• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

მურთაზ მეშველიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი კონსტიტუციური სარჩელი
ნომერი N1955
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - ვასილ როინიშვილი,
ავტორ(ებ)ი მურთაზ მეშველიანი
თარიღი 2 აპრილი 2026

თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი

 

1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი

ა. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“

2. სასარჩელო მოთხოვნა

სადავო ნორმა კონსტიტუციის დებულება
1. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2549) მე-12-ე მუხლის მე-3-ე პუნქტი:,, ამ კანონის მე-7-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე მიუხედავად ამავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა.“ 2. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის(N822-IIმს-XIმპ) მე-2 მუხლი: ,,ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული /განახლებული/გადაანგარიშებული და გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაზე.“ მე- 4 მუხლი: 1. ,,საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო. 3. სახელმწიფო ხელისუფლება, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით“ 19.1 მუხლი: ,,საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“. 31.1. მუხლი: ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 62.1 მუხლი: ,,სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა“. 62.2. მუხლი: ,,სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით“.

3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60-ე მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი. ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.

4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით

ა)სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311-ე მუხლის მოთხოვნებს;

ბ)სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ.

სარჩელი შეტანილია ყოფილი მოსამართლის მიერ, 29 წლის, 8 თვის და 22 დღის სამოსამართლო მუშაობის გამოცდილებით, რომელმაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოიპოვა კანონით დადგენილი(კომპენსაციის მე-12-ე მუხლი) კომპენსაციის მიღების უფლება, თუმცა სადაოდ გამხდარი ნორმები ადგენს მოსარჩელის მისაღები კომპენსაციის ზედა ზღვარს;

გ)სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;

დ)სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;

ე)აღნიშნული ტიპის დავისთვის კანონით არ არის დადგენილი სასამართლოზე მიმართვის ხანდაზმულობის ვადა.

საქართველოს კონსტიტუციისა და ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მიხედვით, კონსტიტუციური სარჩელის წარდგენის უფლება აქვს პირს, რომლის კონსტიტუციური უფლება ან თავისუფლება უშუალოდ და რეალურად ირღვევა სადაო ნორმების მოქმედებით.

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, ვინაიდან სადაო ნორმები უშუალოდ გავრცელდა მასზე და გამოიწვია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ქონებრივი უფლების შემცირება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით: ,,კონსტიტუციური სარჩელი დასაშვებია მაშინ, როდესაც სადაო ნორმა იწვევს რეალურ და ინდივიდუალურ სამართლებრივ შედეგს მოსარჩელისთვის (საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილება N1/1/477).

სადაო ნორმები:

ა) ამოქმედებულია:

ბ) გამოყენებულია მოსარჩელის მიმართ;

გ) გამოწვეულია კონკრეტული ზიანი.

სადაო ნორმებით კანონმდებელი აღსრულების ეტაპზე ჩაერია სასამართლოს მიერ დასრულებულ სამართალწარმოებაში და ნეიტრალიზება გაუკეთა სასამართლოს საბოლოო გადაწვეტილების შედეგს, რითაც დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე-4-ე მუხლით გამტკიცებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მე-19 მუხლის საკუთრების უფლება, 31-ე და 62-ე მუხლი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე ვთვლი, რომ წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი არის დასაშვები და ექვემდებარება არსებით განხილვას.

5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება

სასარჩელო მოთხოვნები:

1.არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (დოკუმენტის ნომერი 2549) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის ნორმატიული შინაარსი, იმ ნაწილში რა ნაწილშიც იგი ავრცელებს ამავე კანონის მე-7-ე მუხლით დადგენილ კომპენსაციის მაქსიმალურ ზღვარს იმ პირებზე, რომელთაც კომპენსაცია დანიშნული ქონდათ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და აღნიშნული უფლება დადასტურებული იყო სასამართლო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.

2. არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (N822-IIმს-XIმპ) მე-2-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მისი მოქმედება ვრცელდება კანონის ამოქმედებამდე, ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დანიშნულ/განახლებულ/გადაანგარიშებულ და გასაცემ სახელმწიფო კომპენსაციაზე.

3. სადაო ნორმები კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იქნეს ცნობილი მათი ამოქმედების მომენტიდან, იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ისინი გამოიყენება მოსარჩელის მიმართ.

4. გამოყენებული იქნას დროებითი ღონისძიება და საქმის დასრულებამდე შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება მოსარჩელის მიმართ.

საქმის არსი და სარჩელის საფუძვლიანობის დასაბუთება:

1991 წლის 11 ივნისიდან-2021 წლის 3 მარტამდე ვმუშაობდი საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ, მათ შორის, 2003 წლის 2 ოქტომბრიდან გათავისუფლებამდე 2021 წლის 3 მარტამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ (საერთო სტაჟი 29 წელი, 8 თვე და 22 დღე). საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის 2 მარტის N1/7 განკარგულებით, განვთავისუფლდი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ხონის სერვის ცენტრის 2021 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით - 2021 წლის 1 აპრილიდან დამენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია 560 ლარის ოდენობით.

,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია წარმოადგენს, საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიას სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო, ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდში.

ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა)სამართლიანობა:

ბ)კანონის წინაშე თანასწორობა:

გ)მუდმივობა:

დ)კომპენსაციის მიღების სახელმწიფო გარანტია.

საპენსიო ასაკის მიღწევისას საერთო სასამართლოს მოსამართლის შემთხვევაში გათვალისწინებულია კომპენსაციის დანიშვნა ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად. ამ მუხლის მე-2-ე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად: ,,კომპენსაციის ოდენობა არის უფლება დამთავრებული/უფლებაშეწყვეტილი/...სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისთვის სახელწიფო პენსიას დამატებული, სახელმწიფო პენსიის 45%-ის საერთო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის სტაჟზე ნამრავლი“. ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად: მე-12 მუხლით გათვალისწინებული პირთა კომპენსაციის ოდენობა ექვემდებარება გადაანგარიშებას.

მოცემულ შემთხვევაში სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტომ გამოიყენა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-7 მუხლი, რომელიც ადგენდა გასაცემი კომპენსაციის ზღვრულ ოდენობას 560 ლარს და ადმინისტრაციულმა ორგანომ კომპენსაციის გასაცემი ოდენობა განსაზღვრა ამ ნორმით და არა ამავე კანონის მე-12 მუხლით.

ჩემს მიერ გასაჩივრებული იქნა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული აქტები, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ მე-7 მუხლი არის ზოგადი ნორმა, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლი სპეციალური ნორმა, რომლებიც არეგულირებენ ერთი და იმავე საკითხს. იმ შემთხვევაში კი, როდესაც ორ ნორმას შორის არსებობს კოლიზია, სამართლის ზოგადი პრინციპის გათვალისწინებით გამოიყენება სპეციალური ნორმები. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებები ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებულ პრაქტიკას და განმარტებებს ანალოგიურ დავებთან დაკავშირებით (საქმე Nბს-719კ-22; სუსგ Nბს-849(კ-20) 04.03.2021წ).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ჩემი სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების მიერ გამოცემული აქტები და დაევალა სააგენტოს კომპენსაციის დანიშვნა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-12-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომელიც ადგენს კომპენსაციის დანიშვნისა და გაანგარიშების წესს, ასევე გასაცემი თანხის ოდენობას.

სასამართლომ ამავე გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სადაო საკითხი არ უნდა გადაწყდეს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-7-ე მუხლის შესაბამისად, რადგან ხსენებული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ნორმას, რომელიც გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კონკრეტული, სადაო საკითხის მოწესრიგებას. სასამართლოს განმარტებით სამართლის ზოგადი პრინციპის თანახმად ერთსა და იმავე იერარქიულ საფეხურზე მდგომ სპეციალურ და ზოგად ნორმებს შორის კოლიზიის არსებობისას გამოიყენება სპეციალური ნორმა, განსახილველ შემთხვევაში ამავე კანონის მე-12 მუხლი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 24 თებერვლის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

2025 წლის 12 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რაც წარდგენილი იქნა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოში.

სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2025 წლის 28 მარტს გამოიცა ბრძანება ,,მურთაზ მეშველიანის N3/ბ-258-24 საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ“, რომლის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა, გაანგარიშება და გაცემა დადგინდა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ პუნქტის საფუძველზე. გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 2025 წლის აპრილის თვიდან და გასაცემი თანხა განისაზღვრა თვეში 5030 ლარის ოდენობით.

2025 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი (N822-IIმს-XIმპ) რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი: ,,ამ კანონის მე-7-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური გასაცემი ოდენობის შესახებ პირობა ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დანიშნულ კომპენსაციაზე, მიუხედავად იმავე პუნქტის გათვალისწინებით გაანგარიშებული კომპენსაციის ოდენობისა“. ხოლო ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (N822-IIმს-XIმპ) მე-2 მუხლის თანახმად ,,ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ამოქმედებამდე ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული /განახლებული/გადაანგარიშებული და გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობაზე.“ აღნიშნული კანონი ამოქმედდა 2025 წლის 1 აგვისტოდან.

2025 წლის 7 აგვისტოს სსიპ სახელმწიფო მომსახურების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის/სოციალური/პაკეტის ადმინისტრირების შესახებ და ზემოთ მითითებული კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე 1 აგვისტოდან შემიმცირა კომპენსაციის ოდენობა 5030 ლარიდან 1035 ლარამდე, ანუ დაახლოებით 80%-ით.

საქართველოს პარლამენტის განმარტებით ბარათში, რომელიც ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების მიზანშეწონილობას ასაბუთებს მითითებულია, რომ ,,ყველა შემთხვევაში სასამართლო აკმაყოფილებს მოსარჩელეთა მოთხოვნას... აღნიშნული მიდგომის შედეგად, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე კომპენსაციის მიმღები კონკრეტული პირებისთვის დანიშნული კომპენსაციის ოდენობები, ( 2797 ლარი, 5033 ლარი და 2794 ლარი) მნიშვნელოვნად აღემატება კანონით დადგენილ ზედა ზღვარს, რაც საქართველოს 2025 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად 1035 ლარს შეადგენს. ასევე კანონმდებლობით საკონსტიტუციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთათვის დადგენილი კომპენსაციის ოდენობას რაც 1200 ლარს შეადგენს ... სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები იწვევს მნიშვნელოვანი მოცულობის სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, არათანაბარ პირობებში აყენებს ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით მოსარგებლე პირთა წრეს და აზრს უკარგავს მე-7 მუხლის ნორმატიულ შინაარსს.“

როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული განმარტებებით და დასაბუთებით მიზანშეწონილად მიიჩნია ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში შეეტანა ცვლილებები, რაც სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით შეეხო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპოვებულ საკუთრების უფლებასაც.

მიმაჩნია, რომ სადავო საკანონმდებლო ცვლილებები და მათი რეტროაქტიული (უკუძალის) გამოყენება არღვევს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებას, 31-ე და 62-ე მუხლით გარანტირებულ სამართლიან სასმართლო უფლებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს ვინაიდან ადგილი აქვს კანონმდებლის ჩარევას სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო/ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებაში.

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე:

კონსტიტუციის მე-19 მუხლი: ,,საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია“.

1. კანონიერი გზით მოპოვებული კომპენსაცია წარმოადგენს ქონებრივ უფლებას-საკუთრებას, რაც აღიარებულია საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით.

მოსარჩელის შემთხვევაში:

კომპენსაციის უფლება დადასტურებულია კანონით და სასამართლოს საბოლოო გადაწვეტილებით.

სადაო ნორმები უკუძალით (რეტროაქტიულად) ამცირებს უკვე მოპოვებულ ქონებრივ უფლებას, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს და ლეგიტიმური მოლოდინის დაცვას.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილი უშვებს საკუთრების უფლების შეზღუდვას კანონით, აღნიშნული შესაძლებლობა არ წარმოადგენს უპირობო დისკრეციას კანონმდებლისთვის. შეზღუდვა უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და აკმაყოფილებდეს პროპორციულობის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ნორმები მიმართულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი, უკვე მოპოვებული ქონებრივი უფლების წინააღმდეგ, რაც სცდება საკუთრების უფლების დასაშვები შეზღუდვის ფარგლებს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონმდებელი ვერ გამოიყენებს ნორმატულ აქტს კონკრეტული სასამართლო დავის შედეგის შესაცვლელად, ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების თავიდან ასაცილებლად. ასეთი ჩარევა არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

სახელმწიფოს მიერ შესაძლო საბიუჯეტო ინტერესებზე მითითება ასევე ვერ ჩაითვლება საკუთრების უფლების შეზღუდვის საჯარო მიზნად რადგანაც შეზღუდვა მიმართულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით მოპოვებული ქონებრივი უფლების წინააღმდეგ. ფინანსური მიზანშეწონილობა, ვერ ამართლებს ასეთი ხასიათის რეტროაქტიულ ჩარევას. იგივე მოსაზრებას ავითარებს ევროპული სასამართლო გადაწვეტილებით Burdov v.Russia.

კანონმდებლის პოზიცია, რომ კომპენსაციის სისტემის გადახედვა ემსახურება ბენეფიციარ პირთა შორის ბალანსის მიღწევას ასეთი მიზნის რეალიზება შესაძლებელია კანონმდებლის დისკრეციის ფარგლებში-სამომავლოდ და არა უკვე მოპოვებული საკუთრების უფლების რეტროაქტიული (უკუქცევითი) შეზღუდვით.

ის გარემოება, რომ სხვა კატეგორიის ყოფილი მოსამართლეები იღებენ განსხვავებული ოდენობის კომპენსაციას, ასევე ვერ ამართლებს მოსარჩელის უკვე მოპოვებულ ქონებრივ უფლებაში ჩარევას. სამართლებრივი თანასწორობა არ გულისხმობს მოპოვებული უფლებების ჩამორთმევას და ვერ იქნება გამოყენებული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შედეგის გაუქმების დასასაბუთებლად. უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები იღებენ კომპენსაციას სხვა სპეციალური კანონებით 1200 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელი თვლის , რომ არსებული განსხვავება პრობლემურია და არათანაბარ მდგომარეობაში დგებიან ზემოთ აღნიშნული კანონით მოსარგებლე პირები კანონმდებელს შეუძლია შეცვალოს რეგულაცია მათ სასარგებლოდ გასაცემი კომპენსაციის ოდენობის გაზრდით-მომავალში, მაგრამ ვერ გამოიყენებს ამ განსხვავებებს უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.

II. საქართველოს კონსტიტუციის მე-4-ე მუხლი:

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი:

„ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“

საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლი:

,,სასამართლოს აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ან მისი შესრულების ხელის შეშლა ისჯება კანონით.

სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.“

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის მე-6 მუხლი): კანონმდებელი არ შეიძლება ჩაერიოს კონკრეტულ დავაში ისე, რომ შეცვალოს სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგი.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ჩარევის ერთ-ერთ მიზეზად პირდაპირ არის მითითებული ის გარემოება, რომ ,,სასამართლოები ყველა შემთხვევაში აკმაყოფილებენ შესაბამისი კატეგორიის პირთა სარჩელებს“, აღნიშნული ფორმულირება ცხადყოფს, რომ კანონმდებელი არ ეთანხმება სასამართლოების მიერ ნორმის განმარტებას და ამის საპასუხოდ ცვლის ნორმას ისე, რომ გაანეიტრალოს მსგავსი საკითხების თაობაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილებები. ანუ საკანონმდებლო ცვლილებები მიზნად ისახავდა არა სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებას, არამედ სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგების გაბათილებას (ნეიტრალიზებას), რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. შესაბამისად, რადგანაც საკანონმდებლო ორგანო შეიჭრა სასამართლო ხელისუფლების ფუნქციაში ამიტომ დავა ეხება არა მხოლოდ კომპენსაციის ოდენობას, არამედ იმას აქვს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას რეალური ძალა სამართლებრივ სახელმწიფოში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებულია 1999 წლის 20 მაისიდან) პირველი მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფოებმა უნდა „უზრუნველყონ“ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში. ამ ფორმულირებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი მუხლი განიმარტა ისე, რომ იგი სახელმწიფოს აკისრებს არა მხოლოდ ნეგატიურ, არამედ პოზიტიურ ვალდებულებასაც - სახელმწიფო ვალდებულია, არა მხოლოდ თავი შეიკავოს კონვენციითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევისაგან (ნეგატიური ვალდებულება), არამედ უნდა უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ (პოზიტიური ვალდებულება). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებები დაირღვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დგება თავად სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

,,საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავის თავში, არაერთ უფლებრივ კომპონენტს აერთიანებს და გულისხმობს არა მხოლოდ პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, არამედ, სახელმწიფოს მხრიდან, იმგვარი ნორმატიული წესრიგის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების სრულყოფილ სამართლებრივ დაცვას. „სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის N3/2/1400 გადაწყვეტილება ,,ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული ,,სამართლიანი სასამართლოს” უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის, საკითხის გონივრულ ვადებში გადაწყვეტის უფლებებს, არამედ მოიცავს სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობას და გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც.

,,სტაბილური სამართლებრივი წესრიგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობაზე. სასამართლოს მიერ პირისათვის განსაზღვრული/მინიჭებული უფლებები არ შეიძლება მუდმივად საეჭვოობის (საცილოობის) ხასიათს ატარებდეს. სასამართლოს გადაწყვეტილების, როგორც ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტის ფუნქციური დატვირთვა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი კონფლიქტის საბოლოოდ დასრულება და სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად აღსრულებაა. აღნიშნული ფუნქცია კი მიუღწეველი დარჩება იმ შემთხვევაში, თუკი მხარეებს მუდმივად ექნებათ შესაძლებლობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამგვარი წესრიგი აზრს დაუკარგავს, მათ შორის, თავად იმ უფლებათა არსებობასაც, რომლის დაცვასაც ცდილობს პირი სასამართლოს მეშვეობით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-27).

ამასთანავე, სტაბილური სამართლებრივი წესრიგი წარმოუდგენელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობის გარეშე. სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი ნდობას კი განაპირობებს, მათ შორის, ის გარემოება, რომ მასში შეფასებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, დადგენილი წესრიგი აღარ ექვემდებარება შეცვლას. სასამართლოს გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის ინსტიტუტი მჭიდროდაა დაკავშირებული საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპთან - res juticata ..., რომლის მიზანია, სასამართლო გადაწყვეტილების საბოლოობის უზრუნველყოფით, სანდოობა და სტაბილურობა შესძინოს სასამართლო გადაწყვეტილებას და დაიცვას მხარე ხელახალ სამართალწარმოებაში ჩართვისაგან. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „... სასამართლო, როგორც კონფლიქტის მოგვარების ინსტიტუტი, უტყუარობისა და სანდოობის პრეზუმფციით სარგებლობს, სასამართლო პროცესზე განხილული საკითხი კი საბოლოოდ გადაწყვეტილად და დადგენილად ითვლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის №3/1/531 გადაწყვეტილება „ისრაელის მოქალაქეები ‒ თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-25). ამდენად, სასამართლოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია მხარეებს შორის დავების დასრულება, უფლებრივი რეჟიმის დადგენა და სადავო საკითხთან მიმართებით ბუნდოვანების გაფანტვაა.

ხშირ შემთხვევაში, ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში შესვლისას, პირები ეყრდნობიან სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ უფლებრივ რეჟიმს, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს მისი შეუცვლელობის მოლოდინი. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისადმი სანდოობას იწვევს, მათ შორის, სწორედ ის ფაქტი, რომ იგი არის საბოლოო. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფუძველი გამოეცლებოდა სასამართლოსადმი სანდოობის ვარაუდს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). აღნიშნული შექმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, რომლის ფარგლებშიც არ იარსებებს ინსტიტუტი, რომელსაც შეეძლება მხარეთა შორის დავის საბოლოოდ გადაწყვეტა, უფლების ნამდვილობის ავტორიტეტულად განსაზღვრა და მბოჭავი სამართლებრივი შედეგის დადგენა. მსგავსი გაურკვევლობა, სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლის მუდმივი რისკი და უფლების საეჭვოობა კი წერტილს დაუსვამს სასამართლოსადმი ნდობას და საფრთხეს შეუქმნის მის გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

ამდენად, „პროცესის უკვდავება“ ანუ ვითარება, როდესაც მხარეთა შორის დავის გადაწყვეტა საბოლოო არასდროს ხდება, საფრთხეს უქმნის როგორც დავის სამართლიანად გადაწყვეტას, აგრეთვე იმ პირის უფლებებსა და თავისუფლებებს, რომლის სასარგებლოდაცაა მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.

მოწესრიგებული, საბოლოოდ დასრულებას დაქვემდებარებული საპროცესო სამართლებრივი წესრიგის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია, შეიქმნას რეალობა, რომელიც პირებს დააყენებს არჩევანის წინაშე, ან უარი განაცხადონ სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლაზე, ან მუდმივ რეჟიმში ზიდონ სადავოდ ქცეული ურთიერთობიდან მომდინარე საეჭვოობისა და სამართლებრივი განუსაზღვრელობის ვითარებაში ყოფნის ტვირთი. აღნიშნული კი, საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის არსებობას, ისევე, როგორც ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი სპექტრის ჩამოყალიბებას, რაც რისკის ქვეშ დააყენებს სახელმწიფოს ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრად განვითარებას.“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2024 წლის 7 ივნისის N3/2/1400 გადაწყვეტილება ,,ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).

,,სამართლიანი სასამართლოს” უფლება მოიცავს ასევე გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც ,,სამართლიანი სასამართლოს” უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ,,სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. სასამართლო აქტები შესასრულებლად სავალდებულოა. სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა ისჯება კანონით. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს, კანონით განსაზღვრული წესით“. კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი იმპლემენტირებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლში (,,სასამართლოს აქტი, აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოსათვის. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით. სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას“.) და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში (,,კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსთვის, დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის ,თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს“).

ამდენად, ყოველი პირი ვალდებულია კანონიერ ძალაში შესული ან დაუყოვნებლივ აღსასრულებელი სასამართლო აქტის გაცნობისთანავე თავისი ქმედებები შეუსაბამოს სასამართლო გადაწყვეტილებას და უშუალოდ შეასრულოს გადაწყვეტილება, თუ იგი მას ეხება ან სხვაგვარად შეუწყოს ხელი მის შესრულებას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ასევე არის ,,სამართლიანი სასამართლოს უფლების" განუყოფელი ნაწილი. სხვაგვარად, კონვენციის 6.1 მუხლის დებულებებს ჩამოერთმეოდა ყველა სასარგებლო ეფექტი (Bourdov v. Russia, N 59498/00, §34-37, 07 მაისი 2002.).

კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი სტაბილურობის პრინციპი, რომელიც, მათ შორის მოითხოვს, რომ როდესაც სასამართლოებმა საბოლოოდ დაადგინეს და შეაფასეს საკითხი, მათი გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს (Brumărescu v. Romania ; 28342/95; [დიდი პალატა], § 61).

აღსრულების უფლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული სამართალწარმოების კონტექსტში. ადმინისტრაციულ სასამართლოებში სარჩელის შეტანის გზით მოსარჩელე ცდილობს არამხოლოდ სადავო გადაწყვეტილების, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი შედეგების გაუქმებას. შესაბამისად, მომჩივნის ეფექტური დაცვა და კანონიერების აღდგენა წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულებას, რომ შეასრულონ გადაწყვეტილება (Hornsby v. Greece, 19 მარტი 1997; Kyrtatos v. Greece, N 41666/98, §§31-32, 22 აგვისტო 2003.).

აღსრულება უნდა იყოს სრული და ამომწურავი და არა ნაწილობრივი (Matheus v. France, N 62740/00, §58, 31 მარტი 2005; Sabin Popescu v. Romania, N 48102/99, §§68-76, 02 მარტი 2004) და არ შეიძლება ის თავიდან იქნეს აცილებული, ძალადაკარგული ან უკანონოდ გაჭიანურებული (Immobiliare Saffi v. Italy [დიდი პალატა], N 22774/93, §74, 28 ივლისი 1999.)

განსახილველ შემთხვევაში:

ა) სასამართლოს გადაწყვეტილება იყო საბოლოო;

ბ) დაიწყო მისი აღსრულება.

კანონმდებელმა შემდგომში შეცვალა წესი ისე, რომ შეცვლილიყო გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგი. კანონმდებლის მიერ საკითხის ასეთი მოწესრიგება კი ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული არც ერთი საბოლოო გადაწვეტილება არ იქნება სტაბილური, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და სამართლებრივი სახელმწიფოს უსაფრთხოების პრინციპს.

როგორც უკვე აღინიშნა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, კანონმდებლის მიერ მიღებული ნორმა, რომელიც მიზნად ისახავს უკვე დასრულებული სასამართლო დავის შედეგის შეცვლას ან სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულების თავიდან აცილებას, არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას. ევროპულმა სასამართლომ საქმეში Stran Greek Refineries and Stratis Andreadis v.greeke განმარტა, რომ კანონის უზენაესობის პრინციპი გამორიცხავს საკანონმდებლო ჩარევას მართლმსაჯულების განხორციელებაში კონკრეტული დავის შედეგზე ზემოქმედების მიზნით. ასეთ შემთხვევებს ევროპული სასამართლო განიხილავს, როგორც კონვენციის უპირობო დარღვევას

(ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი და ამავე კონვენციის დამატებითი ოქმი N1 მუხლი I).

აღსანიშნავია, რომ სადაო ცვლილებებით კანონმდებელმა არ გააუქმა ფორმალურად ,,სახელმწიფო კომპენსაციის... შესახებ“ კანონის მე-12 მუხლი, თუმცა იგი შინაარსობრივად დაუქვემდებარა ამავე კანონის მე-7 მუხლით დადგენილ ზოგად მაქსიმალურ ოდენობას. შედეგად მე-7 მუხლი ფაქტობრივად ,,გაცოცხლდა“ სპეციალური ნორმის მიმართ, რაც აუქმებს სასამართლოს მიერ უკვე გადაწყვეტილი ნორმათა კოლიზიის შედეგს და იწვევს სპეციალური ნორმის შინაარსობრივ განეიტრალებას.

6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები

შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი

შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა

შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა

შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა

კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ