• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ლევან მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1909
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - გიორგი მოდებაძე,
ავტორ(ებ)ი ლევან მალანია
თარიღი 30 ოქტომბერი 2025

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის (სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევა) მე-5 ნაწილი: „იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება: „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილი:

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“;

1. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტი:

„საკონსტიტუციო სასამართლო ორგანული კანონით დადგენილი წესით, ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე იხილავს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით“;

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტი:

„საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს, საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“;

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311-ე მუხლები;

4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტი:

„საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;

- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;

- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ, კერძოდ, წარმოვადგენ საქართველოს მოქალაქეს და მიმაჩნია, რომ სადავო ნორმის ამ სახით მოქმედების პირობებში, ნებისმიერ დროს არსებობს ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის რისკი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით:

კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ ვხდი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის („იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს) გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან („არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“) მიმართებით, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მიხედვით, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. დასახელებული ნორმის პირველ წინადადებაში გამოყენებული სიტყვა „სამართალდარღვევა“ გულისხმობს ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო უფლებამოსილი ხდება, გამოიყენოს სანქცია (სისხლისსამართლებრივი იქნება ეს, თუ ადმინისტრაციულსამართლებრივი).

როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა თავის გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, ზემოაღნიშნული ნორმა „უზრუნველყოფს პირის შესაძლებლობას, წინასწარ დადგენილი, საჯაროდ ხელმისაწვდომი და არაინდივიდუალიზებული სამართლებრივი წესების შესაბამისად შეძლოს იმის განჭვრეტა, თუ რა ქმედებები წარმოადგენს სამართალდარღვევებს და [შეძლოს] საკუთარი ქცევის შესაბამისად წარმართვა, რაც უმნიშვნელოვანესი გარანტიაა თვითნებური დევნისა და ბრალდების წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, №1/1/428,447,459).


ამდენად, დასახელებული კონსტიტუციური დებულების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა, რაც გამომდინარეობს კონსტიტუციით განმტკიცებული ისეთი ღირებულებებიდან, როგორებიცაა სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპები. მართალია, საკონსტიტუციო სასამართლო არ ამოწმებს სადავო ნორმების უშუალოდ კონსტიტუციის პრინციპებთან შესაბამისობას, თუმცა „კონკრეტული დავების გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, როგორც კონსტიტუციის შესაბამისი დებულება, ისე სადავო ნორმა გააანალიზოს და შეაფასოს კონსტიტუციის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რათა ეს ნორმები, განმარტების შედეგად, არ დასცილდნენ მთლიანად კონსტიტუციაში გათვალისწინებულ ღირებულებათა წესრიგს. მხოლოდ ასე მიიღწევა კონსტიტუციის ნორმის სრული განმარტება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კონკრეტული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის სწორ შეფასებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 დეკემბრის №1/3/407 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საქართველოს მოქალაქე – ეკატერინე ლომთათიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-1).

მოცემულ შეთხვევაში, სადავო ნორმა (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილი), ერთი მხრივ, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ქმედების შემადგენლობას და ადმინისტრაციული წესით დასჯადად აცხადებს პირის მიერ, „თვითნებურად გადაკეთებული“ სატრანსპორტო საშუალებას მართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომას მასში მითითებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის, კერძოდ, ნორმა ითვალისწინებს ჯარიმას 200 ლარის ოდენობით იმ პირის მიმართ, ვინც სჩადის ამინისტრაციულ სამართალდარღვევას.

წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თაობაზე, ეფუძნება სამართალდარღვევის შემადგენლობის შესაძლო განუსაზღვრელობას, რამეთუ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, შეუძლებელია ტერმინის - „თვითნებურად გადაკეთებულის“ განსაზღვრა იმდაგვარად, რომ სამართლაშემფარდებელს არ დარჩეს სივრცე, თავად დაადგინოს და შექმნას ქმედების შემადგენლობის ახალი ნიშნები. კერძოდ, სადავო ნორმაშივე, ტერმინი „თვითნებურად გადაკეთებული“ განმარტებულია შემდეგნაირად: „გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, მაყუჩი, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს“. დასახელებული განმარტება იძლევა ზედმეტად ფართო და გაუმართლებელი გამოყენების შესაძლებლობას იმ თვალსაზრისით, რომ წინადადებაში სიტყვათა წყობა - „იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს“ - „და“ კავშირით ებმის მხოლოდ „სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცის სხვაგვარ ცვლილებას“,რაც ქმნის იმის ასოციაციას, რომ ამ უკანასკნელის გარდა, სხვა დანარჩენის - საწვავის ავზის/ძარის/მაყუჩის გადაკეთების, ან ბუნებრივი აირის სისტემის დაყენების შემთხვევაში, თუნდაც ისინი შეესაბამებოდნენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს, მაინც „თვითნებურ გადაკეთებულად“ ჩაითვლება, რაც უსამართლოდ შექმნის სამართალდარღვევის შემადგენლობას. გარდა ამისა, ნორმაში მოცემული „თვითნებურად გადაკეთებულის“ განმარტებიდან იბადება შემდეგი კითხვები: როდის არის კონკრეტულად გადაკეთება „თვითნებური“? - მაშინაც კი, როდესაც გადაკეთება ხორციელდება შესაბამის სერტიფიცირებულ სერვისცენტრში?; რა იგულისხმება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციაში - მათ შორის, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალიც?; რას გულისხმობს ტერმინები: „სხვაგვარად შეცვლილი“ და „ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტი“?; როგორ მოწმდება „შესაბამისობა“? - სამართალშემფარდებლის ობიექტურობის/სუბიექტურობის მიხედვით, თუ სხვა ორგანოს მიერ? დასახელებულ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების არ არსებობა, ერთი მხრივ, სამართლაშემფარდებლის მხრიდან სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, მათ შორის, ბოროტად გამოყენების შესაძლებლობის დაშვებაზეც მიუთითებს, ხოლო, მეორე მხრივ, მოქალაქეს უზღუდავს ზუსტად პროგნოზირების შესაძლებლობას - დასჯიან თუ არა მას კონკრეტული ქმედებისთვის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, რომელიც არც განჭვრეტადია და არც განსაზღვრული, მაშინ, როცა კანონმდებელმა, სულ ცოტა, ძირითადი იდეა, თავისი საკანონმდებლო ნება და მიზანი, სრულიად გარკვევით უნდა ჩამოაყალიბოს.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ