უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/18/875 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 4 ოქტომბერი 2018 17:11 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №875) მომართა უცხო ქვეყნის საწარმო„შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიმ“. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2017 წლის 14 მარტს. №875 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 4 ოქტომბერს.
2. №875 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, 42-ე მუხლი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, მე-10 მუხლი, მე-15 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 25-ე მუხლი.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლი აწესრიგებს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების საკითხს. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხას და მარკირების პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულო მარკირების მომსახურებას მატერიალური და არამატერიალური ფორმით ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეული პირი. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულებას, ნომინალის ღირებულება და გადახდის წესი კი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
4. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი ადგენს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესს, კერძოდ, განსაზღვრავს მარკირების განხორციელების დროს, ფორმას, დაქვემდებარებული სასმელების სახეობას, მარკირებისგან გათავისუფლებული საქონლის სახეობას და მარკირების განმახორციელებელ სუბიექტს.
5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი დადგენილია საკუთრების უფლების შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
6. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანია გადასახადების ეფექტური ადმინისტრირების უზრუნველყოფა, აქციზური და არააქციზური საქონლის ფალსიფიკაციისგან დაცვა, გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვის (კონტროლის) და ნიშანდების პროცესის გამარტივება/გაუმჯობესება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ, ზოგადად, დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად შესაძლოა როგორც საკუთრების, ასევე თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების შეზღუდვა, თუმცაღა აღნიშნული ლეგიტიმური მიზნები რეალურ საჭიროებას მოკლებული და არარელევანტურია სადავო ნორმებით დადგენილი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირებასთან მიმართებით. მოსარჩელის მტკიცებით, პროდუქციის ფალსიფიკაციისგან დაცვის მიზანი არ არის აქტუალური არაალკოჰოლური სასმელის შემთხვევაში და არ საჭიროებს მსგავსი მასშტაბური ღონისძიების შემოღებას. აღნიშნული პოზიციის სამტკიცებლად მოსარჩელე იშველიებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2012-2015 წლების სტატისტიკას ფალსიფიცირებული და აღურიცხავი არაალკოჰოლური სასმელის ბრუნვის შესახებ.
7. კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმებით დადგენილი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების იმპლემენტირებული მოდელი ხასიათდება კორუფციული ნიშნებით. მოსარჩელის პოზიციით, აღნიშნული მოდელი წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოუსადეგარ საშუალებას და იმავე მიზნის მიღწევა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიებების გამოყენებითაც არის შესაძლებელი.
8. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა ტექნიკური შეფერხებების მაღალი რისკი. კერძოდ, ხაზზე დამაგრებული ელექტრონული მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლის ან არასწორი მარკირების (პროდუქტის გამოტოვების, აცილების) რისკი დიდია როგორც დაბალი, ისე მაღალი წარმადობის ხაზებზე. ექსკლუზიური წვდომა მარკირების დალუქულ აპარატთან, ისევე როგორც გაუმართაობის აღმოფხვრის შესაძლებლობა, მხოლოდ მარკირებისთვის შერჩეულ პირს და მის წარმომადგენელს აქვთ. მსგავს პირობებში, გაუმართაობის მცირე დროში (მაგალითად, ერთი საათის პერიოდში) აღმოფხვრის შემთხვევაშიც კი, საწარმოს შეიძლება მიადგეს სოლიდური ზიანი. გარდა ამისა, მარკირების დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მეწარმეს არ გააჩნია ხარვეზის აღმოჩენის ან რაიმე სახის პრევენციული ღონისძიების გატარების შესაძლებლობა, ხოლო დაუმარკავი საქონლის რეალიზაციის შემთხვევაში სანქცია სწორედ მას ეკისრება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის ფაქტორიც, რომ მარკირების დანადგარის გაუმართაობის ალბათობა საკმაოდ მაღალია, მეწარმეს კი მკაცრი სანქციები ეკისრება ისეთი ქმედებისთვის (დაუმარკავი პროდუქციის რეალიზებისთვის), რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ხდება.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმები იწვევს საკუთრების უფლების იმაზე მეტი ინტენსივობით შეზღუდვას, ვიდრე ეს საჭიროა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამ მოსაზრების სასარგებლოდ, მოსარჩელე მიუთითებს იმ ალტერნატივებს, რომლებიც იქნებოდა უფლების ნაკლებად მზღუდავი ღონისძიება და რომლებითაც შესაძლოა ჩანაცვლდეს გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი მოდელი. კერძოდ, შესაძლებელია, აღრიცხვის ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით, აღირიცხოს თითოეული ბოთლი და ეს ინფორმაცია რეალურ დროში მიეწოდოს შემოსავლების სამსახურს. ამასთან, ხაზები აღიჭურვება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, რომელსაც ექნება დაცული ავტომატური კავშირი შემოსავლების სამსახურის სერვერთან. შესაბამისად, მაკონტროლებელი შეძლებს, დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს კონტროლი. მოსარჩელე მხარე დამატებითი კონტროლის მექანიზმად ასევე მოიაზრებს შემოსავლების სამსახურის მიერ, რეალურ დროში ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელებას და ბაზების შერჩევით შემოწმებას. სარჩელს თან ერთვის საწარმოო ხაზის მწარმოებლის წერილი, რომელიც ადასტურებს საწარმოო ხაზის ფუნქციას, ინტეგრირებული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის დამუშავებასა და გაცვლაზე.
10. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ შემოთავაზებული ალტერნატივა საჭიროებს მინიმალურ ფინანსურ რესურსებს, განსხვავებით ე.წ. „მარკირების მომსახურების საფასურისგან“, რომელიც თითოეული კომპანიისთვის ერთ მილიონ ლარამდე დამატებით ხარჯს წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელე უთითებს მომსახურების საფასურის ცვლილებასა და მატებაზე იმის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, მარკირების ნომინალური ღირებულება უცხოურ ვალუტაში, ევროში განისაზღვრება. შესაბამისად, სავალუტო ბაზრის ცვლილება, ლარის დევალვაცია, ყველა ჯერზე მოახდენს გავლენას მომსახურების საფასურზე. მოსარჩელის მოსაზრებით, მარკირების მომსახურების საფასურის გადახდა გააძვირებს პროდუქტს და, შესაბამისად, შეამცირებს ქართული საწარმოების კონკურენტუნარიანობას იმპორტირებულ პროდუქტთან შედარებით.
11. მოსარჩელის მტკიცებით, არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები ექვემდებარებიან უფრო მკაცრ რეგულაციას, უფრო მეტ სამომხმარებლო ტვირთს, ვიდრე, მაგალითად, საკვები პროდუქტების ან ფარმაცევტული ნაწარმის მწარმოებლები. მოსარჩელისათვის გაუგებარია, რა საჭიროა ისინი დაექვემდებარონ სადავო ნორმებით გათვალისწინებულ მარკირებას, თუკი სხვა სამეწარმეო სფეროების შემთხვევაში საგადასახადო ადმინისტრირება მარკირების გარეშეც შესაძლებელია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ წარმოების პროცესში, მეტი ფინანსური ვალდებულების დაკისრებით, უსაფუძვლოდ იზღუდება მათი სამეწარმეო თავისუფლება. ამასთან, ამ შემთხვევაში მეწარმეობის თავისუფლების კომპონენტია თანასწორობა და საკითხის შეფასება მის ფარგლებში უნდა მოხდეს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლი განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი ან წარდგინება განსახილველად არ მიიღება, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №875 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდაა გამხდარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლი, რომელიც აწესრიგებს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების საკითხს და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლი, რომელიც ადგენს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესსა და პირობებს.
3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით უკვე იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2018 წლის 26 ივლისს მიიღო №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“. აღნიშნულ საქმეზე მოსარჩელეები მოითხოვდნენ სადავო ნორმებით დადგენილი პროდუქციის მარკირების და მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის ვალდებულების არაკონსტიტუციურად ცნობას. მოსარჩელეთა პოზიციით, აღნიშნული მექანიზმი ლეგიტიმური მიზნის არათანაზომიერი საშუალება იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული კონსტიტუციური სარჩელი და მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ნორმები შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლებებს.
4. განსახილველ №875 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი პრობლემა და არგუმენტაცია მსგავსია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ №700 კონსტიტუციურ სარჩელში გამოკვლეული და შეფასებული არგუმენტაციისა. საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, „...საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს ნორმატიული აქტის, ქცევის ზოგადი წესის კონსტიტუციურობას. სადავო ნორმები მოითხოვს საქონლის მოძრაობისა და აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნას. სისტემის იმპლემენტაციის ტექნიკური მოდელი ან/და კონკრეტული ტექნიკური საშუალების გაუმართავი ფუნქციონირება ვერ მოახდენს გავლენას სადავო ნორმების შინაარსზე. სადავო ნორმები ითვალისწინებს იმპორტირებული და ადგილზე წარმოებული უალკოჰოლო სასმელების სრულ აღრიცხვას. შესაბამისად, მარკირებულ და რეალურად წარმოებულ ოდენობებს შორის ცდომილების არსებობა არ წარმოადგენს სადავო ნორმების რეგულირების შედეგს. მსგავსი არგუმენტაციით, მოსარჩელემ სადავო ნორმების არაკონსტიტუციურობაზე შეიძლება იდავოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაასაბუთებს, რომ ტექნიკურად შეუძლებელი, ანდა პრაქტიკულად არაიმპლემენტირებადია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო მარკირების ინსტიტუტის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის სრულყოფილად აღრიცხვა“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-50-51). №875 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი დასაბუთება სისტემის იმპლემენტაციის ტექნიკურ მოდელთან დაკავშირებით №700 კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის იდენტურია.
5. №700 კონსტიტუციურ სარჩელში სასამართლომ ასევე შეაფასა მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის აღრიცხვის ალტერნატიული მოდელი და მიუთითა რომ „...გარე კონტროლის იდეა სრულად დაიკარგება, თუ მარკირების ან/და აღრიცხვის განმახორციელებელი ალტერნატიული დანადგარის ტექნიკური თუ პროგრამული მხარის მართვას თავად მეწარმე სუბიექტი განახორციელებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მეთოდი არ ითვალისწინებს გარე კონტროლის ისეთ ეფექტურ მექანიზმს, როგორიც არის შერჩეული პირის მიერ მარკირების განხორციელება. იმავდროულად, სხვადასხვა კომპანიების მფლობელობაში არსებული დანადგარები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ჰქონდეთ პროდუქციის განსხვავებული ტექნიკური სტანდარტებით მარკირების შესაძლებლობა ან საერთოდ არ გააჩნდეთ ამგვარი ფუნქციური მხარდაჭერა. მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული მოდელის დანერგვის შემთხვევაში, პირები, რომელთა საწარმოო დანადგარებსაც არ გააჩნია სათანადო ტექნიკური მხარდაჭერა, მათთვის განსხვავებული მოთხოვნების დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა აღმოჩნდნენ არათანაბარ პირობებში იმავე სახის ან/და ჩანაცვლებადი პროდუქციის მწარმოებელ სხვა სუბიექტებთან მიმართებით“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-54-55). ამგვარად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული ალტერნატივა არ წარმოადგენდა სადავო ნორმით დადგენილი სავალდებულო მარკირების საპირწონე, თანაბრად ეფექტიან მექანიზმს. ამასთან, სასამართლომ შეაფასა და ობიექტურად შეუძლებლად მიიჩნია საწარმოო ხაზების ვიდეო მონიტორინგის რეალურ დროში განხორციელების მეშვეობით იმგვარი მონაცემების შეგროვება, რომლებიც შემდგომში იქნებოდა გამოყენებადი გადასახადის ადმინისტრირების მიზნებისთვის.
6. მოსარჩელე მხარე განსახილველ №875 კონსტიტუციურ სარჩელში №700 კონსტიტუციური სარჩელის მსგავსად, შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დარღვევის წარმოსაჩენად ასევე უთითებს მოსალოდნელ დაჯარიმებასა და მძიმე ფინანსურ ტვირთზე, რომელიც თან სდევს მარკირების ნომინალური ღირებულების გადასახადს. №700 კონსტიტუციური სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სადავო ნორმები არ ქმნიდა არამარკირებული პროდუქციის გავრცელებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს, შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში არ იმსჯელა სანქციის დაკისრების კონსტიტუციურობაზე, გასაჩივრებულ ნორმებთან მიმართებით. ამასთან, გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობის თანახმად, „...მოსარჩლემ უნდა წარმოაჩინოს, რომ სადავო ნორმები არის არა მორიგი რეგულაცია, რომელიც, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა მეწარმისათვის, არამედ სახეზეა უფლებაში იმდენად ინტენსიური ჩარევა, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ ბაზართან“ (საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-71). №2/5/700 გადაწყვეტილებაში სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულების გადახდის შედეგად თითოეული ბოთლი პროდუქციის საფასურის ზრდა არ აღემატება 2 თეთრს. ხსენებული ფასნამატი სასამართლომ არ მიიჩნია სათანადო არგუმენტად იმის სამტკიცებლად, რომ სადავოდ გამხდარი რეგულირებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად აფერხებს არაალკოჰოლური სასმელების რეალიზებას. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც მიჩნეული იქნებოდა, რომ მარკირების არსებული პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეაფერხებდა წარმოების პროცესს. ამგვარად, რამდენადაც განსახილველი კონსტიტუციური სარჩელიც სრულად ეფუძნება ანალოგიურ მტკიცებულებებსა და არგუმენტაციას, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების კონსტიტუციურობა ამ კონტექსტშიც უკვე შეფასებული და გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილებით.
7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №875 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული საკითხები, რომლებიც უკავშირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლისა და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-8 პუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული შემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, №875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის ხსენებულ ნაწილში არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
8. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელემ კონსტიტუციურ სარჩელში უნდა მოიყვანოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ სარჩელის საფუძვლიანობას ანუ კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
9. მოსარჩელე მხარე ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით.
10. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის წინადადებები იცავს ერთმანეთისაგან განსხვავებულ უფლებრივ ასპექტებს. ამდენად, ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, მოსარჩელის მიერ სათანადოდ იყოს წარმოჩენილი ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებით დაცულ უფლებებთან (უფლებრივ კომპონენტებთან) მიმართებით. განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე აპელირებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თავისუფლების მეწარმეობისა და კონკურენციის თავისუფლების უფლებებზე და არ მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებით დაცული უფლების შეზღუდვის თაობაზე.
11. აღნიშნულიდან გამომდინარე, N875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებებთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
12. №875 კონსტიტუციური სარჩელში ასევე სადავოდ არის გამხდარი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.
13. აღნიშნული ნორმებით განისაზღვრება არააქციზური საქონლის მარკირების განხორციელების ტექნიკური წესი, რეგულირება და მარკირებისგან განთავისუფლებული პროდუქცია. ნიშანდობლივია, რომ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია სრულად მიემართება არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების წესს, შეზღუდვას, რომელიც მოსარჩელეს უჩენს პროდუქციის მარკირების ვალდებულებას. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის მითითებული, რომ პრობლემურია ისეთი ცალკეული ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ბოთლზე მარკირების ადგილის განსაზღვრა, მარკირების დრო ან იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლებიც თავისუფლდება მარკირების სავალდებულო წესისგან. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, დასახელებული ნორმების არაკონსტიტუციურობის თაობაზე.
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №875 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 781 მუხლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89–ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31–ე მუხლის მე–2 პუნქტის, 39–ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43–ე მუხლის პირველი, მე-2, მე–5, მე-7, მე–8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე–18 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 21–ე მუხლის მე-2 პუნქტის და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. კონსტიტუციური სარჩელი №875 („უცხო ქვეყნის საწარმო „შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ“) არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი