შორენა წიკლაური საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1964 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - გიორგი მოდებაძე, |
| ავტორ(ებ)ი | შორენა წიკლაური |
| თარიღი | 11 მაისი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“, მუხლი 25, პუნქტი 2: ,,არაკონსტიტუციურად ცნობილი სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კარგავს ძალას საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან, თუ შესაბამისი გადაწყვეტილება არ ადგენს აქტის ან მისი ნაწილის ძალის დაკარგვის სხვა, გვიანდელ ვადას“ | საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 34, პუნქტი 3: ,,ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს იმ ლეგიტიმური მიზნის მნიშვნელობას, რომლის მიღწევასაც იგი ემსახურება“ |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
“საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19
მუხლის 1-ლი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები, 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
- წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელი, ფორმითა და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
- სარჩელი ფორმალურად გამართულია და შეიცავს კანონით სავალდებულო ყველა რეკვიზიტს;
- სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის, შორენა წიკლაურის მიერ, რომლის მოთხოვნითაც საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად აღიარა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №21 ბრძანების №1 დანართით დამტკიცებული „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
- სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
- სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
- სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტითა და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
- კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
სადავო ნორმით დადგენილია შესაძლებლობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნოს კონკრეტული სადავო ნორმა, გადაწყვეტილების გამოტანიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოსარჩელის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო რეგულაციები, რომელიც საშუალებას იძლეოდა უძრავი ქონების აუქციონზე გაყიდვას ღირებულების 5%-ად, თუმცა იმავე გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა გადაწყვეტილების მიღებიდან (2026 წლის 26 მარტი) 4 თვის შემდეგ (2026 წლის 1 ივლისი).
ზემოაღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 34 მუხლის მე-3 პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ კონსტიტუციით დადგენილი ადამიანის უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს ან ლეგიტიმურ მიზანს, ან კონსტიტუციით უნდა იყოს გათვალისწინებული. მოცემულ შემთვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული განჩინებით უკვე დაადგინა, რომ არანაირი ლეგიტიმური მიზანი ამ უფლების შეზღუდვისათვის არ არსებობს და ძალადაკარგულად ცნო სადავო ნორმა, თუმცა ამავე განჩინებით გამოდის, რომ ანტიკონსტიტუციური ნორმა უნდა მოქმედებდეს თითქმის სამი თვის მანძილზე.
ადგილი აქვს სამართლებრივ ნონსენსს, როდესაც გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულკად შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კონსტიტუციის ნორმებს აქვს პირდაპირი იურიდიული მოქმედების ძალა და გამოდის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ სამი თვის მანძილზე ქვეყანაში უნდა შეჩერდეს კონსტიტუციის მოქმედება კონკრეტულ სფეროში და კონსტიტუციის მაგივრად იმოქმედებს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რაც არანაირად არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციის სულისკვეთებიდან და არც მითითებული ნორმიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, კონსტიტუცია წარმოადგენს სახელმწიფოს უზენაეს კანონს, რომლის ნორმებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. შესაბამისად, კონსტიტუციური ნორმები ვრცელდება უშუალოდ და მათი დაცვა სავალდებულოა.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა