ჰეიკო ჯონნი მანიერო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1973 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
| ავტორ(ებ)ი | ჰეიკო ჯონნი მანიერო |
| თარიღი | 30 ივლისი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| მუხლი 242. ცნება უძრავი ნივთი შეიძლება სხვა პირს გადაეცეს სარგებლობაში ისე, რომ იგი უფლებამოსილია, როგორც მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ მისით სარგებლობა, მაგრამ მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არა აქვს ამ ნივთის გასხვისების, იპოთეკით დატვირთვის ან მემკვიდრეობით გადაცემის უფლება (უზუფრუქტი). ამ ნივთის გაქირავების ან იჯარით გადაცემისათვის საჭიროა მესაკუთრის თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობების მონაწილე. მუხლი 243. უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები, რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს. მუხლი 244. უზუფრუქტის სახეები 1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო. 2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო უზუფრუქტი დადგენილი. მუხლი 245. უზუფრუქტუარის უფლება-მოვალეობანი 1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა. 2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი. 3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად. 4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები, გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის. 5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მუნიციპალიტეტია (თუ უზუფრუქტის საგნის მესაკუთრე სხვა მუნიციპალიტეტია) ან სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, ნივთის დაზღვევა არ არის სავალდებულო. 6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია. 7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა. მუხლი 246. უზუფრუქტის შეწყვეტა 1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს. 2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად ერთი პირის ხელში აღმოჩნდება. | მუხლი 19. საკუთრების უფლება 1. საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 2. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი; საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტი; "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 31-ე და 311 მუხლები.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
ა) სარჩელი ფორმით და შინაარსით შეესაბამება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 311 მუხლის მოთხოვნებს;
ბ) სარჩელი შეტანილია უფლებამოსილი პირის მიერ:
მოსარჩელე გახლავთ იტალიის და გერმანიის მოქალაქე ჰეიკო ჯონნი მანიერო, რომელსაც არათანაზომიერად ეზღუდება საკუთრების უფლება - ქართული კანონმდებლობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე-246-ე მუხლები გამორიცხავს მესაკუთრის უზუფრუქტის სამართლებრივ ფენომენს (რაც საკუთრების უფლების დარღვევაა). მოსარჩელე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში და საზღვარგარეთ. ქართული კანონმდებლობა, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმები საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა ერთმნიშვნელოვნად არ აღიარებს მესაკუთრის უზუფრუქტუარად რეგისტრაციის შესაძლებლობას. განსხვავებით, მაგ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსისაგან. იხ. დასაბუთება ქვევით. კონსტიტუციური სარჩელი გამყარებულია მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილია დანართში.
გ) სარჩელში მითითებული საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადი;
დ) სარჩელში მითითებული საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ;
ე) სარჩელში მითითებული საკითხი რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით;
ვ) კანონით არ არის დადგენილი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა აღნიშნული ტიპის დავისათვის და შესაბამისად, არც მისი არასაპატიო მიზეზით გაშვების საკითხი დგება დღის წესრიგში;
ზ) სადავო ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია იერარქიულად მაღალი ნორმატიული აქტის გასაჩივრების გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ჰეიკო ჯონნი მანიერო საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
„1997 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი სამოქალაქო კოდექსი. საქართველოს ისტორიისთვის ამ უპრეცედენტო მოვლენას მრავალი წლის თავდადებული შრომა უძღოდა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებში პროფესორ სერგო ჯორბენაძის ხელმძღვანელობით დაიწყო, იუსტიციის სამინისტროს დიდი მხარდაჭერით მიმდინარეობდა და პარლამენტში ერთწლიანი გულმოდგინე განხილვის შედეგად დასრულდა. საქართველომ თავის ისტორიაში პირველად მიიღო სამოქალაქო კანონი, რომელიც დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ცივილისტიკის მიღწევებს იზიარებდა და კერძო საკუთრებასა თუ ხელშეკრულების თავისუფლებაზე დაფუძნებული ახალი საზოგადოების სამართლებრივ ფუნდამენტს განამტკიცებდა. სამოქალაქო კოდექსის პროექტზე მომუშავე იურისტებისათვის სამოქალაქო კოდექსი არ იყო მხოლოდ კანონი. იგი მიიჩნეოდა იმ ახალი ეპოქის დასაწყისად, რომელზეც მრავალი თაობის იურისტები ოცნებობდნენ.“
ლადო ჭანტურია, როგორ იქმნებოდა სამოქალაქო კოდექსი, 2011 წ.
შესავალი
მოსარჩელე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია და წარმოადგენს როგორც გერმანიის, ასევე, იტალიის მოქალაქეს. ამასთან, ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში. როგორც რამდენიმე თვის წინ გაირკვა, მას ქართული კანონმდებლობის (საქართველოს სამოქალაქო კოდექსით რეგულირებული უზუფრუქტის შესახებ ნორმების საფუძველზე) შესაბამისად, არ მიეცა შესაძლებლობა დაერეგისტრირებინა საკუთარ უძრავ ქონებაზე უზუფრუქტი. იმ მიზეზით, რომ ეს უკანასკნელი მხოლოდ ვინმეს მისამართით და სასარგებლოდ უნდა იყოს რეგისტრირებული. ქართული კანონმდებლობით, ამ სამართალურთიერთობაში ორი მხარე უნდა იყოს წარმოდგენილი. ხაზგასასმელია, რომ ანალოგიური ნორმები გერმანიის სამოქალაქო კოდექსიდან ნებას რთავს მესაკუთრეს დაარეგისტრიროს უზუფრუქტი საკუთარ ქონებაზე მეორე ანუ სხვა პირზე მითითების მიუხედავად. გერმანული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად (იხ. თავი 2), საამისოდ არც პატივსადები ინტერესის დადასტურება მოითხოვება.
შესატყვისად, გერმანული სამოქალაქო კოდექსის მიხედვით უზუფრუქტი წარმოადგენს გარდა ორმხრივისა, ასევე, ცალმხრივ სანივთო გარიგებასაც (იხ. თავი 2). მისი რეგისტრაციის მიზანი გერმანიაში ხშირად არის მემკვიდრეობის გადასახადისაგან თავის დაღწევა, რადგან უზუფრქტდადებული უძრავი ქონების ფასი ბაზარზე საგრძნობლად დაბალია უზუფრუქტის გარეშე არსებულ უძრავ ქონებასთან შედარებით.
საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტორებისათვის. მოსარჩელეც ერთ-ერთი ინვესტორია. მაგრამ მისითვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ არსებობს შესაძლებლობა გაიფორმოს ე.წ. მესაკუთრის უზუფრუქტი და გახდეს მესაკუთრე უზუფრუქტუარი (გერმ. Nießbrauchseigentümer). აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეორე წიგნის 2018 წლის კომენტარის ერთ-ერთი ავტორი (პროფ. გიორგი რუსიაშვილი, თსუ) ვერ ხედავს სხვაობას გერმანულ და ქართულ სამოქალაქო კოდექსებს შორის, განსახილველ შემთხვევაში, და მიაჩნია რომ მესაკუთრის უზუფრუქტუარად რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმების ფარგლებშიც შესაძლებელია, რომელიც უზუფრუქტის სამართლებრივ ბუნებას არეგულირებს.[1] თუმცა, ასე არ ხდება პრაქტიკაში. იუსტიციის სახლი დღემდე უარს ამბობს ამ ტიპის უზუფრუქტის რეგისტრაციაზე მესაკუთრის მისამართით.
ეს კონტექსტი წარმოადგენს ჩარევას საკუთრების უფლებაში და ეწინააღმდეგება ამ ძირითადი უფლების იმ კომპონენტს (მფლობელობა, სარგებლობა, განკარგვა), რომელიც საკუთრების განკარგვის ნაწილს მოიცავს.
შესაბამისად, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავის საგანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე-246-ე მუხლები საკუთრების უფლებასთან მიმართებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). კერძოდ, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უძრავი ქონების მესაკუთრის უზუფრუქტუარად რეგისტრაციის სამართლებრივ შესაძლებლობას.
საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეიძლება მასში ჩარევა გამართლდეს, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელი საჯარო ინტერესის ფარგლებში.
სადავო ნორმების ლეგიტიმური მიზანი შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფა, კრედიტორთა ინტერესების დაცვა, სახელმწიფო ან მუნიციპალური ქონების ეფექტიანი მართვა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გარემოს დაცვა, სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოება, უფლებების ბოროტად გამოყენების პრევენცია და სხვ.
შესატყვისად, საკურების უფლებაში ჩარევა შესაძლოა გამოსადეგია, მაგრამ არ არის აუცილებელი და ვიწრო გაგებით თანაზომიერი დასახელებული ლეგიტიმური მიზნების ფარგლებში. არსებობს იურისდიქციები (მაგ. გერმანია), სადაც ამ ტიპის სანივთო გარიგება ნებადართულია, როგორც სრულიად ნორმალური სამართლებრივი ფენომენი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე-246-ე მუხლები საკუთრების უფლებასთან მიმართებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები), კერძოდ, მათი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უძრავი ქონების მესაკუთრის უზუფრუქტუარად რეგისტრაციის სამართლებრივ შესაძლებლობას, არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
1. უზუფრუქტის სამართლებრივი ბუნება ქართულ სამართალში
უზუფრუქტი (ინგლ. Usufruct, გერმ. Nießbrauch), როგორც სანივთოსამართლებრივი ინსტიტუტი რეგულირებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე-246-ე მუხლებით, სხვისი საკუთრებით შეზღუდული სარგებლობის შესახებ მეორე ქვეთავით.
ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსზე (შემდგომში - სსკ) მუშაობისას მნიშვნელოვანი იყო გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (Bürgerliches Gesetzbuch – BGB. შემდგომში - გსკ), როგორც ანალოგიური გერმანული კოდიფიკაცია, მათ შორის სანივთოსამართლებრივი ნორმები.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პრინციპი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით აღიარებული არ არის (მაგ. აბსტრაქციის პრინციპი),[2] მისი შემუშავების პროცესში ძირითადი მნიშვნელობის იყო BGB, როგორც გერმანული საკანონმდებლო ანალოგი.
წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავის საგანია სსკ-ის 242-ე-246-ე მუხლების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის და უზუფრუქტუარის იდენტურ პირად აღიარების შესაძლებლობას, უძრავ ნივთებზე არსებული უზუფრუქტის შემთხვევაში.
2. უზუფრუქტის სამართლებრივი ბუნება გერმანულ სამართალში
განსხვავებით სსკ-გან გსკ-ის § 889 ითვალისწინებს გამონაკლისს კონსოლიდაციისაგან და კონფუზიისაგან,[3] ანუ შემთხვევისაგან როდესაც სანივთო უფლებები არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრე და სანივთო უფლების მფლობელი სუბიექტი შესაძლოა ერთი და იგივე პირი აღმოჩნდეს.
გსკ-ის §§ 1030-1089 მხოლოდ უზუფრუქტის ცნებას და მის მარეგულირებელ ნორმატივებს შეიცავს. მართალია, ეს ნორმები უზუფრუქტუარს და მესაკუთრეს განასხვავებს, მაგრამ იმავდროულად არ გამორიცხავს, რომ ეს ორი სუბიექტი ერთი და იგივე პირი შეიძლება იყოს (განსხვავებით სსკ-გან). გამონაკლისია გსკ-ის § 1063, რომელიც აღიარებს, რომ უზუფრუქტი მოძრავ ნივთებზე ქარწყლდება, თუკი მესაკუთრე და უზუფრუქტუარი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება. თუმცა, შეიძლება გაგრძელდეს, თუკი მესაკუთრეს შესაბამისი სამართლიანი (საკმარისი) ინტერესი გააჩნია. ასეთი ინტერესი აღიარებულია, მაგალითად, თუ მესაკუთრე უზუფრუქტს აფუძნებს ნივთზე, რომლის გაყიდვასაც უახლოეს მომავალში აპირებს უზუფრუქტის დათქმის პირობით.[4] და პირიქით, რადგან § 889 ითვალისწინებს, რომ უზუფრუქტისა და საკუთრების შემდგომში შერწყმისას კონსოლიდაცია არ ხდება, სადღეისოდ გავრცელებული შეხედულებაა,[5] რომ მესაკუთრისთვის უზუფრუქტის დადგენა შესაძლებელია ლეგიტიმური ინტერესის გარეშეც.[6] ეს შეხედულება უნდა გავითვალისწინოთ, რადგან კანონი არ მოითხოვს ინტერესის ცალკეულ დადასტურებას სხვა უძრავი ქონებრივი უფლებებისთვისაც (მაგ., გსკ, § 1196).[7]
მესაკუთრისთვის მინიჭებული უზუფრუქტის (გერმ. Nießbrauchseigentümer) ნამდვილობა არ არის დამოკიდებული მისი დამკვიდრების კანონიერი ინტერესის დამტკიცებაზე თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი იურისტი გერმანიაში საკუთარ ქონებაზე უზუფრუქტის დამკვიდრების ლეგიტიმურ ინტერესს აუცილებლად მიიჩნევს,[8] ამჟამად გაბატონებული მოსაზრება საკუთარი ქონების უზუფრუქტის დაშვებას ემხრობა ასეთი ინტერესის დამტკიცების მიუხედავად.[9] ეს შეხედულება გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მოსაზრებით,[10] დამაჯერებელია.
§ 889-ის თანახმად, უზუფრუქტი წარმოებულად მოიპოვება, როგორც დამოუკიდებელი უფლება, როდესაც საკუთრება და უზუფრუქტი გაერთიანებულია ერთ პირში; ამით შენარჩუნებულია მესაკუთრის პრიორიტეტი. როგორც აღინიშნა, უკანასკნელი პრაქტიკით, მესაკუთრეს არ მოეთხოვება უზუფრუქტის გაგრძელების ინტერესის აუცილებელი დემონსტრირება.[11]
უძრავი ქონების მემკვიდრეობის ჩუქებით გადაცემა გავრცელებული პრაქტიკაა გერმანიაში. ხშირად, გამჩუქებელს სურს, რომ ქონებიდან გენერირებული შემოსავლის მთლიანად ან ნაწილობრივ მიღება გააგრძელოს პენსიაზე გასვლის უზრუნველსაყოფად. ეს შესაძლებელია ქონების უზუფრუქტის უფლებით გადაცემის გზით. ალტერნატიულად, თუმცა ნაკლებად ხშირად, არსებობს შეთანხმებები, სადაც გამჩუქებელი ინარჩუნებს ქონების საკუთრებას და მიმღებს მხოლოდ უზუფრუქტს ანიჭებს. ორივე შემთხვევაში, საგადასახადო მოსაზრებებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს.[12]
უზუფრუქტის დათქმით გათვალისწინებული უძრავი ქონების ჩუქება გერმანიაში საგადასახადო თვალსაზრისით ეფექტურია,[13] რადგან უზუფრუქტი, როგორც გამოყენების პირობა, ამცირებს საგადასახადო ბაზას.[14] განსაკუთრებით, მემკვიდრეობის გადასახადის შემთხვევაში.[15]
თუ ქონება გადადის მემკვიდრეობით, მაგრამ მასზე დაწესებულია, ეს პირდაპირ გავლენას ახდენს მემკვიდრეობის გადასახადის ოდენობაზე გერმანიაში.
ძირითადი პრინციპი ასეთია:[16]
მემკვიდრე იღებს საკუთრების უფლებას (Eigentum), მაგრამ თუ მესამე პირს (მაგალითად, გარდაცვლილის მეუღლეს) აქვს უზუფრუქტის უფლება, მემკვიდრე ვერ სარგებლობს ქონებით სრულად, სანამ უზუფრუქტი არსებობს. ამიტომ მემკვიდრის დასაბეგრი ქონების ღირებულებიდან გამოიქვითება უზუფრუქტის კაპიტალიზებული ღირებულება (Kapitalwert des Nießbrauchs). შედეგად, მცირდება მემკვიდრეობის გადასახადის ბაზა.
ეს ეფუძნება:
§ 10 ErbStG (Steuerpflichtiger Erwerb) — დასაბეგრი ქონების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც გამოიქვითება მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ტვირთები. § 23 ErbStG — უზუფრუქტისა და სხვა პერიოდული სარგებლობის უფლებების (Nutzungen) შეფასებისა და დაბეგვრის წესი.
შესატყვისად, სსკ-ის გასაჩივრებული ნორმები არათანაზომიერად ზღუდავს საკუთრების უფლებას და არაკონსტიტუიცურია.
3. საკუთრების უფლება და მასში ჩარევის წინაპირობები - რატომ ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის (სკ) მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები?
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, „სახელმწიფოს ქმედება, რომელიც ზღუდავს პირის თავისუფლებას ფლობდეს, სარგებლობდეს, განკარგავდეს საკუთარ ქონებას ან/და კერძო პირებისაგან ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, a priori წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას.“[17]
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია:
შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთრების უფლების ეფექტიან განხორციელებას (პოზიტიური ვალდებულება); თავად არ ჩაერიოს საკუთრების უფლებაში თვითნებურად და გაუმართლებლად (ნეგატიური ვალდებულება).
ამავე პრაქტიკის შესაბამისად, „საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას...“[18]
ნებისმიერი ნორმა, რომელიც ზღუდავს ფლობას, სარგებლობას, განკარგვას ან ხელშეკრულებით ქონების შეძენის შესაძლებლობას, წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას.[19]
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი იცავს საკუთრების უფლებას, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, კანონის საფუძველზე და პროპორციულობის პრინციპის დაცვით.
უზუფრუქტი წარმოადგენს შეზღუდულ სანივთო უფლებას, რომელსაც დამოუკიდებელი ეკონომიკური ღირებულება აქვს. შესაბამისად, მესაკუთრის უფლებამოსილება, საკუთარი ნივთი დატვირთოს უზუფრუქტით, საკუთრების უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა. საკუთრების შინაარსი მოიცავს არა მხოლოდ ნივთის ფლობას, სარგებლობასა და განკარგვას, არამედ მისი სამართლებრივი ბედის განსაზღვრასაც, მათ შორის, შეზღუდული სანივთო უფლებების შექმნას.
როდესაც კანონმდებელი აბსოლუტურად კრძალავს, რომ მესაკუთრე იმავდროულად იყოს უზუფრუქტუარი, იგი ზღუდავს მესაკუთრის შესაძლებლობას, საკუთარი ქონების სამართლებრივი რეჟიმი საკუთარი ნების შესაბამისად განსაზღვროს. ასეთი აკრძალვა წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევას, რადგან მესაკუთრეს ერთმევა უფლებამოსილება, რომელიც საკუთრების შინაარსის ნაწილია.
კონსტიტუციის მე-19 მუხლის ფარგლებში სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს, თუ რომელ კონკრეტულ საზოგადოებრივ ინტერესს ემსახურება აღნიშნული აკრძალვა.
თუ აკრძალვის მიზანი მხოლოდ ის არის, რომ სანივთო სამართლის სისტემაში მესაკუთრე და უზუფრუქტუარი სხვადასხვა პირები უნდა იყვნენ, ეს წარმოადგენს დოგმატურ კონსტრუქციას და არა საზოგადოებრივ ინტერესს.
სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ აკრძალვა აუცილებელია, მაგალითად:
სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისათვის; კრედიტორთა უფლებების დასაცავად; საჯარო რეესტრის სანდოობის უზრუნველსაყოფად; სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის დასაცავად.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლეგიტიმური მიზანი არსებობდეს, სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს, რომ სრული აკრძალვა აუცილებელია.
ამასთან, აშკარაა, რომ შესაძლებელია არსებობდეს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიცაა:
საჯარო რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება; მესამე პირთა ინფორმირების დამატებითი მექანიზმები; სპეციალური რეგულაციები კრედიტორთა ინტერესების დასაცავად.
როდესაც მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიებებით, აბსოლუტური აკრძალვა ვერ ჩაითვლება აუცილებელ და პროპორციულ შეზღუდვად.
საკუთრების უფლება მოიცავს მესაკუთრის თავისუფლებას, საკუთარი ქონება გამოიყენოს მისთვის სასურველი სამართლებრივი კონსტრუქციებით, თუ ამით არ ირღვევა სხვისი უფლებები ან მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი.
მესაკუთრისთვის საკუთარი ნივთის უზუფრუქტით დატვირთვის აკრძალვა ზღუდავს სწორედ ამ თავისუფლებას და საკუთრების უფლებას აკლებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს — ქონების სამართლებრივი ორგანიზების თავისუფლებას.
მესაკუთრისათვის იმავდროულად უზუფრუქტუარად რეგისტრაციის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით დაცულ საკუთრების უფლებაში ჩარევას, რადგან იგი ზღუდავს მესაკუთრის შესაძლებლობას, საკუთარი ქონების სამართლებრივი რეჟიმი საკუთარი ნების შესაბამისად განსაზღვროს.
ასეთი ჩარევა ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მეორე პუნქტებს, რადგან:
არ არის დასაბუთებული კონკრეტული ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესით; არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში; არსებობს ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები იმავე მიზნის მისაღწევად; ირღვევა სამართლიანი ბალანსი კერძო საკუთრებისა და საჯარო ინტერესს შორის.
ამასთან, აბსოლუტური აკრძალვა, რომლის თანახმადაც მესაკუთრე არ შეიძლება იმავდროულად იყოს უზუფრუქტუარი, კონსტიტუციური თვალსაზრისით სერიოზულ ეჭვს იწვევს ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებთან შესაბამისობის მხრივ.
აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი: რადგან კანონმდებელი კრძალავს მხოლოდ იმ შემთხვევას, როდესაც უზუფრუქტუარი თავად მესაკუთრეა, მაშინ მას ეკისრება განსაკუთრებული ტვირთი, დაასაბუთოს, რატომ არის სწორედ ამ კატეგორიის აკრძალვა აუცილებელი. განსხვავებული მოპყრობა არსებითად მსგავს სამართლებრივ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ დამატებით აძლიერებს მოთხოვნას, რომ შეზღუდვა იყოს მკაფიოდ დასაბუთებული, ობიექტურად გამართლებული და პროპორციული.
დასკვნა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, უზუფრუქტის (usufruct/Nießbrauch) უფლება წარმოადგენს კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლით დაცულ „ქონებას“. შესაბამისად, მისი გაუქმება, შეზღუდვა ან ჩამორთმევა შეფასდება როგორც საკუთრების უფლებაში ჩარევა, რომლის კანონიერება დამოკიდებულია კანონიერების, ლეგიტიმური მიზნის, პროპორციულობისა და „სამართლიანი ბალანსის“ (fair balance) კრიტერიუმების დაცვაზე (იხ. Wittek v. Germany; Bruncrona v. Finland; ასევე CJEU, Commission v. Hungary, C-235/17).
როგორც უკვე არაერთგზის აღინიშნა, კონსტიტუციური სარჩელის ფარგლებში დავის საგანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 242-ე-246-ე მუხლები საკუთრების უფლებასთან მიმართებით (საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები), კერძოდ, მათი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს უძრავი ქონების მესაკუთრის უზუფრუქტუარად რეგისტრაციის (მესაკუთრის უზუფრუქტი) სამართლებრივ შესაძლებლობას.
წარმოდგენილი დასაბუთების შესაბამისად, სადავო ნორმების მითითებული ნორმატიული შინაარსი არაკონსტიტუციურია და ასეთად უნდა იყოს ცნობილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ.
[1] იხ. დაწვრილებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 2018 წ., მუხლი 242, გვ. 235; ამ პუბლიკაციაშიც არაზუსტად არის აღნიშნული, რომ აბსტრაქტულად ვინმეს და პატივსადემი მიზეზის დასახელების გარეშე მესაკუთრის უზუფრუქტი ვერ დაიდება გერმანული კანონმდებლობის ფარგლებში. ეს სრულიად შესაძლებელია და ამას ის მტკიცებულებებიც ადასტურებს, რომელიც ერთვის სარჩელს. გარდა ამისა, იქვე სქოლიოში აღნიშნულია, რომ მესაკუთრე, როგორც უზუფრუქტუარი შესაძლოა დარეგისტრირდეს საქართველოშიც მეორე მხარის მითითების გარეშე, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან სადღეისოდ იუსტიციის სახლი უარს ამბობს ამ სახით უზუფრუქტის რეგისტრაციაზე და უთითებს სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლებს, რომელიც უზუფრუქტის სამართლებრივ ბუნებას არეგულირებს.
[2] გერმანული აბსტრაქციის პრინციპის შესაბამისად, ვალდებულებითსამართლებრივი და სანივთოსამართლებრივი გარიგებები ერთმანეთისაგან აბსტრაჰირებულად განიხილება და პირველის ბათილობა მეორის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს. ამ პრინციპის სანაცვლოდ, სსკ აღიარებს კაუზალურობის პრინციპს, რომლის შესატყვისად ვალდებულებითსამართლებრივი გარიგება კაუზალურ კავშირშია სანივთოსამართლებრივ გარიგებასთან და პირველის ბათილობა მეორის ბათილობასაც იწვევს.
[3] სსკ-ის 273-ე მუხლის შესატყვისად, გირავნობის უფლება წყდება, თუ გირავნობის საგანი გადადის მოგირავნის საკუთრებაში (კონსოლიდაცია). ამავდროულად, ამავე კოდექსის 452-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა შეწყდება, თუ მოვალე და კრედიტორი ერთი და იგივე პირი აღმოჩნდება (კონფუზია).
[4] BeckOK BGB/Reischl, 78. Ed. 1.5.2026, BGB § 1030 Rn. 13.
[5] BGH: * Bestellung eines Nießbrauchs am eigenen Grundstück ohne Nachweis berechtigten Interesses (NJW 2011, 3517).
[6] BGHZ 190, 267 = NJW 2011, 3517; OLG Köln NJW-RR 1999, 239; MüKoBGB/Pohlmann Rn. 78; Staudinger/Heinze, 2021, Rn. 35.
[7] Staudinger/Heinze, 2021, Rn. 33.
[8] LG Stade, NJW 1968, 1678; LG Verden, NdsRpfl 1970, 208; Soergel/Stürner, BGB, 12. Aufl., § 1030 Rdnr. 3; Erman/Michalski, BGB, 12. Aufl., § 1030 Rdnr. 6; Rothe, in: RGRK, BGB, 12. Aufl., § 1030 Rdnr. 5; v. Lübtow, NJW 1962, 275 [276].
[9] Staudinger/Frank, § 1030 Rdnr. 35; Pohlmann, in: MünchKomm-BGB, 5. Aufl., § 1030 Rdnr. 24; Palandt/Bassenge, § 1030 Rdnr. 3; Lemke, in: Ring/Grziwotz/Keukenschrijver, § 1030 Rdnr. 63; Eickmann, in: Prütting/Wegen/Weinreich, § 1030 Rdnr. 9; Schöner/Stöber, GrundbuchR, 14. Aufl., Rdnr. 1373; Westermann, SachenR, 7. Aufl., § 121 II; Schön, Der Nießbrauch an Sachen, S. 224; Weitnauer, DNotZ 1958, 352 [358]; ders., DNotZ 1964, 716 [718].
[10] BGH, Beschl. v. 14. 7. 2011 − V ZB 271/10 (OLG Stuttgart).
[11] MüKoBGB/Pohlmann, 10. Aufl. 2026, BGB § 1030 Rn. 81, 82.
[12] Volland: Steuerliche Gestaltung bei der Nachfolge in Immobilien mittels Nießbrauch(ZEV 2019, 254).
[13] Hermes: Schenkungsteuerliche Folgen der lebzeitigen Vermögensübertragung unter Vorbehalt eines Nießbrauchsrechts zugunsten beider Ehegatten(ZEV 2026, 145)
[14] Stein: Nießbrauchsrechte bei beschränkter Erbschaftsteuerpflicht: Problemlagen, Besteuerung und Gestaltung beim verlängerten Vorbehaltsnießbrauch(ZEV 2020, 603).
[15] შესაბამისი კანონი არის Erbschaftsteuer- und Schenkungsteuergesetz — ErbStG. ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლებია: § 1 ErbStG — რა იბეგრება: მემკვიდრეობა და ჩუქება. § 2 ErbStG — როდის ვრცელდება გერმანიის საგადასახადო ვალდებულება. § 3 ErbStG — რა ითვლება „მემკვიდრეობით მიღებად“. § 10 ErbStG — დასაბეგრი მიღების გამოთვლა. § 13 ErbStG — საგადასახადო შეღავათები/გამონაკლისები. § 15 ErbStG — საგადასახადო კლასები ნათესაობის მიხედვით. § 16 ErbStG — დაუბეგრავი ზღვარი/Freibeträge. § 17 ErbStG — დამატებითი შეღავათი მეუღლისთვის/შვილებისთვის. § 19 ErbStG — გადასახადის განაკვეთები.
[16] მაგალითი: ბინის საბაზრო ღირებულება: 600 000 ევრო. გარდაცვლილის მეუღლეს სიცოცხლის ბოლომდე აქვს რეგისტრირებული უზუფრუქტი. მეუღლის ასაკიდან გამომდინარე, უზუფრუქტის კაპიტალიზებული ღირებულება შეფასებულია 220 000 ევროდ. ამ შემთხვევაში მემკვიდრის დასაბეგრი ღირებულება იქნება: 600 000 − 220 000 = 380 000 ევრო. შემდეგ ამ თანხაზე გამოიყენება § 16 ErbStG-ით დადგენილი დაუბეგრავი ზღვარი (Freibetrag) და § 19 ErbStG-ის საგადასახადო განაკვეთები.
[17] №2/3/1279, 5 ივლისი 2019 – ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
[18] №1/2/384, 2 ივლისი 2007 – დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
[19] №2/3/1279, 5 ივლისი 2019 – ლევან ალაფიშვილი და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა