შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
ნომერი | N1894 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
ავტორ(ებ)ი | შორენა წიკლაური |
თარიღი | 4 სექტემბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
---|---|
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი: „ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება. | მე-9 მუხლის პირველი პუნქტი: „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო”. |
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-5 ნაწილი: „ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე. | მე-11 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება: „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია”. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
●წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
● სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
● სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირების მიერ, კერძოდ, შორენა წიკლაურის მიერ, რომელიც არის ფიზიკური პირი და რომლის ქონებითაც უზრუნველყოფილ იქნა სესხი, რომელიც გაიცა იურიდიულ პირზე (სააღსრულებო ფურცელი თან ერთვის).
● სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი.
● სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
● სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით;
● კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის;
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
გასაჩივრებულია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმადაც: ”ფიზიკურ პირზე (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, აგრეთვე წყლის და საჰაერო სატრანსპორტო საშუალება.” აღნიშნული ითვალისწინებს სესხებზე ფიზიკური პირების ქონების დატვირთვის აკრძალვას. მუხლის მიზანია, დაიცვას ფიზიკური პირის პირადი ქონება, რათა პირი არ დარჩეს „უსახლკაროდ“. თუმცაღა, იგი ასევე უშვებს შესაძლებლობას, რომ სესხი აიღოს იურიდიულმა პირმა და უზრუნველყოფა მოხდეს ფიზიკური პირის ქონებით.
ჩვვენი აზრით, 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველ პუნქტს. კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო.“ ღირსება სხვადასხვანაირად შეიძლება იქნას განმარტებული და მასთან დაკავშირებით უამრავი სასამართლო პრაქტიკა არსებობს, მაგრამ მოცემული სარჩელის ეტაპზე ჩვენ შემოვიფარგლებით იმ განმარტებით, რომ სწორედ ღირსების განუყოფელი ნაწილია ადამიანის უზრუნველყოფა საცხოვრებელი ფართით.
აღნიშნულს ამტკიცებს კონსტიტუციის მე-5 მუხლიც, რომლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე.“ აქვე მოვიშველიებთ განმარტებით ბარათს საქართველოს კანონის პროექტზე, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ დოკუმენტის ნომრით (3315-რს), რომლის თანახმადაც, ”სესხების აგრესიული მარკეტინგი და მათი გამარტივებული ხელმისაწვდომობა აჩენს საფრთხეს, რომ შინამეურნეობამ აიღოს ჭარბი ვალი და გახდეს ვალაუვალი. ამასთან, უარესდება მოსახლეობის ამ ნაწილის სოციალური მდგომარეობა და იზრდება მისი საზოგადოებიდან გარიყვის რისკები. ხშირ შემთხვევაში, მსესხებელი პირები კარგავენ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთულ ქონებას, რაც მათი ერთადერთი საარსებო წყარო შეიძლება იყოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, საფრთხე ექმნება იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის 100%-იანი ლიმიტი დაწესდა - მომხმარებლების დაცვა ჭარბვალიანობისგან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო სამართლებრივი საშუალებები - გირავნობა და იპოთეკა არ განსაზღვრავს მოვალის სამართლებრივი დაცვის მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში. გირავნობა და იპოთეკა დღევანდელ რეალობაში არა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, არამედ კრედიტორის (ე.წ. „მევახშეების“ და ლომბარდების) ძირითადი ინტერესი გახდა. კანონპროექტის მიზანია, თავიდან იქნას აცილებული ე.წ. „მევახშეების“ მხრიდან სესხის მიზნობრიობის არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესაძლებლობა.”
მეორე სადავო ნორმის, 286-ე მუხლის მე-5 ნაწილი, ითვალისწინებს გამონაკლისს ამავე მუხლის წინა პუნქტიდან. კერძოდ, „ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული კომერციული ბანკის, მიკრობანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების − საკრედიტო კავშირის და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ დასადები/დადებული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია კრედიტის გამცემი ძირითადი სუბიექტები, რომლებიც იპოთეკას გასცემენ.
ჩვენი აზრით, დარღვეულია, კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომელიც ადგენს, რომ „ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია“. აქედან გამომდინარე, გაუგებარია ის ფაქტი, რომ, თუ სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილი იცავს იმას, რომ ფიზიკური პირი უსახლკაროდ არ დატოვოს მევახშემ, მაშინ ამავე მუხლის მე-5 ნაწილით რატომაა შესაძლებელი იგივე ფიზიკური პირი უსახლკაროდ დატოვოს ბანკმა. საბოლოოდ, ფაქტია, რომ თანასწორობის პრინციპი აშკარად დარღვეულია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა