საქართველოს მოქალაქეები - ანა ჯიქურიძე, თამუნა თაქთაქიშვილი, ელენე მჭედლიშვილი და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N2/13/1246 |
კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თამაზ ცაბუტაშვილი, ირინე იმერლიშვილი, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, |
თარიღი | 27 ივლისი 2018 |
გამოქვეყნების თარიღი | 27 ივლისი 2018 16:12 |
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში – სხდომის თავმჯდომარე;
ირინე იმერლიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
მანანა კობახიძე - წევრი;
თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.
სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეები - ანა ჯიქურიძე, თამუნა თაქთაქიშვილი, ელენე მჭედლიშვილი და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელე - ვერიკო ბერეკაშვილი; მოსარჩელეები, ასევე მოსარჩელეების - გიორგი ზედგინიძის, ანა ელიავას, ტატიანა ფარჯანაძის, მარიამ ხაჩიძის, თამუნა თაქთაქიშვილის, ანა არაბულის, ეკატერინე ბერაძის, თამარ აბულაძის, ვერიკო ბერეკაშვილის, ლევან ბიძინაშვილის, სალომე დვალიშვილის და სალომე არბოლიშვილის წარმომადგენლები - გიორგი მშვენიერაძე, ელენე მჭედლიშვილი და ანა ჯიქურიძე; მოსარჩელეების - დავით კვიტინის, ბაჩუკი კვირკველიას, ანა ჯიქურიძის და ელენე მჭედლიშვილის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები - თინათინ ერქვანია და გიორგი ჩიფჩიური; მოწმე - დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმღვანელობის განყოფილების პროკურორი თამარ მესხია.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1246) მიმართეს საქართველოს მოქალაქეებმა - ანა ჯიქურიძემ, თამუნა თაქთაქიშვილმა, ელენე მჭედლიშვილმა და სხვებმა (სულ 17 მოსარჩელე). კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა 2017 წლის 17 ივლისს. №1246 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 19 თებერვალს.
2. №1246 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“.
4. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს საკუთრების საყოველთაო უფლებას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დასახელებული უფლების შეზღუდვა დაიშვება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
5. №1246 კონსტიტუციურ სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შესაძლებელია ყადაღა დაედოს კეთილსინდისიერი შემძენის ქონებას. ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმეში არ არის ბრალდებული, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი ან/და მასთან დაკავშირებული სუბიექტი. ამასთანავე, დასახელებული პირი არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლით (წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება) გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელი და, ამდენად, ქონების შეძენისას არ იყო ინფორმირებული ქონების დანაშაულებრივი წარმომავლობის თაობაზე.
6. №1246 კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა შეფასებით, ქონებაზე ყადაღის დადების მიზანი მისი შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფაა. მოსარჩელეთა მითითებით, ქონების ჩამორთმევა, როგორც სასჯელის სახე, გულისხმობს დანაშაულის საგნის ან/და იარაღის, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთის ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას. ამდენად, ქონებას შესაძლებელია, დაედოს ყადაღა მხოლოდ მაშინ, თუკი დასაშვებია სამომავლოდ მისი ჩამორთმევა. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, კეთილსინდისიერ შემძენთან მიმართებით ქონების ჩამორთმევა ვერ განხორციელდება, რადგან მას არც ქონების დანაშაულებრივად მოპოვების პროცესში და არც ამ ქონების მიმართ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია. შესაბამისად, სადავო ნორმა კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრების უფლების შეზღუდვას უშვებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც არ არსებობს მისი გამოყენების საჯარო ინტერესი. ზემოხსენებული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
7. განმწესრიგებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ სადავოდ აღარ ხდის მთლიანად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას, არამედ ითხოვს მხოლოდ მისი სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით. დამატებით, მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ტერმინი „ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული“ ფართო ხასიათისაა და მოიცავს „ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ ცნებას. დასახელებულთაგან პირველი კრიტერიუმი გულისხმობს ნებისმიერ დანაშაულებრივ ფაქტს, სადაც ეს ქონება მონაწილეობდა როგორც საგანი, ობიექტი და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით ქონების დაყადაღებისას საკმარისია მხოლოდ იმის დასაბუთება, რომ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი და ის შესაძლებელია, პოტენციურად ჩამორთმევას დაექვემდებაროს. დასაბუთების კრიტერიუმი არ ავალდებულებს სამართალშემფარდებელს, გამოიკვლიოს პირის კეთილსინდისიერების ფაქტი დასაყადაღებელ ქონებასთან კავშირში.
8. მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის განმარტებით, №1246 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარ ნორმას ზოგადად აქვს მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან. მოპასუხე მხარის შეფასებით, სახეზეა სადავო ნორმის სწორად იდენტიფიცირების პრობლემა. კერძოდ, მოსარჩელე კეთილსინდისიერი პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას კითხულობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლი მე-3 ნაწილში, თუმცა ამ ნორმას არ მიჯნავს ამავე მუხლის პირველი ნაწილისგან, სადაც დაკავშირებული პირის ცნება, ასევე შეიძლება ქმნიდეს კეთილსინდისიერი შემძენის ქონების დაყადაღების საფუძველს. მოპასუხემ ხაზგასმით მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის №2/1/631 გადაწყვეტილებაზე, სადაც სასამართლომ იმსჯელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას“ ბუნდოვანებასა და ყადაღის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გამოყენებაზე, შედეგად კი, ნორმის კონსტიტუციურობა დაადგინა. პარლამენტის წარმომადგენლის მითითებით, შესაძლებელია, მოცემულ საქმეში გადაწყვეტილი საკითხი და №1246 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი ნორმა - კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის დადების კონტექსტში, ფარავდეს ერთმანეთს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას.
9. დამატებით, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლით დადგენილი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი მოიცავს სამართალშემფარდებლის მხრიდან დასაყადაღებელი ქონების მესაკუთრის სავარაუდო არაკეთილსინდისიერების დასაბუთების ვალდებულებასაც. შესაბამისად, მხოლოდ იმ ობიექტურ გარემოებაზე მითითება, რომ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, არ არის საკმარისი.
10. განმწესრიგებელ სხდომაზე მოწმის სახით მოწვეულმა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა თამარ მესხიამ ყურადღება გაამახვილა ყადაღის მარეგლამენტირებელი კანონმდებლობის მოქნილობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ყადაღის გამოყენება მხოლოდ ბრალდებულის ქონებასთან მიმართებით, აღნიშნულ ინსტიტუტს არაეფექტურს გახდიდა. ამასთან, მოწმემ მიუთითა იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, რომლებიც ავალდებულებს საქართველოს სახელმწიფოს, დასახელებული საპროცესო იძულების ღონისძიება პირთა ფართო წრეზე განავრცოს და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბრალდებულით.
11. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ერთმანეთისაგან გამიჯნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების რეგულირების სფერო. მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი არის სპეციალური ნორმა. დასახელებული დებულების საფუძველზე ყადაღის დადება დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებაზე, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი შედარებით ფართო ხასიათისაა. ის არ განსაზღვრავს სუბიექტთა წრეს, შესაბამისად, ყადაღას შესაძლებელია დაექვემდებაროს ნებისმიერი პირის ქონება, თუკი არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი ან/და იგი დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული. ამასთან, მოწმემ განმარტა, რომ ორივე ზემოხსენებული დებულებით გათვალისწინებული ყადაღის გამოყენების მიზანი ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველყოფაა და არა დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ ის ქონება, რომლის ჩამორთმევის შესაძლებლობა დადასტურებული იქნება დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით.
12. დამატებით, მოწმემ განმარტა ქონების ჩამორთმევის საკანონმდებლო მექანიზმები. თამარ მესხიამ მიუთითა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლით გათვალიწინებული ქონების ჩამორთმევის საფუძველი სრულად მიემართება მსჯავრდებულს, ხოლო მსჯავრდებულთან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევის საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი დებულებები. ამდენად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ყადაღა ემსახურება როგორც სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ქონების ჩამორთმევის უზრუნველყოფას.
13. საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ყადაღის დადების დამოუკიდებელი საფუძვლების - „ამ ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი“ და „იგი დანაშაულებრივი გზითა არის მოპოვებული“ შინაარსზე. მოწმემ მიუთითა, რომ „ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“ გულისხმობს ვითარებას, როდესაც ქონება აღრიცხულია იმ პირის საკუთრებაში, რომელმაც უშუალოდ განახორციელა დანაშაულებრივი ქმედება და არ მომხდარა ქონების შემდგომი გასხვისება. ხოლო „ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი“ მიემართება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შესაბამისი სტანდარტით არ არის გამოკვეთილი კონკრეტული პირი, ვინც უშუალოდ განახორციელა ქონების დანაშაულებრივი გზით მოპოვება. „ქონების მიმართ დანაშაულია ჩადენილი“ მოიცავს „ქონება დანაშაულებრივი გზითაა მოპოვებული“ პირობას, თუმცა არა პირიქით.
14. მოწმემ კეთილსინდისიერი შემძენის ქონებაზე ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი დაასახელა. მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ხაზგასმით მიუთითა, რომ, ერთი მხრივ, როდესაც არსებული მტკიცებულებებით ცალსახაა პირის კეთილსინდისიერების ფაქტი ქონების მიმართ, მაშინ ქონებაზე ყადაღის დადება საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ასეთი ქონება ჩამორთმევას არ ექვემდებარება. მეორე მხრივ, გამოძიების ეტაპზე ყოველთვის არ არის ცხადი პირის კეთილსინდისიერებისა და დანაშაულთან მისი სავარაუდო შემხებლობის საკითხი. ამასთან, სისხლის სამართლის პროცესის ამ ეტაპზე, ყადაღის ინსტიტუტის მოქნილობის გამო, სადავო ნორმა პროკურატურას არ ავალდებულებს, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამოიკვლიოს პირის კეთილსინდისიერება დასაყადაღებელ ქონებასთან მიმართებით. მთავარია, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადასტურდეს ხსენებული სუბიექტისათვის ქონების შესაძლო ჩამორთმევა, რაც მოიცავს ქონების მესაკუთრის კეთილსინდისიერების შეფასების საკითხსაც. თუმცა შესაძლებელია, ყადაღის დადების დროს არსებული ეჭვი, არაკეთილსინდისიერების თაობაზე, საბოლოოდ არ დადასტურდეს და აღმოჩნდეს, რომ დასახელებულ პირს არ აქვს შემხებლობა დანაშაულთან და იგი დაყადაღებული ქონების კეთილსინდისიერი შემძენია.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ […] საქმის განხილვის მომენტისთვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა“. აღნიშნული მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული ან ქურდული სამყაროს წევრის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ (2018 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია). №1246 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის ხსენებული ნორმის სიტყვების „ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“ (2018 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.
3. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2018 წლის პირველი მაისის (დოკუმენტის ნომერი - 2153-IIს) საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. მოქმედი რედაქციის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია ასევე ყადაღა დაადოს ქონებას, თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ ეს კორუფციული, რეკეტული, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“ ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონებაა ან/და ამ ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული ან/და იგი დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული“. ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, გაფართოვდა სუბიექტთა წრე და ყადაღის დადების შესაძლებლობა განისაზღვრა „კანონიერი ქურდის“ ქონების მიმართ. აგრეთვე, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატა ტერმინი - „გათვალისწინებული დანაშაულისათვის“ და ცალკეული სასვენი ნიშნები, ამასთანავე, ნორმიდან ამოღებულ იქნა დამაკავშირებელი სიტყვა „ან“. ზემოხსენებული ცვლილებები კი ამოქმედდა 2018 წლის პირველი მაისიდან ე.ი. კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის შემდგომ.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის N1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, №1246 კონსტიტუციურ სარჩელში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავოდ გამხდარი სიტყვები ძალადაკარგულია.
5. განსახილველ შემთხვევაში სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე სამართალწარმოების გაგრძელების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 10 აპრილის №2/2/537 განჩინება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 22 თებერვლის №2/3/1227 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - თორნიკე ართქმელაძე და ალექსანდრე ციცვიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, №1246 კონსტიტუციურ სარჩელზე საქმე უნდა შეწყდეს.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-7, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. შეწყდეს საქმე №1246 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მოქალაქეები - ანა ჯიქურიძე, თამუნა თაქთაქიშვილი, ელენე მჭედლიშვილი და სხვები (სულ 17 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
თეიმურაზ ტუღუში
ირინე იმერლიშვილი
მანანა კობახიძე
თამაზ ცაბუტაშვილი