საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/208 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 30 ივლისი 2003 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე - თავმჯდომარე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი, მომხსენებელი მოსამართლე;
4. ზაურ ჯინჯოლავა.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბერის №294 ბრძანებულების “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” 52-ე მუხლის დ) პუნქტის, 53-ე მუხლის დ) პუნქტის, 54-ე მუხლის დ) პუნქტის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის “დ” პუნქტის, 58-ე მუხლის ბ) პუნქტის, 59-ე მუხლის ბ) პუნქტისა და მე-60 მუხლის ბ) პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე – საქართველოს სახალხო დამცველი – ნანა დევდარიანი და მისი წარმომადგენელი პაატა სიამაშვილი.
2002 წლის 20 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №208) მომართა საქართველოს სახალხო დამცველმა.
კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი ბ) ქვეპუნქტი, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-16 მუხლი.
მოსარჩელელ მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. დაკავებული თუ სხვაგვარად შეზღუდული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. თუ მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას დაპატიმრების ან განთავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის შესახებ, პირი დაუყოვნებლივი უნდა განთავისუფლდეს”.
ამის საწინააღმდეგოდ, საქართვეოლს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდებით სამხედრო მოსამსახურეთათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებულია პატიმრობა 10 დღე-ღამემდე ვადით, ისე, რომ მათთვის პატიმრობისშეფარდებისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება წესდებით არ მოითხოვება, დასაპატიმრებელი პირი არც კი წარედგინება სასამართლოს, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.
წესდების სადავო მუხლების შესაბამისად, ჯარისჯაცების მატროსების, სერჟანტების და ზემდეგის სხვადასხვა ვადით დაპატიმრების უფლება მინიჭებული აქვთ მეთაურებს (უფროსებს), რაც შემდგომში იწვევს არსებულ ნაწილებში უსამართლობასა და განუკითხაობას. პატიმრობის, როგორც სასჯელის ზომის უსაფუძვლოდ შეფარდება სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს და ხშირად სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვის საფუძველი ხდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტით აღიარებულია ნებისმიერი ადამიანის უფლება სასამართლოს მეშვეობით დაიცვას მისი დაკავებისას შელახული უფლებები, ხოლო წესდება მეთაურებს (უფროსებს) უფლებას აძლევს, ერთპიროვნულად სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დააპატიმრონ ქვემდგომი სამხედრო მოსამსახურეები.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან სათანადო წერილით მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, რომელმაც იგი აიყვანა კონტროლზე, მაგრამ დღემდე წესდების ხარვეზების გამოსასწორებლად არაფერი გაკეთებულა.
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბერის №294 ბრძანებულება “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” ნაწილობრივ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის №337 ბრძანებულებით “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბერის №294 ბრძანებულებით დამტიკცებულ წესდებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. ძალადაკარგულად ცნობილია კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული შედმეგი მუხლები: 52-მუხლის დ) პუნქტი, 53-ე მუხლის დ) პუნქტი, 54-ე მუხლის დ) პუნქტის, 56-ე მუხლის “დ” პუნქტის, 58-ე მუხლის ბ) პუნქტის, 59-ე მუხლის ბ) პუნქტისა და მე-60 მუხლის ბ) პუნქტი. წესდების 55-ე მუხლი ზოგადი ნორმაა და იგი დისციპლინური სასჯელის სხვა სახეებზეც ვრცელდება, რომლებსაც ახალი ბრძანებულება არ შეხებია, ამიტომ ეს მუხლი ძალადაკარგულად არ იქნა ცნობილი და გამოიყენება სხვა სასჯელების მიმართ. სასარჩელო მოთხოვნაზე ამ მუხლს რაიმე შეხება არ აქვს.
სასამართლო კოლეგიას მიაჩნია, რომ საქმე წარმოებით უნდა შეწყდეს, ვინაიდან საქართველოს კანონის “საკონსტიუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას. სადავო პუნქტები ძალადაკარგულადაა ცნობილი საქმის არსებითად განხილვისათვის დანიშვნამდე.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მეორე პუნქტით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით და მეორე პუნქტით, 43-ე მუხლის მე-8 პუნქტით, საქართველოს კანონის “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 2 სექტემბერის №294 ბრძანებულების “საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ” 52-ე მუხლის დ) პუნქტის, 53-ე მუხდის დ) პუგქტის, 54-ე მუხლის დ) პუნქტის, 55-ე მუხლის, 58 მუხლის ბ) პუნქტის, 59 მუხლის ბ) პუნქტისა და მე-60 მუხლის ბ) პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე სამართალწარმოება შეწყდეს;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 10 ივლისის №337 ბრძანებულებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სადისციპლინო წესდების არსებითი მუხლების ძალადაკარგულად ცნობით წარმოშობილი ვაკუუმი გადაუდებელ შევსებას საჭიროებას, ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს უზრუნველყოფილი იქნეს ამ საკითხის ბრძანებულების მეორე მუხლით დადგენილ ვადაში გადაჭრა.
1. ოთარ ბენიძე
2. ლამარა ჩორგოლაშვილი
3. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
4. ზაურ ჯინჯოლავა