ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 (16) მუხლის კონსტიტუციურობის თაობაზე
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური წარდგინება |
| ნომერი | N1977 |
| კოლეგია/პლენუმი | პლენუმი - ვასილ როინიშვილი, |
| ავტორ(ებ)ი | ქუთაისის საქალაქო სასამართლო |
| თარიღი | 17 სექტემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლი - 1. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით. | საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი - აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მეხუთე ნაწილი - ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი; „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
საკონსტიტუციო წარდგინება აკმაყოფილებს ,,საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 313 -ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს; „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლო უფლებამოსილია წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუ საერთო სასამართლოში კონკრეტული საქმის განხილვისას სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ესა თუ ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეული ქნეს საქართველოს კონსტიტუციის შეუსაბამოდ; სადავო საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განსჯადია, რადგან გასაჩივრებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316 მუხლი, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობის უფლებამოსილება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია. წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ; წარდგინებაში მითითებული სადავო საკითხი არ არის გადაწყვეტილი საქართველოს კონსტიტუციით; არ არის დარღვეული წარდგინების შეტანის კანონით დადგენილი ვადა; სადავო ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა შესაძლებელია ნორმატიული აქტების იერარქიაში მასზე მაღლა მდგომი ნორმატიული აქტ(ებ)ის კონსტიტუციურობაზე მსჯელობის გარეშე.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2026 წლის 23 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან შემოვიდა ადმინისტრაციული სამათალდარღვევის ოქმი ირაკლი კეზევაძის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. ოქმის თანახმად, 2026 წლის 03 ივნისს ირაკლი კეზევაძემ სოციალური ქსელის „facebook”-ში განთავსებული ერთ-ერთი პოსტის ქვეშ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კახა კალაძეს. ოქმზე დართული მასალების თანახმად, კახა კალაძე არის ქ. თბილისის მერი, სასამართლო სხდომაზე ირაკლი კეზევაძემ განაცხადა: „არ უნდა დამეწერა, მაგრამ ნასვამი ვიყავი, მეუღლე სამი წლის წინ გარდამეცვალა, შვილები არ მყავს, არსად ვმუშაობ, რადგან ვუვლი ავადმყოფ დედას, თავს ვირჩენ დედის პენსიით და მეგობრების დახმარებით“. შეკითხვაზე, კიდევ თუ წერთ კომენტარებს პოსტებზე, ირაკლი კეზევაძემ უპასუხა, არა, აღარც ვეკარები საერთოდ. ქუთაისის სასამართლოს (მოსამართლე ციცინო კიკვაძე) გაუჩნდა დასაბუთებული ეჭვი იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომლის საფუძველზეც შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 17316-ე მუხლით, 1. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით. ამავე დროს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის თანახმადაც. 1. წვრილმანი ხულიგნობა − საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. 2. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის უცხოელის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა 3 წლამდე ვადით. 4. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებულ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ გადაუხდია, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა არ გამოიყენება და მას შეეფარდება ადმინისტრაციული პატიმრობა არანაკლებ ამ მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადის ნახევარი ვადისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოება. მითითებული სამართლებრივი ნორმების შედარებითი ანალიზიდან იკვეთება, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათ კოდექსის 166-ე მუხლის მიზანი არის საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დაცვა, იგი კრძალავს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებას და სხვა ამგვარი ქმედებას, ასკ-ის 17316-ე მუხლი კი სხვა ლოგიკით არის აგებული, ის პირდაპირ იცავს კონკრეტული კატეგორიის პირებს - საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სახელმწიფო მოსამსახურეს, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირს ან/და საჯარო მოსამსახურებს, პასუხისმგებლობას კი უკავშირებს მათ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ან საქმიანობას. ამდენად, 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის უშუალო დაცვის ობიექტს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა სიმშვიდე, მაშინ როდესაც 17316-ე მუხლი, ამავე ტიპის ქცევის გარკვეულ შემთხვევებში, დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს დაზარალებული პირის სტატუსს და მისი სამსახურებრივი საქმიანობის კონტექსტს. შესაბამისად, იკვეთება საკითხი, რამდენად არსებობს დამოუკიდებელი და საკმარისად მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საჭიროება საჯარო მოსამსახურის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოხატვისათვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შესაქმნელად მაშინ, როდესაც მსგავსი ქცევის გარკვეული ფორმები უკვე ექცევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის რეგულირების სფეროში. ამ საკითხის შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ აზრის და მისი გამოხატვის თავისუფლებას. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამავე დროს, აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კონსტიტუციით დადგენილი პირობების დაცვით. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლოს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, საჯარო და განსაკუთრებით პოლიტიკურ თანამდებობის პირებს აქვთ თმენის ბევრად მაღალი ვალდებულება, ვიდრე რიგით მოქალაქეებს, მათ მიმართ გამოხატული კრიტიკისადმი. ( საქმე Lingens v. Austria (1986) ან Handyside v. UK (1976). ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ პოლიტიკოსების მიმართ კრიტიკის ფარგლები ბევრად ფართოა, ვიდრე კერძო პირების მიმართ.ეს ვალდებულება განსაკუთრებით აქტუალურია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათი საჯარო საქმიანობის და პოლიტიკური ფუნქციის შესრულების თაობაზე გამოხატული მოსაზრებების შეფასებისას. ამ ფონზე საყურადღებოა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რეჟიმი, ერთი მხრივ, სპეციალურად არის დაკავშირებული დაზარალებული პირის საჯარო-სამსახურებრივ სტატუსთან, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს უფრო ინტენსიურ სანქციას, ვიდრე 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის პირველი ნაწილისთვის დადგენილი პასუხისმგებლობაა. კერძოდ, 166-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე, ხოლო 17316-ე მუხლის პირველი ნაწილი — ჯარიმას 1 500-დან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე. ამასთან, პრობლემურია არა მხოლოდ სანქციის განსხვავებული სიმკაცრე, არამედ პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობის განსხვავებული ფარგლებიც. 17316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში, აღნიშნული ნორმის შენიშვნის შესაბამისად, დარღვევაზე არ ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის მოქმედება, 166-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის პირველი ნაწილის მიმართ კი ასეთი გამორიცხვა არ მოქმედებს. შესაბამისად, არსებითად მსგავსი ქცევის მიუხედავად, კანონმდებელი სასამართლოს ერთ შემთხვევაში ანიჭებს პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ამ შესაძლებლობას გამორიცხავს დაზარალებული პირის სტატუსისა და შესაბამისი საქმიანობის კონტექსტის გათვალისწინებით. სწორედ აღნიშნული განსხვავება წარმოშობს კონსტიტუციურ ეჭვს, რამდენად არის ასეთი განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმი აუცილებელი, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, რა დამატებით, დამოუკიდებელ ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება 17316-ე მუხლით შექმნილი სპეციალური რეჟიმი და რატომ ვერ მიიღწევა აღნიშნული მიზანი უკვე არსებული ზოგადი სამართლებრივი მექანიზმებით, მათ შორის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით. სასამართლოსთვის აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანაზომიერების მოთხოვნის ჭრილში: თუ საჯარო მოსამსახურის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის სამსახურებრივი საქმიანობის დაცვის ლეგიტიმური მიზანი შესაძლებელია მიღწეულ იქნას ნაკლებად მზღუდავი სამართლებრივი საშუალებებით, დამატებითი სპეციალური პასუხისმგებლობის დაწესება, უფრო მკაცრი სანქციის განსაზღვრა და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობის გამორიცხვა საჭიროებს განსაკუთრებით დამაჯერებელ კონსტიტუციურ დასაბუთებას. სახელმწიფოს უნდა შეეძლოს აჩვენოს რა კონკრეტული პრობლემა ვერ გვარდება 166-ე მუხლით, რატომ არის საჭირო დამატებითი სპეციალური სამართალდარღვევის შემოღება, რატომ უნდა იყოს სპეციალური სანქცია უფრო მკაცრი და რატომ არის აუცილებელი 22-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობის გამორიცხვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით თვალსაჩინოა განსახილველ საქმეში. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა განხორციელებული ქმედება და გამოხატა სინანული. მან ასევე მიუთითა მძიმე სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, უმუშევრობასა და ავადმყოფი დედის მოვლის აუცილებლობაზე. ამასთან, კითხვაზე, აგრძელებდა თუ არა მსგავს საქმიანობას, განაცხადა, რომ აღარ წერს მსგავს კომენტარებს და აღარ „ეკარება“ ასეთ საქმიანობას. რა თქმა უნდა, აღნიშნული გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას და არც სასამართლოს განსაზღვრავს წინასწარ საბოლოო სამართლებრივ შეფასებას, თუმცა ისინი ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული საქმის ინდივიდუალურ გარემოებათა შეფასების შესაძლებლობას სანქციის კონსტიტუციურად სამართლიანი და პროპორციული გამოყენებისათვის. სადავო ნორმით ასეთი შესაძლებლობის გამორიცხვა კი წარმოშობს კითხვას, არის თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ამგვარი ინტენსივობა აუცილებელი შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სადავო ნორმის კონსტიტუციურ შეფასებას ამძაფრებს ის გარემოებაც, რომ მისი გამოყენება შეიძლება დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ კონკრეტული პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრებასთან, არამედ უფრო ფართო პრევენციულ ეფექტთან. პირისთვის ცნობილი ხდება, რომ საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ მკვეთრი ან შეურაცხმყოფელი ფორმით გამოხატული მოსაზრების გამო მას შეიძლება დაეკისროს მნიშვნელოვანი ოდენობის ჯარიმა ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა. ასეთმა სამართლებრივმა რეჟიმმა შესაძლოა გამოიწვიოს არა მხოლოდ იმ გამოხატვისგან თავის შეკავება, რომელიც კანონმდებლის მიერ დასჯადი ქმედების სახით იყო ნაგულისხმევი, არამედ ისეთი კრიტიკული გამოხატვისგანაც, რომლის შეზღუდვა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი არ არის. სანქციის ასეთი შესაძლო პრევენციული ეფექტი განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიტიკური დებატების სფეროში, ვინაიდან საჯარო და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ თავისუფალი დისკუსია დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ დაწესებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას ისეთი სამართლებრივი გარემო, რომელშიც მოქალაქეები საჯარო პირების მიმართ კრიტიკული მოსაზრების გამოხატვისაგან მხოლოდ შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით შეიკავებენ თავს. სწორედ ამ კონტექსტში იძენს მნიშვნელობას „მსუსხავი ეფექტის“ დოქტრინა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სანქციის შიშმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის თვითცენზურა და შეაფერხოს ისეთი გამოხატვის განხორციელებაც, რომლის შეზღუდვა კანონმდებელს საერთოდ არ ჰქონია მიზნად. ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შეფასებისას უნდა იქნას გათვალისწინებული არა მხოლოდ უშუალოდ კონკრეტულ პირზე დაკისრებული სანქცია, არამედ ის შესაძლო ეფექტიც, რომელსაც ასეთი სანქციის არსებობა საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე ახდენს. განსახილველ საქმეში ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის განცხადება, რომ იგი აღარ წერს მსგავს კომენტარებს და აღარ „ეკარება“ ასეთ საქმიანობას, შესაძლოა განიხილებოდეს აღნიშნული პოტენციური ეფექტის კონკრეტულ ილუსტრაციად. ცხადია, ერთი პირის განცხადება თავისთავად ვერ ადასტურებს ნორმის ზოგად მსუსხავ ეფექტს, თუმცა იგი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სანქციის არსებობამ კონკრეტულ პირზე გავლენა მოახდინოს და ხელი შეუწყოს თვითცენზურას. ამრიგად, სასამართლოს უჩნდება დასაბუთებული კონსტიტუციური ეჭვი, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლით შექმნილი სპეციალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი რეჟიმი, იმ ნაწილში, რომელშიც იგი საჯარო მოსამსახურის ან პოლიტიკური თანამდებობის პირის სტატუსის საფუძველზე ადგენს სპეციალურ პასუხისმგებლობას, ითვალისწინებს ინტენსიურ სანქციას და გამორიცხავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას, შესაძლოა არ წარმოადგენდეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის აუცილებელ და თანაზომიერ საშუალებას. ამასთან, სასამართლო ვერ გამორიცხავს სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საჯარო მოსამსახურეები და პოლიტიკური თანამდებობის პირები მათი სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას უკანონო ზემოქმედებისაგან. თუმცა კონსტიტუციური პრობლემა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად სწორედ სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური და მკაცრი რეჟიმი და, განსაკუთრებით, რამდენად გამართლებულია პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ზოგადი მექანიზმის გამორიცხვა მაშინ, როდესაც კონკრეტული საქმის გარემოებები შეიძლება არსებითად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან. ამ საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, კერძოდ, საქმე Vedat Şorli v. Turkey (განაცხადი №42048/19, 19 ოქტომბერი 2021 წელი). აღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეაფასა პრეზიდენტის შეურაცხყოფისათვის სპეციალური სისხლისსამართლებრივი ნორმის გამოყენება და დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა. საქმე ეხებოდა განმცხადებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ორ მასალას, რომელთაგან ერთ-ერთი შეიცავდა კარიკატურას, ხოლო ორივეს ახლდა პრეზიდენტის მიმართ სატირული და კრიტიკული კომენტარები. სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გამოყენებული სისხლისსამართლებრივი ღონისძიებებისა და სასჯელის შესაძლო მსუსხავ ეფექტს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიმართ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით სპეციალური ნორმა მას სხვა პირებთან შედარებით უფრო მაღალი დაცვის ხარისხს ანიჭებდა და უფრო მძიმე პასუხისმგებლობას ადგენდა. სასამართლომ ამგვარი გაძლიერებული დაცვის რეჟიმის არსებობა შეაფასა კონვენციის მე-10 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების ჭრილში და მიიჩნია, რომ პრეზიდენტის მიმართ სპეციალური და უფრო მაღალი ხარისხის დაცვის დაწესება, განსაკუთრებით სისხლისსამართლებრივი სანქციების გამოყენების პირობებში, ვერ გამართლდა კონკრეტულ საქმეში. მართალია, აღნიშნული საქმე პირდაპირ არ ეხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლს და არც ყველა საჯარო მოსამსახურის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა იგი რელევანტურ სახელმძღვანელო სტანდარტს წარმოადგენს იმ ნაწილში, სადაც სახელმწიფოს მიერ საჯარო პირის სტატუსის საფუძველზე უფრო მაღალი სამართლებრივი დაცვისა და უფრო მკაცრი სანქციის დაწესება გავლენას ახდენს პოლიტიკური და საჯარო გამოხატვის თავისუფლებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ განსახილველ საქმეში სადავო ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეიძლება გავრცელდეს არა მხოლოდ პირდაპირი ძალადობის, მუქარის ან სხვა უკანონო ზემოქმედების შემთხვევებზე, არამედ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთი მხრივ, ისეთი ქმედებები, რომლებიც რეალურად უქმნის საფრთხეს საჯარო მოსამსახურის უსაფრთხოებას ან ხელს უშლის მის სამსახურებრივ საქმიანობას და, მეორე მხრივ, სიტყვიერი გამოხატვა, რომელიც შესაძლოა იყოს მკვეთრი, შეურაცხმყოფელი ან ემოციური, მაგრამ არ შეიცავდეს ძალადობის, მუქარის ან სხვა რეალური საფრთხის ელემენტებს. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობა წარმოშობს დასაბუთებულ კონსტიტუციურ ეჭვს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173¹⁶ მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსი შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცული გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისათვის აუცილებლობისა და თანაზომიერების მოთხოვნებს. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ წინამდებარე კონსტიტუციური წარდგინება არ ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ საჯარო მოსამსახურე ან პოლიტიკური თანამდებობის პირი საერთოდ არ უნდა სარგებლობდეს სამართლებრივი დაცვით. სახელმწიფოს უფლება და, რიგ შემთხვევებში, ვალდებულებაც აქვს, უზრუნველყოს საჯარო სამსახურის სათანადო ფუნქციონირება, საჯარო მოსამსახურეთა უსაფრთხოება და მათი უფლებების დაცვა. კონსტიტუციური პრობლემა კი მდგომარეობს არა დაცვის ლეგიტიმური მიზნის არსებობაში, არამედ იმაში, თუ რამდენად აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად სწორედ სადავო ნორმით გათვალისწინებული სპეციალური და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობის რეჟიმი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქმედ კანონმდებლობაში უკვე არსებობს ზოგადი სამართლებრივი მექანიზმები და სასამართლოს ეკრძალება პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობის გამოყენება. საბოლოოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას ერთობლივად უნდა შემოწმდეს სადავო ნორმის 1. გამოსადეგობა - ემსახურება თუ არა მკაცრი სანქცია საჯარო მოხელის საქმიანობის დაცვას; 2. ნორმის აუცილებლობა - არსებობს თუ არა ნაკლებად მზღუდავი საშუალება (მაგ., ასკ-ის 166-ე მუხლი ან სამოქალაქო წესით ცილისწამების/პატივისა და ღირსების დაცვის მექანიზმი); 3. პროპორციულობა ვიწრო გაგებით: გადაწონის თუ არა საჯარო ინტერესი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით გამოწვეულ ზიანსა და მსუსხავ ეფექტს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვისათვის, რათა მან შეაფასოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის სადავო ნორმატიული შინაარსის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს ეთხოვოს დაადგინოს, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ და მე-5 პუნქტებთან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17316-ე მუხლის იმ ნორმატიული შინაარსის შესაბამისობის დადგენა, რომელიც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით მისი სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის ადგენს სპეციალურ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ამავე დროს გამორიცხავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: არა
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: არა
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: არა
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: არა