„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
ნომერი | N1/9/1368 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, |
თარიღი | 10 ოქტომბერი 2019 |
გამოქვეყნების თარიღი | 10 ოქტომბერი 2019 19:40 |
კოლეგიის შემადგენლობა:
მერაბ ტურავა - სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე - წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე - წევრი;
მაია კოპალეიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: მანანა ლომთათიძე.
საქმის დასახელება: „შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“,„ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1368) მომართა „შპს ჯორჯიან ეარვეისმა“. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 29 ნოემბერს. №1368 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2019 წლის 10 ოქტომბერს.
2. №1368 კონსტიტუციურ სარჩელში საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.
3. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სააგენტოს (მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს) მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესები და პირობები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების გასაჩივრებული ნორმები კი აწესებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული კონკრეტული მომსახურების სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობებს.
4. №1368 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი კი სახელმწიფოს ავალდებულებდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას, კრძალავდა მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ადგენდა მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის აუცილებლობას.
5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას, ხოლო 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
6. №1368 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ ავიაკომპანია შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტია, რომელიც სარგებლობს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ (შემდგომში - სააგენტო) მომსახურებით და ვალდებულია, გაწეული მომსახურებისათვის გადაიხადოს სადავო ნორმებით დადგენილი საფასური. მომსახურების საფასური შეადგენს საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობის გადასახადს და მისი გადახდა მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება ავიაკომპანიას. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მომსახურება კერძოსამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტია და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე უნდა წესრიგდებოდეს. ამის საპირისპიროდ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებით გაწერილი მომსახურების სახეების, ვადებისა და საფასურის განაკვეთების დადგენა მოხდა მინისტრის ბრძანებით ცალმხრივად, ერთპიროვნულად და შპს „ჯორჯიან ეარვეისთან“ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. მოსარჩელე მხარისათვის ისიც კი უცნობია, თუ რა კრიტერიუმებსა და სტანდარტებს ეფუძნება გასაჩივრებული მომსახურების სახეები, ვადები და საფასურის განაკვეთები, არის თუ არა იგი გონივრული და გაწეული მომსახურების ხარჯის პროპორციული.
7. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ საფასური, რომლის გადახდაც ავიაკომპანიას უწევს არაკონსტიტუციურია. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის დაფარვისათვის ავიაკომპანია იძულებულია, გაზარდოს ავიაბილეთების ღირებულება, ბილეთის ღირებულების ზრდა იწვევს მგზავრთა ნაკადის შემცირებას, მცირდება ტვირთის გამგზავნთა რაოდენობაც, რის შედეგადაც ავიაკომპანია კარგავს მომხმარებელს და შესაბამისად - შემოსავალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ დასახელებული გარემოებებით განპირობებული ბილეთის ტარიფის იძულებითი ზრდა უარყოფითად აისახება ავიაკომპანიის ფინანსურ სტაბილურობაზე.
8. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სადავო ნორმებით დადგენილი საფასურის გადახდა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიებისათვის შესაბამისი ნებართვების მიღებისა და საქმიანობის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, ამასთან, სააგენტო საქართველოში არსებული ერთადერთი ორგანოა, რომელიც ამ დარგში ახორციელებს შესაბამის მომსახურებას. მოსარჩელე მხარის განცხადებით, საფასურის განაკვეთების თვითნებურად დადგენით, სააგენტო ბოროტად იყენებს თავის დომინირებულ მდგომარეობას, ხოლო ავიაკომპანია ოპერირების განხორციელებისთვის იძულებულია, მიიღოს მისი მომსახურება ნებისმიერ ფასად. ამასთანავე, ოპერირების განხორციელებისათვის სააგენტოსგან ნებართვის მოპოვება არ სჭირდებათ და, შესაბამისად, მომსახურების საფასურის გადახდა არ ევალებათ უცხოეთში რეგისტრირებულ (არარეზიდენტ) ავიაკომპანიებს, რაც ქმნის არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს.
9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ სააგენტოს მომსახურებისთვის შესაბამის საფასურს იხდიან როგორც ავიაკომპანიები, ისე სხვა სუბიექტები, მაგალითად, აეროპორტები, საწვავ-გასამართი საწარმოები, რომელთა მომსახურებას, თავის მხრივ, საჭიროებს ავიაკომპანია სტაბილური ოპერირებისათვის. ეს სუბიექტები სააგენტოსათვის გადასახდელი საფასურის ოდენობას თავიანთი მომსახურების ტარიფში ასახავენ. აქედან გამომდინარე, მათ მიერ გაწეული მომსახურების მიღებით, ავიაკომპანია იხდის როგორც ამ სუბიექტების მიერ სააგენტოსათვის გადახდილი მომსახურების საფასურს, ისე სააგენტოს მიერ უშუალოდ მისთვის გაწეული მომსახურების გადასახადს. ამ გარემოებებზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ არსებული რეგულაციის პირობებში ავიაკომპანიებს ეკისრებათ დუბლირებული მომსახურების საფასურის გადახდა.
10. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სააგენტო ერთდროულად ახორციელებს როგორც საჰაერო ტრანსპორტის ტექნიკური სფეროს რეგულირებას, ისე სამოქალაქო ავიაციის ზედამხედველობასა და კონტროლს. ამასთანავე, მომსახურების გაწევიდან მიღებული საფასური სააგენტოს დაფინანსების წყაროა და ხმარდება, შესაბამისად, მისი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის აზრით, სააგენტო დამოკიდებულია ავიაკომპანიების მიერ გადახდილ საფასურზე, რომლის გადახდასაც იგი, როგორც მაკონტროლებელი ორგანო, მომსახურების გაწევის სანაცვლოდ თავადვე აკისრებს კონტროლქვეშ მყოფ სუბიექტს - ავიაკომპანიას, ეს კი აჩენს კორუფციის სერიოზულ საფრთხეს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სააგენტოს კანონიერ, ჯეროვან და მიუკერძოებელ საქმიანობას.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტს და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტს. იგი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკასა და საერთაშორისო დოკუმენტებზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. მოსარჩელე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან და 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას, დასახელებული დებულებების ნაცვლად, დაეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შესატყვის დებულებებს.
2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი იცავდა საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებას. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით.
3. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი სახელმწიფოს ავალდებულებდა თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობას, კრძალავდა მონოპოლიურ საქმიანობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და ადგენდა მომხმარებელთა უფლებების კანონით დაცვის აუცილებლობას. ანალოგიურ მოწესრიგებას ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმადაც, „მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. აკრძალულია მონოპოლიური საქმიანობა, გარდა კანონით დაშვებული შემთხვევებისა. მომხმარებელთა უფლებები დაცულია კანონით“.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღებს, რომ გასაჩივრებულია სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ეს უკანასკნელი კი ადგენს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად განსახილველად მიღების შემდეგ, სადავო აქტის გაუქმებისას ან ძალადაკარგულად ცნობისას, თუ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გააგრძელოს სამართალწარმოება და გადაწყვიტოს გაუქმებული ან ძალადაკარგულად ცნობილი სადავო აქტის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად“.
6. №1368 კონსტიტუციურ სარჩელში, სხვა ნორმებთან ერთად, სადავოდ არის გამხდარი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ №1368 კონსტიტუციური სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის შემდგომ, გასაჩივრებულ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილება. კერძოდ, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2018 წლის 17 დეკემბრის №1-1/590 ბრძანებით, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა გასაჩივრებული ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტები. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „სადავო ნორმის ახალი რედაქციით ჩამოყალიბებამ, შესაძლოა, განსხვავებული სამართლებრივი მოცემულობები წარმოშვას, მისი გასაჩივრებული შინაარსი შეიძლება მნიშვნელოვნად, უმნიშვნელოდ ან საერთოდ არ შეიცვალოს. თუმცა, ნორმის ძველი, კონსტიტუციური სარჩელის რეგისტრაციის დროისთვის მოქმედი რედაქცია, ყველა შემთხვევაში ძალადაკარგულად ითვლება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“; II-5). აღნიშნულიდან გამომდინარე, დასახელებული სადავო ნორმების გასაჩივრებული რედაქცია ძალადაკარგულია.
7. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება მოხდა კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, რაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქმნის სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში საქმის შეწყვეტის საფუძველს და გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სამართალწარმოების გაგრძელების უფლებამოსილების გამოყენებას (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №1/3/559 საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“).
8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1368 კონსტიტუციურ სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
9. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
10. №1368 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვს „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“,„ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ქ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
11. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილია სახელმწიფოს ვალდებულება, უზრუნველყოს მეწარმეობის თავისუფლება. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „მეწარმეობის თავისუფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს ... მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობის სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს “რუსენერგოსერვისი”, შპს “პატარა კახი”, სს “გორგოტა”, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო “ფერმერი” და შპს “ენერგია” საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2).
12. ზოგადად, საქართველოს კონსტიტუციით დაცულ საკუთრების უფლებასა და მეწარმეობის თავისუფლებას შორის მჭიდრო კავშირია. თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებს შორის არსებული შინაარსობრივი ურთიერთკავშირის მიუხედავად, ძირითადი უფლებებით დაცულ სფეროებთან მიმართების დადგენა საჭიროებს ინდივიდუალურ შეფასებას კონკრეტული უფლების შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით. „საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთება მოითხოვს, რომ თითოეული უფლების დაცული სფერო შესაბამის კონსტიტუციურ დებულებებში იქნეს ამოკითხული. კონსტიტუციის განმარტების პროცესში საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის დაცვა, კონსტიტუციის დებულებების გააზრება მათი მიზნებისა და ღირებულებების შესაბამისად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №3/2/588 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – სალომე ქინქლაძე, ნინო კვეტენაძე, ნინო ოდიშარია, დაჩი ჯანელიძე, თამარ ხითარიშვილი და სალომე სებისკვერაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12).
13. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი „იცავს, მათ შორის, მეწარმის საკუთრების უფლებას. შესაბამისად, მეწარმისათვის გარკვეული ფინანსური ვალდებულებების დადგენა, როგროც წესი, საკუთრების უფლების შეზღუდვას იწვევს და არა თავისუფალი მეწარმეობის“ (mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის №2/6/877 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-6). საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანიშნულება არ არის მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლების დაცვა. კონსტიტუციის ხსენებული დებულების შეზღუდვის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სადავო ნორმა ზღუდავს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და ამ ფორმით არღვევს თავისუფალ მეწარმეობას (იხ. mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 დეკემბრის №2/7/667 გადაწყვეტილება საქმეზე „სს „ტელენეტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
14. სადავო ნორმებით დადგენილია, მათ შორის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადებისა და საფასურის განაკვეთების ნორმატიული აქტით განსაზღვრის უფლებამოსილება და კონკრეტული მომსახურების სახეების სანაცვლოდ გადასახდელი საფასურის ოდენობები. მოსარჩელე მხარის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია უკავშირდება მომსახურების საფასურის ცალმხრივად განსაზღვრის შედეგად ავიაკომპანიისათვის დაწესებულ მძიმე ფინანსურ ტვირთსა და ავიაბილეთის იძულებით გაზრდილი ღირებულების პარალელურად მგზავრთა ნაკადის შემცირებას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ავიაკომპანიის შემოსავალზე.
15. როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებულია, მათ შორის, მეწარმე სუბიექტების საკუთრების უფლება. მომსახურების საფასურის დაწესებით, ავიაკომპანიას, როგორც მეწარმე სუბიექტს ეკისრება გარკვეული ვალდებულებები და ფინანსური ტვირთი, რაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მართლაც იწვევდეს მისი ქონების შემცირებას, ხელს უშლიდეს საკუთარი ქონებით შეუფერხებლად სარგებლობაში, თუმცა ამგვარი ფინანსური ვალდებულების დაკისრება მიემართება საკუთრების უფლების შეზღუდვას, არ უკავშირდება საკუთრების უფლების ფარგლებს გარეთ არსებულ ურთიერთობებს. შესაბამისად, კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია, რომელიც მიუთითებს ფინანსური ტვირთის სიმძიმესა და საფასურის დადგენის წესის თვითნებურ ხასიათზე, არ გამოდგება სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით აღიარებულ უფლებას შორის მიმართების არსებობის დასასაბუთებლად.
16. მოსარჩელე მხარე აგრეთვე უთითებს, რომ საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისაგან განსხვავებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდა არ ევალებათ უცხოეთში რეგისტრირებულ (არარეზიდენტ) ავიაკომპანიებს, რაც ქმნის ბაზარზე არაჯანსაღი კონკურენციის პირობებს და ამ თვალსაზრისით იზღუდება მეწარმეობის თავისუფლება.
17. გასაჩივრებული ნორმებით დადგენილი საფასურის გადახდა ხდება, მათ შორის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის, რეგისტრირებულ საჰაერო ხომალდებზე ფრენის ვარგისობის სერთიფიკატის გაცემისა და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საფრენად დაშვებისთვის საჭირო სხვა მომსახურების უზრუნველსაყოფად. საქართველოს საჰაერო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, საქართველოს საჰაერო სივრცეში საფრენად დაიშვება ის საჰაერო ხომალდი, რომელსაც აქვს სახელმწიფო სარეგისტრაციო და ამოსაცნობი ნიშნები, რომელიც სათანადოდ არის მომზადებული და რომელზედაც ინახება საავიაციო საქმიანობის ზედამხედველობისა და რეგულირების ორგანოების მიერ დადგენილი ყველა აუცილებელი საბუთი. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით კი, უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდზე არსებული საბუთები მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, თუ იგი შეესაბამება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილ ნორმებს. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შემთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.
18. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობისას ნებისმიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდს და მის ექსპლუატანტ ავიაკომპანიას ოპერირების განხორციელებისათვის წესრიგში უნდა ჰქონდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს საჰაერო ხომალდის ფრენის ვარგისიანობას და აკმაყოფილებს მის საფრენად დაშვების სხვა წინაპირობებს. მაშასადამე, ყოველი საჰაერო ხომალდი ოპერირებისათვის ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებას და იღებს შესაბამის მომსახურებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ან/და სხვა ქვეყნის შესაბამისი კვალიფიციური ორგანოს მიერ.
19. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „როდესაც საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილე ნორმატიული ქცევის წესის არაკონსტიტუციურობის სამტკიცებლად იშველიებს ფაქტობრივ გარემოებებს, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა აკმაყოფილებდეს დამაჯერებლობის მაღალ ხარისხს. კერძოდ, ამგვარი არგუმენტები გამყარებული უნდა იყოს რელევანტური დოკუმენტური მტკიცებულებებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 26 ივლისის №2/5/700 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს კასტელ ჯორჯია“ და „სს წყალი მარგებელი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ, II-86). განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ უცხოეთში რეგისტრირებული ავიაკომპანიები სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ანალოგიური სერვისის მიღების სანაცვლოდ საერთოდ არ იხდიან ან იხდიან საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე ავიაკომპანიებზე ნაკლები ოდენობის საფასურს, რასაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ავიაკომპანიებს შორის არაკონკურენტუნარიანი პირობების შექმნასთან და ამ ფორმით ზღუდავდეს მეწარმეობის თავისუფლებას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის არც ეს არგუმენტი ასაბუთებს სათანადოდ შინაარსობრივ მიმართებას სადავო ნორმებსა და საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებას შორის.
20. ამრიგად, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია სათანადო არგუმენტაცია და მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა, რომ სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესი და საფასურის ოდენობები ზღუდავს საკუთრების უფლებით დაცული სფეროს გარეთ არსებულ ურთიერთობებს და არსებობს შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით გარანტირებულ უფლებასთან.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ქ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით, №1368 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია მიიჩნევს, რომ №1368 კონსტიტუციური სარჩელი, სხვა მხრივ, აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამ კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-5, მე-8, მე-10 და მე-13 პუნქტების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1368 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ქ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1368 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ“, „ა.დ“, „ბ.გ“, „ბ.დ“, „ბ.ე“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „ს1“, „ს2“, „ს3“, „ტ“, „უ.თ“, „უ.ლ“, „ქ“, „ყ“, „ჩ“, „ჩ1“, „ხ“, „ჯ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
3. შეწყდეს საქმე №1368 კონსტიტუციურ სარჩელზე („„შპს ჯორჯიან ეარვეისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 20 აპრილის №1-1/1025 ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ფ“ და „ღ“ ქვეპუნქტების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტთან მიმართებით.
4. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
5. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
6. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
7. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის წევრები:
მერაბ ტურავა
ევა გოცირიძე
გიორგი კვერენჩხილაძე
მაია კოპალეიშვილი