თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება
დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
ნომერი | N14/271 |
კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ოთარ ბენიძე, იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ლამარა ჩორგოლაშვილი, ზაურ ჯინჯოლავა, ჯონი ხეცურიანი, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 26 იანვარი 2004 |
პლენუმის შემადგენლობა:
1. ჯონი ხეცურიანი (თავმჯდომარე);
2. ოთარ ბენიძე;
3. ვახტანგ გვარამია (მომხსენებელი მოსამართლე);
4. იაკობ ფუტკარაძე;
5. ნიკოლოზ შაშკინი;
6. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი;
7. ლამარა ჩორგოლაშვილი;
8. ზაურ ჯინჯოლავა;
სხდომის მდივანი: ლილი მელაშვილი.
საქმის დასახელება: თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება.
დავის საგანი: „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლთან მიმართებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის კონსტიტუციური წარდგინება (რეგისტრაციის №271) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოტანილია 2004 წლის 5 იანვარს. “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქმე წარმოებაში მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა. კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით, 21 იანვარს გაიმართა პლენუმის ღია განმწესრიგებელი სხდომა.
საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის საფუძვლად კონსტიტუციურ წარდგინებაში დასახელებულია საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტი, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლი, “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი.
კონსტიტუციური წარდგინების თანახმად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა ნ. წკეპლაძის (თავმჯდომარე), ლ. ჭუმბურიძისა და ვ. წერეთლის შემადგენლობით განიხილავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს სააპელაციო საჩივარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე. წარდგინების შემოტანა გამოიწვია იმან, რომ სააპელაციო პალატის აზრით, განსახილველი ადმინისტრაციული საქმის გადაწყვეტისას გამოსაყენებელი “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლს.
“ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინვესტორი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლის სახით, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო. კონსტიტუციის 94-ე მუხლით, აგრეთვე “ნორმატიული აქტის შესახებ” საქართველოს კანონით კი დაწესებულია, რომ სავალდებულოა მოსაკრებლის, ისევე როგორც გადასახადების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. მოსაკრებლის სტრუქტურას, შემოღების წესს ადგენს მხოლოდ კანონი. ამდენად, მოსაკრებლის სახეები, სტრუქტურა, შემოღებისა და გადახდის წესი და ოდენობა შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ საქართველოს კანონით და არა ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
კონსტიტუციურ წარდგინებაში მოყვანილია აგრეთვე “მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ”, “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” და “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონთა ნორმები, რომელთა მიხედვითაც სალიცენზიო მოსაკრებელი მოსაკრებლის სახეობაა და მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება კანონით.
წარდგინების ავტორი მიუთითებს ”სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს კანონზე, რომლის ძალითაც სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით. აღნიშნული კანონით, საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილი იქნა “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, მაგრამ მას არ აქვს უკუქცევითი ძალა. აქედან გამომდინარე, წარდგინების ავტორის აზრით, სადავო ნორმაში მითითებული სააგენტოს უფლებამოსილება – განსაზღვროს ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების მოსაკრებლის ოდენობა – წარმოადგენს არაკონსტიტუციურ დებულებას, რამდენადაც იგი მოქმედებდა “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” კანონის მიღებამდე და წარმოშობდა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.
საბოლოოდ, წარმოდგინების ავტორი თვლის, რომ ”ნავთობისა და გაზის შესახებ” კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლთან შეუსაბამობის თაობაზე უნდა იმსჯელოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციური წარდგინების გაანალიზების საფუძველზე გამოარკვია მისი არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო გარემოებანი.
სადავო ნორმა – “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობას განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო.
სადავო ნორმის საპირისპიროდ, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ სალიცენზიო\სანებართვო მოსაკრებელი წესდება და მისი ოდენობა განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი სალიცენზიო\სანებართვო მოსაკრებლის ვინმესთვის დაკისრება.
მაშასადამე, მხოლოდ “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს კანონით არის დაწესებული და განსაზღვრული ამჟამად საქართველოში მოქმედი სალიცენზიო\სანებართვო მოსაკრებლები და მათი ოდენობა.
თვით კონსტიტუციურ წარდგინებაშიც არის აღნიშნული, რომ საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის შესაბამისად, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილია “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთვევაში ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის უფლების სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა.
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ნორმატიული აქტი, ან მისი ნაწილი ძალას კარგავს იმ შემთვევაში, თუ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია (გამოცემულია) ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა, როგორც უფლებამოსილმა ორგანომ, 2003 წლის 12 აგვისტოს მიიღო საქართველოს კანონი “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ”, რომელმაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მოაწესრიგა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული საკითხები და სალიცენზიო მოსაკრებლების დაწესება და მისი ოდენობა განსაზღვრა მხოლოდ ამ კანონით. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ნორმა ძალადაკარგულია.
ამასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიუთითებს “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, “საქმის განხილვის მომენტისათვის სადავო აქტის გაუქმება ან ძალადაკარგულად ცნობა იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას”. გარდა ამისა, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის “ბ”, “ვ” და “ზ” ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კონსტიტუციურ წარდგინებაში მითითებული უნდა ყოფილიყო წარდგინების შემტანი სასამართლოს დასახელება, წარდგინების შეტანის საფუძველი “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და 42-ე მუხლის, აგრეთვე “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის სახით, წარდგინებას უნდა დართვოდა სადავო ნორმატიული აქტის ტექსტი და თანდართული საბუთების ჩამონათვალი.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს საკოსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი 271-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღებისათვის.
იხელმძღვანელა რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტით, “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, 42-ე მუხლით, 43-ე მუხლის მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტებით, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით, მე-18 მუხლის “ა” პუნქტითა და 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 30-ე, 31-ე მუხლებით და 33-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
1. არ იქნეს მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითად განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 271-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური წარდგინება “ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს 1999 წლის 16 აპრილის კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე და შეწყდეს სამართალწარმოება ამ წარდგინებაზე.
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
ჯონი ხეცურიანი
ოთარ ბენიძე
ვახტანგ გვარამია
იაკობ ფუტკარაძე
ნიკოლოზ შაშკინი
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
ლამარა ჩორგოლაშვილი
ზაურ ჯინჯოლავა