საქართველოს მოქალაქეების რევაზ აიწურაძის, ნატო კოპალიანის, ზაზა ნოზაძის, რევაზ ნოზაძის, ნანა ივანიშვილის, დალი ბაინდურაშვილის და ლუდმილა სვინჩენკოს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | №1/9/164 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, |
თარიღი | 11 ივლისი 2003 |
გამოქვეყნების თარიღი | 11 ივლისი 2003 00:00 |
კოლეგიის შემადგენლობა:
1. ბესარიონ ზოიძე (თავმჯდომარე);
2. იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
3. ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
საქმის დასახელება: საქართველოს მოქალაქეების – რევაზ აიწურაძის, ნატო კოპალიანის, ზაზა ნოზაძის, რევაზ ნოზაძის, ნანა ივანიშვილის, დალი ბაინდურაშვილისა და ლუდმილა სვინჩენკოს კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პალამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: “ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.
საქმის განხილვის მონაწილენი: მოსარჩელეები – ნატო კოპალიანი, ნანა ივანიშვილი და რევაზ აიწურაძე, რომელსაც დანარჩენმა მოსარჩელეებმა თავიანთი რწმუნებულის უფლებამოსილება მიანიჭეს; მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი შორენა ჯანხოთელი.
კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 2002 წლის 19 ნოემბერს მიიღო არსებითი განხილვისათვის (საოქმო ჩანაწერი №1/11/164).
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ კონსტიტუციის 30—ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, “სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას”. სადავო კანონმა კი, მათი აზრით, შემოიღო “უპრეცედენტოდ მაღალი საგადასახადო რეჟიმი”, რის გამოც შპს “საქართველოს სპორტის ეროვნულმა ფონდმა”, რის გამოც შპს “საქართველოს სპორტის ეროვნულმა ფონდმა” 2001 წლის 14 მაისიდან შეწყვიტა ყველა სახის ლატარიის რეალიზაცია და სამსახურიდან დაითხოვეს 22 თანამშრომელი, რომელთა შორის მოსარჩელეებიც არიან. ფონდის გენერალური დირექტორი რ. აიწურაძე აღნიშნავს, რომ ფონდმა განიცადა მნიშვნელოვანი ფინანსურ-მატერიალური ზარალი, შეიქმნა სერიოზული პრობლემები უცხოელ ინვესტორებთან და ქვეყნის ბიუჯეტს დააკლდა ყოველთვიურად არანაკლება 5 000 ლარის შემოსავალი. მოსარჩელეების აზრით, სადავო აქტი მთლიანად წინააღმდეგობაშია “მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონთან და შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო დებულებებს. მათი სიტყვით, ლატარიის ორგანიზატორს დღემდე ვერ გაურკვევია, თუ კონკრეტულად სად, რამდენი და როგორ გადაიხადოს საბიუჯეტო გადასახადები. ერთსა და იმავე სფეროში არსებობს სრულიად განსხვავებული საგადასახადო ტერმინები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები სასამართლო კოლეგიას თხოვენ სადავო აქტის ანტიკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის არსებითად განხილვა დაიწყო 2003 წლის 25 ივნისს. კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განხილვის დროს, 2003 წლის 10 ივლისის სხდომაზე, მოპასუხე მხარის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა შორენა ჯანხოთელმა სასამართლო კოლეგიას წარმოუდგინა წერილობითი შუამდგომლობა საქმის განხილვის შეწყვეტის შესახებ. შუამდგომლობასთან ერთად შ. ჯანხოთელმა პარლამენტიდან სათანადო დოკუმენტებიც წარმოადგინა.
შუამდგომლობაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტს მიზნად აქვს დასახული ხელი შეუწყოს როგორც სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლებას, ისე სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას. ამ მიზნით, კონკრეტულად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით უკვე წარმოდგენილია და განიხილება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
სახელდობრ, მომზადებულია საქართველოს კანონის პროექტი “ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”. ამ კანონმპროექტიდან გამომდინარე, წარმოდგენილია აგრეთვე კანონპროექტები “საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” და მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. გათვალისწინებულია ძალადაკარგულად ჩაითვალოს სადავო აქტი კანონი – “ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ”. საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი წარდგინების დანართში –“განმარტებით ბარათში” აღნიშნულია, რომ “მიზნობრივი მოსაკრებლით მიღებული შემოსავლები მინიმალურია, ასევე კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული მიზნობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების მექანიზმი და უშუალოდ პასუხისმგებელი ორგანო და რაც მთავარია “ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონი თავისი არსით ეწინააღმდეგება მოსაკრებლების საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონის ძირითად დებულებებს”.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის სიტყვით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ადასტურებს, რომ ლატარიების, მომგებიანი თამაშების მოწყობის რეგულირების სფეროში განხორციელდება არსებითი და ძირეული ცვლილებები, გატარდება სერიოზული რეფორმები.
სასამართლო კოლეგიის 11 ივლისის სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა რევაზ აიწურაძემ საქმის შეწყვეტის თაობაზე მოპასუხე მხარის შუამდგომლობაში აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი თვითონ პირადად მონაწილეობდა ხსენებული კანონპროექტების შემუშავებაში, გულდასმით გაეცნო პარლამენტიდან წარმოდგენილ დოკუმენტებს და მათ მიიჩნევს “ძალიან წინგადადგმულ ნაბიბიჯად” სათამაშო ბიზნესის სფეროს საკანონმდებლო მოწესრიგების საქმეში. აქედან გამომდინარე, რევაზ აიწურაძე დაეთანხმა მოპასუხე მხარის შუამდგომლობას საქმ ი სგადაწყვეტის შესახებ.
ამგვარად, მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე, რის უფლებასაც მას ანიჭებს “საკონსტიტუიცო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი. ამ პუნქტის მიხედვით, “მოსარჩელეს უფლება აქვს უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მთოხოვნაზე უარის თქმა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს მოქალექეების – რევაზ აიწურაძის, ნატო კოპალიანის, ზაზა ნოზაძის, რევაზ ნოზაძის, ნანა ივანიშვილის, დალი ბაინდურაშვილისა და ლუდმილა სვინჩენკოს კონსტიტუციურ სარჩელზე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ “ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების მოწყობაზე მომსახურების მიზნობრივი მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს 2001 წლის 16 მარტის კანონის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით;
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ბ. ზოიძე (თავმჯდომარე).
ი. ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე)
ნ.შაშკინი