საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტიპი | გადაწყვეტილება |
ნომერი | N1/1/257, 268 |
კოლეგია/პლენუმი | I კოლეგია - იაკობ ფუტკარაძე, ნიკოლოზ შაშკინი, ბესარიონ ზოიძე, ვახტანგ გვარამია, |
თარიღი | 24 იანვარი 2005 |
სასამართლოს შემადგენლობა:
ბესარიონ ზოიძე - სხდომის თავმჯდომარე;
ვახტანგ გვარამია;
იაკობ ფუტკარაძე - მომხსენებელი მოსამართლე;
ნიკოლოზ შაშკინი.
სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.
2004 წლის 15, 21, 24 და 29 დეკემბრის ღია სასამართლო სხდომებზე, რომლებშიც მონაწილეობდნენ მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებში წარმომადგენლობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი მარინე რობაქიძე და ამვე განყოფლების მოწვეული სპეციალისტი იოსებ ლომაშვილი, მოწმე- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი კარლო კვიტაიშვილი, სპეციალისტი – ფონდ „სამართლიანი არჩევნების“ ასისტენტი სამართლებრივ საკითხებში ზურაბ ერემაშვილი,
განიხლა საქმე: „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საქმე მოიცავს ორ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლებიც ცალ-ცალკე სხვადასხვა დროს იქნა შემოტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
მოქალაქე გურამ სანაძის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით, საკონსტიტუციო სასამართლოში 2003 წლის 29 ოქტომბერს შემოვიდა (რეგისტრაციის №257). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას იგი იმავე წლის 6 ნოემბერს გადმოეცა არსებითი განხილვისათვის მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. 2003 წლის 18 ნოემბერს გაიმართა ღია განმწესრიგებელი სხდომა და სასამართლო კოლეგიამ 25 ნოემბერს კონტიტუციური სარჩელი განსახილველად მიიღო (საოქმო ჩანაწერი №1/9/257).
2003 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოვიდა მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №268) იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციურია თუ არა საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (1) მე-9 მუხლის (ა) მე-7 პუნქტის იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველს საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიაში მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილებების შეტანა „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 23-ე დღისა“, (ბ) მე-8 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“, (გ) მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომორჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განაკარგულების თაობაზე შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას“ და (დ) მე-12 პუნქტი – „აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან და მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, (2) მე-10 მუხლის (ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომორჩევლებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანად სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა“ და (ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება იმ ნაწილში, რომლითაც ამ (მე-10) მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს „კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“. მოსარჩელე საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვდა სადავო ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე – მათი მოქმედების შეჩერებას.
სასამართლო კოლეგიამ 2003 წლის 26 დეკემბრის № 1/11/268 საოქმო ჩანაწერით ი. კოტეტიშვილის სასარჩელო მოთხოვნა მიიღო განსახილველად და გააერთიანა იგი გ. სანაძის კონსტიტუციურ სარჩელთან ერთ საქმედ მათი ერთობლივი განხილვის მიზნით - იმის გათვალისწინებით, რომ ორივე შემთხვევაში მოსარჩელეები მოქალაქეებია, მოპასუხე საქართველოს პარლამენტია და დავის საგანიც საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტთან მიმართებით იდენტურია.
ამასთან ერთად, სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი. კოტეტიშვილის თხოვნა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავო ნორმების მოქმედება შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, მოსარჩელე ი. კოტეტიშვილმა 2004 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შემოიტანა განცხადება „სარჩელზე უარის თქმის შესახებ“ (№01/17-90) და მოითხოვა სამართლაწარმოების შეწყვეტა. ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო კოლეგიამ არსებითად მხოლოდ მოქალაქე გ. სანაძის კონსტიტუციური სარჩელი განიხილა.
საქართველოს მოქალაქის გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელის შემოტანის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 31-ე მუხლი და 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი და მე-10 მუხლის პირველი პუნქტი.
მოსარჩელე გ. სანაძეს გაეგზავნა სათანადო უწყება საქმის არსებითად განხილვის შესახებ, მაგრამ მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა – იგი არ იმყოფებოდა საქართველოში, რის გამოც, საქმის განხილვა, დადგენილი წესის შესაბამისად, მოსარჩელე მხარის დაუსწრებლად წარიმართა.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსარჩელისათვის მიუღებელია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი: „აკრძალულია ამომრეჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმალობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“. სადავო პუნქტი გამორიცხავს ამომრჩეველთა დამატებითი სიების არსებობას. ამის გამო ამომრჩეველს, რომელიც არჩევნების დღემდე სხვადასხვა მიზეზით არ იყო ამომრჩეველთა ერთიან სიაში, არ აქვს საშუალება არჩევნების დღეს შეტანილი იქნეს დამატებით სიაში და მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ანუ ისარგებლოს აქტიური საარჩევნო უფლებით. ამგვარი შესაძლებლობის არარსებობა კი, მოსარჩელის აზრით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული და გარანტირებული საარჩევნო უფლების ხელყოფას. დაუშვებელია ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანის აკრძალვა და ამ გზით საარჩევნო უფლების გაუქმება ნებისმიერი მოტივით, თუნდაც ეს იყოს გაყალბების თავიდან აცილება. ამ მოტივით საარჩევნო უფლების წართმევას (ან შეზღუდვას) არ ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია. საარჩევნო კოდექსის ნორმების სწორად და გონივრულად ჩამოყალიბების პირობებში გამორიცხული იქნება გაყალბება. კონსტიტუცია არ ავალებს აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირს რაიმე ქმედების განხორციელებას საარჩევნო სიაში მისი შეტანის უზრუნველსაყოფად. საარჩევნო სიის სწორად შედგენა ხელისუფლების ვალდებულებაა და სახელმწიფოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ ზუსტად აღრიცხოს თითოეული ამომრჩეველი.
ამასთან, მოსარჩელემ განმწესრიგებელ სხდომაზე განმარტა, რომ მისთვის არ არის არსებითი – იქნება თუ არა დამატებითი სიები, ან რაიმე სხვა სია. მთავარია ის, რომ როდესაც იგი მივა საარჩევნო უბანში პირადობის მოწმობით, განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საარჩევნო სიაში. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სწორედ არჩევნების დღეს დაბრუნდა მივლინებიდან, მივიდა საარჩევნო უბანში სადაც უთხრეს, რომ იგი სიაში არ არის და ამიტომ არ აქვს ხმის მიცემის უფლება.
მოსარჩელე მოითხოვს სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას.
მოპასუხის – საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას. მათი აზრით, სადავო ნორმა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. იგი იცავს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას და ხელს კი არ უშლის საარჩევნო უფლების განხორციელებას, არამედ უზრუნველყოფს მას. სადავო პუნქტი ემსახურება არჩევნების გაყალბების აცილებას. თუ არ იქნა თავიდან აცილებული შემთხვევითი პირების ხმის მიცემა, ისე აზრი ეკარგება მხოლოდ იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში- ეს ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და, შესაბამისად, ხალხის ხელისუფლების, დემოკრატიის განხორციელებას. ამომრჩეველი, რომელსაც უნდა მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, თავად უნდა იყოს დაინტერსებული იმ მხრივ, რომ დროულად შეამოწმოს, არის თუ არა შეტანილი საარჩევნო სიაში.
თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად მოპასუხის წარმომადგენელები მიუთითებენ საერთაშორისო აქტებზე და აღნიშნავენ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩენო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ვენეციის კომისიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით 2002 წლის ივლისში მიღებული სახელმძღვანელო მითითებების დებულებებიდან და სრულად შეესაბამება მათ, ეყრდნობა საყოველთაო არჩევნების ჩატარების ევროპულ ტრადიციას, არ ზღუდავს საყოველთაო საარჩევნო უფლებას და ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას.
მოპასუხის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მოქალაქე გურამ სანაძის კონსტიტუციური სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოწმემ – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანმა კარლო კვიტაიშვილმა აღნიშნა, რომ ამომრჩეველთა სიის შედგენის მოვალეობა ეკისრება სახელმწიფოს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საარჩევნო კოდექსით ამ მხრივ ამომრჩეველთა რაიმე ვალდებულება არ არის გათვალისწინებული. სადავო ნორმის მიხედვით ამომრჩეველთა სიებში არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში ცვლილების შეტანა არ შეიძლება იმისათვის, რომ შედგეს ერთიანი სია. ადრე ასეთი შეზღუდვა არ იყო. არჩევნების ბოლო დღეს ამომრჩეველს უფლება ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მიეღო არჩევნებში მონაწილეობა. იგი შეჰყავდათ დამატებით სიაში. აღნიშნული შეზღუდვით ადამიანის უფლება იზღუდება, მაგრამ იგი შემოიტანეს მას შემდეგ, რაც დამატებითი სია გაყალბების მიზნით იქნა გამოყენებული. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სადავო ნორმის მოქმედება, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით პროცედურა შეიცვალა. დაწესდა იმ ამომრჩეველთა რეგისტრაცია საარჩევნო უბნებში, რომლებიც კენჭისყრის დღეს მოდიოდნენ. საპარლამენტო არჩევნებში ასეთ ამომრჩეველთა რიცხვი დაახლოებით 100.000 იყო. მოწმის აზრით, სადავო ნორმის შეჩერებამ დადებითი შედეგი გამოიღო 2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დროს. მაგრამ შეჩერებული ნორმა მომავალში უნდა ამოქმედდეს, ვინაიდან იარსებებს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ არჩევნები შეიძლება გაყალბდეს. შეიძლება იყოს 10-დღიანი ან სხვა ვადა. თუ გვინდა, რომ არჩევნები არ გაყალბდეს, რაღაც ვადა უნდა დარჩეს.
სპეციალისტმა – ფონდ „სამართლიანი არჩევნების“ ასისტენტმა სამართლებრივ საკითხებში ზურაბ ერემაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტს. მისი აზრით, საარჩევნო კოდექსის ეს პუნქტი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ზღუდავს ამომრჩევლის უფლებას, თანაც ვერ დაიცავს არჩევნებს გაყალბებისაგან. სადავო ნორმა ქმნის ხელოვნურ ბარიერს, რადგანაც თუ ამომრჩეველი არ იქნება საარჩევნო სიაში, იგი ვერ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. ამომრჩეველთა სიების შედგენის ვალდებულება და მათში არსებული განზრახ თუ შემთხვევით მომხდარი უზუსტობების გამო პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამომრჩეველს, რომელიც არ აღმოჩნდება ამომრჩეველთა სიაში, გარკვეულ პერიოდში მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით აქვს უფლება მოითხოვოს ხმის მიცემა. არჩევნებამდე 10 დღის განმავლობაში კი მას არ შეუძლია რაიმე კანონიერი საშუალებით, თუნდაც სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა და გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული ხმის მიცემის უფლება. აღნიშნულის გამო, სპეციალისტის დასკვნით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმის მასალების გაანალიზების, მოქალაქე გურამ სანაძის სასარჩელო მოთხოვნის არსებითად განხილვის, მის კონსტიტუციურ სარჩელში წარმოდგენილი და მოპასუხე მხარის მიერ მოყვანილი არგუმენტების, მოწმის ჩვენების, სპეციალისტის დასკვნის შეფასებისა და მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინა გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო გარემოებანი.
I. მოსარჩელე ირაკლი კოტეტიშვილს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა სასამართლო უწყება იმის შესახებ, რომ 2004 წლის 15 დეკემბერს დაიწყებოდა საქმის განხილვა, მაგრამ იგი პროცესზე არ გამოცხადდა. 21 დეკემბერს კი, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, ი. კოტეტიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა განცხადებით („სარჩელზე უარის თქმის შესახებ“): „მოგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის წარმოებაში იმყოფება ჩემი სასარჩელო განცხადება საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით, ვსარგებლობ რა მოსარჩელისათვის მონიჭებული უფლებამოსილებით, უარს ვამბობ სარჩელზე და გთხოვთ, საქმე შეწყვიტოთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“ (21.12.2004, №01/17-90).
საკითხის გადასაწყვეტად სასამართლო კოლეგია მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, „საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტა ხდება „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და წესით“.
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „მოსარჩელეს უფლება აქვს ..... უარი თქვას სასარჩელო მოთხოვნაზე. სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა ..... იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის შეწყვეტას“.
აქედან გამომდინარეობს, რომ უნდა შეწყდეს სამართალწარმოება მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე. შესაბამისად, საქმე „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ექვემდებარება შეწყვეტას ნაწილობრივ – ირაკლი კოტეტიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში.
II. სასამართლო კოლეგიამ 2003 წლის 26 დეკემბრის № 1/11/268 საოქმო ჩანაწერით არსებითი განხილვისათვის მიიღო მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი, გააერთიანა იგი ერთ საქმედ მოქალაქე გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელთან და იმავდროულად, მოსარჩელე ი. კოტეტიშვილის თხოვნითა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეაჩერა მოქმედება შესაბამის (ი. კოტეტიშვილის) კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული სადავო ნორმებისა, ესე იგი საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ (1) მე-9 მუხლის (ა) მე-7 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველს საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიაში მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა – არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა“, (ბ) მე-8 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“, (გ) მე-10 პუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება „არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას“ და (დ) მე-12 პუნქტისა – „აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით“, (2) მე-10 მუხლის (ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა იმ ნაწილში, რომლითაც, ამომრჩევლებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანად სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა“ და (ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადებისა იმ ნაწილში, რომლითაც ამ (მე-10) მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს „კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებას საქმეზე „საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“. ამის შესაბამისად, მოსარჩელე ირაკლი კოტეტიშვილის თხოვნით საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ სადავო ნორმების მოქმედების შეჩერება ივარაუდება მანამ, სანამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია არ მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე: „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოქალაქე ი. კოტეტიშვილის მხრივ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის პირობებში, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების ვადა დამთავრებულად ჩაითვლება და , მაშასადამე, საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შეჩერებული ნორმები კვლავ ამოქმედდება.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილებს შორის, რომელთა მოქმედებაც შეჩერებული იქნა მოსარჩელე ირაკლი კოტეტიშვილის თხოვნით, არის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი. მისი კონსტიტუციურობა დავის საგანია აგრეთვე მოქალაქე გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელში. ამიტომ, ცხადია ამ პუნქტის სამომავლო მოქმედება მის კონსტიტუციურობაზეა დამოკიდებული და ამ საკითხის გარკვევის შედეგად გადაწყდება.
III. საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოქალაქე გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს.
მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმა ხელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებულ და გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. იმ ამომრჩევლებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იქნებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში, აღარ აქვთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და ისარგებლონ ხმის მიცემის უფლებით- განახორციელონ კონსტიტუციით მინიჭებული აქტიური საარჩევნო უფლება: იკრძალება ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
სასამართლო კოლეგიის აზრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი მართლაც არ შეესაბამება კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის დებულებებს. იგი უსაფუძვლოდ ზღუდავს მოქალაქის საარჩევნო უფლებას, რომელიც ერთ-ერთ ძირითად, კონსტიტუციურ უფლებას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება“.
აქ განმტკიცებულია საყოველთაო საარჩევნო უფლება. საქართველოს ყოველ მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან აქვს აქტიური საარჩევნო უფლება. მას, როგორც ამომრჩეველს, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში – მისცეს ხმა და აირჩიოს სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოები. ეს უფლება გათვალისწინებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლით და პირდაპირ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებიდან, რომელთა ძალითაც, „საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“, ხოლო „ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით“.
ევროპული კომისია დემოკრატიისათვის სამართლის მეშვეობით (ვენეციის კომისია) „საარჩევნო ნორმათა კოდექსში“ მიუთითებს, რომ საყოველთაო კენჭისყრა ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. საყოველთაო არჩევნების პრინციპი გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ხმა მისცეს და კენჭი იყაროს არჩევნებში. „ევროპის საარჩევნო მემკვიდრეობის ხუთი ფუძემდებლური პრინციპის დაცვა (საყოველთაო, თანასწორი, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლება) დემოკრატიის აუცილებელი პირობაა. იგი საშუალებას იძლევა, რომ დემოკრატია სხვადასხვა გზით, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში, განხორციელდეს“ (იხ. „საარჩევნო ნორმათა კოდექსი“, I.1.1, სახელმძღვანელო მითითებათა განმარტებითი მოხსენება, პუნქტ. 114).
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ საყოველთაო საარჩევნო უფლება არ არის აბსოლუტური ხასიათისა და იგი განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარება. ამას არც საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი არ გამორიცხავს. ასეთი შეზღუდვები კონსტიტუციაში დაწესებულია პირდაპირ და არაპირდაპირი გზითაც არის გათვალისწინებული. კონსტიტუციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო, ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში. ამავე მუხლის პირველი პუნქტიდან კი გამომდინარეობს, რომ მოქალაქეს, რომელსაც არ შესრულებია 18 წელი, არა აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა რეფერენდუმში, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში.
საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი წარმოადგენს საარჩევნო უფლების თვითნებური და დაუსაბუთებელი შეზღუდვების დაწესებისაგან დაცვის გარანტიას.
სასამართლო კოლეგია ითვალისწინებს, რომ საყოველთაო საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის საჭიროა სათანადო პროცედურული წესების დადგენა, მაგრამ ამან არ უნდა გამოიწვიოს მოქალაქის აქტიური საარჩევნო უფლების დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია მიუთითებს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტზე. ამ პაქტის 25-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს დაუსაბუთებელ შეზღუდვათა გარეშე უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, მისცეს ხმა ნამდვილ პერიოდულ არჩევნებში, რომლებიც ეწყობა საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით და უზრუნველყოფს ამომრჩევლების ნება-სურვილის თავისუფალ გამოვლინებას.
ის პოზიცია, რომ საარჩევნო უფლებაზე დაწესებული შეზღუდვები არ უნდა იყოს თვითნებური, განამტკიცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1987 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქმეზე – მეთიუ-მოჰინი და კლერფეიტი ბელგიის წინააღმდეგ (იხ. ECHR no. 9267/81, სერია A no.113, გვ. 23).
საარჩევნო უფლების განხორციელებაზე შეზღუდვები დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გონივრულია. გონივრულობა კი განხილული საქმიდან გამომდინარე, შეიძლება შეფასდეს პროპორციულობის პრინციპზე დაყრდნობით და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის მხედველობაში მიღებით.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლები სადავო ნორმით დაწესებულ შეზღუდვას ამართლებენ არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების მოტივით. ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია იზიარებს საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე სპეციალისტად მოწვეული ზურაბ ერემაშვილის აზრს, რომ სადავო ნორმა ხელოვნურად შექმნილი ბარიერია და მისი არსებობა გაუმართლებელია, ვინაიდან საგრძნობლად ზღუდავს ანდა სულაც შეუძლებელს ხდის ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობას. სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სადავო ნორმით დაწესებული შეზღუდვის ნაცვლად უნდა გამონახოს არჩევნების გაყალბების თავიდან აცილების შესაფერისი, ცივილიზებული საშუალება. არჩევნების გაყალბებასთან ბრძოლა არამც და არამც არ უნდა ხდებოდეს საერთოდ მოქალაქეთა უფლებებისა და, მით უფრო – ძირითადი, კონსტიტუციური უფლებების დარღვევის ხარჯზე.
სასამართლო კოლეგიას გაუმართლებლად და დაუშვებლად მიაჩნია ისეთი მდგომარეობა, როცა არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-10 დღემდე საარჩევნო სიებში ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით და გამოირიცხება სიების დაზუსტების სხვა საშუალება. კიდევ უფრო მიუღებელია ისეთი ვითარება, როდესაც საერთოდ აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 10 დღის განმავლობაში და, ამგვარად, გამორიცხულია დარღვეული საარჩევნო უფლების დაცვის ნებისმიერი კანონიერი საშუალების გამოყენება. ასეთი სისტემა ვერავითარ შემთხვევაში ეფექტურად ვერ ჩაითვლება. იგი ხელს უშლის საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებას.
საარჩევნო სიაში არჩევნებამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში ცვლილების შეტანის აკრძალვის უარყოფითი შედეგის გასანეიტრალებლად მოპასუხე მხარის წარმომადგენლები მიუთითებენ ამომრჩეველთა სპეციალური სიების არსებობის შესაძლებლობაზე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ უფლებამოსილებაზე, რომ გამონაკლის შემთხვევაში, თუ შეუძლებელი გახდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება/ვადების დაცვა, დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების/გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე. სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეს უფლებამოსილება სულ სხვა რიგის მოვლენებს შეეხება და არსებითად არ უკავშირდება სადავო ნორმით დადგენილ შეზღუდვებს. იგივე ითქმის აგრეთვე ამომრჩეველთა სპეციალური სიების შესახებ.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს თავიანთი პოზიციის დასასაბუთებლად მოჰყავთ ვენეციის კომისიის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ მითითება, რომელიც შეეხება სასამართლო კონტროლს დაქვემდებარებულ ადმინისტრაციულ პროცდურას არარეგისტრირებული ამომრჩევლების სიაში შესაყვანად. მასში ყურადღება გამახვილებულია ისეთ ვითარებაზე, როცა დამატებით სიაში შეყვანის ბოლო ვადა შეიძლება მოიცავდეს თავად არჩევნების დღეს. „საარჩევნო ნორმათა კოდექსში“ ასეთი მდგომარეობა უარყოფითად არის შეფასებული. აღნიშნული სარეკომენდაციო ხასიათის მითითების მიხედვით, „საუბნო კომისიებს უფლება არ უნდა ჰქონდეთ მოახდინონ ამომრჩეველთა რეგისტრაცია უშუალოდ არჩევნების დღეს“. აშკარად ჩანს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი სრულიად სხვა შინაარსისაა, რის გამოც „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ ეს მითითება სადავო ნორმის კონსტიტუციურობის დამადასტურებელ არგუმენტად არ გამოდგება.
ამასთან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ დამკვირვებელთა საერთაშორისო მისიამ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მაღალი შეფასება მისცა საქართველოში 2004 წლის 4 იანვარსა და 28 მარტს ჩატარებულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს. ეს არჩევნები კი სწორედ იმ პირობებში ჩატარდა, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის №1/11/268 საოქმო ჩანაწერით, საარჩევნო კოდექსის სხვა შესაბამის ნორმებთან ერთად, შეჩერებული იყო აგრეთვე მე-9 მუხლის სადავო (მე-12) პუნქტის მოქმედება.
ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს საარჩევნო კოდექსის სათანადო ნორმების მოქმედების შეჩერებამ დადებითი შედეგები გამოიღო. მიუხედავად ამისა, საკითხი მაინც მოუწესრიგებელია და ახლებურ საკანონმდებლო გადაწყვეტას მოითხოვს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი (№1) ოქმის მე-3 მუხლის მოთხოვნას არჩევნების ჩატარების თაობაზე: არჩევნები უნდა ჩატარდეს „ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას“. სადავო ნორმის მოქმედების პირობებში კი შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამომრჩეველმა საერთოდ ვერ მოახერხოს ხმის მიცემა – თავისი ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფლების განხორციელება და საკუთარი ნება-სურვილის გამოხატვა.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 25-ე მუხლიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვალდებულია მიიღოს პოზიტიური ზომები, რათა ყველა ფორმალურად უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფილი იყოს საარჩევნო უფლების რეალურად განხორციელების შესაძლებლობით.
სადავო ნორმა ამომრჩეველთა სიებს, მათში ცვლილების შეტანას შეეხება. სწორედ ამომრჩეველთა რეგისტრაცია, მათი საარჩევნო სიებში ჩართვა არის არჩევნების საყოველთაობის პრინციპის უზრუნველყოფის საშუალება. ვენეციის კომისიის „საარჩევნო ნორმათა კოდექსის“ განმარტებითი მოხსენების თანახმად (პუნქტ. 7), დასაშვებია, რომ ესა თუ ის ამომრჩეველი ავტომატურად არ იქნეს შეტანილი საარჩევნო სიაში, მაგრამ ეს მხოლოდ მისი თხოვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.
სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა სიაში შეტანა უშუალოდ არის დაკავშირებული მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებასთან – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. კონსტიტუციით აღიარებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზაცია საბოლოოდ ხმის მიცემის პროცედურით გამოიხატება. ამის წინაპირობას კი, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წარმოადგენს მოქალის რეგისტრაცია საარჩევნო სიაში .
ამგვარად, მოქალაქის შეტანა ამომრჩეველთა ერთიან სიაში არის აქტიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმის ძალით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ერთმევათ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არ აღმოჩნდებიან საარჩევნო სიაში და არჩევნებამდე 10 დღით ადრე ვერ შეძლებენ რეგისტრაციას. არჩევნებამდე მე-19-დან მე-10 დღემდე საარჩევნო სიაში ჩართვა მათ მხოლოდ სასამართლოს მეშვეობით შეუძლიათ.
ამომრჩეველთა სიების ფორმირება შესაბამის სახელმწიფო უწყებათა მოვალეობაა. როცა მოქალაქე მათი მიზეზით არ იქნა შეტანილი ამომრჩეველთა საერთო სიაში, სასამართლო კოლეგიის აზრით ეს არ უნდა იყოს საარჩევნო უფლების შეზღუდვის საფუძველი. საარჩევნო კოდექსი უნდა იძლეოდეს შესაბამისი კონსტიტუციური უფლების არა ფორმალურად, არამედ რეალურად განხორციელების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივად გათვალისწინებით, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით, 43-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-7 და მე-8 პუნქტებით, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, 32-33 მუხლებითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლის პირველი პუნქტით,
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ადგენს:
I. მიღებული იქნეს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და (1) შეწყდეს სამართალწარმოება საქართველოს მოქალაქის ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე და, შესაბამისად, ნაწილობრივ – ი. კოტეტიშვილის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში შეწყდეს საქმეც „საქართველოს მოქალაქეები – გურამ სანაძე და ირაკლი კოტეტიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, (2) დაკმაყოფილდეს საქართველოს მოქალაქის გურამ სანაძის 257-ე ნომრით რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით ცნობილი იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევენო კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი, (3) საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-9 მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობილი მე-12 პუნქტი იურიდიულად ძალადაკარგულია ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან;
II. მოქალაქე ირაკლი კოტეტიშვილის 268-ე ნომრით რეგისტრირებულ კონსტიტუციურ სარჩელზე სამართალწარმოების შეწყვეტასა და და განხილულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით განახლდეს მოქმედება საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ იმ ნაწილებისა (მე-9 მუხლის მე-12 პუნქტის გამოკლებით), რომელთა მოქმედებაც შეჩერებული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2003 წლის 26 დეკემბრის №1/11/268 საოქმო ჩანაწერით - ამოქმედდეს (1) მე-9 მუხლის (ა) მე-7 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველს საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისათვის განკუთვნილ ვერსიაში მისი და მისი ოჯახის წევრთა შესახებ უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა“, (ბ) მე-8 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩეველთა სიების შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“ და (გ) მე-10 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების თაობაზე შესაბამისი რაიონული/საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას“, (2) მე-10 მუხლის (ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც ამომრჩევლებმა ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შესაყვანად სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაცია უნდა გაიარონ „არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა“ და (ბ) მე-6 პუნქტის პირველი წინადადება იმ ნაწილში, რომლითაც ამ (მე-10) მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა სიას შესაბამისი საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადასცემს „კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-20 დღისა“;
III. ეს გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან;
IV. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება;
V. ამ გადაწყვეტილების პირი გაეგზავნოთ მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
VI. გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
კოლეგიის წევრები:
ბესარიონ ზოიძე (სხდომის თავმჯდომარე);
ვახტანგ გვარამია; იაკობ ფუტკარაძე (მომხსენებელი მოსამართლე);
ნიკოლოზ შაშკინი.