საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/7/1316 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:25 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მაია კოპალეიშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები) კოდების - 45 00, 45 01, 45 02, 45 03, 45 06, 45 08, 45 09, 45 11, 45 12, 45 13 კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 15 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1316) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ეკატერინე აღდგომელაშვილმა, ლინა ღვინიანიძემ, სოფიკო ვერძეულმა, თამთა ნანიშვილმა და თამარ კორძაიამ. №1316 კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2018 წლის 21 მაისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1316 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–15 და მე–16 მუხლები.
3. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს. ამ მუხლის სადავოდ გამხდარი კოდები ითვალისწინებენ ბიუჯეტიდან განსაზღვრული ფულადი სახსრების გამოყოფას საქართველოს საპატრიარქოსთვის, სასულიერო განათლების ხელშეწყობის გრანტისთვის, ა(ა)იპ – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სვიმონ კანანელის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისთვის, ა(ა)იპ – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო სწავლების ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ა(ა)იპ – ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტისათვის გადასაცემი გრანტისთვის, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის სუბსიდირების ღონისძიებებისთვის, ა(ა)იპ – ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის სასწავლო ცენტრისათვის გადასაცემი გრანტისთვის და ა(ა)იპ – ფოთის საგანმანათლებლო და კულტურულ-გამაჯანსაღებელი ცენტრისთვის.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია, მათ შორის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ერთი მოსარჩელე ბაპტისტია, ორი - ათეისტი და აგნოსტიკოსი, დანარჩენი ორი კი - მართლმადიდებელი სეკულარისტი. მოსარჩელეთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათი რწმენის საწინააღმდეგოა იმ ეკლესიის გაძლიერების დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება, რომელთაც ისინი არ მიეკუთვნებიან. მოსარჩელეთა მეორე ნაწილის მოსაზრებით, მათი რწმენა თავისი არსით ეწინააღმდეგება რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის მოძღვრების თუ კონფესიური საგანმანათლებლო საქმიანობის დაფინანსებას. მოსარჩელეთა მესამე ნაწილის მოსაზრებით კი, ბიუჯეტიდან საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება სახელმწიფოს მხრიდან მართლმადიდებლობის ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს უტოლდება, რაც ასევე ეწინააღმდეგება მათ რწმენას და სეკულარიზმის კონსტიტუციურ პრინციპს.
6. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ ეკლესიისთვის მატერიალური რესურსის გადაცემის სამართლებრივი საფუძველი განსაზღვრულია კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ ნაწილობრივი მატერიალური ზიანის ანაზღაურების წესს ადგენს. თუმცა, ყოველწლიურად სახელმწიფოს მიერ ეკლესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი დაფინანსების ოდენობა არ ეფუძნება რაიმე ობიექტურ, განჭვრეტად და ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს, რადგან არ არსებობს ის ორგანო, რომელიც შეაფასებს ზიანის მოცულობას იმისათვის, რათა ბიუჯეტიდან ადეკვატური კომპენსაცია გაიცეს. ამდენად, მოსარჩელეთა მტკიცებით, 2002 წლიდან ეკლესია სახელმწიფოსგან ყოველწლიურად არა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე კომპენსაციას, არამედ კონფესიური მიზნებისთვის პირდაპირ დაფინანსებას იღებს.
7. მოსარჩელეები მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელებისას კონსტიტუციური პრინციპები აუცილებლად არის მხედველობაში მისაღები, რათა უფლების განმარტება არ დასცილდეს კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მოსარჩელეთა აზრით, მოცემულ საქმეზე მათ კონსტიტუციურ უფლებებში ჩარევის განხილვა შეუძლებელია სეკულარული სახელმწიფოს პრინციპის გარეშე მოხდეს. ისინი განმარტავენ, რომ სეკულარიზმის კონსტიტუციური პრინციპი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში, გულისხმობს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის საქმეებში ჩაურევლობას და პირიქით, რაც, მათ შორის, კრძალავს სახელმწიფოს მიერ კონფესიური მიზნებით ეკლესიის დაფინანსებას.
8. ამავე დროს, მოსარჩელე მხარისთვის მისაღებია და სეკულარიზმის პრინციპს არ ეწინააღმდეგება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული თანხა ეკლესიისთვის იყოს გამოყოფილი. თუმცა, ამ თანხების გამოყოფა არა კონფესიური მიზნების, არამედ ეკლესიის მიერ მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქციების განხორციელებისთვის უნდა ხდებოდეს. მოსარჩელეების მითითებით, „ქრისტიანული ღირებულებების“ მხარდაჭერა ვერ ჩაითვლება რაიმე ფორმის საჯარო ფუნქციად, რომელსაც სახელმწიფო რელიგიური ორგანიზაციის საშუალებით ახორციელებს.
9. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძველზე ერთ–ერთი რელიგიური ორგანიზაციის პირდაპირი დაფინანსებით ხორციელდება გაუმართლებელი ჩარევასაქართველოს კონსტიტუციის მე–19 მუხლით დაცულ რწმენის თავისუფლებაში, ვინაიდან ისინი აცნობიერებენ, რომ მათი შემოსავლებიდან დაბეგრილ თანხას სახელმწიფო კონფესიური მიზნების განხორციელებისკენ მიმართავს, რაც წინააღმდეგობაში მოდის მათ რწმენასა და შეხედულებებთან.
10. მოსარჩელეთა განმარტებით, ზოგადად, შემოსავლების დაბეგვრისას სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ხდება პირთა საკუთრების უფლებაში, რაც ძირითად შემთხვევაში გამართლებულია. თუმცა მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუციის 21–ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებაში ჩარევა არ ემსახურება ლეგიტიმურ მიზანს. კერძოდ, რელიგიური ჯგუფის კონფესიური მიზნების (მათ შორის, „ქრისტიანული ღირებულებებით“ აღზრდის, ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის პოლიტიკის) აღსრულებაში ხელშეწყობა ეწინააღმდეგება სეკულარიზმის და თანასწორობის ნორმა–პრინციპს და, შესაბამისად, ვერ იქნება აღიარებული ლეგიტიმურ საზოგადოებრივ საჭიროებად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმები ასევე ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
11. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის კანონი, თავისი შედეგით, სხვადასხვა გარემოებებში მყოფი პირებისგან თანაბრად ითხოვს ისეთ მიზნებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანების სასურველ მიზანს ემსახურება, ხოლო მოსარჩელე პირებისთვის წინააღმდეგობას იწვევს. მოსარჩელეთა განმარტებით, ვინაიდან მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღება ყველა მრწამსის ადამიანს უწევს და, ამ მხრივ, კანონი დიფერენციაციას არ აკეთებს, სადავო ნორმები ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-14 მუხლს, რითაც კანონის წინაშე ყველას თანასწორობის და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპია დაცული.
12. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე უთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და სხვა იურისდიქციის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით მეორად წყაროებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ უფლებებში ჩარევის შეფასება უნდა მოხდეს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპთან კონტექსტში, რაც გულისხმობს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთ საქმეებში ჩაურევლობას და დამოუკიდებლობას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის №1/1/618 განჩინება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები - გიორგი კეკენაძე, ნინო კვეტენაძე და ბესიკი გვენეტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-10).
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის გადაწყვეტისას არაერთხელ აღუნიშნავს კონსტიტუციური პრინციპების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). თუმცა იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ შეძლოს კონკრეტული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება (მათ შორის, კონსტიტუციური პრინციპების შუქზე), მოსარჩელეებს ევალებათ იმის დასაბუთება, რომ სწორედ გასაჩივრებული ნორმების შინაარსია (საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციებისთვის ფულადი სახსრების გამოყოფა) მათ კონსტიტუციურ უფლებებთან, მათ შორის, რწმენის, საკუთრებისა და თანასწორობის კონსტიტუციურ უფლებებთან შემხებლობაში.
სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან
3. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას. აღნიშნული ნორმების მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9).
4. მოსარჩელე მხარე საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტთან და ასევე 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტთან მიმართებით ასაჩივრებს „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები) კოდების - 45 00, 45 01, 45 02, 45 03, 45 06, 45 08, 45 09, 45 11, 45 12, 45 13 კონსტიტუციურობას. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ გასაჩივრებული ნორმები გაუმართლებლად ზღუდავს მოსარჩელეთა რწმენისა და საკუთრების კონსტიტუციურ უფლებებს.
5. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან დაკავშირებით მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ისინი არიან სხვადასხვა რწმენის მქონე პირები და მათი რწმენის საწინააღმდეგოა სახელმწიფო სახსრებით კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ გადასახადების გადახდის გზით ისინი საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ, იძულებით მონაწილეობენ საქართველოს საპატრიარქოს და მისი ორგანიზაციების დაფინანსებაში, რაც კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ მათ რწმენის კონსტიტუციურ უფლებას არღვევს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლთან დაკავშირებით, მოსარჩელეთა მითითებით, გადასახადის გადახდისას არსებობს მოლოდინი, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ლეგიტიმურ მიზნებს მოახმარს, ხოლო ვინაიდან სადავო ნორმებით საჯარო რესურსები იხარჯება არალეგიტიმური მიზნებისთვის (კონფესიური მიზნებისთვის), აღნიშნული ეწინააღმდეგება მათ საკუთრების კონსტიტუციურ უფლებას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელეთა მიერ სადავო ნორმების არასწორ აღქმას. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ ქცეული ნორმები არ ავალდებულებს ამ უკანასკნელთ გადასახადების გადახდას. გასაჩივრებული ნორმების ერთადერთი ნორმატიული შინაარსია სახელმწიფო ბიუჯეტში არსებული კონკრეტული ფულადი სახსრების გამოყოფა საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციებისთვის, რასაც მოსარჩელეთა რწმენისა და საკუთრების კონსტიტუციურ უფლებებთან შემხებლობა არ აქვს. სადავო ნორმებით არ ხდება პირის თავისუფალი მოქმედების შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული ფინანსური სახსრების კონკრეტულ ბენეფიციარებზე განაწილებით. ასეთი შინაარსი სცდება სადავო ნორმების ფარგლებს.
7. მოსარჩელეები აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ გადასახადების გადახდის გზით ისინი საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ მონაწილეობენ კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებაში, თუმცა, როგორც აღინიშნა, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ მიჩნეული ნორმები საერთოდ არ ეხება მოსარჩელეთა შემოსავლების დაბეგვრას. ამ ნორმებით არც რაიმე ტიპის ზემოქმედება, მით უმეტეს, იძულება არ ხდება მოსარჩელეთა რწმენის თავისუფლებაზე. ამდენად, სადავო ნორმებს არ აქვს მიმართება მოსარჩელეთა რწმენის კონსტიტუციურ უფლებასთან.
8. იგივე უნდა ითქვას საკუთრების ძირითად უფლებასთან სადავო ნორმების მიმართების თაობაზე. სადავო ნორმების ერთადერთი შინაარსია სახელმწიფო ბიუჯეტიდან გარკვეული ფინანსური სახსრების გამოყოფა შესაბამისი სუბიექტებისთვის და ეს უკანასკნელი შემხებლობაში არ არის მოსარჩელეთა საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან, რაც აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს უფლების მზღუდავი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის თაობაზე. გასათვალისწინებელია, რომ იმისთვის, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტული სადავო ნორმები მიიღოს არსებითად განსახილველად, მოსარჩელეებს ევალებათ იმის დასაბუთება, რომ სწორედ გასაჩივრებული ნორმების შინაარსია (საქართველოს საპატრიარქოსა და მისი ორგანიზაციებისათვის ფულადი სახსრების გამოყოფა) მათ კონსტიტუციურ უფლებებთან, მათ შორის, რწმენისა და საკუთრების კონსტიტუციურ უფლებებთან შემხებლობაში.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის (საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები) კოდების - 45 00, 45 01, 45 02, 45 03, 45 06, 45 08, 45 09, 45 11, 45 12, 45 13 კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
სადავო ნორმების მიმართება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტის კანონი თავისი შედეგით სხვადასხვა გარემოებებში მყოფი პირებისგან თანაბრად ითხოვს ისეთ მიზნებში მონაწილეობის მიღებას, რომლებიც მართლმადიდებელი ქრისტიანების გარკვეული კატეგორიისათვის სასურველ მიზანს, მათი რელიგიის სახელმწიფოს მიერ გაძლიერებას ემსახურება, ხოლო მოსარჩელე პირების მსგავს მდგომარეობაში მყოფი ინდივიდებისათვის წინააღმდეგობას იწვევს. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ „არსებითად არათანაბარ მდგომარეობაში მყოფი პირები, მართლმადიდებელი ქრისტიანები ... და მოსარჩელეები, ბაპტისტი, ათეისტი, აგნოსტიკოსი თუ მართლმადიდებელი სეკულარისტი პირები ... რომლებიც არათუ ასეთი დაფინანსების ბენეფიციარები, არამედ მის მიმართ შინაგანი მსოფლმხედველური წინააღმდეგობის მქონე პირები არიან, თანაბრად იღებენ მონაწილეობას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაში“. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით ხდება გაუმართლებელი ჩარევა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებულ თანასწორობის ძირითად უფლებაში.
11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერც ამჯერად გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტს, ვინაიდან კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ ქცეული ნორმები ამ შემთხვევას საერთოდ არ ეხება. პირველ რიგში, როგორც უკვე არაერთხელ აღინიშნა, სადავო ნორმებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება გარკვეული ფინანსური რესურსების გამოყოფა საქართველოს საპატრიარქოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა იურიდიული პირისთვის. გასაჩივრებული ნორმები არ ეხება მოსარჩელეთა ჯგუფს და მათგან არ ითხოვს კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებაში მონაწილეობის მიღებას. შესაბამისად, მცდარია მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ სადავო ნორმები მოსარჩელეთა ჯგუფს და მართლმადიდებლებს არათანაბრად ეპყრობა და ავალდებულებს მათ ერთი კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციის დაფინანსებას. ასეთი ნორმატიული შინაარსი გასაჩივრებულ ნორმებს არ აქვს.
12. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაშიც სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ნორმების არასწორ აღქმას. „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის გასაჩივრებული კოდები, მართალია, ითვალისწინებს ფინანსური სახსრების გადაცემას შესაბამისი სუბიექტებისთვის, მათ შორის, უშუალოდ საქართველოს საპატრიარქოსთვის, თუმცა ამით სადავო ნორმები არ ადგენს დიფერენცირებულ მოპყრობას მოსარჩელეების - ფიზიკური პირების მიმართ.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელში მოყვანილი არგუმენტაციიდან არ იკვეთება სადავო ნორმებისა და სარჩელში დასახელებულ კონსტიტუციის დებულებებს შორის შინაარსობრივი ურთიერთმიმართება, კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და სახეზეა მისი არმიღების “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №1316 (საქართველოს მოქალაქეები - ეკატერინე აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე, სოფიკო ვერძეული, თამთა ნანიშვილი და თამარ კორძაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”.
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი