ნიკო გიგოლაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1948 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - გიორგი მოდებაძე, |
| ავტორ(ებ)ი | ნიკო გიგოლაშვილი |
| თარიღი | 2 მარტი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
ა. საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი | საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი, მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს კანონის 19-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე, 311 და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოგახსენებთ, რომ გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურობა დავინახე სასამართლოში ერთ-ერთი საქმის განხილვის ეტაპზე. სწორედ ამიტომ საკითხის დარეგულირების მიზნით მოგმართავთ თქვენ. მიგვაჩნია, რომ უფლებამოსილი ვარ სარჩელით მივმართო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. გასაჩივრებული ნორმა შესაძლებელია გამოყენებული იქნეს პირთა ფართო წრის მიმართაც და ამ დროს დარღვეული იქნება ადამიანების საკუთრების ფუნდამენტური უფლება.
განსახილველ ვითარებაში მე, როგორც 1 რიგით მოქალაქეს მიმაჩნია, რომ გასაჩივრებული ნორმით ირღვევა ადამიანის საკუთრების ფუნდამენტური უფლება. სწორედ გასაჩივრებული ნორმა იქნა გამოყენებული ჩემს მიერ წარმოებული დავისას მოწინააღმდეგე მხარეების მიერ.
სადავო ნორმის კონსტიტუციურობის საკითხის გადაწყვეტა სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა და მიგვაჩნია, რომ ამ საკითხის განხილვის შედეგად მიღებული იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი გვეუბნება, რომ ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის აღმოფხვრამდე (იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება) ან დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფამდე დევნილს არ ასახლებენ მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართობიდან. ამ ნორმის მიხედვით გვაქვს სურათი, რომ მაგალითად მე, რომელიც ვარ უძრავი ქონების მესაკუთრე მეზღუდება უფლება ვისარგებლო მესაკუთრის უფლებამოსილებით ვიდრე დევნილი არ დაბრუნდება თავის სახლში ან/და არ მოხდება მისი დაკმაყოფილება სხვა ფართით. იგივე კანონი თითქოს ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იდავოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობაზე და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი განმარტავს, რომ მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს სამინისტროს და შესაბამის ორგანოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში რეგისტრირებული ან/და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილის გამოსახლების თაობაზე თუმც კანონის იგივე მუხლის მე-5 პუნქტი აქვე ადგენს, რომ თუ მესაკუთრე ისარგებლებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებით, იგი ვალდებულია გაითვალისწინოს ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნები. ასეთ მოცემულობაში უფლება დოკუმენტურად არსებობს, თუმც მისი რეალიზების შესაძლებლობა შეუძლებელია.
საკითხში მეტი სიცხადისთვის მოგახსენებთ ჩემს პირად ისტორიას, კერძოდ მამაჩემმა შეისყიდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. თბილისში, წყნეთის დასახლებაში და იმ დროინდელი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დარეგისტრირდა ამ ბინის მესაკუთრედ. მე არ ვიცი როგორ მოხდა რომ ამ სახლში შესახლდნენ დევნილები, თუმც მამის საკუთრებას ოჯახი ვერ ვიყენებდით სწორედ ამ ფაქტის გამო. მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეებმა ვერ მივიღეთ მამის საკუთრებაში არსებული სახლი მდებარე წყნეთში, რადგან საჯარო რეესტრის მიერ გაცემულ დოკუმენტში ეს ქონება საერთოდ არ იყო მითითებული მამის საკუთრებად. როგორც შემდეგ ჩემთვის გახდა ცნობილი, 2009 წელს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მამაჩემის საკუთრებაში არსებული ბინა ამ სახლში მცხოვრებ დევნილზე გაფორმდა და შეიქმნა ვითარება, რომ ერთდროულად ერთი და იგივე ბინა ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში იყო მამას საკუთრებად აღრიცხული და ამის პარალელურად იგივე ბინა საჯარო რეესტრში იყო აღრიცხული დევნილის საკუთრებად.
ამ საქმეზე მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლის 2018 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით ჩემი სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ საქართველოს უზენაეს სასამართლოში, თუმც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღარ შეცვლილა.
2025 წლის 23 ივნისს სარჩელით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოვითხოვე უკანონო მფლობელობიდან კუთვნილი უძრავი ნივთის გამოხმობა (საქმის N 2/17031-25). სწორედ ამ სასამართლოზე მე-3 პირად ჩართული იქნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, რომელმაც განმარტა, რომ დევნილი ოჯახი ჩემს სახლში ცხოვრობს მართლზომიერად და ჩემი მოთხოვნის საწინააღმდეგო მოიშველია კანონის გასაჩივრებული მუხლი. ჩვენ ბუნებრივია არ გვესმის ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ვისაუბროთ მართლზომიერ მფლობელობაზე როცა მესაკუთრე ამ მფლობელობის წინააღმდეგია.
ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად აღიარებს ადამიანის საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. რეალურად კონსტიტუციის ეს მუხლი იცავს საკუთრებას როგორც ინსტიტუტს და პიროვნებას, რომელიც არის ამ უფლების მატარებელი. საკუთრების უფლება კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება, ამ უფლების არსი მოიაზრებს, როგორც მის მფლობელობას, ასევე შეუფერხებლად განკარგვის უფლებას. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა/შეზღუდვა, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ვინდიკაციური სარჩელის წარდგენის გზით მოთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. ჩვენი აზრით, სახელმწიფო არის ვალდებული უზრუნველყოს ყოველი ინდივიდის მიერ საკუთრების უფლებით შეუფერხებელი სარგებლობა. ბუნებრივია სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება). საკუთრების კონსტიტუციურ-სამართლებრივი ცნების უმთავრესი მიზანი სწორედ სახელმწიფოს ჩარევისაგან დაცვაში მდგომარეობს.
ჩვენს სინამდვილეში უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოხმობის შესახებ დევნილის მიმართ წარმოებული დავისას უმეტეს შემთხვევებში საქმეში მე-3 პირად ერთვება სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და ეს სახელმწიფო უწყება აცხადებს, რომ დევნილი სადავო უძრავ ქონებაში სახელმწიფომ განასახლა და მართლზომიერი მფლობელია. ჩვენი აზრით, ნებისმიერ მოცემულობაში მესაკუთრე უფლებამოსილი უნდა იყოს განახორიელოს საკუთრების ფლობა და სადავო პუნქტი სწორედ ამ უფლების შემზღუდავია. თუნდაც რომ დავუშვათ, სახელმწიფომ განასახლა დევნილი ოჯახი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, შემდეგ გაყიდა ეს ქონება, სადავო მუხლის მიხედვით ასეთი ქონების შემძენს ეზღუდება უფლება დევნილ ოჯახს მოთხოვოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დაცლა. ადამიანს, რომელიც ემიგრაციაშია უკვე 20 წელია აქვს საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე თბილისში, საქართველოში დაბრუნებულმა ამ ადამიანმა შეიტყო, რომ მის ბინაში განსახლებულია დევნილი ოჯახი. სადავო მუხლიდან გამომდინარე, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოხმობა ამ ადამიანს გაუჭირდება. ვფიქრობ ეს არასამართლიანია.
საკუთრების უფლება ცალსახად აღიარებულია „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით“ (მუხლი 17), „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით, გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური, კულტურული და სოციალური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტებით, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი სხვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საკუთრების უფლების ჭრილში საინტერესოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები:
1. საქართველოს მოქალაქე ანზორ თევზაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ შემდეგს: საკუთრების გარანტია გულისხმობს, არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უარყოფითი ზემოქმედებებისგან თავდაცვას, არამედ მისი მხრიდან პოზიტიური მოქმედებების განხორციელებას.
2. საინტერესოა საკონსტიტუციო სასამართლოს 1997 წლის გადაწყვეტილება საქმეზე: ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება. სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებაა, დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას გარკვეულ სოციალურ ფუნქციებს ანიჭებს.
3. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში ნიშნავს მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან მისი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებაში. თუმცა ამ უფლების გარანტირებულობა მხოლოდ სახელმწიფოს წინაშე დაცვის უფლებით არ ამოიწურება, ის ამავდროულად ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას ეს უფლება. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/384).
4. საქართველოს კონსტიტუციის 19-ე მუხლიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულება, თავი შეიკავოს სახელმწიფომ ისეთი მოქმედებებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას. ამავე დროს სახელმწიფო პოზიტიურადაა ვალდებული, შექმნას ისეთი სამართლებრივი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის. სახელმწიფოს გააჩნია დაცვის ვალდებულება, რომელიც მას გარკვეული ქმედების შესრულებას ავალდებულებს. სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება ირღვევა მისი უმოქმედებისას.“ (იხ. ა. ფირცხალაიშვილი, სახელმწიფოს დაცვის ვალდებულება, მისი ასახვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №1/12 თბ., 2012,49). მოცემულ შემთხვევაში სადავო პუნქტი სხვა არაფერია თუ არა საკუთრების უფლებაში სახელმწიფოს ჩარევა, რადგან მესაკუთრეს ეზღუდება მისი საკუთრების უფლება დევნილისთვის სხვა საცხოვრებლის მიცემამდე ან უკან დაბრუნებამდე. ჩვენი აზრით, ასეთ დროს უმჯობესი იქნება სახელმწიფომ ყოველ ასეთ დევნილზე იზრუნოს და მოახდინოს საცხოვრისის გადაცემა მით უფრო როცა იცის პრობლემის არსებობის თაობაზე, უკიდურესში უზრუნველყოს დროებით ქონების ქირავნობა ამ დევნილის განსახლების მიზნით.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არა ერთ საქმეში განმარტა საკუთრების უფლების არსი. განმარტების თანახმად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გვეუბნება: იმისთვის რომ პირმა შეძლოს საკუთრების უფლებით პრაქტიკული სარგებლობა, არ არის საკმარისი მისთვის აბსტრაქტული საკუთრებითი გარანტიის მინიჭება. მან ასევე უნდა ისარგებლოს იმგვარი სამოქალაქო, კერძო სამართლებრივი წესრიგით, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლებით შეუფერხებელ სარგებლობას და, შესაბამისად, სამოქალაქო ბრუნვის განვითარებას.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის N1/2/411 გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ” საკუთრება უპირობოდ დაცული ფასეულობაა, იმის მიუხედავად, თუ რა ღირებულების მფლობელობაა სახეზე და რა სოციალური ტვირთის მატარებელია იგი.
8. საკუთრების უფლება წარმოადგენს თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საყრდენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის №2/3/522,553 გადაწყვეტილება საქმეზე „სპს „გრიშა აშორდია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). საკუთრების უფლება ბუნებითი უფლებაა, რომლის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას.
მიგვაჩნია, რომ კანონის ამგვარი ნორმის არსებობისას სახელმწიფო ერევა საკუთრების ფუნდამენტურ უფლებაში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს.
განსახილველ ვითარებაში მესაკუთრე, რომლის უძრავ ქონებაში ცხოვრობს დევნილი არის შეზღუდული ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული ქონებით და ამ დროს სახელმწიფო ნაცვლად იმისა, რომ ადამიანს გაუწიოს დახმარება, ცდილობს კიდევ უფრო შელახოს მესაკუთრის უფლებები. დევნილის უკანონო მფლობელობიდან ჩემი საკუთრების გამოხმობის თაობაზე მიმდინარე საქმეზე მე-3 პირად ჩართულმა სახელმწიფო უწყებამ თავადვე განმარტა, რომ ამ დევნილი ოჯახის საცხოვრისით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე იცოდა ჯერ კიდევ 2018 წელს და განვლილი 8 წლის განმავლობაში საკითხის დარეგულირების მიზნით არაფერი გაუკეთებია, ხოლო თავისი ქმედების გამართლების მიზნით განმარტავდა, რომ დევნილმა არ წარადგინა თურმე განცხადება რომ დაეკმაყოფილებინა საცხოვრისით. ამ დავაზე სახელმწიფო უწყება ყველანაირად ცდილობდა მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას დევნილის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით და განმარტავდა, რომ თურმე დევნილი ჩემს ბინაში მართლზომიერად ცხოვრობს. ბუნებრივია დევნილთა სააგენტო სწორედ დევნილების ინტერესების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული, თუმც ეს ისე უნდა განახორციელოს, რომ სხვა ადამიანის უფლებები არ შელახოს. ჩვენი აზრით, ნებისმიერი ადამიანის მიერ მფლობელობა იქნება უკანონო და დაუსაბუთებელი როცა ამის წინააღმდეგია მესაკუთრე. რა გარემოებებიდან გამომდინარე და როგორ მოხდა ამ დევნილის ბინაში შესახლება არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია დავის მომენტში რა სურს მესაკუთრეს.
მიგვაჩნია, რომ გასაჩივრებული მუხლი ზღუდავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს საკუთრებით ვიდრე სახელმწიფოს შესაბამისი უწყების მოხელეები არ მოახდენენ რეაგირებას და არ დააკმაყოფილებენ დევნილ ოჯახს ან ეს დევნილი არ დაბრუნდება თავის სახლში. ჩვენ ბუნებრივია გვესმის ის გარემოებაც, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არსებობენ დევნილები, თუმც ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს აქვს აღებული და ასეთ პირობებში საუბარი იმის თაობაზე, რომ თურმე მესაკუთრე უნდა შეიზღუდოს რადგან სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ვერ ან არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, ვფიქრობ, არასწორია. კი ბატონო სახელმწიფომ უნდა იზრუნოს დევნილზე და ასეთ შემთხვევაში თუ ვერ ახდენს ამ დევნილის დაკმაყოფილებას უძრავი ქონებით უნდა მოახერხოს ბინის ქირავნობა მაინც, მაგრამ გასაჩივრებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე სახელმწიფო ამ ვალდებულებას არ იღებს, ცდილობს დაზოგოს თანხები მესაკუთრის ხარჯზე და სწორედ ასეთ დროს ირღვევა მესაკუთრის უფლება, რომელსაც ეუბნებიან, რომ ვიდრე დევნილი არ დაბრუნდება ან არ მოხდება მისი დაკმაყოფილება ვერ ისარგებლებს საკუთრებით. რეალურად შექმნილ ვითარებაში სახელმწიფო არაპირდაპირ ერევა საკუთრების უფლებაში თუმც ამ დროს უნდა იყოს განსაზღვრული ჩარევის ფარგლებიც და ჩვენი აზრით, ამ დროს დაცული უნდა იყოს ჩარევის პროპორციულობის ბალანსიც. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფო იყოს საკუთრების უფლების ეფექტური გამოყენების გარანტი და არ უნდა ერეოდეს საკუთრების თავისუფალ ბრუნვაში.
ჩვენ ვიცით, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. ეს უფლება ადამიანს აქვს ვიდრე ცოცხალია. თუმც გასაჩივრებული მუხლის გათვალისწინებით ადამიანს ტექნიკურად აქვს საკუთრების უფლება, არსებობს ამონაწერიც საჯარო რეესტრიდან და ამის პარალელურად სწორედ სადავო ნორმის შინაარსიდან გამომდინარე ფიზიკურად ვერ ხერხდება საკუთრების უფლების რეალიზება, მფლობელობა, რაც დაუშვებელია და არაკონსტიტუციურია.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა