• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 2 აპრილის №2/2/1354 გადაწყვეტილება საქმეზე „ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N2/2/1354
კოლეგია/პლენუმი II კოლეგია - თეიმურაზ ტუღუში, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე,
თარიღი 2 აპრილი 2026
გამოქვეყნების თარიღი 2 აპრილი 2026 16:37

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე – სხდომის თავმჯდომარე;

გიორგი მოდებაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – გიორგი გოცირიძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი – ქრისტინე კუპრავა; მოწმე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომელი მარიამ კერესელიძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1354) მომართა ს.მ-მ. №1354 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას გადმოეცა 2018 წლის 4 ოქტომბერს. №1354 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის №2/12/1354 საოქმო ჩანაწერით, ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №1354 კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2019 წლის 13 ნოემბერს.

2. №1354 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აცხადებს პროსტიტუციას და იგივე ქმედებას, ჩადენილს განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, „არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“.

5. კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე არის სრულწლოვანი სექს-მუშაკი და არსებობს საფრთხე, რომ მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების გამო, სადავო ნორმის საფუძველზე, დაეკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

6. მოსარჩელე მხარის პოზიციით, სადავო ნორმა გაუმართლებლად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას. კერძოდ, არათანაზომიერად იზღუდება მისი სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, შესაძლოა, სადავო ნორმის ლეგიტიმური მიზანი იყოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, რადგან არსებობს ალბათობა, რომ ქუჩაში სექსუალური კავშირის შეთავაზებამ ხმაური ან ძალადობა გამოიწვიოს. ამგვარი უწესრიგობის მიზეზი შეიძლება იყოს ფასზე შეუთანხმებლობა, სექსუალური მომსახურების მიმღების არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა და სხვა გარემოებები. აღნიშნულის აღსაკვეთად, სამართალდამცავ ორგანოებს გააჩნიათ ისეთი ალტერნატიული ეფექტიანი საშუალება, როგორიცაა შესაბამისი პირებისათვის წვრილმანი ხულიგნობისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ითვალისწინებს პროსტიტუციის რეგულირებას ორ სრულწლოვან პირს შორის, მათ შორის, იმ ვითარებაში, როდესაც აღნიშნულს ადგილი აქვს კერძო სივრცეში, მესამე პირის მონაწილეობისა და ფართო სექსინდუსტრიასთან კავშირის გარეშე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე თვლის, რომ სადავო ნორმა არ წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ვიწროდ მიმართულ საშუალებას.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის კიდევ ერთი ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს ჯანმრთელობის დაცვა, აივ (შიდსის) ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების თავიდან აცილება. თუმცა სადავო რეგულირება არათუ არ არის დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგი საშუალება, არამედ მნიშვნელოვნად აფერხებს ამ მიზნის მიღწევას, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას.

8. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა, შესაძლოა, ასევე ემსახურებოდეს საზოგადოებრივი მორალის დაცვას, თუმცა ამ შემთხვევაში, უფრო მეტად ამორალურად იქცევა არა სექს-მუშაკი, რომელიც ოჯახის რჩენის მიზნით ირჩევს აღნიშნულ პროფესიას, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები და სხვა პირები, რომლებიც ხელს უწყობენ სექს-მუშაკთა აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვას. შესაბამისად, საზოგადოებრივი მორალის დაცვის გამოსადეგი საშუალება იქნებოდა არა ექსპლუატაციის მსხვერპლი პირების, არამედ სექსუალური მომსახურების მიმღები პირების დასჯა. ამასთან, ისეთ შემთხვევებში, როდესაც პირთა შორის პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება ხდება საზოგადოების წევრთაგან იზოლირებულად, შეუძლებელია ასეთმა ქმედებამ საზოგადოებრივ მორალს ზიანი მიაყენოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ შეზღუდვა არათანაზომიერია და არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

9. დამატებით, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ქალის სხეულის ობიექტივიზაციის პრევენციაზე და მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მიიჩნევა სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნად, მის მიღწევას სადავო ნორმა ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, მოსარჩელე მხარის აღნიშვნით, მართალია, პროსტიტუცია მოიცავს ქალის სხეულის ობიექტივიზაციას, თუმცა აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მას, ვინც ახდენს სხეულის ობიექტივიზაციას და არა ადამიანს, რომლის სხეულის ობიექტივიზაციაც ხდება.

10. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის არგუმენტაციით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია სექსუალური ქცევის არჩევის თავისუფლება, რაც, მათ შორის, შესაძლოა, მოიაზრებდეს ანაზღაურების კომპონენტს. თავის მხრივ, სადავო ნორმა ზღუდავს ადამიანის უფლებას, განკარგოს საკუთარი სხეული მისთვის მისაღები სექსუალური ქცევის მეშვეობით. ანაზღაურების კომპონენტი კი, არ ცვლის შეზღუდვის შინაარსს. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ სექს-მუშაკისათვის გათვალისწინებული საქმიანობა მის ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, თუმცა აღნიშნული არ განაპირობებს ამგვარი ქმედების გამორიცხვას საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის დაცული სფეროდან, რამდენადაც იგი წარმოადგენს ნებაყოფლობით არჩევანს და მიემართება სექსუალურ სფეროს. დამატებით, რამდენადაც პროსტიტუცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოადგენს ლეგალურ საქმიანობას და, შესაბამისად, ადამიანის სხეული არ არის სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი, ადამიანის სხეულის განკარგვასთან დაკავშირებული შეზღუდვა ვერ იქნება საკუთრების ან მეწარმეობის თავისუფლების ძირითად უფლებებთან მიმართებით შესაფასებელი საკითხი.

11. მოსარჩელის წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევს პროსტიტუციის აკრძალვას. მოსარჩელე მხარისათვის პრობლემას წარმოადგენს სექსმუშაკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

12. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა აგრეთვე ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. კერძოდ, ნათლად არ არის ფორმულირებული სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობის ფარგლები. არც სადავო ნორმა და არც სხვა ნორმატიული აქტი არ განმარტავს პროსტიტუციის ცნებას. ამდენად, ბუნდოვანია, რა ითვლება პროსტიტუციად, ფულადი ანაზღაურების, საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსი თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალური ურთიერთობა. ამასთან, პრობლემურია იმის განსაზღვრა, როდის ჩაითვლება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი დასრულებულად, სექსუალური მომსახურების ფასის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან.

13. მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განცხადებით, საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ ხდება პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების, სამართალდარღვევის ობიექტური მხარის აღწერა. შესაბამისად, სასამართლო პრაქტიკიდან ასევე არ დგინდება, რა ტიპის ქმედებას კრძალავს სადავო ნორმა. მოსარჩელე მხარის მითითებით, მისთვის ცნობილია, რომ პროსტიტუციას წარმოადგენს, ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევა, თუმცა გაუგებარია ქმედების ობიექტური შემადგენლობის შინაარსი. ბუნდოვანია, ქმედების რა ასპექტებს და რა მომენტიდან კრძალავს სადავო ნორმა. ამასთან, სადავოა, წარმოადგენს თუ არა სექსუალური მომსახურების მიმღები, სადავო სამართალდარღვევის სუბიექტს. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ, მართალია, სადავო ნორმას არ იყენებენ სექსუალური მომსახურების მიმღების მიმართ, თუმცა აღნიშნული ცალსახად არ გამომდინარეობს სადავო ნორმიდან. მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ნორმის გამოყენების არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სამომავლოდ, ნორმის განსხვავებულად გამოყენების, მისი იმ ქმედებაზე გავრცელების შესაძლებლობას, რომელიც არსებული პრაქტიკით, პროსტიტუციად არ მიიჩნევა. მოსარჩელე მხარემ აღნიშნა ისიც, რომ ზოგიერთი ტერმინი, ნორმატიული თვალსაზრისით, არ საჭიროებს განმარტებას, თუმცა ამგვარი მიდგომა ვერ გავრცელდება პროსტიტუციაზე, რამდენადაც იგი მოიცავს მრავალ ასპექტს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო სიტყვები ვერ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.

15. მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის პოზიციით, ტერმინი -„პროსტიტუცია“, საქართველოს კანონმდებლობით განმარტებული არ არის, თუმცა გამოყენებულია არამხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, არამედ სხვა საკანონმდებლო აქტებშიც. ამასთან, აღნიშნულ ტერმინს იყენებს „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია. ასევე, ევროპის საბჭოს კონვენცია „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“. დასახელებულ კონვენციაში მოცემული განმარტების შესაბამისად, პროსტიტუცია ნიშნავს ბავშვის გამოყენებას სექსუალური მიზნებისთვის, ფულადი გასამრჯელოს ან ნებისმიერი სხვა სახის ანაზღაურების ან კომპენსაციის გადახდის ან დაპირების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, ეს ანაზღაურება, პირობა თუ კომპენსაცია ბავშვს მოხმარდა თუ მესამე პირს.

16. მოპასუხე მხარის პოზიციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ტერმინის განმარტების არარსებობა არ მიუთითებს პროსტიტუციის არსის დადგენის შეუძლებლობაზე. ამ მხრივ, მოპასუხე ყურადღებას ამახვილებს სისხლის სამართლის კოდექსზე, რომელიც დასჯადად აცხადებს სადავო სამართალდარღვევის მიღმა არსებულ, პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ცალკეულ ქმედებებს, მაგალითად, პროსტიტუციის ხელშეწყობას, პროსტიტუციაში ჩაბმას. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ავიწროებს „პროსტიტუციის“, როგორც სამართალდარღვევის შინაარსს. დამატებით, მოპასუხე მიუთითებს პროსტიტუციის ეტიმოლოგიასა და მის ისტორიულ წარმომავლობაზე. აღნიშნულზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ისტორიული განმარტებისა და პროსტიტუციასთან მიმართებით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებული აღქმიდან გამომდინარე, იგი ყველასათვის გულისხმობს სექსუალური მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ.

17. სადავო ნორმის ირგვლივ საერთო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის კონტექსტში, მოპასუხე მხარემ დაადასტურა, რომ საერთო სასამართლოების დადგენილებებში ყურადღება გამახვილებულია, ზოგადად, პროსტიტუციის განხორციელებაზე, აღნიშნული ქმედების არსის განმარტების გარეშე, თუმცა მიუთითა, რომ ზოგიერთი მათგანი აქცენტირებს პროსტიტუციის განხორციელებაზე, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. ამასთან, მოპასუხე მხარე აპელირებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ შედგენილ ოქმებზეც, რომელთა ფარგლებშიც მითითებულია თანხის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევის შესახებ. ამდენად, მოპასუხე მხარის პოზიციით, პროსტიტუციად მოაზრებული ქმედება დაკავშირებულია სექსუალური მომსახურების გაწევასთან გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. დამატებით, მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის გამოყენების პრაქტიკაში, ობიექტურ შემადგენლობასთან მიმართებით, საერთო სასამართლოებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია ერთმანეთისგან განსხვავებული განმარტება. დამატებით, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე თავს აღიქვამს სადავო ნორმის სუბიექტად, რაც, მისი პოზიციით, მიანიშნებს იმაზე, რომ თავად ნორმის სუბიექტებს გააჩნიათ წარმოდგენა სადავო ნორმის ადრესატობასთან დაკავშირებით.

18. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრებიან პროსტიტუციაში ნებაყოფლობით ჩართული ადამიანები. ამასთან, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი მხარის: სექს-მუშაკისა და მომსახურების მიმღების არსებობა. იმავდროულად, შესაძლოა, ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით, არამედ იგი გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას. მოპასუხის არგუმენტაციით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის ადგილას, ასევე არასაჯარო ადგილას, როგორიცაა, მაგალითად, კაფე-ბარი ან სასტუმრო. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან.

19. მოპასუხე მხარე ნორმის სუბიექტთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ სადავო ნორმის ადრესატს წარმადგენს სექს-მუშაკი, რის თაობაზეც მინიშნებას შეიცავს მუხლის შენიშვნა. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო სამართალდარღვევასთან მიმართებით, სექსუალური მომსახურების გამწევსა და მის მიმღებს გააჩნიათ განსხვავებული როლი. კერძოდ, მოპასუხე მხარე მეტად ეფექტურ ღონისძიებად მიიჩნევს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი რგოლის მიმართ პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სახელმწიფოს კანონმდებლობაში, ღონისძიებები გათვალისწინებულია სექსუალური მომსახურების მიმღებთან მიმართებითაც. დამატებით, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საზოგადოების წევრებში არსებული აღქმის თანახმადაც, პროსტიტუციას ახორციელებს სექსუალური მომსახურების მიმწოდებელი და არა მისი მიმღები.

20. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, პროსტიტუცია გულისხმობს საკუთარი სხეულის საზღაურის სანაცვლოდ შეთავაზებას, მომსახურების გაწევას. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სექს-მუშაკებისათვის პროსტიტუცია წარმოადგენს შემოსავლის მიღების წყაროს, საქმიანობას, რაც, თავისი არსით, უტოლდება ორ პირს შორის არსებულ მომსახურების ხელშეკრულებას. მოპასუხე მხარის პოზიციით, მომსახურება წარმოადგენს იმგვარ მოცემულობას, რომლის ფარგლებშიც, ადამიანი ერთპიროვნულად არ წყვეტს მომსახურებაში შესვლასა და მის ფარგლებში მოქმედების საკითხს, არამედ იგი ემორჩილება სექსუალური მომსახურების მიმღები პირის ნებას. მოპასუხე მიუთითებს, რომ სექს-მუშაკებს გააჩნიათ სექსუალური ურთიერთობების ფორმებისა და ქცევის განსაზღვრის და, აღნიშნულის შესაბამისად, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლება, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის დაცულ სფეროში არ ექცევა იმგვარი სექსუალური ქცევა, მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია ანაზღაურებასთან.

21. დამატებით, მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის დაცულ სფეროდ იდენტიფიცირებული ცალკეული აქტივობებისგან განსხვავებით, რომელთა შემთხვევაშიც, წარმოჩენილი იყო მათი პოზიტიური ასპექტი, პროსტიტუცია არ წარმოადგენს, მაგალითად, განტვირთვის/დასვენების ერთ-ერთ სახეობას, რომელიც ადამიანის უკეთესი მდგომარეობის მიღწევას ან ადამიანის შინაგანი ღირებულებების პრაქტიკულ რეალიზებას ემსახურება.

22. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ კანონმდებლობა, ერთდროულად, ებრძვის და ითვალისწინებს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების მიმართ პრევენციულ ღონისძიებებს. მოპასუხე მხარის განმარტებით, სახელმწიფომ მოახდინა პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების გრადაცია, მათთვის დამახასიათებელი ზიანის ხარისხიდან გამომდინარე. სექს-მუშაკის მიერ სექსუალური მომსახურების გაწევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო პროსტიტუციაში პირის ჩაბმასა და პროსტიტუციის ხელშეწყობასთან დაკავშირებული ქმედებები დასჯადია სისხლის სამართლის წესით. შესაბამისად, მოპასუხე განმარტავს, რომ პროსტიტუცია და მისი ხელშეწყობა, ზოგადად, დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით.

23. მოპასუხე მხარე სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასახელებს როგორც საზოგადოებრივ უსაფრთხოების, ზნეობისა და მორალის, ისე ჯანმრთელობის დაცვას.

24. უპირველესად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს გააჩნია უფლებამოსილება, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ტრეფიკინგთან და სხვა დანაშაულებთან საბრძოლველად, მოახდინოს სხვადასხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია. უფრო კონკრეტულად, მოპასუხე მხარის განმარტებით, არსებობს მჭიდრო კავშირი პროსტიტუციას, სექსუალურ ექსპლუატაციასა და ადამიანით ვაჭრობას შორის. შესაბამისად, პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადების მიზანია სექსუალური ექსპლუატაციისა და ადამიანით ვაჭრობის პრევენცია. ამასთან, პროსტიტუციის სამართალდარღვევად გამოცხადებით, ხდება არასრულწლოვანთა დაცვა პროსტიტუციისგან. მოპასუხე მხარის პოზიციით, პროსტიტუციის ლეგალიზება იწვევს არა მხოლოდ სექს-მუშაკების სამართალდარღვევის სფეროს მიღმა გაყვანას, არამედ სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებასა და კონტროლს მიღმა აღმოჩენას, რაც დაკავშირებულია სწორედ ტრეფიკინგის, ძალადობის და არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში ჩართვის რისკთან.

25. მოპასუხე მხარის პოზიციით, სადავო რეგულირების კიდევ ერთ ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა. კერძოდ, პროსტიტუცია დაკავშირებულია ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკთან, რომელსაც ამაღლებს სექსუალური მომსახურების მრავალჯერადად გაწევა. მოპასუხე მხარე ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანში მოიაზრებს არა მხოლოდ ერთი მხარის, მათ შორის, სექს-მუშაკების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვის, არამედ სხვათა ჯანმრთელობის დაცვის მიზანსაც. დამატებით, მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, მართებული არ არის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სექს-მუშაკებს არ გააჩნიათ ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე. კერძოდ, მოპასუხე განმარტავს, რომ სექს-მუშაკისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაკავშირებული არ არის ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვასთან. პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება დაკავშირებულია პროსტიტუციის განხორციელებასთან, ხოლო იმ მომენტში, როდესაც პირი არ ახორციელებს პროსტიტუციას, უკუძალით, იგი არ განიხილება სამართალდამრღვევად.

26. მოპასუხე მხარის მტკიცებით, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზანს აგრეთვე წარმოადგენს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა. კერძოდ, მოპასუხე მხარის პოზიციით, პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას, რაც დაკავშირებულია ადამიანის ღირსების უფლებასთან. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, იმ შემთხვევაში, თუ დაშვებული იქნება ზემოაღნიშნული ტიპის მომსახურების გაწევა და იგი მიჩნეული იქნება ჩვეულ მოვლენად, შეილახება საზოგადოებრივი ზნეობა, ის ძირითადი ღირებულება, რომლის თანახმადაც, ადამიანი სახელმწიფოში უნდა წარმოადგენდეს დაცვის უპირველეს ობიექტს. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავოდ გამხდარი სამართალდარღვევის არსებობა უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანის სხეულით მომსახურების გაწევა არ იქნეს მიჩნეული მისაღებ ქცევად, რაც სხვადასხვა ადამიანის შეფასებით, შესაძლოა, ხელყოფდეს საზოგადოებრივ ზნეობასა და მორალს.

27. მოპასუხე მხარემ აგრეთვე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალდარღვევა სპეციფიკურია როგორც სუბიექტის, ისე ქმედების თვალსაზრისით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამორიცხული, სხვა სამართალდარღვევებმა უზრუნველყონ მასთან დაკავშირებული რისკების ნაწილობრივი პრევენცია, გამართლებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სპეციალური სამართალდარღვევის შემადგენლობის არსებობა.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლისა და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნებს.

29. მოწმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლის, მარიამ კერესელიძის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას განმარტავს, როგორც სექსუალური მომსახურების გაწევას ფულადი თანხის სანაცვლოდ. მოწმის განცხადებით, საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი დადგენილებები აგრეთვე შეიცავს მინიშნებას პროსტიტუციის ანალოგიურად განმარტების თაობაზე. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირს, სამართალდამრღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ სანქციას აკისრებს იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები მომსახურების სანაცვლოდ თანხმდებიან ანაზღაურებაზე. მნიშვნელობა არ ენიჭება იმ გარემოებას, განხორციელდა თუ არა მომსახურება. მოწმემ მიუთითა პრაქტიკაში იმგვარი შემთხვევების არსებობაზეც, როდესაც სამართალდარღვევის გამოვლენა მოხდა მომსახურების გაწევის შემდეგ. დამატებით, მოწმემ აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, სამართალდარღვევის იდენტიფიცირება ხდება მხარეებს შორის მომსახურების პირობებზე შეთანხმების თაობაზე, კონფლიქტის გამო, საპატრულო პოლიციის გამოძახების შემდეგ. ასევე, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლებელია, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მაგალითად, პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის შემთხვევაში, ადგილი ჰქონდეს ფართში შეღწევას და კონკრეტული პირის მიერ სექსუალური მომსახურების განხორციელების იდენტიფიცირებას.

30. მოწმის პოზიციით, პროსტიტუცია დაკავშირებულია ანაზღაურებად მომსახურებასთან და ნებაყოფლობითი ხასიათის ქმედებასთან. შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას არ მიიჩნევს იმგვარ ქმედებად, რომელიც სექს-მუშაკის სხეულის ობიექტივიზაციას ახდენს. ამასთან, მოწმემ აღნიშნა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის უცნობია ნორმატიული ჩანაწერის არსებობის თაობაზე, რომელიც შეიცავს ქმედების პროსტიტუციად მიჩნევასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო რეგულირებას.

31. მოწმის მითითებით, სადავო ნორმის საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება მომსახურების გამწევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებული პრაქტიკით, სექსუალური მომსახურების მიმღები პირი არ მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. დამატებით, მოწმემ განმარტა, რომ სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს, მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა სამინისტროს ამ ეტაპზე ამგვარი პრაქტიკა არ გააჩნია.

32. მოწმის განმარტებით, საჯარო სივრცეში მომსახურების მხარეებს შორის პირობებზე შეუთანხმებლობის საფუძვლით, ხშირად იქმნება კონფლიქტური სიტუაცია. შესაბამისად, სტატისტიკურად, სადავო სამართალდარღვევა ხშირად იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას. დამატებით, მოწმის აღნიშვნით, პრაქტიკაში არ დაფიქსირებულა ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის შედეგად პირების სექს-მუშაკებად იდენტიფიცირებისა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევა. მოწმის აღნიშვნით, სამედიცინო დაწესებულებას არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმირების ვალდებულება, პირის პროგრამაში ჩართვის მიზეზების თაობაზე.

33. №1354 კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველმა. სასამართლოს მეგობრის წერილობით მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არათანაზომიერად ზღუდავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, მეორე მხრივ კი, ვერ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნას. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სადავო ნორმა ხშირად გამოიყენება შერჩევითად, არა ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, არამედ სექს-სამუშაოში ჩართულ პირებზე სოციალური წნეხის განსახორციელებლად, რაც იწვევს მათ დამატებით სტიგმატიზაციას. იმავდროულად, სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, არ არის განმარტებული, თუ რას ნიშნავს პროსტიტუცია. შესაბამისად, გაურკვეველია, მტკიცების რა ხარისხი მოეთხოვება სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელს, აღნიშნული მუხლის საფუძველზე, პირის სანქცირებული ქცევის დასასაბუთებლად.

34. სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების თანახმად, რამდენადაც სექს-მუშაკების საქმიანობა არის ადმინისტრაციული წესით დასჯადი, სექს-მუშაკები დგანან იმ საფრთხის წინაშე, რომ უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების მიზნით, სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვის შემთხვევაში, გამჟღავნდება მათი საქმიანობა. აღნიშნულს კი, შესაძლოა, მოჰყვეს არა უფლებადამრღვევი პირისათვის, არამედ თავად სექს-მუშაკისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება. ამგვარ ვითარებაში, პროსტიტუციაში ჩართული პირები მუდმივად იმყოფებიან შანტაჟისა და ძალადობის საფრთხის წინაშე, როგორც სექსუალური მომსახურების მიმღები პირების, ისე სამართალდამცავი უწყებების არაკეთილსინდისიერი თანამშრომლების მხრიდან. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმა სექს-მუშაკებისათვის ქმნის ბარიერს მართლმსაჯულებასა და სხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რაც არ შეესაბამება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. სადავო ნორმის შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის იდენტიფიცირება

1. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვების „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით.

2. მოსარჩელე მხარემ, რომელიც წარმოადგენს სრულწლოვან პირს, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს არა, ზოგადად, პროსტიტუციის აკრძალვას, არამედ პროსტიტუციის განხორციელებისათვის ე.წ. „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს პროსტიტუციის განხორციელებისათვის სრულწლოვანი „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობაზე. ამასთან, მოსარჩელე მხარეს, სადავო სიტყვები გასაჩივრებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო რეგულირების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან ცალ-ცალკე შეაფასებს.

2. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით

2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა

3. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება“. ხსენებული კონსტიტუციური დებულება „წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2). პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გულისხმობს რა პიროვნების მოქმედების ზოგად თავისუფლებას, მყარ საფუძველს ქმნის ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და მისი ავტონომიურობისათვის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54, 55). ამასთან, იგი მოიცავს პირის ნებისა და ქმედების თავისუფლებას როგორც კერძო, ისე საჯარო სივრცეში (იხ.,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ხაზგასასმელია ისიც, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-57).

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულია, ერთი მხრივ, პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში, მეორე მხრივ კი, პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3).

5. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცული ქმედების თავისუფლების უფლებრივი კომპონენტი აგრეთვე მოიცავს პირის მიერ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებული იმგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, თავისუფლად შეარჩიოს პარტნიორი და დაამყაროს მასთან სექსუალური ურთიერთობა. ხაზგასასმელია, რომ ურთიერთობის მკაცრად პერსონალური, ინტიმური ხასიათის გათვალისწინებით, მისი შინაარსი, ფარგლები და ინტენსივობა თავად ურთიერთობის მონაწილეთა ორმხრივი ნებით არის ზღვარდადებული.

6. სადავო ნორმა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პროსტიტუციისთვის, ამდენად, შეეხება პირთა სექსუალური ცხოვრების რეგულირებას და გარკვეული აკრძალვების დაწესებას პასუხისმგებლობის განსაზღვრის გზით. შესაბამისად, აშკარაა, რომ სახეზეა, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ სფეროში ჩარევა.

2.2. უფლებაში ჩარევის გამართლება

2.2.1. ზოგადი პრინციპები

7. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი ექსპლიციტურად არ შეიცავს მითითებას მისი შეზღუდვის შესაძლებლობის თაობაზე, კონსტიტუციური წესრიგის მოთხოვნების გათვალისწინებით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის. „ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულია, შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტიანი რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).

8. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეზღუდვებს.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა თავისთავად ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).

10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის დროს აუცილებელია, დაცული იყო თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნები. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60).

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს პროსტიტუციის განხორციელებისათვის, სრულწლოვანი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება რამდენად წარმოადგენს ძირითადი უფლების თანაზომიერ შეზღუდვას.

2.2.2. ლეგიტიმური საჯარო მიზანი

12. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, თანაზომიერების პრინციპის უპირველესი მოთხოვნაა, რომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ემსახურებოდეს ღირებული საჯარო ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. სასამართლოს განმარტებით, „ლეგიტიმური მიზნის არარსებობის პირობებში, ადამიანის უფლებაში ნებისმიერი ჩარევა თვითნებურ ხასიათს ატარებს და უფლების შეზღუდვა საფუძველშივე გაუმართლებელი, არაკონსტიტუციურია“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-15).

13. მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად დაასახელა, არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვა, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის, აგრეთვე საზოგადოებრივი ზნეობის და მორალის დაცვა.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, იმსჯელებს საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვის ლეგიტიმურ მიზანზე. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ პროსტიტუცია ხელს უწყობს ადამიანის სხეულის ობიექტივიზაციას, რაც წინააღმდეგობაშია ღირსების უფლებასთან. თავის მხრივ, პროსტიტუციის განხორციელების დაშვება გამოიწვევს სხეულით სექსუალური მომსახურების გაწევის, როგორც მისაღები ქცევის დამკვიდრებას, რაც ლახავს იმ საზოგადოებრივ ღირებულებას, რომელიც ადამიანის ღირსების პატივისცემას ეფუძნება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მოცემული საქმის ფარგლებში, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის, როგორც ლეგიტიმური მიზნის რელევანტურობას, სწორედ ამ არგუმენტაციის ჭრილში შეაფასებს.

15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „მოპასუხის მიერ დასახელებული ნებისმიერი ლეგიტიმური მიზანი ვერ დაედება საფუძვლად პირის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი ისაა, რომ უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ იმ მიზნის განხორციელებისთვის, რომელსაც აქვს უნარი, გაამართლოს თავად ამ უფლების შეზღუდვა. ხოლო მიზნები, რომლებიც უნარიანია, გაამართლოს კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა, მომდინარეობს დემოკრატიული ღირებულებებისგან, რაზეც სახელმწიფო და საზოგადოება არის დაფუძნებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-17).

16. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ, ზოგადად, არ არის გამორიცხული, საზოგადოებრივი ზნეობისა და მორალის დაცვა საფუძვლად დაედოს ამა თუ იმ უფლებაში ჩარევას. აღნიშნული ღირებულებები საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძველს წარმოადგენს და მათი დაცვა, შესაძლოა საჯარო პოლიტიკაშიც სათანადო გამოხატვას პოვებდეს. თუმცა, ამავე დროს, ზნეობასა და მორალზე აპელირება არ შეიძლება იქცეს იმგვარი ჩარევის დამოუკიდებელ საფუძვლად, რომელიც პიროვნებისათვის ანაზღაურების სანაცვლოდ, სექსუალური მომსახურების გაწევას შეზღუდავს, პასუხისმგებლობის დაკისრების გზით. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის პასუხისმგებლობის დაწესება გამართლებადია სწორედ საჯარო ინტერესთან დაკავშირებულ, მათ შორის, სხვებისათვის რეალური და სერიოზული საფრთხის მიყენების მიზნებზე აპელირებით.

17. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ პროსტიტუციის განხორციელების საფუძვლით პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა, ემსახურებოდეს იმ მორალურ-ეთიკური წარმოდგენის დაცვას, რომლის მიხედვითაც, ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის დამყარება საზოგადოებრივ მორალთან და ზნეობრივ ნორმებთან შეუთავსებლად აღიქმება. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან დასაშვებია, საზოგადოების მოცემულ ეტაპზე დამკვიდრებული მორალურ-ეთიკური შეხედულებების მხარდაჭერა, თუმცა, ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმით დადგენილი პასუხისმგებლობა ვრცელდება მათზეც, ვინც შეთანხმებული, ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი სექსუალური ურთიერთობის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებას გამოხატავს. არსებობს რისკი, რომ მორალისა და ზნეობის დაცვის სახელით განხორციელებული ჩარევა შეუთავსებელი გახდება ადამიანის პიროვნული განვითარების ორ მნიშვნელოვან და სუბსტანციურ პრინციპთან - თავისუფლებასა და ინდივიდუალიზმთან, რაც, რეალურად, წარმოადგენს ადამიანის განვითარების საწყისს (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30).

18. მოპასუხე მხარემ სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებად ასევე დაასახელა, ერთი მხრივ, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციით, მეორე მხრივ კი, არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაცვა.

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ, ზოგადად, სახელმწიფოს გააჩნია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი. ამასთან, დანაშაულისა და სხვა ანტისოციალური ქცევის პრევენცია, ისევე, როგორც ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს იმ ღირებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებს, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18). დამატებით, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველო წარმოადგენს „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის ხელმომწერ სახელმწიფოს, რომლის მიზნად ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა მიიჩნევა. კონვენციის პრეამბულაში გაცხადებულია, რომ ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა წარმოადგენდეს უპირატესი მნიშვნელობის მქონე მიზანს.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, შესაძლებელია, მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებული პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვა.

2.2.3. გამოსადეგობა

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ლეგიტიმური მიზნის არსებობა, თავისთავადად, არ არის საკმარისი, უფლებაშემზღუდველი რეგულაციის კონსტიტუციურად მიჩნევისათვის. იმისთვის, რათა სადავო ნორმით განსაზღვრული შეზღუდვა თანაზომიერების პრინციპთან შესაბამისად ჩაითვალოს, იგი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს გამოსადეგობის კრიტერიუმებს. ამა თუ იმ ღონისძიების გამოსადეგობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად არსებობს ლოგიკური კავშირი „დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო ნორმებით დადგენილი უფლების შეზღუდვის ფორმას შორის – რამდენად იძლევა სადავო ნორმები დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის №3/3/600 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-48).

2.2.3.1. საზოგადოებრივი უსაფრთხოება

22. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში, მოპასუხე მხარე აპელირებს სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციაზე, აგრეთვე მიუთითებს არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვის საჭიროებაზე.

23. დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანსა და სადავო მოწესრიგებას შორის კავშირის დასადგენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, უწინარესად, ყურადღებას გაამახვილებს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციაზე, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ასპექტზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და პროსტიტუციას შორის კავშირის არსებობის გამორკვევა. „ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2005 წლის კონვენციის შესაბამისად, „ადამიანებით ვაჭრობა“ დაკავშირებულია ექსპლუატაციის მიზანთან. აღნიშნული, შესაძლოა, მოიცავდეს სხვა პირთა ექსპლუატაციას პროსტიტუციის მიზნით. შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებისა და მიდგომების შესწავლის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს იმას, რომ მიუხედავად ადამიანით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) და პროსტიტუციას შორის არსებული განსხვავებებისა, ისინი ურთიერთდაკავშირებულ მოვლენებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ევროპის მასშტაბით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჩართულია იძულებით პროსტიტუციაში. ამასთან, თავად პროსტიტუციაში ჩართული პირების დიდი ნაწილი ტრეფიკინგის მსხვერპლს წარმოადგენს. ამ კონტექსტში, ზოგადად, პროსტიტუციის რეგულირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა და პრაქტიკა, შესაძლოა, გავლენას ახდენდეს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე. იმავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველი საქმის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს არა პროსტიტუციის სამართალდარღვევად გამოცხადების კონსტიტუციურობაზე, არამედ აფასებს პროსტიტუციის განმახორციელებელი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების კონსტიტუციურობას, მნიშვნელოვანია, რომ გამოიკვეთოს კავშირი უშუალოდ ამ პირისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის განსაზღვრასა და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციას შორის.

24. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანების გამოყენების ძირითად მამოძრავებელ ფაქტორს, ამ ტიპის სექსუალური მომსახურების მიღებაზე მოთხოვნის არსებობა წარმოადგენს. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფარგლებში პროსტიტუციის განხორციელება, ტრეფიკიორზე და სექსუალური მომსახურების მიმღებზეა დამოკიდებული. აღნიშნულის ლოგიკურ გამოძახილსა და დასტურს წარმოადგენს თავად სადავოდ გამხდარი მუხლის შენიშვნა, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)) ან/და 1432 მუხლით (არასრულწლოვანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)) გათვალისწინებულ დანაშაულზე დაზარალებულად ცნობილი პირი, თუ მათ აღნიშნული ქმედება ჩაიდინეს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე. იმავდროულად, აღნიშნული არ გამორიცხავს იმას, რომ პროსტიტუციისათვის „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ზოგადად, შეფასდეს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებად.

25. კერძოდ, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ პროსტიტუციის განხორციელებისათვის „სექს-მუშაკის“ პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებამ შესაძლებელია, შექმნას ხელშემწყობი გარემო სახელმწიფოში სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებისა და სწორედ ამგვარი საკანონმდებლო ჩარჩოს მქონე სახელმწიფოში, ადამიანებით მოვაჭრე პირების მიერ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, პირების პროსტიტუციაში ჩართვისათვის. ამ კონტექსტში, არსებობს ტრეფიკინგის მსხვერპლი მიგრანტი პირების ქვეყანაში სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით შემოყვანის სტიმულირების საფრთხეც. ამდენად, ამგვარმა საკანონმდებლო ჩარჩომ, შესაძლოა, გაამარტივოს ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მსხვერპლთა სექსუალური ექსპლუატაცია და ხელი შეუწყოს მათი რეალური საქმიანობის შენიღბვას – გაართულოს საკუთარი ნების შესაბამისად პროსტიტუციაში ჩართული და ტრეფიკინგის მსხვერპლი პირების გამიჯვნა, რაც, თავის მხრივ, ართულებს ადამიანებით მოვაჭრეების იდენტიფიცირებასა და დასჯას. ამდენად, „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი საკანონმდებლო მოწესრიგება ლოგიკურ კავშირშია, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის ლეგიტიმურ მიზანთან.

26. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების გარდა, პროსტიტუციის განხორციელება დაკავშირებულია პირზე სექსუალურ თუ ფიზიკურ ძალადობასთან. ამასთან, გასათვალისწინებელია პროსტიტუციისგან არასრულწლოვანთა დაცვის საჯარო ინტერესის მომეტებული მნიშვნელობა. პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების ხელმისაწვდომობა, არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკის გათვალისწინებით, საფრთხეს უქმნის მათ ჯანსაღ სექსუალურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას. თავის მხრივ, „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გათვალისწინება, როგორც აღინიშნა, მიმართულია მის მიერ პროსტიტუციის განხორციელების აღკვეთის და, მაშასადამე, მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკების პრევენციისკენ.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ძალადობრივი დანაშაულის პრევენციისა და არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვის კონტექსტში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს.

2.2.3.2. ჯანმრთელობის დაცვა

28. სადავო შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს ასევე წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა. პროსტიტუციის განხორციელებისათვის პირისადმი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებასა და ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმურ მიზანს შორის კავშირის დასადგენად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს პროსტიტუციასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკები. ამ თვალსაზრისით, უწინარესად, აღსანიშნავია, რომ პროსტიტუციაში ჩართული პირის საქმიანობა, როგორც წესი, დაკავშირებულია სხვადასხვა პარტნიორთან სექსუალური, მათ შორის, სქესობრივი კონტაქტის დამყარებასთან. თავის მხრივ, აღნიშნული ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სგგი) გავრცელების რისკს, როგორებიცაა, მაგალითად, აივ ინფექცია/შიდსი (HIV/AIDS), B ჰეპატიტი, ადამიანის პაპილომავირუსი (HPV). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, პროსტიტუციის განმახორციელებელი პირები სქესობრივი გზით და სისხლით გადამდები დაავადებების მომეტებული რისკის მატარებელ პირებად მიიჩნევიან. აგრეთვე, საქმის განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები მიუთითებს პროსტიტუციის ნეგატიურ გავლენაზე, თავად პროსტიტუციის განმახორციელებელი პირის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ.

29. თავის მხრივ, ამა თუ იმ ქმედების სამართალდარღვევად გამოცხადება მიმართულია ამ ქმედების ჩადენის პრევენციისკენ. პროსტიტუციის გამწევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება ემსახურება პირთა მიერ მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სხვადასხვა პარტნიორთან მრავალჯერადი სექსუალური კონტაქტის დამყარებისგან თავის შეკავებას – მაშასადამე, სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადების გავრცელების რისკის პრევენციას ისევე, როგორც პროსტიტუციის თანმხლები, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ტიპის რისკების არიდებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პროსტიტუციის მონაწილეს, პროსტიტუციის განმახორციელებელ პირთან ერთად, სექსუალური მომსახურების მიმღებიც წარმოადგენს. სწორედ სექსუალური მომსახურების მიმღებნი ქმნიან მოთხოვნას პროსტიტუციაზე და წარმოადგენენ აღნიშნული მოვლენის მამოძრავებელ ფაქტორს. იმავდროულად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების კონტექსტში, „სექს-მუშაკი“ და სექსუალური მომსახურების მიმღები, განსხვავებული ხარისხის რისკის მატარებელ სუბიექტებს წარმოადგენენ. იმის გათვალისწინებით, რომ „სექს-მუშაკის“ საქმიანობა, როგორც წესი, სხვადასხვა პარტნიორთან სქესობრივი კონტაქტის დამყარებას გულისხმობს, იგი ჯანმრთელობასთან მიმართებით იდენტიფიცირებული რისკების რეალიზების მხრივ, მომეტებული საფრთხის წყაროა.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას წარმოადგენს.

2.2.4. აუცილებლობა

31. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „გამოსადეგობასთან ერთად, შემზღუდველი ღონისძიება უნდა წარმოადგენდეს შეზღუდვის აუცილებელ (ყველაზე ნაკლებად მზღუდველ) საშუალებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა, არ არსებობდეს სხვა, ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით, დასახელებული ლეგიტიმური მიზნის იმავე ეფექტიანობით მიღწევის გონივრული შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ ღონისძიება იმაზე მეტად ზღუდავს უფლებას, ვიდრე ობიექტურად აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის რეალიზაციისათვის, რაც თანაზომიერების პრინციპის საწინააღმდეგოა.

32. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს სექსუალური მომსახურების მიმღებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობაზე.

33. მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პროსტიტუციის თანმდევ ნეგატიურ შედეგებთან საბრძოლველად, სახელმწიფოს სხვადასხვა ღონისძიების გატარება შეუძლია. არ არსებობს კონსენსუსი პროსტიტუციასთან დაკავშირებული ოპტიმალური საკანონმდებლო მოწესრიგების თაობაზე. არსებითად, სახელმწიფოები ირჩევენ პროსტიტუციის კანონიერ საქმიანობად აღიარების და მისი სხვადასხვა ფარგლებით რეგულირების მოდელს ან აცხადებენ პროსტიტუციას აკრძალულ ქმედებად და ითვალისწინებენ პასუხისმგებლობას მისი განხორციელებისათვის. იმავდროულად, განსხვავებულია არჩევანი პასუხისმგებლობის სუბიექტის თვალსაზრისით: ზოგიერთ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ვრცელდება როგორც „სექს-მუშაკზე“, ისე სექსუალური მომსახურების მიმღებზე; სხვა შემთხვევაში - მხოლოდ „სექს-მუშაკზე“; ხოლო რიგ ქვეყნებში, პასუხისმგებლობის ადრესატებად მიიჩნევიან სექსუალური მომსახურების მიმღები და პროსტიტუციის ხელშემწყობი პირები.

34. მაშასადამე, პროსტიტუციისთვის „სექს-მუშაკისადმი“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება წარმოადგენს პროსტიტუციის თანმდევ ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლის ერთ-ერთ საკანონმდებლო ინსტრუმენტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარ ვითარებაში, საკანონმდებლო ხელისუფლება სარგებლობს პოლიტიკურ-სამართლებრივი დისკრეციით, მოსაწესრიგებელ საკითხთან დაკავშირებული გამოწვევების, სახელმწიფოში არსებული სოციალური და სამართლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვიტოს პროსტიტუციასთან დაკავშირებული რომელი მოდელი იქნება მეტად ეფექტიანი დასახული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციას არ წარმოადგენს იმის დადგენა, „თუ კონკრეტულად რომელი ღონისძიების გამოყენება იქნებოდა საუკეთესო ან უფრო მეტად მიზანშეწონილი დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები - ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-27). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ღონისძიების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით განმტკიცებულ, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან.

35. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირება, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის დაცვის, მეორე მხრივ კი, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას წარმოადგენს.

2.2.5. პროპორციულობა ვიწრო გაგებით

36. იმისათვის, რომ უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესი კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მივიჩნიოთ, საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე, უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, საკუთარი მნიშვნელობით, აღემატება თუ არა შეზღუდულ ინტერესს. ამ ეტაპზე უნდა გაანალიზდეს, რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu), რომლის მოთხოვნაა „უფლების შეზღუდვისას კანონმდებელმა დაადგინოს სამართლიანი ბალანსი შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43). განსახილველ შემთხვევაში, ისეთ ლეგიტიმურ მიზნებს, როგორებიცაა: ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უპირისპირდება სრულწლოვანი პირის ინტერესი, განახორციელოს პროსტიტუცია - მაშასადამე, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, მისაღები სექსუალური აქტივობის მეშვეობით, მოახდინოს საკუთარ სხეულზე ავტონომიის პრაქტიკული რეალიზება.

2.2.5.1. საზოგადოებრივი უსაფრთხოება

37. როგორც აღინიშნა, სადავო რეგულირების ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს, ერთი მხრივ, სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციით, მეორე მხრივ კი, არასრულწლოვანთა პროსტიტუციისგან დაცვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვის პროპორციულობას საზოგადოებრივი უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ ასპექტებთან მიმართებით ცალ-ცალკე შეაფასებს.

38. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ სადავო ნორმა წარმოადგენს სექსუალური ექსპლუატაციის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. მოცემულ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს, რამდენად პროპორციულია ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად „სექს-მუშაკისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესება.

39. სადავო რეგულირების საფუძველზე, შეზღუდულ და დაცულ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის არსებობის საკითხის შეფასებისას, უპირველესად, მნიშვნელოვანია იმ გარემოებაზე ხაზგასმა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ფორმალურად, მიემართება ნებაყოფლობით ქმედებას – „სექს-მუშაკის“ მიერ პროსტიტუციით დაკავებაზე გაკეთებულ არჩევანს. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტობრივ სოციალურ კონტექსტზე, რომელიც პროსტიტუციის თანმდევია. ამ მხრივ, ხაზგასასმელია, რომ პროსტიტუციაში ჩართულია ადამიანთა სხვადასხვა კატეგორია, რომლებიც აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილებას განსხვავებული ფაქტორებისა და ყოფითი გამოწვევების საპასუხოდ იღებენ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო საკითხის შეფასებისას, არ დგას იმის საჭიროების წინაშე, გადაწყვიტოს „სექს-მუშაკის“ არჩევანი პროსტიტუციაზე, ყველა შემთხვევაში, მოიცავს თუ არა გარკვეული ხარისხის, სოციალური ფაქტორებიდან მომდინარე, იძულების კომპონენტს ან სად გადის ზღვარი „სექს-მუშაკების“ თავისუფალი არჩევანის ფარგლებს შორის. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ, როგორც აღინიშნა, ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების განმახორციელებელი პირის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში გავრცელებული შეხედულების შესაბამისად, ამგვარი აქტივობა „მიუღებელი“ და სოციალურად გაკიცხვადია. შესაბამისად, „სექს-მუშაკები“, ამ თვალსაზრისით, სოციალური სტიგმის ადრესატებს წარმოადგენენ, რაც სოციუმში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის თვალსაზრისით, დამატებით გამოწვევებთან არის დაკავშირებული.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და სხვადასხვა ხასიათის ძალადობრივი დანაშაულის პრევენცია, უაღრესად მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს. აღნიშნული ქმედებებისათვის დამახასიათებელი სიმწვავისა და საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, სახელმწიფოს გააჩნია კონსტიტუციური ვალდებულება, მკაცრად ებრძოლოს მათ და აღმოფხვრას ამ დანაშაულებთან დაკავშირებული რისკები.

41. ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ „სექს-მუშაკის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებამ, შესაძლოა, შექმნას ხელშემწყობი გარემო ადამიანთა სექსუალური ექსპლუატაციისთვის. სხვაგვარად, არ არის გამორიცხული, ამგვარმა საკანონმდებლო ჩარჩომ გაამარტივოს ადამიანებით მოვაჭრეების მიერ მსხვერპლთა სექსუალური ექსპლუატაცია და ხელი შეუწყოს მათი რეალური საქმიანობის შენიღბვას. აღნიშნულთან მიმართებით, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის უმძიმესი ფორმა და განსაკუთრებული საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებაა. ამასთან, ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) კომპლექსური დანაშაულია, რომელიც ხშირად ხორციელდება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორი ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალურ ურთიერთობაზე მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებას ადამიანებით მოვაჭრე (ტრეფიკიორი) დამოუკიდებლად ან/და, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მეშვეობით უზრუნველყოფს. სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ეფექტიანი პრევენცია სწორედ ანაზღაურებად სექსუალურ ურთიერთობაზე ხსენებულ ჯაჭვთან ბრძოლით მიიღწევა, რაც კომპლექსური ღონისძიებების შემუშავებითა და პრაქტიკაში ეფექტიანი რეალიზებით არის შესაძლებელი.

42. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ „სექს-მუშაკისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება, ამცირებს სახელმწიფოში სექსუალური ინდუსტრიის გაფართოებისა და ადამიანებით მოვაჭრე პირების მიერ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით, პირთა პროსტიტუციაში ჩართვის რისკებს. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ ანაზღაურების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობის შეთავაზება, ხელს უწყობს პროსტიტუციის არსებობას და თანმდევი ნეგატიური შედეგების წარმოქმნას. შესაბამისად, სადავო ნორმა მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მიზნის - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობრივი დანაშაულის პრევენციის უზრუნველყოფას ემსახურება. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დაცული საჯარო ინტერესები აღემატება სექსმუშაკის უფლებრივ ინტერესს, ანაზღაურების სანაცვლოდ გასწიოს სექსუალური მომსახურება.

43. სადავო ნორმის მიზანია, აგრეთვე, არასრულწლოვანების ინტერესების დაცვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, „სექს-მუშაკისათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების გზით, არასრულწლოვანების ინტერესების უზრუნველყოფის პროპორციულობას.

44. აღნიშნულთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვნად ესახება სადავო დებულებების საფუძველზე, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საგნად ქცეული ქმედების ფარგლებისა და მასშტაბის იდენტიფიცირება. კერძოდ, პროსტიტუციის გამწევი პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება შესაძლოა, განპირობებული იყოს აღნიშნული ქმედების სხვადასხვა სივრცეში განხორციელებით. როგორც საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოპასუხე მხარის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსათვის წარმოდგენილი პოზიციიდან გამოირკვა, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის, ასევე არასაჯარო სივრცეში. ამასთან, პროსტიტუციის თაობაზე შეთანხმება შეიძლება მოიცავდეს, როგორც პირადად, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმებას. საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ამ თვალსაზრისით, არასრულწლოვანის ინტერესებზე ნეგატიურად ზემოქმედების ხარისხი შესაძლოა იყოს განსხვავებული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, არსებობს იმგვარი რისკები, რაც ამართლებს „სექს-მუშაკისათვის“ პროსტიტუციის განხორციელების აკრძალვას, მისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესების გზით.

45. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პროსტიტუციას და მასთან დაკავშირებულ ქმედებებს ადგილი აქვს საჯარო სივრცეში – საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილზე, მაგალითად, ქუჩაში, სკვერში, პარკში, სკოლის, სააღმზრდელო ან/და სხვა იმგვარი დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც მომეტებულად არასრულწლოვანთა თავშეყრისთვის გამოიყენება და, შესაბამისად, მაღალია არასრულწლოვანთა ყოფნის/გადაადგილების ალბათობა, არასრულწლოვანთა მოწყვლადი ასაკის გათვალისწინებით, არსებობს საფრთხე, პროსტიტუციასთან დაკავშირებულმა ქმედებებმა, თუნდაც ვიზუალურმა ხელმისაწვდომობამ, საფრთხე შეუქმნას არასრულწლოვანთა ჯანსაღ სექსუალურ, სოციალურ, ფსიქოლოგიურ და ინტელექტუალურ განვითარებას. ასეთი გარემო შესაძლოა იქცეს „ნორმად“ ან ყოველდღიური რეალობის ნაწილად მათი ცნობიერებისთვის, რაც, საბოლოო ჯამში, არასრულწლოვანს შეუქმნის დაბნეულობას, განაპირობებს არასათანადო წარმოდგენების ჩამოყალიბებას სქესობრივ ქცევებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საჯარო სივრცეში პროსტიტუციასთან დაკავშირებული ქმედებების არსებობა არა მხოლოდ უშუალო ვიზუალურ კონტაქტს ქმნის არასრულწლოვანისთვის, არამედ არღვევს იმ სოციალურ და ღირებულებით ჩარჩოებს, რომლებსაც ემყარება ბავშვის სწორად განვითარება. ამავდროულად, ზრდასრულთა ქცევითი მოდელების არასათანადო დემონსტრირებამ, შესაძლოა შეამციროს საგანმანათლებლო სივრცეებისა და ოჯახის ძალისხმევის ეფექტიანობა, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვისთვის უსაფრთხო, სტაბილური და ღირებულებებზე ორიენტირებული განვითარების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანთა დაცვა იმ უარყოფითი ეფექტებისგან, რომლებიც თან ახლავს სექსუალური ქცევის კომერციალიზაციას და მის ნორმალიზებას საზოგადოებრივ სივრცეში. ამდენად, საჯარო სივრცეში პროსტიტუციის აკრძალვა წარმოადგენს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესებისა და მათი მომავალი კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვან კომპონენტს.

46. იმ შემთხვევაში, როდესაც პროსტიტუციას ადგილი აქვს კერძო, პრივატულ სივრცეში, არასრულწლოვანებისათვის პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ქმედებებზე უშუალო წვდომა შეზღუდულია და ასეთ გარემოში მათი ინტერესის დაზიანების რისკები მნიშვნელოვნად მსუბუქდება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პროსტიტუციის განხორციელება კერძო სივრცეში ან მისი შეთავაზება ონლაინ პლატფორმების მეშვეობით ვერ გამორიცხავს არასრულწლოვანებზე ზეგავლენის შესაძლებლობას. ციფრული სივრცის თავისებურებიდან გამომდინარე, არასრულწლოვანებს შესაძლოა, ჰქონდეთ წვდომა (მათ შორის, შემთხვევითი) პროსტიტუციის შეთავაზების შემცველ მასალებზე, მათ შორის, სარეკლამო განცხადებებსა თუ ვიზუალურ კონტენტზე, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს მათ აღქმებზე, ღირებულებით ორიენტირებსა და ქცევით მოდელებზე. ანალოგიურად, კერძო სივრცეში პროსტიტუციის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ამცირებს ქმედებების საჯარო დემონსტრირებას, მთლიანად არ გამორიცხავს არასრულწლოვანთა მხრიდან, ინფორმაციის მიღების, აღქმების ფორმირების ან ქცევის ნორმალიზაციის რისკს.

47. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ნორმა წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ეფექტიან მექანიზმს, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვები „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“, ამ თვალსაზრისით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

2.2.5.2. ჯანმრთელობის დაცვა

48. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო შეზღუდვა ასევე ემსახურება ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. როგორც აღინიშნა, სექსუალური კონტაქტი წარმოადგენს არაერთი დაავადების, მაგალითად, აივ ინფექციის გადადების ერთ-ერთ ძირითად საშუალებას. შესაბამისად, პირები, რომლებიც, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, სექსუალურ კონტაქტს ამყარებენ სხვადასხვა პირთან, წარმოადგენენ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით ინფიცირების და მათი სხვა პირთათვის გადაცემის მომეტებული რისკის მატარებელ პირებს. შესაბამისად, ამგვარი ქმედების პოტენციალი მნიშვნელოვნად სცილდება მხოლოდ სექსუალური ურთიერთობის მხარეების ჯანმრთელობის დაზიანებას და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის.

49. საგულისხმოა, რომ „საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყოს მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-70). აღნიშნული ვალდებულების აღსრულების ფარგლებში, სახელმწიფო, მათ შორის, უფლებამოსილია, პასუხისმგებლობას დაუქვემდებაროს იმგვარი აქტივობები, რომლებიც მომეტებულად წარმოადგენს დაავადებების გავრცელების წყაროს და, მაშასადამე, საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას.

50. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება, განსაკუთრებით ზოგიერთი მათგანისთვის (მაგალითად, აივ, ადამიანის პაპილომავირუსი, გონორეა, სიფილისი) დამახასიათებელი გავრცელების სიხშირისა და პრევალენტობის, ჯანმრთელობაზე ზემოქმედების პოტენციური შედეგების, მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის ჩამოყალიბების პოტენციალის გათვალისწინებით, წარმოადგენს სწორედ მომეტებულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის და, შესაბამისად, მნიშვნელოვანი გამოწვევაა სახელმწიფოსათვის. პრაქტიკული თვალსაზრისით, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მათი დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი, სახელმწიფოს ჯანდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ყოვლისმომცველი სტრატეგიების შემუშავებასა და იმპლემენტაციასთან, მათ შორის, სპეციალური სახელმწიფო პროგრამების შექმნასთან არის დაკავშირებული, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მხრიდან, მნიშვნელოვანი ფინანსური, ორგანიზაციული და ადამიანური ძალისხმევის გაწევას გულისხმობს.

51. მაგალითად, „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ უზრუნველსაყოფ საკითხად მიიჩნევა აივ ინფიცირებულთა/შიდსით დაავადებულთა დიაგნოსტიკის, მკურნალობის, პროფილაქტიკის, მხარდაჭერის/ხელშეწყობისა და მოვლის დროულობა და უწყვეტობა სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში, ქვეყანაში აღიარებული პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს 2023-2025 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის №65/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებულია „საქართველოს 2023-2025 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ზოგად პოპულაციაში აივ პრევალენტობის დაბალი მაჩვენებლის არსებობის მიუხედავად, საქართველო ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე მდგარად მიიჩნევა რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით, რომელთა შორისაც, აღნიშნულია ზოგადად მოსახლეობაში აივ ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელების საფრთხე და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილობა.

52. მაშასადამე, „სექს-მუშაკების“ ქმედება – ანაზღაურების სანაცვლოდ სხვადასხვა პირთან სექსუალური კონტაქტის დამყარება, წარმოადგენს იმგვარ ქმედებას, რომელიც ქმნის ადამიანთა ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების მნიშვნელოვან რისკს. ამასთან, ამგვარი დაავადებების დიაგნოსტირება, მკურნალობა და მონიტორინგი კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რომელზე ადამიანთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის მხრიდან გასაწევი მნიშვნელოვანი ფინანსური და ადმინისტრაციული ძალისხმევის საგანია. ამგვარ პირობებში, კანონმდებელი უფლებამოსილია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისროს სუბიექტს, რომელიც მისი სარისკო სექსუალური ქცევის მეშვეობით, უშუალოდ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საფრთხის წარმოქმნის რეალურ წყაროს.

53. დამატებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელე მხარის არგუმენტზე, რომელიც დაკავშირებულია სამედიცინო სერვისებზე „სექს-მუშაკების“ ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან. ამ თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე მხარე აპელირებს არა, მაგალითად, სადავო მოწესრიგების ეფექტიანობით, საკუთრივ „სექს-მუშაკებისათვის“ განკუთვნილი სამედიცინო პროგრამების მოთხოვნისა თუ მასში მონაწილეობის შეზღუდვაზე, არამედ მისი არგუმენტაცია მიემართება იმას, რომ სადავო ნორმა იწვევს „სექს-მუშაკების“ მხრიდან, ზოგადად, ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობაზე თავშეკავებას. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შიშიდან გამომდინარე, ინფექციის მაღალი რისკის მატარებელი ბევრი ადამიანი თავს არიდებს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში მონაწილეობას, რაც ხელს უწყობს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მეტად გავრცელებას.

54. ამ მხრივ, ხაზგასასმელია, რომ სადავო ნორმა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სექს-მუშაკის“ კონკრეტული ქმედებისათვის – პროსტიტუციისთვის. სადავო ნორმას არ გააჩნია „სექს-მუშაკის“ ჯანდაცვის პროგრამებში მონაწილეობაზე ზემოქმედების, მათ შორის, ამგვარი შესაძლებლობის შეზღუდვის ნორმატიული რესურსი. უფრო მეტიც, აღნიშნულის საპირისპიროდ, მაგალითად, აივ ინფექციასთან მიმართებით, „საქართველოს 2023-2025 წლების აივ/შიდსის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 6 სექტემბრის №65/ნ ბრძანების დანართით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ „სექს-მუშაკებისათვის“, როგორც მაღალი რისკის ჯგუფისთვის, გათვალისწინებულია აივ პრევენციული სერვისები.

55. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო მოწესრიგება არ არღვევს თანაზომიერების პრინციპის ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნას და იცავს სამართლიან ბალანსს კერძო და ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესებს შორის. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვები „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მოთხოვნებს.

3. სადავო ნორმის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო

56. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვები „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ აგრეთვე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.

57. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ხსენებული კონსტიტუციური დებულება მოიცავს „მრავალ გარანტიას, რომელთა ერთობლიობაც ქმნის პირის სამართალდამრღვევად ცნობისა და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურ საფუძვლებს და იცავს მას სახელმწიფოს თვითნებობისა თუ მიკერძოებული დევნისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 15 დეკემბრის №3/5/1502,1503 გადაწყვეტილება საქმეზე „ზაურ შერმაზანაშვილი და თორნიკე ართქმელაძე საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, II-110). დასახელებული კონსტიტუციური დებულებით დაცულ უმნიშვნელოვანეს გარანტიას წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის მოთხოვნა.

58. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციურსამართლებრივად პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ პირმა იცოდა ან შეეძლო წინასწარ განესაზღვრა კანონმდებლობით აკრძალული ქმედების არსი და მისგან მომდინარე შესაძლო შედეგები. პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმათა განსაზღვრულობის მოთხოვნის მთავარი დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ ნორმის ადრესატმა შეძლოს მისი შინაარსის სწორად აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა. აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს, სამართლებრივი უსაფრთხოების, კანონიერებისა და ხელისუფლების შტოებს შორის ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ხარისხობრივი სტანდარტები ქმნის გარანტიას, რომ პირმა შეძლოს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარება მისი სურვილების შესაბამისად. მკაფიოდ განსაზღვრული კანონმდებლობის პირობებში პირს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქცევა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს, არ ჩაიდინოს აკრძალული ქმედება და თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-4).

59. იმავდროულად, რამდენადაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები აწესრიგებენ ურთიერთობათა ფართო, წინასწარ არაიდენტიფიცირებად და დინამიკურ სპექტრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ფორმულირებისას არ გამოირიცხება ზოგადი, ინტერპრეტირებადი თუ კონკრეტული სფეროსათვის დამახასიათებელი ტერმინების გამოყენება. „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით per se არაკონსტიტუციურად არ მიიჩნევა აბსტრაჰირების გარკვეული ხარისხით შემუშავებული ნორმების პასუხისმგებლობის დამდგენ საკანონმდებლო სივრცეში არსებობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლის ნორმა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ვერ შეასრულებს ურთიერთობათა მრავალფეროვანი და სწრაფად ცვალებადი სპექტრის მოწესრიგების მასზე დაკისრებულ ფუნქციას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35). ამ თვალსაზრისით, „პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის კონსტიტუციური მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

60. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება საერთო სასამართლოს. დადგენილია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განჭვრეტადობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს მექანიზმს სწორედ საერთო სასამართლოების ერთგვაროვანი პრაქტიკა წარმოადგენს. საერთო სასამართლოების პრაქტიკაში ნორმის ერთგვაროვნად განმარტება და გამოყენება, ნორმის შინაარსის განსაზღვრულობის უმთავრესი ინდიკატორია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-37). იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, არ გამოირიცხება საერთო სასამართლოების შესაძლებლობა, ახლებურად განმარტონ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობა, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების მოთხოვნაა – ამგვარი განმარტების ნეგატიური სამართლებრივი შედეგები არ გავრცელდეს პირზე, რომელსაც ნორმის განმარტების დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ობიექტურად არ შეეძლო, განესაზღვრა აკრძალული ქმედების შინაარსი. დამატებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საერთო სასამართლოს მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი კანონმდებლობის განმარტების ფარგლები შეზღუდულია. მან ნორმა არ უნდა განმარტოს ისე, რომ მას არაგანჭვრეტადი შინაარსი მიანიჭოს. პირს ვერ ექნება მოლოდინი, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის რამდენიმე შესაძლო განმარტებისას, მის მიმართ გამოყენებული იქნება ის შინაარსი, რომელიც ყველაზე მძიმე შედეგს აყენებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20, 21, 22).

61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით: (ა) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული/ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა; (ბ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად, სამართლის ნორმის ახლადჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; ან/და (გ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტება/გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლო პრაქტიკა, ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების ფაქტი (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36).

3.2. სადავო ნორმის შესაბამისობა განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან

62. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს, რამდენადაც ნათლად არ არის ფორმულირებული სამართალდარღვევის ობიექტური შემადგენლობის ფარგლები. მოსარჩელის პოზიციით, არც სადავო ნორმა და არც სხვა ნორმატიული აქტი არ შეიცავს „პროსტიტუციის“ განმარტებას. ამდენად, ბუნდოვანია, რა ითვლება პროსტიტუციად, ფულადი ანაზღაურების, საქონლის მიღების სანაცვლოდ სექსუალური ურთიერთობა თუ ანაზღაურების გარეშე პირთა ფართო წრესთან უსასყიდლო სექსუალური ურთიერთობის დამყარება. მოსარჩელისთვის ასევე პრობლემას წარმოადგენს იმის განსაზღვრა, როდის ჩაითვლება სადავო ნორმით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტი დასრულებულად, სექსუალური მომსახურების ფასის, ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების თუ მომსახურების გაწევის ან თანხის მიღების მომენტიდან. მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზეც, რომ საერთო სასამართლოების პრაქტიკაში არ ხდება პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების, სამართალდარღვევის ობიექტური მხარის აღწერა. დამატებით, მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რომ ნორმის გამოყენების არსებული პრაქტიკა არ გამორიცხავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სამომავლოდ ნორმის განსხვავებულად გამოყენების, მისი იმ ქმედებაზე გავრცელების შესაძლებლობას, რომელიც არსებული პრაქტიკით პროსტიტუციად არ მიიჩნევა.

63. მოპასუხე მხარის პოზიციით, პროსტიტუცია წარმოადგენს საზოგადოებისათვის ნაცნობ ტერმინს. კერძოდ, იგი გულისხმობს სექსუალური მომსახურების გაწევას ანაზღაურების სანაცვლოდ. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის არსებობისთვის აუცილებელია, მინიმუმ, ორი მხარის: სექსუალური მომსახურების გამწევისა და მომსახურების მიმღების არსებობა. იმავდროულად, შესაძლოა, ანაზღაურება გამოხატული არ იყოს ფულადი სახით, არამედ იგი, გულისხმობდეს მატერიალური სარგებლის მიღებას. მოპასუხის აღნიშვნით, სადავო ნორმის ფარგლებში მოიაზრება ქმედების განხორციელება, როგორც საჯარო თავშეყრის, ასევე არასაჯარო ადგილას. მოპასუხე მხარე განმარტავს იმასაც, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირისპირ შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება და მომსახურების გაწევა, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია მომსახურების გაწევასთან.

64. მოწმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს თანამშრომლის, მარიამ კერესელიძის მითითებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციას განმარტავს, როგორც სექსუალური მომსახურების გაწევას ფულადი თანხის სანაცვლოდ. მოწმის განცხადებით, საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი დადგენილებები აგრეთვე შეიცავს მინიშნებას პროსტიტუციის ანალოგიურად განმარტების თაობაზე. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პირს სამართალდამრღვევად მიიჩნევს და ადმინისტრაციულ სანქციას აკისრებს იმ ეტაპზე, როდესაც მხარეები მომსახურების სანაცვლოდ თანხმდებიან ანაზღაურებაზე. მოწმის მითითებით, სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს, მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით, თუმცა სამინისტროს ამ ეტაპზე ამგვარი პრაქტიკა არ გააჩნია.

65. როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის თვითკმარ ინდიკატორს არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ფორმულირებისას, ზოგადი ტერმინების გამოყენება. „დასაშვებია, პასუხისმგებლობის დამდგენი ისეთი ზოგადი საკანონმდებლო ნორმის მიღება, რომელიც გონივრულობის ფარგლებში ექვემდებარება განმარტებას და, ამ გზით, უზრუნველყოფს მისი მოქმედების სფეროში მოქცეული დაცული სიკეთის ხელყოფის ყველა შესაძლო შემთხვევის დასჯადობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). ამ თვალსაზრისით, განსაზღვრულობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, აუცილებელია, პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ადრესატებს შეეძლოთ მისი შინაარსის სწორად აღქმა, აკრძალვის იდენტიფიცირება და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29). აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ნორმის ადრესატს შეუძლია სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა, მათ შორის, იურისტებისა და სხვა სფეროს სპეციალისტების დახმარებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

66. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს ტერმინის – „პროსტიტუცია“ – შინაარსის განუსაზღვრელობაზე. მოსარჩელე მხარე, უპირველესად, მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ განჭვრეტადი არ არის, პროსტიტუცია წარმოადგენს ანაზღაურებად ქმედებას, თუ შესაძლოა, მასში ასევე მოიაზრებოდეს არაანაზღაურებადი ქმედებაც. ხაზგასასმელია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ცალკეული ზოგადი ტერმინის განსაზღვრულობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან შესაბამისობის და მისი გონივრულობის ფარგლებში განმარტების შესაძლებლობის შეფასებისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს თავად ტერმინით აღწერილი ქმედების შინაარსის ირგვლივ არსებულ საზოგადოებრივი ცნობიერების საკითხს – კერძოდ, რამდენად ერთგვაროვანია მის შინაარსთან მიმართებით საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა. კანონმდებლის მიერ პასუხისმგებლობის დამდგენი სამართლებრივი ნორმის ფორმულირებისას, ზოგადი ტერმინის გამოყენების შესაძლებლობა განსაკუთრებით შეზღუდულია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ზოგადი ტერმინით აღწერილი ქმედება არ არის ცალსახა და მკაფიო ნორმის ადრესატებისათვის, საზოგადოებაში მისი შინაარსის ირგვლივ არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი (მაგ., იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის №1/1/1537 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 4 ნოემბრის №1/8/926 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ლოგუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). აღნიშნულის საპირისპიროდ, განჭვრეტადობის კონსტიტუციურ მოთხოვნასთან შეუსაბამო არ არის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის ზოგადი ტერმინით ფორმულირება სანქცირებას დაქვემდებარებული იმგვარი ქმედების აღსაწერად, რომლის შინაარსთან მიმართებითაც საზოგადოებაში არსებობს დამკვიდრებული აღქმა და, აღნიშნულიდან გამომდინარე, ნორმის ადრესატთათვის გასაგებია აკრძალული ქმედების ძირითადი არსი.

67. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია, რომ სადავოდ გამხდარი სიტყვა – „პროსტიტუცია“ – აღწერს ადამიანთა ერთ-ერთ უძველეს აქტივობად მიჩნეულ, საყოველთაოდ ცნობილ სოციალურ ფენომენს. იგი უძველესი დროიდან დღემდე წარმოადგენს ადამიანთა ცხოვრების თანმდევ მოვლენას – პროსტიტუცია დამახასიათებელი იყო ყველა ეპოქისა და კულტურისათვის. იმავდროულად, არსებობს კონსენსუსი და საზოგადოებაში დამკვიდრებული აღქმა იმის თაობაზე, რომ, ზოგადად, პროსტიტუციით დაკავება დაკავშირებულია მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ სექსუალური მომსახურების გაწევასთან. ამავდროულად, პროსტიტუციის ამგვარი აღქმა ემთხვევა სადავო ნორმის არსის ირგვლივ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მიერ განვითარებულ არგუმენტაციას. ამგვარ პირობებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციის სარწმუნოობას იმის თაობაზე, რომ პროსტიტუციად მოაზრებული ქმედების ზოგადი დეფინიციის სახით ფორმულირება, განაპირობებს პირისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას იმგვარი ქმედებისათვის, რომელიც დაკავშირებულია პირთან უსასყიდლოდ/ანაზღაურების გარეშე სექსუალური ურთიერთობის დამყარებასთან.

68. სადავო ნორმის ბუნდოვანების წარმოსაჩენად, მოსარჩელე მხარე აგრეთვე აღნიშნავს, რომ ნორმა მკაფიოდ არ განსაზღვრავს, კონკრეტულად რომელი ქმედებები ექვემდებარება აკრძალვას და რა მომენტიდან დგება პასუხისმგებლობა. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან შეუსაბამობას ვერ განაპირობებს ის გარემოება, რომ მისი ფორმულირებისას კანონმდებელი დეტალიზების მაღალი ხარისხით არ უთითებს სამართალდარღვევად მიჩნეული ქმედების შინაარსს, მის ცალკეულ ელემენტებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით დადგენილია, რომ ამგვარ ვითარებაში, პასუხისმგებლობის დამდგენი ზოგადი ნორმების შინაარსის აღქმის გამარტივებისა და ბუნდოვანების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვან ფუნქციას საერთო სასამართლოები ასრულებენ. პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ირგვლივ საქართველოს საერთო სასამართლოთა განმარტებები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს, რომლის ფარგლებშიც ხდება კონკრეტული სამართალდარღვევის შინაარსის გონივრული განმარტება, ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის საჭირო ელემენტების განსაზღვრა და მისადაგება ცალკეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებისადმი. „საერთო სასამართლოებს ნორმატიული აქტების განმარტების, დაზუსტებისა და განვრცობის გზით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ სამართლის განვითარებაში. საერთო სასამართლოები განმარტებისა და დაზუსტების გზით დინამიკურ, ცვლად გარემოებებს არგებენ კანონმდებლობის მოთხოვნებს, რათა ნორმატიული აქტები და მათი განმარტებები შეესატყვისებოდეს მუდმივად ცვალებად სამართლებრივ ურთიერთობებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

69. ამ თვალსაზრისით, როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების ზოგადი ფორმულირებით შემუშავებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მათ შინაარსთან და განმარტება-გამოყენებასთან დაკავშირებით: (ა) არსებობს საერთო სასამართლოების განსხვავებული/ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა; (ბ) საერთო სასამართლოების პრაქტიკის ცვლილების შედეგად, სამართლის ნორმის ახლადჩამოყალიბებული ნორმატიული შინაარსი გავრცელდება ამ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებებზე; ან/და (გ) პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტების შედეგია (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის №2/1/1289 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ბერუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23). ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმის განმარტება/გამოყენებასთან დაკავშირებით არ არსებობს საერთო სასამართლო პრაქტიკა, ნორმის განჭვრეტადობის პრობლემის წარმოსაჩენად უნდა გამოიკვეთოს, რომ სახეზეა მისი არაგანჭვრეტადი შინაარსით ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების ფაქტი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 7 ივნისის №3/1/740,764 გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი უგულავა, ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, გიზო ღლონტი, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36). შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის წარმოსაჩენად, ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს სადავო ნორმის ირგვლივ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის არსებობა.

70. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარეს არც კონსტიტუციური სარჩელისა და არც საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში არ მიუთითებია სადავო ნორმის ირგვლივ რომელიმე ზემოაღნიშნული შემთხვევის არსებობის თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია საერთო სასამართლოების განსხვავებული/ურთიერთსაწინააღმდეგო პრაქტიკა სადავო ნორმის ირგვლივ. ამასთან, საქმის განხილვის ფარგლებში, არ გამოკვეთილა, რომ განხორციელდა სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შეცვლა და ნორმის ახლადიდენტიფიცირებული შინაარსი გავრცელდა ამგვარ განმარტებამდე ჩადენილ ქმედებაზე.

71. ამასთან, მოსარჩელე მხარეს არ მიუთითებია არც სადავო ნორმის მეტისმეტად ფართო, მისი არსის საწინააღმდეგო ავტორიტეტული განმარტების/გამოყენების შემთხვევებზე. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, მოპასუხე მხარის და მოწმის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის პოზიციებიდან იდენტიფიცირებადია, რომ სადავო სამართალდარღვევა მოიცავს პროსტიტუციასთან დაკავშირებულ ქმედებათა ფართო სპექტრს. მაგალითად, მოწმის პოზიციიდან გამოირკვა, რომ პირი სამართალდარღვევად მიიჩნევა მხარეების მიერ მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურებაზე შეთანხმების მომენტიდან. ამასთან, სადავო რეგულირება ნორმის შემფარდებელს არ ზღუდავს, მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევებზეც, როდესაც სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდება დისტანციურად, ვებგვერდის მეშვეობით. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა არაორაზროვნად მიუთითა, რომ პროსტიტუციის ნაწილად მოიაზრება, როგორც პირადად შეთანხმება და მომსახურების გაწევა, ასევე დისტანციურად, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით შეთანხმება, რამდენადაც, შეთავაზების ხერხის განურჩევლად, შედეგობრივად, აღნიშნული დაკავშირებულია სექსუალური მომსახურების გაწევასთან. მოსარჩელე მხარეს არ დაუსაბუთებია, რომ რომელიმე ზემოაღნიშნული განმარტება სადავო ნორმის ზედმეტად ფართო, წინასწარ განუსაზღვრელი განმარტებაა.

72. ზემოაღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის სიტყვები „პროსტიტუცია“ და „იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში“ არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-5 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე, 45-ე და 47-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. არ დაკმაყოფილდეს №1354 კონსტიტუციური სარჩელი („ს.მ. საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

4. გადაწყვეტილებას დაერთოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

მანანა კობახიძე

გიორგი მოდებაძე

თეიმურაზ ტუღუში

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ