საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/16/1238 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ლალი ფაფიაშვილი, მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, |
თარიღი | 8 სექტემბერი 2017 |
გამოქვეყნების თარიღი | 8 სექტემბერი 2017 11:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი - სხდომის თავმჯდომარე;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი;
მერაბ ტურავა - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტთან, 32-ე მუხლთან და 46-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 16 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1238) მიმართა საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილმა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 26 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1238 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2017 წლის 8 სექტემბერს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
3. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბ) საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ვ) პასიური საარჩევნო უფლება; ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
4. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულია შრომის თავისუფლება. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში. საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფის პირობები და უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს ქვეყანაში ან მის რომელიმე ნაწილში შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-18, მე-20, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი. საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია არა უგვიანეს 48 საათისა ეს გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
5. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში: სსკ) 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ამასთანავე, მოსარჩელეს სასამართლოს განაჩენით 2 წლის ვადით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებები.
6. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებაზე. კონსტიტუციურ სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტი კრძალავს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმა არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველ პუნქტს, რომლითაც იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტია უფლებამოსილი, შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის 18-ე, 20-ე, 21-ე, 22-ე, 24-ე, 25-ე, 30-ე, 33-ე და 41-ე მუხლებში ჩამოთვლილი უფლებანი და თავისუფლებანი და ამგვარი შეზღუდვის დაწესების არსებობისას პრეზიდენტი ვალდებულია, არაუგვიანეს 48 საათისა აღნიშნული გადაწყვეტილება შეიტანოს პარლამენტში დასამტკიცებლად.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-18 მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს. აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას, ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
2. კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის პირველ პუნქტს. ამას გარდა, მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებზე, რომლებთანაც სადავო ნორმა გასაჩივრებული არ არის. კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენდა მოსარჩელის პოზიციას, თუ რატომ ეწინააღმდეგება სადავო ნორმა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს, 32-ე მუხლსა და 46-ე მუხლის პირველ პუნქტს.
3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1238 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
4. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის დაუსაბუთებლობის, სასარჩელო მოთხოვნის არასწორად დაყენების ან კანონის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო მისი არსებითად განსახილველად არმიღება არ გამორიცხავს მოსარჩელის შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის წარმოდგენის და ფორმალური ხარვეზების გასწორების, სადავო აქტის სწორად იდენტიფიცირების შემთხვევაში კვლავ მომართოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი კონსტიტუციური სარჩელით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 22 სექტემბრის №2/7/812 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1238 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე იმედა ხახუტაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ლალი ფაფიაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი
მერაბ ტურავა