საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/8/881 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 23 მარტი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 23 მარტი 2018 18:02 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში - სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი - წევრი;
მანანა კობახიძე - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
თამაზ ცაბუტაშვილი - წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „მხედველობის გამო“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №881) მომართა საქართველოს მოქალქე ანა მაისურაძემ. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 28 მარტს. №881 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2018 წლის 23 მარტს.
2. კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. კონსტიტუციური სარჩელის I ნაწილის „2.ბ“ გრაფაში სადავო ნორმად მითითებულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279-ე დადგენილების თანდართული „სოციალური პაკეტის გაცემის წესისა და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები: „მხედველობის გამო“. ხოლო სარჩელის I ნაწილის „3.ბ“ გრაფაში კი - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, მომხსენებელმა მოსამართლემ მიმართა მოსარჩელის წარმომადგენლებს, დაეზუსტებინათ სასარჩელო მოთხოვნა.
4. მომხსენებელი მოსამართლის წერილობითი მიმართვის საპასუხოდ მოსარჩელის წარმომადგენელმა 2018 წლის 22 თებერვლის განცხადებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის მხოლოდ „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვების „მხედველობის გამო“ კონსტიტუციურობას.
5. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“.
6. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი განამტკიცებს კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას, ხოლო კონსტიტუციის მე-16 მუხლი - პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
7. მოსარჩელე საქართველოს მოქალაქეა, რომელსაც მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი გადაადგილების შეზღუდვის გამო. იგი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებით შესაძლებელია, უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებები. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, სოციალური დახმარების შენარჩუნების მიზნით, მოსარჩელე იძულებულია, თავი შეიკავოს საჯარო სამსახურში დასაქმებისგან, რაც მისთვის ზიანის მიყენების რეალურ საფრთხეს ქმნის.
8. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, მოსარჩელეს სადავო ნორმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს იმ პირებთან მიმართებით, რომლებსაც მხედველობის გამო აქვთ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. მისი განმარტებით, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჯარო სამსახურში დასაქმების შემთხვევაში ისევე ისარგებლონ სოციალური პაკეტის მიღების უფლებით, როგორც ეს ხდება მხედველობის გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს და სახელმწიფო ვალდებულია, მათთვის უზრუნველყოს თვითრეალიზაციისათვის თანაბარი შესაძლებლობები.
9. მოსარჩელე მხარე უთითებს „შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 13 იანვრის №1/ნ ბრძანების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტავს, რომ, მიუხედავად განსხვავებული სახის შეზღუდული შესაძლებლობის არსებობისა, ზემოაღნიშნული აქტი შესადარებელ პირებს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ჯგუფში აერთიანებს. მისი პოზიციით, გარკვეული უფლებებით სარგებლობა დაკავშირებული უნდა იყოს მის სტატუსთან და არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტულ დიაგნოზზე. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის განმსაზღვრელია ის ბარიერები, რომლებიც წარმოადგენს დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში მონაწილეობის კუთხით. ამდენად, საჭიროა, შეფასდეს პირის ფუნქციური შესაძლებლობები საზოგადოებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში.
10. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სხვადასხვა დიაგნოზის მიუხედავად, ყველა იმ ურთიერთობისთვის, რაც შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამის სტატუსთანაა დაკავშირებული, ის და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები ანალოგიურ მდგომარეობაში არიან. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სადავო ნორმით გათვალისწინებული დიფერენცირება არ არის განპირობებული ობიექტური საჭიროებებით და წარმოადგენს თვითმიზნურ შეზღუდვას.
11. კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის თანახმად, სადავო ნორმა ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სოციალური პაკეტით სარგებლობის შეზღუდვას პირდაპირი გავლენა აქვს ინდივიდის დამოუკიდებელი განვითარების პროცესზე. მისი განმარტებით, მართალია, სახელმწიფო პირდაპირ არ ზღუდავს მოსარჩელის ნებას - განახორციელოს საჯარო საქმიანობა, თუმცა სადავო რეგულაციით, ირიბ ზემოქმედებას ახდენს როგორც მოსარჩელის, ასევე მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ პირთა მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს არ აძლევს საშუალებას, წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები საჯარო სამსახურში, შეძლონ პიროვნების განვითარება და იმოქმედონ თავისუფლად.
12. მოსარჩელე მხარე საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად იშველიებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს და საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის N1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). ამავე დროს, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური უფლების შეზღუდვასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში გვექნება საქმე, როდესაც ამის შესაძლებლობას მოქმედი საკანონმდებლო აქტი ითვალისწინებს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს და შეაფასოს კონსტიტუციური უფლების დარღვევის რისკი უფლების შემზღუდველი ნორმის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უფლებების განხორციელებისას ადამიანის თავისუფალი მოქმედების ფარგლების შემცირება ნორმატიული აქტით არის განპირობებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის №1/494 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ვლადიმერ ვახანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამდენად, მოსარჩელე ვალდებულია, სათანადოდ დაასაბუთოს კონსტიტუციური სარჩელი და მიუთითოს იმ ნორმატიულ აქტზე, რომელიც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კონსტიტუციური სარჩელი არ იქნება მიღებული არსებითად განსახილველად, თუ მასში სადავოდ არ არის გამხდარი უფლებაშემზღუდველი ნორმატიული აქტი.
3. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მოსარჩელე გამოყოფს აღნიშნული პუნქტის მხოლოდ ერთ ნაწილს და მიუთითებს, რომ არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი სიტყვები „მხედველობის გამო“. მოსარჩელის არგუმენტაციით, სწორედ ეს სიტყვები აიძულებს მას, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, უარი თქვას საჯარო სამსახურში დასაქმებაზე და აყენებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.
4. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, ერთი მხრივ ადგენს, რომ პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელება იწვევს სოციალური პაკეტის მიღების უფლების შეწყვეტას, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს იმ სუბიექტებს, ვისზეც დადგენილი რეგულაცია არ ვრცელდება. ამ შემთხვევაში მოსარჩელისათვის სოციალური პაკეტის არმიცემის საფუძველს სადავო დადგენილების დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ის დანაწესი წარმოადგენს, რომლის თანახმადაც, „სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში“.
5. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სადავო დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“ განსაზღვრავს პირთა წრეს, რომელთაც სოციალურ პაკეტის მიღების უფლება აქვთ, მათ შორის, საჯარო საქმიანობის განხორციელებისას. აღნიშნულ დანაწესს აღმჭურველი ხასიათი აქვს და მხოლოდ იმას ადგენს, რომ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემთხვევაში საჯარო საქმიანობის განხორციელება სოციალური პაკეტის მიღებას არ გამორიცხავს. ამდენად, აღნიშნული ნორმა (ან მისი რომელიმე ნაწილი) არ განაპირობებს მოსარჩელის გამორიცხვას სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა წრიდან.
6. იმისათვის, რომ მოსარჩელემ იდავოს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის ან მისი რომელიმე ნაწილის არაკონსტიტუციურობაზე, მან უნდა მოახდინოს ამ ნორმით დადგენილი რომელიმე წესის იდენტიფიცირება და მოითხოვოს მისი არაკონსტიტუციურად ცნობა.
7. მოცემულ შემთხვევაში სადავო დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვები „მხედველობის გამო“ დამოუკიდებლად არ განსაზღვრავს რაიმე ქცევის წესს და არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც ავტონომიური შინაარსის მქონე უფლებაშემზღუდველი ნორმა (ნორმატიული აქტი). სიტყვები „მხედველობის გამო“ წარმოადგენს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ გრამატიკულ ერთეულს, რომელიც ქცევის წესს ქმნის მხოლოდ სხვა სიტყვებთან კავშირში. კერძოდ, სიტყვები „მხედველობის გამო“ სიტყვებთან „მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა“ ერთად განსაზღვრავს სუბიექტთა ერთ ჯგუფს, რომელთა მიმართაც საჯარო საქმიანობის განხორციელება არ წარმოადგენს სოციალური დახმარების მიღების გამომრიცხველ გარემოებას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ხსენებული სიტყვები მის მიერ სოციალური პაკეტის მიღების შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სადავოდ მიჩნეულ სიტყვებს დამოუკიდებლად შინაარსი არ გააჩნია. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნის ამგვარად დაყენება ემყარება მოსარჩელის მიერ დასახელებული გრამატიკული ერთეულების შინაარსის არასწორ აღქმას და წარმოდგენილი არგუმენტაცია არ მიემართება ნორმის სადავოდ გამხდარ ნაწილს.
8. ამასთანავე, სასარჩელო მოთხოვნის სათანადო დასაბუთებად ვერ ჩაითვლება ის გარემოება, რომ აღნიშნული სიტყვების ამოღებით, შესაძლოა, მიღებულ იქნეს მოსარჩელისათვის სასურველი ნორმატიული მოცემულობა. კერძოდ, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური პაკეტის გაცემის წესის და პირობების“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „მხედველობის გამო“ მექანიკურად ამოღებით, შესაძლოა, მართლაც გადაიჭრას მოსარჩელის პრობლემა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლო, წარმოადგენს რა საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოს, ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის შემოწმებას ახორციელებს ნორმატიული აქტების არაკონსტიტუციურად და, შესაბამისად, ძალადაკარგულად ცნობის გზით. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელეთა მოთხოვნა, რომელიც მიმართულია არა არსებული ნორმატიული მოცემულობის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ, არამედ სადავო ნორმიდან შესაბამისი სიტყვების ამოღების გზით ახალი შინაარსის ნორმის მიღებისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის №3/4/768,769 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები - ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე №881 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-18 მუხლის „ა” ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 22–ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი №881 („საქართველოს მოქალაქე ანა მაისურაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი