პატენტრწმუნებულმა, არამედ ასევე „განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლობას ახორციელებს მისი წარმომადგენელი“. ხოლო განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, იმ შემთხვევაში არის ვალდებული რომ მას წარმოადგენდეს საქართველოს პატენტრწმუნებული, თუ მას საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი არ აქვს.

შესაბამისად არსებული საკანონმდებლო ნორმებიდან იკითხება, რომ „განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელს“ და საქართველოს პატენტრწმუნებულს ზუსტად ერთი და იგივე საქმიანობა შეუძლიათ შეასრულონ, როცა განმცხადებელი ან პატენტის მფლობელს აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული მისამართი.

ერთადერთი გამონაკლისი, რასაც კანონმდებლობა ამ შემთხვევაში წარმომადგენლის მიმართ ითვალისწინებს არის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც კანონის 401 მუხლის მე-3 პუნქტის მიერ არის დადგენილი, რომ „დაუშვებელია, წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადზე ექსპერტიზის ჩატარებისთვის არის პასუხისმგებელი. ეს აკრძალვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში სტაჟირებას გადიოდა“.

სხვა მხრივ „განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელი“ და პატენტრწმუნებული თავიანთი საპატენტო საქმიანობის განხორცილებისას არიან აღჭურვილი თანაბარი უფლებებით თუმცა იმავდროულად არ აქვთ თანაბარი მოვალეობები.

1.2 საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო ნორმების არსი

საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის.

სადავო ნორმები ადგენს საქართველოს ყველა პატენტრწმუნებულისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისას/ შეუსრულებლობისას მატერიალური ზიანის მიყენების შემთხვევაში მის ასანაზღაურებლად პროფესიული საქმიანობის განხორციელების მთელ პერიოდში ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. სადავო ნორმების მიხედვით პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იგი ვერ იქნება რეგისტრირებული ვერც პატენტრწმუნებულთა რეესტრში და ვერც პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული, საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს მოთხოვნებს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით. ბრძანების მე-8 მუხლი ადგენს, რომ პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მინიმალურ ოდენობად განისაზღვრება წელიწადში 100 000 ლარი. თუმცა მთლიანი ბრძანება, რომელიც სიტყვებით „სავალდებულო“ ადგენს პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას აუცილებლობას, მოსარჩელეთა მიერ მიიჩნევა არაკონსტიტუციურად და სადავოდ არის გახდილი საკონსტიტუციო სასამართლოში.

პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო დანაწესის მიზანი ჩამოყალიბებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში, რომელშიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი საქართველოს პარლამენტის ვებ. გვერდზე. კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით „დაზღვეულ იქნა პატენტრწმუნებულის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული მიზნით, პატენტრწმუნებული ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების (რესტიტუციის) შესრულების გარანტია, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ნდობას პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად წაახალისებს სამეცნიერო და კერძო სექტორებს”.

ამრიგად, სადავო ნორმები არ ვრცელდება ყველა იმ პირის მიმართ რომელმაც შესაძლოა პატენტის მფლობელისგან მიიღოს წარმომადგენლობა, რომ განახორციელოს საპატენტო, სასაქონლო ნიშნის და დიზაინის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული საქმის წარმოება საქპატენტში, არამედ ის ვრცელდება მხოლოდ საქართველოს პატენტრწმუნებულებზე, და „სავალდებულო დაზღვევის“ სამართლებრივი მოწესრიგების გარეთ ტოვებს იმ პირებს, რომლებიც განმცხადებლის/მარწმუნებლის ან პატენტის მფლობელის ნებით განახორციელებენ იგივე საქმიანობას რომელსაც ახორციელებს პატენტრწმუნებული.

1.3. სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან:

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით“.

სამართლის წინაშე თანასწორობა არის სამართლებრივი სახელმწიფოსა და კანონის უზენაესობის პრინციპის ღერძი. მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფო. ამიტომ თანასწორობას ადამიანის ძირითად უფლებებზე და სამართლის ყველაზე სფეროზე აქვს გადამწვეტი ზეგავლენა.[1] მიუხედავად იმისა რომ თანასწორობა სოციალური ფენომენია, კონსტიტუციის აღიარებული და გარანტირებული სამართლის წინაშე თანასწორობა გულისხმობს ადამიანთა იურიდიულ თანასწორობას. მასში მოაზრება თანაბარი მოპყრობა სამართლაშემოქმედებისა და სამართალშეფარდების დროს.[2]

თანასწორობის მოთხოვნა ირღვევა, როდესაც არსებითად მსგავს შემთხვევებს სახელმწიფოს განსხვავებულად უდგება, იგივე უნდა ითქვას არსებითად განსხვავებული შემთხვევების ერთნაირ მოპყრობაზეც. ეს უკანასკნელიც ასევე შეუთავსებელია თანასწორობის პრინციპთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ანტიდისკრიმინაციული მიდგომა კრძალავს შემთხვევებს, როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს იდენტურ სიტუაციებში სხვაგვარად ეპყრობიან და როცა ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს განსხვავებულ სიტუაციებში იდენტურად ეპყრობიან.[3]

საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით გარანტირებულია ზოგადი თანასწორობის უფლება. სამართლის წინაშე თანასწორობა ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან არის სამართლის ფუძემდებლური პრინციპი და გულისხმობს „თანაბარ სამართლიანობას“. კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადება კი განსაზღვრავს, ზოგადად, რა ნიშნების მიხედვით არ დაიშვება ადამიანებისადმი დიფერენცირებული მიდგომა და როდის იქნება იგი შეფასებული დისკრიმინაციად. თუმცა ჩამოთვლილ, დისკრიმინაციის ე.წ. კლასიკურ ნიშნებს შეიძლება ითქვას ერთგვარად სიმბოლური დატვირთვა აქვს, რადგან ერთის მხრივ კონსტიტუციის ჩანაწერი ხსნის ჩამონათვალ კრიტერიუმებს შემდეგი სიტყვებით „აკრძალულია დისკრიმინაცია...... ან სხვა ნიშნის მიხედვით“, ხოლო მეორეს მხრივ არსებული სასამართლო პრაქტიკა შეიძლება ადასტურებს რომ დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმა არის აკრძალული, და კონსტიტუციაში დისკრიმინაციის ნიშნების ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. [4]

საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწვეტილებაში განმარტა ზოგადი თანასწორობის უზრუნველმყოფი ნორმის მიზანი „მიზანი გაცილებით უფრო მასშტაბურია, ვიდრე მხოლოდ მასში არსებული შეზღუდული ჩამონათვალის მიხედვით დისკრიმინაციის აკრძალვა. ... მხოლოდ ვიწრო გრამატიკული განმარტება გამოფიტავდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს (ძველი რედაქციით) და დააკნინებდა მის მნიშვნელობას კონსტიტუციურ-სამართლებრივ სივრცეში“.[5] მისი აზრით „ჩამონათვალის არსებობა ამ ნიშნებთან დაკავშირებულ ადამიანთა დიფერენცირების შემთხვევების უპირატეს შეზღუდვაზე მიუთითებს. თუმცა ეს არ გამორიცხავს ადამიანთა არაგონივრული დიფერენცირების სხვა შემთხვევების არსებობას და მათი კონსტიტუციით აკრძალვის საჭიროებას. კონსტიტუცია კრძალავს კანონის წინაშე არსებითად თანასწორთა უთანასწოროდ (ან პირიქით) გონივრული და ობიექტური დასაბუთების გარეშე მოპყრობის ნებისმიერ შემთხვევას“.[6] სასამართლომ პრაქტიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ უფლებაში ჩარევის დასასაბუთებლად მთავარია, მოსარჩელე თვალსაჩინოს ხდიდეს მისდამი დიფერენცირებულ მოპყრობას და არსებითად სწორად ასაბუთებდეს საკუთარ პრობლემას. მის პრაქტიკაში არის დისკრიმინაციის დადგენა ისეთი ნიშნებით როგორიცაა მათ შორის “კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართულობა”.[7]

გასაჩივრებული ნორმები ქმნიან არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობას, არსებითად თანაბარი საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. პირთა ერთ კატეგორიას (საქართველოს პატენტრწმუნებულებს), რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში და პირთა მეორე კატეგორიას - „განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენლებს“ რომლებიც ზუსტად იგივე საქმიანობას ახორცილებენ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში - აყენებენ არათანაბარ მდგომარეობაში.

1.4. სადავო ნორმების შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან

თუ დადგინდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან შესადარებელ ჯგუფებს შორის - ერთის მხრივ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ხოლო მეორე მხრივ წარმომადგენელთა - დაყოფა (დიფერენციაცია) თვითნებური და გაუმართლებელია, მაშინ ადგილი აქვს დისკრიმინაციას. დისკრიმინაცია შეიძლება არამხოლოდ არათანაბარი მოპყრობიდან, არამედ პირიქითაც დადგეს. დისკრიმინაცია სახეზეა ასევე, როცა სახელმწიფო გაუმართლებელი საფუძვლით არსებითად არათანასწორს თანასწორად, და პირიქით არსებითად თანასწორებს არათანასწორად ეპყრობა. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი „ადგენს კანონის წინაშე თანასწორობის ფუნდამენტურ კონსტიტუციურ პრინციპს. მისი მიზანია, არ დაუშვას არსებითად თანასწორის უთანასწოროდ მოპყრობა ან პირიქით“.[8]

ამისთვის უნდა დადგინდეს რამდენად არიან შესადარებელი ჯგუფები ერთის მხრივ პატენტრწმუნებულები და მეორე მხრივ წარმომადგენლები არსებითად თანაბარი, კონკრეტული საქმიანობისათვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა რა იგულისხმება არსებითად თანასწორში (არსებითად მსგავსში). სოციალური ჯგუფის არსებობის დადგენის კრიტერიუმთან დაკავშირებით სასამართლომ განაცხადა: „იმისთვის, რომ კანონი ახდენდეს პირთა სოციალური კუთვნილების ნიშნით დიფერენცირებას, საჭიროა მისი მიღების ან მოქმედების პერიოდში არსებობდეს კონკრეტული სოციალური ჯგუფი, რომლის წევრობასაც უკავშირდება დიფერენცირება. შეიძლება თუ არა პირთა ამა თუ იმ წრის განხილვა სოციალურ ჯგუფად, უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“.[9]

შესაბამისად, უნდა შეფასდეს დიფერენციაციის ნიშანი. თუ რა ნიშნით ახდენს სახელმწიფო პირების დიფერენციაციას. სადავოდ გამხდარი ნორმების მიხედვით, პატენტრწმუნებულს და წარმომადგენელს შეუძლიათ თანაბარი უფლებებით განახორცილონ საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. ისინი ამ საქმიანობაში არიან არსებითად თანასწორი. თუმცა სადავო კანონმდებლობის მიხედვით, პატენტ რწმუნებულს, მხოლოდ იმიტომ რომ ის „პატენტრწმუნებულის“ პროფესიულ წოდებას (სტატუსს) ატარებს აქვს ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს რეესტრში, გაწევრიანდეს ასოციაციაში და ასევე ვალდებულია შეიძინოს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

პატენტრწმუნებულს - მხოლოდ მაშინ შეუძლია განახორციელოს თავისი საქმიანობა (ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას გამოგონების, სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის მიმართულებით), თუ ის გაწევრიანდება ასოციაციაში და ამისთვის შესაბამის თანხას გადაიხდის (რადგან ასოციაცია არის წევრობაზე დაფუძნებული ა(ა)იპ, მასში საწევრო შენატანებიც აუცილებელი იქნება), და ამასთანავე შეიძენს სავალდებულო დაზღვევას (დაახლოებითი ღირებულება 800-1000 ლარი წელიწადში). მათ ასევე მოუწევთ გადაიხადონ საკვალიფიკაციო გამოცდისა და პატენტრწმუნებულთა მოწმობის საფასურები. აღნიშნული წარმოადგენს შესაბამის ფინანსური ტვირთს.

თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით ზუსტად იგივე საქმიანობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შეუძლია განახორცილოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირი - „განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის წარმომადგენელი“, რომელსაც ექნება განმცხადებლის ან პატენტის მფლობელის მინდობილობა (რომელიც პატენტრწმუნებულს უნდა ჰქონდეს). ასეთი ფიზიკურ/იურიდიულ პირს არ მოეთხოვება არც რეესტრში რეგისტრაცია, არც ასოციაციის წევრობა და არც სავალდებულო დაზღვევის ქონა. ასეთი პირი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში არ უმუშავია საქპატენტში. პრაქტიკულად იგი შესაძლოა იყოს ნებისმიერი პროფესიის ან საერთოდ ნებისმიერი განათლების მქონე/არმქონე ფიზიკური ან იურიდიული პირი.

შესაბამისად ინტელექტუალური საქმიანობის სფეროში თანაბარი უფლებამოსილებების მქონე ადამიანებს სახელწმიფო ექცევა არათანაბრად, დამატებით ვალდებულებებსა და ფინანსურ ტვირთს აკისრებს პატენტრწმუნებულებს, ხოლო ამ ყველა ვალდებულებისგან ათავისუფლებს ყველა სხვა პირს რომელსაც შეუძლია იგივე მომსახურება გაუწიოს განმცხადებელს ან პატენტის, ანდა ინტელექტუალური საკუთრების სხვა ობიექტზე უფლების მფლობელს.

დასახელებულ ჯგუფებს აქვთ საერთო პუნქტი, (tertium comparationis) და ეს არის მათი საქმიანობის სფერო, კერძოდ კი ინტელექტუალური საკუთრების სფეროში პრაქტიკული საქმიანობა. ამიტომ მათი გაერთიანება „ზემდგომი ცნების“ (genus proximum) ქვეშ - ინტელექტუალური საკუთრებისა, კერძოდ სამრეწველო საკუთრების ობიექტების: საპატენტო, სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, გეოგრაფიული აღნიშვნების დას სხვ. წარმოების სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსების გაერთიანება - შესაძლებელია.

რადგან სადავო ნორმებით იკვეთება დისკრიმინაცია პროფესიული სტატუსის გამო, განსხვავებული მოპყრობის გონივრულობის შეფასების მასშტაბიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. იმავდროულად, უდავოა, რომ აღნიშნულ საქმეში შესადარებელ ჯგუფებს შორის დიფერენციაციის ინტენსივობა მაღალია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის #1/1/493 გადაწყვეტილების მიხედვით: „ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი იქნება, არსებითად თანასწორი პირები რამდენად მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში მოექცევიან, ანუ დიფერენციაცია რამდენად მკვეთრად დააცილებს თანასწორ პირებს კონკრეტულ საზოგადოებრივ ურთიერთობაში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობებისაგან“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ამ მიდგომიდან გამომდინარე, აშკარაა რომ შესადარებელი ჯგუფები მნიშვნელოვნად განსხვავებულ პირობებში ექცევიან, სწორედ ამიტომ სადავო საქმე მან უნდა შეაფასოს არათანაბარი მოპყრობის მკაცრი შეფასების ტესტით.

“მკაცრი ტესტის” ფარგლებში ლეგიტიმური მიზნის დასაბუთებისას საჭიროა იმის მტკიცება, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა არის აბსოლუტურად აუცილებელი, არსებობს “სახელმწიფოს დაუძლეველი ინტერესი”[10]. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ დასახელებული დიფერენციაციის ლეგიტიმური მიზანი მოწმდება თანაზომიერების ტესტით (გამოსადეგობა, აუცილებლობა, შესაბამისობა).

ნორმის შეფასებისას უპირველესად უნდა გაირკვეს ის მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს აღნიშნული ნორმის შემოღებისას. კანონპროეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი იყო ინტელექტუალური საკუთრების სფეროს მოწესრიგებით სახელწმიფომ უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერება და უფლების მფლობელის ინტერესების დაცვა, ეს კი მხოლოდ ისე იქნება შესაძლებელი თუ უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპატენტო/ინტელექტუალური საკუთრების სფეროში სპეცილური საქმიანობა. შესაბამისად, სფეროს სამართლებრივმა მოწესრიგებამ პროფესიულად მხოლოდ ისეთი პირები უნდა შეუშვას სფეროში, რომლებიც ადასტურებენ მის კომპეტენტურობას და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არსებობას.

ამ მიზნით კანონით გათვალისწინებულია ორი სადავო რეგულაცია, რომლებიც ცალ-ცალკე უნდა შემოწმდეს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობასთან მიმართებით:

ა. საქპატენტის მიერ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნა (რათა მხოლოდ ასოციაციაში მოქმედმა პატენტრწმუნებულმა განახორციელონ შესაბამისი საქმიანობა)

ბ. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება (რათა მისი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურდეს)

ა. საქპატენტის მიერ საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნა

პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნასთან დაკავშირებით, სახელწმიფოს მიერ დასახული ლეგიტიმური მიზანი სრულად მისაღები და გასაგები იქნება, თუკი მისი მიღწევის საშუალება არის გამოსადეგი (დასაშვები) საშუალება, არის აუცილებელი და პროპორციული საშუალება მიზნის მიღწევისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის

მიერ მიღებული სადავო ნორმები ვერ იქნება მიჩნეული დასახელებული მიზნის მიღწევის გამოსადეგ (დასაშვებ) საშუალებად. რადგან სადავო ნორმები არ წარმოადგენს მიზნის მიღწევის გზას. პირიქით, იგი თავად გამორიცხავს ამ მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმები ტოვებს ინტელექტუალური საკუთრების/პატენტწარმოების სფეროში მოქმედ პირებს სამართლებრივი მოწესრიგების მიღმა, ხოლო პატენტრწმუნებულებს აკისრებს გაუმართლებელ (მათ შორის, ფინანსურ) ტვირთს, რომ იყვნენ ასოციაციის წევრები და შეიძინონ სავალდებულო დაზღვევა. რაც იწვევს არსებითად თანასწორი პირების დიფერენციაციას.

გასაჩივრებული ნორმებით, მართალია კანონმდებელი ცდილობს შექმნას არაერთი მნიშვნელოვანი გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს ინტელექტუალური საკუთრების ახალ და გაუმჯობესებულ გარემოს, თუმცა კი მიზანს ვერ აღწევს 2 საფუძვლით. პირველი: პატენტრწმუნებულს აყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში „წარმომადგენელთან“ შედარებით. რადგან მან ისეთი დამატებითი ხარჯები უნდა გასწიოს რომელიც არ ექნება წარმომადგენელს, შესაბამისად მისი ჰონორარი უფრო ძვირი იქნება იგივე საქმიანობისათვის რომელსაც უფრო ნაკლები დანახარჯით შეასრულებს წარმომადგენელი. ეს რა თქმა უნდა უარყოფით როლს ითამაშებს პატენტრწმუნებულთა საქმიანობაზე და უზღუდავს მას თვითრეალიზების შესაძლებლობას. მეორე: კანონი ვერ აღწევს მის ლეგიტიმურ მიზანს, პირიქით, ის იმაზე უარეს მდგომარეობას ქმნის სამრეწველო საკუთრების სფეროში, ვიდრე ეს სადავო ნორმების მიღებამდე იყო. რადგან ქმნის გარემოს, რომ ნებისმიერ პირმა, წარმომადგენელმა, რომელიც არ არის პროფესიონალი პატენტრწმუნებული, უფრო იაფად განახორციელოს იგივე მომსახურება რასაც სერტიფიცირებული/ლიცენზირებული პატენტრწმუნებული თავისი ხარჯებიდან გამომდინარე დააწესებს. და სწორედ აქედან გამომდინარე საქპატენტში რეგისტრაციის/წარმოების მომსახურეოებისათვის განმცხადებლი/პატენტის მფლობელი წარმომადგენლობისთვის დაიქირავებს არა პატენტრწმუნებულს, არამედ წარმომადგენელს. რომელიც არ იქნება პატენტრწმუნებულის თანაბარი განათლების, კვალიფიკაციის უნარების მქონე პირი, და შეიძლება იყოს ნებისმიერი განათლების ან პროფესიის მქონე.

სადავო ნორმის კონსტიტუციურ სამართლებრივი შემოწმებებისას, თუკი აღმოჩნდა, რომ თანაზომიერების ტესტის სამი კუმულაციური კომპონენტიდან (გამოსადეგობა, აუცილებლობა და შესაბამისობა) ერთ-ერთი არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, სადავო ნორმა ვერ იქნება კონსტიტუციური.

ბ. საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღება

როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა პატენტრწმუნებულებისათვის შემოღებული იქნა იმ მიზნით რომ პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება გარანტირებული იყოს. საბოლოოდ კი ეს, თვით კანონის სულისკვეთებიდან გამომდინარე ემსახურება უკეთესი გარემოს შექმნას ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და გაუმჯობესებული საპატენტო გარემოსთვის. რაც თავის მხრივ საჯარო ინტერესს ემსახურება.

ზოგადად პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე თანამედროვე მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებული ინსტიტუტია. სახელმწიფოთა უმრავლესობა პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას არა მხოლოდ ზოგადი საკანონმდებლო ნორმებით აწესრიგებს, არამედ ზოგიერთი პროფესია ცალკეული საკანონმდებლო აქტებით, სავალდებულო დაზღვევას ექვემდებარება. ისეთი პროფესიებისთვის, როგორიცაა: კერძო აღმასრულებელი,[11] ნოტარიუსი[12] და აუდიტორი[13] უკვე დადგენილია სავალდებულო დაზღვევა, თუმცა არანაკლებ დიდი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიებისათვის როგორიცაა მაგალითად ექიმი, საქართველოში პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა არ არსებობს.

სავალდებულო დაზღვევა დაკავშირებული ესეთ პროფესიებთან, რომელშიც შესვლაც მხოლოდ ამ პროფესიული ცოდნისა და უნარების დამადასტურებელი დოკუმენტაციით არის შესაძლებელი. რადგან ამ პროფესიათა მნიშვნელობა დაკავშირებულია საკმაოდ სერიოზულ რისკებთან. და სწორედ ამიტომ მას ვერ განახორციელებს, უბრალოდ პირის დადასტურების შემთხვევაშიც კი ნებისმიერი პირი. შესაბამისად, ასეთ პროფესიებს იმავდროულად უკავშირდება პროფესიული პასუხისმგებლობაც, და ამიტომაც სავალდებულო პროფესიული დაზღვევა ლოგიკურია კიდეც. მაგალითად, ნოტარიუსის საქმიანობას ვერ განახორციელებს ნებისმიერი პირი, თუნდაც ნათელი იყოს, იმ პირების ნება (მაგალითად მინდობილობა) რომ პირმა განახორცილოს სანოტარო საქმიანობა. კანონმდებლის მსგავსი მიდგომა ლოგიკურია და ნაკლებად აჩენს კითხვებს. თუმცა განსხვავებულია კანონმდებლის მიდგომა პატენტრწმუნებულთა საქმიანობის მიმართ. ერთის მხრივ კანონმდებელი თვლის, რომ პატენტრწმუნებულის საქმიანობა არის იმდენად მნიშვნელოვანი რომ მას აუცილებლად სჭირდება სავალდებულო პროფესიული დაზღვევა, თუმცა მეორეს მხრივ ტოვებს ღია ფანჯარას იმისთვის, რომ ნებისმიერ პირს ჰქონდეს ამ საქმიანობის განხორცილების უფლება დაზღვევის გარეშე. შესაბამისად, ის სადავო კანონმდებლობით ქმნის გაურკვეველ სამართლებრივ რეალობას ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, და აყენებს პატენტრწმუნებულებს უფრო ცუდ მდგომარეობაში ვიდრე სხვა პირებს, რომლებიც წარმოადგენენ ისეთ პროფესიებს რომლებსაც აქვთ სავალდებულო დაზღვევის ვალდებულება. მაგალითად ნოტარიუსები. გარდა ამისა ისინი აშკარად არათანაბარ პირობებში არიან ისეთ პირებთან მიმართებით რომლებიც ზუსტად იგივე საქმიანობას ახორციელებენ სავალდებულო დაზღვევის გარეშე, და მათ არ აწევთ სავალდებულო დაზღვევის ფინანსური ტვირთი.

შემაჯამებლად უნდა ითქვას, რომ სადავო ნორმების შემოღების ლეგიტიმური მიზანი - უკეთესი საპატენტო და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტებთან დაკავშირებული გარემოს შექმნა და ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვა - შეუძლებელია მიღწეულ იქნას სადავო ნორმებით, რადგან იგი არ არის გამოსადეგი, ვარგისი საშუალება მიზნის მისაღწევად. პირიქით პატენტრწმუნებულთა დისკრიმინაციის ფონზე იგი აუარესებს ჯანსაღი და სამართლიანი საპატენტო და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტებთან დაკავშირებული კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას და ინტელექტუალური საკუთრების უკეთ დაცვას, რადგან მათი არათანაბარ მდგომარეობაში ჩატენებით საქართველოს პატენტრწმუნებულები ვერ იქნებიან კონკურენტუნარიანი, რადგან მათი მომსახურება იქნება უფრო ძვირი ვიდრე არაკვალიფიციური პირების. ამ უკანასკნელს, პრინციპულად იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი, რომელის თანახმადაც „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. სახელწმიფოს მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი მოწესრიგება კი ვერ უზრუნველყოფს თავისუფალ კონკურენციას. უფრო მეტიც, ის იძულებულს ხდის მოსარჩელეებს განახორციელონ თავისი პროფესიული საქმიანობა არათანაბარ პირობებში.

გარდა ამისა, მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად საერთოდ არ არის იმის აუცილებლობა, რომ შესადარებელ პირთა წრეს დაეკისროს უფრო მძიმე ტვირთი ვიდრე მეორეს. კანონის თავის თავს ეწინააღმდეგება, რადგან ერთის მხრივ, სწორედ პროფესიის მნიშვნელოვნების გამო უწესებს მკაცრ ნორმებს და მატერიალურ ტვირთს პატენტრწმუნებულებს, ხოლო მეორეს მხრივ იგივე საქმიანობის უფლებას აძლევს ნებისმიერ მსურველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა იწვევს ინტელექტუალური საკუთრების სფეროსთან დაკავშირებულ საქმიანობაში არსებითად თანასწორი პირების გაუმართლებელ დიფერენციაციას, ვინაიდან პატენტრწმუნებულებს გაუმართლებლად ეკისრებათ ის ტვირთი რომელიც არ აქვთ სხვა პირებს ამავე სფეროში. ამდენად, სადავო ნორმა ვერც ლეგიტიმურ მიზანს აღწევს და იმავდროულად გაუმართლებლად ზღუდავს პატენტრწმუნებულებს.

ამდენად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის პრინციპთან მიმართებით.

2. სადავო ნორმების შეუსაბამობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

2.1. სადავო ნორმების არსი

როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელეების მიერ გასაჩივრებულია ორი სხვადასხვა რეგულაციის შინაარსის შემქმნელი ნორმათა ერთობლიობა. აღნიშნული რეგულაციები, მოსარჩელეთა აზრით აყენებენ მათ თავიანთი პროფესიული საქმიანობისას არამხოლოდ არათანაბარ მდგომარეობაში, არამედ იმავდროულად არაკონსტიტუციურად ზღუდავენ მოსარჩელეთა ზოგადი საქმიანობის უფლებას, რომელიც დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით. მოსარჩელეები სადავოდ ხდიან:

პირველი: ნორმებს, რომელიც ადგენს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში საქართველოში რეგისტრირებულ პატენტრწმუნებულთა სავალდებულო წევრობას. მისი სავალდებულოობა ვლინდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულ შემდეგ ნორმებში: საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები.

მეორე: ნორმებს, რომელიც ადგენს საქართველოს ყველა პატენტრწმუნებულისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას. საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი და ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანება ადგენს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის.

სადავო ნორმები ზღუდავს მოსარჩელეთა ზოგადი საქმიანობის უფლებას და აიძულებთ მათ გაერთიანდნენ პროფესიულ ასოციაციაში და ამასთანავე ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა.

კანონით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაცია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არის წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია და არა საჯარო სამართლის იურიდიული პირი. მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება ძირითადად ასოციაციის წევრთა მიერ გადახდილ საწევროებზე და წესდებით გათვალისწინებულ სხვა, კანონმდებლობით აუკრძალავ საქმიანობის განხორციელებაზე. ასოციაციის დირექტორის საქმიანობა არის ანაზღაურებადი, სხვა დასაქმებული პირების საქმიანობაც ასევე იქნება ანაზღაურებადი. ასოციაციას საქპატენტი აფუძნებს. სადავო ნორმა აწესებს სავალდებულო მასში წევრობას.

როგორც ცნობილია, საქართველოში პატენტრწმუნებულის სტატუსი გააჩნია 54 ფიზიკურ პირს. აღნიშნული რიცხვი, თუკი სხვა პროფესიებს რომლებიც სავალდებულო პროფესიულ ასოციაციებად არიან გაერთიანებული საკმაოდ მცირერიცხოვანია. თუკი პროფესიას დაემატება შესაბამისი საწევრო და ასევე სადაზვერვო ხარჯები (ამასთანავე ხარჯები რომ, 2 წელიწადში ერთხელ სავალდებულოდ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის) შესაძლოა პატენტრწმუნებულის პროფესია საკმაოდ დიდი მატერიალური ტვირთის მატარებელი იყოს პირისთვის. რადგან ასოციაციამ (ამ ეტაპზე 54 პირით) უნდა გადაიხადოს მისი დირექტორის და სხვა პირების ხელფასები, ასევე სავარაუდოდ ოფისის ყოველთვიური ხარჯები.

გარდა ასოციაციის წევრობისა სადავო ნორმებით (კანონითა და ბრძანებით) განისაზღვრა პატენტრწმუნებულის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა მარწმუნებელთან ურთიერთობისას, მათ შორის, პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული ვალდებულება. ზოგადად, თანამედროვე საზოგადოებაში პროფესიული რისკის ნეიტრალიზაციის ერთ-ერთ საშუალებად პასუხისმგებლობის დაზღვევა მიიჩნევა. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა არის დახურული ტიპის გადანაწილებით ურთიერთობა მის მონაწილეებს შორის, სადაზღვევო ფონდების ფორმირების საფუძველზე, რომელიც განკუთვნილია ფიზიკური და იურიდიული პირების მატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის. პროფესიული პასუხისმგებლობის რისკის დაზღვევა სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამგვარი დაზღვევა აუცილებლად სავალდებულო უნდა იყოს. მოსარჩელეები არიან სრულწლოვანი პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც უკვე წლებია ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას, და შესაბამისად მათ აქვთ იმის შეფასების უნარი თუ რამდენად არის სადაზღვევო ურთიერთობები მათთვის სასურველი და საჭირო.

მაგალითად, საქართველოში, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულო არ არის. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს, დააზღვიოს პროფესიული შეცდომა, რომლის შედეგად პაციენტს მიადგა ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი.[14] ასეთი მოწესრიგების ფარგლებში ნებისმიერი რისკიანი პროფესიული საქმიანობის დაზღვევა არის მისაღები. მითუმეტეს თუკი შევადარებთ პატენტრწმუნებული და ექიმის საქმიანობას, ექიმის საქმიანობა გაცილებით უფრო რისკიანი შეიძლება იყოს ვიდრე პატენტრწმუნებულის.

მოსარჩელეთა აზრით ნორმათა სავალდებულო ხასიათი არის სადავო, ორივე რეგულაცია, თუ ის იქნებოდა ნებაყოფლობითი არ გამოიწვევდა მოსარჩელეთა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას, და შესაბამისად ისინი არ მიიჩნევდნენ მსგავს შეზღუდვას არაკონსტიტუციურად. ასევე შესაძლოა მისაღები ყოფილიყო სფეროს იმგვარი მოწესრიგება, თუკი სადავო ნორმები ყველა იმ პირთათვის, რომლების საპატენტო საქმიანობას ახორციელებენ, (იქნება ეს პატენტრწმუნებული თუ წარმომადგენელი) იქნებოდა ზუსტად იგივენაირად მზღუდავი. თუმცა, ძირითად პრობლემას მოსარჩელე პატენტრწმუნებულთათვის წარმოადგენს არათანაბარი მოპყრობა, რომელიც იმავდროულად არაპროპორციულად ზღუდავს მათი საქმიანობის თავისუფლებას.

2.2. კონსტიტუციის მე-12 მუხლის გააზრება და სადავო ნორმების მიმართება კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საკონსტიტუციო სასამართლო, პრაქტიკულად, შეუძლებლად თვლის პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ზუსტ და ამომწურავ განმარტებას, მისი კომპონენტების სიმრავლისა და მრავალფეროვნების გამო.[15] ამ უფლებით „დაცულ სფეროში ექცევა პიროვნების თავისუფალი განვითარების ნებისმიერი ფორმით რეალიზაცია“.[16] ის უზრუნველყოფს ინდივიდის განვითარებას ნებისმიერი შინაარსითა და მიმართულებით, მისი ნების, გადაწყვეტილებისა და არჩევანის შესაბამისად.[17]

პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას აქვს სუბსიდიური ბუნება. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ უფლებას აქვს „შემავსებელი ფუნქცია“ და მისი საგნობრივი დაცული სფერო მოიცავს მხოლოდ იმ კომპონენტებს, რომლებიც აუცილებელია პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის, მაგრამ დარჩენილია სპეციალური ძირითადი უფლებების მოქმედების ფარგლებს მიღმა. ამ მოსაზრებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო რამდენიმე გადაწვეტილებაში იზიარებს.[18]

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პროფესიულ სავალდებულო გაერთიანებასთან დაკავშირებით უკვე აქვს ნამსჯელი. მან გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის იდენტიფიცირება არ მოახდინა „ადვოკატთა შესახებ“ კანონის იმ ნორმებზე მსჯელობისას, რომლებიც ითვალისწინებდნენ, ადვოკატის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში სავალდებულო გაწევრიანებას და ამ ასოციაციის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სტატუსს. სასამართლომ ამ საქმეში მიუთითა რომ ადვოკატთა ასოციაციაში, როგორც საჯარო სამართლებრივ გაერთიანებაში, სავალდებულო წევრობა ვერ შეფასდებოდა გაერთიანების თავისუფლებასთან მიმართებით. გარდა იმისა რომ თვით იურიდიული პირის ფორმა ამ შემთხვევაში იყო სსიპ, ასოციაციის სტატუსი და მასში სავალდებულო გაწევრიანება განპირობებული იყო იმით, რომ ადვოკატი ჩართული იყო

მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და გარკვეულწილად საჯარო ფუნქციებს ახორციელებდა. ასოციაციაში ერთიანდებოდა კერძო და საჯარო ინტერესები, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ განახორციელებდა ვერც სახელმწიფო და ვერც ცალკეული პიროვნება.[19] ადვოკატთა ასოციაცია არის სსიპ, ხოლო პატენტრწმუნებულთა ასოციაცია ა(ა)იპ, თუმცა ორთავე გაერთიანების საერთო ბუნებიდან გამომდინარე, შესაძლოა პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში სავალდებულოდ გაწევრიანებაც არ წარმოადგენდეს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ სიკეთეს. ისე როგორც ეს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის“ შემთხვევაში დადგინდა სასამართლოს მიერ.[20]

გერმანიაში დამკვიდრებული მიდგომის თანახმად- გაერთიანების თავისუფლება იცავს მხოლოდ ნებაყოფლობით და არა სავალდებულო გაერთიანებებს, ისეთ ერთობებს, რომელიც შექმნილია ნების თავისუფალი გამოვლინების შედეგად.[21] შესაბამისად დანარჩენ გაერთიანებები რა თქმა უნდა ვერ დარჩება კონსტიტუციის დაცვის გარეშე. შესაბამისად იგი Lex Generali პრინციპზე დაყრდნობით არის ზოგადი საქმიანობის უფლებით დაცული.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო (მსგავსად გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოსი) საჯარო სამართლებრივი ბუნების კორპორაციებს არ მიიჩნევს კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცულ „გაერთიანებად“. აქედან გამომდინარე, გაერთიანების კონსტიტუციური თავისუფლებით, არ არის დაცული ასეთ კორპორაციებში სავალდებულო გაწევრებაზე უარი თქმის უფლებაც. ამავდროულად, ხაზგასასმელია, რომ გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად გაწევრიანებაზე უარის თქმის უფლება დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების კონსტიტუციური უფლებით.[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია, იმ მიზეზით რომ მოსარჩელეები თვლიდნენ, რომ მსგავს ასოციაციაციებში გაერთიანებაზე უარის თქმის უფლება დაცული იყო გაერთინების ნეგატიური უფლებით.

რამდენადაც კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ამდენად ის ე.წ. ზოგადი, გენერალური უფლებაა სხვა ძირითად უფლებებთან მიმართებაში. შესაბამისად, მე-16 მუხლით მაშინ იქნება დაცული მაგალითად სავალდებულო დაზღვევაზე ან გაერთიანებაში გაწევრების უფლებაზე უარის თქმა, თუ ეს ქმედება არ არის დაცული კონსტიტუციის სხვა, უფრო კონკრეტული მუხლით.

თუ კი გავითვალისწინებთ, რომ პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში გაწევრება, ისე როგორც სავალდებულო პროფესიული დაზღვევა არის პატენტრწმუნებულთა საქმიანობის ზოგად თავისუფლებაში ჩარევა, რომელიც არ არის დაცული საქართველოს კონსტიტუციის სხვა მუხლებით. იგი ხვდება კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ სფეროში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ საქმიანობის ზოგად თავისუფლებას და საკონსტიტუციო სასამართლო საკითხი სწორედ კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით უნდა განიხილოს.

2.2. სადავო ნორმების კონსტიტუციური სამართლებრივი შემოწმება კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით

მოსარჩელეთა აზრით, მათ მიერ სადავოდ გამხდარი ის ნორმები და მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეების იძულებით აწევრიანებს ა(ა)იპ პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში და ამასთანავე ავალდებულებს ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა- არის ჩარევა კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ უფლებაში.

პირველ რიგში უნდა გაირკვეს კანონმდებლის მიერ სადავო ნორმების მიღების ლეგიტიმური მიზანი და შემოწმდეს რამდენად არის ამ მიზნის მიღწევისათვის გამოყენებული საშუალება თანაზომიერი. თანაზომიერების პრინციპი უზრუნველყოფს ერთი მხრივ, პირის თავისუფლების, და მეორე მხრივ, თავისუფლების შეზღუდვის გაწონასწორებულ, თანაზომიერ დამოკიდებულებას და კრძალავს ძირითადი უფლებებში ზომაზე მეტად ჩარევას[23]. „უფლების შეზღუდვის შეფასების საზომი, თანაზომიერების პრინციპია. აღნიშნული პრინციპი წარმოადგენს ადამიანის უფლების შეზღუდვისას კანონმდებლის შებოჭვის მექანიზმს და, შესაბამისად, კონსტიტუციური კონტროლის ელემენტს. თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო წესრიგი უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“[24]

უნდა დადგინდეს სამი ელემენტის არსებობა: ა) არის თუ არა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ჩარევა დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად რეალურად გამოსადეგი; ბ) არის თუ არა სახელმწიფოს ამგვარი ჩარევა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად ნამდვილად აუცილებელი და ხომ არ იყო შესაძლებელი ამ მიზნის მისაღწევად რაიმე უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენება; გ) რამდენად არის სახელმწიფოს ჩარევა ადამიანის ძირითად უფლებაში აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად შესაბამისი (ვიწრო გაგებით პროპორციული). [25]

ა) საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში სავალდებულო წევრობის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

სადავო ნორმების შეფასებისას უპირველესად უნდა გაირკვეს ის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ამოძრავებდა კანონმდებელს აღნიშნული ნორმის შემოღებისას. კანონპროეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სადავო ნორმის შემოღებით კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანია, ინტელექტუალური საკუთრების სფეროს სამართლებრივი მოწესრიგებით უზრუნველყოფილი იქნეს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერება და უფლების მფლობელის ინტერესების დაცვა, ეს კი მხოლოდ ისე იქნება შესაძლებელი თუ უზრუნველყოფილი იქნება იმ პირთა მაღალი კვალიფიკაცია და ცოდნა, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საპატენტო/ინტელექტუალური საკუთრების სხვა სფეროში სპეცილური საქმიანობა.

გამოსადეგად მიიჩნევა საშუალება, რომელიც იძლევა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.[26] შეიძლება ითქვას, რომ პატენტრწმუნებულთა ასოციაცია, რომელიც მასში კვალიფიციურ პატენტრწმუნებულებს აერთიანებს, და ამასთანავე უქმნის მათ, პროფესიული ერთიანობის აღქმას, შესაძლოა ქმნიდეს უკეთეს საპატენტო და მთლიანად სამრეწველო საკუთრების სფეროში საქმიანობის გარემოს შექმნა, და იწვევდეს სამრეწველო საკუთრების უფლებების მფლობელთა ნდობას ასოციაციაში გაერთიანებულ პროფესიონალთა მიმართ, თუმცა მთავრი კითხვა არის რამდენად აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად სავალდებულო ასოციაციის შექმნა თუ ასევე შესაძლებელია ასეთი სავალდებულო ასოციაციის შექმნის გარეშეც მიიღწეს მიზანს? შეძლებს თუ არა პატენტრწმუნებულის სავალდებულო ასოციაციის გარეშე, ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდით გაუწიოს მომსახურება პატენტის მფლობელს? ამ შემთხვევაში ნათელია, რომ პატენტრწმუნებულს კვალიფიკაციას, და შესაბამის ცოდნასა და უნარებს ასოციაციაში სავალდებულო წევრობა კი არ აძლევს, არამედ ამის გარანტი არის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება. გარდა, ამისა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აღნიშნული მექანიზმი, მართალია არა სავალდებულოდ, თუმცა ნებაყოფლობითი გაერთინების ფორმით, პატენტრწმუნებულთა შესახებ კანონის მიღებამდეც არსებობდა და წარმატებით მუშაობდა კიდეც ახლის შემოღებამდე. დღეის მდგომარეობით არსებობს (ახალ კანონს არ გაუუქმებია) გამოგონების შესახებ, მთავრობის მიერ 1992 წლის მარტის დებულებისა და საქართველოს საპატენტო კანონის მიხედვით საქპატენტის მიერ კვალიფიცირებულ პატენტრწმუნებულთა ნებაყოფლობითი ასოციაცია. 1993 წლიდან მხოლოდ პატენტრწმუნებულს ჰქონდა უფლება წარმოედგინა განმცხადებელი საქპატენტის წინაშე, თუკი ის ზოგადად წარმომადგენლის დანიშვნას საჭიროდ თვლიდა. აღნიშნული წესრიგი არ ქმნიდა პრობლემას. უფრო მეტიც, არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პატენტრწმუნებულს მიეყენებინოს ზიანი მარწმუნებლისთვის და შესაბამისად, საკითხზე რაიმე დავა წარმოშობილიყო.

აღნიშნული ფაქტები მოყვანილია იმის ემპირიულ მტკიცებულებად, რომ არ არსებობდა ისეთი გარდაუვალი აუცილებლობა (მაგალითად, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო მარწმუნებლის უფლებათა ხშირი დარღვევები) და შესაბამისად არ იყო ფაქტობრივი წინაპირობები იმისა, რომ სადავო ნორმებით პატენტრწმუნებულთა უფლებები ახალი ნორმებით დამატებით შეზღუდულიყო.

მოსარჩელე პატენტრწმუნებულთათვის მისაღები იქნებოდა ასოციაციის ნებაყოფლობითი წევრობა. ამ უკანასკნელში სავალდებულოდ გაწევრიანება არ არის აუცილებელი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, და გაუმართლებლად მკაცრად ზღუდავს მოსარჩელეთა საქმიანობის თავისუფლებას. სწორედ, ნებაყოფლობითობის სულისკვეთებას გამოხატავს საქართველო კონსტიტუციის მე-6 მუხლით აღიარებული დებულება ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. კონსტიტუციის ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეკონომიკური თავისუფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით „სახელმწიფო ზრუნავს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე“. შესაბამისად სახელწმიფოს ჩარევა ეკონომიკურ თავისუფლებაში მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

გარდა ამისა, მოსარჩელეთა პოზიციას ამყარებს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 მუხლის პირველი წინადადება, რომ „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აზრით, ეკონომიკური თავისუფლების პირობებში, მეწარმისათვის, როგორც ბაზრის „მთავარი მოთამაშისთვის“ შეთავაზებული გარანტიები და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს განვითარება, ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და არაპირდაპირ ემსახურება მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ქმნის მათთვის უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოების/მიწოდების პირობებს.[27] კანონმდებლის მიერ დაწესებული ახალი სამართლებრივი რეალობა რომელსაც ქმნის სადავო ნორმები, გაუმართლებელი ტვირთია პატენტრწმუნებულთა სამეწარმეო საქმიანობისათვის. საქართველოს თავის პრაქტიკით განმარტა, რომ „როცა თავისუფალ მეწარმეობაზეა საუბარი, საჭიროა გაირკვეს, როდის და რა ფარგლებში შეუძლია სახელმწიფოს, ჩაერიოს მისი განხორციელების პროცესში. როგორც წესი, სამეწარმეო საქმიანობა მეწარმეთა ავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს ამ ნების ჩამოყალიბების პროცესში ჩარევა, როცა არის იმის რეალური საშიშროება, რომ სუბიექტი მინიჭებულ უფლებამოსილებას ბოროტად გამოიყენებს და იმოქმედებს სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციების საწინააღმდეგოდ“. [28] მეწარმეობის თავისუფლება სასამართლოს განმარტები აქვს ასევე შრომითი ურთიერთობების კონტექსტშიც, და აღიარებს რომ სახელმწიფოსთვის, „ვალდებულებას წარმოადგენს, იზრუნოს და ხელი შეუწყოს მეწარმეობას, არ დაადგინოს იმგვარი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუშლის ამ ბაზარზე მოქმედ პირთა ფუნქციონირებას“[29]

შესაბამისად, მოსარჩელეთა აზრით კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული პირადი განვითრების უფლებაში სახელმწიფო იმაზე მეტად მკაცრად ერევა, და უზღუდავს მოსარჩელეებს უფლებას თავისი ნებით გადაწყვიტონ გაწევრიანება, ვიდრე ამას ლეგიტიმური მიზნის მიღწევა საჭიროებს.

სწორედ ამიტომ, სადავო ნორმები, რომლებიც ავალდებულებენ მოსარჩელეებს აუცილებლად გაწევრიანდნენ პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში არღვევს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ უფლებებს და ამიტომ სასამართლომ არაკონსტიტუციურად უნდა სცნოს სადავო ნორმები;.

ბ) საქართველოს პატენტრწმუნებულთა პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შეუსაბამობა კონსტიტუციის მე-12 მუხლთან

პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი ჩამოყალიბებულია საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის განმარტებით ბარათში. ამ უკანასკნელის თანახმად, კანონით „დაზღვეულ იქნა პატენტრწმუნებულის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული მიზნით, პატენტრწმუნებული ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებით უზრუნველყოფილი იქნება პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების (რესტიტუციის) შესრულების გარანტია, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ნდობას პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად წაახალისებს სამეცნიერო და კერძო სექტორებს”

სავალდებულო პროფესიული დაზღვევაც უნდა შემოწმდეს და დადგინდეს აქვს თუ არა კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებაში სახელმწიფოს ჩარევას კონსტიტუციურ სამართლებრივი გამართლება. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სავალდებულო ხასიათი, თავისთავად ახდენს ზეგავლენას პირის თავისუფალ ნებაზე. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ პირის თავისუფალ ნებაში ჩარევა სახეზეა. ახლა, მთავარი კითხვაა რამდენად გამოსადეგი, აუცილებელი და შესაბამისი საშუალებაა, სადავო ნორმებით შემოღებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მიზნის მისაღწევად. აღნიშნული დაზღვევა პირს ფინანსურ ტვირთად აწვება და შესაძლოა, მას სწორედ ამის გამო მოუწიოს თავისი პროფესიული საქმიანობის შეფერხებით წარმართვა (იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ არამხოლოდ სადაზღვევო გადასახადი, არამედ სერტიფიცირების და ასოციაციის წევრობის თანხაც ემატება მისი საქმიანობის ხარჯებს).

მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, ხომ არ არის სავალდებულო დაზღვევა იმაზე მეტი ტვირთი პატენტრწმუნებულისთვის, რაც მისი მიერ შესაძლო მიყენებული ზიანის ანაზღაურების გარანტიაზე უფრო მეტია და ამასთანავე ხომ არ არის შესაძლებელი პატენტრწმუნებულმა რესტიტუციის შესრულების გარანტია ყოველ ჯერზე, მარწმუნებელთან ურთიერთობისას ხელშეკრულებით აიღოს თავის თავზე?

აქვე ხაზგასმით აღინიშნოს, არაპროპორციულად მაღალია, სავალდებულო დაზღვევის ჭერი 100 000 ლარი, რომელიც ასევე არათანაბარზომიერად ზღუდავს მოსარჩელეთა მე-12 მუხლით დადგენილ თავისუფალი განვითარების და მის საქმიანობის კონსტიტუციურ უფლებას, ისე როგორც 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ მეწარმეობის თავისუფლებას. აღნიშნულის მტკიცების საშუალებას გვაძლევს შემდეგი: პატენტრწმუნებულის საქმიანობის ამოცანაა უფლებების მოპოვებაში დაეხმაროს მარწმუნებელს საქპატენტის წინაშე წარმომადგენლობის გაწევით. შესაბამისად, თუ უფლების მოპოვება ვერ ხერხდება მაქსიმუმი ზიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მისთვის გადახდილი გასამრჯელო და საქპატენტისთვის გადახდილი მთავრობის მიერ დადგენილი საფასური. ეს თანხები შეიძლება იყოს დაახლოებით – 5000–6000 ლარის ფარგლებში გამოგონების შემთხვევაში და 3000 ლარამდე სასაქონლო ნიშნის შემთხვევაში (თუ საქმე დაჩქარებული წესით რეგისტრაციისას წარმომადგენლობას ეხება. ნათელია, რომ 100 000 ლარიანი სავალდებულო დაზღვევა არ პასუხობს ძირითადი უფლებათა შეზღუდვის თანაზომიერების კრიტერიუმს. და შესაბამისად ასეთი ჩარევა მისი გაუმართლებელი სიმკაცრის გამო, არაკონსტიტუციურად უნდა შეფასდეს.

სრულიად შესაძლებელია, რომ პატენტრწმუნებულმა მომსახურება მარწმუნებლის მიმართ დარჩეს კერძო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში. და არანაირი აუცილებლობა არ არის სახეზე, რომ სახელწმიფო თავისი საჯარო სამართლებრივი რეპრესიული მექანიზმით ჩაერიოს პატენტრწმუნებულს და მარწმუნებელს შორის კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში.

გარდა ამისა, როგორც უკვე აღნიშნა, საქართველოში საპატენტო სფეროში საქმიანობის 30 წლიანი ემპირიული პრაქტიკა არსებობს იმისა, რომ საპატენტო სფერო არ შეიძლება მივიჩნიოთ ისეთი მომეტებული რისკების სფეროდ, როგორიცაა მაგალითად სამედიცინო სფერო, რომელშიც არც კი არსებობს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ადვოკატების ან ექიმებისათვის.

ზემოაღნიშნული მსჯელობით დასტურდება, რომ სადავო ნორმებით ვერ აკმაყოფილებს ძირითად უფლებაში (მე-12 მუხლში) კონსტიტუციურ სამართლებრივი შეფასების თანაზომიერების ტესტს, რადგან არ იკვეთება ის აუცილებლობა, რომელიც გამოიწვევდა მოსარჩელის უფლების შეზღუდვას. ლეგიტიმურ მიზანს სახელწმიფომ ასეთი მკაცრი მოწესრიგების (სავალდებულო დაზღვევის) გარეშეც შეუძლია მიაღწიოს.

შესაბამისად, მოსარჩელეების მოთხოვნაა, საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო დაზღვევასთან დაწესებასთან დაკავშირებული სადავო ნორმები, კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად სცნოს.

3. სადავო ნორმებთან დაკავშირებული საერთაშორისო პრაქტიკა

3.1. საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით

2023 წლის 17 მაისს ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს – ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და, ასევე, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს.

ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებას წინ უძღოდა, არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებული ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2023 წლის 16 მაისს. აღნიშნული ცვლილების შედეგად დასრულდა საქართველოს კანონმდებლობის „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი ვალდებულების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პირველი ეტაპი.

აღსანიშნავია, რომ არც ერთი ხელშეკრულებით, და არც რომელიმე საერთაშორისო პროექტის ფარგლებში სახელწმიფოს არ აუღია ვალდებულება რომ შეექმნა პატენტრწმუნებულთა სავალდებულო ასოციაცია, და დაედინა პატენტრწმუნებულთათვის რაიმე სახის სავალდებულო პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა.

იმ მიზანს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილ იქნეს უფლებათა მფლობელებისთვის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაღალი დონე და მიღებულ იქნეს ზომები ინტელექტუალური საკუთრების სფეროში, კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ. შეუძლია სახელწმიფომ სხვადასხვა გზით მიაღწიოს. თუმცა მის მიერ შერჩეული უნდა იქნეს ისეთი გზა რომელიც ნაკლებად ზღუდავს ადამიანის უფლებებს, არ არის დისკრიმინაციული და ისე აღწევს მიზანს. ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც მათ შორის მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს ყველა სახელწმიფო სხვადასხვა გზით აწესრიგებს პატენტრწმუნებულთა სავალდებულო ასოციაციის თუ პროფესიული პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის საკითხებს. აღნიშნული მიმოხილული იქნება შემდეგ თავში, თუმცა აქ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ: მოსარჩელეთა მიერ სადავოდ გახდილი ნორმების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, არ ეწინააღმდეგება რაიმე ფორმით სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას ამ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციიის წევრობას.

3.2. საერთაშორისო პრაქტიკა სადავო ნორმებით მოწესრიგებულ საკითხებთან დაკავშირებით

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წევრი ქვეყნების ნაწილში სავალდებულოა პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში წევრობა, ნაწილში კი არ არის სავალდებულო.

გერმანიაში,[30] საპატენტო ადვოკატებისთვის სავალდებულოა წევრობა საპატენტო ადვოკატთა პალატაში (Patentanwaltskammer). მხოლოდ პალატაში რეგისტრირებულ პირებს აქვთ უფლება, ოფიციალურად იმუშავონ საპატენტო ადვოკატებად, პატენტრწმუნებულად. მათ ასევე აქვთ ვალდებულება რომ ჰქონდეთ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა 250 000 ევროს ზარალის ფარგებში. (§ 45 PAO Petentanwaltordnung). იგივე სამართლებრივ მოწესრიგებას ვხვდებით ავსტრიაშიც, წევრობა საპატენტო ადვოკატთა პალატაშიც ისე როგორც დაზღვევა სავალდებულოა. თუმცა, მათ განსხვავებით საქართველოს პატენტრწმუნებულებისაგან, შეუძლიათ წარმოადგინონ მესამე პირების ინტერესები მეორე და ასევე უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს პატენტრწმუნებულებს, მიუხედავად სერტიფიკატისა და დაზღვევისა, მარწმუნებლის მხოლოდ პირველ ინსტანცია წარდგენის უფლება აქვს. მსგავსად გერმანიისა და ავსტრიისა, პოლონეთშიც[31] საპატენტო ადვოკატები აუცილებლად უნდა იყვნენ რეგისტრირებული პოლონეთის საპატენტო ადვოკატთა პალატაში (Polska Izba Rzeczników Patentowych). აღნიშნული ორგანიზაცია ახდენს პროფესიასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას, და პასუხისმგებელია ლიცენზირებაზე. ლიცენზიის გარეშე არც ერთ პირს არ შეუძლია დაარეგისტრიროს პატენტი. იგივე მდგომარეობაა ლატვიაშიც[32] პატენტრწმუნებულებს სავალდებულოდ სჭირდებათ რეგისტრაცია ლატვიის საპატენტო ადვოკატთა ასოციაციაში (Latvijas Patentu Pilnvarnieku Asociācija). ეს აუცილებელია საპატენტო მომსახურების სამართლებრივად გაწევისათვის.

ანალიზი ცხადყოფს, რომ ისეთ ქვეყნებში სადაც სავალდებულოა პატენტრწმუნებულთა პროფესიულ კავშირში/გაერთიანებაში გაერთიანება და აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა, საპატენტო მომსახურების სამართლებრივად მხოლოდ და მხოლოდ ამ კავშირში გაერთიანებული სავალდებულო დაზღვევის მქონე პირები ახორციელებენ. გარდა ამისა, იქ სადაც დაზღვევა სავალდებულოა პატენტრწმუნებულებისათვის, მათ მესამე პირების წარმოდგენის უფლება აქვთ ყველა ინსტანციაში იმ ქვეყნის სასამართლოში. (საქართველოს მოწესრიგებიდან განსხვავებით).

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წევრი ქვეყნების ნაწილში არის სადავო საკითხის სხვაგვარი , მაგალითად შვეიცარიაში.[33] შვეიცარიაში საპატენტო ადვოკატებისთვის არ არსებობს სავალდებულო წევრობა. მართალია არსებობს შვეიცარელი საპატენტო ადვოკატების ასოციაცია (VSP), თუმცა წევრობა ნებაყოფლობითია. იგივე ვრცელდება დანიის[34]შემთხვევაშიც დანიშვნა საპატენტო ადვოკატად დანიაში არ საჭიროებს ლიცენზიას ან სავალდებულო წევრობას. თუმცა პროფესიონალი პატენტრწმუნებულთა დიდი ნაწილი ნებაყოფლობით უერთდება ADIPA-ს (Association of Danish Intellectual Property Attorneys), რომელთა წევრობაც ეს სავალდებულო არ არის. იგივე უნდა ითქვას პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაზე, მართალია პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა აქვთ პატენტრწმუნებულებს, თუმცა ის არ არის სავალდებულო, არის დამოკიდებული პატენტრწმუნებულის ნებაზე. რაც თავის მხრივ გამომდინარეობს, კონკრეტული პატენტრწმუნებულის სამუშაო სპეციფიკიდან. ზოგიერთი საჭიროებს ამას ხოლო ზოგიერთი არა.

ევროპის საპატენტო ორგანიზაციის ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ არის დერეგულირებული ეს სფერო. მაგალითად ისლანდია.[35] ისლანდიაში არ არსებობს არც სავალდებულო ლიცენზირება ან საპატენტო ადვოკატთა პალატაში წევრობის მოთხოვნა. ქვეყნის კანონმდებლობა არ მოითხოვს სპეციალურ რეგისტრაციას საპატენტო ადვოკატებისთვის. მიუხედავად ამისა, პროფესიონალებს შეუძლიათ ნებაყოფლობით შეუერთდნენ ისლანდიური საპატენტო პროფესიონალთა ასოციაცია (FEIS) ან საპატენტო და სავაჭრო მარკების ადვოკატთა ასოციაცია (FUVE). პატენტრწმუნებულად სამუშაოდ საერთოდ არ არის საჭირო განსაკუთრებული განათლების ან გამოცდის გავლა.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზიდან გამომდინარე მით უკეთესად შეუძლება შეფასდეს რომ ქართულ რეალობაში დამკვიდრებული პრაქტიკა. ქვეყნების ნაწილი მართალია აწესებს მკაცრ მოწესრიგებას, თუმცა ასევე მკაცრია ის საპატენტო საქმიანობის გარეშე პირთა (არაპატენტრწმუნებულთა) მიერ შესრულების მიმართ. და მათ არ აძლევს უფლებას რომ ამ სფეროში განახორციელონ საქმიანობა.

განსხვავებული მეორე და მესამე ტიპის მოწესრიგებაც, რომელიც არ უდგენს რაიმე შეზღუდვას არც ასოციაციაში სავალდებულო წევრობასთან და არც პროფესიული პასუხისმგებლობის პროფესიულ სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებით პატენტრწმუნებულებს, თუმცა სფეროში ოპერირება შეუძლია რეალურად ყველას, ვინც იქნება პატენტის უფლების მფლობელის. მარწმუნებლის წარმომადგენელი.

შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეესაბამება არც საერთაშორისო პრაქტიკას და არც საქართველოს კონსტიტუციას, რადგან დისკრიმინაციული და არაპროპორციულად ზღუდავს პატენტრწმუნებულთა საქმიანობის.

4. სასარჩელო მოთხოვნა:

რადგან სადავო ნორმები საქართველოს პატენტრწმუნებულთათვის ქმნიან, არათანაბარ დისკრიმინაციულ პირობებს (აყენებს მათ წარმომადგენლებთან შედარებით არახელსაყრელ პირობებში) და თანმდევად ზღუდავს მათი საქმიანობის თავისუფლებას, ამასთანავე სარჩელში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით, განხილული საკითხებიდან გამომდინარე მოვითხოვთ, რომ შემდეგი სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით:

· საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-29 მუხლის მე-4 პუნქტი, კანონის მე-5 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები, კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი -

· საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №12 ბრძანების მე-5 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის თავმჯდომარის №13 ბრძანების სიტყვები „სავალდებულო“ რომელიც ბრძანების ტექსტში 13-ჯერ არის მოხსენიებული: ბრძანების დასახელებაში, პირველი მუხლი, მე-2 მუხლი, მე-3 მუხლი, მე-4 მუხლში, მე-4 მუხლის ასევე ა) და ბ) ქვეპუნქტებში, მე-5 მუხლში 2-ჯერ, მე-8 მუხლში, და მე-9 მუხლში.


[1] ლოლაძე ბ., ფირცხალაშვილი ა., ძირითადი უფლებები, კომენტარი, თბილისი 2023, გვ. 153, აბზ. 433.

[2] იქვე გვ. აბს. 438.

[3] Hoogendijk v. the Netherlands, (No. 58641/00), 6.1.2005.

[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II.პ.2; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II-1

[5] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2

[6] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის #2/1-392 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის №1/11/629,652 გადაწვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - როინ გავაშელიშვილი და ვალერიანე მიგინეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.

[8] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ, II. პ. 1; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება #1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, პ. 1.

[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 მარტის #2/1/473 გადაწყვტილება, საქმეზე საქართველოს მოქალაქე ბიჭიკო ჭონქაძე და სხვები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინააღმდეგ. II.პ.8

[10] იქვე, პ. II 6.

[11] „კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის № 118 ბრძანება, 29/06/2009.

[12] „ნოტარიუსთა სავალდებულო პროფესიული დაზღვევის არსებითი პირობებისა და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის № 158 ბრძანება, 17/03/2010.

[13] აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის არსებითი პირობების და სადაზღვევო თანხის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის № 12 ბრძანება, 17/10/2016.

[14] საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“

[15] საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის N2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-67, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება, N2/4/532,533. ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-4.

[16] N2/1/536 გადაწყვეტილება, საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-59.

[17] საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-6.

[18] N2/1/536 გადაწყვეტილება, II-57; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 08 ოქტომბრის გადაწყვეტილება, N2/4/532,533. ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგII-5; საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის N1/1/625,640 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ბურჯანაძე, ლიკა საჯაია, გიორგი გოცირიძე, თათია ქინქლაძე, გიორგი ჩიტიძე, ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ააიპ „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ააიპ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ააიპ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-16, 21; N1/2/622 გადაწყვეტილება, II-14-15; N3/7/679 გადაწყვეტილება, II-7.

[19] საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის N1/5/323 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ვაჭარაძე, არტურ კაზაროვი, ლევან ჩხეიძე, გიორგი ბერიშვილი, შორენა ოსკოპელი და ნინო არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ 2.

[20]საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 ნოემბრის საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N2/2/439 გადაწყვეტილება, II-19, 24.

[21] Bauer, GG, Art. 9, Rn. 38 ff.; Höfling, GG, Art. 9, Rn. 8; Ipsen, Grundrechte, Rn. 585; Jarass, GG, Art. 9, Rn. 3; Löwer, GG, Art. 9, Rn. 30, 35; Pieroth/Schlink, Grundrechte, Rn. 722; Scholz, GG, Art. 9, Rn. 57.

[22] BVerfGE 10, 89 (102); 38, 281 (297 f.); 107, 169 (172 f.).

[23] Iahnel, D, in: Marten/Papier (Hg), Handbuch der Grundrechte in Deutschland und Europa, B. VII/1, Aufl. 2., 2014 S. 863 ff.

[24] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის N3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ, II. 61.

[25] ლოლაძე ბ., ფირცხალაშვილი ა., ძირითადი უფლებები, კომენტარი, თბილისი 2023, გვ. 64, აბზ. 188.

[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის №1/1/539 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30; №2/1/536 გადაწყვეტილება, II-71; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48.

[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-2, 3

[28] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბერის № 1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ, II-6;

[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის №2/2/565 გადაწყვეტილება საქმეში „საქართველოს მოქალაქეები – ილია ლეჟავა და ლევან როსტომაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II- 51

[30] Patentgesetz (PatG), § 3, § 4 und § 47, Patentanwaltsordnung (PAO), § 2, § 4 PAO https://www.patentanwalt.de/en/

[31] Polska Izba Rzeczników Patentowych (PIRP), იხ.: https://www.rzecznikpatentowy.org.pl/

[32] „Patentu likums“ იხ.: https://www.lrpv.gov.lv/en

[33] „Patentgesetz“ (PatG) Gesetz Nr. 232.1, იხ.: https://www.ige.ch/de/

[34] Patent- og Varemærkestyrelsen, იხ.: https://www.dkpto.dk/

[35] „Lög um einkaleyfi“ N 17/2013, იხ.: https://www.reglugerd.is/reglugerdir/eftir-raduneytum/atvinnuvega--og-nyskopunarraduneyti/nr/18300

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ