თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45 (1) მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1 (1) პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე
| დოკუმენტის ტიპი | საოქმო ჩანაწერი |
| ნომერი | N3/1/1928 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე, |
| თარიღი | 23 იანვარი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 3 თებერვალი 2026 12:04 |
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;
მანანა კობახიძე – წევრი;
გიორგი მოდებაძე – წევრი;
ვასილ როინიშვილი – წევრი;
თეიმურაზ ტუღუში – წევრი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 15 დეკემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1928) მომართა თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე - ვლადიმერ ხუჭუა). №1928 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2025 წლის 19 დეკემბერს. №1928 კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 23 იანვარს.
2. №1928 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, პირს, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ჩამოართმევს იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებებს“. თავის მხრივ, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადება ადგენს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე, 451 ან 1002 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სასამართლო პირს ჩამოართმევს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებას 3 წლის ვადით, ხოლო იმავე პუნქტის „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ უფლებებს - 5 წლის ვადით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებს ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას.
5. კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო პირის მიმართ განიხილავს საქმეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის - მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის, მოხმარების ან/და მისი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის - ჩადენის ფაქტზე. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილის თანახმად, საქმის განმხილველი სასამართლო ვალდებულია, პირს, ამავე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ჯარიმის - 500 ლარის შეფარდების გარდა, სავალდებულო წესით ჩამოართვას „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზოგიერთი უფლება, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 3 წლის ვადით, ხოლო პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები - 5 წლის ვადით.
6. №1928 კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შენახვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალური საფრთხის მატარებელია. მიუხედავად ამისა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, სასამართლო სამართალდამრღვევს 3 წლის ვადით ჩამოართმევს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლებას. კონსტიტუციური წარდგინების ავტორის განმარტებით, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა საქმიანობის აკრძალვას უტოლდება და ღონისძიების ადრესატს შემოსავლის გარეშე ტოვებს, რაც ჩადენილი სამართალდარღვევის ბუნებიდან მომდინარე უმნიშვნელო საფრთხის გათვალისწინებით, აშკარად არაპროპორციულ სასჯელად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის.
7. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი სადავო ღონისძიებების აშკარა არაპროპორციულობის სამტკიცებლად უთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სხვა მუხლებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობის ზომებზე, რომლებიც უკავშირდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ან შეჩერებული მართვის უფლების ვადის გახანგრძლივებას. წარდგინების ავტორი განმარტავს, რომ თუ პირი, სატრანსპორტო საშუალების მართავს კანონით დადგენილი ყველა წესის დაცვით და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ინახავს (მასთან ან სხვაგან) მცირე ოდენობით მარიხუანას/კანაფს, ექვემდებარება 3 წლის ვადით მართვის უფლების ჩამორთმევას, მაშინ, როდესაც პირი, რომელიც სატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავს განმეორებით, მას მართვის უფლება ჩამოერთმევა მაქსიმუმ 2 წლის ვადით.
8. №1928 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, სანქცია (მხედველობაშია სატრანსპორტო საშუალების მართვის, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების ჩამორთმევა) არის აბსოლუტურად განსაზღვრული, იგი გამოიყენება ავტომატურად, მხოლოდ სამართალდარღვევის ფაქტის დადგენის საფუძველზე და მოსამართლე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, თუნდაც საპროცესო შეთანხმების გამოყენებით, მოკლებულია. კერძოდ, კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სფეროში მოქმედი კანონმდებლობა სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების დადებას არ ითვალისწინებს.
9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილისა და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 451 მუხლის პირველი ნაწილით, პირის სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალების მართვის 3 წლით, პედაგოგიურ/საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საჯარო სამსახურში საქმიანობის ისევე როგორც, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებების 5 წლით სავალდებულო ჩამორთმევას და გამორიცხავს საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ ამავე სანქციის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.
10. კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1928 კონსტიტუციური წარდგინება სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს აღნიშნული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი.
2. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის წარმოებაშია №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებები, რომლებითაც საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, ასევე სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45¹ მუხლის შენიშვნის მე-11 ნაწილი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1¹ პუნქტის პირველი წინადადება. შესაბამისად, №1914, №1920, №1921 და №1922 კონსტიტუციური წარდგინებების დავის საგანი №1928 კონსტიტუციური წარდგინების დავის საგნის იდენტურია და ისინი შინაარსობრივად და სამართლებრივად არსებითად უკავშირდება ერთმანეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 312 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, №1914, №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციური წარდგინებები უნდა გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 31-ე მუხლის, 311 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტების, 312 მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების, 313 მუხლის პირველი პუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე და 43-ე მუხლების საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს №1928 კონსტიტუციური წარდგინება.
2. №1914, №1920, №1921, №1922 და №1928 კონსტიტუციური წარდგინებები გაერთიანდეს ერთ საქმედ და ერთობლივად იქნეს არსებითად განხილული.
3. საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
6. საოქმო ჩანაწერი 15 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოს, საქართველოს პარლამენტსა და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
პლენუმის შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე
მანანა კობახიძე
გიორგი მოდებაძე
ვასილ როინიშვილი
თეიმურაზ ტუღუში