ლევან მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1911 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, |
| ავტორ(ებ)ი | ლევან მალანია |
| თარიღი | 30 ოქტომბერი 2025 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა) შენიშვნის მე-91 ნაწილი: „ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია“. | 1. საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები: „ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები; ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:
„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“;
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტი:
„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით“;
2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტი:
„საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“;
3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311-ე მუხლები;
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი:
„საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, წარმოვადგენ საქართველოს მოქალაქეს და მიმაჩნია, რომ სადავო ნორმის ამ სახით მოქმედების პირობებში, ნებისმიერ დროს არსებობს ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რისკი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით;
კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ ვხდი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის შენიშვნის მე-91 ნაწილის („ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პოლიციელი უფლებამოსილია მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას. ამასთანავე, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურება სამართალდამრღვევს დაეკისრება. სატრანსპორტო საშუალება მის მესაკუთრეს/მფლობელს დაუბრუნდება სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, თუ მას აქვს ისეთი ტექნიკური გაუმართაობა, რომლის არსებობისას აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია“) შესაბამისობას საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადამიანის ძირითადი უფლებების განხორციელებამ არ უნდა დაარღვიოს სხვათა უფლებები, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილია, რომ ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება.
„ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას, რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის და აუცილებელია, რომ იგი აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის მოთხოვნასაც. ამასთან, გამოსადეგობასთან ერთად შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდავ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26).
ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას „საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილ უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48). დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-60). უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. თანაზომიერების კონსტიტუციური პრინციპის მოთხოვნაა, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის საშუალება იყოს უფლების შეზღუდვის აუცილებელი, ვიწრომიმართული საშუალება. საჭიროა, არ არსებობდეს, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით აღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გონივრული შესაძლებლობა; წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.
ზემოაღნიშნული პრინციპების მხედველობაში მიღებით, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, სადავო რეგულირება ემსახურება თუ არა რაიმე ლეგიტიმური მიზნის მიღწევას და წარმოადგენს თუ არა უფლებაშემზღუდველი რეგულირება ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით („იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს) გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“) გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელისათვის მძღოლის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოშორებისა და ავტომობილის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილების მინიჭებას; ასევე, სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობას გარკვეული ვადისა და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
კანონმდებელმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 02.07.2025 წლის კანონის პროექტის (რომლითაც „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ დაემატა სადავო ნორმა) განმარტებით ბარათში მიუთითა, რომ „წარმოდგენილი კანონის პროექტის მომზადება განპირობებულია საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ამ დარგში გამოვლენილი სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით“. კანონპროექტის მიღების მოსალოდნელ შედეგად კი, კანონმდებელი ვარაუდობს, რომ სამართალდარღვევათა კოდექსი უკეთ უპასუხებს ქვეყანაში არსებულ ბოლო დროინდელ გამოწვევებს.
ამდენად, სადავო ნორმის მიზანმიმართულება ცალსახაა - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, რაც ღირებულ საჯარო (ლეგიტიმური) მიზანს წარმოადგენს თუმცა, პრობლემატურია საკითხი მასზედ, სადავო ღონისძიება ამ მიზნის მიღწევისათვის, რამდენად პროპორციული, გამოსადეგი და კონსტიტუციური საშუალებაა.
პროპორციულობის შეფასების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოებები:
- თვით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას მასში მითითებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. 2025 წლის 08 ივლისიდან (ცვლილებების ამოქმედების თარიღი), აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს გამკაცრებულ ჯარიმას - 200 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა) იმ პირის მიმართ, ვინც სჩადის ამინისტრაციულ სამართალდარღვევას;
- 2019 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება საქართველოში სავალდებულოა ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის;
- მთავრობის დადგენილებით, ინსპექტირებისას მოწმდება საატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია; სამუხრუჭო აღჭურვილობა; საჭით მართვის სისტემა; ხილვადობა; ფარები, შუქამრეკლები და ელექტრომოწყობილობა; ღერძები, თვლები, საბურავები და დაკიდება; შასი და მისი შემადგენლები; სხვა მოწყობილობები; გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება;
- ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლი თავის მხრივ, ადგენს პასუხისმგებლობის ზომებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისათვის ან სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვებისათვის, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.
ამდენად, გამოდის, რომ ერთ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 118-ე მუხლის სახით, პირს უწესებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევის შემთხვევაში. მეორე მხრივ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილი თავადაც ადგენს გამკაცრებული პასუხისმგებლობის ზომას მასში მითითებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, რომლის ფარგლებში შესამოწმებელი კრიტერიუმებიც, შესაძლოა დამატებით მოექცეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფარგლებში (ასე, მაგალითად: სასკ-ის 118-ე მუხლის ფარგლებში, სავალდებულო ინსპექტირებისას შესამოწმებელ კატეგორიაში ტერმინი „სხვა მოწყობილობები“ შესაძლოა გულისხმობდეს „ძარის/მაყუჩის შემოწმებასაც, რაც სასკ-ის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილითაც არის გათვალისწინებული; ასევე, საატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაცია მთავრობის №510 დადგენილებით გულისხმობს მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში შეტანილი ცვლილებების არსებობის ვიზუალურ შემოწმებას და საჭის ქარხნული მდებარეობისა და მასში შეტანილი ცვლილებების შემოწმებას, რაც ასევე გათვალისწინებულია სასკ-ის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით.). ხოლო, მესამე მხრივ, სადავო ნორმით პოლიციელი აღიჭურვა დამატებითი უფლებამოსილებით, მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალებას, რაც განაპირობებს სამართალდამრღვევი პირისათვის დამატებით, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურების წარმოშობასაც.
რეალურად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით, 119-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და სადავო ნორმით, გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ზომები იდენტური სამართალდარღვევისათვის, იმ განსხვავებით, რომ სასკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის შემადგენლობა მოიცავს კიდეც სასკ-ის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას. ნიშანდობლივია, რომ ორივე ნორმის დარღვევის შემთხვევაში, სანქციები გათვალისწინებულია ცალ-ცალკე, რასაც სადავო ნორმით, ზევიდან ემატება პოლიციელისათვის მძღოლის სატრანსპორტო საშუალებიდან ჩამოშორებისა და ავტომობილის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილების მინიჭება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სამართალდამრღვევი პირისათვის დამატებით, სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისა და სპეციალურ დაცულ სადგომზე შენახვის ხარჯების ანაზღაურების წარმოშობასაც. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა იყოს უფლებამოსილი, თუნდაც ზემოხსენებული ლეგიტიმური მიზნის (საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება) ეფექტიანად უზრუნველსაყოფად დაწესებული სანქციების პარალელურ რეჟიმში, გამოიყენოს სადავო ნორმით გათალისწინებული მექანიზმიც. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია არა ალტერნატივაზე, სამართალდამრღვევმა აირჩიოს, გადაიხადოს სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქცია თუ ჩამოშორდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას და ამისათვის გაიღოს ხარჯები, არამედ პარარელულ რეჟიმში, ერთდრულად რამდენიმე სანქციის გამოყენების დაშვების შესაძლებობაზე, რაც აშკარად არაპროპორციულ ზეგავლენას წარმოადგენს.
პროპორციულობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სადავო ნორმა სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობას უშვებს სადგომზე გადაყვანიდან 10 დღის გასვლის შემდეგ. მიმაჩნია, რომ 10-დღიანი მოლოდინი ავტომობილის დაბრუნებისთვის არ არის პროპორციული დარღვევის ხასიათთან შედარებით. საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის პირობებში, 10-დღიანი ვადის გამოყენება ავტომატურად, ყოველგვარი დაკონკრეტების გარეშე, უნდა ჩაითვალოს ზედმეტ შეზღუდვად.
რაც შეეხება სადავო ღონისძიების გამოსადეგობას ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, რამდენადაც სადავო ნორმა სატრანსპორტო საშუალების დაბრუნების შესაძლებლობას უშვებს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობისა ან მინდობილობის წარდგენის საფუძველზე, გაურკვეველია თუ როგორ ემსახურება აღნიშნული ნორმა ლეგიტიმური მიზნის - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიღწევას
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა