• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
      • 26.11.2025
      • N1919
      • კონსტიტუციური წარდგინება
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №3/6/1919 განჩინება საქმეზე „საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/6/1919
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 26 მარტი 2026
გამოქვეყნების თარიღი 27 მარტი 2026 15:45

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე – წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობის თაობაზე.

დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 26 ნოემბერს კონსტიტუციური წარდგინებით (რეგისტრაციის №1919) მომართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (მოსამართლეები – ლალი ფაფიაშვილი, მამუკა ვასაძე და ლევან თევზაძე). №1919 კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 26 ნოემბერს.

2. №1919 კონსტიტუციურ წარდგინებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ დაენიშნება მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ორსულ ქალს, ქალს, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, საპენსიო ასაკის პირს, გაწვეულ სამხედრო მოსამსახურეს.“

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებას.

5. №1919 კონსტიტუციური წარდგინებიდან ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელშიც პირი ბრალდებულად არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამავდროულად, დგინდება, რომ ბრალდებული არის საპენსიო ასაკს მიღწეული პირი. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

6. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ჩადის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და არ არის პენსიონერი, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა, სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი/შემამსუბუქებელი გარემოებები და სასჯელის სახედ გამოიყენოს, მათ შორის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. ამასთან, კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა მითითებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ აკრძალვას აქვს იმპერატიული ხასიათი, რის გამოც საქმის განმხილველი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მიმართ გამოიყენოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა და იძულებულია, რომ დანიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

7. №1919 კონსტიტუციური წარდგინების ავტორთა პოზიციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი გამორიცხავს საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის სრულფასოვან განხორციელებას, რაც, საპენსიო ასაკს მიღწეულ პირს, სხვა ბრალდებულებთან შედარებით, უფრო მძიმე სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. კერძოდ, იმავე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პირები, რომელთაც საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევიათ, შეიძლება დაექვემდებარონ უფრო მსუბუქ სასჯელს – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას, მაშინ როდესაც საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მიმართ სასამართლოს არ გააჩნია აღნიშნული შესაძლებლობა და იგი ვალდებულია გამოიყენოს ყველაზე მკაცრი ძირითადი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა.

8. კონსტიტუციურ წარდგინებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმის თავდაპირველი მიზანი შესაძლოა, ყოფილიყო საპენსიო ასაკის პირების საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესრულების პროცესში ფიზიკური დატვირთვისგან დაცვა. თუმცა, წარდგინების ავტორთა განმარტებით, საპენსიო ასაკის მიღწევა, თავისთავად, ყოველთვის არ გულისხმობს პირის შრომისუნარიანობის მნიშვნელოვან შემცირებას. ამასთანავე, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკურ შრომას და შესაძლებელია, არსებობდეს ისეთი სამუშაოები, რომელთა შესრულებაც საპენსიო ასაკს მიღწეული პირისთვისაც იქნება შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილი ბლანკეტურად და ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე კრძალავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მიმართ. შედეგად, პირი კარგავს შესაძლებლობას, მის მიმართ გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით უფრო მსუბუქი სასჯელი.

9. კონსტიტუციურ წარდგინებაში ასევე აღნიშნულია, რომ სადავო რეგულაციის პირობებში, შესადარებელ სუბიექტები არიან, ერთი მხრივ, საპენსიო ასაკს მიღწეული ბრალდებულები/მსჯავრდებულები, ხოლო, მეორე მხრივ, ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომელთაც საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევიათ. წარდგინების ავტორთა პოზიციით, აღნიშნული პირები, შესაბამისი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, არსებითად თანასწორ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვინაიდან ორივე კატეგორიის პირი შეიძლება, აღმოჩნდეს იმგვარ ფაქტობრივ გარემოებებში, როდესაც საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, ისე დანიშნული სასჯელის მიზნებს. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმა ახდენს დიფერენცირებას ასაკის ნიშნით და საპენსიო ასაკს მიღწეული პირების მიმართ კრძალავს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას.

10. №1919 კონსტიტუციური წარდგინების ავტორები აგრეთვე მიუთითებენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 ივლისის №3/9/1818, 1861 გადაწყვეტილებაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც იმ ქალის მიმართ, რომელსაც ჰყავს 7 წლამდე შვილი, აგრეთვე საამისოდ შრომისუნარიანი, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, გამორიცხავდა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნას იმ პირობებში, როდესაც ალტერნატიულ შესაძლო სასჯელს წარმოადგენდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა. წარდგინების ავტორთა განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა ისეთი საკანონმდებლო რეგულაციის კონსტიტუციურობა, რომელიც სასამართლოს ართმევდა შესაძლებლობას, საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით, გამოეყენებინა შედარებით მსუბუქი სასჯელი. კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელშიც იკვეთება მსგავსი სამართლებრივი პრობლემა, რამდენადაც სადავო ნორმა საპენსიო ასაკს მიღწეული პირების მიმართ გამორიცხავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენებას და სასჯელის ერთადერთ შესაძლო სახედ ტოვებს თავისუფლების აღკვეთას.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონსტიტუციური წარდგინების ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად კრძალავს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენებას საპენსიო ასაკს მიღწეული პირის მიმართ, შესაძლოა, ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ თანასწორობის უფლებას.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის (შემდგომში – რეგლამენტი) 33-ე მუხლით მოწესრიგებულია პერსონალური მონაცემების/პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის საკითხები. კერძოდ, რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმის განმხილველი სასამართლო ან/და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის მიზნით, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება პირის მაიდენტიფიცირებელი/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ. ასეთ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დოკუმენტები ქვეყნდება იმგვარი ფორმით, რომ არ გამჟღავნდეს პირის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები ან/და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული შესაბამისი ინფორმაცია. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების საორგანიზაციო დეპარტამენტისთვის ჩაბარებიდან მის განაწილებამდე პერიოდში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების განაწილების შემდეგ სამართალწარმოების დასრულებამდე პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. საქმეზე სამართალწარმოების დასრულების შემდგომ პლენუმის აქტებში პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების დაფარვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს – პლენუმი, კოლეგიის აქტებზე – შესაბამისი კოლეგია, სხვა დოკუმენტებზე – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

2. საკონსტიტუციო კონტროლის საჯაროობის და საზოგადოებისადმი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აქვეყნებს როგორც რეგისტრირებულ სარჩელებს/წარდგინებებს, ისე მის მიერ მიღებული აქტების სრულ ტექსტს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, რეგისტრირებული სარჩელი/წარდგინება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული წესით, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე. ამასთანავე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების (გადაწყვეტილება, განჩინება, საოქმო ჩანაწერი და დასკვნა) სრული ტექსტი ქვეყნდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

3. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელების/წარდგინებების ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების საჯაროობა და სრულ ტექსტზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი ინტერესებია, მათმა რეალიზებამ, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, გამოიწვიოს პერსონალური/პირადი ცხოვრების საიდუმლოებას მიკუთვნებული მონაცემების გამჟღავნება და შელახოს პირთა უფლებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ცალკეულ საგამონაკლისო შემთხვევაში, პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით, დასაშვებია რეგისტრირებულ სარჩელში/წარდგინებაში და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში პირის პერსონალური მონაცემების დაფარვა იმ პირობით, რომ დადგენილი იქნება სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების სრულ ტექსტზე, მათ შორის, პირთა ვინაობის შესახებ ინფორმაციაზე, საზოგადოების ხელმისაწვდომობასა და, მეორე მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ აქტებში პირთა შესახებ არსებული მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის ინტერესს შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №1/12/1354 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31). ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს, არსებობს თუ არა №1919 კონსტიტუციური წარდგინების ფარგლებში იდენტიფიცირებულ პირთა ვინაობის შესახებ მონაცემების დაფარვის საფუძველი.

4. №1919 კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო განიხილავს საქმეს, რომელშიც პირი ბრალდებულად არის ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ამასთან, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია არასრულწლოვანთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი და გვარი). კერძოდ, წარდგინებაში დასახელებული არასრულწლოვანების თანდასწრებით, ბრალდების მხარის ვერსიით, შესაძლოა მიმდინარეობდა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება.

5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ცალკეულ, ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია, არსებობდეს იმ პირის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მომეტებული ინტერესი, რომელსაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ინფორმაცია. ... სასამართლოს აქტში შესაძლებელია, ასახული იყოს პირის პირადი ცხოვრების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას მოახდენს პირად ცხოვრებაზე და ზიანსაც კი მიაყენებს მას. მაგალითად, სასამართლოს აქტში, შესაძლოა, მითითებული იყოს პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მისი ცხოვრების ამა თუ იმ ინტიმური დეტალის შესახებ და ა. შ. ამგვარ შემთხვევებში, ცხადია, იზრდება მსგავსი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და საჭიროება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-56-57). პირადი ინფორმაციის გამჟღავნებისგან დაცვის ინტერესი განსაკუთრებით მაღალია არასრულწლოვანებთან მიმართებით, რადგან ასეთი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი გრძელვადიანი სტიგმატიზაცია, ფსიქოლოგიური ან ემოციური ტრავმა და უარყოფითად იმოქმედოს არასრულწლოვანის პიროვნულ თუ სოციალურ განვითარებაზე.

6. მოცემულ შემთხვევაში, №1919 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია, რომ პირს ბრალად ედება ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებულია არასრულწლოვანთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი და გვარი), საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი პირების ვინაობის გასაჯაროებამ, განსახილველ შემთხვევაში, შესაძლოა გამოიწვიოს მათი სოციალური სტიგმატიზაცია, ფსიქოლოგიური ზიანი ან სხვა სახის უარყოფითი შედეგები. შესაბამისად, მოცემული საქმის მახასიათებლების გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრირებულ კონსტიტუციურ წარდგინებაში ისევე, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტებში დასახელებულ პირთა ვინაობის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის ლეგიტიმურ ინტერესს გადაწონის არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი.

7. №1919 კონსტიტუციურ წარდგინებაში არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების გარდა დასახელებულია მათი ოჯახის წევრების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციაც. აღნიშნულ გარემოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ოჯახის წევრების სახელისა და გვარის მითითებამ, მოსალოდნელია, შესაძლებელი გახადოს არასრულწლოვანთა ვინაობის არაპირდაპირი იდენტიფიცირება. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, მონაცემთა დაფარვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი იდენტიფიცირების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, არასრულწლოვანთა ინტერესების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, დაიფაროს ის მონაცემებიც, რომლებიც შეიძლება არაპირდაპირ მიუთითებდეს მათ ვინაობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №2/33/1785 განჩინება საქმეზე „რევაზ დოკვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-31).

8. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, განსახილველ საქმეზე რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინება ისევე, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჯაროდ გამოსაქვეყნებელი აქტები, უნდა გამოქვეყნდეს იმგვარად, რომ არ იყოს იდენტიფიცირებული №1919 კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული არასრულწლოვანი პირების ვინაობა.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. №1919 კონსტიტუციურ წარდგინებასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ აქტებში დაიფაროს/ჩანაცვლდეს ინიციალებით იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც იძლევა არასრულწლოვანთა ვინაობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას.

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს პარლამენტს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ