„მ. ხ.“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N2/8/1822 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 25 დეკემბერი 2025 |
| გამოქვეყნების თარიღი | 8 იანვარი 2026 17:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: „მ. ხ.“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 5 ივნისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1822) მომართა „მ. ხ.“-მ. №1822 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2024 წლის 10 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2025 წლის 25 დეკემბერს.
2. №1822 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს არაუგვიანეს 4 თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო თუ სამართალდარღვევა დენადია − არაუგვიანეს 4 თვისა მისი გამოვლენის დღიდან.“
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის კონსტიტუციურ გარანტიას. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება“.
5. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, პერსონალური მონაცემების მფლობელის მიერ, მისი პირადი ცხოვრების ცალკეული ასპექტის დარღვევის თაობაზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (შემდგომში, სამსახური) მიმართვას არ აქვს ეფექტი ამ დარღვევისთვის დადგენილი შესაბამისი ადმინისტრაციულსამართლებრივი რეაგირების ხანდაზმულობის ვადის დენაზე. უფრო კონკრეტულად, თუკი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება უკანონოდ, ხოლო ამის თაობაზე უშუალოდ მონაცემების სუბიექტი შეიტყობს სადავო ნორმით დადგენილი, ოთხ-თვიანი ვადის შემდგომ, მას აღარ აქვს ასეთ დარღვევაზე ადმინისტრაციული რეაგირების მოთხოვნის ბერკეტი. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებლის სამართალდამრღვევად ცნობა ან შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვეღარ ხდება. მოსარჩელე ხაზგასმით მიუთითებს, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის დენას ვერ აჩერებს ის გარემოებაც, რომ მონაცემთა სუბიექტმა, სადავო ნორმით დადგენილი, ოთხი თვის ვადაში მიმართა სამსახურს და მოითხოვა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლა.
6. მოსარჩელე მხარის მითითებით, მის მიმართ იმოქმედა სადავო ნორმის ძალადაკარგულმა რედაქციამ, რომელიც ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, ანალოგიურ წესს ადგენდა. კერძოდ, მოსარჩელემ სამსახურს მიმართა განცხადებით, მისი და მისი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემების წესების შესაძლო დარღვევით დამუშავების შესახებ და მოითხოვა სამართალდარღვევის თაობაზე ფაქტის დადგენა, თუმცა სწორედ სამართალდარღვევის ხანდაზმულობის გამო, სამსახურმა შეწყვიტა კონკრეტულ გარემოებებზე საქმისწარმოება.
7. კონსტიტუციურ სარჩელში ხაზგასმულია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა, როგორც ხანდაზმულობის ვადის დენის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტის მიერ სამართალდარღვევის არსებობაზე ინფორმირების მომენტის გაუთვალისწინებლობისთვის, ისევე, ხანდაზმულობის ვადის შეუჩერებლობის გამო, მაშინ, როდესაც მონაცემთა სუბიექტმა გამოიყენა მის ხელთ არსებული დაცვის მექანიზმი და მიმართა სამსახურს, შესაძლო სამართალდარღვევის არსებობის თაობაზე. მოსარჩელე დამატებით აზუსტებს, რომ განსახილველ საქმეზე სადავოა არა უშუალოდ სამართალდარღვევაზე რეაგირების ვადის ხანგრძლივობა, არამედ, ის გარემოება, რომ ხანდაზმულობის ვადის დენისთვის მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისთვის, რამდენად ცნობილია მონაცემთა სუბიექტისთვის მისი მონაცემების უკანონოდ დამუშავების შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, თავად სამართალდარღვევის ფარული ხასიათის გათვალისწინებით, ნებისმიერი პირი, შესაძლოა გახდეს მისი მონაცემების არაკანონიერად დამუშავების მსხვერპლი და სადავო ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გამო, მან შესაძლოა და მეტად მოსალოდნელიც, რომ დროულად ვერ მოახერხოს კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედება.
8. მოსარჩელე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამსახურს, მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის, დადგენილი აქვს 2-თვიანი ვადა, რომელიც სამსახურის დასაბუთებული გადაწყვეტილებით, შესაძლოა, გაგრძელდეს, არა უმეტეს, ერთი თვით. დასახელებული ვადები ორი მიმართულებით ქმნის პრობლემას, ერთი მხრივ, სამსახურმა დადგენილ პერიოდში შესაძლოა, ობიექტურად ვერ შეძლოს საქმის სრულყოფილი მოკვლევა და სამართლებრივი დასკვნის მომზადება, მეორე მხრივ, სამსახურს აქვს შესაძლებლობა, გააჭიანუროს დადგენილი ვადები, მოახდინოს პროცესის მანიპულაცია და თავი აარიდოს სამართალდარღვევის დადგენასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას. განსახილველი სამართალწარმოებისთვის განსაზღვრული ვადის გათვალისწინებით, წარმოუდგენელია, არსებობდეს გონივრული მოლოდინი იმისა, რომ პირს, ადეკვატურად აქვს გარანტირებული, საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
9. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა, ფაქტობრივად, აბრკოლებს პირს, პირადი ცხოვრების უფლებით დაცული სხვადასხვა ასპექტის დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს სახელმწიფოსგან ეფექტიანი რეაგირება, სწორედ ამიტომ, დასახელებული რეგულაციით, დარღვეულია სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება. მოსარჩელის მითითებით, კონსტიტუციური მოთხოვნა არ არის მხოლოდ ის, რომ სახელმწიფომ თავად არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით გარანტირებული უფლებები, არამედ, ეს უკანასკნელი, საკუთარი საკანონმდებლო ფუნქციის ფარგლებში, არ უნდა აბრკოლებდეს პირს, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის, საკუთარი მონაცემების დაცვის მექანიზმებს. ამრიგად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცულ გარანტიებს.
10. მოსარჩელე მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, თუ სამართალდარღვევის ჩადენიდან ოთხი თვის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტისთვის ცნობილი არ არის სამართალდარღვევის თაობაზე, სამსახური სრულად უუფლებო რჩება, იმსჯელოს ასეთი დარღვევის არსებობის შესახებ, მეორე მხრივ კი, თუ სუბიექტმა დადგენილ ვადებში მიმართა სამსახურს, არასაკმარისი დროის გამო, შესაბამისმა ორგანომ შესაძლოა ობიექტურად ვერ შეძლოს საქმის სამართლიანად და საფუძვლიანად შესწავლა ან არასამართლიანად გააჭიანუროს საქმის გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, ცალსახაა, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება, აგრეთვე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გარანტიებს.
11. მოსარჩელის მოსაზრებით, სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს სამართლებრივი უსაფრთხოების მიზანი, რაც გულისხმობს იმას, რომ სამსახურში განუსაზღვრელი ვადით არ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისა და პასუხისმგებლობის დაკისრების მოლოდინი. მოსარჩელის განმარტებით, როდესაც მონაცემთა სუბიექტი, დადგენილი ოთხი თვის ვადაში მიმართავს სამსახურს რეაგირებისთვის, ამ კონტექსტში, ის მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება – სამართალდარღვევის ხანდაზმულობის ვადის დინების შეუჩერებლობა, არ არის ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგი საშუალება. გასათვალისწინებელია, რომ სადავო ნორმით დადგენილ ვადაში სამსახურისთვის მიმართვით, მონაცემთა სუბიექტი მოითხოვს შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომას და, ამ დროს, შეუძლებელია იმ მიზანზე აპელირება, რომ სხვა, შემხვედრი კერძო ან თუნდაც საჯარო სამართლებრივი უსაფრთხოების ინტერესი დგება საფრთხის ქვეშ. იმ კონტექსტში კი, როდესაც მონაცემთა სუბიექტისთვის ოთხი თვის განმავლობაში უცნობია მისი მონაცემების უკანონო დამუშავების შესახებ და მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდგომ შეიტყობს, სადავო რეგულაცია ლეგიტიმური მიზნის გამოსადეგი და აუცილებელი საშუალებაა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც კანონმდებელი სუბიექტს ოთხთვიან ვადას განუსაზღვრავს საკუთარი პირადი ცხოვრების უფლების დაცვის ღონისძიებათა გატარებისთვის და იმ ვადების გათვალისწინებით, რომელიც თავად სამსახურს აქვს წარმოებისთვის განსაზღვრული, წარმოუდგენელია გონივრული მოლოდინი არსებობდეს, რომ პირს ექნება საკუთარ უფლებათა, ადეკვატურად, დაცვის შესაძლებლობა ან, თუნდაც, შეძლებს ამ მიმართულებით რაიმე ქმედების განხორციელებას. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით დადგენილი რეგულაცია ვერ აკმაყოფილებს პროპორციულობის მოთხოვნებს.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
13. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან შუამდგომლობს დასახელებულ სარჩელთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტისა თუ თავად სარჩელის საჯაროდ გამოქვეყნებისას, დაფარული იყოს მოსარჩელის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემები. მოსარჩელე განმარტავს, რომ კონსტიტუციური სარჩელის განხილვით, გაცხადდება მოსარჩელის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება პარტნიორთან ურთიერთობას და მის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ დასახელებული, სენსიტიური ინფორმაციის საჯაროდ განხილვა გამოიწვევს მის მეორეულ ვიქტიმიზაციას, აგრეთვე, საფრთხე დაემუქრება მის ღირსებასა და რეპუტაციას. მოსარჩელე დამატებით მიუთითებს, რომ დასახელებული შუამდგომლობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პირადი ცხოვრების შემცველი ან/და მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვის შესახებ, ის უარს აცხადებს კონსტიტუციურ სამართალწარმოებაზე და, შესაბამისად, შუამდგომლობის არდაკმაყოფილების შემთხვევაში, მოითხოვს არ იქნეს გამოქვეყნებული კონსტიტუციური სარჩელი.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია მიიჩნევს, რომ №1822 კონსტიტუციური სარჩელი, სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შუამდგომლობს კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის მომენტიდან, დასახელებულ სარჩელთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტისა თუ თავად სარჩელის საჯაროდ გამოქვეყნებისას, დაფარული იყოს მოსარჩელის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემები.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში, რეგლამენტი) 33-ე მუხლი არეგულირებს პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხებს. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ.
4. საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს როგორც რეგისტრირებულ სარჩელებს/წარდგინებებს, ისე მის მიერ მიღებული აქტების სრულ ტექსტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
5. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების საჯაროობა და სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესებია, მათმა რეალიზებამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების გამჟღავნება და შელახოს პირთა უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, დასაშვებია რეგისტრირებულ სარჩელში/წარდგინებაში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა იმ პირობით, რომ დადგენილ იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, მოსარჩელის შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). ამდენად, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა №1822 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის საფუძველი.
6. მოსარჩელის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელის განხილვის შედეგად, გარდაუვლად გაცხადდება მისი პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ისეთი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციები, რომლებიც უკავშირდება პარტნიორთან ურთიერთობას და მოსარჩელის წინააღმდეგ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს. მოსარჩელე განმარტავს, რომ დასახელებული, სენსიტიური ინფორმაციის საჯაროდ განხილვით, საფრთხე დაემუქრება მისი ოჯახისა და თავად მის რეპუტაციას, ღირსებასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას.
7. განსახილველი საქმისა და თანდართული მასალების მიხედვით, მოსარჩელეს, სისხლისსამართლებრივი საქმის ფარგლებში, მიენიჭა ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, აგრეთვე, სარჩელში მითითებულია, რომ ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. თანდართული დოკუმენტის მიხედვით, საგამოძიებო ორგანოში მიმდინარეობდა განცალკევებული სისხლისსამართლებრივი საქმისწარმოება მოსარჩელის მიმართ ადევნებისა და მუქარის განხორციელების ფაქტებზე. გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელემ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სწორედ მოძალადის მიერ პირადი, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შესაძლო უკანონო დამუშავების თაობაზე მიმართა.
8. სასამართლოს აქტებში არსებულ პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვასთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა.შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57).
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით, არსებობს რისკები იმისა, რომ განსახილველ საქმეზე, მოსარჩელის ვინაობის გასაჯაროებამ, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მის პირად ცხოვრებას, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, მენტალურ ჯანმრთელობასა და რეპუტაციას. კონსტიტუციური სარჩელის თანდართულ მასალებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების საჯაროდ განხილვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს როგორც მას, ასევე მისი ოჯახის წევრებს. ამდენად, დასახელებული საქმის მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში მოცემულ მოსარჩელის ვინაობის შემცველ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ლეგიტიმურ ინტერესს გადაწონის მოსარჩელის პირადი ცხოვრების დაცვის აღმატებული ინტერესი. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შუამდგომლობა, განსახილველ საქმეზე, სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მოსარჩელის პერსონალური მონაცემების დაფარვის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები უნდა გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული მოსარჩელის ვინაობა.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1822 კონსტიტუციური სარჩელი („მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. №1822 კონსტიტუციურ სარჩელზე („მ. ხ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დაფარვის თაობაზე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საჯაროდ გამოსაქვეყნებელ აქტებში მისი სახელი და გვარი ჩანაცვლდეს ინიციალებით - „მ. ხ.“.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
თეიმურაზ ტუღუში