კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | განჩინება |
| ნომერი | N1/11/1963 |
| კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - გიორგი კვერენჩხილაძე, ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, |
| თარიღი | 24 ივნისი 2026 |
| გამოქვეყნების თარიღი | 26 ივნისი 2026 18:32 |
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი – სხდომის თავმჯდომარე;
ევა გოცირიძე – წევრი;
გიორგი თევდორაშვილი – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;
გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი.
სხდომის მდივანი: სოფია კობახიძე.
საქმის დასახელება: კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
დავის საგანი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის სიტყვების „მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის“ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან და 23-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.
I
აღწერილობითი ნაწილი
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2026 წლის 11 მაისს კონსტიტუციური სარჩელით (რეგისტრაციის №1963) მომართა კახა კუკავამ. №1963 კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, გადმოეცა 2026 წლის 11 მაისს. №1963 კონსტიტუციური სარჩელის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაიმართა 2026 წლის 24 ივნისს.
2. №1963 კონსტიტუციურ სარჩელში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მომართვის სამართლებრივ საფუძვლებად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი და მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი, 311 მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.
3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის პირველი პუნქტი განამტკიცებს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ორგანული კანონის შესაბამისად შექმნან პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღონ მის საქმიანობაში.
5. №1963 კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე კახა კუკავა არის პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე. იმავდროულად, იგი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, არის „შპს ხატიაშვილი და კუკავას“ დირექტორი და 80%-იანი წილის მფლობელი. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმა ადგენს შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართებით, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, მოიცავდეს როგორც პოლიტიკურ განცხადებებს, ასევე სხვა ქმედებებს, მაგალითად, პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ შემოწირულობების განხორციელებას. აღნიშნულის გამო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს.
II
სამოტივაციო ნაწილი
1. კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღება, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დასაბუთებული უნდა იყოს“. ამავე კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით კი, განისაზღვრება კონსტიტუციურ სარჩელში იმ მტკიცებულებათა წარმოდგენის ვალდებულება, რომლებიც ადასტურებს სარჩელის საფუძვლიანობას.
2. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მოსარჩელე მხარე ვალდებულია, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაციით სასამართლო დაარწმუნოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობაში. კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ძირითადი უფლების შეზღუდვაზე მითითება, აუცილებელია, მოსარჩელემ წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გარკვეული ხარისხით, მიუთითებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობაზე (იხ., საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 27 დეკემბრის №2/11/1619 განჩინება საქმეზე „სალომე ზეინკლიშვილი, მარიამ ტაგანაშვილი, ანა ნაკანი და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 12 თებერვლის №1/3/1555 განჩინება საქმეზე „გივი ლუაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 30 აპრილის №1/4/1416 განჩინება საქმეზე „„შპს სვეტი დეველოპმენტი“, „შპს სვეტი ჯგუფი“, „შპს სვეტი“, „შპს სვეტი ნუცუბიძე“, გივი ჯიბლაძე, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 29 აპრილის №2/8/1496 განჩინება საქმეზე „თეკლა დავითულიანი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტაცია ადასტურებს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი სამართალწარმოების პრაქტიკაში ყოველთვის განსაკუთრებულად, ხაზგასმით მიუთითებს კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთების მნიშვნელობასა და მოსარჩელე მხარის ვალდებულებაზე, გარკვეულ ხარისხით მაინც წარმოადგინოს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის მაიდენტიფიცირებელი არგუმენტაცია. მოსარჩელე მხარის მიერ ამგვარი ვალდებულების შესრულება კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა არ არის თვითმიზნური, არამედ ემსახურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დროითი, ადამიანური თუ სხვაგვარი რესურსის დაზოგვას, ისევე, როგორც საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის ეკონომიურობის უზრუნველყოფას. ყოველივე ხსენებული, თავის მხრივ, იცავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადატვირთვისაგან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, განიხილოს ის საქმეები, რომლებიც რეალურად არის მიმართული ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისაკენ. იმავდროულად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განტვირთვა ხელს უწყობს მის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის ეფექტიან და დროულ აღსრულებას. გარდა ამისა, კონსტიტუციური სარჩელის შინაარსობრივი დასაბუთების ვალდებულების მოსარჩელე მხარისათვის დაკისრება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, სათანადოდ გამოკვეთოს მოსარჩელე მხარის რეალური მოთხოვნა, სადავო ნორმის უფლებაშემზღუდველი შინაარსი, შესაბამის კონსტიტუციურ დებულებასთან სადავო ნორმის მიმართება და კონსტიტუციური სარჩელის დასაშვებობის გამომრიცხველი სხვა რომელიმე გარემოების არსებობა.
4. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, №1963 კონსტიტუციური სარჩელის შინაარსი შემოიფარგლება მხოლოდ იმაზე ზოგადი მითითებით, რომ სადავო ნორმა აწესებს შეზღუდვებს პოლიტიკურ საქმიანობაზე – პოლიტიკური განცხადებების გავრცელებასა თუ სხვა პოლიტიკური ქმედებების განხორციელებაზე. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარეს საერთოდ არ წარმოუდგენია არცერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიჩნევს სადავო ნორმას საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის საწინააღმდეგოდ. მოსარჩელე მხარე არ ასაბუთებს, სადავო ნორმის შედეგად, ძირითადი უფლების შეზღუდვას/დარღვევას. მოსარჩელე მხარე ასევე არ წარმოაჩენს საკუთარ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლით დაცული უფლების რა ასპექტს ზღუდავს მეწარმე იურიდიული პირისთვის დადგენილი აკრძალვა – რა თვალსაზრისით ხდება ჩარევა პოლიტიკური პარტიის შექმნისა თუ მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლებაში. შესაბამისად, №1963 კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის მოყვანილი არგუმენტაცია, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 15313 მუხლით დადგენილი წესის შესაძლო არაკონსტიტუციურობას წარმოაჩენდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც კონსტიტუციურ სარჩელში საერთოდ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთება სადავო ნორმის არაკონსტიტუციურობის განმაპირობებელი ფაქტორების თაობაზე, კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობის მოთხოვნა ვერ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად.
5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, №1963 კონსტიტუციური სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
III
სარეზოლუციო ნაწილი
საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 271 მუხლის მე-2 პუნქტის, 31-ე მუხლის, 311 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 312 მუხლის მე-8 პუნქტის, 313 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 315 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-7 პუნქტების, 316 მუხლის მე-2 პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის, 43-ე მუხლის საფუძველზე,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ა დ გ ე ნ ს:
1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1963 კონსტიტუციური სარჩელი („კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
2. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
3. განჩინება გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.
კოლეგიის შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი
ევა გოცირიძე
გიორგი თევდორაშვილი
გიორგი კვერენჩხილაძე