მოქალაქე დურმიშხან ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №2/8/157 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - ოთარ ბენიძე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, |
თარიღი | 28 მარტი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 28 მარტი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ოთარ ბენიძე – (სხდომის თავმჯდომარე);
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – წევრი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი – (მომხსენებელი მოსამართლე);
4. ზაურ ჯინჯოლავა – წევრი.
სხდომის მდივანი: ლია ჯალაღონია
საქმის დასახელება: მოქალაქე დურმიშხან ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სპეციალური პენსიის დანიშვნა, 1999 წლის 15 მაისის კანონის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ 36-ე მუხლი.
საქმის განხილვის მონაწილენი:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ ღია სასამართლო სხდომაზე
გამოარკვია
2001 წლის 23 აპრილს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა დურმიშხან ლორიამ და მოითცოვა 1999 წლის 15 მაისის კანონის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ 36-ე მუხის არაკონსტიტუციურად ცნობა.
მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ 1999 წლის 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“, რომლის 36-ე მუხლით დაწესდა სამიდღეშიო პენსია (800-1100 ლარი) იმ მოსარმართლეებისათვის, რომელთაც კანონის მიღების შემდეგ შეუწყდათ უფლებამოსილება, ხოლო ამ კანონის მიღებამდე უფლებამოსილება შეწყვეტილ უზენაეს სასამართლოს წევრებს დარჩათ პენსია 14 ლარირს ოდენობით, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კანონის წინაშე ყველას თანასწორობის შესახებ, კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლები – ადამიანის ღირსებისა და პატივის შეუვალობის თაობაზე.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ამ შეცდომის გამოსწორებისა და მისთვის სამიდღეშიო პენსიის დანიშვნის თხოვნით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს 1999 წლის 15 მაისს და მიუთითა, რომ მართალია კანონში არ არის მითითებული კანონის უკუძალის შესახებ, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, იგი იგულისხმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მისი თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული.
მოსარჩელელ აღნიშნავს, რომ 13 წელი იმუშავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ. 1983 წლის 7 ივნისს იგი დათანმხდა ხელისუფლების წინადადებას გადასულიყო მინისტრთა კაბინეტში და დაეთმო თანამდებობა გიორგი ყოლბაისათვის, რითაც იგი დაზარალდა.
სარჩელში მითითებულია, რომ სასამართლოს შენობის, „მართლმსაჯულების სასახლის“ სარესტავრაციო სამუშაოებში შეტანილი წვლილისათვის იგი ერთ-ერთი პირველი დააჯილდოვეს საქართველოს დამსახურებული იურისტის საპატიო წოდებით.
მინისტრთა კაბინეტის ლიკვიდაციის შემდეგ, 1995 წელს მოსარჩელემ მუშაობა დაიწყო პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის წამყვან სპეციალისტად. დაჯილდოვებულია ღირმების ორდენით.
მოსარჩელე ითხოვს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 36-ე მუხლის გაუქმებას.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის მესამე პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის პირველი მუხლი, მე-2 პუნქტი, საქართველოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ კანონის მე-19 მუხლის „ე“ პუნქტი, ამავე კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტი.
განმეორებით დანიშნულ განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე ან მისი წარმომადგენელი არ გამოცხადდა და არც წარმოადგინა რაიმე შუამდგომლობა. სხდომის შესახებ შეტყობინება წარმოდგენილია.
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია კონსტიტუციური სარჩელის და მასზე დართული მასალების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად შემდეგი მოსაზრებების გამო:
1. საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი მუხლის „ვ„ პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ„ 39-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობსი თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება-მოქალაქეს ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მისი უფლებანი და თავისუფლებანი. მოსარჩელელ დურმიშხან ლორია კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლად მიუითითებს „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 15 მაისის კანონის 36-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის მე-14, მე-16 და მე-17 მუხლებთან შეუსაბამობაზე, მაგრამ არ ასაბუთებს რაში გამოიხატა მისი უფლებების დარღვევა ამ მუხლებთან მიმართებაში. სახელდობრ, მოსარჩელე ვერ მიუითებებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩამოთვლილი, რომელი ნიშნით დაირღვა მისი თანასწორობის უფლება – რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობისა, ქონებრივ და წობერივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილისა, რომელთა უგულვებელყოფას საქართველოს კონსტიტუციის ამ მუხლის დარღვევა მოსდევს. ასევე, დაუსაბუთებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან სადავო ნორმატიული აქტის 36-ე მუხლის შედარება. ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ადამიანის პატივისა და ღირსების ხელშეუვალობაზე მიუთითებს და დაუშვებლად არის მიჩნეული ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება, რაც არ მიესადაგება სარჩელის საგანს.
2. სასამართლო ვერ გაიაზრებს კონსტიტუციური სარჩელის მოსაზრებას, რომ მართალია სადავო კანონში არ არის მითითება მის უკუძალაზე, მაგრამ იგი იგულისხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული კოდექსის მე-6 მუხლით მართალია, კანონმდებელს ეკრძალება მისცეს კანონს უკუძალა, თუ იგი ზიანის მომტანია ან აუარესებს პირის მდგომარეობას, მაგრამ აქედან გამომდინარე, კანონი თუ აუმჯობესებს პირის მდგომარეობას, ისევ კანონმა უნდა გადაწყვიტოს უკუძალის დაშვება და მისი გამოყენების აკრძალვა მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, თავისთავად არ ნიშნავს პირის მდგომარეობის გაუმჯობესებისას კანონის შეფარდებას კანონმდებლის პირდაპირი მითითების გარეშე.
საქართველოს კანონმდებლობით, თეორიით და პრაქტიკით აღიარებულია, რომ ნორმატიული აქტები არ ვრცელდება ამ აქტების გამოცემამდე არსებულ ურთიერთობაზე. მისი მოქმედების გავრცელება ნორმის გამოცემამდე არსებულ ურთიერთობებზე დაიშვება, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული თვთი სამართლებრივ ნორმაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ მე-1 მუხლის „ა“ პუნქტით, სასამართლო კოლეგია
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად მოსარჩელე დურმიშხან ლორიას კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლდის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე;
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
1. ოთარ ბენიძე;
2. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
3. ლამარა ჩორგოლაშვილი;
4. ზაურ ჯინჯოლავა