გიორგი ფუტკარაძე და შპს "რეფორმერ ფიტნესი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1969 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი თევდორაშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | გიორგი ფუტკარაძე, შპს „რეფორმერ ფიტნესი“ |
| თარიღი | 15 ივნისი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. ქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლი: „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს”. | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები |
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლი: „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს”. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება |
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3553 მუხლი: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტები |
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3553 მუხლი: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. | საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება |
| საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3553 მუხლი: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. 2. ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს. | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება |
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლი: „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს”. | საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადება |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი; ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი, 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
წინამდებარე სარჩელში მოსარჩელეები არიან იურიდიული პირი „შპს რეფორმერ ფიტნესი“ და მისი დირექტორი გიორგი ფუტკარაძე. მოსარჩელეები აქტიურად არიან ჩართული საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებულ საჯარო დისკურსიებში და ხშირად გამოხატავენ მათ პოზიციას სხვადასხვა თემატურ დისკუსიასთან დაკავშირებით, როგორც სოციალური ქსელების ასევე სხვა პლატფორმების მეშვეობით. სადავო ნორმებით მოსარჩელეებს ეზღუდებათ გამოხატვის თავისუფლება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ძირითად საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მოსარჩელეებისთვის მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებზე აზრის დაფიქსირების უფლების არსებობა და საზოგადოებრივ დებატებში ჩართულობით დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოში ნორმატიული აქტის ან მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციურობის თაობაზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ფიზიკურ პირებს და იურიდიულ პირებს, თუ მათ მიაჩნიათ, რომ დარღვეულია ან შესაძლებელია უშუალოდ დაირღვევს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებული მათი უფლებანი და თავისუფლებანი. გასაჩივრებული ნორმები თავისი ხასიათით ამკრძალავ ნორმებს წარმოადგენს, რაც უკვე იწვევს მოსარჩელის უფლებების დარღვევას, ვინაიდან მოსარჩელე როგორც მეწარმე და როგორც მეწარმე სუბიექტი სადავო ნორმების მოქმედების პირობებში უკვე ექცევა. ამასთან, მოსარჩელის საჯარო აქტიურობიდან გამომდინარე არსებობს რეალური და უშუალო საფრთხე, რომ სადავო ნორმები გამოიყენონ მოსარჩელის წინააღმდეგ. ამდენად, მოსარჩელეები არიან უფლებამოსილი პირები იდავონ სადავო ნორმების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება კონსტიტუციის მე-17, 26-ედა 31-ე მუხლებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
1. სადავო ნორმების ანალიზი და დავის საგანი
2026 წლის 4 მარტს ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, კერძოდ, კოდექსს დაემატება სადავოდ გამხდარი 15313-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის მიხედვით, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. შენიშვნის მიხედვით, პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს მეწარმე იურიდიული პირის მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკური პროცესებზე არაპროპორციული გავლენის პრევენციასა და პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას. კანონის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მეწარმე იურიდიული პირები, როგორც ეკონომიკური ძალაუფლების მქონე პირები, ფლობენ მნიშვნელოვან ფინანსურ, ორგანიზაციულ და საკომუნიკაციო რესურსებს, რომელთა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ქმნის რისკს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირება განხორციელდება არა საზოგადოებრივი ინტერესების, არამედ კერძო ეკონომიკური ინტერესების გავლენით. განმარტებითი ბარათის თანახმად, რეგულაცია არ ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირის თავისუფლებას განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა ან გამოხატოს მოსაზრება მის საქმიანობასთან პირდაპირ დაკავშირებულ საკითხებზე. შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ აქტივობაზე, რომელიც ფუნქციურად არ უკავშირდება მის სამეწარმეო მიზნებს და ფაქტობრივად პოლიტიკური პროცესების დასაფინანსებლად გამოიყენება. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებით განისაზღვრება პასუხისმგებლობა იმ ქმედებებისთვის, რომლებითაც პოლიტიკური აქტივობა არ არის დაკავშირებული სუბიექტის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან და სცდება მისი პროფესიული ან დარგობრივი ინტერესების დაცვას.
2026 წლის 4 მარტს ასევე ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც დაემატა სადავოდ გამხდარი ნორმა 355-ე სეკუნდა მუხლი. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. სადავო ნორმას აქვს შენიშვნაც, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. ხოლო შენიშვნის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს შპს “რეფორმერ ფიტნესი” და მისი დირექტორი, რომელიც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხშირად გამოხატავს მის შეხედულებებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პროცესებზე. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ პოზიციას გამოხატავს შპს “რეფორმერ ფიტნესი”-ც როგორც იურიდიული პირი, მის სოციალურ ქსელებსა თუ სხვა პლატფორმებზე. სადავო ნორმებით მოსარჩელეს ეკრძალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ სამართლებრივ პროცესებზე კომენტირება და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება როგორც ბიზნესმენს და როგორც ბიზნეს სუბიექტს(იურიდიულ პირს). მოსარჩელის პოზიციით, მსგავსი შეზღუდვა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას. ამასთან, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმები იმდენად ბუნდოვანია, რომ შეუძლებელია კანონმორჩილმა მეწარმე იურიდიულმა პირმა ან მისმა დირექტორმა კანონის წაკითხვის შემდგომ გაიაზროს აკრძალული ქმედების შინაარსი და ამგვარად წარმართოს მისი საქმიანობა, რის გამოც სადავო ნორმა დამატებით ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებაში მოცემულ კანონის განჭვრეტადობის მოთხოვნას.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები სრულად უნდა გაუქმდეს, ვინაიდან მათი სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5, ასევე 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებას.
2. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით
სად
2.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული სფერო
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, “აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია”. მოცემული კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება ადამიანის არსებობის თანმდევი, განუყოფელი ელემენტია.[1] გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად არსებითია გამოხატვის თავისუფლება: „გამოხატვის თავისუფლების უფლება დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი სრულფასოვანი განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. აზრისა და ინფორმაციის შეუფერხებელი გავრცელება უზრუნველყოფს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, ხელს უწყობს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საჯარო და ინფორმირებულ მსჯელობას, შესაძლებელს ხდის საზოგადოებრივ ცხოვრებაში საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობას” [2].
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით განმტკიცებული აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლების მსგავსად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-10 მუხლიც იცავს გამოხატვის თავისუფლებას. სტრასბურგის სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, ეს მუხლი ეხება არა მხოლოდ იმ “ინფორმაციასა” და “იდეებს”, რომლებიც დადებითად მისაღებია ანდა არ ითვლება შეურაცხმყოფლად ან არ იწვევს გულგრილობას, არამედ ეს ასევე ვრცელდება ისეთ იდეებზე, რომლებიც იწვევს შეურაცხყოფის შეგრძნებას, შოკში ჩაგდებას ან აღშფოთებას. სწორედ ამას მოითხოვს პლურალიზმი, ტოლერანტობა და ფართო აზროვნება, რომლების გარეშეც „დემოკრატიული საზოგადოება“ არ არსებობს[3].
გამოხატვის თავისუფლება საბოლოოდ უკავშირდება არა მარტო ცალკე ინდივიდს, არამედ ადამიანთა განუსაზღვრელ წრეს: „თავისუფალი საზოგადოება შედგება თავისუფალი ინდივიდებისაგან, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეში, თავისუფლად აზროვნებენ, აქვთ დამოუკიდებელი შეხედულებები და მონაწილეობენ დემოკრატიულ პროცესებში, რაც აზრთა გაცვლა-გამოცვლასა და პაექრობას გულისხმობს[4]. ამავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, გამოხატვის უფლება ეხება არამარტო ადამიანს, არამედ ეს განსაზღვრავს, თუ რამდენად დემოკრატიულია სახელმწიფო: “სწორედ გამოხატვის თავისუფლების ხარისხი განსაზღვრავს ქვეყნის (საზოგადოების) თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ხარისხს[5]. ფუნდამენტურია, რომ მოცემულ უფლებაში ჩარევა იყოს მინიმალური და დაშვებული იყოს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ მკაცრ ფარგლებში, ვინაიდან: მნიშვნელოვანია, რომ ამ უფლების მეშვეობით ადამიანები ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ ნეგატიურ ან პოზიტიურ დამოკიდებულებებს გარკვეული ფაქტების, მოვლენების თუ ცალკეული პირების მიმართ, გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს და ემოციებს, რაც, ცხადია, ამდიდრებს საჯარო დისკუსიას და, იმავდროულად, ენობრივ და ლექსიკურ მრავალფეროვნებას მოითხოვს[6].
2.2. დაცულ უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვა დასაშვებია, თუმცა აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, ნათელია, რომ გამოხატვის თავისუფლება შესაძლებელია, დაექვემდებაროს შეზღუდვას საქართველოს კონსტიტუციაში მოხსენიებული ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, ამავე მიზნების მიღწევის თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით[7].
მიუხედავად იმისა, რომ უფლების შეზღდვა ვიწროდ კონკრეტულ შემთხვევებში დასაშვებია, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება მხოლოდ იმ ინფორმაციასა და იდეებზე, რომლებიც დადებითად აღიქმება ანდა არ ითვლება შეურაცხმყოფელად, არამედ ეს ასევე ვრცელდება იმ შეხედულებებზეც, რომლებიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, შოკისმომგვრელი ან აღშფოთების გამომწვევი[8]. ამრიგად, გამოხატვის თავისუფლებით უზუნველყოფილია არამხოლოდ ცალსახად უწყინარი იდეების გავრცელება და გამოხატვის ფორმებით სარგებლობა, არამედ შედარებით წინააღმდეგობრივი შემთხვევებიც, რომლებიც შესაძლოა საზოგადოებაში იწვევდეს აზრთა სხვადასხვაობას და სწორედ ამიტომ საჭროებს მისი ადრესანტი განსაკუთრებული სტანდარტით დაცვას.
სახელმწიფოს ეკისრება არა მხოლოდ ნეგატიური ვალდებულება თავი შეიკავოს გამოხატვაში გაუმართლებელი ჩარევისაგან, არამედ პოზიტიური ვალდებულებაც, დაიცვან ფიზიკური თუ მეწარმე იურიდიული პირები მსგავსი შემთხვევებისგან . ეს გულისხმობს ისეთი ეფექტიანი მექანიზმების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფენ ფიზიკური თუ იურიდიული პირებისათვის ხელსაყრელი გარემოს საჯარო დებატებში მონაწილეობის მისაღებად, რათა მათ შეძლონ საკუთარი მოსაზრებების შიშის გარეშე გამოთქმა, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები ოფიციალური ხელისუფლების პოზიციებს ეწინააღმდეგება[9]. საქართელოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ყველაზე უფრო ფართო დაცვით სარგებლობს[10]. რაც გულისხმობს, რომ ოპოზიციური მოსაზრების გამოხატვა არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ღირებულება, რომელიც გაუმართლებელი ჩარევის მაღალი რისკის ქვეშ არის და სწორედ ამიტომ საჭიროებს დაცვას.
ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით ერთმანეთისგან განსხვავდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი და შინაარსობრივად ნეიტრალური რეგულირება, რომელთაგან შინაარსობრივი რეგულირება ყველაზე მკაცრი შეფასების ტესტს ექვემდებარება. კერძოდ, “გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, შინაარსობრივი რეგულირების შემოღების გზით, ამ უფლებაში ჩარევის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა. იმის სავალდებულოდ განსაზღვრა, თუ რა შინაარსის აზრის/ინფორმაციის გავრცელება არის დაუშვებელი, გულისხმობს პირთა გონებისათვის „ინფორმაციული ფილტრის“ დაყენებას. დემოკრატიული სახელმწიფო უდავოდ გულისხმობს თავისუფალ საზოგადოებას, თავისუფალ ინფორმაციულ სივრცეს, გარემოს, სადაც ყველასთვის უზრუნველყოფილია აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა, თავისუფალი პაექრობა. იქ, სადაც თავისუფალი სიტყვა უზრუნველყოფილი არ არის, არ არის სივრცე განვითარებისთვის, თავისუფლებისთვის. ამგვარად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, კერძოდ კი, მისი შინაარსობრივი რეგულირება, იმგვარი საკითხია, რომლის თითოეული ასპექტის განსაზღვრა მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინტერესის საგანია”[11].
სადავო ნორმებით მოსარჩელეებს ეკრძალებათ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორიცლეება, მათ შორის აზრის გამოხატვა, რომელიც არ არის დაკავშირებული მათ ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. მოსარჩელის ბიზნეს საქმიანობა დაკავშირებულია სპორტულ და ფიტნეს საქმიანობასთან, თუმცა თუ მოსარჩელეების ამის მიღმა ისეთ საკითხებზე გამოხატავენ აზრს ან განახორციელებენ აქტივობას, როგორიცაა მაგალითად საქართველოში მიმდნიარე პოლიტიკური მოვლენების შეფასება, სოციალური საკითხების გარშემო პოზიციის დაფიქსირება, ქვეყნის საგარეო კუსთან მიმართებით მოსაზრების დაფიქსირება, ისინი დაექვემდებარებიან სადავო ნორმების მოქმედებას, რაც პირველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, ხოლო მეორე ჯერზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. სადავო ნორმა ამგვარად აწესებს გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივ რეგულირებას, ვინაიდან მოსარჩელეებს უკრძალავს ისეთ საკითხებზე პოზიციის დაფიქსირებას და აქტივობის განხორიცელებას, რომელიც მათი საქმიანობის სფერო არ არის. ამგვარად, სახეზეა გამოხატვის თავისუფლებაში უხეში ჩარევა.
2.3. უფლებაში ჩარევის გამართლება - ლეგიტიმური მიზანი
როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება, რომ დაექვემდებაროს კანონით განსაზღვრულ მკაცრ შეზღუდვებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შეზღუდვის კონსტიტუციურობა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის მიხედვით.
თანაზომიერების პრინციპის მიხედვით, “უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე”. [12]
კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის განსაზღვრულია კონკრეტული საფუძვლები: “ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად”.
როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, სადავო ნორმების შემოღება მიზნად ისახავს “მეწარმე იურიდიული პირის მიერ მათი ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებს მიღმა პოლიტიკურ პროცესებზე არაპროპორციული გავლენის პრევენციასა და პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფას.”[13] მოცემული ეხება პოლიტიკური პროცესის დაცვას მეწარმე იურიდიული პირების მხრიდან გადამეტებული და არათანაბარი გავლენისგან. თანამედროვე დემოკრატიულ სისტემებში ფართოდ არის აღიარებული, რომ ფინანსურად ძლიერი სუბიექტები, მათ შორის კომპანიები, ფლობენ მნიშვნელოვან რესურსებს, რომლებიც მათ აძლევს შესაძლებლობას გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრსა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. მოცემულ შემთხვევაში ნორმა „პოლიტიკურ აქტივობად“ მიიჩნევს იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული არ არის მეწარმე სუბიექტის ძირითადად საქმიანობასთან, ასევე მიზნად ისახავს გავლენის მოხდენას ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მიზნები შესაძლოა ზოგადად პოლიტიკურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ღირებულ ინტერესებს წარმოადგენდეს, ისინი ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლეგიტიმური მიზნების ჩარჩოში. უპირველეს ყოვლისა, კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტი არ ითვალისწინებს „პოლიტიკური პროცესების სამართლიანობის“ ან „ეკონომიკური სუბიექტების პოლიტიკური გავლენის შეზღუდვის“ მიზანს, როგორც გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის დამოუკიდებელ საფუძველს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნორმები ეფუძნება წინაპირობას, თითქოს მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა შეიძლება მკაფიოდ და ხელოვნურად გაიმიჯნოს მისი ეკონომიკური და კომერციული საქმიანობისგან. აღნიშნული მიდგომა ვერ ასახავს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის რეალობას და ეწინააღმდეგება ბიზნესის ფუნქციის თანამედროვე გაგებას. თანამედროვე ბაზარზე მეწარმე იურიდიული პირები აღარ საქმიანობენ მხოლოდ პროდუქტის ან მომსახურების რეალიზაციის მიზნით. ისინი ქმნიან ბრენდებს, რომელთა ღირებულება მნიშვნელოვნად ეფუძნება საზოგადოებრივ რეპუტაციას, ღირებულებით იდენტობას, ეთიკურ პოზიციონირებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას. სწორედ ამ კონტექსტში, კომპანიის მიერ პოლიტიკური ან სოციალური საკითხების შესახებ საჯარო პოზიციის დაფიქსირება ან პოზიციის დაფისქირებისთვის აქტივობის განხორციელება ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს მისი მარკეტინგული სტრატეგიის, ბრენდის განვითარების და კომერციული საქმიანობის განუყოფელ ნაწილს. დღევანდელ რეალობაში მომხმარებელთა ქცევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კომპანიის ღირებულებითი პოზიციები. მომხმარებლები, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, სულ უფრო ხშირად ირჩევენ იმ ბრენდებს, რომელთა საჯარო ღირებულებები და სოციალური პასუხისმგებლობა შეესაბამება მათ პირად შეხედულებებს. შესაბამისად, კომპანიის პოლიტიკური ან სოციალური პოზიცია პირდაპირ შეიძლება აისახოს გაყიდვებზე, მომხმარებელთა ლოიალობაზე, ბრენდის აღქმასა და ფინანსურ შედეგებზე. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდგომი პერიოდი, როდესაც მრავალმა საერთაშორისო კომპანიამ საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პოზიცია რუსეთის ბაზართან დაკავშირებით. მაგალითად, კომპანიებმა, როგორიცაა McDonald's, Nike და Apple, მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ[14]. აღნიშნული გადაწყვეტილებები ფართოდ იქნა აღქმული როგორც ეთიკური და პოლიტიკური პოზიცია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა მათი რეპუტაცია საერთაშორისო ბაზრებზე და გაზარდა მომხმარებელთა ნდობა იმ საზოგადოებებში, სადაც კორპორაციული პასუხისმგებლობა მაღალი მნიშვნელობით ფასდება. საპირისპიროდ, კომპანიებმა, როგორიცაა Auchan და Leroy Merlin, რუსეთის ბაზარზე საქმიანობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც გამოიწვია ფართომასშტაბიანი კრიტიკა, კომპანიების ბოიკოტი და მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანი. აღნიშნულმა პროცესებმა ცხადყო, რომ კომპანიების პოლიტიკური პოზიციები არ წარმოადგენს მხოლოდ აბსტრაქტულ საზოგადოებრივ აქტივობას ისინი პირდაპირ უკავშირდება კომპანიის ეკონომიკურ ინტერესებს, კომერციულ წარმატებასა და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.[15] ამ პირობებში, სადავო ნორმის მიდგომა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური აქტივობა აპრიორი განიხილება როგორც საქმიანობა, რომელიც „ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის“, ეფუძნება რეალობას აცდენილ წარმოდგენას ბიზნესის ბუნების შესახებ. არ არის კარგად დასაბუთებული, თუ რატომ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში ისეთი ფართო შეზღუდვის დაწესება, რომელიც კომპანიებს პრაქტიკულად უკრძალავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საკითხებზე პოზიციის გამოხატვას მაშინ, როდესაც ასეთი პოზიციები უშუალოდ განსაზღვრავს მათ ეკონომიკურ წარმატებას. შესაძლოა კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ბიზნესის დასაცავად, თუმცა, პირიქით, ბიზნესის დუმილი პოლიტიკური მოვლენების მიმართ პოლიტიკოსებს უხსნის გზას, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ბიზნესებს დააზიანებს. გარდა ამისა, ბიზნესის ნეიტრალურობა მომხმარებლის მიერ აღქმულია არა როგორც გონივრულ დუმილად, არამედ უსამართლობის ირიბ მხარდაჭერად, შესაბამისად ბიზნესების მიერ გამოხატვა არის არა მათი ზიანის საწინდარი, არამედ თავდაცვის მექანიზმი.
გამოხატვის თავისუფლების უფლების საგარანტიო ფუნქცია მოითხოვს, რომ სახელმწიფო ხელისუფლება ინდივიდის გამოხატვის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს საამისოდ აუცილებელი მწვავე, რეალური და მყისიერი საჭიროება და როდესაც ამგვარი ჩარევა განპირობებულია უაღრესად აღმატებული მიზნების მიღწევის ლეგიტიმური ინტერესით[16]. თუმცა, მოცემულ საქმეზე სახელმწიფოს არც განმარტებით ბარათში დაუსაბუთებია ასეთი ინტერესის არსებობის საჭიროება და არც სადავო ნორმის განმარტების გზით ჩანს სადავო ნორმით დაწესებული რაიმე ღირებული მიზანი, რომელიც გამოხატვსი თავისუფლებაში ჩარევას გაამართლებდა.
დამატებით, აღსანიშნავია, რომ სადავო ნორმებით დაწესებული აკრძალვა და ამ აკრძალვის დარღვევისთვის გათვალისწინებული ერთ შემთხვევაში სახდელის ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის სიმძიმე მეწარმე იურიდიული პირისთვის არის მნიშვნელოვანი ფინანსური ტვირთი, რომელიც არა მხოლოდ ზღუდავს კონკრეტულ ქცევას, არამედ ქმნის ე.წ. „მსუსხავ ეფექტს (chilling effect). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირი „მსუსხავ ეფექტს“ განიცდის იმ შემთხვევაში, როდესაც იგი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის/სანქციის შიშით, იძულებულია, თავი შეიკავოს უფლების სრულყოფილად განხორციელებისაგან და თვითშეზღუდვა აისახება გამოხატვის თავისუფლების ნორმატიულად შეუზღუდავ ნაწილზეც[17], ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მსუსხავი ეფექტის“ გავლენით ნორმის ზემოქმედება გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე შესაძლებელია გასცდეს მისი რეგულირების სფეროს და ფაქტობრივად შეზღუდოს ის ურთიერთობები, რომელთა მოწესრიგებაც კანონმდებლის მიზანს არც კი წარმოადგენდა. სადავო ნორმა ქმნის სწორედ ამგვარი „მსუსხავი ეფექტის“ წარმოშობის მნიშვნელოვან რისკს. ვინაიდან ნორმა არ არის საკმარისად განჭვრეტადი, ასეთ ვითარებაში მეწარმე იურიდიულ პირს არ აქვს შესაძლებლობა წინასწარ, გონივრული სიზუსტით განსაზღვროს, მისი კონკრეტული გამოხატვა გამოიწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ან სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ განუჭვრეტელი ნორმის საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრებას გააჩნია „მსუსხავი ეფექტი“ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისათვის, რამდენადაც ასეთი პასუხისმგებლობის შიშით პირმა შესაძლოა თავი შეიკავოს იმგვარი გამოხატვისაგანაც კი, რომელიც სადავო ნორმით დადგენილი აკრძალვის მიღმაა და რომელიც გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროშია მოქცეული[18].
სწორედ ეს გაურკვევლობა განაპირობებს თვითშეზღუდვის ტენდენციას. კომპანიები, რომლებიც საჯარო სივრცეში აქტიურად გამოხატავენ პოზიციებს სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ საკითხებზე, შესაძლოა, მაღალი ჯარიმის რისკის თავიდან ასაცილებლად, საერთოდ უარი თქვან ზემოაღნიშნულის განხორციელებაზე. ვინაიდან ბუნდოვანია კომპანიებისა და ფიზიკური პირების ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გამიჯვნის საკითხიც, შესაძლოა იურიდიული პირების წარმომადგენლებმა საერთოდ აღარ გააკეთონ განცხადებები ისეთ თემებზე, როგორიცაა დემოკრატიული პროცესები, ადამიანის უფლებები ან სახელმწიფო პოლიტიკის მიმართულებები, რაც მოქალაქეების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე ბუნებრივია, უარყოფითად აისახება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსარჩელე ხშირად გამოხატავს საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. მაგალითად, შპს “რეფორმერ ფიტნესი” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდგომ საკუთარ ფიტნეს დარბაზში არ უშვებს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს, თუ ისინი არ დაადასტურებენ პატივისცემას საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ[19]. ასევე, შპს “რეფორმერ ფიტნესი” არ ემსახურება საქართველოს საპოლიციო სისტემის თანამშრომლებს[20] მათ მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და მას შემდგომ მოქალაქეების მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არერთი შემთხვევის გათვალისწინებით. მეტიც, მოსარჩელის ამგვარი საჯარო აქტივობის საფუძველზე საქართველოს სახალხო დამცველმა ოკუპანტი რუსეთის მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო წარმოება მოსარჩელის მიერ შესაძლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დასადგენად.[21] მოსარჩელის მიერ საჯარო პროცესებში ამგვარი მონაწილეობა სადავო ნორმებით სამართალდარღვევად, მეორე შემთხვევაში კი სისხლის სამართლის დანაშაულად შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან ზემოთ მითითებულ შემთხვევებში მოსარჩელის მიერ საჯაროდ გამოხატული პოზიცია პირდაპირ არ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან, არამედ ასახავს მოსარჩელის, როგორც ბიზნესის პოზიციას ერთ შემთხვევაში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე შემთხვევაში 2024 წლის ნოემბერ დეკმებერში საპოლიციო სისტემის თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა მასობრივი დარბევების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი შემთხვევის მიმართ. თითოეულ შემთხვევასი მოსარჩლეის მიერ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება მნიშვნელოვან ქმედებად მიაჩნდა და მიაჩნია, ვინაიდან მიუხედავად იმისა რომ მოსარჩელე არის ბიზნესი და ბიზნესმენი ის ამავდროულად არის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მასზეც როგორც მოქალაქეზეც და როგორც ბიზნესზეც ახდენს გავლენას. სადავო ნორმებმა კი შექმნეს ისეთი მოცემულობა, რომ მეწარმე სუბიექტებს და ბიზნესმენებს აუკრძალეს მათი საქმიანობის მიღმა ნებისმიერ საკითხზე საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება თუ აქტივობის გამოხატვა, რომელიც შესაბამისმა ორგანოებმა შესაძლოა პოლიტიკურ აქტივობად აღიქვან და მოსარჩელის წინააღმდეგ რეპრესირებული ღონისძიებები გამოიყენონ. ასეთი მოცემულობა ფუნდამენდუტად ეწინააღმდეგება დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებს, მათ შორის ზემოთ მითითებულ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას.
სადავო ნორმებით დასახელებული ლეგიტიმური მიზანი, რომ თითქოს მეწარმეებისთვის საჯარო აქტივობის შეზღუდვით უზრუნველყოფილი იქნება პოლიტიკური პროცესების არაპროპორციული კომერტიცული გავლენებისგან პრევენცია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება საკმარისი ინტერესი მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, ვინაიდან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ისედაც რეგულირებულია პოლიტიკური პარტიებისა და მეწარმე სუბიექტების საქმიანობის გამიჯვნა, მათი დაფინანსების საკითხი და სხვა. სადავო ნორმის არსებობა განსაკუთრებით დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც მეწარმე სუბიექტების დირექტორს, პარტნიორებს შეუძლიათ პარტიების დაფინანსება, თუმცა სადავო ნორმა მათ უკრძალავს მათი სამეწარმეო საქმიანობისგან განსხვავებულ საკითხზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებას ან აქტივობის განხორციელებას. ამგვარად, ბიზნესის სრული იზოლაცია პოლიტიკური ან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის კომერციული სუბიექტია, ვერ იქნება თავსებადი დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებებთან და ვერ წარმოშობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ღირებულ ინტერესს.
სადავო ნორმის შემოღებით ხელისუფლებას სურს შექმნას მცდარი მოსაზრება, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღებია მოცემულობა, სადაც მეწარმეებს არ აქვთ უფლება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საჯარო პოზიციები დააფიქსირონ ან ისეთი ქმედებები განახორციელონ, რომელიც აღქმული იქნება პოლიტიკურ აქტივობად. ამით ქართულმა ოცნებამ ქართულ ბიზნესს წაართვა ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა, საკუთარ თანამოქალაქეებზე ზრინვისა და მათთვის სოლიდარობის გამოცხადების შესაძლებლობა, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და ამით დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობის შესაძლებლობა. აღნიშნული ნორმების მოქმედებით ჯერ სამართალდამრღვევად სცნობდნენ, ხოლო შემდგომ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისცემდნენ ისეთ ქართველ მეწარმეებს, რომლებიც იყვნენ: დავით სარაჯიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ძმები ზუბალაშვილები, ილია წინამძღვრიშვილი, გივი ზალდასტანიშვილი და სხვა. აღნიშნული მეწარმეები მე-19-მე-20 საუკუნეში საქართველოში სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად ეწეოდნენ პუბლიცისტურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც, რასაც სადავო ნორმა დღეს აცხადებს სამართალდარღვევად და მეორე შემთხვევაში სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმებით გამოხატვის თავისუფლებაზე დაწესებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა განმარტებით ბარათში მოცემული ლეგიტიმური მიზნის გათვალსიწინებით, ვერ იქნება გამოსადეგი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის. ამდენად, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.
3. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, არავინ აგებს პასუხს ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დებულება განსაზღვრავს პირის ქცევის სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად განსაზღვრისა და პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტებს.
სამართლებრივი სახელმწიფოს და სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპიდან გამომდინარე, ყოველი დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია, შექმნას განჭვრეტადი სისხლის სამართლის კანონმდებლობა იმგვარად, რომ ნორმის ადრესატს შეეძლოს, მას შეუსაბამოს თავისი ქცევა, რათა თავიდან აიცილოს ამ კანონმდებლობის დარღვევის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგი. დამკვიდრებული პრაქტიკით, „საკონსტიტუციო სასამართლო, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას არ არის შეზღუდული მხოლოდ კონსტიტუციის კონკრეტული ნორმებით. მართალია, კონსტიტუციური პრინციპები არ აყალიბებს ძირითად უფლებებს, მაგრამ გასაჩივრებული ნორმატიული აქტი ასევე ექვემდებარება გადამოწმებას კონსტიტუციის ფუძემდებლურ პრინციპებთან მიმართებით, კონსტიტუციის ცალკეულ ნორმებთან კავშირში და ამ თვალსაზრისით, მსჯელობა უნდა წარიმართოს ერთიან კონტექსტში. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად თავსდება გასაჩივრებული აქტი იმ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს“[22].
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომების თანახმად, „სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, სამართლებრივი უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი. კანონი უნდა პასუხობდეს სამართლებრივი უსაფრთხოებისა და, შესაბამისად, განსაზღვრულობის პრინციპის მოთხოვნებს. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, განსაზღვრულობის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულებაა, რომ კანონის ადრესატმა შეძლოს მისი სწორი აღქმა და შესაბამისი სამართლებრივი შედეგების განჭვრეტა“[23]. თუმცა საკონსტიტუციო კონტროლი განსაკუთრებით კრიტიკული და სკრუპულოზურია, როდესაც საქმე შეეხება პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობას. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, სადავო ნორმის ბუნდოვანება დამოუკიდებლად გახდეს მისი არაკონსტიტუციურად ცნობის საკმარისი საფუძველი[24].
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადება „ადგენს პირის პასუხისგებაში მიცემის საფუძვლებს, განამტკიცებს გარანტიას, რომ ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კანონში“[25]. აღნიშნული ნორმა “არა მხოლოდ განსაზღვრავს პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის შესაბამისი კანონის არსებობის აუცილებლობას, არამედ ადგენს პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კანონის ხარისხობრივ სტანდარტებს. პასუხისმგებლობის დაწესებისას კანონმდებელი შებოჭილია განსაზღვრულობის პრინციპით”[26]. „განჭვრეტადი და არაორაზროვანი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს პირის დაცვას სამართალშემფარდებლის თვითნებობისგან, მეორე მხრივ კი, ადგენს გარანტიას, რომ პირმა მიიღოს მკაფიო შეტყობინება სახელმწიფოსგან, რათა მოახერხოს ნორმის სწორი აღქმა, განსაზღვროს, რომელი ქმედებაა კანონით აკრძალული და რომელ ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საკუთარ ქმედებაში განჭვრიტოს აკრძალული ქმედების ნიშნები და წარმართოს საკუთარი ქცევა კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად“[27]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, „ქმედების დასჯადად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენს. შესაბამისად, მან ეს უფლებამოსილება ისე უნდა გამოიყენოს, რომ საშუალება არ მიეცეს სამართალშემფარდებელს, სამოსამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თავად შექმნას სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების შემადგენლობა“[28].
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით სადავოდ ხდის პასუხისმგებლობის დამდგენ ნორმებს, როგორც სამართალდარღვევათა კოდექსიდან, ასევე სისხლის სამართლის კოდექსიდან. აღსანიშნავია, რომ როგორც სამართალდარღვევის, ასევე სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული ნორმები იდენტურ დისპოზიციას შეიცავს როგორიცაა: მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტოვობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის. იდენტურია სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გასაჩივრებული ნორმების შენიშვნებიც, რომელიც განსაზღვრავს „პოლიტიკური აქტივობის“ დეფინიციას. სამართალდარღვევათა კოდექსისგან განსხვავებით სისხლის სამართლის კოდექსში არსებული სადავო ნორმა აფართოვებს დანაშაულის სუბიექტთა წრეს და უთითებს, რომ მოცემული დანაშაულით ბრალი შეიძლება წაეყენოთ საქართველოს ადმინსიტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებულ: 1. იურიდიულ პირს; 2. ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელ პირს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ბუნდოვანია სადავოდ გამხდარი ნორმების როგორც სუბიექტთა წრე, ასევე ის დისპოზიციაც, რომელიც ერთ შემთხვევაში სამართალდარღვევას, ხოლო მეორე შემთხვევაში სისხლისსამართლებრვი დანაშაულს წარმოადგენს. სამართალდარღვევის/დანაშაულის სუბეიქტთა წრის ბუნდოვანებას ის განაპირობებს, რომ სადავო ნორმა მართალია მეწარმე სუბიექტისთვის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას, თუმცა ვინაიდან იურიდიული პირები საკუთარ საქმიანობას, პოზიციას და აქტივობებს ფიზიკური პირების, მათი დირექტორების, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მეშვეობით ახორციელებენ არსებობს ბუნდოვანება ვის მიერ განხორციელებული აქტივობა, საჯაროდ პოზიციის გამოატვა შეიძლება შეერაცხოს მეწარმე იურიდიულ პირს და გახდეს სადავო ნორმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სუბიექტი. მაგალითად, ბუნდოვანია სადავო ნორმები მხოლოდ მეწარმე სუბიექტის მიერ სოციალურ ქსელებში, ტრადიციულ მედიაში თუ სხვა ფორმატში გამოხატული პოზიციის, აქტივობის მიხედვით შეიძლება გახდეს სადავო ნორმების მსხვერპლი თუ მაშინაც, თუ მეწარმის სახელით საუბრობს მაგალითად მისი თანამშრომელი, დეპარტამენტის უფროსი, პარტნიორი, მეწილე და სხვა. აღნიშნულ ბუნდოვანებას უფრო მეტად აჩენს სისხლის სამართლის კოდექსის გასაჩივრებული დებულება, რომელიც მითითებას აკეთებს იურიდიული პირის პასუხიმგებელ პირზე, ვინაიდან საზოგადოების თვალში კონკრეტული მეწარმის საქმიანობასთან დაკავშირებით როგორც მისი დირექტორის ასევე, თანამშრომლების მიერ გამოხატული პოზიციაც, განხორციელებული აქტივობაც შეიძლება აკმაყოფილებდეს „პასუხისმგებელი პირის“ კრიტერიუმს.
ბუნდოვანია და პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმების განჭვრეტადობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს ვერც სადავო ნორმების დისპოზიცია. სადავო ნორმების მიხედვით დასჯადია მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორიცელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, რაც დისპოზიციის მიხედვით გულისხმობს შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებს:
1. მეწარმე იურიდიული პირის მიერ. საჯაროდ საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებაზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული;
2. მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
სადავო ნორმების დისპოზიციაში მოცემული ორივე ქმედება სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს პროკურატურას ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციულ უფლებამოსილებას ნებისმიერი მეწარმის მიმართ დაიწყოს სამართალდარღვევის ან სისხლის სამართლის საქმის წარმოება, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება დამოიკიდებულია შსს-ს იურისტის ან პროკურორის პირად სუბიექტურ შეხედულებაზე, პირის მიმართ დევნის განხორციელება მაგალითად დამოკიდებულია კონკრეტული შსს-ს იურისტი ან პროკურორი ჩათვლის თუ არა, რომ მეწარმის აქტივობა მიზნად ისახავდა საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენას და საშინაო პოლიტიკის შეცვლისკენ იყო მიმართული, ან ჩათვლის თუ არა რომ კონკრეტული მეწარმის ან მისი პასუხისმგებელი პირის ქმედება, საჯარო აქტივობა, გამოხატვა გამომდინარეობდა უცხოური პოლიტიკური პარტიის საჯარო ინტერესებიდან. სადავო ნორმების დისპოზიციის თითოეული ელემენტი არის სუბიექტური ნიშნის შემცველი და აბსოლუტურად დამოკიდებულია კონკრეტული შსს-ს იურისტის ან პროკურორის პირად შეხედულებებზე მეწარმის მიერ განხორციელებული ქმედებების თაობაზე და არა ობიექტურ მოცემულობაზე. აღნიშნული კი მათ შორის აზრს უკარგავს სასამართლოს კონტროლის განცოხრიცლეებას, ვინაიდან შსს-ს იურისტისა და პროკურორის მსგავსად, მოსამართლეც ვერ იხელმძღვანელებს სადავო ნორმების დისპოზიციაში რაიმე ობიექტური გარემოებით, რომლითაც მაგალითად შეამოწმებდა რამდენად სწორად ჩათვალა პროკურორმა რომ კონკრეტული მეწარმის აქტივობა საზოგადოების ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად. საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთ მითითებული პრაქტიკით, მსგავსი ტიპის ბუნდოვანი ნორმები ფართო არეალს უტოვებს ნორმათშემფარდებელს კანონის ნორმათა შერჩევითად გამოყენების ფართო არეალს უტოვებს, რაც სამართლებრივი უსაფრთხოებისა და სამართლის უზენაესობის პრინციპის საწინააღმდეგო მოცემულობას ქმნის.
ყოველვიე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმები, რომელიც პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმებია არის ბუნდოვანი, ვინაიდან როგორც მას, ასევე ნებისმიერ მის მდგომარეობაში მყოფ მეწარმეს არ აძლევს შესაძლებლობას გონივრულობის ფარგლებში სადავო ნორმებიდან ამოიკითხოს თუ რას მოითხოვს კანონი მისგან, თუ რა ქმედებაა დასჯადი, რის გამოც სადავო ნორმების არსებობა მათ შესაძლო სუბიექტებს პრაქტიკულად პარალიზებულ მდგომარეობაში ამყოფებს იმის შიშით, რომ მათ მიერ განცოხრიცლებული ნებისმიერი მქედება შესაძლოა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას. ამდენად, მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები ვერ პასუხობს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველი წინადადებით დადგენილ კანონის განჭვრეტადობის სტანდარტებს, რის გამოც არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
4. სადავო ნორმების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით
4.1. კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადებით დაცული სფერო და უფლებაში ჩარევა
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, მეწარმეობის თავისუფლება უზრუნველყოფილია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „მეწარმეობის თავისუფლება [...] წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების მნიშვნელოვან გამოვლინებას, ეკონომიკური მართლწესრიგის, ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი საბაზრო ურთიერთობების საფუძველს. აღნიშნული ვალდებულებით სახელმწიფო მხარს უჭერს თავისუფალი ეკონომიკის პრინციპს, რომელშიც არა მარტო მეწარმეობის ასპარეზია თავისუფალი ნებისმიერი ქმედუნარიანი სუბიექტისათვის, არამედ თავად მეწარმეობაა თავისუფალი. მხოლოდ თავისუფალი მეწარმეობის დროსაა შესაძლებელი, მეწარმე სუბიექტი გახდეს კომერციული ურთიერთობების სრულფასოვანი თანამონაწილე და შეძლოს თავისი საქმიანი უნარ-ჩვევების სრულყოფილი გამოვლინება“[29]. სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, „მეწარმეობისადმი სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გულისხმობს მარტო ინსტიტუციურად ამ საქმიანობის ნორმატიულ აღიარებას. მნიშვნელოვანია მისი მთავარი მოთამაშის, კერძოდ, მეწარმისადმი შეთავაზებული გარანტიები. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას ისეთი ნორმატიული გარემო, რომელიც წაახალისებს და ბაზრიდან არ განდევნის სიცოცხლისუნარიან სუბიექტებს, იზრუნებს მათი გაჯანსაღებისათვის“[30].
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თანახმად, „სამეწარმეო თავისუფლება და ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა ხელს უწყობს თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებას და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ახალისებს უკეთესი ხარისხის საქონლის/მომსახურების კონკურენტულ ფასად წარმოებას/მიწოდებას. თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება იცავს ეკონომიკურ აგენტებს გაუმართლებელი ბარიერების დაწესებისგან. სახელმწიფო ვალდებულია, თავი შეიკავოს ეკონომიკური აგენტებისათვის არათანაბარი პირობების შექმნისაგან და მიიღოს ზომები კონკურენტული ეკონომიკური გარემოს, თავისუფალი ბაზრის სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის“[31].
სადავო ნორმებით მეწარმე იურიდიულ პირებს აეკრძალათ ისეთი საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირბეული არ არის. ამისგან განსხვავებით, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე სამოქალაქო კოდექსითა და “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით სამეწარმეო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. აღსანიშნავია, ისიც რომ ნებისმიერი მეწარმე იურიდიული პირის მოქმედების მთავარ მიზანს არა პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, არამედ მოგებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაა. თუმცა, მეწარმე იურიდიული პირების მიერ განხორციელებულმა კანონით აუკრძალავმა აქტივობებმა შესაძლოა გავლენა იქონიონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე. მაგალითად, მეწარმემ, შესაძლოა დააფინანსოს ან თავად შექმნას ისეთი სოციალური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ვინაიდან შესაძლოა მეწარმის დირექტორს ან პარტნიორებს აღნიშნული საკითხი ადარდებდეთ და სურდეთ საკუთარი რესურსები თუ რეპუტაცია აღნიშნული საკითხის გარშემო საზოგადობრივი აზრის ფორმირებას მოახმარონ. იგივეს თქმა შეგვიძლია მოსარჩელეზეც, რომლის დირექტორიც დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკური მოვლენებით, ადარდებს მოსახლეობის წინაშე არსებული სოციალური თუ სამართლებრივი უსამართლობა და საკუთარ პოზიციას ხშირად გამოხატავს ქვეყანაშიი მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, რაც მართალია არ უკავშირდება მის ბიზნეს საქმიანობას, თუმცა როგორც მეწარმისთვის და მეწარმის დირექტორისთვის მნიშვნელოვანი აქტივობაა. ამდენად, მეწარმე სუბიექტის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება იმის გამო, რომ მისი რომელიმე აქტივობა “არ უკავშირდება მის ძირითად საქმიანობას”, წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მეწარმე სუბიექტის კერძო ავტონომიაში (რაც განმტკიცებულია კანონმდებლობით) უხეშ ჩარევას.
სადავო ნორმებით შექმნილი რეალობის პირობებში ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხოლო მეორე შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილი ხდება მეწარმეს განუსაზღვროს მისი “ძირითადი სამეწარმეო საქმიანობის” ფარგლები, რაც ცხადია ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს.
რაც შეეხება უფლებაში ჩარევის გამართლებას, მოსარჩელემ სარჩელის პირველ ნაწილში გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით დაასაბუთა რატომ ვერ ექნება სადავო ნორმებს ისეთი ღირებული მიზანი, რომელიც მეწარმისთვის სახდელის ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამართლებას დაასაბუთებდა. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამ ნაწილშიც სადავო ნორმებით მეწარმეობის თავისუფლების შეზღუდვას ვერ ექნება ღირებული ლეგიტიმური მიზანი, რომელიც უფლებაში ჩარევის მართებულობას დაასაბუთებდა. სწორედ ამიტომ, სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებითად.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3.
[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის №1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26.
[3] Handyside v. the United Kingdom, § 49; Observer and Guardian v. the United Kingdom, § 59.
[4] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2/389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-13.
[5] საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,II-6.
[6] ზვიად კუპრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,II-5.
[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7.
[8] Observer and Guardian v. the United Kingdom, § 59.
[9] Dink v. Turkey, § 137; Khadija Ismayilova v. Azerbaijan, § 158.
[10] „ლევან ყანდორელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“,II-5.
[11] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს N1/7/1275 გადაწყვეტილება საქმეზე“ ალექსანდრე მძინარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-36.
[12] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60.
[13]განმარტებითი ბარათი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
[14]Jeffrey Sonnenfeld და სხვ., „Over 1,000 Companies Have Curtailed Operations in Russia - But Some Remain“, Yale School of Management,
<https://som.yale.edu/story/2022/over-1000-companies-have-curtailed-operations-russia-some-remain?utm>
[15] Ashish Gupta et al., “Navigating Geopolitical Turmoil: Corporate Responses to the War in Ukraine and Its Impact on Consumer Mindset,” Journal of International Consumer Marketing (2024), https://doi.org/10.1177/07439156241244738.
[16]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის – გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2023 წლის. 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, II-17.
[17]ეკა არეშიძე, ქეთევან მესხიშვილი, მადონა მაისურაძე, მამუკა წიკლაური, თამარ ხაჟომია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,II-135.
[18]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2023 წლის 27 ივლისის №1/4/1394 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, I-3.
[19] შპს რეფორმერ ფიტნესის” განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ზე: https://www.facebook.com/Reformerfitness/posts/pfbid0KvuFgEe7zWB5EKM313iAayqKauS9Z9YRpLiKHvzCxFCU5AcUCrHdnC8qkJkMEZv2l?rdid=WJKKneG2zt8mokND
[20] შპს “რეფორმერ ფიტნესის” განცხადება სოციალურ სქელ Facebook-ზე: https://www.facebook.com/Reformerfitness/posts/pfbid0VWZiZavvjYfrb1qUSrpazt1HYv6FKXyuTC7S6kJAJGyQqWvRg5i2r5hkZmwtvHBel
[21] იხ, სქოლიო 25.
[22] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“, II-3
[23] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29
[24] იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-33).
[25] საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის №3/2/416 გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-38
[26] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-29
[27] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-30.
[28] „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 14 მაისის №2/2/516,542 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ალექსანდრე ბარამიძე, ლაშა ტუღუში, ვახტანგ ხმალაძე და ვახტანგ მაისაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ", II-37
[29] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-2.
[30] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის №1/2/411 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს „რუსენერგოსერვისი“, შპს „პატარა კახი“, სს „გორგოტა“, გივი აბალაკის ინდივიდუალური საწარმო „ფერმერი“ და შპს „ენერგია“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინააღმდეგ“, II-3.
[31] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის №2/11/747 გადაწყვეტილება საქმეზე „შპს გიგანტი სექიურითი“ და „შპს უსაფრთხოების კომპანია ტიგონისი“ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-3.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა