საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N1/8/1326 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 19 ოქტომბერი 2018 19:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე- წევრი;
მაია კოპალეიშვილი- წევრი.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1326) მომართა საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილმა. კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2018 წლის 13 ივნისს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 19 ოქტომბერს.
2. №1326 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, აგრეთვე 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. სადავო ნორმა განსაზღვრავს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას 2019 წლის პირველ იანვრამდე.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საკუთრების უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძვლებს.
5. მოცემული სარჩელით, დავის საგნად არის ქცეული უფლება მოთხოვნაზე, რომლის კანონიერი მოლოდინი შექმნა 1992 წელს მოსარჩელის მიერ მომგებიანი სესხის ობლიგაციის შეძენამ. კონსტიტუციური სარჩელიდან და თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ფლობს საბჭოთა მანეთის ღირებულების მქონე 1990 და 1992 წლებში გამოცემულ სახელმწიფო ობლიგაციებს. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფოს ამ ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულებები დღემდე არ შეუსრულებია.
6. მოსარჩელე მიუთითებს, რომ „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სავალო ვალდებულებათა შორის ასევე მოექცა საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის შინაგანი მომგებიანი სესხის ობლიგაციების გამოშვებით წარმოქმნილი ვალდებულება. მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ვალს აგრეთვე მიეკუთვნება 1990 წლის სახელმწიფო უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება.
7. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისია იქმნება სახელმწიფო საშინაო ვალის, მათ შორის 1992 წელს გამოშვებული ობლიგაციებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალის პრობლემების განხილვის, გადაჭრისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია კომისიის რეკომენდაციის გაცემა, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული პარლამენტის, მთავრობის ქმედითობა და სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების შესრულება.
8. მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ 2004 წლიდან დღემდე კომისიის უფლებამოსილების ვადა არაერთხელ შეიცვალა და, საბოლოოდ, სადავო ნორმით, განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვარი. მოსარჩელის აზრით, სახელმწიფოს დადგენილი პრაქტიკა ყოველწლიურად კომისიის უფლებამოსილების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, თავისი არსით, კომისიის არსებობის იდეას აცლის საფუძველს და თვითმიზნურად აჭიანურებს სახელმწიფოს ფინანსური ვალდებულების შესრულების პროცესს.
9. მოსარჩელე განმარტავს, რომ ობლიგაციების შეძენით მას წარმოეშვა სახელმწიფოს მიერ საპირწონე ვალდებულების შესრულების კანონიერი მოლოდინი. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სახელმწიფო არ ასრულებს თავის ვალდებულებას, მუდმივად ახანგრძლივებს კომისიის უფლებამოსილების ვადას, მიზანმიმართულად აჭიანურებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას, რაც საკუთრების უფლებაში ჩარევას წარმოადგენს.
10. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ მთავრობის დადგენილებაში სადავო ცვლილებით, საქართველოს მთავრობა საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადას ყოველწლიურად ახანგრძლივებს იმგვარად, რომ საშინაო ვალი არც ერთ ჯერზე არ განუსაზღვრავს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, არ არის რეგლამენტირებული, როგორ უნდა მოხდეს დასახელებული ვალის გასტუმრება.
11. შესაბამისად, მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ნორმა არაკონსტიტუციურია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
12. არგუმენტაციის გასამყარებლად მოსარჩელე მხარე ასევე იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია დასაბუთებულობის მოთხოვნა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებანი, რომლებიც, მისი აზრით, ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. თითქმის ანალოგიურია „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა. ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9).
2. №1326 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი „საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 15 ნოემბრის №108 დადგენილების მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. ხსენებული ნორმის თანახმად, სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვარი. შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უდნა მოიყვანოს არგუმენტაცია, რომელიც წარმოაჩენს კომისიის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ნორმის მის უფლებებთან მიმართებას.
3. მოსარჩელე მიუთითებს საკუთარ ინტერესზე, სახელმწიფომ შეასრულოს უპროცენტო მიზნობრივი ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებები. იგი მიუთითებს, რომ მისი უფლებების დარღვევას სახელმწიფო ობლიგაციებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაუკმაყოფილებლობა განაპირობებს. თუმცა მოსარჩელე არ მიუთითებს, თუ რატომ წარმოადგენს კომისიის არსებობა ან/და მისი უფლებამოსილების ვადის გაგრძელება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემაფერხებელ გარემოებას. სარჩელში არც ისაა მითითებული, თუ როგორც შეუწყობს ხელს კომისიის გაუქმება, მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვა მოსარჩელის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. მოსარჩელეს არ მოუყვანია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართებაა სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის უფლებამოსილების ვადის 2019 წლის პირველი იანვარით განსაზღვრასა და მის მიერ სარჩელში დაყენებულ პრობლემას შორის.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, №1326 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის, 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1326 კონსტიტუციური სარჩელი („საქართველოს მოქალაქე ქართლოს ზაქარეიშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი