• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
      • 14.11.2025
      • N1917
      • კონსტიტუციური სარჩელი
    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №3/5/1917 განჩინება საქმეზე „ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი განჩინება
ნომერი N3/5/1917
კოლეგია/პლენუმი პლენუმი - გიორგი კვერენჩხილაძე, თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, რევაზ ნადარაია, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 26 მარტი 2026
გამოქვეყნების თარიღი 27 მარტი 2026 15:21

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 758 მუხლის პირველი პუნქტისა და 7513 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 14 ნოემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1917) მომართა ელგუჯა ურუშაძემ. №1917 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად გადმოეცა 2025 წლის 17 ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 26 მარტს.

2. №1917 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 758 მუხლი განსაზღვრავს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „წინასწარი შემოწმების შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აფასებს მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობას და წინასწარი შემოწმებისთვის ამ კანონის 75​7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის უმრავლესობით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისთვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ. ამ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს ეყრდნობა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან მოსამართლის მიმართ დაიწყო დისციპლინური დევნა. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი წერილობით ჩამოაყალიბოს. ეს აზრი დისციპლინურ საქმეს დაერთვება“. ამავე კანონის 7513 მუხლი კი შეეხება მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას ან მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საკითხს. უფრო კონკრეტულად, ამავე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისთვის ამ კანონის 75​10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, უფლება აქვს, წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება“.

4. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით, ზოგადად, უზრუნველყოფილია საპროცესო უფლებები, ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“.

5. №1917 კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, დგინდება, რომ მოსარჩელე ელგუჯა ურუშაძემ მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლე თამარ ლაკერბაიას მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების მოთხოვნით. 2017 წლის 21 ივლისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ელგუჯა ურუშაძის №48 (28.03.2017) და №54 (03.04.2017) საჩივრების საფუძველზე და დისციპლინური დევნის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაამტკიცა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის 2017 წლის 22 მაისის №48-17 გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ ლაკერბაიას მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე.

6. კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს ელგუჯა ურუშაძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზემოხსენებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და მისთვის (მოპასუხისთვის) ახალი აქტის გამოცემის დავალება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის №3/8598-22 განჩინებით, ელგუჯა ურუშაძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე იმ მოტივით, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოება, მათ შორის, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება, ასევე მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში.

7. მოსარჩელე ელგუჯა ურუშაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ზემოხსენებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. 2023 წლის 13 მარტის №3ბ/245-23 განჩინებით, ელგუჯა ურუშაძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 დეკემბრის №3/8598-22 განჩინება. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ნორმათა ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის მოსაზრებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში არ არის დაკავშირებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ზემოხსენებულმა გადაწყვეტილებებმა მას შეუზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება. ამასთანავე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სადავო ნორმებზე [758 მუხლის პირველ პუნქტსა და 7513 მუხლის პირველ პუნქტზე] მითითება გაუგებარს ტოვებს საკითხს იმის შესახებ, თუ საქმის განხილვის რა ეტაპზე იქნა მიღებული დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება - დისციპლინური დევნის დაწყებამდე თუ მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემამდე. ამასთანავე, მოსარჩელის მტკიცებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 758 მუხლის პირველი პუნქტი [რომელიც გულისხმობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულებას, წინასწარი შემოწმების შედეგად, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შეფასების შესახებ, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების არ/ვერ მიღების შემთხვევაში, დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის საკითხს] უდავოდ გავრცელდა ელგუჯა ურუშაძის საჩივარზე, თუმცა ასევე არ გამოირიცხება იმის ალბათობა, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7513 მუხლიც გავრცელებულიყო ელგუჯა ურუშაძის მიმართ ან ეს ნორმა მომავალში გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მტკიცებით, სწორედ სადავო ნორმების საფუძველზე ეთქვა მას უარი სარჩელის წარმოებაში მიღებასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებათა კანონიერების სასამართლოს მეშვეობით გადამოწმებაზე. ამდენად, მოსარჩელე მხარის მოსაზრებით, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია, განახორციელოს კონსტიტუციური კონტროლი სადავო ნორმების იმგვარ ნორმატიულ შინაარსთან მიმართებით, რომელიც ზღუდავს სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე.

9. მოსარჩელე მხარე მიუთითებს სადავო ნორმების ლეგიტიმურ მიზნებზე, კერძოდ, სასამართლოს ავტორიტეტის დაცვასა და პროცესის ეკონომიურობაზე, რაც გულისხმობს სასამართლოს გადატვირთვისგან დაცვის ლეგიტიმურ მიზანს. მოსარჩელის მოსაზრებით, დისციპლინური საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვასა და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის არ არსებობს ლოგიკური კავშირი. შესაბამისად, ეს აკრძალვა არის გამოუსადეგარი საშუალება მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნების ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება მეორე ლეგიტიმურ მიზანს, კონსტიტუციური სარჩელის ავტორის განმარტებით, დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების აკრძალვით მცირდება სასამართლოსათვის მიმართვიანობა და სასამართლოს განსახილველ საქმეთა რაოდენობა. განსახილველ საქმეთა შემცირებით, მართლმსაჯულების განხორციელება მოითხოვს ნაკლებ დროს, აგრეთვე ნაკლებ ადამიანურ თუ მატერიალურ რესურსს და, შესაბამისად, ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას. ამდენად, სადავო ნორმით განსაზღვრული რეგულირება ღირებული ლეგიტიმური მიზნის დაცვის საშუალებაა და აკმაყოფილებს გამოსადეგობის მოთხოვნებს.

10. მოსარჩელე მხარის პოზიციით, შესაძლოა სასამართლოში გასაჩივრების აუცილებლობა არ წარმოშობილიყო, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი გამჭვირვალედ რომ წარემართა. კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიუთითებს, რომ ასეთ შემთხვევაში თვითნებობის რისკს დააზღვევდა პროცესში მომჩივნის აქტიური მონაწილეობა, მისი შესაძლებლობა - მიეღო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოპოვებული ყველა ინფორმაცია. თუმცა მოსარჩელე ელგუჯა ურუშაძე აღნიშნავს, რომ დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურად, მომჩივნისაგან მალულად მიმდინარეობს და ამ წარმოებაზე მომჩივნის მიერ საჩივრის წარდგენის შემდეგ საბჭოს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის შესაძლებლობა ნულის ტოლია. მისი მოსაზრებით, სწორედ ასეთ პირობებში უნდა არსებობდეს გარე კონტროლის ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მხრიდან შეცდომებისგან თავის არიდებას და ასევე იმას, რომ მისი დასკვნა - შეწყვიტოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი - არ დაეფუძნოს საქმის გარემოებების ცალმხრივ, არასრულყოფილ გამოკვლევას, რომლის განსაკუთრებული რისკი ფაქტების დადგენის პროცესში ისედაც დიდია იმის მიუხედავად, პროცესი ღიად მიმდინარეობს თუ ფარულად. სწორედ ამ რისკის თავიდან ასაცილებლად არსებობს ნეიტრალური სასამართლო კონტროლის მექანიზმი. ვისი თუ არა სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ რელევანტური ფაქტობრივი გარემოებები სრულყოფილად. ამგვარი გარე კონტროლის აუცილებლობა განსაკუთრებით იზრდება ფარული განხილვის დროს. ამდენად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმებით გათვალისწინებული შეზღუდვა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებაზე ვერ აკმაყოფილებს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის კრიტერიუმს, რის გამოც მოითხოვს, რომ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს, რომ სახეზეა სადავო ნორმიდან მომდინარე უფლებრივი შეზღუდვა, რომელიც მიემართება მის მიერ მითითებულ კონსტიტუციის დებულებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და, შესაბამისად, არ მიიღება არსებითად განსახილველად.

2. განსახილველ საქმეზე მოსარჩელე – ფიზიკური პირი, სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსამართლემ მოსარჩელის, ელგუჯა ურუშაძის საქმეზე დაუშვა დარღვევა, რის გამოც მოსარჩელე ცდილობს მიაღწიოს მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემას და მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დისციპლინის საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობის არარსებობა გაუმართლებელია.

3. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ: „საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი“. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „იმისათვის, რომ მოსარჩელემ სადავოდ გახადოს ესა თუ ის ნორმა, საჭიროა, მან ნათლად და არაორაზროვნად წარმოაჩინოს, რომ იგი უკვე წარმოადგენდა ან სამომავლოდ, დიდი ალბათობით, იქნება სადავო ნორმით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი (სადავო ნორმატიული აქტის მის მიმართ რეალურად გამოყენების ფაქტი), რამაც შემდგომ შეიძლება გამოიწვიოს მისი კონსტიტუციური უფლებების სავარაუდო დარღვევის შესაძლებლობა ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის №1/2-527 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი წაქაძე, ილია წულუკიძე და ვახტანგ ლორია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).

4. საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლების თავისებურებას წარმოადგენს მისი ინსტრუმენტული ბუნება, კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი არ განსაზღვრავს რომელიმე უფლების მატერიალურ შინაარსს, იგი ქმნის კონსტიტუციითა თუ კანონით დაცული, აღიარებული რომელიმე უფლებისა თუ სამართლებრივი ინტერესის სასამართლოში დაცვის პროცესუალურ გარანტიას. სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანობაში არ მოიაზრება სასამართლოს შესაძლებლობა, შექმნას ან გააფართოოს მატერიალური უფლების ფარგლები, იგი მხოლოდ უკვე არსებული უფლების ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობაზე მიუთითებს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის №2/2/630 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). შესაბამისად, სადავო ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლთან მიმართების შესაფასებლად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, იგი განსაზღვრავს ამა თუ იმ მატერიალური უფლებისა თუ კანონიერი ინტერესის შინაარსსა და ფარგლებს, თუ მათი დაცვის საპროცესო წესრიგს.

5. საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის გაგებით, გულისხმობს იმას, რომ ადამიანის უფლებები და მოვალეობები, სამართლიანი პროცედურის დაცვით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ უნდა განისაზღვრებოდეს. ამგვარად, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედებაში მოსაყვანად, აუცილებელია საქმე შეეხებოდეს ადამიანის უფლებებს. ეს მოთხოვნა თანაბრად მოიცავს როგორც იმ შემთხვევებს, როდესაც სასამართლოში ხდება უფლება-მოვალეობების პირველადი განსაზღვრა (მაგალითად, სისხლისსამართლებრივი ბრალდების გამორკვევის ანდა სამოქალაქო დავის გადაწყვეტისას), აგრეთვე მაშინ, როდესაც უფლებებს განსაზღვრავს სხვა სახელისუფლო სტრუქტურა (მაგალითად, ადმინისტრაციული ორგანო), ხოლო სასამართლო, მხარის მიერ გასაჩივრების უფლების გამოყენების შემთხვევაში, ამოწმებს ამ სახელისუფლო გადაწყვეტილების კანონიერებას.

6. საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ საკითხი, რომელსაც მოსარჩელე აყენებს, არც ერთ ამ შემთხვევას არა თუ უთანაბრდება, არამედ მის რომელიმე უფლებასაც კი არ შეეხება. კერძოდ, მოსარჩელის აზრით, მას უნდა გააჩნდეს იმ მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის თაობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა, რომელმაც, მისი საქმის განხილვისას დაუშვა დისციპლინური ხასიათის დარღვევა. თუმცა, საქმე ისაა, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური საკითხების გამოკვლევის არც ერთ ეტაპზე, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როდესაც იგი ახდენს მოსამართლის მიმართ დევნის აღძვრის საფუძვლიანობის შეფასებას ან დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საკითხის შესწავლასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას, და არც მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში, რომელიც განიხილავს მოსამართლის მიმართ არსებულ დისციპლინურ ბრალდებას და იღებს კანონით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას, არ ხდება იმ პირის/პირების რაიმე მატერიალური უფლების განსაზღვრა, ვისი საქმეც ამ მოსამართლემ განიხილა. მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საკითხის ნებისმიერი ფორმით დასრულება, ვერ მოახდენს გავლენას შესაბამისი პირის ამა თუ იმ უფლების განსაზღვრაზე მაშინაც კი, როდესაც დგინდება მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენა. პროცედურის სამართლებრივად შესაძლებელი შედეგებიდან ყველა მათგანი (შენიშვნა; საყვედური; მკაცრი საყვედური; ხელფასის 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაქვითვა არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში; სასამართლოს თავმჯდომარის, სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ან მოადგილის, სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება; კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის პროგრამაში ჩართვა; თანამდებობიდან გათავისუფლება) მიემართება მოსამართლეს. ასე რომ, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგები უკავშირდება მხოლოდ დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ მოსამართლეს და არა იმ პირებს, რომელთა საქმის განხილვის დროსაც დაუშვა მან ეს დარღვევები.

7. მეტიც, გარდა იმისა, რომ მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურის დროს არ განისაზღვრება შესაბამის საქმეთა მხარეების ინდივიდუალური (მატერიალური) უფლებები, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგები, ვერც ირიბად მოახდენს გავლენას შესაბამისი პირების უფლებების განსაზღვრაზე. დისციპლინური სამართალწარმოების არანაირი შედეგი, მათ შორის, მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დადასტურებაც კი, არ წარმოადგენს იმ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვის ან გაუქმების თავისთავად საფუძველს, რომლის განხილვის დროსაც სავარაუდოდ იქნა დაშვებული დარღვევა და რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც მოსარჩელეს მიაჩნია უსამართლოდ. საერთო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება საქმის მხარის მიერ დაუბრკოლებლად არის შესაძლებელი, იმის მიუხედავად, ჩადენილია თუ არა მოსამართლის მხრიდან დისციპლინური დარღვევა, ისევე როგორც, ზემდგომი სასამართლოც სრულიად თავისუფალია გააუქმოს უკანონო/უსამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი მატერიალური ან საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გამო და მნიშვნელობა არ აქვს, არის თუ არა ეს უკანონობა/უსამართლობა მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის შედეგი თუ გამოვლინება. შესაბამისად, თუ საქმის მხარეს მიაჩნია, რომ საერთო სასამართლომ მისი უფლებები დაარღვია, მათი აღდგენა-გამოსწორების ერთადერთი ლეგიტიმური და, იმავდროულად, ეფექტიანი გზა სასამართლო გადაწყვეტილების ინსტანციურობის წესით გასაჩივრების შესაძლებლობაა და არა დისციპლინური პროცედურის მეშვეობით მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის დადასტურება. ამგვარი გასაჩივრების შესაძლებლობა საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია პროცესუალური წარმოების სამივე (სისხლის, სამოქალაქოსა და ადმინისტრაციულის) ძირითადი მიმართულებით.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ის, რომ სადავო ნორმები მიემართება მხოლოდ მოსამართლეს და მის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურების დროს არ ხდება საქმის მხარეთა უფლებების განსაზღვრა, ეს დაადასტურეს თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებმაც უშუალოდ მოსარჩელის საქმეზე. თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელმაც უარი თქვა სარჩელის მიღებასა და მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებაზე, მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმე ვერ იქნებოდა განხილული ადმინისტრაციული იურისდიქციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი, რომელმაც არ დააკმაყოფილა მოსარჩელის კერძო საჩივარი, განუმარტა მას, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, არ იყო დაკავშირებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან. ამ კონტექსტში, ცხადი ხდება მოსარჩელის იმ არგუმენტის უსაფუძვლობაც, თითქოს ზემოაღნიშნული სასამართლოების მიერ სადავო ნორმების მითითება ამ ნორმების მასზე გავრცელებას გულისხმობდა და მისდამი გამოყენებადობას ადასტურებდა. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სადავო ნორმების ციტირება თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებში სწორედ იმის ჩვენებას ემსახურებოდა, რომ სადავო ნორმები მიემართებოდა მხოლოდ მოსამართლეებს, ხოლო მოსამართლე ლაკერბაიას მიმართ დისციპლინური წარმოების პროცესში, არ მომხდარა მოსარჩელის უფლებების დარღვევის ფაქტი და საერთოდ, მესამე პირთა მიმართ უფლებაშემზღუდველი შედეგები გამოწვეული არ ყოფილა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს უდავოდ მიაჩნია, რომ მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურების დროს არ ხდება იმ საქმის მხარეთა ინდივიდუალური უფლებების განსაზღვრა, რომელთა განხილვის დროსაც შეიძლება ჩადენილი იქნა სავარაუდო დისციპლინური დარღვევა. შესაბამისად, ვერც მოსარჩელის, ელგუჯა ურუშაძის რომელიმე უფლების განსაზღვრა მოხდებოდა მოსამართლე ლაკერბაიას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში. ყოველივე ეს კი იმას გულისხმობს, რომ რაკი სადავო ნორმები მიემართება მხოლოდ მოსამართლეს და არ გააჩნია არავითარი რესურსი გავლენა იქონიოს მოსარჩელის ამა თუ იმ მატერიალური უფლების განსაზღვრაზე, არ არსებობს ამ ნორმების შინაარსობრივი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მოსარჩელის უფლებების კონტექსტში.

10. საკონსტიტუციო სასამართლო რელევანტურად მიიჩნევს აქვე განმარტოს, მისი ზემოაღნიშნული დასკვნა ეყრდნობა არა მხოლოდ სადავო ნორმების ფარგლებს, სუბიექტებსა და ნორმების გამოყენებადობის ტექნიკურ მხარეებს, არამედ მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის კონცეპტუალურ საფუძვლებს. ის გარემოება, რომ საქმის მხარეს არ შეუძლია მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება, მხოლოდ იმას კი არ ეფუძნება, რომ ეს გადაწყვეტილებები უშუალოდ მისი უფლებების განსაზღვრაზე ვერ ახდენს გავლენას, არამედ საკუთრივ დისციპლინური პასუხისმგებლობის არსსა და სპეციფიკას. მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების გადაჭრა მოქცეულია სასამართლო ხელისუფლების ფარგლებში, სასამართლოს თვითრეგულირების კონცეფციის შემადგენელი ნაწილია და მჭიდროდ უკავშირდება სასამართლოს ინსტიტუციურსა თუ თითოეული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის საკითხებს. მათ შორისაა კონცეფციები იმის თაობაზე, რომ მოსამართლე შეიძლება განსაჯოს მხოლოდ მისმა თანასწორმა (რის გამოც მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური უფლებამოსილება წინარე ეტაპებზე ეკუთვნის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომლის შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ მოსამართლეები, დისციპლინურ ბრალდებას განიხილავს დისციპლინური კოლეგია სამართლიანი განხილვის ყველა პირობის დაცვით, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია) (1); რომ მოსამართლეს აქვს საკუთარი განსხვავებული სამართლებრივი შეხედულების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის, შეცდომის უფლება (რის გამოც, მიჩნეულია, რომ მატერიალური ან პროცესუალური კანონმდებლობის დარღვევა არ გულისხმობს დისციპლინური გადაცდომის ჩადენას და რომ მართლმსაჯულების განხორციელების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობისთვის ზედა ინსტანციებია შექმნილი) (2); რომ აუცილებელია სასამართლოს ავტორიტეტისა და მისდამი ნდობის დაცვა (რის გამოც დისციპლინური პროცედურები კონფიდენციალურია და გარეშე პირები არ დაიშვებიან, თუ თავად მოსამართლემ არ მოითხოვა საქმის გასაჯაროება) (3). ამავე კონცეფციების გამოხატულებაა ის გარემოებაც, რომ დისციპლინურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ მოქმედებს როგორც ადმინისტრაციული ორგანო (4).

11. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები მიემართება რა მხოლოდ მოსამართლეს, ვის მიმართაც დაწყებულია დისციპლინური სამართალწარმოება, არ შეიცავს იმ პირთა რაიმე უფლების განსაზღვრის პოტენციალს, რომელთა საქმის განხილვასაც უკავშირდება სავარაუდო/ნაგულვები დისციპლინური გადაცდომა, რის გამოც, არ არსებობს მათი მიმართება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან, რომელიც სასამართლოში გასაჩივრების უფლებას მოიცავს მხოლოდ იმგვარ სახელისუფლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, რომლებიც გულისხმობს ადამიანის უფლებათა შეზღუდვას ან მათ სხვაგვარად განსაზღვრას, ან სულ მცირე, შეიცავს ამის პოტენციალს. იმავდროულად, ვინაიდან სადავო ნორმები გამოყენებადი არ არის მოსარჩელის მიმართ და ისინი არც ყოფილა მის მიმართ პრაქტიკაში (თუნდაც არასწორად) გამოყენებული, და არც მომავალში არსებობს ამ ნორმების საფუძველზე მისი რომელიმე უფლების შეზღუდვის საფრთხე, მოსარჩელე ამ ნორმების კონსტიტუციურობის გადამოწმების უფლების კონტექსტში არ არის უფლებამოსილი სუბიექტი და სათანადო მოსარჩელე.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1917 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ, იმავდროულად, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ცხადი და აშკარა შინაარსობრივი ურთიერთმიმართება სადავო ნორმებსა და კონსტიტუციის დებულებას შორის, რის გამოც კონსტიტუციური სარჩელი მიიჩნევა დაუსაბუთებლად და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1917 კონსტიტუციური სარჩელი („ელგუჯა ურუშაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

ვასილ როინიშვილი

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ