თბილისის სააპელაციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
ნომერი | N1861 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, |
ავტორ(ებ)ი | თბილისის სააპელაციო სასამართლო |
თარიღი | 1 მაისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უპირობოდ კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას ქალისთვის, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი. | საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტი - ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, სქესის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა ნიშნის მიხედვით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტი;
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მესამე პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) წარდგინება შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ;
გ) სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, შესაძლოა, მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან, კანონის, შესაბამისობის საკითხზე;
დ) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით;
ვ) არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა;
ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე მარია დე პალენის და გიორგი წიკლაურის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მარია დე პალენს წარედგინა ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, სამი ეპიზოდი) და ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისთვის და დამცირებისთვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენით, მარია დე პალენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ამავე განაჩენით, გიორგი წიკლაური დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით, რაც, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გოჩა ცინცაძემ. აპელანტი ითხოვს მარია დე პალენის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების მიხედვით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და 1261 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე ითხოვს გიორგი წიკლაურისთვის მკაცრი სასჯელის გამოყენებას.
დაცვის მხარეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 29 მაისის განაჩენი არ გაუსაჩივრებია.
მარია დე პალენს ჰყავს 7 წლამდე ასაკის ორი შვილი.
სამართლებრივი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის ზოგად საწყისებს განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261 მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის 111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამასწორებელი სამუშაო ინიშნება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით და მოხდილი უნდა იქნეს მსჯავრდებულის სამუშაო ადგილზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. კანონმდებელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების შემთხვევას ასევე უკავშირებს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) აღიარებას (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეების დასახელებას და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული აკრძალვის იმპერატიული ხასიათი, კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა: „სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, აგრეთვე გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პენსიაზე უფლების წარმოშობის საფუძველია საპენსიო ასაკის – 65 წლის მიღწევა. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ა. უ–სი (დაბ.: .... წელს) არის საპენსიო ასაკის პირი. შესაბამისად, არ არსებობს ა. უ–სის მიმართ სასჯელის სახით არც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების კანონისმიერი საფუძველი. [...] საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, ვინაიდან, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერი ცალსახად და უპირობოდ გამორიცხავს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას მათ შორის საპენსიო ასაკის პირისათვის. შესაბამისად, დაუშვებელია ა. უ–სის, როგორც საპენსიო ასაკის პირის, მიმართ სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება. [...] მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მკაფიოდაა განსაზღვრული სასჯელის სახეები: ჯარიმა (რომელიც არ გამოიყენება ოჯახური დანაშაულის საქმეებზე), საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა (რომელიც არ შეიძლება დაენიშნოს მათ შორის საპენსიო ასაკის პირს) და თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ა. უ–სის მიმართ სასჯელის სახედ დაუშვებელია ჯარიმის და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენება, ხოლო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს სასჯელის ის სახე, რომელიც საქართველოს სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის ნაწილის სანქციით არ არის გათვალისწინებული, ა. უ–სის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 ივლისის განაჩენი N201აპ-24 საქმეზე).
განსახილველ შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო დააკმაყოფილებს მცხეთის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ შემოტანილ სააპელაციო საჩივარს და მივა მარია დე პალენის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გადაწყვეტილებამდე, მას უალტერნატივოდ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის მოხდით (თუ არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას) მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილები.
სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით კონსტიტუციურობის შეფასებისთვის, უნდა დადგინდეს, არიან თუ არა არსებითად თანასწორები: ბრალდებული/მსჯავრდებული ქალები, რომლებსაც ჰყავთ 7 წლამდე ასაკის შვილები და ბრალდებული/მსჯავრდებული ქალები შვილების გარეშე ან 7 წელზე მეტი ასაკის შვილებით, ან/და კაცები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, არაერთ საქმეში, მათ შორის საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ (2014 წლის 13 ნოემბერი, საქმე N1/4/557,571,576) განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის ძირითადი არსი და მიზანი არის „ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს სახელმწიფო მოეპყროს ერთნაირად, არ დაუშვას არსებითად თანასწორის განხილვა უთანასწოროდ და პირიქით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება №2/1-392 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე შოთა ბერიძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 2; საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/477 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 68).
იმავდროულად, ნებისმიერი განსხვავებული მოპყრობა, თავისთავად, დისკრიმინაციას არ ნიშნავს. ცალკეულ შემთხვევაში, საკმარისად მსგავს სამართლებრივ ურთიერთობებშიც კი, შესაძლოა, დიფერენცირებული მოპყრობა საჭირო და გარდაუვალიც იყოს. ეს ხშირად აუცდენელია. შესაბამისად, დიფერენცირება საზოგადოებრივი ურთიერთობების სხვადასხვა სფეროსთვის უცხო არ არის, „თუმცა თითოეული მათგანი არ უნდა იყოს დაუსაბუთებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 8).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დიფერენცირებული მოპყრობის დისკრიმინაციულობის შეფასებას, დადგენას საფუძვლად დაუდო შემდეგი ძირითადი მიდგომა: `დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N1/1/493 საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II, 3; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/539 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბესიკ ადამია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 7).
საქმეში „ბადრი ბეჟანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2019 წლის 20 სექტემბერი, N2/4/1365 საქმე), საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებული აქვს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, „თანასწორობის უფლების შეზღუდვას ადგილი ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშკარაა არსებითად თანასწორი პირების მიმართ უთანასწორო მოპყრობა (ან არსებითად უთანასწორო პირების მიმართ თანასწორი მოპყრობა)“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-10). ამგვარად, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული თანასწორობის უფლების შეზღუდვის იდენტიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა სადავო ნორმა არსებითად თანასწორი პირების დიფერენცირებას. ამისათვის, პირველ რიგში, უნდა გამოიკვეთოს შესადარებელი პირები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი წარმოადგენს პოზიტიურ ნორმას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული კატეგორიის პირთათვის დაწესებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის აკრძალვა. კანონმდებლის აღნიშნული ნება მიმართულია იმისაკენ, რომ მსჯავრდებულებმა, გარკვეული სახის ფიზიკური შესაძლებლობის არარსებობის, მდგომარეობისა თუ დროის ნაკლებობის გამო, არ შეასრულონ უსასყიდლო სამუშაო. ამავდროულად, აღნიშნული ნორმა, სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული კატეგორიის მუხლებისთვის, წარმოადგენს არა პოზიტიური, არამედ ნეგატიური ზემოქმედების გავლენის მქონე ნორმას. მაგალითისათვის, თუ სასამართლოს შეუძლია სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის განსაზღვრა სხვა მსჯავრდებულისთვის (თუნდაც კაცისთვის, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, ქალისთვის, რომელსაც არ ჰყავს შვილი ან ჰყავს 7 წელზე მეტი ასაკის შვილი), იმ შემთხვევაშიც, თუ ის არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობა არ აქვს იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი. აღნიშნულმა ნორმამ, შესაძლოა, არ შექმნას სასამართლო პრაქტიკაში პრობლემები სხვა სასჯელის (მაგალითად, ჯარიმის) გამოყენების შესაძლებლობის არსებობისას, თუმცა, ოჯახური დანაშაულის საქმეებში, ძირითადად 2 ძირითადი სასჯელის არსებობის პირობებში, რომელთაგან ერთი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომაა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული პირებისთვის უალტერნატივოდ გამოიწვევს პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელის განსაზღვრას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) ტერიტორიული ორგანო − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო).
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახის განსაზღვრა ნიშნავს ინდივიდუალური გარემოებების, მათ შორის, ასაკის, ფიზიკური შესაძლებლობის და თავისუფალი დროის შეფასებას. მიუხედავად აღნიშნულისა, კანონი, ყოველგვარი ინდივიდუალური შეფასების გარეშე, კრძალავს სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესაძლობლობას პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისთვის, ორსულ ქალისთვის, ქალისთვის, რომელსაც ჰყავს შვიდ წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირისთვის, აგრეთვე გაწვეული სამხედრო მოსამსახურისთვის. კანონის მიხედვით, ასევე შეუძლებელია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა და მისი მოხდისაგან გათავისუფლება, ან გადავადება. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჩანაწერი არსებითად უთანასწორო პირობებში ამყოფებს არსებითად თანასწორ პირებს - ბრალდებულებს. ქალისთვის, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, შეუძლებელია ინდივიდუალური გარემოებების შეფასება სასჯელის დანიშვნის დროს, ვინაიდან, ტერმინით „არ დაენიშნება“, სასჯელის უალტერნატივო სახეს წარმოადგენს თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. სიტყვებით „არ დაენიშნება“ ბევრად მეტი დანაკლისი ექნებათ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რადგან მათი დედები შესაბამის დროს პენიტენციურ დაწესებულებაში გაატარებენ უალტერნატივოდ, რითაც ნამდვილად არ იქნება დაცული მათი საუკეთესო ინტერესები, თუკი კანონმდებელს ასეთი მიზანი ჰქონდა.ნორმა, რომელიც იმ მიზნით იქნა შემოღებული, რომ დაიცვას 7 წლამდე ასაკის ბავშვების და მათი დედების ინტერესები, მოცემულ შემთხვევაში, მათ საუარესოდ მოქმედებს და არ ემსახურება კანონის თავდაპირველ მიზანს.
დასკვნა:
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სრულად და უპირობოდ კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენების შესაძლებლობას ქალისთვის, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე ასაკის შვილი, შესაძლოა მიჩნეულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან შეუსაბამოდ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა