დავით ჩოხელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1959 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - ევა გოცირიძე, |
| ავტორ(ებ)ი | დავით ჩოხელი |
| თარიღი | 27 აპრილი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის (მოცემულ საქმეში 9,92 გრამი) პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვის გამო. | მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი: „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი და მე-60 მუხლის მეოთხე პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ წინამდებარე კონსტიტუციური სარჩელი სრულად აკმაყოფილებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დასაშვებობის კრიტერიუმებს. ქვემოთ წარმოდგენილია დეტალური არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმის ორგანული კანონის 31³ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები.
ა) მოსარჩელე არის უფლებამოსილი სუბიექტი (Locus Standi) – საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს აქვს უფლება შეიტანოს კონსტიტუციური სარჩელი, თუ მიიჩნევს, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვეს მისი კონსტიტუციური უფლებები. წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელე დავით ჩოხელი არის ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც სადავო ნორმების საფუძველზე (სსკ-ის 260-ე და 260⁴ მუხლები) დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა და შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე - პატიმრობა. მოსარჩელე არ დავობს აბსტრაქტულად, არამედ იგი არის იმ ნორმატიული წესრიგის უშუალო მსხვერპლი, რომელიც საფრთხეს უქმნის მის ფიზიკურ თავისუფლებას (კონსტიტუციის მე-13 მუხლი) და ღირსებას (კონსტიტუციის მე-9 მუხლი). შესაბამისად, მოსარჩელე წარმოადგენს სრულად უფლებამოსილ სუბიექტს.
ბ) სარჩელი ფორმითა და შინაარსით შეესაბამება კანონის მოთხოვნებს – კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სააპლიკაციო ფორმით, ხელმოწერილია მოსარჩელის მიერ და შეიცავს კანონით გათვალისწინებულ ყველა სავალდებულო რეკვიზიტს. სარჩელს ერთვის სადავო ნორმების ტექსტი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ელექტრონული ვერსია. სარჩელში მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული სადავო ნორმები და მათი შინაარსობრივი მიმართება კონსტიტუციის შესაბამის დებულებებთან.
გ) სადავო საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი – „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს ნორმატიული აქტების (მათ შორის სისხლის სამართლისა და საპროცესო კოდექსების) კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ უფლებებთან მიმართებით. წინამდებარე დავა ეხება სწორედ საკანონმდებლო ნორმების შესაბამისობას კონსტიტუციის მე-9, მე-12, მე-13 და მე-15 მუხლებთან.
დ) სადავო საკითხები არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ –ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობის საკითხი უკვე გადაწყვეტილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარებისთვის ფლობის გამო თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არის არაჰუმანური და არაპროპორციული სასჯელი, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს,.
მიუხედავად აღნიშნული პრეცედენტისა, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ჩარევა ზუსტად იმ მუხლით განსაზღვრულ არეალში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე არაკონსტიტუციურად ცნო. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილში კვლავ შენარჩუნებულია (და 2025 წლის 2 ივლისის ცვლილებების შემდეგ, №6 შენიშვნის მეშვეობით, მარიხუანაზე კვლავ გავრცელებულია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს პატიმრობის გამოყენებას მცირე ოდენობაზე (მოცემულ საქმეში - 9,92 გრამზე).
აღნიშნული გარემოება სადავო ნორმას აქცევს ე.წ. „გადაწყვეტილების დამძლევ ნორმად“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4¹ პუნქტის თანახმად, თუ სადავო ნორმა შეიცავს იმავე შინაარსის წესს, რომელიც სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, იგი ძალადაკარგულად უნდა გამოცხადდეს განჩინებით, არსებითი განხილვის გარეშე,.
ამდენად, ვინაიდან სახელმწიფო კვლავ ახორციელებს რეპრესიულ ჩარევას (დავით ჩოხელის პატიმრობა 9,92 გრამი მარიხუანის გამო) იმ სფეროში, სადაც პატიმრობა უკვე აღიარებულია არაადამიანურ სასჯელად, წინამდებარე დავა წარმოადგენს არა ხელახალ მსჯელობას ახალ საკითხზე, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი პრეცედენტის ავტორიტეტის დაცვას და არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსის საბოლოო გაუქმების მოთხოვნას,.
ე) არ არის დარღვეული სარჩელის შეტანის ვადა - კანონმდებლობა არ ადგენს ფიზიკური პირის მიერ ნორმატიული აქტის გასაჩივრების ვადას, როდესაც დავა ეხება კონსტიტუციის მეორე თავით დაცული უფლებების ხელყოფას.
ვ) დაცულია სუბსიდიარობის პრინციპი - ვინაიდან გასაჩივრებულია საკანონმდებლო აქტების (სსკ) ნორმა, მათი კონსტიტუციურობის შეფასება შესაძლებელია იერარქიულად უფრო მაღლა მდგომი სხვა ნორმატიული აქტის შემოწმების გარეშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს წინამდებარე სარჩელის არსებითად განსახილველად არმიღების არავითარი საფუძველი.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი განამტკიცებს აბსოლუტურ აკრძალვას არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, სადაც სახელმწიფო ხელისუფლებისათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი და არა მიზნის მიღწევის საშუალება. წინამდებარე დავის ფარგლებში, ჩვენ ვედავებით იმ ნორმატიულ წესრიგს, რომელიც 9,92 გრამი მარიხუანის ფლობისა გამო ადამიანს აქცევს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ინსტრუმენტად და უსჯის 5-დან 10 წლამდე პატიმრობას.
1. დამძლევი ნორმა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად... და თუ არ არსებობს ამ კანონის 21.1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, “დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“. სადავო ნორმის არსებითად განსახილველად მიღების გარეშე ძალადაკარგულად ცნობისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4.1 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას.
საკონსტიტუციო სასამართლომ „დამძლევი ნორმის“ ტესტი ჩამოაყალიბა 2014 წლის 24 ივნისის განჩინებაში საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. კერძოდ: „სადავო ნორმის „დამძლევ ნორმად“ მიიჩნევა და მისი არსებითი განხილვის გარეშე არაკონსტიტუციურად ცნობა, ნორმათა შორის არსებითი შინაარსობრივი მსგავსების შემთხვევაშია დასაშვები, როდესაც სადავო ნორმა სასამართლოს მიერ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს. ამასთან, არ არსებობს სხვა ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის ხელახალი შეფასების საფუძველს / წინაპირობას შექმნიდა“.
სასამართლომ ასვე არაერთხელ განმარტა, რომ ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იდენტურ ტექსტს; ნორმის ტექსტუალური ან რედაქციული განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად, თუ სადავო ნორმა იწვევს იმავე სამართლებრივ შედეგს, რაც უკვე ცნობილია არაკონსტიტუციურად. დავით ჩოხელის მიმართ გამოყენებული სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ნორმატიული შინაარსი სწორედ ასეთი „დამძლევ ნორმას“ წარმოადგენს, რადგან ის კვლავ უშვებს მცირე ოდენობით მარიხუანის პირადი მოხმარების გამო ადამიანის ციხეში მოთავსების პრაქტიკას, რომელიც სასამართლომ ერთხელ უკვე აღკვეთა.
2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობის გამო პატიმრობის კონსტიტუციურობის საკითხი წარმოადგენს უკვე ნამსჯელ და გადაწყვეტილ სამართლებრივ მოცემულობას. საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/4/592), სასამართლომ მყარად დაადგინა, რომ სასჯელი არღვევს კონსტიტუციას, როდესაც მისი სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს.
სასამართლომ პირდაპირ განმარტა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება არის არაჰუმანური და არაპროპორციული სასჯელი, რადგან ასეთი მკაცრი სასჯელი ხდება თვითმიზანი და ადამიანის ობიექტივიზაციის საფუძველი. მოცემულ საქმეში დავით ჩოხელს ბრალი ედება მხოლოდ 9,92 გრამი მარიხუანის ფლობაში, რაც შვიდჯერ ჩამოუვარდება სასამართლოს მიერ დადგენილ კრიტიკულ ზღვარს. შესაბამისად, ამ ოდენობაზე პატიმრობის გამოყენება არის კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის უხეში და აშკარა დარღვევა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ სამართლებრივ სტანდარტს, რომელიც მოცემულ დავას „უკვე გადაწყვეტილი საკითხის“ კატეგორიაში აქცევს. სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელი ხდება არაადამიანური და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-9 მუხლს (მაშინდელი მე-17 მუხლი), როდესაც მისი სიმკაცრე აშკარად აღემატება ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს. სასამართლოს მსჯელობის ცენტრალური ხაზი დაეფუძნა იმას, რომ პირადი მოხმარების მიზნით მარიხუანის ფლობა არ ქმნის სხვათა უფლებების ხელყოფის რეალურ საფრთხეს, ხოლო პირის დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის მიყენებული პოტენციური ზიანის გამო არის სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი გაუმართლებელი პატერნალიზმი, რაც ადამიანს აქცევს სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად და ლახავს მის ღირსებას. ვინაიდან სასამართლომ 70 გრამამდე მარიხუანის ფლობისთვის პატიმრობა უკვე მიიჩნია არაჰუმანურ მოპყრობად, დავით ჩოხელის მიმართ გამოყენებული 9,92 გრამი მარიხუანის ფლობის გამო პატიმრობის მუქარა წარმოადგენს იმავე არაკონსტიტუციური ნორმატიული შინაარსის რეპროდუცირებას, რაც ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4¹ პუნქტის საფუძველზე, ავალდებულებს სასამართლოს, ნორმა ძალადაკარგულად ცნოს არსებითი განხილვისა და ზეპირი მოსმენის გარეშე
3.გასაჩივრებული სადავო ნორმის ანალიზი
წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მცირე ოდენობით (მოცემულ შემთხვევაში 9,92 გრამი) ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისათვის ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმატიული წესრიგი ჩამოყალიბდა 2025 წლის 2 ივლისის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რომელმაც ფუნდამენტურად შეცვალა ნარკოტიკული დანაშაულის თავის სტრუქტურა და მარიხუანის, როგორც ნივთიერების სამართლებრივი სტატუსი.
კერძოდ, განხორციელებული ცვლილებით სსკ-ის 260-ე მუხლს პივრელი ნაწილის მე-6 შენიშვნის, თანახმადაც, ამ თავის (ნარკოტიკული დანაშაული) მოქმედება პირდაპირ და იმპერატიულად გავრცელდა მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე. ამ საკანონმდებლო ტექნიკის გამოყენებით, მარიხუანა, რომელიც მანამდე სხვაგვარი რეგულირების ქვეშ იყო, სრულად მოექცა 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციის მოქმედების არეალში, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. ამავდროულად, 273-ე მუხლის ახალი რედაქციის შენიშვნის მე-2 ნაწილმა მარიხუანის მოხმარება გამორიცხა ამ მუხლის მოქმედებიდან, რამაც მარიხუანის შეძენა-შენახვის ფაქტები, მათ შორის მცირე ოდენობით, კვლავ 260-ე მუხლის რეპრესიული სანქციების ქვეშ დატოვა.
ამრიგად, შინაარსის განმარტებისას საყრდენს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ 2025 წლის ცვლილებამ №6 შენიშვნის მეშვეობით შექმნა „ნორმატიული ხიდი“, რომლითაც მარიხუანის მცირე ოდენობაზეც კი (9,92 გრამი) გავრცელდა თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა, ხოლო საერთო სასამართლოების პრაქტიკამ ეს მუქარა რეალურ სამართლებრივ შედეგად აქცია. ჩვენს მიერ სადავოდ გამხდარი შინაარსი სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებისა და მისი ავტორიტეტული სასამართლო განმარტების კუმულაციური შედეგია.
4.სადავო ნორმა იწვევს იმავე კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას
4.1. შეიცავს უფლების მზღუდავ მსგავს სამართლებრივ საშუალებებს და იდენტურ სამართლებრივ შედეგს იწვევს
სადავო ნორმატიული შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი იყენებს ზუსტად იმავე უფლებაშემზღუდველ საშუალებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად საქმეზე „ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (№1/4/592). დასახელებულ საქმეში სასამართლომ განმარტა, რომ თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას და მისი გამოყენება მცირე ოდენობით მარიხუანის ფლობის გამო არის აშკარად არაპროპორციული საშუალება.
მოცემულ შემთხვევაში, კანონმდებელმა 2025 წლის 2 ივლისის ცვლილებებითა და №6 შენიშვნის ცვლილებით, შეინარჩუნა იგივე სამართლებრივი საშუალება – თავისუფლების აღკვეთი 6 წლამდე ვადით – მარიხუანის მცირე ოდენობით (9,92 გრამი) შეძენა-შენახვისათვის. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა ნორმის ტექსტუალური მოდიფიკაცია და მარიხუანა №6 შენიშვნის მეშვეობით ხელოვნურად გაუთანაბრდა სხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, სამართლებრივი შედეგი დარჩა იდენტური: პირი 9,92 გრამი მარიხუანის ფლობის გამო ექვემდებარება პატიმრობას. საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ნორმის რედაქციული განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად, თუ იგი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია. ამდენად, სადავო ნორმა იწვევს იმავე უფლების (კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი) ხელყოფას იდენტური რეპრესიული მექანიზმით.
4.2. ინფორმაციის განზოგადებისა და სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის ინტერესი
სახელმწიფო შეიძლება აპელირებდეს ნარკოპოლიტიკის ეფექტიანობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესზე. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეებზე „გივი შანიძე“ (№1/13/732) და „ჯაფარიძე/მეგრელიშვილი“ (№1/3/1282) ცალსახად მიუთითა, რომ მარიხუანის მოხმარება და ფლობა წარმოადგენს ადამიანის პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის განსაზღვრა და ინფორმაციის განზოგადება შესაძლებელია განხორციელდეს ბევრად უფრო მსუბუქი, არარეპრესიული საშუალებებით, როგორიცაა ადმინისტრაციული რეგულირება, განათლება ან პრევენციული ღონისძიებები. შესაბამისად, №6 შენიშვნის მეშვეობით მარიხუანის კვლავ მოქცევა 260-ე მუხლის რეპრესიულ არეალში არ ემსახურება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის რაიმე ახალ, ლეგიტიმურ ინტერესს, რომელიც აქამდე არ ყოფილა სასამართლოს მსჯელობის საგანი. პირიქით, ეს არის მცდელობა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის სახელით მოხდეს იმ სტანდარტის უგულებელყოფა, რომლის მიხედვითაც მარიხუანა აღიარებულია ნაკლებად მავნე ნივთიერებად, რომელიც არ იწვევს აგრესიას. ამდენად, სადავო ნორმატიული შინაარსი წარმოადგენს არა პოლიტიკის დახვეწას, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილი წესრიგის რესტავრაციას.
4.3. სამართალდარღვევათა სათანადო აღსრულებისა და რეციდივის პრევენციის ინტერესი
საკონსტიტუციო სასამართლომ წიქარიშვილის საქმეზე დაადგინა, რომ მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი (სხვათა დაშინება) ვერ გაამართლებს ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთას, თუ ქმედება თავისი არსით არ ქმნის სხვათა უფლებების დარღვევის რეალურ საფრთხეს. მარიხუანის მცირე ოდენობით (9,92 გრამი) ფლობა არის აბსტრაქტული საფრთხის დელიქტი, რომელიც არ აზიანებს სხვას და მიმართულია მხოლოდ მომხმარებლის წინააღმდეგ.
ამდენად, რეციდივის პრევენციის ინტერესი ვერ იქნება გამოყენებული სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დასასაბუთებლად, რადგან სასამართლომ უკვე განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში სასჯელი კარგავს ლეგიტიმაციას და ადამიანი იქცევა სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად, რაც ლახავს მის ღირსებას. ვინაიდან 9,92 გრამი მარიხუანის გამო დავით ჩოხელს შეფარდებული აქვს პატიმრობა, სახეზეა სახელმწიფოს მხრიდან იმავე არაკონსტიტუციური ლოგიკის გამოყენება, რომელიც სასამართლომ წლების წინ უარყო. ორგანული კანონის 25-ე მუხლის 4¹ პუნქტის საფუძველზე, სასამართლო ვალდებულია აღკვეთოს საკუთარი გადაწყვეტილებების უგულებელყოფის ეს პრაქტიკა და სადავო ნორმატიული შინაარსი გააუქმოს არსებითი განხილვის გარეშე.
დასკვნა: მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც 9,92 გრამი მარიხუანის გამო პატიმრობას ითვალისწინებს, უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად არსებითი განხილვის გარეშე. არ არსებობს არცერთი ახალი ფაქტობრივი თუ სამართლებრივი გარემოება, რომელიც შექმნიდა ამ საკითხის ხელახლა შეფასების საჭიროებას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა