კახაბერ გოგოძე და ნონა გულორდავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/6/1839 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 27 მარტი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 7 აპრილი 2026 15:15 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კახაბერ გოგოძე და ნონა გულორდავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების, 307-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 11 სექტემბერს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1839) მომართეს კახაბერ გოგოძემ და ნონა გულორდავამ. №1839 კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2024 წლის 12 სექტემბერს. №1839 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 27 მარტს.
2. №1839 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადება და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით დადგენილია, რომ უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აღნიშნული კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა. „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების თანახმად, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ს.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით უზრუნველყოფილი და აღიარებულია საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება.
5. №1839 კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ აუქციონზე უძრავი ნივთის რეალიზაციის დადგენილი წესი უგულებელყოფს აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულებასა და მესაკუთრის ინტერესებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, არ ითვალისწინებს ნივთის შეფასებას, ხოლო, მეორე მხრივ, სარეალიზაციო ფასის დადგენისას, საკმარისად მიიჩნევს საპროცესო ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვას. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება, შედეგობრივად, განაპირობებს აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად რეალიზებას. ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები, აუქციონზე ქონების რეალიზაციისას, ადგენს ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის შეუსაბამო კრიტერიუმებს. ამასთანავე, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილი წესი იძლევა აუქციონით ბოროტად სარგებლობის შესაძლებლობას, რამდენადაც არ გამორიცხავს კრედიტორსა და აუქციონზე ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს შორის წინასწარი შეთანხმების შესაძლებლობას.
6. მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის მომწესრიგებელ ნორმასთან მიმართებით, მოსარჩელე მხარე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ განსახილველ საქმეზე არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სადავო რეგულირება უშვებს შესაძლებლობას, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად განისაზღვროს მისი საბაზრო ღირებულების 5%, რაც არსებითად არ განსხვავდება მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად ნული ლარის განსაზღვრის შემთხვევისაგან. მოსარჩელეების მოსაზრებით, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების გასხვისება საბაზრო ღირებულების 5%-ად ვერ იქნება მიჩნეული ქონების ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის სახელმწიფოს მიერ გატარებულ გონივრულ ზომად.
7. მოსარჩელეები სადავოდ არ ხდიან, ზოგადად, მეორე განმეორებითი აუქციონის ჩატარების შესაძლებლობას, არამედ, მათი მოსაზრებით, არაკონსტიტუციურია, აღნიშნული აუქციონის ფარგლებში, ქონების საწყის ფასად მისი საბაზრო ღირებულების 5%-ის განსაზღვრა. ამასთანავე, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ, მართალია, სადავო მოწესრიგების ლეგიტიმურ მიზნად შესაძლოა, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება განიხილებოდეს, თუმცა საკუთრების კონსტიტუციური უფლების მსგავსი ინტენსივობით შეზღუდვა არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას, რამდენადაც არ ადგენს გონივრულ ბალანსს, ერთი მხრივ, ქონების მესაკუთრის, ხოლო, მეორე მხრივ, კრედიტორის ინტერესებს შორის.
8. მოსარჩელე მხარე, საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად, მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კონსტიტუციური სარჩელი არ მიიღება არსებითად განსახილველად, თუ მასში მითითებული ყველა სადავო საკითხი უკვე გადაწყვეტილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. №1839 კონსტიტუციური სარჩელით, მათ შორის, სადავოდ არის გამხდარი „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
3. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინებაში, საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (შემდგომში, 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება), უკვე შეფასდა ზემოაღნიშნული სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. დასახელებული განჩინების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, რამდენად იმეორებდა კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით, საქმეზე „რემზი შარაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“ (შემდგომში, 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილება), არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს.
4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინებაში, უპირველესად, განმარტა, რომ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისათვის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ სახელმწიფო არ ქმნიდა აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ადეკვატური ღირებულების განსაზღვრის სათანადო სისტემას. ამასთანავე, სხვაობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და №1901 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარ ნორმას შორის ვლინდებოდა მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის პროცენტულ ოდენობაში. ზემოხსენებული გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა, პრაქტიკაში, უშვებდა მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების რეალიზაციას მისი საბაზრო ღირებულების 5%-ად, ხოლო განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელი რეგულირება უშვებდა ქონების გაყიდვას მისი საბაზრო ღირებულების 10%-ად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-13-15).
5. დასახელებული განჩინების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი არა იმ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, რომ იგი მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საბაზრო ღირებულების 5%-ად გასხვისების შესაძლებლობას ითვალისწინებდა თავისთავად, არამედ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად გამოცხადება განაპირობა ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის წესის პრობლემურობამ. უფრო მეტიც, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრებოდა სათანადო საკანონმდებლო სტანდარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის თუნდაც ნული ლარით განსაზღვრა per se არაკონსტიტუციურ რეგულირებას არ წარმოადგენდა. ხსენებულ გადაწყვეტილებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ექსპლიციტურად მიუთითა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ქონების შეფასება განხორციელებულია გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებით – მაშასადამე, უზრუნველყოფილია ქონების საწყისი ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მიახლოებული ოდენობით დადგენა, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ნული ლარით განსაზღვრა წარმოადგენდა არსებულ მოდელთან შედარებით ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-16).
6. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმასა და №1901 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ მოწესრიგებას შორის შინაარსობრივი მსგავსების იდენტიფიცირებისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია ქონების საბაზრო ღირებულების მოქმედი მექანიზმის ანალიზი − კერძოდ კი, იმის დადგენა, რამდენად ხდებოდა უფლებამოსილი სუბიექტის მხრიდან ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების გათვალისწინება. ამ მხრივ, რელევანტური საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ჩარჩოს ანალიზის შედეგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებაში შეფასებული სამართლებრივი მოცემულობის მსგავსად, ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის მოქმედი მექანიზმი კვლავ არ შეიცავდა მოთხოვნას ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ამ ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინებასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის − შეფასების დეპარტამენტის მიერ გამოსაყენებელი ქონების შეფასების დასკვნის რეკვიზიტებისა და ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2022 წლის 7 სექტემბრის №4067 ბრძანებით დამტკიცებული №2 დანართის პირველი მუხლის 1.5 პუნქტი, რომელიც აწესრიგებდა უძრავი ქონების შეფასების პროცესთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და დაშვებებს, შეიცავდა პირდაპირ დათქმას, რომლის თანახმადაც, ამ შეფასების მიზნებისათვის იგულისხმებოდა, რომ შესაფასებელი ქონება არ იყო დატვირთული არანაირი შეზღუდვებით და სასესხო ვალდებულებებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-17, 18).
7. 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, აგრეთვე მიუთითა იმის თაობაზე, რომ გარემოება, რომლის თანახმადაც, ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის პროცესში არ ხდებოდა გარდამავალი უფლებების გათვალისწინება, ასევე დასტურდებოდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ 2025 წლის 19 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოდგენილ წერილში მოცემული არგუმენტაციით. კერძოდ, დასახელებული წერილით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განემარტა, რომ ნორმატიულ დონეზე არ არსებობდა იმგვარი იმპერატიული მოთხოვნა, რომელიც ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლისას შემფასებელს გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას პირდაპირ ავალდებულებდა (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-19).
8. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაშიც, კანონმდებლობა უშვებდა, იძულებით აუქციონზე ქონების სარეალიზაციოდ გატანისას, ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრა და შესაბამისი საწყისი ფასის დადგენა მომხდარიყო ამავე ქონებაზე არსებული გარდამავალი უფლებების გათვალისწინების გარეშე. თავის მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პოზიციით, სათანადო საკანონმდებლო გარანტიის არარსებობა, რომელიც უზრუნველყოფდა ქონების შეფასებისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღებას, შედეგობრივად, მოცემულ შემთხვევაშიც, წარმოშობდა ქონების სარეალიზაციო ფასის მის რეალურ ღირებულებასთან მნიშვნელოვნად აცდენილი ოდენობით განსაზღვრის შესაძლებლობას, რის გამოც, საწყისი ფასის არაადეკვატურობის გამო, მაღალი იყო ალბათობა, ვერ მომხდარიყო ქონების რეალიზაცია პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ვერ იქნებოდა მიჩნეული ქონების რეალურ ფასად გაყიდვის შეუძლებლობის ინდიკატორად, რომელიც [ქონების რეალური ფასი] შესაძლოა, მნიშვნელოვნად აღმატებოდა სადავო რეგულირებით გათვალისწინებულ, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების რეალიზაციის მინიმალურ ოდენობას – მისი საბაზრო ღირებულების 10%-ს. აღნიშნულზე დაყრდნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებაში დადგენილი სამართლებრივი მოცემულობის მსგავსად, სახელმწიფო არც განსახილველ შემთხვევაში იღებდა ქონების აუქციონზე ადეკვატურ ფასად რეალიზებისათვის საჭირო გონივრულ ზომებს, იმდენად, რამდენადაც არ ქმნიდა პირველ და პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრის სათანადო, ქონების რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობის დადგენის პოტენციალის მქონე ნორმატიულ მექანიზმს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-20, 21).
9. დამატებით, 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინების ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მოპასუხე მხარის არგუმენტაციის საპასუხოდ, ყურადღება გაამახვილა იმგვარ პროცესუალურ ბერკეტებზე, როგორებიცაა, ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენისა და ქონების ფასზე დავის შესაძლებლობის არსებობა. აღნიშნულთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პირველ რიგში, მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დასახელებულ პროცესუალურ მექანიზმებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი ითვალისწინებდა 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილების მიღების პერიოდშიც. შესაბამისად, ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენის ან/და ქონების ფასზე დავის შესაძლებლობის არსებობა არ წარმოადგენდა იმგვარ სამართლებრივ გარემოებებს, რომლებსაც, შესაძლოა, წარმოეჩინა არსებითი განხილვის ფორმატში სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასების საჭიროება. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, დამატებით, განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლისას გარდამავალი უფლებების მხედველობაში მიღება არ წარმოადგენდა არც ერთი საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნას, მხარეებისათვის ქონების ფასზე დავის უფლების მინიჭებას, ცალკე აღებული, არ გააჩნდა ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის მექანიზმზე ზემოქმედებისა და ქონების საბაზრო ღირებულების მის რეალურ ფასთან მიახლოებული ოდენობით განსაზღვრის თვითკმარი პოტენციალი, რამდენადაც, ამ თვალსაზრისით, სასამართლოს არ გააჩნდა შეფასების ნორმატიული მასშტაბი. მხარეების მიერ ალტერნატიული ექსპერტიზის წარდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით კი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა მიერ წარმოდგენილ დასკვნაზე დაყრდნობა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიზანშეწონილობის ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, მხარისათვის დასახელებული უფლების მინიჭებას, ასევე არ გააჩნდა ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის პროცესზე ზემოქმედების მოხდენის იმგვარი რესურსი, რომელიც ჩაანაცვლებდა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას სათანადო ნორმატიული სტანდარტების დადგენის საჭიროებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-22, 23).
10. ხსენებულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც ქონების საბაზრო ღირებულების გამოთვლის მოქმედი მექანიზმი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებაში შეფასებული წესის მსგავსი იყო, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ №1901 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმის საფუძველზე, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად განსაზღვრული საბაზრო ღირებულების პროცენტული ოდენობა არ ქმნიდა ისეთ სხვაობას სადავო ნორმასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმას შორის, რომ საჭირო ყოფილიყო სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 მუხლის მიზნებისთვის, სადავო აქტი შეიცავდა იმავე შინაარსის ნორმას, რომელიც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის 28 მაისის №2/2/867 გადაწყვეტილებით. დამატებით, არ იკვეთებოდა სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოების არსებობა, რომელიც სადავო ნორმის არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას წარმოშობდა. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქმის პლენუმზე განსახილველად გადაცემის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე, ძალადაკარგულად გამოაცხადა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინება საქმეზე „შორენა წიკლაური საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“, II-24, 25).
11. ამრიგად, აშკარაა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში სადავოდ გამხდარი საკითხი გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინებით. მოსარჩელის მიერ არ არის იდენტიფიცირებული რაიმე დამატებითი პრობლემური საკითხი და მოთხოვნა, რომლის თაობაზეც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია ზემოაღნიშნული განჩინების ფარგლებში. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იზიარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 26 მარტის №1/2/1901 განჩინებაში გამოთქმულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის შესაბამისად, საქმის პლენუმისათვის გადაცემის საფუძველი.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1839 კონსტიტუციური სარჩელი, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, არ უნდა იქნეს არსებითად განსახილველად მიღებული „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებისა და 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის არსებითად განსახილველად მიღების საკითხი
13. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, „კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მასში მოცემული დასაბუთება შინაარსობრივად შეეხებოდეს სადავო ნორმას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის №2/3/412 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – შალვა ნათელაშვილი და გიორგი გუგავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის საფუძველზე, კონსტიტუციურ სარჩელს ან სასარჩელო მოთხოვნის შესაბამის ნაწილს არ მიიღებს არსებითად განსახილველად.
14. №1839 კონსტიტუციური სარჩელით, მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. სადავო ნორმის შესაბამისად, აუქციონზე უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო რეგულირება ადგენს ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის შეუსაბამო კრიტერიუმებს. კერძოდ, იგი უგულებელყოფს ქონების საბაზრო ღირებულებასა და მესაკუთრის ინტერესებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, არ ითვალისწინებს ნივთის შეფასებას, მეორე მხრივ კი, სარეალიზაციო ფასის დადგენისას, საკმარისად მიიჩნევს საპროცესო ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის დაფარვას. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მსგავსი საკანონმდებლო მოწესრიგება, შედეგობრივად, განაპირობებს აუქციონზე სარეალიზაციოდ გატანილი ქონების რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებ ფასად რეალიზებას.
15. მოსარჩელე მხარის პოზიციის საპასუხოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციასთან მიმართებით დადგენილი ნორმატიული ჩარჩოსა და აღნიშნული პროცესის სპეციფიკური მახასიათებლების ანალიზს.
16. ამ კუთხით, უპირველეს ყოვლისა, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაცია ხდება კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. აღნიშნული მუხლის 11 ნაწილი ექსპლიციტურად მიუთითებს იმაზე, რომ „სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად“. დამატებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილი, კრედიტორსა და მესაკუთრეს ანიჭებს შესაძლებლობას, შეთანხმდნენ უძრავი ნივთის აუქციონისაგან განსხვავებულ რეალიზაციის ფორმაზე.
17. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კრედიტორსა და მესაკუთრეს იმპერატიულად არ ბოჭავს აუქციონის ჩატარებასთან მიმართებით ამავე კოდექსით განსაზღვრული ყველა მოთხოვნით. სხვაგვარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუქციონზე უძრავი ნივთის რეალიზაცია ხორციელდება კოდექსის ამ თავისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუმცა აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი დასახელებულ პირებს ანიჭებს უფლებას, შეთანხმდნენ აუქციონის ჩატარების სხვა წესზე, იმ დათქმით, რომ გათვალისწინებული იქნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 3061–3063 მუხლებით, 3065 მუხლის პირველი ნაწილითა და 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
18. ზემოაღნიშნული მოწესრიგებიდან გამომდინარე, აშკარა ხდება, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სადავოდ გამხდარი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება არ წარმოადგენს იმგვარ ნორმატიულ დათქმას, რომელიც უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციისას, კრედიტორსა და მესაკუთრეს იმპერატიულად ბოჭავს. სხვა სიტყვებით, ნათელია, რომ დასახელებულ სუბიექტებს გააჩნიათ შესაძლებლობა, შეთანხმდნენ უძრავი ნივთის საწყისი ფასის განსაზღვრის სადავო ნორმაში მოცემულისგან განსხვავებულ კრიტერიუმებზე და ქონების საწყისი ფასი განსაზღვრონ პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამურ ოდენობაზე მეტი ან ნაკლები ოდენობით. სადავო ნორმა, მათ შორის, არ ზღუდავს კრედიტორისა და მესაკუთრის შესაძლებლობას, შეთანხმდნენ ქონების შეფასებაზე და განსაზღვრონ სარეალიზაციო უძრავი ნივთის საწყისი ფასი იმ ოდენობით, რომელიც მიახლოებული იქნება ამ ნივთის რეალურ ღირებულებასთან. დამატებით, მოსარჩელე მხარეს კონსტიტუციურ სარჩელში არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, რომელიც, რაიმე ფორმით, გამორიცხავდა მესაკუთრის ნორმატიული ან ფაქტობრივი შესაძლებლობის არსებობას, რეალური გავლენა მოახდინოს აუქციონზე სარეალიზაციო ნივთის საწყისი ღირებულების სადავო ნორმაში მოცემულისგან განსხვავებული კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრის პროცესზე. ამგვარად, სადავო ნორმის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოწესრიგებისა და კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციის გათვალისწინებით, ნათელია, რომ მოსარჩელე მხარე არასწორად აღიქვამს სადავო ნორმის რეალურ შინაარსს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, №1839 კონსტიტუციური სარჩელისასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
20. №1839 კონსტიტუციური სარჩელით, სადავოდ არის გამხდარი, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ მეორე აუქციონის ჩატარების დროს უძრავი ნივთის საწყისი ფასი უნდა იყოს პირველ აუქციონზე შემოთავაზებული საწყისი ფასის ნახევარი ან კრედიტორის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში – უფრო მცირე თანხა. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია მიმართულია, ერთი მხრივ, აუქციონზე სარეალიზაციო უძრავი ნივთის საწყისი ფასის განსაზღვრის კრიტერიუმების, ხოლო, მეორე მხრივ, მეორე განმეორებით აუქციონზე ქონების საწყის ფასად ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 5%-ის განსაზღვრის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისაკენ. კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი არც ერთი არგუმენტი, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესიდან მომდინარე შეზღუდვისა და შეზღუდვის შესაძლო არაკონსტიტუციურობის წარმოჩენისაკენ იქნებოდა მიმართული. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, ასევე დაუსაბუთებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1839 კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 307-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1839 კონსტიტუციური სარჩელი („კახაბერ გოგოძე და ნონა გულორდავა საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე