• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ა(ა)იპ "საქართველოს მომავლის აკადემია", მარინე კაპანაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, მარია დარჩიევი და ალექსანდრა შალიბაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1883
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - ირინე იმერლიშვილი,
ავტორ(ებ)ი ა(ა)იპ "საქართველოს მომავლის აკადემია", მარინე კაპანაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, მარია დარჩიევი, ალექსანდრა შალიბაშვილი
თარიღი 1 აგვისტო 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

1. საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ პუნქტი გ.ა, გ.ა.ა, გ.ა.ბ, გ.ა.გ., გ.ა.დ, გ.ბ ქვეპუნქტებთან ერთად; მეორე მუხლის 1-ლი პუნქტი ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, ლ ქვეპუნქტებთან ერთად; მეორე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები; მეოთხე მუხლი; მეხუთე მუხლი, მეექვსე მუხლი, მეშვიდე მუხლი და მერვე მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტები. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე სეკუნდა მუხლი. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტები. საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი.
საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ, თ, ი, კ, და ლ ქვეპუნქტებთან ერთად, მე-2 მუხლის მეორე და მეოთხე პუნქტი, მე-5 და მე-6 მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

კონსტიტუციური სარჩელი საფუძვლიანია და არსებითად უნდა იქნეს მიღებული შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) კონსტიტუციური სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი სუბიექტის მიერ:

საქართველოს მომავლის აკადემია არის საქართველოში რეგისტრირებული არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. საწესდებო მიზნების მისაღწევად ორგანიზაცია პერიოდულად იღებს გრანტებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა, ფონდების და საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის საელჩოებისგან. მარინე კაპანაძე არის ორგანიზაციის დირექტორი, შესაბამისად ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, ხოლო ალექსანდრე ზიბზიბაძე ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე. მარია დარჩიევი და ალექსანდრა შალიბაშვილი არიან ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრები.

გასაჩივრებული კანონის მიხედვით ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი/წარმომადგენელი/დასაქმებული, ეკისრება ვალდებულება ანტიკორუფციულ ბიუროს მიმართოს სარეგისტრაციო განცხადებით და დარეგისტრირდეს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამავდროულად, კანონი სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს აღჭურავს მთელი რიგი უფლებამოსილებებით ასეთი პირების გამოსავლენად და დასარეგისტრირებლად.

მიუხედავად იმისა რომ გასაჩივრებული, თუნდაც სრულიად ბუნდოვანი კანონის პირობებში არ არსებობს ამ კანონის მოსარჩელეების წინააღმდეგ გამოყენების რაიმე საფუძველი, სსიპ ანტიკორუფციულმა ბიურომ “საქართველოს მომავლის აკადემიის” მიმართ სადავო კანონის გამოყენება უკვე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, რა მიზნითაც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოსარჩელის შესახებ სხვადასხვა უწყებიდან, ასევე თავად მოსარჩელისგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობით მიმართა (იხ. დანართი 1), რაც თავის მხრივ დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 12 ივნისის N3/4583-25 ბრძანებით (იხ. დანართი 2). ბიუროს შუამდგომლობაში, ისევე როგორც საჯარო პრესკონფერენციაზე პირდაპირაა დაფიქსირებული რომ დაწყებული წარმოება სწორედ სადავო კანონის აღსრულებას ისახავს მიზნად. შესაბამისად, მოსარჩელე არის სათანადო მოსარჩელე წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელის მიზნებისთვის.

რაც შეეხება მოსარჩელე ფიზიკურ პირებს- მარინე კაპანაძე, ალექსანდრე ზიბზიბაძე, ალექსანდრა შალიბაშვილი და მარია დარჩიევი, როგორც საქართველოს მომავლის აკადემიასთან დაკავშირებული პირები სადავო კანონის პოტენციური მსხვერპლები არიან, რამეთუ განჭვრეტად მომავალში კანონის გამოყენება შესაძლოა მათ წინააღმდეგაც დაიწყოს.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17 და 22-ე მუხლებით.

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა;

ზ) სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე, რომელიც კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებული არ არის;

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1. დავის არსის მოკლე მიმოხილვა

ბოლო წლებია ქართული ოცნება გაცხადებულად ებრძვის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს. ამ მიზნით მან არაერთხელ სცადა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ რეპრესიული კანონების მიღება. ჯერ კიდევ 2023 წლის მარტში ქართულმა ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ“, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ამის შემდგომ 2024 წლის აპრილში ქართულმა ოცნებამ ხელახლა დააბრუნა მსგავსი კანონი დღისწესრიგში და საზოგადოების მასობრივი პროტესტის მიუხედავად მიიღო „უცხოური გავლენის გამჭირვალეობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა, მედია ორგანიზაციებმა, საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს პარლამენტის წევრთა 1/3-მა. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ საქმეზე ჯერ არსებითი სხდომაც არ ჩაუტარებია და ჩვენთვის უცნობია საქმის შედეგიც.

აღნიშნულმა კანონებმა მნიშვნელოვნად დააზიანა არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედია ორგანიზაციები, არამედ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დე ფაქტო შეჩერების საფუძველიც გახდა. კერძოდ, 2024 წლის 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც მიუთითა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი ქმედებებით ევროინტეგრაციის დე ფაქტო შეჩერება გამოიწვია[1].

ამის შემდგომ ქვეყანაში არსებული ადამიანის უფლებების კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა, რომლის შედეგებიც არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა OSCE/ODIHR-მაც, რომლის უპრეცედენტოდ კრიტიკულ დასკვნაში[2] საუბარია მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპის, ფარულობის, მასშტაბურ დარღვევაზე. ყველაფერ ამას არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ არსებობაც დაემატა.

ქვეყანაში არსებული კრიზისი კიდევ უფრო გაამძრაფრა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ეროვნული, მშვიდობიანი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ასიათასობით ადამიანის მთავარი მოთხოვნა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროტესტის პარალელურად რეპრესიების ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაა.

პროტესტის დაწყებიდან მალევე, ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა მიიღო რეპრესიული კანონების პაკეტი, რომლითაც მთელი რიგი ავტორიტარული შეზღუდვები დააწესა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, შემოიღო პრევენციული დაკავების მექანიზმი და კატასტროფულად გაზარდა ჯარიმები მათ დარღვევაზე. დღემდე გრძელდება ასობით ადამიანის დევნა აქციაზე ყოფნის პოსტ-ფაქტუმ იდენტიფიცირებისა და დასჯის გზით.

სწორედ ამ ფონზე ქართულმა ოცნებამ მიიღო „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლის მიღების დროსაც მისი წარმომადგენლები არ მალავდნენ, რომ ის წინა რუსულ კანონთან შედარებით უფრო რეპრესიულია და საბოლოოდ გააქრობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საქართველოს პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრციდან.

მოსარჩელეებს არაკონსტიტუციურად მიაჩნიათ მოცემული კანონის ის ნორმები, რომელიც აწესებს მასტიგმატიზებელ იარლიყს, ადგენს აგენტების რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ორგანიზაციაში დაცული ინფორმაციისა და მონაცემების გადაცემას, საზოგადოებასთან კომუნიკაციისას აგენტად მითითების ვალდებულებას და აღნიშნული ვალდბეულებების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე.

კერძოდ, გასაჩივრებული კანონის პირველი მუხლის „გ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს უცხოური პრინციპალის აგენტის დეფინიციას, რის მიხედვითაც აგენტად მიიჩნევა: პირი, რომელიც მოქმედებს, როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი, ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით, ან იმ პირის აგენტი, წარმომადგენელი, მის მიერ დასაქმებული პირი ან მის სამსახურში მყოფი პირი ან სხვა პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის მითითებით, მოთხოვნით, ინსტრუქციით ან კონტროლით და რომლის საქმიანობას მთლიანად ან უმეტესწილად, პირდაპირ ან არაპირდაპირ ზედამხედველობს, მართავს, აკონტროლებს, აფინანსებს ან რომლის საქმიანობის სუბსიდირებას ახორციელებს უცხოური პრინციპალი, თუ აღნიშნული პირი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

1. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობს;

2. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოქმედებს, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობების მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;

3. იგი უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით, უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესის გამო საქართველოში მოიძიებს, აგროვებს, გამოყოფს ან გასცემს შემოწირულებას, სესხს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობას;

4. იგი საქართველოში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულების ან თანამდებობის პირის წინაშე;

5. პირი, რომელიც თანხმდება, ნებას ავლენს ან უშვებს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ან სახელშეკრულებო ურთიერთობის გარეშე იმოქმედოს, როგორც ამ მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა უცხოური პრინციპალის აგენტმა, ან რომელიც თავს უცხოური პრინციპალის აგენტად მოქმედად აჩვენებს ან წარმოაჩენს;

გასაჩივრებული კანონის მე-2 მუხლი კი „უცხოური პრინციპალის აგენტებს“ ავალდებულებს აგენტად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენას ანტიკორუფციული ბიუროსთვის 10 დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც იგი უცხოური პრინციპალის აგენტი გახდება. უცხოური პრინციპალის აგენტმა სარეგისტრაციო განცხადებაში უნდა მიუთითოს დეტალური ინფორმაცია მისი თანამშრომლების პერსონალური მონაცმეების, შინაარსობრივი და ფინანსური ანგარიშების შესახებ. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უცხოური პრინციპალის აგენტმა ანტიკორუფციულ ბიუროს არაუგვიანეს 48 საათში უნდა წარუდგინოს 2 ეგზემპლარი იმ საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელცი გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი უცხოური პრინციპალის აგენტს ავალდებულებს საზოგადოებასთან კომუნიკაციისას იმ საკითხებზე, რომელზეც იგი მოიაზრება როგორც აგენტი, მიუთითოს, რომ ის მოქმედებს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტი. მე-5 მუხლი ადგენს „აგენტის“ მიერ დოკუმენტაციის შენახვის წესს/ვალდებულებას. კანონის მე-6 მუხლი ანტიკორუფციულ ბიუროს ავალდებულებს შექმნას საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ვებგვერდი, რომელშიც ასახული იქნება ყველა უცხოური პრინციპალის აგენტი და მათი სარეგისტრაციო განაცხადები. კანონის მე-7 მუხლი კი უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციაზე ვალდებულ პირებს განსაზღვრავს, რაც შეიძლება იყოს როგორც თითოეული ხელძღვანელი ან მმართველი, ასევე ხელმძღვანელის ან/და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი. კანონის მე-8 მუხლი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის ჯარიმის ან თავისუფლების აღკვეთის სახით. ხოლო, სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლის სეკუნდა ნაწილი ადგენს პასუხისმგებლობას „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევისთვის.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული კანონის ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15, მე-17 და 22-ე მუხლებით დაცულ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებს.

2. საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ პუნქტი ქვეპუნქტებთან ერთად, მე-2 მუხლის პირველი (ქვეპუნქტებთან ერთად), მეორე და მეოთხე პუნქტები, მე-4 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი, მე-7 მუხლი, მე-8 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე სეკუნდა მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

a. კონსტიტუციის 22-ე მუხლით დაცული უფლების სფერო და უფლებაში ჩარევა

საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია“. სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფს ადამიანის თვითრეალიზაციას სხვა პირებთან, სოციალურ, საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად. დაცულია საზოგადოებრივი ჯგუფების თავისუფლად ჩამოყალიბების, თავისუფალი ასოციაციის პრინციპი, რაც ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი იძულებითი გაერთიანებების, თუნდაც მისი მონაწილეების დიდი ენთუზიაზმის ფონზე, საპირისპირო მოვლენას წარმოადგენს. გაერთიანების თავისუფლებას დიდი დატვირთვა ენიჭება არა მხოლოდ ადამიანის ძირითადი უფლების გარანტირების, არამედ დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების კუთხით. გაერთიანების თავისუფლებას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში პირის ინტეგრირებისა და მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობის შეგნების ჩამოყალიბებისათვის”[3]. დამატებით, „საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები იცავს ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ერთერთ გამოვლინებას, მისი ჯგუფური განხორციელების ფორმას. გაერთიანების თავისუფლების საშუალებით, პირი თავისი მიზნებისა და მისწრაფებების ხორცშესხმას ახდენს სხვებთან ერთად, მათთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლის გარემოში”[4].

წინადმებარე საქმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგი განმარტებაც: „გაერთიანების უფლებით გაერთიანების თავისუფლება არასაკმარისად იქნებოდა დაცული ამ თავისუფლებაში რომ მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება მოიაზრებოდეს. არა მხოლოდ გაერთიანების შექმნისა და გაერთიანებაში გაწევრიანების პროცესია დაცული, არამედ გაერთიანების არსებობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მხარეები, როგორიცაა მიზნის შერჩევა, საქმიანობის ორგანიზება, გადაწყვეტილებების მიღება, გაერთიანების წევრად დარჩენა, გაერთიანების ლიკვიდაცია და ა.შ. გაერთიანების არსებობის რომელიმე ეტაპზე კონსტიტუციური დაცვის გაუვრცელებლობა, კოლეგიის პოზიციით, დაუშვებლად გაზრდიდა სახელმწიფოს მხრიდან მის საქმიანობაში თვითნებური ჩარევის რისკს და არაეფექტურს გახდიდა გაერთიანების თავისუფლების კონსტიტუციურსამართლებრივ დაცვას”[5].

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ხდება სადავო ნორმებით ორგანიზაციების გაერთიანების თავისუფლებით დაცულ უფლებაში ჩარევა, აღნიშნული საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია განვიხილოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2022 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA[6]. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში დაადგინა სტანდარტები და შეაფასა მისი დამოკიდებულება “უცხოეთის აგენტების” შესახებ რუსულ კანონთან მიმართებით. სასამართლოს სტანდარტები საყურადღებოა, რამდენადაც იგი შეიცავს სახელმძღვანელო წესებს ევროპის საბჭოს მასშტაბით ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების თავსებადობის შემოწმებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მოთხოვნებთან. მსგავსად წინამდებარე საქმისა, რუსეთში მოქმედი კანონი ითვალისწინებდა არასამთავრობო ორგანიზაციების “უცხოეთის აგენტად” რეგისტრაციის ვალდებულებას.

სასამართლოს განმარტებით, მომჩივნებზე დაწესებული ვალდებულება დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოეთის აგენტებად“, რითაც ხდებოდა მათი სტიგმატიზება, რაც ზღუდავდა მათ შესაძლებლობას მიეღოთ უცხოური დაფინანსება, ასევე ითვალისიწნებდა მიმართ შემოწმებების განხორციელების შესაძლებისა და ჯარიმების გამოყენების შესაძლებლობას, ხდებოდა მათი გაერთიანების უფლებაში ჩარევა[7].

გადაწყვეტილების 87-ე პარაგრაფში სასამართლომ დაადგინა, რომ საერთო ჯამში, მომჩივან ორგანიზაციებსა და მათ დირექტორებზე პირდაპირ იმოქმედა ინსპექტირების, რეგისტრაციის ახალი მოთხოვნების, სანქციებისა და შეზღუდვების ერთობლიობამ დაფინანსების წყაროებზე და საქმიანობის ბუნებაზე, რომელიც დაწესდა უცხოური აგენტების შესახებ კანონით. მათ მოუწიათ მნიშვნელოვნად შეეცვალათ თავიანთი ქცევა, რათა შეემცირებინათ შემდგომი ჯარიმების რისკი კანონის შესაბამისად. ამ ზომებმა გამოიწვია ზოგიერთი განმცხადებელი ორგანიზაციის ლიკვიდაცია. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა ჩარევას კონვენციის მე-11 მუხლით დაცულ განმცხადებელთა გაერთიანების თავისუფლების უფლებაში.

გაერთიანების უფლებაში ჩარევაზე მსჯელობისას ასევე რელევანტურია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2020 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე European Commission v. Hungary[8]. აღნიშნულ საქმეშიც მსგავსაც გასაჩივრბეული ნორმებისა უნგრეთის სახელმწიფოს მიერ მიღებული კანონი „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭირვალობის შესახებ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლის განმავლობაში მიიღებდნენ დაახლოებით 24,000 ევროზე მეტ დაფინანსებას, ავალდებულებდა სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციას როგორც „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები“. ორგანიზაციების მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევდა მათ დაჯარიმებას. კანონი ორგანიზაციებს ასევე ავალდებულებდა ყოველწლიურ ფინანსური ანგარიშების წარდგენას.[9] ევროკავშირის სასამართლომ განმარტა, რომ გაერთიანების უფლება არ მოიცავს მხოლოდ ასოციაციის შექმნის ან დაშლის უნარს, არამედ მოიცავს ამ გაერთიანების შესაძლებლობას იმოქმედოს თავისუფლად, რაც, inter alia, ნიშნავს, რომ მას უნდა შეეძლოს განაგრძოს თავისი საქმიანობა და ფუნქციონირება გაუმართლებელი ჩარევის გარეშე[10]. სასამართლო გამნარტებით, ორგანიზაციებზე კანონით დადგენილი ვალდებულებების ერთიანობა, რომელიც გამოიხატებოდა, მათ „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციებად“ რეგისტრაციაში, დეკლარაციების წარდგენაში და კანონის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმებში, იჭრებოდა ქარტიით დაცულ გაერთიანების თავისუფლებაში[11].

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეების მიმართ დაწყებული წარმოება მიმართულია იმისკენ, რომ ისინი გამოცხადდენ უცხოური პრინციპალის აგენტებად. გაერთიანების თავისუფლებით დაცული უფლებიდან გამომდინარე სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს გაერთიანებებისთვის ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინდივიდები ერთი საერთო არაკომერციული მიზნების გარშემო გაერთიანებას შეძლებენ და ექნებათ აღნიშნული მიზნების საზოგადოებაში განხორციელების შესაძლებლობა. ამის საწინააღმდეგოდ, გასაჩივრებული ნორმები მოსარჩელეების სტიგმატიზებას ახდენს, რაც ნეგატიურად აისახება მათ საქმიან რეპუტაციაზე და აბრკოლებს მათ შესაძლებლობას თავისუფლად გააგრძელონ საქმიანობა. ამას მოწმობს ისიც, რომ კანონის მიღებამდეც და მისი მიღების შემდგომაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან მოსარჩელის წინააღმდეგ მადისკრედიტებელი კამპანია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ არსებული ნდობისთვის ძირის გამოთხრაა.

მაგალითად მოვიყვანთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ მოსარჩელის საქმიანობისა და მისი მენეჯერების წინააღმდეგ გამოხატულ პოზიციებს.

3. მამუკა მდინარაძის 2024 წლის 16 აპრილის განცხადება: „„მათ შორის, ორგანიზებას ვინც უწევს, იმასაც გეტყვით. ამაზე ინფორმაცია თქვენც გაქვთ და მეც. მაგალითად, არის ასეთი სინთეზი - ერთი მხრივ, „ნაცმოძრაობის“ მხრივ არის დიმიტრი ჩიქოვანი, ვინც ფრანკლინის კლუბთან, ამ საკითხებთან არის დაკავშირებული და მეორე მხრივ, ამ ფრანკლინის კლუბიდან „მომავლის თაობა“ თუ რაღაც ქვია, არის ალექსანდრე ზივზივაძე(საქართველოს მომავლის აკადემიის თავმჯდომარე), გუშინაც იყო ლაპარაკი. ეს ორი ადამიანი მეთაურობს ამ დაორგანიზებას, რომ რამენაირად ახალგაზრდები, რომლებიც აპროტესტებენ, პროვოკაციაზე წამოაგონ და პოლიციის კორდონებთან დაპირისპირებაში შეიყვანონ”[12];

4. ირაკლი კობახიძის 2024 წლის 1 მაისის განცხადება: “პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, ლელოს და ახალის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: ტალღა, ჯიუტები, ნაბიჯი, თბილისი პრაიდი, ჯენზი, წერტილი, დაფიონი, სტუდენტები ევროპული მომავლისთვის, მოძრაობა თავისუფლებისთვის, სირცხვილია, ფრანკლინის კლუბი და მომავლის აკადემია, რომლებიც კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს”[13];

5. ტელეკომპანია იმედის 2024 წლის 15 აპრილის სიუჟტი: “მას(ალექსანდრე ზიბზიბაძე) ჰქონდა ჩაბარებული ახალგაზრდების დატრენინგება პროვოკაციების მოწყობაში. ჰყავს 2000-მდე რეკრუტირებული ახალგაზრდა”[14]

6. 2025 წლის 12 ივნისის ირაკლი კობახიძის განცხადება: „რეალურად აქ საქმე გვქონდა ჩვენ პარტიების ირიბ დაფინანსებასთან, ცალკეულ შემთხვევებში, იგივე რომ ავიღოთ მაგალითად „ტაბულა“ ან „მომავლის აკადემია“ ჩვენ ვიცით, რომ ერთიც და მეორეც არის პარტიული დანამატი, საქართველოში კანონით არის მოწესრიგებული და კონსტიტუციით არის მოწესრიგებული პარტიების დაფინანსების საკითხი და როგორც სხვა დემოკრატიულ ქვეყანაში საქართველოშიც აკრძალულია პოლიტიკური პარტიების გარედან დაფინანსება. გარდა ამისა ვსაუბრობდი მე ექსტრემიზმის დაფინანსებაზე , როცა ასეთ პარტიულ დანამატებს აფინანსებ, რა თქმა უნდა, ესეც არის თავისთავად ექსტრემიზმის წახალისება... რითაც არის დაკავებული მაგალითად „ტაბულა“, რითაც არის დაკავებული მაგალითად ე.წ. მომავლის აკადემია, მანამდე იყო „ფრანკლინის კლუბი“ - ისინი ექსტრემიზმით არიან დაკავებული და როგორ შეიძლება დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდებოდეს საქართველოში ექსტრემისტული მოძრაობები. ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი, პირდაპირ ამ ორგანიზაციებს განასახიერებენ პოლიტიკოსები, სწორედ, კონკრეტული პოლიტიკოსები არიან ასოცირებული ექსტრემიზმთან ჩვენს ქვეყანაში და აბსოლუტურად ლოგიკურია ის რომ ხელისუფლების მხრიდან ვერ ექნება მხარდაჭერა ასეთი ტიპის ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერას და ზოგადად ქვეყანაში ექსტრემიზმის მხარდაჭერას”[15].

7. 2025 წლის 12 ივნისის შალვა პაპუაშვილის განცხადება: “ბრიტანეთის საელჩოს მემგონი, გუშინ ფიქრობდა, რომ რაღაც ჩაქუჩს დაარტყამდა, მაგრამ თითში დაირტყა ეს ჩაქუჩი საბოლოო ჯამში, ვინაიდან ამხილა თავი საქართველოში ექსტრემიზმის, სიძულვილისა და პროპაგანდის დაფინანსებაში. შტერი ვგონივართ მემგონი ბრიტანეთის ელჩს, როდესაც ის თვლის, რომ ქართველი ხალხი დაიჯერებს, რომ პარტიული პროპაგანდისტული კედლის გაზეთი “ტაბულას” დაფინანსება არის დამოუკიდებელი მედიის დაფინანსება და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დაფინანსება და მეორე შტერი ჰქონია ქართველი ხალხი თუ ბრიტანეთის ელჩი ფიქრობს, რომ ენჯეო “მომავლის აკადემია” თუ რაღაც ასე ჰქვია, მისი დაფინანსება რომლის ლიდერები არიან გია ჯაფარიძე, ზიბზიბაძე და ასე შემდეგ, პარტიული ხალხი, რომ ამ ორგანიზაციების დაფინანსება ემსახურება თვითმმართველობის არჩევნების რაღაცა მზადებას. ყველას შეგახსენებთ, რომ ერთიც, მეორეც, მესამეც - სუყველა მუშაობს იმისთვის რომ ჩაშალოს თვითმმართველობის არჩევნები”[16].

გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე წელია ქართულ ოცნებასთან ასოცირებული ტელეკომპანია „იმედი“ და „პოს ტვ“ გარკვეული პერიოდულობით ამზადებენ პროპაგანდისტულ და დეზინფორმაციულ სიუჟეტებს[17], რომელიც თავს ესხმის მოსარჩელეს და მის საქმიანობას წარმოაჩენს ძალადობრივ დაჯგუფებად. ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მასთან აფილირებული მედიების მიერ წარმოებული კამპანია მოსარჩელის და მისი მენეჯერების საქმიანობის წინააღმდეგ ნათლად აჩვენებს, რომ მათთვის მოსარჩელის საქმიანობა მიუღებელია მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად ექცევა საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში.

აღნიშნულიდან გამომდიანრე, ცალსახაა, რომ სადავო ნორმების მიხედვით, ხდება მოსარჩელეთა სტიგმატიზება, რითაც ილახება საზოგადოებაში არებული მათი რეპუტაცია. მოსარჩელეებისთვის უცხოური პრინციპალის აგენტის იარლიყის დაწესებით საფრთხე ექმნება მათი საქმიანობის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, განსხვავებით ე.წ რუსული კანონისგან, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული, გასაჩივრებული კანონი ადგენს ვალდებულებას საზოგადოებასთან კომუნიკაციაში შესვლისას აგენტად წოდებულმა სუბიექტმა ყოველ ჯერზე თავი მასტიგმატიზებელი იარლიყით წარუდგინოს.

სადავო ნორმები მოსარჩელეებზე მასტიგმატიზებელი იარლიყის მიწებებასთან ერთად ითვალისწინებს დეტალური სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ვალდებულებასაც. ცხადია, აღნიშნული ინფორმაციის წარდგენას დასჭირდება ორგანიზაციის მიერ ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსების მობილიზება, რაც გაერთიანების თავისუფლებაზე დაწესებული დამატებითი ტვირთია. ბოლოს, გასაჩივრებული ნორმები ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის, რაც გაერთიანების თავისუფლებაზე დაწესებული უმძიმესი სანქციაა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმებით შექმნილი სამართლებრივი მოწესრიგება უხეშად ერევა მოსარჩელეთა გაერთიანების თავისუფლებაში. უფლებაში ჩარევის გამართლება კი უნდა შეფასდეს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნის შესაბამისად.

a. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, კონსტიტუციის მეორე თავით დაცულ უფლებებში ჩარევის კონსტიტუციურობის საკითხი თანაზომიერების ტესტით ფასდება. მითითებული ტესტის მიხედვით, სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად არსებობს უფლებაში ჩარევის ლეგიტიმური მიზანი, რომელიც ამავდროულად იქნება მიზნის მიღწევის გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული საშუალება. ამდენად, პირველ რიგში უნდა შეფასდეს თუ რამდენად აქვს გასაჩივრებულ ნორმებ ისეთი ლეგიტიმური მიზანი, რომელიც კონსტიტუციით დაცული გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის საჭიროებას გაამართლებდა.

i. ლეგიტიმური მიზანი

თანაზომიერების ტესტის პირველი მოთხოვნა ისეთი საჯარო ინტერესის არსებობაა, რომელიც უფლებაში ჩარევას ლეგიტიმურს, შესაბამისად, კონსტიტუციასთან თავსებადს გახდიდა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული მიდგომების თანახმად, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“[18]. დამატებით, ლეგიტიმური მიზანის შესაფასებლად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მოეთხოვება დაასაბუთოს ლოგიკური კავშირი უფლების მზღუდავ რეგულირებასა და მისაღწევ საჯარო მიზანს შორის.

გასაჩივრებული კანონის განმარტებით ბარათში მითითებულია: „2024 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალობის მიზანსა და შესაბამის პრევენციულ ფუნქციას. აღნიშნულის ნათელი მაგალითია საქართველოში არსებული რეალობა. კერძოდ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა, რომლებიც დიდი ოდენობით იღებენ უცხოური ძალისგან დაფინანსებას, უარს ამბობს კანონით გათვალისწინებულ რეესტრში რეგისტრაციაზე და ამჯობინებს დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სანქცია. შესაბამისად, დღეს მოქმედი კანონით ვერ ხერხდება კანონმდებლის ნების ეფექტიანი აღსრულება. აქედან გამომდინარე, საჭიროა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს კანონმდებლის ნების სათანადო რეალიზებას”. ამდენად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასაჩივრებული კანონის მიღება იმ მიზნების უფრო ეფექტიანად მიღწევაში მდგომარეობს, რაც ქართული ოცნების პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაისახა. თავისმხრივ აღნიშნული კანონის ლეგიტიმურ მიზანს კი უცხოური გავლენის გამჭირვალეობის უზრუნველყოფა წარმოადგენდა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაშიც გასაჩივრებული კანონის მიღების სავარაუდო მიზანი უცხოური გავლენის გამჭირვალეობის უზრუნველყოფაა, რაც მისი მხარდამჭერთა აზრით, მიიღწევა უცხოური პრინციპალის აგენტების გამჭირვალეობით. შესაბამისად, უნდა შეფასდეს არის თუ არა დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ისეთი საჯარო ინტერესი, რომელიც გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას გაამართლებდა და ასევე, უნდა შეფასდეს რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი უფლების მზღუდავ რეგულირებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს შორის.

აღნიშნული საკითხების შესაფასებლად მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ ვენეციის კომისიის 2024 წლის 21 მაისის სამართლებრივი შეფასება[19] ე.წ რუსულ კანონთან მიმართებით. კერძოდ, ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასების 61-ე პარაგრაფში მითითებულია, რომ ცალკე აღებული გამჭირვალეობის უზრუნველყოფა არ წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს უფლების შეზღუდვისთვის, არამედ ის შეიძლება იყოს ისეთი ლეგიტიმური მიზნების მიღწევის საშუალება, როგორიცაა მაგალითად საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, ანდაც ისეთი დანაშაულის პრევენცია როგორიცაა ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. იგივეზე მიუთითებს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2024 წლის 30 მაისის[20] სამართლებრივი შეფასების 28-ე პარაგრაფიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ნორმების ლეგიტიმური მიზანი, რომგორიცაა უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაციების გამჭირვალეობა, ცალკე აღებული ვერ გამოდგება გაერთიანების თავისუფლებით დაცულ უფლებაში ჩარევის ლეგიტიმურ ინტერესად. ამასთან, არც კანონი და არც განმარტებითი ბარათი არ მიუთითებს, რომ კანონის მიზანია სხვა ისეთი ინტერესების უზრუნველყოფა, როგორიცაა მაგალითად სახელმწიფო უსაფრთხოებას, ფულისგ გათეთრება ანდაც ტერორიზმის დაფინანსების პრევენცია.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეფასდეს გასაჩივრებული ნორმებით დაკისრებული ვალდებულებები რამდენად ემსახურება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭირვალეობის უზრუნველყოფას. სხვა სიტყვებით, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და გასაჩივრებული ნორმებით დაწესებულ რეგულაციებს შორის. დამატებით, აღნიშნული საკითხის შეფასებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში მივიღოთ დასახელებული ლეგიტიმური მიზანი ხომ არ არის საშუალება, რომლითაც გადაიფარება ის რეალური მიზნები, რომლის მიღწევაც კანონის ინიციატორებს სურთ ორგანიზაციებზე დაწესებული ვალდებულებებით.

კანონით გათვალისწინებული ღირსების შემლახავი იარლიყი

მოსარჩელე, ისევე როგორც საქართველოში რეგისტრირებული სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთა საწესდებო მიზნებიც დაკავშირებულია საგანმანათლებლო საქმიანობასთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან, ე.წ watchdog ფუნქციის განხორციელებასთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გაწევასთან, კანონის მიხედვით შეიძლება გამოცხადდეს უცხოური პრინციპალის აგენტებად. აღნიშნული ორგანიზაციების საქმიანობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ნდობისა და რეპუტაციის მოპოვება, ვინაიდან სხვაგვარად ისინი ვერ შეძლებენ დასახული მიზნების მიღწევას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებას. გასაჩივრებული ნორმებით, მოსარჩელეზე და სხვა ორგანიზაციებზე მასტიგმატიზირებელი იარლიყის მიწებება ძირს უთხრის აღნიშნული ორგანიზაციების ნდობას და რეპუტაციას, ვინაიდან სახელმწიფო მათ განიხილავს როგორც უცხოური პრინციპალის აგენტებს. ამდენად, მოსარჩელისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის მასტიგმატიზირებელი იარლიყის მიწებებას არანაირი კავშირი არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალობის უზრუნველყოფასთან. მისი რეალური მიზანი არა აღნიშნული ორგანიზაციების გამჭირვალეობის უზრუნველყოფა, არამედ მათი საზოგადოებრივი ნდობისა და რეპუტაციის ძირის გამოთხრაა, რაც შედეგად მათი საქმიანობის შეფერხებას და საბოლოოდ შეწყვეტას გამოიწვევს.

კანონით გათვალისწინებული მონიტორინგი და სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის ვალდებულება

დამატებით, სადავო ნორმები მოსარჩელეს პოტენციურად დაავალდებულებს სარეგისტრაციო განცხადების წარდგენას, რომელიც უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მისი საქმიანობისა და ფინანსების შესახებ. ამ ინფორმაციაში კი შესაძლოა მოხვდეს ისეთი ინფორმაციაც, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციას განეკუთვნება. სარეგისტრაციო განცხადების წარდგენის შემდგომ კი ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს უფლებამოსილება მოსარჩელეს დამატებით მოსთხოვოს ინფორმაცია ნებისმიერ დამატებით საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ გასაჩივრებული ნორმების თანახმად, რეგისტრაციის განცხადების შევსება არ გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონით რეგისტრაციის განცხადების ან დამატებითი დოკუმენტების შესაბამის ვადებში განზრახ არასათანადოდ შევსებისთვის, არსებითი ფაქტების განზრახ გაყალბებისთვის, ისეთი ფაქტების გამოტოვებისთვის, რომლებიც რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, ისეთი მატერიალური მტკიცებულების განზრახ წარუდგენლობისთვის ან ისეთი მატერიალური დოკუმენტის ასლის წარუდგენლობისთვის, რომლის წარდგენაც აუცილებელია რეგისტრაციის განცხადებისთვის. მოცემული განცხადების წარდგენისთვის კი ნორმის ადრესატს 10 სამუშაო დღის ვადა აქვს.

დამატებით, გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, საქართველოში მყოფმა ყველა იმ პირმა, რომელიც უცხოური პრინციპალის აგენტია და ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის თანახმად, უცხოური პრინციპალის ინტერესების შესაბამისად რაიმე საინფორმაციო მასალის ფოსტით ან სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ან საგარეო ვაჭრობის საშუალებების ან სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, ნაბეჭდი მასალის ან ისეთი ფორმით გავრცელებისას, რომელიც გულისხმობს, რომ ის გავრცელდება ან გონივრულ ფარგლებში ივარაუდება, რომ გავრცელდება ორ ან ორზე მეტ პირს შორის, ანტიკორუფციულ ბიუროს ამ საინფორმაციო მასალის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათისა მისი 2 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს.

მსგავსი ინფორმაციის მიწოდება და განხილული ვალდებულებების შესრულება გარდაუვლად გამოიწვევს მესამე პირთა უფლებების, მათი პირადი ცხოვრების გაუმართლებელ დარღვევას, რაც მოსარჩელეს საქართველოში მოქმედი სხვა კანონმდებლობითა და საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალული აქვს. შესაბამისად სადავო კანონი რეალურად მოსარჩელეს პოტენციუად ავალდებულებს სხვა კანონების დარღვევას.

კანონით გათვალისწინებული სანქციები

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაჩივრებული ნორმები კანონის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე სეკუნდა მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-4 მუხლის მე-2, მე-4 ან მე-5 პუნქტით ან მე-8 მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტით“ განსაზღვრული ვალდებულების (გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნისა) შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება − ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ.

გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსარჩელეს და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც არ სურთ საქმიანი რეპუტაციისა და ღირსების შემლახავი სახელის დარქმევა, ფუნქციონირების შესაძლებლობას სრულად ართმევს და საპასუხოდ ითვალისწინებს მათ დაჯარიმებას ან თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, გასაჩივრებული ნორმებით დაწესებული სანქციების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობის უზრუნველყოფა კი არა, აღნიშნული მიზნის საფარველქვეშ მოსარჩელე ორგანიზაციების პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრციდან გაქრობაა ეს კი ვერ იქნება ლეგიტიმური მიზანი, რომელიც გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას გაამართლებდა.

საბოლოოდ, გასაჩივრებული ნორმების მოქმედების პირობებში გარდაუვლად მოხდება მოსარჩელეების სტიგმატიზება, რაც გამოიწვევს როგორც ფართო საზოგადოებაში, ასევე მათ ბენეფიციარებში მათდამი ნდობის დაკარგვას და საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სადავო ნორმები ასევე შეაფერხებს და ძირითად საქმიანობას მოწყვეტს ორგანიზაციებს კანონით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად დროითი, ფინანსური და ადამიანური რესურსების მოცდენის ხარჯზე. ასევე აუცილებლად დაზიანდება ორგანიზაციებისა და მათი ბენეფიციარების ურთიერთობა, რაც ორგანიზაციების საქმიანობის პროდუქტებსა თუ სერვისებს ბენეფიციარების თვალში არასასურველს და არასაიმედოდ აქცევს. საბოლოოდ, სადავო ნორმების მოქმედების პირობებში სტიგმატიზებულ და რესურსებგამოცლილ ორგანიზაციებს ბოლოს მოუღებს და გაანადგურებს მათზე დაკისრებული სანქციები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული კანონის გამოყენებით გარდაუვლად მოხდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაქრობა დემოკრატიული პროცესებიდან. ამდენად, კანონის განმარტებით ბარათში მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობის ლეგიტიმური ინტერესი არანაირ კავშირში არ არის გასაჩივრებულ კანონის რეალურ მიზნებთან, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.

1. საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პირველი მუხლის „გ“ პუნქტი ქვეპუნქტებთან ერთად, მე-2 მუხლის პირველი (ქვეპუნქტებთან ერთად), მეორე და მეოთხე პუნქტები, მე-4 მუხლი, მე-5 მუხლი, მე-6 მუხლი, მე-7 მუხლი, მე-8 მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე სეკუნდა მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით

a. უფლებით დაცული სფერო

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ხოლო, ამავე დებულების მე-5 პუნქტი ჩამოთვლის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებსს, კერძოდ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმა, „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას.’’[21] მნიშვნელოვანია ისიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა თანაბრად შეუძლიათ როგორც ფიზიკურ პირებს, ისე პირთა ჯგუფს. ,,სახელმწიფო, იღებს ... ვალდებულებას ერთნაირად უზრუნველყოს პირთა ჯგუფის, თუ ცალკეულ პირთა უფლება, აზრის მათთვის სასურველი ფორმით თავისუფლად გამოხატვაზე.’’[22]

b. უფლებაში ჩარევა

მოსარჩელეები, როგორც ფიზიკური პირი ასევე იურიდიული პირი ორგანიზაციული საქმიანობის ფარგლებში საწესდებო მიზნების მისაღწევად გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად ასევე იყენებენ გამოხატვის თავისუფლებას. როგორც უკვე აღინიშნა მოსარჩელეების წინააღმდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებისა და მასთთან აფილირებული მედიების მიერ აქტიურად მიმდინარეობს მადისკრედიტირებელი კამპანია. აღნიშნული კამპანია კი სწორედ იმიტომ ხორციელდება რომ როგორც ქართული ოცნებისთვის, ასევე მასთან აფელირებული მედიებისთვის მიუღებელია ის პოზიციები, რასაც მოსარჩელეები გამოხატავენ გაერთიანების თავისუფლების ფარგლებში საქმიანობისას. ამდენად, სადავო ნორმები გაერთიანების თავისუფლებასთან ერთად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან მათზე მიწებებული მასტიგმატიზებელი იარლიყი, მათზე განჭვრეტად მომავალში დაკისრებული სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენის ვალდებულება, ასევე კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ართმევს როგორც გაერთიანების ფარგლებში საქმიანობის შესაძლებლობას, ასევე იმ იდეების გამოხატვას და მხარდაჭერას, რომლის გამოც ქართული ოცნება აპირებას მათ უცხოური პრინციპალის აგენტებად შერაცხვას.

c. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა

წინამდებარე სარჩელში სადავო ნორმების კონსტიტუციის 22-ე მუხლთან მსჯელობისას მოსარჩელემ მიუთითა ყველა ის არგუმენტი, რომელიც სადავო ნორმებს არაკონსტიტუციურად აქცევს კონსტიტუციის მე-17 მუხლთან მიმართებითაც. მოცემულ შემთხვევაში მე-17 მუხლის შეზღუდვა არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭირვალეობის უზრუნველყოფის მოტივით ვერ იქნება გამართლებული დამატებით იმ არგუმენტით, რომ მე-17 მუხლის მეხუთე პუნქტი არ იცნობს მოცემული უფლების არასამთავრობო სექტორის გამჭირვალეობის უზრუნველყოფის საფუძვლით შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, სახეზეა კონსტიტუციის მე-17 მუხლის დარღვევა, რის გამოც სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი მე-17 მუხლის პირველ და მეხუთე პუნქტებთან მიმართებით.

2. საქართველოს კანონი „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მე-2 მუხლის პირველი (ქვეპუნქტებთან ერთად), მეორე და მეოთხე პუნქტების, აგრეთვე მე-5 და მე-6 მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებთან

a. კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა

საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დაცულია ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პირადი ცხოვრების ცნება ფართო კონცეფციაა და შედგება არაერთი უფლებრივი კომპონენტისგან, რომლებიც დაცულია კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლით. ზოგადად, პირადი ცხოვრება გულისხმობს ინდივიდის ცხოვრებისა და განვითარების კერძო, პრივატული სფეროს არსებობას, პირის უფლებას, სახელმწიფოსა და საზოგადოებისგან დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი ადგილი, დამოკიდებულება და კავშირი გარე სამყაროსთან, ასევე, ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მოახდინოს ინფორმაციისა თუ მოსაზრებების გაცვლა-გაზიარება მათთან.[23]

გასაჩივრებული კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს ვალდებულებას რეგისტრაციის განცხადებაში მითითებული იყოს ორგანიზაციის, მისი თანამშრომლებისა და მისი ბენეფიციარების შესახებ დეტალური ინფორმაცია, რაც მათ შორის განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. ამავე მუხლის მეოთხე პუნქტი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. მე-5 მუხლი ადგენს ყველა სავალდებულდ წარსადგენი დოკუმენტების შენახვის ვალდებულებას. მე-6 მუხლი კი ადგენს ამ ინფორმაციის გასაჯაროების, ხელმისაწვდომობის და სხვა უწყებებისთვის გადაცემის წესს. ამდენად, სადავო ნორმები ითვალისწინებს მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მისი პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაციის დამუშავების (შენახვა, გადაცემა, გასაჯაროება და ა.შ.) შესაძლებლობას, რის გამოც სადავო ნორმებით ხდება ჩარევა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის ძირითად უფლებაში.

b. უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობა

როგორც უკვე აღინიშნა უფლებაში ჩარევის თითოეული შემთხვევა დასაბუთებული უნდა იყოს თანაზომიერების ტესტის კრიტერიუმების დაცვით. კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს, რომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით. გასაჩივრებული ნორმები მოსარჩელეს ავალდებულებს პერსონალური მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ანტიკორუფციული ბიუროსთვის გადაცემას, რისი საჭიროებაც საბუთდება სადავო ნორმების განმარტებით ბარათში მითითებული ლეგიტიმური ინტერესით - უცხოური გავლენის გამჭირვალეობის მიზნით. მოსარჩელემ სადავო ნორმების კონსტიტუციის 22-ე მუხლთან კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას სათანადოდ დაასაბუთა თუ რატომ არ შეიძლება იყოს ცალკე აღებული უცხოური გავლენის გამჭირვალეობის ინტერესი რომელიმე უფლების შეზღუდვის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში მე-15 მუხლის შეზღუდვა უცხოური გავლენის გამჭირვალეობის საფუძვლით ვერ იქნება გამართლებული დამატებით იმ არგუმენტით, რომ მე-15 მუხლის პირველი პუნქტი არ იცნობს მოცემული უფლების უცხოური გავლენის გამჭირვალეობის საფუძვლით შეზღუდვის შესაძლებლობას. ამდენად, საქართველოს კანონი “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის” მე-2 მუხლის პირველი (ქვეპუნქტებთან ერთად), მეორე და მეოთხე პუნქტები, აგრეთვე მე-5 და მე-6 მუხლები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით.


[1] https://www.consilium.europa.eu/en/press/press-releases/2024/06/28/european-council-conclusions-27-june-2024/

[2] OSCE/ODIHR, Parliamentary Elections 26 Octomber 2024 Final Report, available: https://www.osce.org/files/f/documents/1/6/584029.pdf

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის N2/2/439 გადაწყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ომარ ალაფაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2.

[4] იქვე, II-5.

[5] იქვე, II-9.

[6] CASE OF ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA, ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/?i=001-217751

[7] იქვე, პარ. 78.

[8] Judgement of the Court of Justice of the European Union (Grand Chamber) of 18 June 2020 European Commission v Hungary In Case C‑78/18, ხელმისაწვდომია: https://curia.europa.eu/juris/liste.jsf?num=C-78/18

[9] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW (VENICE COMMISSION) HUNGARY OPINION ON THE DRAFT LAW ON THE TRANSPARENCY OF ORGANISATIONS RECEIVING SUPPORT FROM ABROAD Adopted by the Venice Commission at its 111th Plenary Session (Venice, 16-17 June 2017), ხელმისაწვდომია: https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2017)015-e

[10]იქვე, პარაგრაფი 113.

[11] იქვე,, პარაგრაფი 116.

[12] https://www.interpressnews.ge/ka/article/795565-mamuka-mdinaraze-dimitri-chikovani-da-aleksandre-zibzibaze-gushin-es-bichebi-raciebit-mozraobdnen-jgupebs-anacilebdnen-da-xalxi-ver-aiqolies-provokaciashi/

[13] https://formulanews.ge/News/110403

[14] https://imedinews.ge/ge/politika/333362/vin-aris-aleqsandre-zibzibadze-vints-aqtsiis-monatsileebs-dzaladobisken-moutsoda

[15] https://www.facebook.com/publika.ge/posts/pfbid0xAT8zLiNpjnReG19QBDeTLwiyTRwaDi1N4aJsXhAYd6wdJNHhN4zwBerYarAKnWTl

[16] https://bit.ly/44ZgXkD

[17] https://www.youtube.com/watch?v=vCGOEbeiIDY&list=PLj4RPJprGmVgkwDTpWpTXBAj4j_DvbFgw&index=6; https://www.youtube.com/watch?v=rPnmFusRd60&list=PLj4RPJprGmVgkwDTpWpTXBAj4j_DvbFgw&index=1; https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=1054900009042755;

[18] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15.

[19] EUROPEAN COMMISSION FOR DEMOCRACY THROUGH LAW, URGENT OPINION ON THE LAW ON TRANSPARANCY OF FOREIGN INFLUENCE, ხელმისაწვდომია:

[20] OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (ODIHR), URGENT OPINION ON THE LAW OF GEORGIA “ON TRANSPARENCY OF FOREIGN INFLUENCE”, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/odihr/569922

[21] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება, II.პ.26;

[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის 5 ნოემბერის # 2/2/180-183 გადაწყვეტილება;

[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 04 ნოემბრის განჩინება N3/14/1687 გიორგი მიქელაძე საქართვგელოს პარლამენტის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წინააღმდეგ, II-6.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ