• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 20.06.2025
      • N1873
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/8/1873 განჩინება საქმეზე „რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის შესახებ
    • ჟურნალის გამოცემები
    • სტატიათა კონკურსი
    • დაუკავშირდით ჟურნალს
  • ENG

რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/8/1873
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია,
თარიღი 25 ივლისი 2025
გამოქვეყნების თარიღი 7 აგვისტო 2025 10:52

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების სიტყვებთან, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება ... გარანტირებულია კანონით“, მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 20 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1873) მომართა რევაზ რიჟამაძემ. №1873 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადმოეცა 2025 წლის 24 ივნისს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 ივლისს.

2. №1873 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტები, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური წარდგინების რეგისტრაციაში გატარების წესს. კერძოდ, კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევათ 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება - ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში - სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, მიიღოს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილების ასლი.

5. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება განამტკიცებს ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების უფლებას.

6. №1873 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე რევაზ რიჟამაძე ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას. მოსარჩელის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ 2015 წლის 11 ივნისს პროკურორმა მიიღო დადგენილება, ძებნის გამოცხადების შესახებ, ხოლო 2017 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.

7. მოსარჩელე განმარტავს, რომ მან, პირის ძებნის გამოცხადების თაობაზე გამოტანილი დადგენილების გაუქმების მოთხოვნით, თავდაპირველად, მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო შემდგომ - თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურას ადვოკატის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაზე პასუხი არ გაუცია, ხოლო სასამართლოსგან მიღებული წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ პროკურორის აღნიშნული დადგენილება სასამართლოში არ საჩივრდება.

8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პრაქტიკაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შესაძლებელია დაიწყოს ისე, რომ იგი ამის თაობაზე არ იყოს ინფორმირებული. შედეგად, პროკურორი უფლებამოსილია, ბრალდებულის მიმართ გამოაცხადოს ძებნა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის არ არიდებს თავს გამოძიებასა თუ სასამართლო პროცესებში მონაწილეობას. ამგვარი პრაქტიკის პირობებში, სასამართლოს გამოაქვს გამამტყუნებელი განაჩენი ბრალდებულის დაუსწრებლად, რაც არსებითად ზღუდავს პირის დაცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობას. კერძოდ, პირი ვერ მონაწილეობს სისხლისსამართლებრივი სამართალწარმოების იმ ეტაპებზე, რომლებიც არსებითად მნიშვნელოვანია მისი უფლებების დაცვისათვის, მათ შორის, ვერ ერთვება საგამოძიებო მოქმედებებში, ვერ მოიპოვებს მტკიცებულებებს, ვერ დაკითხავს მოწმეებს და სხვა.

9. მოსარჩელე მიუთითებს მოქმედ საკანონმდებლო მოწესრიგებაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არ ესწრებოდა საქმის განხილვას. ასეთ შემთხვევაში კი, პირის ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად რჩება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრება, თუმცა მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს დაცვის უფლების რეალურ განხორციელებას, ვინაიდან უკვე დასრულებულია როგორც საგამოძიებო მოქმედებები, აგრეთვე წინასასამართლო სხდომა. ამასთანავე, მოსარჩელე მხარისათვის ბუნდოვანია, რა მოცულობითა და პირობებით არის მისთვის შესაძლებელი მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში. მოსარჩელე მხარის პოზიციით, საკანონმდებლო ორგანომ ურთიერთობა იმგვარად უნდა მოაწესრიგოს, რომ ბრალდებულის მიმართ ძებნის დადგენილების გაუქმების შემთხვევაში, საქმე განახლდეს საგამოძიებო ეტაპიდან.

10. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სადავო ნორმა ზღუდავს არა მხოლოდ მსჯავრდებულის, არამედ მისი ადვოკატის უფლებებსაც, ვინაიდან სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატი ისეთივე მონაწილეა, როგორიც ბრალდებული/მსჯავრდებული. მათი საპროცესო უფლებები ურთიერთგანპირობებულია: არ არსებობს ადვოკატის უფლება, საადვოკატო საქმიანობა, დაცვის უფლება ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლების გარეშე. სადავო ნორმა შეუძლებელს ხდის ადვოკატის მიერ, მსჯავრდებულისათვის ძებნის დადგენილების გასაჩივრების გზით, მისი კლიენტის უფლებების დაცვას, რაც ეწინააღმდეგება ადვოკატის პროფესიული საქმიანობის განხორციელების კონსტიტუციურ გარანტიებს.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს არ აქვს შესაძლებლობა, ზემდგომ პროკურორთან და/ან სასამართლოში გაასაჩივროს ბრალდებულის ძებნაში გამოცხადების შესახებ პროკურორის დადგენილება, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სასამართლოსადმი მიმართვისა და ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელების უფლებებს.

12. გარდა ამისა, კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტი არ არეგისტრირებს საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციურ სარჩელს იმ შემთხვევაში, როდესაც სარჩელს თან ერთვის ვადაგასული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და, ამასთანავე, პირი ვერ ახერხებს მათ განახლებას.

13. მოსარჩელის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს საქართველოს მოქალაქის პასპორტის 10 წლიანი ვადა ამოეწურა 2024 წლის 14 აგვისტოს. ვინაიდან მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ახალი პასპორტის გაცემა ვერ ხერხდება. ამავდროულად, ზემოაღნიშნული პირი ფიზიკურად ვერ ცხადდება საზღვარგარეთ მდებარე საქართველოს საკონსულოში, რაც შეუძლებელს ხდის აგრეთვე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მიღებას. შესაბამისად, მას არ გააჩნია არც მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი და არც საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილიდან ირკვევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელზე მოსარჩელის ვალიდური (მოქმედი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის დაურთველობა მიჩნეულ იქნა არაარსებით, ფორმალურ უზუსტობად და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით, მოსარჩელეს მიეცა 15 დღიანი ვადა უზუსტობის გამოსასწორებლად. მოსარჩელის არგუმენტაციით, სადავო ნორმის საფუძველზე, პირს, რომელსაც არ აქვს/ვერც იღებს მოქმედ პასპორტსა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, არაკონსტიტუციურად ეზღუდება სასამართლოსადმი მიმართვისა და ადვოკატის პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლებები.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნაა, რომ კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი იყოს უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. აღნიშნული ნორმა „ერთი მხრივ, აღჭურავს ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით, თუმცა, მეორე მხრივ, გამორიცხავს სასამართლოსათვის მიმართვის პროცესში “actio popularis” შესაძლებლობას. მოსარჩელე უფლებამოსილია, იდავოს ნორმატიული აქტების საფუძველზე უშუალოდ მისი უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 29 დეკემბრის №2/4/507 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი თარგამაძე, გიორგი ლეკიშვილი, ინგა გრიგოლია და ჯაბა სამუშია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

3. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა, მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ... იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად, მათი მხრიდან, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7). ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მოეთხოვება იმის დასაბუთება, რომ იგი არა სხვის, არამედ თავისი უფლების დარღვევაზე დაობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიიღებს კონსტიტუციურ სარჩელს არსებითად განსახილველად. სხვა პირთა უფლებების დასაცავად, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ სპეციალური სუბიექტებისთვის.

4. №1873 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე რევაზ რიჟამაძე არის მოქმედი ადვოკატი, რომლის პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის საფუძველზე, დაირღვა, ერთი მხრივ მისი, როგორც ადვოკატის, ხოლო, მეორე მხრივ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულ პირს არ აქვს პროკურორის მიერ გამოტანილი ძებნის გამოცხადების თაობაზე, დადგენილების ზემდგომ პროკურორთან და სასამართლო წესით გასაჩივრების უფლება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლი ადგენს ბრალდებულის უფლება-მოვალეობებს. ამ მუხლის მე-15 ნაწილი კი განსაზღვრავს ბრალდებულის უფლებას, ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება პროკურორთან, პროკურორის მოქმედება და გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში - სასამართლოში. აგრეთვე, აღნიშნული მუხლით დადგენილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება - გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილება, მათ შორის, მიიღოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-8 ნაწილი განმარტავს, რომ მსჯავრდებული არის პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო ამავე მუხლის მე-19 ნაწილის თანახმად კი, ბრალდებული არის პირი, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის სუბიექტს წარმოადგენს უშუალოდ ის პირი, რომლის წინააღმდეგაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, იგი სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი ბრალდებულის ცალკეული უფლებებით, რათა ეფექტიანად დაიცვას საკუთარი ინტერესები. აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში, ნორმა მიემართება იმ პირს, რომლის მიმართაც სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი.

6. ამგვარად, იდენტიფიცირებადია სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი - ბრალდებული, მათ შორის, გარკვეულ შემთხვევაში მსჯავრდებული. შესაბამისად, ადვოკატი ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის ავტონომიურ სამართლებრივ სუბიექტად, რადგანაც განსახილველი ნორმის მიზნებისთვის, საადვოკატო მომსახურება უშუალოდ დაკავშირებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებრივ სტატუსთან და არ არსებობს მისგან დამოუკიდებლად. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თავის მხრივ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ნორმა, მისი, როგორც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტატუსის მქონე პირის მიმართ, უკვე იყო ან მაღალი ალბათობით, მომავალში შეიძლება იყოს გამოყენებული.

7. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, რეალურად, ამოქმედდა სადავო ნორმატიული მოწესრიგება. ამდენად, ცალსახაა, რომ მოსარჩელის მიზანი არის არა საკუთარი ძირითადი უფლებების შესაძლო დარღვევაზე დავა, არამედ სხვისი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების დაცვა. თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, იგი არ არის უფლებამოსილი, სასამართლოს მიმართოს სხვისი უფლებების დასაცავად.

8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-15 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების სიტყვებთან: „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება ... გარანტირებულია კანონით“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. კერძოდ, კონსტიტუციური სარჩელი არ არის შემოტანილი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ. შესაბამისად, იგი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.

9. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ‒ შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

10. №1873 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი, მათ შორის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების, „არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების სიტყვებთან, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება ... გარანტირებულია კანონით“, მიმართებით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობას განაპირობებს არა, ზოგადად, მხარისათვის რეგისტრაციის დროს პირადობის ან პასპორტის წარდგენის აუცილებლობა, არამედ ის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ პირს, მართალია, გააჩნია საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა, თუმცა ის არ არის მოქმედი, ვერ ახერხებს მის განახლებას და, შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, წარდგენილ კონსტიტუციურ სარჩელს არ არეგისტრირებს.

11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, იმისათვის, რათა კონსტიტუციური სარჩელი მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად, აუცილებელია, მოსარჩელე მხარემ მოახდინოს მის მიერ გასაჩივრებული ნორმიდან მომდინარე უფლების შემზღუდველი წესის იდენტიფიცირება. თავის მხრივ, იმისათვის, რომ გასაჩივრებულ ნორმაში ამოკითხულ იქნეს მოსარჩელის მიერ მითითებული სადავო ნორმატიული შინაარსი, იგი „ან ცხადად უნდა გამომდინარეობდეს სადავო ნორმის ტექსტიდან ან/და ამას უნდა ადასტურებდეს სამართალშემფარდებლის ავტორიტეტული განმარტება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/4/858 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლაშა ჩალაძე, გივი კაპანაძე და მარიკა თოდუა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-4). ამდენად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე გამოირიცხება ზემოთ დასახელებული პირების მიერ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შესაძლებლობა.

12. როგორც აღინიშნა, სადავო ნორმით დარეგულირებულია არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის მქონე კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების რეგისტრაციაში გატარების წესი. კერძოდ, ამგვარი კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევათ 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად. ამ თვალსაზრისით, სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზის საფუძველზე იკვეთება, რომ მისი შინაარსი ამოიწურება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევების მოწესრიგებით, როდესაც კონსტიტუციურ სარჩელში/წარდგინებაში აღმოჩნდება არაარსებითი, ფორმალური უზუსტობა. შესაბამისად, სადავო ნორმის ტექსტიდან არ მომდინარეობს მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული ნორმატიული შინაარსი, კერძოდ, არ იზღუდება იმ პირთა მიერ კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის შესაძლებლობა, რომელთაც არ გააჩნიათ მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

13. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციურ სარჩელზე დართული აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის წერილი, სადაც მითითებულია კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციასა და მასში არსებული ფორმალური უზუსტობების აღმოფხვრის აუცილებლობასა და აღმოუფხვრელობის შესაძლო შედეგების შესახებ. მოსარჩელე განმარტავს, რომ სწორედ ზემოაღნიშნული წერილით საბუთდება სადავო ნორმის, მის მიერ გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსით გამოყენების პრაქტიკა.

14. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსის წერილი ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ნორმიდან მომდინარეობს სათანადო პირადობის მოწმობის/საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი. კერძოდ, აღნიშნული წერილის თანახმად, იმ საფუძვლით, რომ სარჩელს თან არ ერთვოდა მოსარჩელის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი კონსტიტუციური სარჩელი რეგისტრაციაში გატარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს მიეცა 15 დღიანი ვადა უზუსტობის გამოსასწორებლად. იმავდროულად, მოსარჩელე მხარეს განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში უზუსტობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სარჩელის რეგისტრაცია გაუქმდებოდა. შესაბამისად, თუ მოსარჩელე მხარის პრობლემას წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელი და საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადაგასული დოკუმენტის სარჩელზე დართვის შემთხვევაში, მის რეგისტრაციაზე უარის თქმა, მოსარჩელემ სადავოდ უნდა გახადოს ორგანული კანონის ის ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ამგვარი უზუსტობის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, სარჩელის რეგისტრაციის გაუქმებას. ამდენად, როგორც სადავო ნორმის ტექსტუალური ანალიზი, ასევე სარჩელზე თანდართული საკონსტიტუციო სასამართლოს საორგანიზაციო დეპარტამენტის განმარტება, არ იძლევა გასაჩივრებული დებულებიდან მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებული მზღუდავი ნორმატიული შინაარსის ამოკითხვის შესაძლებლობას.

15. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის პირველი პუნქტის სიტყვების: „არაარსებითი, ფორმალური უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კონსტიტუციური სარჩელი და კონსტიტუციური წარდგინება რეგისტრაციაში ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის თანხმობით და მოსარჩელეს, წარდგინების ავტორს ან მათ წარმომადგენლებს ეძლევა 15 დღე უზუსტობის გამოსასწორებლად“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების სიტყვებთან, „ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება ... გარანტირებულია კანონით“ მიმართებით, ეფუძნება მოსარჩელის მიერ სადავო ნორმის შინაარსის არასწორ აღქმას, რის გამოც №1873 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1873 კონსტიტუციური სარჩელი („რევაზ რიჟამაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ