სასამართლოს მეგობრის მოსაზრება: ავტორი - სს ,,თიბისი ბანკი“
დოკუმენტის ტიპი | amicus curiae |
ნომერი | ac1833 |
ავტორ(ებ)ი | სს "თბს ბანკი" |
თარიღი | 29 მაისი 2025 |
თქვენ არ ეცნობით სასამართლოს მეგობრის სააპლიკაციო ფორმის სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. საქმე/საქმეები რომლებთან დაკავშირებითაც სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრებაა შემოტანილი
ა. ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, კონსტიტუციური სარჩელი №1833
2. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება
1. შესავალი
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო №1833 კონსტიტუციური სარჩელი - „ალექსანდრე კოხია და კახაბერ გოგოძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასარჩელო მოთხოვნა შეეხება ეროვნული ბანკის რეგულაციადაქვემდებარებული სუბიექტებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საგამონაკლისო შესაძლებლობების გაუქმებას სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან მიმართებით იმ დასაბუთებით, რომ აღნიშნული უთანასწორო პირობებში აქცევს ამ უკანასკნელ სუბიექტებს. სარჩელი, ერთი მხრივ, თავისი შინაარსით სრულად უგულებელყოფს არამხოლოდ საბანკო სექტორის, არამედ საბანკო კრედიტით სარგებლობით დაინტერესებულ პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ამავედროს ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსგავსი კატეგორიის საქმეზე არსებულს საკმაოდ ვრცელ და დასაბუთებულ მსჯელობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, სს „თიბისი ბანკი“ მიიჩნევს რა, რომ არ არსებობს განსახილველი საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, უფრო მეტიც, მისი დაკმაყოფილების პირობებში საფრთხე შეექმნება არამხოლოდ საფინანსო სექტორის, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას, წერილობით წარმოგიდგენთ პოზიციას მითითებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.
2. დავის საგანი
საკონსტიტუციო სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორობა
თანასწორობის უფლება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, მიზნად ისახავს არა პირთა აბსოლუტური თანაბრობის მიღწევას, არამედ მისი მიზანია არსებითად თანასწორი პირებისადმი თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფა. არსებითად თანასწორობა კი, თავის მხრივ, განისაზღვრება არა აბსტრაქტულად, არამედ კონკრეტული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყოველგვარი დიფერენცირება ავტომატურად არ ნიშნავს დისკრიმინაციას. საკითხის დისკრიმინაციულად აღსაქმელად სახეზე უნდა გვქონდეს არსებითად თანასწორი პირების მიმართ არათანასწორი მოპყრობა ან პირიქით.
„დისკრიმინაციულ მოპყრობაზე მსჯელობა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირები კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით შეიძლება განხილულ იქნენ როგორც არსებითად თანასწორი სუბიექტები. ამასთან, თუ პირთა დიფერენცირებას საფუძვლად უდევს მათი განსხვავებული ფაქტობრივი ანდა სამართლებრივი მდგომარეობა, სახეზე არ იქნება კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით შესაფასებელი მოცემულობა.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ II - 19).
მოცემული დავის ფარგლებში, სასამართლომ უნდა შეაფასოს, სადავო ნორმა ადგენს თუ არა არსებითად თანასწორ პირთა მიმართ დიფერენცირებულ რეგულირებას, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა შემოწმდეს, არის თუ არა დიფერენცირებული მოპყრობა დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელი.
ნორმის შეზღუდვის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, სადავო ნორმის დისკრიმინაციულობა უნდა შეფასდეს „რაციონალური დიფერენცირების ტესტით“, რომლის ფარგლებშიც - ა) საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება; ბ) რეალური და რაციონალური კავშირის არსებობა დიფერენციაციის ობიექტურ მიზეზსა და მისი მოქმედების შედეგს შორის (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II - 6).
შესაბამისად, ზემოაღნიშნული მდგენელი განსაზღვრავს, რომ ყოველგვარი დიფერენციაცია არ ნიშნავს დისკრიმინაციას და საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის დარღვევას. კერძოდ, თუკი დიფერენციაცია არის გასამართლებლად საკმარისი, რაციონალური და თავისი პროპორციული ზომით ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს, ის ვერ ჩაითვლება დისკრიმინაციულად. საკმარისია დიფერენცირებული მოპყრობის რაციონალურობის დასაბუთებულობა, მათ შორის, როდესაც აშკარაა დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა, გარდუვალობა ან საჭიროება („რაციონალური ტესტი“).
3.1. არსებითად თანასწორობა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში
წინამდებარე საქმეშიც მნიშვნელოვანია შესადარებელი ჯგუფების არსებითად თანასწორობის დადგენა. აღნიშნული ჯგუფები, გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს. კერძოდ, ერთი მხრივ სახეზეა ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები, რომლებიც გასცემენ სესხს/კრედიტს ფიზიკურ პირზე, ხოლო, მეორე მხრივ, ის ყველა სხვა პირი, რომელიც გასცემს სესხს ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) და რომლებიც არ ექვემდებარებიან რეგულატორის ზედამხედველობას.
3.2 ეროვნული ბანკის ზედამხედველობა
აღსანიშნავია, რომ სს „თიბისი ბანკი“ არის ეროვნულ ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი კომერციული დაწესებულება, რომელიც ექვემდებარე რეგულირებას და სრულად ემორჩილება ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილ დაკრედიტების პოლიტიკას. მაგალითად, სესხის გამცემი ორგანიზაცია ფიზიკური პირების დაკრედიტებისას მინიმუმ საქართველოს,, ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულებას“ უნდა იცავდეს(2020 წლის 13 მარტის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება N44/04), რაც რიგ ვალდებულებებს და პროცედურულ ჩარჩოებს მოიცავს, რომელიც არ ვრცელდება იმ შესადარებელ პირებზე, რომელებიც გასცემენ სესხს ფიზიკურ პირზე ეროვნული ბანკის დაქვემდებარების ფარგლებს გარეთ. დამატებით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებულ კრედიტორებზე ზედამხედველობის უფლებამოსილებას. აღნიშნული რეგულირება სწორედ ამ ტიპის კრედიტორთა საქმიანობიდან მომდინარე რისკების აღმოფხვრას ემსახურება.
კომერციული ბანკი ქვეყანაში საფინანსო სისტემის სტაბილურობის, მდგრადად ფუნქციონირებასა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ფარგლებში არაერთი რეგულაციის ჩარჩოში ექცევა. აღნიშნული რეგულაციები მოიცავენ არაერთ დეტალს, რომელიც ემსახურება როგორც ფინანსური სისტემის სტაბილურობას, ასევე იცავს ფიზიკური და იურიდიული პირების, ასევე სახელმწიფოს ინტერესებს.
აღნიშნულის მიზნით მკაცრად განსაზღვრულია სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალური მაჩვენებელი, რაც არეგულირებს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების თანაფარდობას ამავე სესხების უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან. ასევე, ეროვნული ბანკის რეგულაციები ავალდებულებენ სესხის გამცემ სუბიექტებს მაქსიმალური გულისყურით განახორციელონ მსესხებლის გადახდისუნარიანობის ანალიზი. ,,ფიზიკური პირების დაკრედიტების დებულების“ თანახმად, მსესხებლის გადახდისუნარობის შესწავლის გარეშე გაცემულ საბანკო კრედიტებზე კანონსაწინააღმდეგოა გათვალისწინებულ იქნას უზრუნველყოფის საგნის გარდა სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის შესაძლებლობა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალების მიმართ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებით. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აღნიშნული შეზღუდვა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ უზრუნველყოფის საგნის გარდა სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესაძლებლობის ფარგლებში საფინანსო დაწესებულებებს ცალსახად არ უჭირავთ რაიმე ტიპის უპირატესი მდგომარეობა სხვებთან მიმართებით, ვინაიდან აღნიშნული შესაძლებლობის უკან დგას რეგულაციების მთელი ჯაჭვი, რომელთა დაცვაც არამხოლოდ მსესხებლის, არამედ რეგულატორთან მიმართებითაც მკაცრად გასათვალისწინებელია განსხვავებით ჩეულებრივი ფიზიკური პირისგან, რომელიც მხოლოდ საკუთარი დელეგირების ფარგლებში, მხოლოდ სამოქალაქო კანონმდებლობაზე დაყრდნობით და მხოლოდ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის დაცვით გაასესხებენ კუთვნილ თანხებს.
ყურადსაღებია ასევე ის გარემოება, რომ კომერციული ბანკის მიერ არ ხდება მხოლოდ ფიზიკური პირების დაკრედიტება. ასევე ხდება იურიდიული პირების, მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტებაც, რომლის უზრუნველყოფის საშულებად ხშირად გამოიყენება დამფუძნებელი პირების და მათი ოჯახის წევრების ქონება უზრუნველყოფის სახით. სადაც სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) დაცვა საერთოდ არ არის გათვალისიწინებული. სესხი უძრავი ქონებით შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ იყოს უზრუნველყოფილი ხოლო დანარჩენი ნაწილის მიმართ კრედიტორს გააჩნდეს არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა. როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირების დაფინანსებისას მთავარი კრიტერიუმია ის, რომ კომერციული ბანკის მიერ სესხის გაცემის ძირითადი წინაპირობა არის მსესხებლის შემოსავლების შესწავლა და არა უზრუნველყოფის ღირებულება. შესაბამისად კრედიტის დაბრუნების უზრუნველყოფის განსაზღვრის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რისკები შეფასებულ იქნას მსესხებლისა და თავდები პირების შემოსავლების გათვალისწინებით და გადამწყვეტი არ იყოს უძრავი ქონების ღირებულება, ვინაიდან დაკრედიტების მთავარი მიზანი არის გაცემული სესხის სარგებლით დაბრუნება ფინანსური დაწესებულებისთვის და არა აპრიორი მისი გადეფოლტების შემთხვევაში უზრუნველყოფის საგნის რეალიზაცია. ასე რომ არ იყოს ვერ განვითარდება საბაზრო ეკომონიკა და ვერ დაფინანსდება ვერცერთი სტარტ.აპი, ვერ გაიზრდება ეკომონიკური ბრუნვა, რაც დამაზიანებელია იქნება საერთო ჯამში არამხოლოდ ფინანსური სექტორისთვის, არამედ ზოგადად, მთელი ეკონომიკისთვის.
3.3 საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა და ევროდირექტივა
დამატებით აღსანიშნავია საქართველო საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბერის გადაწყვეტილება საქმეზე „ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/4/1380), სადაც სასამართლო ფაქტობრივად ხაზს უსვამს, რომ პირები, რომლებიც არიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული და სამართალსუბიექტები, რომლებიც არ ექვემდებიან
რეგულირებას ცალსახად ვერ იქნებიან არსებითად თანასწორები. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ:
„ასევე აღსანიშნავია, რომ არათუ ანალოგიური, არამედ უფრო მაღალი საბაზრო ძალაუფლება შესაძლოა, გააჩნდეთ იმ კრედიტორებს, მათ შორის, კომერციულ ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ ფიზიკურ პირზე სესხის გაცემის უფლებამოსილება. მიუხედავად ამისა, კანონმდებლობით, მათგან მომდინარე რისკები ბალანსდება მათზე საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში სათანადო ბერკეტების, მათ შორის, ფულადი ჯარიმის, ლიცენზიის ჩამორთმევის ამოქმედებას. ამავე დროს, მათი ორგანიზებული ხასიათი, ადამიანური, მატერიალური თუ სხვაგვარი რესურსის სიმრავლე არის იმის გარანტია, რომ, ერთი მხრივ, სათანადოდ მოხდება პირის გადახდისუნარიანობის შესწავლა და სესხის გაცემასთან დაკავშირებული კომპლექსური საკითხების სათანადო ანალიზი, ხოლო, მეორე მხრივ, დაინტერესებული პირისთვის სესხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის სრულყოფილად და კეთილსინდისიერად მიწოდება. სათანადო ზედამხედველობის არარსებობის პირობებში შესაძლებელია, აუცილებელი გახდეს დამატებითი ძალისხმევის გაწევა იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული ზემოხსენებული მოთხოვნები”.
სწორედ იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირები არ არიან არსებითან თანასწორი სხვა მსესხებლებთან შედარებით, ზემოაღნიშნული სარჩელის ფარგლებში იმსჯელა საკონსტიტუციო სასამართლომ და უსაფუძვლოდ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიჩნევის საკითხი.
დამატებით, საკონსტიტუციო სასამართლო ამავე საქმეში ხაზს უსვამს ეროვნული ბანკის როლსა და მის მნიშვნელობას, კერძოდ, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ შესაძლებელი იყოს იმგვარი რეგულირების დადგენა, რომლის ფარგლებშიც, სესხის გამცემ ნებისმიერ ფიზიკურ პირზე გავრცელდება ეროვნული ბანკის ზედამხედველობა, მოხდება რეგისტრაციის ვალდებულების დაკისრება და სხვ. მიუხედავად ამისა, ისეთ სფეროებში, რომლებიც ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების ან კრიტიკული ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად გარკვეული ღონისძიებების გატარებას, იმის განსაზღვრა, თუ რა საზოგადოებრივი საჭიროებების წინაშე დგას სახელმწიფო და რა ხარისხით ინტერვენცია არის შესაბამისად აუცილებელი, წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლების დისკრეციას. ამდენად, საფინანსო სისტემის სტაბილურობის მისაღწევად, ამა თუ იმ რეგულირების დადგენასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს დისკრეციის ფარგლები ფართოა და კანონმდებელი უფლებამოსილია, აირჩიოს სადავო ურთიერთობის მოწესრიგების სხვადასხვა მოდელი”.
შესაბამისად, შუალედური დასკვნის სახით რომ ჩამოვაყალიბოთ, წინამდებარე დავის ფარგლებში, შესადარებელი პირები არ არიან და არც შეიძლება იყვნენ არსებითად თანასწორნი. ერთის მხრის, სახეზეა საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული გამსესხებელი/კრედიტის გამცემი, ხოლო მეორე მხრივ ის გამსესხებლები, რომლებიც არ არიან ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფნი. ის პირები, რომლებიც დაკრედიტებისას ექვემდებარებიან მკაცრ რეგულირებას და გადიან უამარავ რეგულატორულ ‘ფილტრს’ და ის პირები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი შეზღუდვა სესხის გაცემისას, ვერ ჩაითვლებიან არსებითად თანასწორებად სასესხო ურთიერთობაში.
აქვე აღსანიშნავია DIRECTIVE 2014/17/EU, რომელიც ამავედროს არეგულირებს უზრუნველყოფილი საკრედიტო პროდუქტის საკითხებს. დირექტივის 28(4) პუნქტის მიხედვით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა არ უნდა შეუზღუდონ სესხის ხელშეკრულების მხარეებს შეთანხმდნენ იმაზე, რომ უზრუნველყოფის საგნის გასხვისებით კრედიტორი დაკმაყოფილდება (Member States shall not prevent the parties to a credit agreement
from expressly agreeing that return or transfer to the creditor of the security or proceeds from the sale of the security is sufficient to repay the credit“) როგორც ვხედავთ, დირექტივის ამ მუხლის უკუ-ლოგიკიდან გამომდინარეობს, რომ ზოგადი მოწესრიგების მიხედვით, კრედიტორს შეუძლია უზრუნველყოფილი სესხის არსებობის პირობებში სარეალიზაციოდ მოაქციოს ჩვეულებრივ, მსესხებლის სხვა ქონება, ხოლო საწინააღმდეგო შეთანხმება არის საგამონაკლისო ამ ზოგადი წესისგან. წინამდებარე მუხლი სწორედ ამ საკითხს შეეხება და უკრძალავს სახელმწიფოს დაადგინოს ისეთი მოწესრიგება, რომელიც მხარეებს ხელს შეუშლის შეთანხმდნენ იმაზე, რომ მხოლოდ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით დაკმაყოფილდებიან.
აღნიშნული დირექტივა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უზრუნველყოფის საგნის გარდა მოვალის სხვა ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესაძლებლობა მხოლოდ ქართული სამოქალაქო კოდექსისეული ჩანაწერი არ არის და აღნიშნული მოდელი დადეკლარირებულია, მათ შორის, ევროდირექტივებშიც.
4.რაციონალური დიფერენცირება
4.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის ჭრილში
როგორც მოგახსენეთ, იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული სუბიექტები, ვერ დაწესდება იგივე შინაარსის თავისუფლების ფარგლები, როგორიც არის რეგულირებადი სესხის გამცემი სუბიექტებისადმი იმ მიზეზების გამო, რაც ზემოთ უკვე აღინიშნა. რეგულაციებს, თავის მხრივ, მინიმუმამდე დაჰყავს უფლებების ბოროტად/არაკეთილსინდისიერად გამოყენების რისკები. სადავო ნორმასთან მიმართებით, სწორედ, მკაცრად კონტროლირებადი საქმიანობის სფეროს გათვალისწინებით ჩათვალა კანონმდებელმა რაციონალურად ამგვარი განსხვავების დაწესება და ნორმის შინაარსით სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცათ შესაძლებლობა მხარეთა შეთანხმების არსებობის პირობებში არ შემოიფარგლონ მხოლოდ იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციით თუკი ისინი არ არის საკმარისი ვალდებულების დასაფარად. შესაბამისად, შესადარებელ ჯგუფებს შორის არსებობს არსებითი განსხვავება. ასევე, ფინანსური სექტორის სტაბილურობისთვისა და ეფექტურობისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებობდეს იმ ტიპის შესაძლებლობა, რასაც სადავო ნორმა აწესებს.
ბანკისთვის, როგორც ფინანსური ინსტიტუტისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს შესაძლებლობა გირავნობის/იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემდეგ, თუკი რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით ან გირავნობითა და იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, სარეალიზაციოდ მოაქციოს მსესხებლის დანარჩენი (არაუზრუნველყოფილი) ქონება. დაკრედიტების პროცესში და უძრავი/მოძრავი ქონების უზრუნველყოფის საგნად გამოყენებისას, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი, რომ წლების შემდგომ სხვადასხვა მიზეზით მოხდება უზრუნველყოფილი ქონების ფასის შემცირება ან/და განადგურება ან დაზიანება. მსგავს შემთხვევაში უზრუნველყოფილი ქონება შესაძლებელია არ აღმოჩნდეს საკმარისი მოემსახუროს მთლიანი ვალდებულების შესრულებას, ამ დროს ერთადერთი გზა რჩება მსესხებლის სხვა ქონებიდან დაკმაყოფილების ბერკეტის ამოქმედება. ამ შესაძლებლობის გარეშე საბანკო და საფინანსო დაწესებულებები გაცილებით მკაცრ მიდგომებს დააწესებენ თავიანთი რისკების დასაზღვევად, მათ შორის, შეეცდებიან რაც შეიძლება მეტად უზრუნველყოფილი გახადონ გაცემული საკრედიტო პროდუქტი, ამ შემთხვევაში კი შეილახება არამხოლოდ ერთი კონკრეტული ფინანსური დაწესებულების ინტერესები, არამედ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოვა თავად დაკრედიტების მსურველთა მიზნებთანაც, რაც ფართოდ თუ შევხედავთ ქვეყნის ეკონომიკაზე იქონიებს უარყოფით გავლენას.
ა. საბანკო სექტორის რისკები
როგორც აღვნიშნეთ, მსგავსი შესაძლებლობის წართმევა ბანკისთვის საკმაოდ სერიოზულ და მნიშვნელოვან პრობლემებს შექმნის დაკრედიტების შემთხვევაში რისკების შეფასების კუთხით და არსებითად გაართულებს დაკრედიტების პროცესს. მსგავსი შეზღუდვა საკმაოდ დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს ფინანსურს ინტიტუტს და რა თქმა უნდა, შეარყევს ფინანსური სისტემის სტაბილურობას.
-ბანკი იძულებული გახდება უფრო მკაცრი მიდგომები გამოიყენოს სესხის გაცემისას, რაც უფრო გაართულებს კრედიტის გაცემის შესაძლებლობას. მაგალითად, შესაძლებელია გაიზარდოს უზრუნველყოფის საგნის კოეფიციენტი სესხთან მიმართებაში ან თუნდაც, გამოიწვიოს კრედიტის საპროცენტო განაკვეთის გაძვირება.
-სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევა აუცილებლად გამოიწვევს მომხმარებელთა გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრი შეფასების სისტემების დანერგვას, რაც მკვეთრად გაართულებს და ამავედროს გააძვირებს სესხის გაცემის პროცესს.
- ხაზგასასმელია, რომ შეზღუდვამ შეიძლება განსაკუთრებით იმოქმედოს ნებისმიერი ზომის ბიზნესებზე, რომლებიც ხშირად დამოკიდებულნი არიან საბანკო კრედიტზე და მათი საბრუნავი საშუალებების, ისევე როგორც ძირითადი საშუალებების უმეტესობა კრედიტით ფინანსდება. ბიზნესი რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის უზრუნველყოფას ვერ მოხდება მისი დაფინანასება, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევეს იმას, რომ ვერ განვითარდება მეწარმეობა, ვაჭრობა და დაზარალდება საბაზრო ეკონომიკა. ვინაიდან თუ ბანკებს აღარ ექნებათ წვდომა მსესხებლის სხვა აქტივებზე, შეამცირებენ სესხების გაცემას.
-ამას დაემატება ის ფაქტი, რომ ბანკები უზრუნველყოფის საგნის პირველადი მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შესაძლოა გადავიდნენ უფრო მოკლევადიანი სესხების გაცემაზე, რაც გაზრდის ყოველთვიურ გადასახადებს და გაართულებს მომხმარებლებისთვის კრედიტით სარგებლობას.
-ასევე აღსანიშნავია, რომ მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი პორტფელის რესტრუქტურიზაცია, რაც ნიშნავს, რომ ბანკები იძულებული იქნებიან შეცვალონ თავიანთი პორტფელის შემადგენლობა, გადავიდნენ დაბალრისკიან აქტივებზე ან მეტად მოითხოვონ დამატებითი უზრუნველყოფა, რაც გაართულებს დაკრედიტებას.
- ბანკები გახდებიან უფრო მგრძნობიარენი ეკონომიკური ციკლების მიმართ, რადგან ეკონომიკური დაღმასვლის პერიოდში ქონების ფასების ვარდნა პირდაპირ გამოიწვევს დეფოლტების ზრდას. შედეგად, მარეგულირებელმა ორგანოებმა შეიძლება მოითხოვონ უფრო მაღალი რეზერვები არა-რეკურსული სესხებისთვის, რაც დამატებით შეამცირებს ბანკების გასესხებად კაპიტალს.
- დამატებით, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, შინაარს და ფუნქციას კარგავს ისეთი უზრუნველყოფის მექანიზმი როგორიცაა ‘თავდებობა’. სააღსრულებო წარმოების პრაქტიკის გათვალისწინებით, ფაქტობრივად აზრს დაკარგავს კრედიტის თავდებობით უზრუნველყოფა, როდესაც მას გააჩნია ისეთი უზრუნველყოფის საგნები, როგორიცაა იპოთეკა ან/და გირავნობა. ფაქტობრივად, ბანკი ვალდებული იქნება დაკმაყოფილდეს იპოთეკის/გირავნობის საგნის რეალიზაციით და მოკლებული იქნება შესაძლებლობას აღსრულება მიაქციოს, მათ შორის, თავდების ქონებაზე.
- რისკების შეფასებისას არ უნდა გამოგვრჩეს თავად სახელმწიფოს თანადაფინანსებითა და სახელმწიფო საგარანტიო რესურსით დაფინანსებული პროექტები. ამ კატეგორიის საკრედიტო პროდუქტების გადეფოლტების შემთხვევაში, კომერციულ სექტორს თავად სახელმწიფო უნაზღაურებს სესხად გაცემულ თანხას სამომავლოდ დავის სავალდებულოდ გაგრძელებისა და ამოღებული თანხის სახელმწიფოსთვისვე დაბრუნების პირობით. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, გამოდის ამით დაზარალდება სახელმწიფო ინტერესებიც, ვინაიდან ბანკები ვეღარ განახორციელებენ სრულყოფილ სააღსრულებო პროცესს და სახელმწიფო ვერ შეძლებს საგარანტიო სქემის ფარგლებში მის მიერ გადაფარული საკრედიტო თანხის სრულად უკან დაბრუნებას. ამ ტიპის სესხების დანიშნულება არის მეწარმეობის განვითარება. სადაც უზრუნველყოფის საგანის ღირებულება ბევრად ნაკლებია გაცემული კრედიტის ოდენობაზე, მაგრამ მსესხებელი და თავდები პირები გარდა უზრუნველყოფის საგნისა სრულად არიან პასუხისმგებელი აღებული საკრედიტო რესურსის დაბრუნებაზე, მათ შორის, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილშიც;
- ზოგადად, დაკრედიტების პოლიტიკის გათვალისწინებით, საკრედიტო პროდუქტი გაიცემა არამხოლოდ უზრუნველყოფის საგნის შეფასების, არამედ მსესხებლის შემოსავლების შესწავლის შედეგად, ნორმის არაკონსტიტუციურად მიჩნევის პირობებში, პრაქტიკულად აზრს დაკარგავს მსესხებლის შემოსავლის შესწავლის ნაწილი და საფინანსო სექტორი მხოლოდ იმ შემთხვევაში დააკრედიტებს უზრუნველყოფილ სესხს, როდესაც მსესხებელი შეძლებს წარმოადგინოს საკმარისი ღირებულების უზრუნველყოფა. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, შეფერხდება სესხის გაცემის პროცესი და შემცირდება დაკრედიტების მაჩვენებელი;
4.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-4 ნაწილის ჭრილში
ა. საბანკო სექტორის როლი
ბანკებს გააჩნიათ განსაკუთრებული როლი ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და განვითარებისთვის. ისინი წარმოადგენენ მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის მთავარ არხს, უზრუნველყოფენ გადახდების სისტემის ფუნქციონირებას და ახორციელებენ ეკონომიკისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სადეპოზიტო-საკრედიტო შუამავლობის ფუნქციას. საპროცენტო განაკვეთების ხელოვნური შეზღუდვა შეაფერხებს ბანკების მიერ ამ ფუნქციების ეფექტიან შესრულებას, რაც ნეგატიურად აისახება მთლიან ეკონომიკაზე.
ბ. რეფინანსირების განაკვეთი და მისი როლი ფინანსურ სექტორში
გვსურს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ საქართველოში არსებული კომერციული ბანკები ექვემდებარებიან ცენტრალური ბანკის რეგულირებას, რომელიც, ყველა სხვა საკითხთან ერთად, აწესრიგებს/გავლენას ახდენს საპროცენტო განაკვეთზე, კერძოდ კი, ადგენს რეფინანსირების განაკვეთს, რომელიც დგინდება ქვეყანაში არსებული სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით. კომერციული ბანკი, არსებული რეგულაციების გათვალისწინებით ვერ გასცემს კრედიტს აღნიშნული რეფინანსირების განაკვეთზე დაბალ პროცენტში. მოგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე შეადგენს 8%, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, მივიღებთ ისეთ მდგომარეობას, რომ პრაქტიკულად დადეკლარირდება რეფინანსირების განაკვეთთან შეუსაბანო პროცენტში სესხის გაცემის ვალდებულება, რაც სრულიად წარმოუდგენელი და არალოგიკურია. რეფინანსირების განაკვეთს აქვს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა ქვეყნის საფინანსო სტაბილურობისთვის და ის ემყარება მაღალ საჯარო ინტერესს. შესაბამისად, ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში მივიღებთ ისეთ საკანონმდებლო სივრცეს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ნორმა, წინააღმდეგობაში მოვა იმ ტიპის რეგულაციებთან, რაც კონკრეტულად საბანკო სექტორისთვის, შესაბამისი კვლევებისა და ეკონომიკური გათვლების შედეგად არის დადგენილი. საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც ქვეყნის მონეტარული პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო, იყენებს საპროცენტო განაკვეთების არხს ინფლაციის კონტროლისა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე ხელოვნური ზღვრის დაწესება მნიშვნელოვნად შეასუსტებს მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის მექანიზმს და შეამცირებს ეროვნული ბანკის შესაძლებლობას ეფექტიანად მართოს ქვეყანაში ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ არ შეიძლება კომერციული ბანკის მიერ დასადგენი საპროცენტო სარგებელი სამოქალაქო კოდექსის რეგულირების სფეროში მოექცეს. აღნიშნულ ნორმასთან მიმართებითაც ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში სახეზე არ გვყავს ორი არსებითად თანასწორი სუბიექტი რომელთა მიმართაც რელევანტური იქნებოდა კონსტიტუციის მე-11 მუხლის გამოყენება.
გ. რისკების კომპლექსური შეფასება
ბანკები, განსხვავებით სხვა გამსესხებლებისგან, იყენებენ კომპლექსურ სისტემებს საკრედიტო რისკის შესაფასებლად და სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დასადგენად. ეს განაკვეთები უნდა ასახავდეს მსესხებლის რისკის პროფილს, სესხის ვადიანობას, ვალუტას, საკრედიტო ბაზრის მდგომარეობას, კაპიტალის ღირებულებას და სხვა ობიექტურ ფაქტორებს. ხისტი საპროცენტო ზღვრების დაწესება ხელს შეუშლის ბანკებს განახორციელონ რისკის სწორი შეფასება და ფასწარმოქმნა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მაღალი რისკის მქონე მსესხებლებისთვის კრედიტის ხელმისაწვდომობის შემცირება. ხელოვნური საპროცენტო ზღვრების დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის რისკების შეფასების მოდიფიცირება, დისფუნქცია და კონკურენციის შემცირება, რადგან ბანკები იძულებულნი იქნებიან გამოიყენონ არასაპროცენტო კრიტერიუმები (მაგ., უფრო მაღალი საკომისიოები, უფრო მკაცრი უზრუნველყოფის მოთხოვნები) კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს.
განვითარებული ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნებში, როგორც წესი, ბანკებზე არ ვრცელდება მკაცრი საპროცენტო შეზღუდვები, რადგან ეს ეწინააღმდეგება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს და აფერხებს ფინანსური სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას. განვითარებულ ქვეყნებში ბანკები რეგულირდებიან არა სესხების ფასით, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამჭვირვალობის, კონკურენციის და სისტემური რისკების კონტროლის მექანიზმებით. ბანკების საპროცენტო განაკვეთებზე ხელოვნური შეზღუდვების დაწესება უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და შეამცირებს საერთაშორისო ინვესტორების მიერ საქართველოს საბანკო სექტორში კაპიტალის შემოდინებას. ეს, თავის მხრივ, გაზრდის საბანკო სექტორის კაპიტალის ღირებულებას და საბოლოოდ ნეგატიურად აისახება მომხმარებლებზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების ან/და შემცირებული საკრედიტო ხელმისაწვდომობის გზით.
5.საბოლოო დასკვნა
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „თიბისი ბანკი“ მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა. უპირველეს ყოვლისა, შესადარებელი ჯგუფები არ არიან არსებითად თანასწორნი, ხოლო, მეორე მხრივ, ცალკე აღებული დიფერენციაცია არის რაციონალური და ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. აღნიშნული ნორმების გაუქმება არსებით ზიანს მიაყენებს, არამხოლოდ საბანკო სექტორს, ასევე თავად სესხით დაინტერესებულ პირებს და მკვეთრად უარყოფით ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებულ ფინანსურ სტაბილურობაზე.