• დოკუმენტის სტრუქტურა

    • დაკაშირებული დოკუმენტები

    • ცვლილებები

  • Copied
    • ციტირება

    • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 24 ივნისის №1/2/882 გადაწყვეტილება საქმეზე „პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

ხშირად დასმული კითხვები მომხმარებლის სახელმძღვანელო კონტაქტი
ENG

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ავტორიზაცია
  • ავტორიზაცია
  • მთავარი
  • სასამართლო
    • სასამართლოს შესახებ
    • მოსამართლეები
    • კანონმდებლობა
    • სააპლიკაციო ფორმები
    • წლიური ანგარიში
    • აპარატი
    • ვაკანსია
  • სხდომები
  • სასამართლო აქტები
  • მედია
    • სიახლეები
    • საზაფხულო სკოლა
    • საერთაშორისო ურთიერთობები
    • ფოტო გალერეა
    • ვიდეო გალერეა
    • ბიბლიოთეკა
  • საჯარო ინფორმაცია
    • მოითხოვე ინფორმაცია
    • ინფორმაციის მოთხოვნის სახელმძღვანელო
    • ფინანსური გამჭვირვალობა
    • სტატისტიკა
    • პასუხისმგებელი პირები
  • გამოცემები
  • ჟურნალი
    • ჟურნალი სამართლის კულტურა
    • ჟურნალის გამოცემები
  • ENG

პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

დოკუმენტის ტიპი გადაწყვეტილება
ნომერი N1/2/882
კოლეგია/პლენუმი I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი,
თარიღი 24 ივნისი 2026
გამოქვეყნების თარიღი 24 ივნისი 2026 19:41

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი;

გიორგი თევდორაშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

სხდომის მდივანი: მარიამ ბარამიძე.

საქმის დასახელება: პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: (ა) საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:

(ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას;

(ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენასა და შენახვას;

(ა.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული;

(ბ) საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან (2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მიმართებით:

(ბ.ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო;

(ბ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2022 წლის 21 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო;

(ბ.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელე – პაატა ჩერქეზიშვილი; მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი – ლევან ჯორბენაძე; მოპასუხე მხარის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – გიორგი ჩიფჩიური და ქრისტინე კუპრავა; ექსპერტები – შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მედიცინის დოქტორი, ექიმი-ნარკოლოგი – გელა ლეჟავა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსი, მთავარი ექსპერტი – ალექსანდრე დადიანიძე.

I
აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 27 მარტს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №882) მომართა პაატა ჩერქეზიშვილმა. №882 კონსტიტუციური სარჩელი, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადმოეცა 2017 წლის 28 მარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის №1/17/882 საოქმო ჩანაწერით, კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ იქნა მიღებული არსებითად განსახილველად. №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომა, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის პირველ მარტს.

2. №822 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად არის გამოცხადებული ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, ხოლო სასჯელის სახით დადგენილია თავისუფლების აღკვეთა ექვს წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ (2022 წლის 21 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) და „ე“ ქვეპუნქტების (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) თანახმად კი, იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

4. №882 კონსტიტუციურ სარჩელში, მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული იყო ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი კი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას.

5. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის თანახმად კი, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.

6. №882 კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე პაატა ჩერქეზიშვილი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ კი, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) არაერთგზის შეძენისა და შენახვისათვის.

7. მოსარჩელე მხარის განცხადებით, სადავოდ გამხდარი საკანონმდებლო რეგულაციები ლახავს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, რამდენადაც დასჯადად აცხადებს ისეთ ქმედებას, რომელიც არ არის საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელი. მოსარჩელის მითითებით, კანაფის ფისის მოხმარება იწვევს რელაქსაციის განცდას, განაპირობებს პოზიტიური ემოციების წარმოქმნას, აუმჯობესებს შემოქმედებით უნარებს და მისი პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვა პიროვნების ავტონომიური ნების გამოხატულებაა. მიუხედავად ამისა, სადავო ნორმები აიძულებს ინდივიდს, შეცვალოს ცხოვრების წესი, უზღუდავს მას საკუთარი ნიჭისა და უნარების განვითარების შესაძლებლობას და ხშირად განაპირობებს სოციალურ იზოლაციას – მათ შორის, ნასამართლობის სტატუსითა და მთელი რიგი სხვადასხვა სამოქალაქო უფლების ჩამორთმევით. შედეგად, საზოგადოება კარგავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფასეულობას – პიროვნებას და მის უნარს, შეიტანოს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.

8. კონსტიტუციური სარჩელის ავტორის მოსაზრებით, ნარკომანიასთან ბრძოლის საკანონმდებლო ორგანოს მიერ შერჩეული პოლიტიკა არაეფექტიანია და დაკავშირებულია სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების ისედაც შეზღუდული რესურსების არაგონივრულ და გაუმართლებელ ხარჯვასთან. ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს ნარკომანიის პრობლემის გადაჭრაზე. სადავო ნორმების რეპრესიული ხასიათი განსაკუთრებით გაუმართლებელია მაშინ, როდესაც საქმე შეეხება ისეთ მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორიცაა მცენარე კანაფის პროდუქტი, კანაფის ფისი გასაჩივრებული ოდენობით, რომელმაც უმნიშვნელო ზიანი შეიძლება მიაყენოს მხოლოდ თავად მომხმარებელს.

9. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო ქმედების კრიმინალიზაცია შესაძლოა გამართლებული იყოს საჯარო ინტერესით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე შეეხება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას არასრულწლოვანების თანდასწრებით ან/და ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან არასრულწლოვანები (მაგალითად, სკოლები). მოსარჩელემ ასევე გამოყო გარკვეული სოციალური ჯგუფები, რომელთა მიმართაც სადავო ქმედების აკრძალვას შეიძლება ჰქონდეს ღირებული საჯარო ინტერესი. ამ მხრივ, მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არასრულწლოვნების აღზრდაზე (მაგალითად, მასწავლებლები) და იმ საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების შესახებ არსებული საკანონმდებლო რეგულაციების აღსრულებაში მონაწილეობენ.

10. მოსარჩელე მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც არაკონსტიტუციურად გამოცხადდა 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა. მოსარჩელის შეფასებით, სადავო რეგულაციებით განსაზღვრული კანაფის ფისი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე შეფასებული მარიხუანა იდენტური ნარკოტიკული საშუალებებია. აღნიშნულის დასადასტურებლად, სარჩელს თან ერთვის ექიმ-ნარკოლოგთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ორივე მათგანი – როგორც გამომშრალი მარიხუანა, აგრეთვე კანაფის ფისი, მცენარე კანაფისგან მზადდება და შეიცავს ერთსა და იმავე ნივთიერებას, ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას. ამასთანავე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ როგორც მარიხუანას, ასევე კანაფის ფისს ახასიათებს იდენტური ფსიქოაქტიური ეფექტი. გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცებით, 0,1315 გრამი კანაფის ფისი ერთჯერადი მოხმარებისათვის განკუთვნილი ოდენობაა, რომლის მოცულობაც, დაახლოებით, 230-ჯერ ნაკლებია 70 გრამ გამომშრალ მარიხუანასთან შედარებით.

11. მოსარჩელე მხარის შეფასებით, დემოკრატიულ საზოგადოებაში დაუშვებელია პირის უკიდურესად მძიმე სასჯელით დასჯა მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რომლითაც იგი ზიანს აყენებს საკუთარ ჯანმრთელობას. მით უმეტეს, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე იმყოფება პირობითი მსჯავრის ფარგლებში და მის მიმართ სასამართლო გამოიყენებს კიდევ უფრო მძიმე ხასიათის სანქციას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისთვის ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენება აშკარად არაპროპორციული სასჯელია, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულად გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ისევე, როგორც აშკარად არაპროპორციული სასჯელებისაგან პირების დაცვის გარანტიას.

13. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა სადავო ნორმებით დადგენილი პასუხისმგებლობისა და ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დაწესების ლეგიტიმურ მიზნებად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაასახელეს. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, სადავო ნორმები ემსახურება კანაფის ფისის ბრუნვის რეგულირებას, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის პრევენციას.

14. იმავდროულად, მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ სადავო რეგულაციები ეფუძნება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც საქართველოს აკისრებს პასუხისმგებლობას, კანაფი შეიტანოს აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან ბრძოლის უმნიშვნელოვანეს საშუალებად მიიჩნევა სისხლის სამართლის ინსტრუმენტების გამოყენება, რასაც საფუძვლად უდევს „ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენცია. აღნიშნული საერთაშორისო დოკუმენტი პირდაპირ ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად გამოაცხადონ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ქმედებები, პირადი მოხმარების შემთხვევების გამოკლებით.

15. მოპასუხე მხარის განმარტებით, კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენა და შენახვა არა მხოლოდ მომხმარებლის ჯანმრთელობას აზიანებს, არამედ ზრდის მისი გავრცელების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის მესამე პირებს. საქართველოს პარლამენტის პოზიციით, 0,1315 გრამი კანაფის ფისი არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისათვის განკუთვნილ ოდენობად, ვინაიდან მისი გამოყენება რამდენჯერმეა შესაძლებელი, რაც პირდაპირ კავშირშია გავრცელების რისკებთან. მოპასუხე მხარე ყურადღებას ამახვილებს კანაფის ფისის ფიზიკურ მახასიათებლებზე, რაც მისი ფორმის მარტივ ცვლილებას განაპირობებს. აღნიშნული კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად აიოლებს კანაფის ფისის გადატანას, ტრანსპორტირებასა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საბაჟო კონტროლისგან თავის არიდების შესაძლებლობას.

16. გარდა ამისა, მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ კანაფის ფისი არსებითად განსხვავდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხილული სხვა ნარკოტიკული საშუალებებისგან და მისი გაიგივება მარიხუანასთან დაუშვებელია. მოპასუხე მხარის არგუმენტაციით, კანაფის ფისის 0,1315 გრამი ოდენობის განხილვა არარელევანტურია, რადგან ნარკოტიკული საშუალების შეფასების ძირითადი კრიტერიუმი მასში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობაა. მოპასუხე მხარე ხაზს უსვამს 2010 წლიდან საქართველოში კანაფის ფისის დამზადების ტექნოლოგიის ცვლილების ტენდენციას, რამაც გამოიწვია მასში შემავალი ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაციის ზრდა და, შედეგად, მოხმარებისას, ნარკოტიკული თრობის ეფექტის გაძლიერება.

17. სასჯელების შესაძლო არაპროპორციულობასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სადავო ნორმებით დადგენილია თავისუფლების ვადიანი აღკვეთის როგორც მინიმალური, ასევე მაქსიმალური ზღვრული ოდენობები, რაც მოსამართლეს აძლევს საშუალებას, გაითვალისწინოს კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებები, მათ შორის, ბრალდებულისგან მომდინარე საფრთხე. შესაბამისად, ამგვარი სასჯელები არ შეიძლება შეფასდეს არაჰუმანურ ან ღირსების შემლახველ სასჯელად და ისინი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტებს.

18. დამატებით, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციას. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები, მათ შორის, ეხება კანაფის ფისის ოდენობასა და მისთვის დაწესებულ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესი მიმდინარეობს, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების შეფასებით, ალტერნატიული პრევენციული მექანიზმების დანერგვა კომპლექსურ საკითხს წარმოადგენს და საჭიროებს ერთიანი სახელმწიფო მიდგომის შემუშავებას, რაც ხანგრძლივ და ფართომასშტაბიან განხილვებს მოითხოვს. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები კვლავაც ემსახურება ლეგიტიმურ საჯარო მიზანს და ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის საბოლოოდ მიღებამდე რჩება ერთადერთ აუცილებელ სამართლებრივ ალტერნატივად.

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის პოზიციით, სადავო ნორმები ექცევა საკანონმდებლო ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებების ჩარჩოში და, ამ კონტექსტში, საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული მკაცრი ნარკოპოლიტიკის გათვალისწინებით, სადავო ნორმები კონსტიტუციურია, რის გამოც, კონსტიტუციური სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

20. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების უფროსის, მთავარი ექსპერტის, ალექსანდრე დადიანიძის განცხადებით, ადამიანის ორგანიზმზე ტეტრაჰიდროკანაბინოლის ზემოქმედებისათვის საჭირო დოზა 0,013 გრამს შეადგენს. რაც შეეხება კანაფის ფისში აღნიშნული ნივთიერების შემცველობას, პროფესიულ ლიტერატურაში, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის საშუალო კონცენტრაცია, დაახლოებით, 10%-ია. მიუხედავად ამისა, პრაქტიკაში დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა მერყეობდა 5%-დან 28%-მდე, ხოლო, გარკვეულ შემთხვევებში, აღნიშნული ნივთიერება საერთოდ არ გამოვლენილა. ექსპერტი, სტატისტიკურ მონაცემზე დაყრდნობით, უთითებს, რომ, თუკი საშუალოდ, 0,1315 გრამ კანაფის ფისში 0,01315 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლია, აღნიშნული ოდენობა სამი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის გამოსადეგი დოზაა.

21. ექსპერტმა აღნიშნა, რომ როგორც კანაფის ფისი, აგრეთვე მარიხუანა მცენარე კანაფისგან წარმოებული პროდუქტებია და ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია მცენარე კანაფში და მისგან მიღებულ ნარკოტიკულ საშუალებებში იცვლება დამზადების თითოეულ ეტაპზე. კერძოდ, შესაძლებელია, გამოიყოს მცენარე კანაფისგან მიღებული ნარკოტიკული პროდუქტების შემდეგი თანმიმდევრობა: მარიხუანა, კანაფის ფისი, კანაფის ზეთი და ხელოვნურად სინთეზირებული ტეტრაჰიდროკანაბინოლი. ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია იზრდება ყოველ მომდევნო პროდუქტში, რის გამოც, კანაფის ფისი უფრო მაღალი კონცენტრაციის ნარკოტიკული საშუალებაა, ვიდრე მარიხუანა. შესაბამისად, ექსპერტი ვარაუდობს, რომ სადავო ნორმების არსებობა შეიძლება სწორედ აღნიშნული გარემოებით იყოს განპირობებული.

22. რაც შეეხება პიროვნების დასჯადი ქმედების განსაზღვრას ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის მიხედვით, ექსპერტი ცალსახად მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიდგომის პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია. კერძოდ, ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის ზუსტად დასადგენად აუცილებელია სპეციალიზებული ლაბორატორიული კვლევა, რაც ინდივიდისთვის მიუწვდომელია. ამისგან განსხვავებით, თავად ნივთიერების ოდენობის განსაზღვრა ვიზუალურად შესაძლებელია, რაც პირს აძლევს საშუალებას, წინასწარ შეაფასოს და გააცნობიეროს კონკრეტული ნივთიერების მოხმარების, შეძენის ან გადატანის პოტენციური სამართლებრივი რისკები.

23. ექსპერტმა აგრეთვე ყურადღება გაამახვილა კანაფის ფისის მოხმარების ფორმისა და მისი ფსიქოაქტიური ეფექტის ინტენსივობის კავშირზე და აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, მოწევის გზით, მასში არსებული ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის გათვალისწინებით, იწვევს მარიხუანას იდენტურ ფსიქოაქტიურ ეფექტს, ხოლო სხვა ფორმით მოხმარების შემთხვევაში, ეფექტი, როგორც წესი, მცირდება. ექსპერტი მიუთითებს იმასაც, რომ კანაფის ფისის მიმართ პირის დამოკიდებულების ჩამოყალიბების საკითხი იდენტურია მარიხუანისადმი დამოკიდებულების განვითარების პროცესისა. ექსპერტი აქცენტირებს იმ გარემოებაზეც, რომ კანაფის ფისის მოწევის გზით მიღება ტექნიკურად რთულია, რის გამოც, მას ხშირად ურევენ სხვა ნივთიერებებში, რაც დამატებით ზრდის მისგან მომდინარე უარყოფით ეფექტებს.

24. ექსპერტის – შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მედიცინის დოქტორის, ექიმი-ნარკოლოგი გელა ლეჟავას განმარტებით, წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი, 2010 წლიდან, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის ზრდის ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნული ფაქტორი არსებითია როგორც ნარკოტიკული თრობის ეფექტების წარმოსაქმნელად, აგრეთვე პირის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის რისკების შეფასებისთვისაც. ექსპერტის ვარაუდით, 0,1315 გრამი კანაფის ფისი უფრო ნაკლები ოდენობის ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს, ვიდრე 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა. ექსპერტი აგრეთვე მიუთითებს, რომ, საშუალო მაჩვენებლების მიხედვით, კანაფის ფისი დაახლოებით 10% ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეიცავს, რაც, სადავო ოდენობის შემთხვევაში 0,01315 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეესაბამება, ნარკოტიკული თრობის მისაღწევად საჭირო დოზა კი 0,01 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს შეადგენს.

25. ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტულია ნარკოტიკული ნივთიერებების მიწოდებისა და მოხმარების შემცირება. ექსპერტის მოსაზრებით, კონსტიტუციურ სარჩელში მოთხოვნილი გასაჩივრებული ოდენობა ქმნის გასაღების რისკებს, განსაკუთრებით, კანაფის ფისის ტრანსპორტირების სიმარტივის გათვალისწინებით. ამასთან ერთად, ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლები, ხშირად, თავად არიან მომხმარებლები, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო პრაქტიკასაც შეესაბამება. ექსპერტის შეფასებით, პირის მიერ სამი მოხმარებისათვის საჭირო დოზაზე მეტი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობა მიანიშნებს მის მიერ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანზე.

II
სამოტივაციო ნაწილი

1. საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები

1. მოსარჩელე მხარე სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლთან და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით. „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პირველი მუხლის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუცია ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული კონსტიტუციური დებულებები ძალადაკარგულია. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის იმ დებულებებთან მიმართებით, რომლებსაც მსგავსი/იდენტური შინაარსი გააჩნია.

2. საქართველოს კონსტიტუციის 2018 წლის 16 დეკემბრამდე მოქმედი რედაქციის მე-16 მუხლი განამტკიცებდა ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი დაუშვებლად აცხადებდა ადამიანის წამებას, არაჰუმანურ, სასტიკ ან პატივისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასა და სასჯელის გამოყენებას. საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება, ხოლო ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმების კონსტიტუციურობას შეაფასებს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან და მე-12 მუხლთან მიმართებით.

2. სადავო ნორმების ძალადაკარგულობა

4. №882 კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე მხარე, მათ შორის, ითხოვს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2022 წლის 21 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვისათვის, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ხუთიდან რვა წლამდე.

5. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილებაში შეაფასა 0,1315 გრამის ოდენობის კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობა და აღნიშნული სასჯელი მიიჩნია საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებთან შეუთავსებლად. ხსენებულიდან გამომდინარე, ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა, სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (არაუმეტეს 0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო.

6. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის სადავოდ გამხდარ ნორმატიულ შინაარსს და მოსარჩელე მხარის მიერ იდენტიფიცირებულ არაკონსტიტუციურ შეზღუდვას საფუძველი გამოეცალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილებით, ამავე შეზღუდვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებით. ამდენად, განსახილველი დავის გადაწყვეტის მომენტისათვის, სადავო ნორმა არ ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის 0,1315 გრამამდე ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვისთვის.

7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ №882 კონსტიტუციურ სარჩელზე სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2022 წლის 21 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო, საქმე უნდა შეწყდეს.

8. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2025 წლის 16 აპრილის №499-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა სადავო ნორმებში. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. დასახელებული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე კი, აღნიშნული ცვლილებები ამოქმედდა 2025 წლის პირველი მაისიდან.

9. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადავო ნორმის რედაქციის ცვლილება განიხილება სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებად (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/3/559 განჩინება საქმეზე „შპს „გამომცემლობა ინტელექტი“, შპს „გამომცემლობა არტანუჯი“, შპს „გამომცემლობა დიოგენე“, შპს „ლოგოს პრესი“, შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „საგამომცემლო სახლი ტრიასი“ და საქართველოს მოქალაქე ირინა რუხაძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ“). ამრიგად, №882 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ გამხდარი ნორმების მითითებული ნაწილები ძალადაკარგულია.

10. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმებში ცვლილებები განხორციელდა საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, როდესაც „სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობა/გაუქმება ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ (როდესაც სასამართლო იმყოფება სათათბირო ოთახში), არ არსებობს საკანონმდებლო საფუძველი საქმის შეწყვეტისთვის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5). მართალია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ამ მხრივ, მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს სადავო ნორმის ახალ რედაქციაზე, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, გასაჩივრებული ნორმის ძალადაკარგულ რედაქციაზე მსჯელობა წარმოადგენს მოსარჩელის უფლების დაცვის ეფექტიან და პრევენციულ საშუალებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8). შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს სადავო ნორმების 2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქციების კონსტიტუციურობას.

3. სადავო ნორმების შინაარსისა და შესაფასებელი მოცემულობის განსაზღვრა

11. №882 კონსტიტუციური სარჩელით სადავოდ არის გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსების კონსტიტუციურობა, რომლებიც, ერთი მხრივ, სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ქმედებისათვის სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, ექვს წლამდე ვადით. იმავდროულად, მოსარჩელე მხარე ასაჩივრებს ხსენებული მუხლის მე-3 ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსების კონსტიტუციურობას, რომლებიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას, არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, ისევე, როგორც ამ უკანასკნელი ქმედებისათვის სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით, შეძენა და შენახვა, ისევე, როგორც გათვალისწინებულია ამ ქმედებისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კი სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად არის გამოცხადებული ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობით, არაერთგზის ან იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.

13. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება განიმარტება, როგორც ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც, გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე, შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ13 ქვეპუნქტის შესაბამისად, შეძენად კვალიფიცირდება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება, ხოლო ამავე მუხლის ჰ11 ქვეპუნქტის მიხედვით, შენახვა, ეს არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ჰ3 ქვეპუნქტის მიხედვით, კანაფის ფისი წარმოადგენს მცენარე კანაფისგან მიღებულ (გამოყოფილ) გაწმენდილ ან გაუწმენდავ ფისს, ხოლო ამავე კანონის №1 დანართის 85-ე გრაფის მიხედვით, კანაფის ფისი მიეკუთვნება ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკულ საშუალებათა რიცხვს. დასახელებული კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფისა და ამავე დანართის შენიშვნის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა – 0,1315 გრამი, წარმოადგენს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობას.

14. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით, პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ან/და თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებაში (საქმე №2კ-937აპ.-09) განმარტა დანაშაულის არაერთგზის ჩადენასა და იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას შორის არსებული განსხვავება, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის დროს, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს არა ამ მუხლით, არამედ ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე სხვა დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაული (2012 წლის 5 იანვრის რედაქცია)), მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირს ადრე ჩადენილი აქვს იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, მისი ქმედება დაკვალიფიცირდება 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2012 წლის 5 იანვრის რედაქცია), როგორც არაერთგზის ჩადენილი დანაშაული. ამგვარად, დასახელებული მუხლის, სადავო ნორმებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მითითებული განმარტების ანალიზი ცხადყოფს, რომ პირის ქმედება 0,1315 გრამი კანაფის ფისის არაერთგზის შეძენად და შენახვად დაკვალიფიცირდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა) და იგი შეიძენს ან/და შეინახავს 0,1315 გრამ კანაფის ფისს, ხოლო ქმედება დაკვალიფიცირდება სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ შემთხვევაში, თუ პირს ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულების თავში განსაზღვრული რომელიმე სხვა დანაშაული (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია)) და იგი შეიძენს ან/და შეინახავს 0,1315 გრამ კანაფის ფისს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილება საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო“).

15. ამგვარად, მოცემული სამართლებრივი დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენიმე განსხვავებული მოცემულობა. უპირველესად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის ქმედების კრიმინალიზების კონსტიტუციურობაზე საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით, მათ შორის, როდესაც ქმედება ჩადენილია არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. გარდა ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, სასჯელის სახით, კონკრეტული ვადებით თავისუფლების აღკვეთის დაწესების კონსტიტუციურობა 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის, მათ შორის, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული ქმედება ჩადენილია იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალული არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დათქმასთან მიმართებით.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ თითოეული ხსენებული საკითხის კონსტიტუციურობის შეფასება და დავის გადაწყვეტა საჭიროებს განსხვავებული სამართლებრივი პრობლემების გამოკვლევასა და სადავო ნორმების განსხვავებულ კონსტიტუციურ დებულებებთან შესაბამისობის დადგენას. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმებიდან მომდინარე თითოეული საკითხის კონსტიტუციურობას ცალ-ცალკე შეაფასებს.

4. პირადი მოხმარების მიზნით, 0,1315 გრამის ოდენობით კანაფის ფისის შეძენისა და შენახვის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის კონსტიტუციურობა

4.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ სფერო/უფლებაში ჩარევა

17. საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებულია ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, „რაც, პირველ რიგში, გულისხმობს ადამიანის პიროვნული თვითგამორკვევისა და ავტონომიურობის უფლებას. სწორედ პიროვნულობა განსაზღვრავს ადამიანის არსს, მიუთითებს მის ინდივიდუალურ და სხვებისგან განმასხვავებელ მახასიათებლებზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება, თავისი არსით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელების ფუნდამენტურ გარანტიას, რომელიც იცავს ადამიანის მიერ საკუთარი ცხოვრების საკუთარივე შეხედულებისამებრ წარმართვის თავისუფლებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის №3/7/679 გადაწყვეტილება საქმეზე „„შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-2).

18. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით „... დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ირაკლი ქემოკლიძე და დავით ხარაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). პირის თავისუფლება საკუთარ ნებასა და ქმედებაზე დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით, როგორც კერძო, ასევე საჯარო სივრცეში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-9).

19. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, შეზღუდულია რა სასარჩელო მოთხოვნით, აფასებს სადავო ნორმის კონსტიტუციურობას მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც უშუალოდ მოსარჩელე მხარის მიერ იქნა გასაჩივრებული. კერძოდ, მოსარჩელის პრობლემა შეეხება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის 0,1315 გრამის ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობას. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნის არსი შემოიფარგლება ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით შეძენისა და შენახვისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სადავო ქმედებას საფუძვლად უდევს შემძენის ან/და შემნახველის მიერ აღნიშნული საშუალების პირადი მოხმარების მიზანი.

20. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანაფის ფისის შეძენა და შენახვა, პირადი მოხმარების მიზნით, ძირითადად, ხორციელდება დასვენებისა და გართობის მიზნით. მოსარჩელე მხარემ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე განმარტა, რომ კანაფის ფისის მოხმარება იწვევს რელაქსაციის შეგრძნებას, ხელს უწყობს დადებითი ემოციის წარმოქმნას და აუმჯობესებს მის შემოქმედებით უნარ-ჩვევებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, „პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ნებას რთავს ადამიანს, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე გადაწყვიტოს, რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება იგი. ეჭვგარეშეა, რომ ადამიანის გასართობი აქტივობები მიეკუთვნება მისი პირადი ავტონომიის სფეროს. შესაბამისად, პიროვნების ზემოქმედება საკუთარ თავზე და ამგვარად გართობის ან სიამოვნების მიღება, თავისთავად, ხვდება მისი თავისუფალი განვითარების სფეროში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-12). მოცემულ შემთხვევაში, სადავო ნორმა, რამდენადაც აწესებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცულ ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

4.2. ჩარევის კონსტიტუციურსამართლებრივი გამართლება

21. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „პირის თავისუფალი განვითარების უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის და ამ უფლებით სარგებლობა შეიძლება შეიზღუდოს, როდესაც ის ზიანს აყენებს სხვათა უფლებებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ინტერესებს. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულია, შექმნას თავისუფალი სივრცე პიროვნების განვითარებისთვის და უზრუნველყოს ამ უფლების ეფექტიანი რეალიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, იზრუნოს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/4/570 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). „სახელმწიფომ უნდა აღიაროს, პატივი სცეს და უზრუნველყოს ქცევისა და განვითარების თავისუფლება იმგვარად, რომ არ მოხდეს სხვათა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების არათანაზომადი და არასათანადო შეზღუდვა, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და ღირებული ლეგიტიმური მიზნების შელახვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-65).

22. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება ექვემდებარება კონსტიტუციურსამართლებრივ შეზღუდვებს.

23. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „სამართლებრივ სახელმწიფოში ხელისუფლება შეზღუდულია უპირობო ვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში (მის ნებისმიერ უფლებაში) ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს გარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია. ასეთია ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგი. ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ამ ვალდებულებით განსაკუთრებით შეზღუდულია პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის შექმნისას და გამოყენებისას. ასეთი კანონმდებლობა, თავისთავად, ხასიათდება ადამიანის თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევის კანონზომიერებით. ამიტომ, ასევე კანონზომიერია ამ პროცესში სახელმწიფოს მომეტებული სიფრთხილის აუცილებლობა, რადგან სამართალი დაკარგავს თავის ფუნქციას, თუ ადამიანები დაისჯებიან ამისათვის შესაბამისი და აუცილებელი საფუძვლის გარეშე. ... ასევე, ცხადია, რომ არ შეიძლება სამართლის ჰუმანურობის ფუნქციის უგულებელყოფა, რადგან ის ხელს უწყობს არა მხოლოდ თავად სამართლის, არამედ საზოგადოების პროგრესულ განვითარებას. შესაბამისად, სამართლის ჰუმანურობის მიღწევა და ამ გზით მისი განვითარება მუდმივი მიზანია, რომლის ხელშეწყობა, უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა, თუმცა, ბუნებრივია, იმ ზღვრამდე, ვიდრე ეს არ დაუპირისპირდება სამართლისა და კანონის სხვა მიზნებსა და ძირითად ფუნქციას. ... ადამიანებს უნდა შეეძლოთ, ისარგებლონ საზოგადოებისა და სამართლის განვითარების, პროგრესული, ჰუმანური აზროვნების პოზიტიური შედეგებით. პირმა პასუხი უნდა აგოს რეალურად საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩადენისთვის, იმავდროულად, იმ წესითა და ფარგლებში, რაც ობიექტურად აუცილებელი და საკმარისია კონკრეტული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნების მისაღწევად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/6/557,571,576 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ვალერიან გელბახიანი, მამუკა ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე სილაგაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-62-64).

24. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ბუნებრივია, სახელმწიფოს აქვს ფართო მიხედულების ზღვარი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის დროს. სამართლებრივი სახელმწიფო ემსახურება რა თავისუფალი და დაცული ადამიანის უზრუნველყოფას, ამ მიზნის მისაღწევად ის აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი და საკმარისი ეფექტიანი ბერკეტებით. ამ თვალსაზრისით, მძლავრ და მნიშვნელოვან ინსტრუმენტს სახელმწიფოს ხელში წარმოადგენს დანაშაულთან ბრძოლა და, ამ გზით, საზოგადოებრივი წესრიგის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სხვა ლეგიტიმური კონსტიტუციური მიზნების დაცვა და, შედეგად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევის თავიდან აცილება, პრევენცია. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ტვირთი ძალიან მაღალია ამ ინსტრუმენტის მიზნობრივად გამოყენებისთვის, რადგან ის (ინსტრუმენტი) თავად არ აღმოჩნდეს სახელმწიფოს ხელთ იმ სიკეთეების დარღვევის წყაროდ, რომელთა დასაცავადაც მისი გამოყენების კონსტიტუციური ვალდებულება აქვს ხელისუფლებას. ამ პროცესში, სახელმწიფოს ევალება ადამიანისთვის, საზოგადოებისთვის, სახელმწიფოსთვის საფრთხის შემქმნელი რისკების სწორად შეფასება, პროგნოზირება, რეალური საფრთხეების ობიექტურად აწონა და მათ ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად გონივრული, უკიდურესად აუცილებელი და, ამასთანავე, საკმარისი ღონისძიებების გამოყენება. შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის სფეროს განეკუთვნება კანონით კონკრეტული ქმედებების რეგულირება, აკრძალვა და ასეთი საყოველთაო წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების გამოყენება. ბუნებრივია, ამ პროცესში სახელმწიფოს ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რადგან, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ არ შეზღუდოს ადამიანების თავისუფლება ამა თუ იმ ქმედების აკრძალვის გზით, ხოლო, მეორე მხრივ, აკრძალული ქმედების ჩადენისთვის სახელმწიფოს პასუხი არ იყოს გადამეტებული, არაპროპორციული, რადგან ასეთი პასუხიც ადამიანის თავისუფლების სფეროს, სახელმწიფოს მხრიდან, შევიწროებას თავისთავად გულისხმობს. სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანის თავისუფლებაში (მის უფლებებში) ჩაერიოს ობიექტურად საჭიროზე მეტი დოზით, რადგან შედეგად მიზნად გადაიქცევა ადამიანის შეზღუდვა და არა მისი დაცვა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

25. ამდენად, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის გამართლებისათვის დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი. „თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). სწორედ ზემოხსენებული თითოეული გარემოების მხედველობაში მიღებით უნდა შეაფასოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 0,13515 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა, რამდენად თანაზომიერად ზღუდავს ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.

4.2.1. ლეგიტიმური მიზანი

26. საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების განმარტებით, სახელმწიფოს ნაკისრი აქვს საერთაშორისო ვალდებულებები, უზრუნველყოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის რეგულირება. მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ სადავო ნორმის მიზანია ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, აგრეთვე მთლიანად საზოგადოების) და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

27. ამ თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, ავალდებულებს, იბრძოლოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სისხლისსამართლებრივი რეგულირების ქვეშ მოაქციოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის ხელშემწყობი, მასთან დაკავშირებული ქმედებები. ამგვარ ქმედებებად, კონვენციის მიზნებისათვის, მოიაზრება, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. მაშასადამე, ზემოხსენებული კონვენცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას და შეთანხმებას, ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებს ხელმომწერ სახელმწიფოებს, სისხლის სამართლის წესით დასაჯონ სადავო ნორმით განსაზღვრული ქმედება. გარდა ზემოთ დასახელებული მიზნებისა, კონვენციის შესავალში გაცხადებულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვას მოაქვს დიდი ფინანსური მოგება ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ორგანიზაციებისთვის, რაც ძირს უთხრის ლეგალურ ეკონომიკას, სახელმწიფოთა სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და სუვერენობას.

28. მიუხედავად ამისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, „ამა თუ იმ ნივთიერების/საშუალების თავისუფალი ბრუნვიდან ამოღების ამოცანა თავისთავად ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ მიზნად. ... ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების პრევენცია კონსტიტუციით დაცული სიკეთის – ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას უნდა უკავშირდებოდეს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-73) და კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის აკრძალვის გზით, ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შეზღუდვის წყაროს თავად საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი უნდა წარმოადგენდეს. შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური ბრუნვიდან ამოღება არ შეიძლება იყოს სახელმწიფოს თავისთავადი, თვითკმარი მიზანი.

29. ამასთანავე, ცხადია, სახელმწიფოს საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლეგიტიმური ინტერესი გააჩნია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის რეგულირების (შეზღუდვის, აკრძალვის) ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 30 ივლისის №1/3/1282 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქეები – ზურაბ ჯაფარიძე და ვახტანგ მეგრელიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9-13; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-18-22; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,“ II-11).

30. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო უფლებამოსილია, არეგულიროს ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა, მათი პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის შესაძლებლობის შეზღუდვით, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის შექმნილი რისკების პრევენციის მიზნით. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ დასახელებული მიზნები ღირებული საჯარო ინტერესებია, რომელთა მისაღწევადაც დასაშვებია საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით დაცული უფლების შეზღუდვა.

4.2.2. გამოსადეგობა

31. სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცებისას, მოპასუხე მხარე მიუთითებს ორ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ, ისეთ ლეგიტიმურ მიზანზე, როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს იმას, რამდენად წარმოადგენს სადავო რეგულირება დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის გამოსადეგ საშუალებას.

4.2.2.1. საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზანი

32. საზოგადოების უსაფრთხოების ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესაფასებელია, რამდენად წარმოშობს კანაფის ფისის ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი უსაფრთხოების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რამდენად რეალურია დაშვება, რომ კანაფის ფისის მოხმარების მოთხოვნილებამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას.

33. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, საზოგადოებრივ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები არსებითად მიემართება ისეთ ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელთა მოხმარებაც იწვევს დამოკიდებულების სწრაფ ჩამოყალიბებას ან/და აგრესიული ქმედებების განხორციელებას. „ისეთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება, რომელიც ადვილად იწვევს შეჩვევას ან რომლის მოხმარების შემთხვევაში პირი ხდება აგრესიული და სჩადის ძალადობრივ ქმედებებს, შეიცავს რისკებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის. აბსტინენციის პირობებში, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლები მიდრეკილი არიან დანაშაულისა თუ სხვა ანტისოციალური ქმედებების ჩადენისკენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-42). თავის მხრივ, „ისეთი ნივთიერებების მოხმარება, რომლებიც ხასიათდება სწრაფი შეჩვევით ან რომელთა მოხმარება იწვევს პირის მიერ აგრესიულ ქმედებებს, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამგვარ ნივთიერებებთან მიმართებით აშკარაა, ერთი მხრივ, ის მყისიერი საფრთხე, რასაც აგრესიის გამომწვევი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო მოხმარება წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ანტისოციალური, არამართლზომიერი ქმედებების ჩადენის რისკი, რომელსაც ძლიერი აბსტინენციის მდგომარეობა იწვევს. ხელშესახებია აგრესიული ქმედებების ჩადენის გამომწვევი ნივთიერებების მოხმარების დასჯის მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთ შემთხვევაში, სასწორზეა საზოგადოების უსაფრთხოება და მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესი, დაცული იყოს თითოეული საზოგადოების წევრის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნებისმიერი პირის მიერ გამოხატული ძალადობრივი და ანტისოციალური ქმედებებისაგან“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-57).

34. კანაფის ფისი (მსგავსად მარიხუანის ან კანაფის ზეთისა) მცენარე კანაფის პროდუქტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეზე იმსჯელა მცენარე კანაფისგან დამზადებული ნარკოტიკული საშუალებების თვისებებზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, მათ შორის, 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებაში საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე გააანალიზა და შეაფასა კანაფის ფისისაგან მომდინარე საფრთხეები, რომლებიც მის მოხმარებას შეეძლო შეექმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ საქმეში, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, დაადგინა, რომ კანაფის პროდუქტების მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). ამავე გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ დასტურდებოდა კავშირი კანაფის პროდუქტების მოხმარებასა და სხვა დანაშაულებების ჩადენას შორის (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-26). იმავდროულად, უშუალოდ №882 კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტებმა განმარტეს, რომ კანაფის ფისის, ისევე, როგორც კანაფის სხვა პროდუქტების, მოხმარების ეფექტი, როგორც წესი, გამოიხატება მოდუნებაში და არ იწვევს აგრესიული ქმედებების ჩადენის პროვოცირებას. ამ გარემოებების ფონზე, მოპასუხე მხარეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არ წარმოუდგინა სათანადო მტკიცებულებები, მათ შორის, სარწმუნო და მეცნიერულად დასაბუთებული კვლევები, რომლებიც დამაჯერებლად წარმოაჩენდა მიზეზ-შედეგობრივ კავშირს კანაფის ფისის პირად მოხმარებას ან პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას და სხვა სამართალდარღვევების ჩადენის მაჩვენებლის მატებას შორის, რაც საჭიროს გახდიდა აღნიშნული საკითხის ჩამოყალიბებული კონსტიტუციური პრაქტიკისგან განსხვავებულად შეფასებას.

35. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ნათელია, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევს მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებას და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. ჰიპოთეტურია დასკვნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება აბსტინენციის ჩამოყალიბებას გამოიწვევს და, მით უფრო, ჰიპოთეტურია კანაფის ფისისგან ჩამოყალიბებული აბსტინენციის მდგომარეობაში მყოფი პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოპოვების მიზნით, დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შესაბამისად, კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისათვის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ვარგისი საშუალება.

4.2.2.2. საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზანი

36. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, იმისათვის, რომ დაადგინოს მიზეზშედეგობრივი კავშირი, ერთი მხრივ, 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის აკრძალვას და, მეორე მხრივ, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს შორის, პირველ რიგში, გამოიკვლევს კანაფის ფისის ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.

37. როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ უკვე შეაფასა მცენარე კანაფის პროდუქტებისგან მომდინარე ეფექტები და საფრთხეები, რაც ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს მისი მოხმარებისას. კერძოდ, აღნიშნული საქმის განხილვის მიმდინარეობისას დასახელდა მცენარე კანაფისგან მომდინარე ისეთი ზოგადი საფრთხეები, როგორებიცაა: მეხსიერებისა და გონებრივი ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიარობის გართულებები, ისეთი ფსიქიატრიული გვერდითი მოვლენები, როგორებიცაა: ფსიქოზი, შიზოფრენია, პარანოია, ჰალუცინაციები, დეპრესია, აღგზნებადობა, შობადობის რისკის ქვეშ დაყენება. აღნიშნულ საქმეზე დადგინდა, რომ კანაფის მოხმარებისას, მისდამი ფიზიკური დამოკიდებულება ვითარდება გაცილებით უფრო ნელა, ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში. ამასთანავე, კანაფის ზედოზირების შემთხვევები არ წარმოშობს ლეტალურ შედეგებს. მაშასადამე, მართალია კანაფის მოხმარებამ შესაძლოა, ნეგატიური გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა ამ აქტისაგან მომდინარე საფრთხე მომხმარებლისათვის არის უფრო მსუბუქი, სხვა ე. წ. მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად გამოწვევად ზიანთან შედარებით (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19). იმავდროულად, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტის, ექიმ-ნარკოლოგ გელა ლეჟავას განმარტებით, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის კონცენტრაცია, საშუალოდ, 4–6-ჯერ აღემატება მარიხუანაში არსებულ ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობას. სხვა მხრივ, კანაფის ფისიც და მარიხუანაც, ისევე, როგორც მცენარე კანაფისგან ნაწარმოები სხვა ნარკოტიკული საშუალებები, ხასიათდება ერთი და იმავე ნარკოგენული ეფექტით, აბსტინენციის ჩამოყალიბების პერიოდითა და სიმწვავით.

38. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის უდავოა, რომ კანაფის ფისის მოხმარება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, ხოლო მისი ბრუნვის რეგულირება, გავრცელების პრევენცია ემსახურება როგორც ცალკეული ინდივიდის, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას. კონსტიტუციური დავის გადაწყვეტის შემდგომ ეტაპზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება – 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება, რამდენად არის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალება.

4.2.3. აუცილებლობა

39. განსახილველ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება წარმოადგენს მხოლოდ საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებას. შესაბამისად, საქმის გადაწყვეტის მოცემულ ეტაპზე, სწორედ ხსენებული მიზნის ფარგლებში წარიმართება მსჯელობა იმის თაობაზე, რამდენად შეესაბამება სადავო ნორმით დადგენილი ღონისძიება თანაზომიერების პრინციპის აუცილებლობის ელემენტს.

40. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის წინააღმდეგ სახელმწიფომ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ზომა – გაატაროს რეპრესიული პოლიტიკა და სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ებრძოლოს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვას ან ჰქონდეს მომხმარებელთა მკურნალობაზე, ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნის შემცირებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და ა. შ.. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია არ არის იმის შეფასება, რომელი ღონისძიებაა უკეთესი ან უფრო მეტად მიზანშეწონილი, არამედ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფოს მიერ გამოყენებული რეგულირების შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან (იხ., საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

41. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს „ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1988 წლის კონვენციაზე, რომლის თანახმადაც, ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან ბრძოლა, სისხლის სამართლის მექანიზმების გამოყენებით, მიჩნეულია ნარკოტიკული საშუალების ბრუნვასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან გზად. კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს ხელმომწერ მხარეებს, სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ქმედებები, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გარდა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხსენებული კონვენცია პირდაპირ ავალდებულებს ხელშემკვრელ მხარეებს, სისხლისსამართლებრივი წესით დასაჯონ ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვასთან დაკავშირებული მთელი რიგი ქმედებები, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და შენახვა. ამასთანავე, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რამდენად წარმოადგენს კანაფის ფისის ბრუნვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობა მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიან საშუალებას. მიუხედავად ამისა, იმ პირობებში, რამდენადაც კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას კანაფის ფისის მოხმარებისაგან მომდინარე ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეები და იმავდროულად, არ არსებობს მეცნიერულ ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცალსახა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ინდივიდის პირადი ავტონომიის ნაკლებად შემზღუდველი საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია კანაფის ფისის უკანონო ბრუნვასთან ეფექტიანი ბრძოლა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ღონისძიება წარმოადგენს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ საშუალებას.

4.2.4. პროპორციულობა (ვიწრო გაგებით)

42. უფლებაშემზღუდველი ნორმატიული წესის საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისად მიჩნევისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, სადავო ნორმით დადგენილი რეგულირების ფარგლებში დაცული ინტერესი, თავისი მნიშვნელობით, რამდენად აღემატება შეზღუდულ ინტერესს და რამდენადაა დაცული პროპორციულობა ვიწრო გაგებით (stricto sensu) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბრის №3/4/550 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ნოდარ დვალი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-43).

43. სახელმწიფო სადავო რეგულაციის შემუშავებით ზღუდავს ინდივიდის მიერ საკუთარი პიროვნების განვითარების უფლების ერთ-ერთ პრივატულ სფეროს, რამდენადაც სისხლისსამართლებრივად აკონტროლებს იმას, რა შეიძლება შეიძინოს და შეინახოს ადამიანმა პირადი მოხმარების მიზნით, თანაც ამ აქტისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენის გზით. ზოგადად, ამა თუ იმ ქმედების სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად გამოცხადება მიმართულია აღნიშნული ქმედების ჩადენის პრევენციისა და მისგან მომდინარე უარყოფითი შედეგების შემცირებისაკენ. როგორც უკვე დადგინდა, კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესება მიმართულია არა მხოლოდ მომხმარებლის, არამედ მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვისკენ.

44. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ინდივიდის სავალდებულო ქცევის განსაზღვრა, მათ შორის, იმის დადგენა, რისი შეძენა, რითი კვება, დალევა თუ მოწევა არის დასაშვები და ამგვარი ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირის ავტონომიაში ჩარევის ფორმას, რაც გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩარევა საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობით არის განპირობებული. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც შეუთავსებელია თავისუფალი საზოგადოების პრინციპებთან. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა ვერ გამართლდება სახელმწიფოს ინტერესით, დაიცვას ინდივიდი საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისაგან.

45. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყურადღების იმ გარემოებაზე გამახვილება, რომ სადავო ნორმით აკრძალული ქმედება მიემართება არა მხოლოდ ცალკე აღებული ერთი ინდივიდის, მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესს, არამედ მთლიანად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას, რამდენადაც, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, კანაფის ფისის მოხმარება ქმნის საბაზრო მოთხოვნას და, შესაბამისად, ყველა მომხმარებლის ქმედება, ერთობლიობით, მნიშვნელოვან საფრთხეებს შეიცავს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვა კომპლექსურ ღონისძიებებს მოიცავს. აღნიშნულ პროცესს თან ახლავს სხვადასხვა ხელშემშლელი და ხელშემწყობი ფაქტორები. ამ ბრუნვის მონაწილეა როგორც ნარკოტიკული საშუალების დამამზადებელი, მწარმოებელი, მომყვანი, ასევე მისი გამსაღებელი, შემძენი და მომხმარებელი. ბრუნვის ნებისმიერი მონაწილე, გარკვეული ხარისხით, ხელს უწყობს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერების შეძენით, მისი მომხმარებლები ქმნიან „საბაზრო მოთხოვნას“, რაც ასეთი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მამოძრავებელი ძალაა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალების შემძენი, უკანონო ბრუნვის მონაწილე სხვა პირების მსგავსად, მოქმედებს საზოგადოებრივი ინტერესების წინააღმდეგ – იგი, დამამზადებელთან, მწარმოებელთან და გამსაღებელთან შედარებით, ნაკლებად, თუმცა მაინც უწყობს ხელს ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვას. აკრძალული ნივთიერებების ბრუნვიდან რომელიმე მამოძრავებელი მონაწილის გამოთიშვა კი – აფერხებს ბრუნვას და ქმნის მის შემზღუდველ ეფექტს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-35).

46. იმისათვის, რათა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს, სადავო ღონისძიებით განსაზღვრულია თუ არა სამართლიანი ბალანსი უფლებაშემზღუდველი ნორმით დაცულ სამართლებრივ სიკეთესა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ, ყველას მიერ საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას შორის, პირველ რიგში, გამოკვლეულ უნდა იქნეს 0,1315 გრამი კანაფის ფისის ოდენობიდან მომდინარე ინდივიდუალური საფრთხეები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზანთან მიმართებით.

47. აღსანიშნავია, რომ №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოიკვეთა, რომ ნარკოგენული, ისევე, როგორც მისგან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, ნარკოტიკული საშუალებები – მარიხუანა და კანაფის ფისი არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. კანაფის პროდუქტისაგან წარმოებული ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი, პრაქტიკაში, ადამიანის ორგანიზმში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის აღმოჩენით დგინდება. შესაბამისად, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტის დადგენის პროცესში შესაძლოა, არც კი გაიმიჯნოს ის გარემოება, პირმა მარიხუანა მოიხმარა თუ კანაფის ფისი. ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები, რომლებიც გაკეთდა მარიხუანის მოხმარებასთან მიმართებით, დიდწილად, რელევანტურია კანაფის ფისის მოხმარების დასჯადობის შეფასებისას.

48. იმავდროულად, მხედველობაში მისაღებია, რომ, ზოგადად, ნარკოტიკული საშუალების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მატულობს მასთან დაკავშირებული და მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, თუმცა ხაზგასასმელია ისიც, რომ ამა თუ იმ ნარკოტიკული საშუალების მასა, რაოდენ მცირე რიცხვებშიც არ უნდა იყოს გამოსახული, თავისთავად, არ მიუთითებს მის მცირე ან დიდ ოდენობაზე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთ საქმეში დაადგინა, რომ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალებით გამოწვეული საფრთხეების ობიექტური შეფასება მოითხოვს იმის განსაზღვრას, რამდენი მოხმარებისთვის არის კონკრეტული ოდენობა საკმარისი, რისთვისაც განმსაზღვრელია მისი ქიმიური შემადგენლობა და მასში არსებული აქტიური ნივთიერებების სპეციფიკა. შესაბამისად, სადავო ქმედების სიმძიმისა და მისგან მომდინარე საფრთხეების სრულფასოვანი ანალიზისათვის აუცილებელია, დადგინდეს, რა პოტენციალი გააჩნია და რამდენი მოხმარებისთვის არის გამოსადეგი 0,1315 გრამი კანაფის ფისი.

49. საქმეზე წარმოდგენილი მასალების, აგრეთვე №882 კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვაში მონაწილე ექსპერტთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უდავოა, რომ კანაფის ფისი, სხვა შემადგენელ კომპონენტებთან ერთად, შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, რომლის პროცენტული შემადგენლობა განსაზღვრავს კანაფის ფისის მოქმედების ნარკოგენულ ეფექტს. ექიმ-ნარკოლოგ გელა ლეჟავას და ექსპერტ ალექსანდრე დადიანიძის განმარტებების თანახმად, საშუალო სტატისტიკური მონაცემებით, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა, დაახლოებით, 10%-ია, თუმცა, ამავე დროს, კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება იყოს როგორც 1%-ზე ნაკლები, ასევე უტოლდებოდეს 30%-ს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნარკოტიკული თრობისა და ინდივიდების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ყველა კანაფის ფისი არ არის ერთნაირი. მცენარე კანაფის სახეობის, გეოგრაფიული მდებარეობის, კულტივირებისა და შემდგომი გადამუშავების მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, კანაფის ფისის ეფექტი შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად განსხვავებული (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილება საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო“, II-23).

50. ექსპერტთა მიერ განმარტებების მხედველობაში მიღებით დგინდება, რომ 0,1315 გრამ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა შეიძლება მერყეობდეს 0,001315 გრამიდან 0,03945 გრამამდე, ხოლო თუ საშუალოდ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობა წარმოადგენს 10%-ს, მაშინ გამოდის, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი საშუალოდ შეიცავს დაახლოებით 0,01315 გრამ ტეტრაჰიდროკანაბინოლს. ამასთანავე, საქმეზე მოწვეულმა ექსპერტებმა, სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, განაცხადეს, რომ ნარკოგენული ეფექტისთვის საჭიროა 0,01 გრამი ტეტრაჰიდროკანაბინოლი. შესაბამისად, ირკვევა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი, დაახლოებით, საშუალოდ ერთი, ხოლო მაქსიმუმ – 4 მოხმარებისათვის საკმარისი დოზაა.

51. მართალია, კანაფის ფისის ის ოდენობა, რომელიც გამოსადეგია 4-ჯერადი მოხმარებისთვის, ავტომატურად არ მიუთითებს მისი გავრცელების გარდაუვალობაზე, თუმცა არ გამორიცხავს რისკს, რომ იგი აღმოჩნდეს მესამე პირების ხელში და წარმოიშვას მისი გავრცელების საფრთხეები. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არსებითი განხილვის სხდომაზე ექსპერტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, კანაფის ფისის ფიზიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ექსპერტები მიუთითებენ, კანაფის ფისის ფორმა მარტივად ექვემდებარება ცვლილებას, რაც საგრძნობლად მარტივს ხდის მის ტრანსპორტირებას და ამყარებს რისკებს მისი გავრცელების კუთხით.

52. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პრაქტიკაზე ყურადღების გამახვილება, რომელიც შეეხება მცენარე კანაფთან დაკავშირებული ცალკეული ქმედების სისხლის სამართლის წესით დასჯადობის არაკონსტიტუციურად ცნობას, საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, არაკონსტიტუციურად ცნო „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. ამდენად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საკმაოდ ვრცელი სამართალწარმოების პრაქტიკაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია მხოლოდ მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.

53. მიუხედავად იმისა, რომ №882 კონსტიტუციური სარჩელზე წარმოდგენილი პოზიციებით – როგორც მოსარჩელე მხარის, ისე მოწვეული ექსპერტების მიერ – ხაზგასმით აღინიშნებოდა კანაფის ფისისა და მცენარე მარიხუანას ნარკოგენული ეფექტების იდენტურობა და წარმოდგენილი იყო ამ ორი ნარკოტიკული საშუალების ოდენობების შედარებითი ანალიზი, მოცემულ საქმეზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველ საკითხს წარმოადგენს არა მხოლოდ მოხმარების ფაქტის, არამედ, პირადი მოხმარების მიზნით, კანაფის ფისის შეძენისა და შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კონსტიტუციურობის საკითხი. ზემოთ დასახელებული სასამართლო პრაქტიკისაგან განსხვავებით, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანაფის პროდუქტის, მარიხუანას მოხმარება, როგორც ქმედება, იმთავითვე გამორიცხავს ნარკოტიკული საშუალების გავრცელების თეორიულ შესაძლებლობას, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება, მოხმარების შედეგად, წყვეტს არსებობას ფიზიკური ფორმით, 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვა, თავისი ბუნებით, განსხვავდება ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემთხვევისგან. კერძოდ, შეძენისა და შენახვის შემთხვევაში, ნარკოტიკული საშუალება კვლავ რჩება ხელმისაწვდომი ფიზიკურ სივრცეში, რაც, მიუხედავად პირადი მოხმარების მიზნისა, ვერ გამორიცხავს მისი მესამე პირების ხელში მოხვედრის რისკსა და პოტენციურად, საფრთხის შექმნას სხვათა ჯანმრთელობისათვის.

54. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ქმედებებისა და მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების სახესხვაობაზე ჯერ კიდევ 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილებაში გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მარიხუანას მოხმარებას, სხვა დასჯადი ქმედებებისაგან, როგორებიცაა დამზადება, შეძენა ან შენახვა, ის განასხვავებს, რომ მოხმარების აქტი არ ქმნის რეალურ საფრთხეს ნარკოტიკული ნივთიერების გასაღების თვალსაზრისით. მარიხუანას მოხმარება მიმართულია თავად მომხმარებელზე და არ არის გათვლილი სხვა პირებზე ზემოქმედებისათვის. შესაბამისად, ასეთი ქმედებით, საფრთხე ექმნება მხოლოდ თავად მომხმარებლის და არა სხვათა ჯანმრთელობას, რაც მას განასხვავებს, მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისგან (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-53). ბუნებრივია, თუ პირს დაუდგინდა მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული, თავისთავად, შეიძლება იყოს ინდიკატორი იმისა, რომ იგი ფლობდა ან გარკვეულ ეტაპზე ინახავდა აღნიშნულ ნარკოტიკულ ნივთიერებას. ადამიანის მიერ ნებელობით კანაფის ფისის მოხმარება შეუძლებელია, თუ მასზე გარკვეული ფორმით მფლობელობა არ განახორციელა. მაშასადამე, მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა მისი მოხმარების განუყოფელი კომპონენტია. მიუხედავად ხსენებულისა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოახდენს, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვის, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ნივთიერების მოხმარებისგან მომდინარე საფრთხეების გაიგივებას.

55. ის გარემოება, რომ ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა კანაფის ფისში შეიძლება მნიშვნელოვნად მერყეობდეს და 0,1315 გრამი ფისი, ზოგ შემთხვევაში, ოთხ მოხმარებაზე იყოს გათვლილი, ცვლის მისი საზოგადოებრივი საფრთხის ხარისხს. 0.1315 გრამ კანაფის ფისში ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობის კონცენტრაციის მერყეობა მიუთითებს იმაზე, რომ, რეალურად, საქმე შეეხება არა ინდივიდის მიერ კონკრეტული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას ან/და მხოლოდ ერთჯერადი მოხმარებისათვის საკმარის დოზას, არამედ მრავალჯერადი მოხმარების პოტენციალის მატარებელ რაოდენობას, რაც ქმნის წინაპირობას მისი სხვა პირებისათვის გაცემის ან ჯგუფურად გამოყენებისათვის.

56. აშკარაა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის კრიმინალიზება, როგორც აღნიშნული ქმედების ჩადენის პრევენციის ღონისძიება, მიმართულია არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლის, არამედ საზოგადოების სხვა წევრების ჯანმრთელობის დაცვისაკენაც. შესაბამისად, №882 კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ გამხდარი შემთხვევა, განსხვავდება იმ საქმისაგან, რომელშიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაფასებს, რამდენად მოქმედებდა სისხლის სამართლის პოლიტიკის სფეროში შეფასების თავისუფალ ფარგლებში საკანონმდებლო ორგანო, როდესაც განსაზღვრავდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისათვის.

57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პოლიტიკის ფორმირება სახელმწიფოს პოლიტიკური დისკრეციის სფეროა, რომლის შემუშავება, პირველ რიგში, ექსკლუზიურად საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნება. სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება, მათ შორის, მოიცავს ცალკეული, საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედებების კრიმინალიზების უფლებამოსილებას. ამ პროცესში, საკანონმდებლო ორგანოს გააჩნია, მართალია, კონსტიტუციური წესრიგითა და ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით პირობადებული, თუმცა მაინც თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები, რათა სახელმწიფოში კრიმინოგენული მდგომარეობის, კონკრეტული ქმედების სოციალური საფრთხის დონის, სამართლებრივი სიკეთეების შეპირისპირებისა თუ ყველა სხვა რელევანტური და კონსტიტუციურად გამართლებული კრიტერიუმის ანალიზის საფუძველზე, მიიღოს მისი [ქმედების] დანაშაულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-32-34). საკონსტიტუციო კონტროლის ობიექტი კი, საკანონმდებლო და საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოების კომპეტენციებს შორის ბალანსის დაცვის მიზნით, შესაძლებელია, გახდეს ქმედებების კრიმინალიზების იმგვარი შემთხვევები, რომლებიც თავისთავად იწვევს პირის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების გადაჭარბებულ, არაგონივრულ და არაპროპორციულ შეზღუდვას (იხ., mutatis mutandis საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-34).

58. მოცემულ საქმეზე, როგორც აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე დაასკვნა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენს მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ 4 მოხმარებისათვის საკმარის დოზას. ამასთანავე, სადავო ნორმა შეეხება პირადი მოხმარების მიზნით, ამ ოდენობის კანაფის ფისის შეძენისა და შენახვის აკრძალვას, რაც ქმნის რისკებს მისი გავრცელებისა და, შესაბამისად, საზოგადოების წევრების ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მდგომარეობის წარმოშობისათვის. ამ მხრივ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფოს დისკრეციული უფლებამოსილებაა, განსაზღვროს, რა ფორმითა და მექანიზმებით უპასუხებს ამგვარი რისკებიდან მომდინარე საზოგადოებრივი ჯანმრთელობისაკენ მიმართულ საფრთხეებს, მათ შორის, გამოიყენებს თუ არა სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტს, თუმცა მკაცრად იმ დათქმით, რომ თითოეული დანაშაულებრივი ქმედებისათვის გათვალისწინებული სასჯელი შეესაბამება სასჯელის პროპორციულობისადმი წაყენებულ კონსტიტუციურ სტანდარტებს.

59. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის 0,1315 გრამის ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.

5. პირადი მოხმარების მიზნით, 0,1315 გრამის ოდენობით კანაფის ფისის შეძენისა და შენახვის, სისხლის სამართლის წესით, დასჯადობის კონსტიტუციურობა, რომელიც ჩადენილია არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული

60. განსახილველ საქმეზე, მოსარჩელე მხარე, მათ შორის, სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსების (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომლებიც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, ჩადენილს არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაული.

61. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებად არის გამოცხადებული, მათ შორის, 0,1315 გრამის ოდენობის კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით, შენახვა და შეძენა, ჩადენილი არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაული. ამასთანავე, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ქმედება დაკვალიფიცირდება არაერთგზისად იმ შემთხვევაში, თუ პირი ნასამართლევია ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვის ან გადაგზავნისათვის და შეიძენს და შეინახავს 0,1315 გრამ კანაფის ფისს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) მაშინ, როდესაც პირს ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაული (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებისა) და შეიძენს და შეინახავს 0,1315 გრამ კანაფის ფისს. დასახელებული სადავო ქმედებების ობიექტური შემადგენლობა, დანაშაულის ამსრულებელი სუბიექტის მიღმა, იდენტურია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) განსაზღვრული დანაშაულისა. სწორედ ქმედების ამსრულებლის ვინაობა წარმოადგენს იმ დამამძიმებელ გარემოებას, რის გამოც, სადავო ნორმები მოქცეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია).

62. ამგვარად, ქმედება, რომელიც გამოიხატება 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ნარკოტიკული დანაშაულის თავით განსაზღვრული სხვა დანაშაული, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მიემართება დანაშაულის ამსრულებლის სუბიექტს და არა დანაშაულებრივი ქმედების შემადგენლობას, ხოლო სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებებიდან მომდინარე საფრთხეებს, თავისთავად, ვერ შეცვლის/გაზრდის ამ ქმედებებამდე ჩადენილი დანაშაულების ბუნება. სხვაგვარად, არსებითად მსგავსია საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს, ერთი მხრივ, 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვისგან და, მეორე მხრივ, ანალოგიური ქმედების იმ პირის მიერ განხორციელებისგან, ვინც ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ან სხვა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის. ამის საპირისპიროდ, არც კონსტიტუციური სარჩელით და არც საქმის არსებითი განხილვის სხდომის მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სადავო მოცემულობა შეეფასებინა დამოუკიდებლად, 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადობის კონსტიტუციურობის შეფასებისგან განსხვავებულად.

63. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ამავე გადაწყვეტილებით, უკვე განიხილა 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის კონსტიტუციურობის საკითხი და დაადგინა, რომ სადავო ნორმატიული შინაარსი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს (იხ., წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 42-ე−59-ე პარაგრაფები).

64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსები (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომლებიც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით) პირადი მოხმარების მიზნით შეძენასა და შენახვას, ჩადენილს არაერთგზის ან იმ პირის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაული არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლს.

6. პირადი მოხმარების მიზნით 0,1315 გრამის ოდენობის კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის (მათ შორის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული) გამო თავისუფლების აღკვეთის სასჯელების პროპორციულობა

6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული სფერო და სასჯელის პროპორციულობის შეფასების კონსტიტუციური სტანდარტები

65. საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება“.

66. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული ნორმა ადამიანებს აბსოლუტურად იცავს ამავე ნორმით აკრძალული ქმედებებისგან. ანუ კონსტიტუციური აკრძალვა ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი, პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სასჯელის გამოყენების თაობაზე ადამიანების აბსოლუტური უფლებებია, რაც ნიშნავს იმას, რომ კონსტიტუცია უპირობოდ გამორიცხავს ამ უფლებებში ჩარევას. ... არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, დაუძლეველი ინტერესი, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის (ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის დაცვა, ტერორიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო უსაფრთხოება და სხვა), რომლის დასაცავადაც შესაძლებელი იქნებოდა ამ უფლებებში ჩარევის გამართლება. კონსტიტუციამ პოტენციური კონფლიქტი ... [ღირსების უფლებით] დაცულ სიკეთესა და კონსტიტუციით დასაცავ ნებისმიერ სხვა ღირებულ ინტერესს შორის, რომლის დაცვის მუდმივი ვალდებულებაც ქვეყნის ხელისუფლებას აქვს, იმთავითვე და უპირობოდ გადაწყვიტა ადამიანის ღირსების სასარგებლოდ. ...“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-19).

67. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება ... [არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების] კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-25).

68. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიდგომით, სასჯელის პოლიტიკის სფეროში საკანონმდებლო ორგანოს თავისუფალი შეფასების ფართო ფარგლები გააჩნია. კანონმდებელი უფლებამოსილია, ქვეყნის კრიმინოგენური მდგომარეობის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში არსებული გამოწვევების შესაბამისად, შეიმუშაოს სასჯელის პოლიტიკა და დააწესოს ამა თუ იმ დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების შესატყვისი სასჯელის ზომები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აფასებს სასჯელის კონსტიტუციურობას მხოლოდ იმ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც აშკარაა დისპროპორცია სასჯელის ზომასა და დანაშაულის სიმძიმეს შორის. ამდენად, „იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის არაპროპორციულობაზე მსჯელობა ... [საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით], სასჯელი დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებით უნდა იყოს უფრო მეტი, ვიდრე „უბრალოდ გადამეტებული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).

69. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თანმიმდევრული პრაქტიკის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს თავისუფალი შეფასების ფარგლები, სასჯელის პოლიტიკის შემუშავების პროცესში, არ არის აბსოლუტური და შემოფარგლულია კონსტიტუციურსამართლებრივი ჩარჩოებით. აუცილებელია, სასჯელის სიმკაცრე შეესაბამებოდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს და პროპორციულად ემსახურებოდეს შესაბამის ლეგიტიმურ მიზნებს. იმ შემთხვევაში, თუ სასჯელი არის აშკარად გადამეტებული და არაადეკვატური დარღვევის/დანაშაულის სიმძიმისა, საფუძველი ეცლება მის ლეგიტიმაციას, სცდება სასჯელის მიზნობრივ ფარგლებს და საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას, მის ობიექტამდე დაყვანით, რაც უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით სასჯელის პროპორციულობის მიმართ წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს. სწორედ ასეთ ვითარებაში, მთავრდება საკანონმდებლო ორგანოს თავისუფალი მოქმედების სივრცე და ხდება შეჭრა კონსტიტუციურად დაუშვებელ სივრცეში (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13).

70. ყოველივე ზემოხსენებულის შესაბამისად, სასჯელის პროპორციულობის შეფასებისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად შეესაბამება გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების სიმკაცრე დანაშაულის სიმძიმესა და მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს. „ამ თვალსაზრისით, ... აშკარად არაპროპორციული, არაადამიანური სასჯელის იდენტიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, განისაზღვროს გამოყენებული სადამსჯელო ღონისძიების მიზნები და აკრძალული ქმედებით გამოწვეული საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხსა და სასჯელის სიმკაცრეს შორის ურთიერთმიმართება. იმ შემთხვევაში, თუ აკრძალული ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი არის იმდენად დაბალი, რომ ვერ ამართლებს მკაცრი სადამსჯელო ღონისძიების გამოყენებას, აშკარა ხდება, რომ სახეზეა არაადამიანური სასჯელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს №1/6/770 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

6.2. სადავო ნორმებით დადგენილი სასჯელების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით

71. წინამდებარე საქმეში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც 0,1315 გრამის ოდენობით კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის, სასჯელის სახით, აწესებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომელიც 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით, იმის მიერ შეძენისა და შენახვისთვის, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაული, სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.

72. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება ‒ კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო.

73. ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გასაჩივრებული ნორმებით გათვალისწინებული სასჯელების ისეთ ლეგიტიმურ მიზნად, რომელთან მიმართებითაც სადავო ღონისძიებას ლოგიკური კავშირი გააჩნდა, მიიჩნია ჯანმრთელობის დაცვა (როგორც უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის, ასევე მთლიანად საზოგადოების) (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილება საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო“, II-13, 15, 28).

74. ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, რამდენადაც 0,1315 გრამი კანაფის ფისი, საშუალოდ, შეესაბამებ ერთიდან ოთხი მოხმარებისათვის საკმარის დოზას, აღნიშნული ოდენობით, პირადი მოხმარების მიზნით, მისი არაერთგზის შეძენა და შენახვა არ მიუთითებს ნარკოტიკული ნივთიერების გავრცელების გარდაუვალობაზე და შესაბამისად, მსგავსი ოდენობის კანაფის ფისი არ წარმოადგენს იმ ოდენობას, რომელიც a priori არ არის განკუთვნილი პირადი მოხმარებისთვის და რომელიც ავტომატურად ქმნის გავრცელების და, ამ გზით, სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს. ამრიგად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებით, 0,1315 გრამი ოდენობის კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენისა და შენახვისათვის თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება არ არის პროპორციულ თანხვედრაში არც ინდივიდის თვითდაზიანებისაგან დაცვის და არც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით. სწორედ ამიტომ, დადგინდა, რომ №1387 კონსტიტუციური წარდგინებით გასაჩივრებული რეგულირება არღვევდა სასჯელის პროპორციულობის მიმართ წაყენებულ კონსტიტუციურ მოთხოვნებს (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილება საქმეზე „თბილისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება ‒ „კანაფის ფისის“ (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენა-შენახვის გამო“, II-16-25).

75. მოცემული დავის ფარგლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების იმ ნორმატიული შინაარსების (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა, რომლებიც 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით, ხოლო იმავე ქმედებისათვის – ხუთიდან რვა წლამდე ვადით, თუ იგი ჩადენილია იმის მიერ, ვინც წინათ ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

76. საყურადღებოა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილებაში, ქმედების არაერთგზისობა არ დაუკავშირა თავად ქმედებისგან მომდინარე საფრთხის ბუნების ცვლილებას ან/და ამგვარი საფრთხის ზრდის რისკს. მაშასადამე, თუ 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენისა და შენახვისათვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გამოყენება დისპროპორციულია, ყველანაირი ლოგიკით, იგი არაპროპორციულია იმავე ოდენობის კანაფის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვასთან მიმართებით. ამასთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოცემული დავის ფარგლებში მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობა, არაერთგზისობის მსგავსად, უკავშირდება მხოლოდ დანაშაულის ამსრულებლის პიროვნებას და არ განაპირობებს თვით ქმედებიდან მომდინარე საფრთხის ხარისხის ზრდას. სწორედ ამიტომ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის №3/3/1387 გადაწყვეტილების არგუმენტაციის ხაზი, თანაბრად რელევანტურია როგორც, ზოგადად, 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისათვის, აგრეთვე იმავე ქმედების წინათ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენის შემთხვევისათვის გათვალისწინებულ თავისუფლების აღკვეთის სასჯელების კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ, მოცემული დავის ფარგლებში, არ გამოკვეთილა რაიმე ახალი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტის საჭიროებას წარმოაჩენდა.

77. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება 0,1315 გრამი კანაფის ფისის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვისთვის, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება 0,1315 გრამი კანაფის ფისის პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვისთვის, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს.

III
სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-5 პუნქტის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-8 და მე-11 პუნქტების, 25-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-6 პუნქტების, 27-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-2 და მე-7 პუნქტების, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის, 43-ე და 45-ე მუხლების საფუძველზე,

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №882 („პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი:

(ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო;

(ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.

2. კონსტიტუციური სარჩელი №882 („პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლთან მიმართებით:

(ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას;

(ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობას, რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენასა და შენახვას;

(გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას (2025 წლის პირველ მაისამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებად აცხადებს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, შეძენასა და შენახვას, ჩადენილს იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული.

3. შეწყდეს საქმე №882 კონსტიტუციურ სარჩელზე („პაატა ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის (2022 წლის 21 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც, სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის 76-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება კანაფის ფისის (0,1315 გრამის ოდენობით), პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის შეძენისა და შენახვის გამო.

4. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

5. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

6. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი თევდორაშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

საქართველო, ბათუმი | კ. გამსახურდიას ქუჩა N8/10, 6010

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ვებგვერდი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და არ ნიშნავს რომ იგი ასახავს ევროკავშირის შეხედულებებს.

ყველა უფლება დაცულია დამზადებულია იდია დიზაინ ჯგუფის მიერ