• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1898
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ვასილ როინიშვილი,
ავტორ(ებ)ი ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"
თარიღი 25 სექტემბერი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-5 პუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი: „გაერთიანების თავისუფლება უზრუნველყოფილია.“
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-5 პუნქტი: „ანტიკორუფციული ბიურო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით ანტიკორუფციული ბიურო იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი: „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;

ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:

სარჩელს თან ერთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის ბრძანება ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ №3/7316-25 საქმეზე. აღნიშნული ბრძანებიდან ირკვევა: „2025 წლის 16 სექტემბერის მომართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, ასევე წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე №3/7317-25 სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ“ (იხილეთ ბრძანება №3/7316-25 საქმეზე მე-2 გვერდი ).

აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 49-ე პუნქტში (ბრძანება №3/7316-25 საქმეზე მე-16 გვერდი) აღნიშნულია:

„სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (შემდგომში ასევე საია) (ს/კ 204861373) თაობაზე ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ:

50. საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებისაგან: სს „პეივ ჯორჯია“, სს „ჰეშ“, სს „პეისარ ბანკი საქართველო,“ სს „კრედო ბანკი“, სს „იშ ბანკი საქართველო“, სს „პაშა ბანკი საქართველო“ სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „ტერა ბანკი“, სს „სილქ ბანკი“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ზირაათ ბანკი საქართველო“, სს „ბანკი ქართუ“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „საქართველოს ბანკი“, სს „ბაზისბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“ - გამოთხოვილ იქნეს ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (ს/კ 204861373) მიერ, 2025 წლის 16 აპრილიდან 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ინფორმაცია.

51. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია 2025 წლის 16 აპრილიდან 2025 წლის 15 სექტემბრის პერიოდში ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (ს/კ 204861373) მიერ გამოწერილი და მიღებული ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესახებ;

52.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისაგან გამოთხოვილი იქნეს 2025 წლის 16 აპრილიდან 2025 წლის 15 სექტემბრის პერიოდში, ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (ს/კ 204861373) მიერ გადასახადის წყაროსთან დაკავებული განაცემების შესახებ ინფორმაცია;

53. ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) გამოთხოვილ იქნეს 2025 წლის 16 აპრილიდან 2025 წლის 15 სექტემბრამდე მოქმედი/დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარულ ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის, საერთაშორისო სპორტულ ასოციაციასთან, ფედერაციასთან, კომიტეტთან), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტთან, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) მათ შორის (მე-16 გვერდის დასასრული);

53.1. საგრანტო ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაო გეგმა, თანხების გაცემის გრაფიკი, გრანტების ბიუჯეტის დეტალური პროექტი და მის ფარგლებში დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები;

53.2. ინფორმაცია საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ გამცემი პირის, თარიღის, დანიშნულების, მიზნობრიობის, ოდენობისა და მატერიალური ფასეულობების მითითებით;

53.3. საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების შესრულების შუალედური და საბოლოო თხრობითი (ნარატიული) ანგარიში;

53.4. შუალედური და საბოლოო ფინანსური ანგარიში საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში შესრულებული გადასახადების ან/და განკარგული მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ, დამოწმებული გრანტის მიმღების პასუხისმგებელი პირის მიერ, - რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დამხმარე დოკუმენტები (მათ შორის ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო დავალებები, ხარჯთაღრიცხვის ცნობები, ხელფასის უწყისები);

54. ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) გამოთხოვილი იქნეს საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) ფარგლებში და მიზნებისათვის დადებული ან/და მოქმედი ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხმება (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია);

55. ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) გამოთხოვილი იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, მოქმედ საგრანტო ხელშეკრულებაში 2025 წლის 16 აპრილის შემდგომ შევიდა თუ არა „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 07 ივლისის №250 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული ცვლილება (გრანტის გამოყენების მიზანი, მოცულობა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულება).

56. 53-ე პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა საქართველოს მთავრობის წინაშე გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარდგენა და კანონმდებლობით განსაზღვრული თანხმობის მიღება.“ (ბრძანება №3/7316-25 საქმეზე მე-17 გვერდი)

ამგვარად, სადავო ნორმები უკვე გავრცელდა მოსარჩელეზე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაზე. „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი; ვინაიდან სადავო ნორმები უკვე გავრცელდა მოსარჩელეზე, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია იდავოს გასაჩივრებული ნორმების კონსტიტუციურობაზე.

გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით და მე-18 მუხლის პირველი პუნქტით;

ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;

ზ) დავის საგანს წარმოადგენს საკანონმდებლო აქტი და არ არსებობს იერარქიულად ზემდგომი აქტის გასაჩივრების საჭიროება.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

1..2. ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების გამოთხოვა

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიურო გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგის განხორციელების მიზნით უფლებამოსილია: დ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია;“ ამგვარად, სადავო ნორმა ადგენს შემდეგი კატეგორიის ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობას: განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია, სხვა პერსონალური ინფორმაცია და სახელმწიფოს საიდუმლოების გარდა ყველა სხვა საიდუმლო ინფორმაცია.

ამასთან, სასამართლო ბრძანება ავალდებულებს საბანკო დაწესებულებებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს მიაწოდონ ნებისმიერი ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბრძანებაში არ არის დაკონკრეტებული, რომ მოთხოვნილია ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია, გამოთხოვილი ინფორმაციის მასშტაბები ამგვარი მონაცემების გასაჯაროებასაც შესაძლოა გულისხმობდეს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საია, ცალკეულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის თანხას უხდის იმ პირებს, ვის ინტერესებსაც იცავს საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში. ამ ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ტრანზაქციის გზით, ანტიკორუფციულ ბიუროს ეცოდინება, ახლად აღებული საქმეებში მონაწილე საიას მარწმუნებელი პირების ვინაობა, რომელთა სარჩელები საერთო სასამართლოში ახალი შესულია და საქმეზე სასამართლო სხდომები ჯერ არ გამართულა, შესაბამისად, საჯარო სხდომის გზით არ გახმაურებულა ის ფაქტი, რომ საია იცავს კონკრეტული პირის უფლებებს სასამართლოში. ამგვარად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, საჯარო სხდომის დანიშვნამდე წინასწარ იცის იმ პირის ვინაობა, ვისი ინტერესებსაც იცავს საია. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს სასამართლოს თანხმობით, აქვს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, მათ შორის ოჯახში ძალადობის ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირის საქმეებზე, ყველა შემთხვევაში: სასამართლოს მიერ თავისი აქტებიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირის ვინაობის დეპერსონალიზაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, ისე მას შემდეგაც. სადავო ნორმა სიტყვა-სიტყვით მიუთითებს იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს აქვს წვდომა ყველანაირი ტიპის საიდუმლო ინფორმაციაზე, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს აქვს შესაძლებლობა, ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიდან გაიგოს, ვის საქმეს აწარმოებს საია, ეს ეხება, მათ შორის ოჯახში და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი პირის საქმესაც, იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო მიიღებს სხდომის დახურვის ან საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ასეთი პირის პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზების გადაწყვეტილებას. ამის შესაძლებლობას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს აძლევს ბაჟის გადახდასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქცია, ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან, მათ შორის სასამართლოდან ინფორმაციის გამოთხოვის შესაძლებლობა და იმის უფლებამოსილება, რომ ესა თუ ის ინფორმაცია გამოითხოვოს თავად საზოგადოებრივი გაერთიანებისაგან. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს წვდომა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე, მათ შორის პროფესიული საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე.

გარდა ბაჟის გადახდის ტრნზაქციის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოთხოვისა, ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს საიას ბენეფიციარის ვინაობის გაგების სხვა შესაძლებლობაც. როდესაც კონკრეტული საგრანტო პროექტის ფარგლებში საიას თანამშრომელი მიდის მივლინებაში, რათა მონაწილეობა მიიღოს სხვა ქალაქში გასამართ სასამართლო პროცესში, შიდა დოკუმენტში (მივლინების განაცხადი) იურისტი უთითებს საქმის დასახელებას (მხარის სახელსა და გვარს). თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება ითვალისწინებს ანტიკორუფციული ბიუროსათვის ისეთი ინფორმაციის მიწოდებას, რაც ეხება საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ გამცემი პირის, თარიღის, დანიშნულების, მიზნობრიობის, ოდენობისა და მატერიალური ფასეულობების მითითებას (№3/7316-25 საქმეზე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის 53.2 პუნქტი). ამ დოკუმენტში მოიაზრება იურისტის მივლინების შესახებ ინფორმაცია. გარდა იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო იგებს იმას, თუ სად წავიდა/მიდის იურისტი მივლინებაში, რამდენს ხარჯავს ის ამ მივლინებისათვის, არამედ ასევე ანტიკორუფციული ბიუროსათვის ცნობილი ხდება, ვის საქმეზე მიდის/წავიდა იურისტი მივლინებაში

№3/7316-25 საქმეზე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი 53.3 პუნქტი ასევე ადგენს, რომ საია ვალდებულია ანტიკორუფციულ ბიუროს მიაწოდოს საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების შესრულების შუალედური და საბოლოო თხრობითი (ნარატიული) ანგარიში; შესაძლოა საიამ აიღოს კონკრეტული ბენეფიციარის საქმე, შუალედურ ნარატიულ ანგარიშში მიუთითოს, რომ საიას იურისტი ამზადებს კონკრეტული სახელისა და გვარის მქონე ბენეფიციარის სარჩელს, თუმცა შუალედური ანგარიშის წერის მომენტისათვის ეს სარჩელი არ იყოს დასრულებული და სასამართლოში გაგზავნილი. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს, შუალედურ ნარატიულ ანგარიშზე წვდომის მეშვეობით, ექნება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვისი სახელით აპირებს საია სასამართლოში დავას. ანტიკორუფციული ბიუროს ბევრად ადრე ექნება ინფორმაცია საიას ბენეფიციარის შესახებ, ვიდრე სარჩელი საერთოდ შევა სასამართლოში. ანტიკორუფციულ ბიუროს ბენეფიციარის ვინაობის შესახებ ინფორმაცია ექნება ჯერ კიდევ სარჩელის წერის პროცესში

„ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი დასათაურებულია, როგორც პროფესიული საიდუმლოება. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ადვოკატი ვალდებულია: დაიცვას პროფესიული საიდუმლოება, გასული დროის მიუხედავად; კლიენტის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების პროცესში მისგან მიღებული ან/და მის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია); ამასთანავე, არ გაამჟღავნოს კლიენტის ვინაობა, თუ ეს კლიენტმა წინასწარ წერილობით მოითხოვა. კლიენტის ვინაობის გამჟღავნების აკრძალვა ყოველგვარ აზრს მოკლებულია, როცა სადავო ნორმა ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის, ნარატიული ანგარიშის, მივლინების განაცხადის გამოთხოვის გზით აძლევს ანტიკორუფციული სამსახურის უფროსს შესაძლებლობას, მოიპოვოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ. კლიენტები, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლები, მოერიდებიან საიას ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებასთან თანამშრომლობას, თუკი ეცოდინებათ, რომ მათ შესახებ პერსონალური მონაცემები არ არის დაცული სახელმწიფოსაგან. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებიან მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც არ შესწევთ დამოუკიდებლად ბაჟის გადახდის შესაძლებლობა და ვერ აკმაყოფილებენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურიდიული მომსახურების მიღებისა და ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კრიტერიუმებს. როდესაც ბენეფიციარები, მათი პერსონალური მონაცემების გახმაურების შიშით, თავს იკავებენ საზოგადოებრივ გაერთიანებასთან თანამშრომლობისაგან, ამგვარი ორგანიზაცია მოკლებულია თავისი იდეალური მიზნის განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ ნაწილშიც ადგილი აქვს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ჩარევას.

1.2. ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების დამუშავების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებების უზრუნველყოფის ზოგადი პრინციპების თანახმად, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება. შესაბამისად, კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის გასამართლებლად აუცილებელია, არსებობდეს ღირსი ლეგიტიმური მიზანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და ... საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები − თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა დასახელდეს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობა - იმის დადგენა 2025 წლის 17 აპრილის შემდეგ საზოგადოებრივმა გაერთიანებამ მოიპოვა თუ არა ახალი გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე ან ხომ არ შეცვალა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოქმედი გრანტის ხელშეკრულების მიზანი მთავრობის თანხმობის გარეშე. საია, საკონსტიტუციო სასამართლოში 2025 წლის 18 აგვისტოს რეგისტრირებული N1886 სარჩელით სადავოდ ხდის იმას, რომ მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე ან საგრანტო ხელშეკრულების მიზნის შეცვლაზე თანხმობის გაცემა არაკონსტიტუციურია. ამ სარჩელით, საია კვლავაც ადასტურებს N1886 სარჩელში გამოხატულ პოზიციას. შესაბამისად, ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით აქ გამოხატული პოზიცია, არ უნდა იქნეს განმარტებული N1886 სარჩელიდან უკან დახევად. ზოგადად, ნებისმიერი სახელმწიფო ორგანოს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება, თუნდაც ამ უფლებამოსილების შესრულება იწვევდეს კონსტიტუციის დარღვევას, ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება ჩაითვალოს, იმ დრომდე ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო ამ ორგანოს უფლებამოსილების მიზნის დამდგენ ნორმას არაკონსტიტუციურად ცნობს. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მზად არის, გაიზიაროს მოსაზრება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის ან სხვა პერსონალური მონაცემის გამოთხოვა ემსახურება ლეგიტიმური მიზნის - ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი ფუნქციის ჯეროვნად შესრულების ამოცანის - მიღწევას, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად არ ცნობს N1886 სარჩელით გასაჩივრებულ ნორმებს.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობისა და აუცილებლობის კრიტერიუმებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-35).

ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). აუცილებელია, სადავო რეგულაციით, შესაძლებელი იყოს ლეგიტიმური მიზნების რეალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უფლების მზღუდავი ნორმატიული რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვარგისი საშუალება, რაც გამოიწვევს ამ რეგულირების მიჩნევას აღნიშნული უფლების გაუმართლებელ, თვითნებურ შეზღუდვად (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-36).

იმავდროულად, „გამოსადეგობასთან“ ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებადმზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწროდ მიმართული საშუალება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 12 ნოემბრის №1/2/1475 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „ბექანასი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20). საჭიროა, არ არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის N3/5/744 გადაწყვეტილება საქმეზე ნათელა ჯაშიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-37).

მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რამდენად აკმაყოფილებს კლიენტის პერსონალური მონაცემების და პროფესიული საიდუმლოების გამხელა გამოსადეგობის და აუცილებლობის მოთხოვნებს. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ ბენეფიციარის მონაცემების გამხელა და ადვოკატის პროფესიული საიდუმლოების დაცვის შეზღუდვა არ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს.

გარდა გამოსადეგობისა და აუცილებლობისა, უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

სამართლიანი ბალანსი არ არის დაცული, როცა ანტიკორუფციულ ბიუროს ბაჟის გადახდის დამადასტურებელი და მივლინების დოკუმენტის, ნარატიული ანგარიშის გამოთხოვისას წვდომა აქვს კლიენტის სახელზე, გვარზე, სხვა ტიპის პერსონალურ მონაცემზე (ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება), მათ შორის მაშინ, როცა სასამართლოს ჯერ არ დაუწყია ამ კლიენტის საქმის განხილვა და არ მიუღია გადაწყვეტილება სხდომის დახურვის და საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ძალადობის მსხვერპლი პირის მონაცემების დეპერსონალიზაციაზე. დაპირისპირებულ ინტერესებს შორის ბალანსი სამართლიანად იქნებოდა დამყარებული, თუკი ანტიკორუფციული ბიურო დეპერსონალიზებული ფორმით გამოითხოვდა ინფორმაციას ბენეფიციარის თაობაზე. ამით, თავიდან იქნებოდა აცილებული, ერთი მხრივ, ბენეფიციარის ვინაობის გამჟღავნების და ადვოკატის პროფესიული მოვალეობის დარღვევის საფრთხე, ისე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი დაადგენდა, რომ გრანტის თანხა დაიხარჯა სამართალწარმოებაზე. ამის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიურო შეაფასებდა იმას, ეს სამართალწარმოება რამდენად ხორციელდება იმ პროექტის ფარგლებში, რაზეც მთავრობამ თანხმობა გასცა. ამგვარი სამართლიანი ბალანსის არ არსებობის პირობებში, ირღვევა კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი.

1.1. წევრების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Buckley v. Valeo, 424 U.S. 1 (1976) (https://supreme.justia.com/cases/federal/us/424/1/) მიმოიხილა თავისი პრეცედენტული სამართალი გაერთიანების თავისუფლებასთან დაკავშირებით, კერძოდ აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ განაცხადა:

„ჯგუფის გაერთიანების თავისუფლება დაცულია იმის გამო, რომ ამით გაძლიერდეს იდეის ეფექტიანი ადვოკატირება. რწმენის და იდეების წახალისების მიზნით გაერთიანება სუსტი იქნება, თუკი არ იარსებებს იმის შესაძლებლობა, შემოწირულობა იქნეს მიღებული. ფულადი თანხები ხშირად არსებითია იმისათვის, რომ გაერთიანების ადვოკატირება რეალური ან ოპტიმალურად ეფექტიანი იყოს. ადამიანის პიროვნული მრწამსის თავისუფლებაში შეჭრა საკმაოდ სერიოზული იქნება, როდესაც სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ეხება ორგანიზაციის მიერ მისი წევრებისაგან საწევრო გადასახადის მიღებასა და ხარჯვას. ასეთ ფინანსურ შემოწირულობებს შეუძლია ნათელი მოჰფინოს მისი შემომწირველის საქმიანობასთან, გაერთიანებასა და პიროვნულ მრწამსთან დაკავშირებულ მრავალ ასპექტს. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს წარსულ გადაწყვეტილებებს მკაფიო ზღვარი არ გაუვლია ორგანიზაციის შემომწირველებს და წევრებს შორის. ამ ორს ერთმანეთის შემცვლელ ტერმინად მიიჩნევდა სასამართლო. ბეითსის საქმეში სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო ქალაქის მერის ნორმატიული აქტი, რომელიც ორგანიზაციისაგან ითხოვდა ხელისუფლების ინფორმირებას, ვინ და როდის გადაუხადა ორგანიზაციას საწევრო და შემოწირულობა.”

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Bates v. Little Rock, 361 U.S. 516 (1960) https://supreme.justia.com/cases/federal/us/361/516/#522 განაცხადა: „სიახლეს არ წარმოადგენს ის, რომ იმ ჯგუფისათვის, რომელიც დაკავებულია კონკრეტული იდეების ადვოკატირებით, ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც გულისხმობს მისი წევრების ვინაობის დასახელებას, წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვას. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ აღიარა, რომ სასიცოცხლო კავშირი არსებობს გაერთიანების თავისუფლებასა და ამ ორგანიზაციაში ადამიანის წევრობის საიდუმლოების დაცვას შორის. ადამიანის ორგანიზაციის წევრობის საიდუმლოების დაცვა განუყოფელია გაერთიანების თავისუფლების შენარჩუნებასთან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორგანიზაცია იცავს დისიდენტურ მრწამსს. ასოციაციის წევრების სიის გამჟღავნება მნიშვნელოვან რისკებს უქმნის წევრების გაერთიანების თავისუფლებას. არსებობს გაუქარწყლებელი მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ კონკრეტული პირის ორგანიზაციის წევრობის ფაქტის გამჟღავნებამ გამოიწვია ამ წევრების შევიწროება და მათ მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა. ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ საზოგადოების მხრიდან მტრული დამოკიდებულების და ეკონომიკური ანგარიშსწორების შიშმა ხელი ააღებინა ადამიანებს კონკრეტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების განზრახვაზე, ხოლო ყოფილი წევრები აიძულა გასულიყვნენ ორგანიზაციიდან. რეპრესიის საფრთხე, პიროვნულ დონეზე ურთიერთობის გაუარესება და ზეწოლა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ორგანიზაციისაგან, სასჯელის მუქარის შიშით, მოითხოვა მისი წევრების სახელების გამჟღავნება.“

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე NAACP v. Alabama ex rel. Patterson, 357 U.S. 449 (1958) https://supreme.justia.com/cases/federal/us/357/449/ განაცხადა: „მომჩივანი ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი წევრების სახელით, აქვს დავის უფლება იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ითხოვს გაერთიანებისაგან მისი წევრების ვინაობის გამჟღავნებას და ამით, გაერთიანების წევრების უფლებები ირღვევა. აშშ-ს უზენაესი სასამართლო ეთანხმება მომჩივან ორგანიზაციას და აცხადებს, რომ მას, ამ შემთხვევაში, უფრო უკეთ შეუძლია თავისი წევრების უფლებების დაცვა. გაერთიანებისა და მისი წევრების ინტერესებს შორის არსებობს საკმარისი კავშირი საიმისოდ, რომ გაერთიანებამ იმოქმედოს, როგორც მისი წევრების წარმომადგენელმა უზენაესი სასამართლოს წინაშე. ამგვარი დასკვნის გაკეთებისას აშშ-ს უზენაესი სასამართლო უარყოფს მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, ასოციაციას არა აქვს უფლება, იდავოს თავისი წევრების კონსტიტუციურ უფლებაზე, იმ შემთხვევაში, როცა ეს წევრები არ მონაწილეობენ საქმეში მხარის სტატუსით. უზენაესი სასამართლოს განმარტება ფართოდ რომ არ იყოს აღქმული, სასამართლო ზოგადად იმეორებს იმ პრინციპს, რომ მხარეებს უფლება აქვთ, იდავონ უშუალოდ მათ კუთვნილ კონსტიტუციურ უფლებაზე. ეს პრინციპი უკრძალავს სასამართლოს საქმის განხილვას, როცა ის პირი, ვისი კონსტიტუციური უფლებაც არის სასამართლოში სადავოდ ქცეული, არ მონაწილეობს საქმის განხილვაში მხარედ. ასეთი ადამიანის უფლებების დაცვა შეუძლებელია გარდა ერთი გამონაკლისისა, როდესაც ამ პირს ჰყავს წარმომადგენელი სასამართლოს წინაშე.

თუ ორგანიზაციის რიგით წევრს აქვს ამ ორგანიზაციასთან კავშირის გაწყვეტის უფლება, იმის მიუხედავად, მოსთხოვა თუ არა სახელმწიფომ ორგანიზაციას მისი წევრების ვინაობის გამჟღავნება, აშკარაა რომ, ამ შემთხვევაში წევრების უფლებებს ყველაზე ეფექტიანად ორგანიზაცია დაიცავს. დავის უფლება ასეთ შემთხვევაში მხოლოდ წევრებს რომ ჰქონდეთ, ეს აზრს დაუკარგავდა გაერთიანების უფლების არსს, ვინაიდან სასამართლოში დავის შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არსებობს მაშინ, როცა ანგარიშსწორების შიშით წევრი გაერთიანებას ტოვებს. ამ უფლებების დასაცავად ორგანიზაცია ყველაზე შესაფერისი სუბიექტია. ორგანიზაცია და მისი წევრები ამ სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში, პრაქტიკული თვალსაზრისით, ერთი და იგივე სუბიექტები არიან. ასოციაცია, რომელიც თავისი წესდებით ადგენს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც პასუხობს ამ ორგანიზაციის პრინციპებს და მოთხოვნებს, ხდება გაერთიანების წევრი, წარმოადგენს მედიუმს ადამიანის მიერ მისი მოსაზრებების ეფექტიანად გამოსახატავად. თუკი სახელმწიფო მოსთხოვს ორგანიზაციას მისი წევრების ვინაობის დასახელებას და ამის გამო შემცირდება წევრების რაოდენობა, საწევროების შემცირების გზით, გაუარესდება თავად გაერთიანების ფინანსური მდგომარეობა. ეს კიდევ ერთი ფაქტორია იმისათვის, რომ უზენაესმა სასამართლომ დაადგინოს, რომ ორგანიზაციას, მისი წევრების მონაწილეობის გარეშე, შეუძლია იდავოს ორგანიზაციის მიერ ამ წევრების ვინაობის დასახელების ვალდებულების შესრულების შედეგად წევრების უფლებების დარღვევის შემთხვევაში.“

საიას წესდების (იხილეთhttps://admin.gyla.ge/uploads_script/gyla_charter/tmp/phparS2LR.pdf) 6.1 მუხლის თანახმად, ასოციაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ასოციაციის წევრთა საერთო კრება. მორიგი საერთო კრება მოიწვევა გამგეობის მიერ და ტარდება ყოველი წლის ნოემბერ-დეკემბერში.“ ამავე წესდების 61 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო კრება: დამსწრეთა ორი მესამედის უმრავლესობით იღებს ასოციაციის წესდებას და ცვლილებები შეაქვს მასში; ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო კრება ფარული კენჭისყრით დამსწრეთა ფარდობითი უმრავლესობით ირჩევს გამგეობის წევრებს.“ ამგვარად, საია წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა. წევრები საერთო კრების მეშვეობით მონაწილეობენ ორგანიზაციის მართვაში. საიას წესდების 5.1. მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ასოციაციის წევრს უფლება აქვს გადაიხადოს საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით;

№3/7316-25 საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 სექტემბრის ბრძანების 50-ე პუნქტი ითხოვს საბანკო დაწესებულებიდან ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცეს 2025 წლის 16 აპრილიდან 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ინფორმაცია. ეს ბრძანება არ აკონკრეტებს ტრანზაქციის შინაარსს. იგულისხმება, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს ეცოდინება, საიას წევრების სახელი, გვარი, საბანკო ანგარიშის ნომერი, პირადი ნომერი, მათ მიერ გადახდილი საწევროს ოდენობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ არსებობს მტრული დამოკიდებულება. მაგალითად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა სახელმწიფო გადატრიალებაში, უცხო ქვეყნების აგენტობაში (იხილეთ ირაკლი კობახიძის განცხადება https://civil.ge/ka/archives/641075). ეს განცხადება ერთი წვეთია, არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ წარმოებული მტრული კამპანიისა, რაც 2023 წლიდან დღემდე გრძელდება. ამასთან აღსანიშნავია, მოსარჩელის შენობის ფასადზე გაკეთებული მტრული წარწერები - „აგენტები“ - (იხილეთ შემდეგ ბმულზე https://short-url.org/1b2Cr)

თუკი ანტიკორუფციულ ბიუროს ექნება წვდომა საიას წევრების ვინაობაზე, ბანკიდან საწევროს გადახდის დამდასტურებელი ტრანზაქციების გამოთხოვის გზით, საიასთან კავშირის გამო, წარმოიშობა საწევროების გადამხდელ წევრებზე ზეწოლის და მუქარის სერიოზული საფრთხე. ყველაზე დიდი რისკის წინაშე დგანან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საჯარო სამსახურში დასაქმებული საიას წევრები. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელს ადვილად შეუძლია საიას ასეთ წევრს დაატოვებინოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან მისი მოადგილის თანამდებობა. ამ საფრთხეს განსაკუთრებით ზრდის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიმართ პოლიტიკური ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული კითხვები. საიას წევრებზე მოპოვებული ინფორმაცია ზრდის ამ ინფორმაციის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მედიაში მოხვედრის და ე,წ, „აგენტებთან“ კავშირის გამო ამ ადამიანების შევიწროების შესაძლებლობას.

ანტიკორუფციული ბიუროს მიმართ საკმარისი დამოუკიდებლობის გარანტიების არ არსებობაზე საუბრობს ვენეციის კომისია. ამ უკანასკნელის 2023 წლის 18 დეკემბრის CDL-AD(2023)046 დასკვნის მე-20 პუნქტში (https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2023)046-e) აღნიშნულია: „ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი შეირჩევა საჯარო კონკურსის გზით 7 წევრისაგან შემდგარი კომისიის მიერ. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრი ბიუროს უფროსად ნიშნავს კონკურსის გზით კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი არანაკლებ ორიდან და არაუმეტეს ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთ კანდიდატს. პრემიერ-მინისტრს შეუძლია მოტივირებული გადაწყვეტილებით უარი განაცხადოს მისთვის წარდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთის დანიშვნაზე. ასეთ შემთხვევაში კომისიამ არსებული განაცხადებიდან ახალი კანდიდატები უნდა წარუდგინოს პრემიერ-მინისტრს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების ვადა ექვსი წელია, რაც გრძელდება ახალი ხელმძღვანელის დანიშვნამდე. მართალია, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსობის კანდიდატების თავდაპირველ შერჩევას ახდენს საკონკურსო კომისია, რომლის შვიდიდან ოთხ წევრი ან პოლიტიკურ უმრავლესობას წარმოადგენს ან უმრავლესობის დანიშნულია, კომისიის შემადგენლობა საკმარისად პლურალისტური არ არის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანდიდატის შერჩევაზე საბოლოო სიტყვას ამბობს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც დამატებით, გააჩნია მოტივირებული უარის თქმის შესაძლებლობა, ისევე როგორც მოქმედი ბიუროს უფროსისათვის უფლებამოსილების გაგრძელების შესაძლებლობა, ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესის გაჭიანურებით.“

ვენეციის კომისიის ამავე დასკვნის 22-ე პუნქტში აღნიშნულია, ვენეციის კომისია მიესალმება, იმას, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობაზე არ შეიძლება განმეორებით არჩეულ იქნეს ერთი და იგივე პირი, ამის მიუხედავად, ვენეციის კომისია ადგენს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილების შეწყვეტის მომწესრიგებელი დებულებები საჭიროებს შესწორებას. ეს განსაკუთრებით ეხება შემდეგ ნორმას: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლებამოსილება უწყდება მაშინ, როდესაც ის არ ასრულებს თავის მოვალეობას ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში. ეს ნორმა საკმაოდ ფართოა და არ შემოიფარგლება იმ შემთხვევებით, როცა პირი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს ფიზიკური ან მენტალური ავადმყოფობის გამო... „

ვენეციის კომისიის აღნიშნული დასკვნის 23-ე პუნქტში აღნიშნულია, „ზემოთ აღნიშნული გარემოებების ერთობლივად მხედველობაში მიღებით, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შერჩევის და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი ჩრდილს აყენებს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობას და იმას, რომ ეს ბიურო აღქმული არ იქნება, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური.“

გარდა იმისა, რომ არ არსებობს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობის და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის აღქმის საკმარისი ინსტიტუციური გარანტიები, ამ ინსტიტუტის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო ასუსტებს მოქმედი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის განცხადებები. მაგალითად, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა სარკისრებურად აირეკლა პოლიტიკური თანამდებობის პირის, პრემიერ-მინისტრის რიტორიკა და გაიმეორა უარყოფითი კონოტაციის შემცველი გამონათქვამი „მდიდარი NGO-ები“ (ირაკლი კობახიძის განცხადება - https://1tv.ge/news/irakli-kobakhidze-otkhi-partia-da-10-ze-meti-mdidari-ngo-atas-kacsac-veghar-krebs-radikaluri-opozicia-aghar-eqvemdebareba-gacockhlebas-imdenad-mdzime-mdgomareobashi-chaagdes-isev-matma-patronebma/ რაჟდენ კუპრაშვილის განცხადება- https://1tv.ge/news/radjden-kuprashvili-ramdenime-organizaciis-mier-mizanmimartulad-vrceldeba-araswori-informacia-titqos-biuro-am-organizaciebisgan-aramiznobrivad-itkhovs-dokumentacias/). ამით რაჟდენ კუპრაშვილმა არა მარტო სადავო ნორმით შესამოწმებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მტრული დამოკიდებულება გამოავლინა, არამედ თავი ისე წარმოაჩინა, როგორც პოლიტიკური ხელისუფლების ნაწილმა და მისი რიტორიკის გამხმოვანებელმა. ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ საქმეში საკონსტიტუციო სასამართლომ, ხაზი გაუსვა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის დაცვის აუცილებლობას. საკონსტიტუციო სასამართლოს თქმით, „ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტის გამოყენების საჭიროებას განაპირობებს საზოგადოების მხრიდან გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის მიმართ არსებული მოლოდინი/საჯარო ინტერესი, საკითხის გადაწყვეტის ამა თუ იმ ეტაპზე მისი მიუკერძოებელი და ნეიტრალური დამოკიდებულების შენარჩუნების თაობაზე. ამ მოლოდინს, თავის მხრივ, წარმოშობს გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს/პირის სტატუსი და მასზე დაკისრებული ფუნქციები, აგრეთვე კანონმდებლობით მოწესრიგებული ამ ფუნქციის განხორციელებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები. აქედან გამომდინარე, ობიექტური მიუკერძოებლობის ტესტი, ექსკლუზიურად, მხოლოდ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოების მიმართ არ გამოიყენება. იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი სხვა ორგანოს/პირის მიმართ.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 7 მარტის N3/1/1362 გადაწყვეტილება საქმეზე ანა დოლიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-29). ანა დოლიძის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციურად სცნო ნორმა, რომელიც ითვალისწინებდა მიუკერძოებლობის ობიექტური ტესტის დარღვევის გამო ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის აცილების საკითხს. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის საჯარო განცხადება „მდიდარ NGO”-ებზე, ობიექტურობის ნეიტრალური ტესტის საფუძველზე, იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ არ არსებობს გაერთიანების წევრების კონფიდენციალობის დაცვის საკმარისი ინსტიტუციური და ფაქტობრივი გარანტიები.

ნებისმიერ შემთხვევაში, სადავო ნორმით ხდება გაერთიანების წევრების პერსონალური მონაცემების და მათი საწევროების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოსათვის გაზიარება. ეს კი უკვე წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევას. მომდევნო თავში უნდა დავადგინოთ, რამდენად არის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ამგვარი ჩარევა გამართლებული.

1.2. გაერთიანების წევრთა კონფიდენციალობის დარღვევის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

ზემოთ მივუთითეთ, რომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვა ექვემდებარება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საკუთარი უფლებამოსილების ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, იმ მომენტამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო არაკონსტიტუციურად ცნობს მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე თანხმობას. ზემოთ ასევე დავუშვით ის, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელება შესაძლოა ემსახურებოდეს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. მოსარჩელე მხარე, ვარაუდობს, რომ იგივე ლეგიტიმური მიზნები შესაძლოა არსებობდეს მაშინ, როცა ანტიკორუფციული ბიურო ბანკებიდან გაერთიანების მიერ განხორცილებული ტრანზაქციების გამოთხოვის გზით, იგებს გაერთიანების წევრების სახელს, გვარს, მათ საბანკო და პირად ნომერს, წევრის მიერ წლიურად გადახდილი საწევრო თანხის ოდენობას (განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს და სხვა ტიპის პერსონალურ მონაცემს).

ლეგიტიმურ მიზანთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს სურს მიუთითოს კანონპროექტის განმარტებით ბარათზე, იმისათვის, რომ ნათელი მოჰფინოს თუ რატომ გახდა აუცილებელი მთავრობის თანხმობა გრანტის გაცემაზე ან გრანტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების შეცვლაზე. განმარტებითი ბარათის მიხედვით (ttps://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/385442): „მნიშვნელოვანია, კანონით განსაზღვრულ უცხოურ წყაროთა ნაწილისგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება, რათა სათანადოდ იქნეს უზრუნველყოფილი ... სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვა.“ გრანტის გამცემებისგან განსხვავებით, საიას წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა, თუ ყველა არა, საქართველოს მოქალაქეა. მათ მიერ გადახდილი საწევრო გადასახადი არ არის უცხო წყაროთი მიღებული შემოსავალი. ეს ქართული წყაროთი, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი შემოსავალია. შესაბამისად, საწევროს შესახებ ინფორმაციის მიღება არ ემსახურება ლეგიტიმური მიზნის - უცხო წყაროდან მიღებული შემოსავლის გამოვლენის და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. ამასთან საწევრო გადასახადი არის ძალიან მცირე, სიმბოლური ხასიათის, რაც ვერ უზრუნველყოფს ისეთი დიდი ორგანიზაციის ხარჯების დაფარვას, როგორიც საიაა. საქართველოში არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო არ არის საწევრო გადასახადი. ხელისუფლებასაც ამ კუთხით არავითარი „საფრთხეების“ იდენტიფიცირება არ მოუხდენია. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საწევრო გადასახადის გადახდასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე წვდომა არავითარ ლოგიკურ კავშირში არ არის სუვერენიტეტის დაცვის გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზანთან.

ამგვარად, შერჩეული საშუალება არის გამოუსადეგარი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე საწევრო გადასახადის გადამხდელი პირების პერსონალური მონაცემების მოპოვება არღვევს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას.

3,1. ინფორმაციის გაცემის ვადა

სადავო ნორმა ადგენს 48 საათს, ეს არის დრო, როცა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე/არ დაკმაყოფილებაზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდის ამ 48 საათიან ვადას. რასაც მოსარჩელე ასაჩივრებს, არის ის, რომ სადავო ნორმა არაფერს ამბობს იმ შემთხვევაზე, მას შემდეგ, რაც სასამართლო დააკმაყოფილებს ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობას და არასამთავრობო ორგანიზაციას დაავალებს ანტიკორუფციული ბიუროსათვის პერსონალური ინფორმაციის გადაცემას, უცნობია, რა ვადაში უნდა გადასცეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროს სასამართლო ბრძანებაში მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტები. სადავო ნორმები უტოვებს ანტიკორუფციულ ბიუროს დისკრეციას, თავად განსაზღვროს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ სასამართლო ბრძანებაში მითითებული დოკუმენტების მისთვის მიწოდების ვადა. როგორც ქვემოთ მოყვანილი მაგალითიდან ირკვევა, ანტიკორუფციული ბიურო ამ დისკრეციას თვითნებურად იყენებს. ანტიკორუფციული ბიურო არასამთავრობო ორგანიზაციას განუსაზღვრავს ინფორმაციის ან დოკუმენტაციის მიწოდების იმგვარ არაგონივრულ ვადას, რაც შეუძლებელს ხდის ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის მოგროვებას. ის, რომ სადავო ნორმაში არ ჩაიწერა, რა ვადაშია ვალდებული არასამთავრობო ორგანიზაცია ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს სასამართლოს ბრძანებაში მითითებული დოკუმენტები, კანონმდებლის ამგვარი დუმილით შექმნილმა დისკრეციამ ანტიკორუფციულ ბიუროს მისცა თვითნებობის შესაძლებლობა. სწორედ ანტიკორუფციული ბიუროსათვის ამგვარი ფართო დისკრეციის დადგენის გამო არის გასაჩივრებული სადავო ნორმები.

სარჩელს თან ერთვის ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2025 წლის 17 სექტემბრის №0015712 წერილი, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო საიას აძლევს სამდღიან ვადას მოთხოვნილი ინფორმაციის წარსადგენად. ეს ვადა არ არის გათვალისწინებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით. ამ ბრძანების აღსასრულებლად დადგენილი 15 დღიანი ვადა. თბილისის საქალაქო სასამართლო და ანტიკორუფციული ბიური საიასაგან ითხოვს. შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტების წარდგენას:

ყველა საგრანტო ხელშეკრულება/შეთანხმება საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარულ ან სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან (მათ შორის, საერთაშორისო სპორტულ ასოციაციასთან, ფედერაციასთან, კომიტეტთან), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტთან, აგრეთვე უცხო ქვეყნის მთავრობასთან ან მის წარმომადგენლობასთან, უცხოეთის სამეწარმეო (თუ გრანტის მიმღები არის სახელმწიფო ან საქართველოს მთავრობა) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთან (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია) მათ შორის (მე-16 გვერდის დასასრული);

53.1. საგრანტო ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან დაკავშირებული სამუშაო გეგმა, თანხების გაცემის გრაფიკი, გრანტების ბიუჯეტის დეტალური პროექტი და მის ფარგლებში დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულებები;

53.2. ინფორმაცია საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში მიღებული ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ გამცემი პირის, თარიღის, დანიშნულების, მიზნობრიობის, ოდენობისა და მატერიალური ფასეულობების მითითებით;

53.3. საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების შესრულების შუალედური და საბოლოო თხრობითი (ნარატიული) ანგარიში;

53.4. შუალედური და საბოლოო ფინანსური ანგარიში საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების ფარგლებში შესრულებული გადასახადების ან/და განკარგული მატერიალური ფასეულობების (გარდა ფულისა) შესახებ, დამოწმებული გრანტის მიმღების პასუხისმგებელი პირის მიერ, - რომელსაც თან ახლავს შესაბამისი დამხმარე დოკუმენტები (მათ შორის ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო დავალებები, ხარჯთაღრიცხვის ცნობები, ხელფასის უწყისები);

54. საგრანტო ხელშეკრულების/შეთანხმების (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაციის/დოკუმენტაციის) ფარგლებში და მიზნებისათვის დადებული ან/და მოქმედი ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხმება (მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების/დამატების ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაცია);

55. ინფორმაცია იმის შესახებ მოქმედ საგრანტო ხელშეკრულებაში 2025 წლის 16 აპრილის შემდგომ შევიდა თუ არა „უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 07 ივლისის №250 დადგენილების მე-9 მუხლით განსაზღვრული ცვლილება (გრანტის გამოყენების მიზანი, მოცულობა და სახსრების (ფულადი თუ ნატურალური ფორმით) გამოყენების კონკრეტული მიმართულება).

56. 53-ე პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების არსებობის შემთხვევაში ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან (ს/კ 204861373) გამოთხოვილ იქნეს ინფორმაცია იმის შესახებ, განხორციელდა თუ არა საქართველოს მთავრობის წინაშე გრანტის ხელშეკრულების პროექტის წარდგენა და კანონმდებლობით განსაზღვრული თანხმობის მიღება.“ (ბრძანება №3/7316-25 საქმეზე მე-17 გვერდი).

ეს არის საკმაოდ მოცულობითი ინფორმაცია, ამ ინფორმაციის მოძიებას სამი დღის ვადაში სჭირდება ადამიანური ძალის მობილიზება, სამართლებრივი საკითხებზე მომუშავე იურისტების დაკავება ფინანსური საკითხებით - საიას სამი თანამშრომელი ჰყავს, ვინც ფინანსურ საკითხებზე მუშაობს. ეს არასაკმარისია იმისათვის, რომ სამი დღის ვადაში ამ ინფორმაციის მოგროვება მოხდეს. იურისტები უნდა მოწყდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობას და კონცენტრირდნენ ფინანსური დოკუმენტაციის მოგროვებაზე. ამის მიუხედავად, სამდღიანო ვადა იმდენად მცირეა, რომ მთელი იურისტების ჩართვა ფინანსური დოკუმენტის დასახარისხებლადაც კი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს ანტიკორუფციული ბიუროსათვის ყველა მოთხოვნილი დოკუმენტების წარსადგენად.

2022 წლის 14 ივნისის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში საქმეზე ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA 159-ე პუნქტში ნათქვამია: დამატებითი ღონისძიებები მნიშვნელოვან და გადამეტებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ ტვირთს აკისრებს მომჩივან ორგანიზაციებს და მის თანამშრომლებს, ართმევს მათ შესაძლებლობას დაკავდნენ მათი ძირითადი საქმიანობით. ამის გამო, მძიმე ფინანსური ანგარიშგების ტვირთის დაკისრება წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის კიდევ ერთ ფორმას. ვითარება კიდევ უფრო მძიმდება, როცა ანგარიშგების მოთხოვნები ბუნდოვანია და უფლებამოსილი ორგანოს დისკრეცია ვიწროდ არ არის შემოსაზღვრული (ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA Applications nos. 9988/13 and 60 others §159 14 June 2022).

სადავო ნორმებით არ არის დადგენილი ვადა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა მიაწოდოს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლო ინფორმაცია. ანტიკორუფციული ბიუროს აბსოლუტურ დისკრეციას წარმოადგენს ამ ვადის განსაზღვრა. შესაბამისად, სადავო ნორმა იძლევა ანტიკორუფციული ბიუროს მიერ იმგვარი არაგონივრული ვადის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც მძიმე ორგანიზაციულ ტვირთად დააწვება არასამთავრობო ორგანიზაციას. გაერთიანების თანამშრომლებს მოაცდენს ჩვეულებრივი სამუშაოდან და ამის მიუხედავად, არ უზრუნველყოფს იმას, რომ ისეთ არაგონივრულად მცირე ვადაში, როგორც სამი დღეა, არასამთავრობო ორგანიზაცია ყველა მოთხოვნილ დოკუმენტაციას სრულყოფილად წარუდგენს ანტიკორუფციულ ბიუროს.

სადავო ნორმა არც კონკრეტულ ვადას ადგენს, რომლის ფარგლებშიც არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს მოთხოვნილი დოკუმენტაცია და შესაბამისად, მოტივირებული შუამდგომლობის შემთხვევაში არც ამ ვადის გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს. ამგვარად, სახეზეა გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა. იმისათვის, რომ კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები იყოს დაცული, უნდა დაკმაყოფილდეს თანაზომიერების ტესტის მოთხოვნები. ამ საკითხს შემდეგ თავში განვიხილავთ.

3.2. ინფორმაციის გამოთხოვის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გამართლება

ამჯერად, საჯარო ლეგიტიმურ მიზნად შეიძლება დასახელდეს საქმის სწრაფად განხილვის ინტერესი. ეს უკანასკნელი არის ღირებული ლეგიტიმური მიზანი. იმავდროულად, სახეზეა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალება. ამასთან, სამდღიანი ვადის დადგენით არ არის სამართლიანი ბალანსი დადგენილი საქმის დროულად განხილვის ინტერესსა და გაერთიანების მიერ ორგანიზაციული ტვირთის აწევის ინტერესს შორის. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.“ ამ ნორმით დროულობა მჭიდრო კავშირშია სამართლიანობასთან. როდესაც არაგონივრული ვადის დაწესების გამო, მხარეს არა აქვს თავის დაცვის შესაძლებლობა - ისეთი ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარდგენის უნარი, რაც ადასტურებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას არ მიუღია გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე ან არ შეუცვლია გრანტის ხელშეკრულების მიზანი - არსებობს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ შეცდომის დაშვების ალბათობის და არასწორი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა.

არაგონივრულად მცირე ვადის გამო, როცა არასამთავრობო ორგანიზაციას არ ჰქონდა შესაძლებლობა - დაედასტურებინა, რომ გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე არ მიუღია ან გრანტის ხელშეკრულებაში უნებართვოდ ცვლილება არ შეუტანია - ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესაძლებლობა „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-64 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება −გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

საქმის დროულად განხილვის შესაძლებლობა იმდენად გადაწონის სხვა ინტერესს, რამდენადაც ის იძლევა სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ა)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) როდესაც არაგონივრულად მოკლე ვადაში არსებობს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, დროულობას უპირობო პრიორიტეტი ვერ ექნება მხარის შესაძლებლობასთან მტკიცებულების წარდგენის გზით გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაზე (საქმის სამართლიანი განხილვა). ვადები იმგვარად გონივრულად უნდა იყოს განსაზღვრული, რომ ერთი მხრივ, ადმინისტრაციული ორგანო დააზღვიოს შეცდომის დაშვებისგან, უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღება საქმის გარემოებების სრულყოფილად, ობიექტურად გამოკვლევის გზით, მეორე მხრივ, ადმინისტრაციულმა ორგანომ თავიდან უნდა აიცილოს სამართალდარღვევის ოქმის არასწორი შედგენა. სამდღიანი ვადა იმდენად არაგონივრულია, რომ იწვევს დაუსაბუთებლად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის საფრთხეს. ეს ვადა ასევე გამორიცხავს საქმის გარემოებების სრულყოფილად, ობიექტურად დადგენის შესაძლებლობას.

იმის დასადასტურებლად, რომ სამდღიან ვადაში შეუძლებელია დიდი მოცულობის ინფორმაციის და დოკუმენტაციის შეგროვება, მოსარჩელე მხარე მიუთითებს შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება დიდი მოცულობით ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს: მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ცალკეული დოკუმენტების მოძიებასა და დამუშავებას;“ თუკი არასამთავრობო ორგანიზაციაზე მეტი რესურსების მქონე ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობა ადგენს 10 დღის ვადას მნიშვნელოვანი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი ინფორმაციის გასაცემად და კანონმდებლის პოზიცია იმგვარია, რომ ამ დიდი მოცულობის ინფორმაციის გაცემა 10 დღეზე ნაკლებ ვადაში შეუძლებელია, გაუგებარია, რატომ თვლის სახელმწიფო, რომ დიდი მოცულობის ერთმანეთთან დაუკავშირებელი დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა გასცეს 3 დღის ვადაში.

ამასთან, „გრანტების შესახებ: საქართველოს კანონის მე-61 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, „ანტიკორუფციული ბიურო ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.“ ამგვარად, ანტიკორუფციულ ბიუროს ჯამში აქვს 6 თვიანი ვადა საქმის გარემოებების დასადგენად. ეს მაშინ, როცა ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოსაცემად დადგენილი ზოგადი ვადა არის ერთი თვე. შესაბამისად, გაუგებარია რამდენად მწვავეა 3 დღეში ინფორმაციის ან დოკუმენტის მიღების ინტერესი, მაშინ როდესაც ანტიკორუფციულ ბიუროს აქვს საკმაოდ დიდი - 6 თვიანი ვადა - საქმის გარემოებების სრულყოფილად და ობიექტურად გამოსაკვლევად და დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად.

დისკრეცია, რაც სადავო ნორმებმა ანტიკორუფციულ ბიუროს მიანიჭეს, პრაქტიკაში იწვევს არასამთავრობო ორგანიზაციისათვის იმგვარი ორგანიზაციული ტვირთის დაკისრებას, რომლის აწევაც თითქმის შეუძლებელია. შესაბამისად, არაგონივრული ვადების დადგენის შესაძლებლობის გამო, სადავო ნორმები არ ამყარებს სამართლიან ბალანსს საქმის სწრაფად განხილვის ინტერესს და არასამთავრობო ორგანიზაციისათვის მძიმე ტვირთის დაკისრებისაგან ინტერესს შორის. შესაბამისად, ადგილი აქვს კონსტიტუციის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

4.კონსტიტუციის მე-18 მუხლით დაცული სფერო

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის დროულად და სამართლიანად განხილვის უფლება ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ქმნის კონსტიტუციური უფლებების ან/და კანონიერი ინტერესების დაცვის პროცესუალურ გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-63).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მოთხოვნაა ღია, ანგარიშვალდებული, ეფექტიანი, მოქალაქეზე ორიენტირებული ადმინისტრაციული მმართველობის ჩამოყალიბება. კონსტიტუციის დასახელებული დებულება მოითხოვს, ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან გადაწყვეტილების იმგვარი პროცედურით მიღების წესის არსებობას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება პროცესის გამჭვირვალობა და მმართველობის სამართლიანობა. აუცილებელია, გადაწყვეტილების მიღების პროცედურის ფარგლებში მისაღები გადაწყვეტილების ბუნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფილი იყოს გადაწყვეტილების რაციონალურად, დროულად, გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე მიღების შესაძლებლობა. გადაწყვეტილების მიღების თანმიმდევრული, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცედურები, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რელევანტური გარემოებების მოკვლევა, საბოლოო ჯამში, სწორი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას ემსახურება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-64).

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით განმტკიცებული სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლება უზრუნველყოფს კანონის უზენაესობის პრინციპის განმტკიცებას. სწორედ მმართველობის განხორციელების პროცესში ხდება მოქალაქეებისათვის სამართლებრივი ნორმების გაცნობა, განმარტება/გამოყენება. შესაბამისად, აუცილებელია მოქალაქეებთან ამგვარი დიალოგი, მათ მიმართ კანონების ინდივიდუალური აღსრულება და მათი კონკრეტიზაცია სამართლიანი პროცედურით ხდებოდეს. მოქალაქეებთან დაკავშირებული საქმეების სამართლიანად განხილვის ფარგლებში ადმინისტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ, გაზარდონ სამართლის რეპუტაცია და, ამ გზით, გააძლიერონ მის მიმართ საზოგადოების ნდობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-65).

ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში ჩარევა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სადავო ნორმა ზღუდავს საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დროულ და სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“ II-66).

არაგონივრულად მცირე დრო, როცა მხარის მიერ მტკიცებულებების წარუდგენლობას, შესაძლოა მოჰყვეს ამ პირისათვის საზიანო შედეგი, ექცევა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში (იხილეთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 19 სექტემბრის N2/5/1592 გადაწყვეტილება საქმეზე იბრაჰიმ მუხტაროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ II-25). დოკუმენტის წარდგენა არის საშუალება ანტიკორუფციული ბიუროსათვის, სრულყოფილად დაადგინოს საქმის გარემოებები - აქვს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტი მთავრობის თანხმობის გარეშე ან შეცვალა თუ არა გრანტის ხელშეკრულება არასამთავრობო ორგანიზაციამ მთავრობის თანხმობის გარეშე. ეს ინფორმაცია არის მტკიცებულება, რომლითაც ანტიკორუფციული ბიურო გადაწყვეტს, არის თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საკმარისი საფუძველი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-64 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, გრანტის მიმღების მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღებისათვის. ინფორმაციის გამოთხოვა არის პროცედურულ-სამართლებრივი საშუალება. ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება უნდა იყოს სამართლიანი, რაც დაინტერესებულ პირს, მისცემს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე, დაცული კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით, ამასთან, როგორც შერმაზანაშვილის საქმეშია აღნიშნული: მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რელევანტური გარემოებების მოკვლევას, საბოლოო ჯამში, სწორი, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობას. ინფორმაციის გამოთხოვა არის საპროცესო-სამართლებრივი საშუალება ამგვარი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციისათვის წაყენებული მოთხოვნა- ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინოს დოკუმენტაცია არაგონივრულად მცირე ვადაში - ერევა კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ უფლებაში, ვინაიდან გამორიცხავს საქმის გარემოებების სრულყოფილად, ობიექტურად შესწავლას და დაინტერესებული მხარის შესაძლებლობას, მტკიცებულებების წარდგენის გზით გავლენა მოახდინოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მისაღებ საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რამაც შესაძლოა უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს მტკიცებულებების წარდგენისათვის ვალდებულ პირზე.

ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ არ არის დაცული სამართლიანი ბალანსი საქმის სწრაფად განხილვის ლეგიტიმურ მიზანსა და საქმის გარემოებების სრულყოფილად, ობიექტურად გამოკვლევის ინტერესს შორის, ამის გამო, სადავო ნორმა ასევე არღვევს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.

ამგვარად, სადავო ნორმები არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. შესაბამისად, ვითხოვთ გასაჩივრებული ნორმების არაკონსტიტუციურად და შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ