თენგიზ ცინცაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N/1/3/1888 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 26 მარტი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 27 მარტი 2026 13:05 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: თენგიზ ცინცაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
დავის საგანი: (ა) „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; (ბ) „„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან, მე-18 მუხლის პირველი პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის პირველ სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1888) მომართა თენგიზ ცინცაძემ. №1888 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2025 წლის 2 სექტემბერს. №1888 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 26 მარტს.
2. №1888 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტი) მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს „მომჩივნის“ ცნებას სადავო რეგლამენტის მიზნებისათვის. კერძოდ, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთანავე, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად, ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით. ხსენებული მუხლის შენიშვნის შესაბამისად კი, ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.
4. „„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების (შემდგომში − საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილება) მე-2 მუხლი განსაზღვრავს ამავე დადგენილების ამოქმედების ვადას და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების გავრცელებას 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
5. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებიდან. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს სასამართლოსადმი მიმართვისა და საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლებებს. აღნიშნული მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით კი, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას უკუძალა არა აქვს.
6. №1888 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე თენგიზ ცინცაძე, „შპს ბათუმის თამბაქოს კომბინატთან“ დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში დანიშნული იყო გაკოტრების მმართველად, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით, საქმეზე საქმისწარმოების შეწყვეტის გამო, გათავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან. მოსარჩელე მხარის მითითებით, 2023 წლის 2 ივნისს ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოს მიერ მას ჩაბარდა საგადასახადო შემოწმების აქტი, 2013 წლის 6 დეკემბრის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესახებ შემოწმების მიმდინარეობისას არ ყოფილა ინფორმირებული. საგადასახადო შემოწმების აქტში დარიცხული თანხები აღემატებოდა 100 000 ლარს და იწვევდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რის გამოც, მოსარჩელემ, როგორც გაკოტრების საქმის წარმოების ყოფილმა მმართველმა, სსიპ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა აღნიშნული აქტი. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 აგვისტოს №21003 ბრძანებით, მოსარჩელე მხარის საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რაც 2014 წელს ამ საკითხის ერთხელ უკვე განხილვის მოტივით დასაბუთდა.
7. შემდგომში, მოსარჩელემ სსიპ შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანება გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც, 2023 წლის 13 ნოემბრის №21153/2/2023 გადაწყვეტილებით, გააუქმა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება და ხელახლა განსახილველად დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს. ამ უკანასკნელმა კვლავ განუხილველად დატოვა საჩივარი და მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საჩივარი წარდგენილი იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ. მოსარჩელემ ზემოხსენებული ბრძანება კვლავ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც გააუქმა სსიპ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება და დაადგინა, რომ თენგიზ ცინცაძეს, საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჰქონდა საჩივრის წარდგენის სამართლებრივი უფლება.
8. მოსარჩელის მითითებით, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების საფუძველზე, დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატა შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, დადგინდა, რომ ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/ სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა. იმავდროულად, აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად, განხორციელებული ცვლილება გავრცელდა 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამ საფუძველზე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 28 მაისს №12415 ბრძანებით კვლავ დატოვა მოსარჩელე მხარის საჩივარი განუხილველი და იგი ცნო არაუფლებამოსილ პირად, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2024 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით, იმავე მოტივით დაადასტურა. 2026 წლის 16 თებერვლის №26606/2/2026 გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, იდენტური საფუძვლით, კიდევ ერთხელ უარი განაცხადა მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
9. მოსარჩელე მხარის პოზიციით, განხორციელებული ცვლილების გავრცელებამ 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გააუარესა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც სადავო აქტის მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე ახალი სამართლებრივი რეგულაციების გავრცელებით, მოსარჩელეს შეეზღუდა მასთან დაკავშირებული დავის სამართლიანად განხილვის უფლება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით განმტკიცებული კანონის უკუძალით გამოყენების აკრძალვის პრინციპი. მოსარჩელის პოზიციით, სადავო სამართლებრივი აქტები ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი მიღების დღიდან.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო აქტები ლახავს საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-18 მუხლის პირველი პუნქტით და 31-ე მუხლის პირველი და მე-9 პუნქტებით გარანტირებულ უფლებებს და ისინი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
11. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.
12. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე შუამდგომლობს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის მოქმედების შეჩერების თაობაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მისაღებად, აუცილებელია, იგი აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად არ მიიღება, თუ იგი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი არ არის უფლებამოსილი პირის ან ორგანოს (სუბიექტის) მიერ. ამასთანავე, კონსტიტუციური სარჩელისადმი კანონმდებლობით წაყენებულ პირობათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაბუთებულობის მოთხოვნაა. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც, მოსარჩელის აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). გარდა ამისა, „კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის აუცილებელია, მასში გამოკვეთილი იყოს აშკარა და ცხადი შინაარსობრივი მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციის იმ დებულებებს შორის, რომლებთან დაკავშირებითაც მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/469 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახაბერ კობერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
2. №1888 კონსტიტუციურ სარჩელში მოსარჩელედ მითითებულია ფიზიკური პირი, რომელიც ითხოვს საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ფიზიკურ პირებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლებამოსილება მხოლოდ იმ შემთხვევაში გააჩნიათ, თუ მიიჩნევენ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია დაირღვეს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული უშუალოდ მათი უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, აღნიშნული კომპეტენციის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებისათვის, აუცილებელია, მოსარჩელე მხარე ითხოვდეს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ დებულებებთან მიმართებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 11 დეკემბრის №2/7/1465 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის №3/7/831 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მანანა ჟორდანია და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის განჩინება №1/4/644 საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ნაჭყებია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 27 თებერვლის №1/2/541 განჩინება საქმეზე „მაია ხელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავს მიღმაა მოქცეული. შესაბამისად, მოსარჩელე ფიზიკური პირი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შემოწმება საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნულ დებულებასთან მიმართებით.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1888 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია არაუფლებამოსილი სუბიექტის მიერ და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
6. №1888 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე, აგრეთვე სადავოდ ხდის საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
7. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომჩივანი არის პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთანავე, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო აქტით/აქტებით მოცულ პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული აქტის/აქტების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით. განსახილველ საქმეზე სადავოდ გამხდარი საქართველოს მთავრობის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის მიხედვით კი, ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა.
8. ნათელია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, ამავე რეგლამენტის მიზნებისათვის, ადგენს მომჩივნის ცნებას, ხოლო სადავო შენიშვნის დანიშნულება აღნიშნული ტერმინის შინაარსის განმარტებით, სადავო რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთა წრის დაზუსტებით ამოიწურება. ამგვარად, სადავო შენიშვნას დამოუკიდებლად არ გააჩნია მოსარჩელე მხარისათვის სამართლებრივი ვალდებულების დაწესების/მის მიმართ სამართლებრივი შედეგის წარმოშობის რესურსი, არამედ ემსახურება მომჩივნის ცნების განმარტებას იმ სამართლებრივი ურთიერთობების მიზნებისთვის, რომელთა მოწესრიგებაც რეგლამენტით ხდება. ხსენებულის გათვალისწინებით, ვალდებულება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებულ საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოებს საჩივრით მიმართოს უფლებამოსილმა პირმა, ისევე, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოში არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის წარდგენის სამართლებრივი შედეგები ვერ იქნება ამოკითხული სადავო ნორმის მოქმედების სფეროში. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარემ სადავოდ უნდა გახადოს ის ნორმა, რომელიც უშუალოდ აწესებს ამგვარ მოთხოვნას ან/და წარმოშობს კონკრეტულ შედეგს აღნიშნული მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში.
9. ხსენებულს ადასტურებს კონსტიტუციურ სარჩელზე თანდართული ადმინისტრაციული წარმოების მასალებიც, რომელთა შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელე მხარის საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სფეროში არსებული დავის განმხილველმა ორგანოებმა საჩივრის განხილვაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლი მიუთითეს, რომლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი წარდგენილია არაუფლებამოსილი პირის მიერ.
10. შესაბამისად, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის შინაარსს და მის მიერ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია აღნიშნულ ნორმას არ მიემართება.
11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1888 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
12. №1888 კონსტიტუციური სარჩელით, როგორც აღინიშნა, სადავოდ არის გამხდარი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
13. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილებით ცვლილება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტში, რის შედეგადაც, ახლებურად ჩამოყალიბდა აღნიშნული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსი და ამავე ქვეპუნქტს დაემატა შენიშვნა. დასახელებულმა შენიშვნამ გაითვალისწინა, რომ მომჩივნის ცნების ქვეშ არ ექცევა ფიზიკური პირი, რომელიც ასაჩივრებს სადავო აქტს/აქტებს, თუ არსებობს იმავე აქტზე/აქტებზე საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ დავის განმხილველი ორგანოს/სასამართლოს გადაწყვეტილება ან/და იმავე აქტზე/აქტებზე დავის განმხილველ ორგანოში/სასამართლოში მიმდინარეობს საწარმოს/ორგანიზაციის საჩივრის განხილვა. საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების სადავოდ გამხდარი მე-2 მუხლის საფუძველზე, მითითებული შენიშვნის მოქმედება გავრცელდა 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. ამდენად, გასაჩივრებული ნორმის მიხედვით, პირთა გარკვეული კატეგორია არ/აღარ ექცევა მომჩივნის ცნების ქვეშ 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებთან მიმართებით, რაც, თავის მხრივ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოების მიერ საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძველს.
14. მოსარჩელე მხარის პოზიციით, განხორციელებული ცვლილების გავრცელებამ 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გააუარესა მისი სამართლებრივი მდგომარეობა, რამდენადაც, სადავო აქტის მიღებამდე წარმოშობილ სამართლებრივ დავაზე ახალი სამართლებრივი რეგულაციების გავრცელებით, მოსარჩელეს შეეზღუდა მასთან დაკავშირებული დავის სამართლიანად განხილვის უფლება, რაც ეწინააღმდეგება მე-18 მუხლის პირველი პუნქტით განმტკიცებულ სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებას და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით გარანტირებულ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის რეტროაქტიულად გავრცელების აკრძალვის გარანტიას.
15. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარე გასაჩივრებული რეგულირების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი მე-9 პუნქტთან მიმართებით. აღნიშნული კონსტიტუციური დებულების შესაბამისად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“.
16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების ერთ-ერთ უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობა. „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივი სტანდარტები ქმნის გარანტიას, რომ პირმა შეძლოს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი სურვილების შესაბამისად. მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობის პირობებში პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, არ ჩაიდინოს აკრძალული ქმედება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4). იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადება აწესრიგებს კანონის დროში მოქმედების საკითხს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით, „საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული პუნქტი, ერთი მხრივ, ადგენს, რომ კანონს არა აქვს უკუძალა, მეორე მხრივ კი, განსაზღვრავს იმ გამონაკლის შემთხვევებს, როცა მას შეიძლება მიეცეს უკუძალა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისის №1/1/428,447,459 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქე ელგუჯა საბაური და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზვიად მანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).
17. მაშასადამე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების წარმოსაჩენად, აუცილებელია, არსებობდეს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმა, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის მე-2 წინადადებასთან სადავო ნორმის შინაარსობრივი მიმართების დასადასტურებლად, საჭიროა, აღნიშნული ნორმა აწესრიგებდეს ამგვარი კანონის დროში მოქმედების საკითხს.
18. №1888 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლი აწესრიგებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, მომჩივნის ცნებაში განხორციელებული ცვლილებების დროში მოქმედების საკითხს − კერძოდ, მომჩივნის ცნებისათვის დამატებული შენიშვნის მოქმედების გავრცელებას 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმის მოქმედება შესაძლოა, მართლაც უკავშირდებოდეს კანონის დროში მოქმედების რეგულირების საკითხებს, თუმცა აშკარაა, რომ ხსენებული სადავო ნორმა expressis verbis არ განსაზღვრავს პასუხისმგებლობას პირებისათვის და არც მოსარჩელე მხარეს წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით.
19. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული ნორმა, შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ განსაზღვრავს არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებულ საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველ ორგანოებისადმი საჩივრის წარმდგენი სუბიექტების წრეს და არც არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის წარდგენის სამართლებრივ შედეგებს. როგორც აღინიშნა, დასახელებული საკითხები რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. საპირისპიროდ, სადავო ნორმით მოწესრიგების სფერო ამოიწურება მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების პირველი მუხლის მოქმედების წარსულში წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელებით. ამიტომ, ამ კონტექსტში, სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევისათვის, მოსარჩელე მხარემ, სადავო ნორმის მოწესრიგების სფეროს გათვალისწინებით, უნდა მიუთითოს იმ უფლებრივ შეზღუდვაზე, რომელიც წარმოიშობა უშუალოდ განხორციელებული ცვლილების წარსულ დროში გავრცელების ფაქტით. კერძოდ, საჭიროა, დასაბუთდეს, კონკრეტულად რა ზიანი ადგება სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების უფლებით სარგებლობას არა იმ ფაქტით, რომ მოსარჩელეს, როგორც უფლებამოსილ სუბიექტს, არ/აღარ გააჩნია ადმინისტრაციული ორგანოსადმი საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა, არამედ იმ გარემოებით, რომ განხორციელებული ცვლილების მოქმედება გავრცელდა 2022 წლის 24 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
20. ამ მხრივ, მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, არსებითად, მიემართება მტკიცებას, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შენიშვნით გათვალისწინებულ სუბიექტს არ/აღარ გააჩნია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში არსებული საგადასახადო/საბაჟო დავის განმხილველი ორგანოებისადმი საჩივრით მიმართვის უფლებამოსილება და მოსარჩელისა და მოსარჩელის მსგავს მდგომარეობაში მყოფი პირების მიერ ადმინისტრაციული ორგანოსადმი საჩივრით მიმართვა იწვევს საჩივრის განხილვაზე უარის თქმას, საჩივრის არაუფლებამოსილი პირის მიერ წარდგენის მოტივით. მოსარჩელე მხარე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს ახალი სამართლებრივი რეგულაციის გავრცელებისგან მომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოში დავის სამართლიანად განხილვის უფლების შეზღუდვაზე, ისე, რომ არ ასაბუთებს კონკრეტულად რაში გამოიხატება უშუალოდ რეტროაქტიულობის შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოში საქმის სამართლიანი განხილვის უფლების პროცედურული გარანტიების შეზღუდვა ფიზიკური პირების მიმართ.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1888 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2024 წლის 26 აპრილის №151 დადგენილების მე-2 მუხლის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1888 კონსტიტუციური სარჩელი („თენგიზ ცინცაძე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე