მოსარჩელელ გურამ სოსელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/7/225 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 18 მარტი 2003 |
ძალადაკარგულად ცნობის თარიღი | 3 დეკემბერი 2019 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - სხდომის თავმჯდომარე; მომხსენებელი მოსამართლე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი:
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – წევრი;
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოსარჩელელ გურამ სოსელია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელელ გურამ სოსელია.
საქართველოს საკონსტიტუიო სასამართლოს 2003 წლის 24 თებერვალს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №225) მომართა მოქალაქე გურამ სოსელიამ. სასამრთლოს თავმჯდომარის რეზოლუციით კოლეგიას საქმე გადმოეცა ა.წ. 28 თებერვალს.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, საქართველოს ორგანული კანონის „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი და მე-10 მუხლები.
კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 1997 წლის 12 დეკემბერს მიღებულ იქნა კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომლითაც განისაზღვრა პოლიტიკური რეპრესიის და პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ცნებები, დადგენილ იქნა პირთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და მათი სოციალური გარანტიების განსაზღვრის წესი. ზემოაღნიშნულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანით რამოდენიმეჯერ გადავადებული იქნა გაზრდილი პენსიის მიღების უფლება პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილებისათვის (ნაშვილებისათვის) და მისი საბოლოოდ ამოქმედების ვადა განისაზღვრა 2002 წლის 1 იანვრით.
მოსარჩელე წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის – გრიგოლ სოსელიას შვილს. მას მიაჩნია, რომ სადავო აქტმა, რომელმაც ზემოაღნიშნული კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედების განსხვავებული ვადად დაადგინა (კერძოდ, 2003 წლის 1 ივლისიდან), დაარღვია საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებები. მისი აზრით, სადავო აქტმა მას გაუუქმა უფლება კანონით დადგენილ საკუთრებაზე, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით. მოსარჩელეს აგრეთვე მიაჩნია, რომ კარგავს უფლებას უკანონოდ მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე, ვინაიდან სადავო აქტის ნორმა შეუძლებელს ხდის სასამართლოს წესით ზარალის ანაზღაურებას. რითაც ილახება 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით აღიარებული უფლება, რომლითაც: „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან“.
მოსარჩელე კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს, რათა დანიშნოდა და მიეღო კუთვნილი პენსია 2002 წლის 1 იანვრიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელელ მოითხოვს, „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის არაკონსტიტუციურად ცნობას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე-2 კოლეგიამ, საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე განხილვის შედეგად, კონსტიტუციური სარჩელის და მასზე თანდართული დოკუმენტების, ასევე სათანადო გარემოებების გაანალიზების, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის განმარტებათა საფუძველზე გამოარკვია, შემდეგი გარემოებანი:
1. 1997 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“. საქართველოს სახელმწიფომ გამოიჩინა კეთილი ნება და სამართლიანობის აღდგენის მიზნით, თავის თავზე აიღო ამ პირთა რეაბილიტაცია. აღნიშნული კანონით განისაზღვრა, როგორც პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების წესი, ასევე დადგინდა მათი სოციალური დაცვის გარანტიები. ეს სოხიალური გარანტიები, ასევე ვრცელდება რეპრესირებულად ცნობილ პირთა ოჯახებზე, მათ შორის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის შრომისუუნარო შვილებზე (ნაშვილებზე) (კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი). აღნიშნული კანონის დასახელებული პუნქტის დასკვნითი დებულებების შესაბამისად უნდა ამოქმედებულიყო 1998 წლის 1 სექტემბერს.
„საქართველოს მოქალაქეთა პოლტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედების ვადა 2002 წლის 1 იანვრით განისაზღვრა.
2. როგორც კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა გამოიწვია სადავო კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტმა, რომელმაც დაადგინა, რომ „განისაზღვროს 2003 წლის განმავლობაში პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა პენსიის ოდენობა ომის ინვალიდებისათვის დადგენილი პენსიის დონეზე – 45 ლარით, ხოლო 2002 წლის პირველ აპრილამდე რეგისტრირებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირთა შრომისუუნარო შვილებისათვის (ნაშვილებისათვის) იმავე ოდენობით – 2003 წლის 1 ივლისიდან“.
მოსარჩელის აზრით, ის განსხვავებული ვადა, რომელიც „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტმა დაადგინა, და რამაც მისთვის დაწესებული ფულადი დახმარების მიღება გადაავადა არაკონსტიტუციურია და მიიჩნევს, რომ სადავო აქტმა შელახა მისი კონსტიტუციით აღიარებული საკუთრების უფლება.
სასამართლოს კოლეგია ვერ გაიზიარებს მოსარჩელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან რეპრესირებული პირებისაგან განსხვავებით მათი შრომისუუნარო შვილებისათვის (ნაშვილებისათვის) პენსიის ოდენობის, მისი დანიშვნის ვადის დადგენა ან გადავადება ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს, სახელმწიფოს უფლებას წარმოადგენს და საკონსტიტუციო სასამართლო ვერ განიხილავს მისი კონსტიტუციურობის საკითხს.
მოსარჩელემ ვერც განმწესრიგებელ სხდომაზე დაასაბუთა და ვერ იქნა მოყვანილი ის მტკიცებულებები, რომლითაც სადავო აქტმა დაარღვია ან შესაძლებელია დაარღვიოს, მისი კონსტიტუციური უფლება.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელელმ ვერ შეძლო სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საფუძვლიანობის დასაბუთება.
3. რაც შეეხება სარჩელში დასმულ უკანონოდ დაზარალების საკითხს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, აღნიშნული პუნქტის თანახმად „ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან“.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის დებულება საერთო სასამართლოების განსჯად საქმეებს მიეკუთვნება და ზემოაღნიშნული უფლება კონსტიტუციით ყველასათვის გარანტირებულია. ხოლო სადავო აქტის კოსტიტუციურობაზე მსჯელობა კონსტიტუციის 21-ე მუხლთან მიმართებით საფუძველს მოკლებულია.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ 2002 წლის 1 იანვრამდე გადავადებული კანონი ხელახლა არ გადავადებულა დადგენილი წესით და მაშასადამე, ფაქტობრივად ამოქმედდა, რაც აღნიშნული თარიღიდან გადახდის მოთხოვნის საფუძველია. ზემოაღნიშნული სცილდება საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას და საერთო სასამართლოების განსჯადია.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ა) პუნქტის თანახმად: „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ:
ფორმით ან შინაარსით არ შეესაბამება ამ კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს“.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ შეიძლება მიღებულ იქნეს, რადგანაც არ აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
იხელმძღვანელა რა, საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, და 21-ე მუხლის მე-2, პუნქტით, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5 და მე-8 პუნქტებით, „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითადა 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელის, გურამ სოსელიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე)
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა