ლანა ხარებავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
| დოკუმენტის ტიპი | კონსტიტუციური სარჩელი |
| ნომერი | N1976 |
| კოლეგია/პლენუმი | II კოლეგია - მანანა კობახიძე, |
| ავტორ(ებ)ი | ლანა ხარებავა |
| თარიღი | 14 სექტემბერი 2026 |
თქვენ არ ეცნობით კონსტიტუციური სარჩელის/წარდგინების სრულ ვერსიას. სრული ვერსიის სანახავად, გთხოვთ, ვერტიკალური მენიუდან ჩამოტვირთოთ მიმაგრებული დოკუმენტი
1. სადავო ნორმატიული აქტ(ებ)ი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
2. სასარჩელო მოთხოვნა
| სადავო ნორმა | კონსტიტუციის დებულება |
|---|---|
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 ნაწილის პირველი წინადადების: „პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის არსებობისას პროკურორს გამოაქვს დადგენილება საკუთარი ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც მოცემულია სიტყვებში — „სათანადო საფუძვლის არსებობისას“ — და რომელიც გულისხმობს ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული „დასაბუთებული ვარაუდის“ (ბრალდების წარდგენისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობის) სტანდარტით განმარტებასა და გამოყენებას დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისა |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია“. |
| საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის პირველი წინადადების: „მოსამართლეს ამ მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ საკითხებზე 15 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე.“ ის ნორმატიული შინაარსი და ჩანაწერი, რომელიც გამოიხატება სიტყვებში — „ან მის გარეშე“ — და რომელიც მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზარალებულად ცნობის საჩივარი განიხილოს კაბინეტურად, ფარულად, მხარეთა პროცესუალური თანასწორობისა და სავალდებულო ზეპირი მოსმენის გარეშე. |
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი: ,, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.“ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტი: ,,დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით“. |
3. საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის სამართლებრივი საფუძვლები
საქართველოს კონსტიტუციის დებულებები: საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი;
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის ე) ქვეპ., 31-ე მუხლი, 311 მუხლი, 39 მუხლის 1-ლი პუნქტის ა) ქვეპუნქტი.
4. განმარტებები სადავო ნორმ(ებ)ის არსებითად განსახილველად მიღებასთან დაკავშირებით
· ა) სარჩელის ფორმალური გამართულობა: კონსტიტუციური სარჩელი შედგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი ოფიციალური ფორმის (ბლანკის) ზედმიწევნითი დაცვით. მასში მკაფიოდ არის იდენტიფიცირებული მოსარჩელე (ლანა ხარებავა), წარმომადგენელი (ადვოკატი რევაზ რიჟამაძე, ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულების №N251614774 საფუძველზე), მოპასუხე (საქართველოს პარლამენტი), გასაჩივრებული საპროცესო ნორმები და კონსტიტუციის ის დებულებები, რომლებთან მიმართებითაც მოითხოვება ნორმათა ნორმალურად აღქმული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა. · ბ) უფლებამოსილი სუბიექტი და დავის საგნობრივი ქვემდებარეობა: მოსარჩელე არის ფიზიკური პირი, რომელსაც „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გააჩნია აღნიშნული სარჩელის წარდგენის სრული იურიდიული უფლებამოსილება (ლოკუს სტანდი). დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო კოდექსის კონკრეტული საპროცესო დებულებების კონსტიტუციურობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ექსკლუზიურად ექვემდებარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საგნობრივ იურისდიქციას. · გ) სადავო ნორმების აქტუალურობა და ძალაში ყოფნა ქვეპუნქტი): სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების გასაჩივრებული ჩანაწერები არის მოქმედი, არ არის გაუქმებული ან ძალადაკარგული საქართველოს პარლამენტის მიერ და აგრძელებს ნეგატიურ სამართლებრივ ზემოქმედებას პრაქტიკაში. · დ) დავის გადაწყვეტა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ: კონსტიტუციურ სარჩელში დასმული კონკრეტული საკითხები (დაზარალებულის სტატუსის მინიჭებისას ბრალის სტანდარტის მცდარი გამოყენება და რაიონულ სასამართლოში საჩივრის განხილვისას ზეპირი მოსმენის სავალდებულოობის არარსებობა) აქამდე არ ყოფილა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი და მის ირგვლივ არ არსებობს სხვა ძალაში მყოფი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც გამორიცხავდა ხელახალ განხილვას. · ე) კონსტიტუციური იერარქიის დაცვა: გასაჩივრებული ნორმატიული შინაარსი მოცემულია საკანონმდებლო აქტში (კოდექსში). შესაბამისად, კონსტიტუციურ იერარქიაში არ არსებობს სხვა ზემდგომი ნორმატიული აქტი (გარდა თავად საქართველოს კონსტიტუციისა), რომელთან მიმართებითაც შესაძლებელი იქნებოდა სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასება საერთო სასამართლოების მიერ. · ვ) ხანდაზმულობის ვადების არარსებობა: კანონმდებლობა ნორმატიული აქტების გასაჩივრებისათვის ფიზიკური პირებისათვის არ ადგენს რაიმე სახის ხანდაზმულობის საპროცესო ვადას. · ზ) უფლების უშუალო, აქტუალური დარღვევა და მიზეზშედეგობრივი კავშირი (Prima Facie სტანდარტი): სადავო ნორმატიული ფორმულირებები არ ატარებს აბსტრაქტულ ხასიათს. მათი ნეგატიური და დისკრიმინაციული ძალა უშუალოდ, რეალურად შეეხო მოსარჩელე ლანა ხარებავას უფლებებს ორ აქტიურ სისხლის სამართლის საქმეზე (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საქმე №092090226001 და პოლიციაში მიმდინარე მუქარის საქმე №MIA 1 26 02078119). კანონის ჩანაწერმა — „სათანადო საფუძვლის არსებობისას“ — პროკურორებს მისცა ლეგალური ვოლუნტარიზმის საფუძველი, რათა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ხელოვნურად გაეუთანაბრებინათ „დასაბუთებული ვარაუდის“ (ბრალის) სტანდარტთან, რითაც პირი თვეების განმავლობაში დატოვეს საინფორმაციო ბლოკადაში. პარალელურად, სსკ-ის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვებმა — „ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე“ — ოფიციალურად დააკანონა ფარული, კაბინეტური მართლმსაჯულების შესაძლებლობა, სადაც სასამართლო კონტროლი მოკლებულია ზეპირ შეჯიბრებითობას და პოტენციურ დაზარალებულს ართმევს შანსს, ცოცხალი სიტყვით დაიცვას თავი გამომძიებლის მიერ სუბიექტურად შედგენილი გამოკითხვის ოქმების ცალმხრივი ფილტრაციისაგან. ეს საპროცესო ბლოკადა პირდაპირ, ნეგატიურად აისახება მოსარჩელის უფლებებზე პარალელურად მიმდინარე სამოქალაქო საქმეშიც №330210025011853039 (მოსამართლე ზვიად ესებუას წარმოებაში), სადაც მოსარჩელე ფონდი ბოროტად სარგებლობს ლანა ხარებავას საინფორმაციო ვაკუუმით, ვინაიდან მასალები ჩაკეტილია სისხლის სამართლის საქმეში. სახეზეა პირდაპირი კაუზალური კავშირი გასაჩივრებულ ჩანაწერებსა და კონსტიტუციის 31-ე მუხლის 1-ელი და მე-3 პუნქტების დარღვევას შორის, რაც ქმნის სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების აბსოლუტურ საფუძველს.
5. მოთხოვნის არსი და დასაბუთება
ა) სადავო ნორმატიული წესრიგით გამოწვეული უფლებრივი შეზღუდვის არსი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილების გასაჩივრებული საპროცესო ფორმულირებები, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად უშვებენ პროკურორის უარის რაიონულ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, პრაქტიკაში შობენ უფლებათა შეზღუდვის მძიმე და შეუქცევად ანომალიას. კანონის ჩანაწერი — „სათანადო საფუძვლის არსებობისას“ — არ შეიცავს მკაფიო, პროგნოზირებად და ობიექტურ კრიტერიუმებს, რის გამოც ბრალდების მხარე მას სუბიექტურად უთანაბრებს „დასაბუთებული ვარაუდის“ მაღალ სტანდარტს და დანაშაულის მსხვერპლს ხელოვნურად უტოვებს მოწმის საპროცესო სტატუსს. ამასთანავე, საპროცესო კოდექსის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის სიტყვები — „ზეპირი მოსმენით ან მის გარეშე“ — მოსამართლეს აძლევს ლეგალურ უფლებას საჩივარი განიხილოს ფარულად, კაბინეტური წესით, რაც მთლიანად გამორიცხავს მხარეთა პროცესუალური თანასწორობისა და შეჯიბრებითობის გარანტიებს. დანაშაულის მსხვერპლი ფიზიკური პირი, ვიდრე ოფიციალურად არ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი, კანონმდებლობით მოქცეულია სრულ საინფორმაციო ვაკუუმსა და ბლოკადაში. მას და მის ადვოკატს არ გააჩნიათ უფლება გაეცნონ საქმის მასალებს, ამოღებულ საბანკო ტრანზაქციებს თუ ციფრულ ექსპერტიზებს. აღნიშნული ორმხრივი საკანონმდებლო ხარვეზი პირდაპირ, უხეშად და შეუქცევადად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტს (სამართლიანი სასამართლოსა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება) და 31-ე მუხლის მესამე პუნქტს (ადვოკატის მიერ დაცვის უფლების რეალური გარანტია). ბ) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველ პუნქტთან (სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკით, კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება არ ატარებს მხოლოდ ნომინალურ ხასიათს. ეს უფლება არის ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნდამენტური გარანტი, რომელიც მოითხოვს, რომ ნებისმიერი საჯარო-სამართლებრივი დავის გადაწყვეტა ექვემდებარებოდეს ეფექტურ, რეალურ და შინაარსობრივ სასამართლო კონტროლს. გასაჩივრებული ნორმატიული წესრიგი, რომელიც მოსამართლეს აძლევს უფლებამოსილებას საქმე გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე, სამართლიანი განხილვის უფლებას აცარიელებს მატერიალური შინაარსისაგან. პოტენციური დაზარალებულისათვის წერილობითი (უხმო) პროცედურა არის უფლების რეალიზაციის ილუზია, რამდენადაც სასამართლო კონტროლი მოკლებულია საჯაროობასა და მხარეთა თანასწორობას. კონსტიტუციური სტანდარტი მოითხოვს, რომ პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრება რაიონულ სასამართლოში ხდებოდეს სავალდებულო ზეპირი მოსმენით და საჯარო სხდომის ფორმატში, სადაც დანაშაულის მსხვერპლს და მის ადვოკატს მიეცემათ შესაძლებლობა, პირისპირ წარსდგნენ დამოუკიდებელი არბიტრის წინაშე და დაიცვან თავი. გ) შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტთან (დაცვის უფლება) კონსტიტუციის 31-ე მუხლის მესამე პუნქტით გარანტირებული დაცვის უფლება გულისხმობს ადვოკატის შესაძლებლობას, ეფექტურად, რეალურად და ხარისხიანად განახორციელოს მარწმუნებლის ინტერესების დაცვა. სადავო ნორმატიული ბუნდოვანება, რომელიც პირს ხელოვნურად უნარჩუნებს მხოლოდ მოწმის სტატუსს, ადვოკატს აქცევს სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. ადვოკატი, რომელსაც კანონი უსპობს საგამოძიებო მასალების გაცნობის საპროცესო შესაძლებლობას, რეალურად ვერ ახორციელებს დაცვის ფუნქციას, რაც დაცვის უფლებას აქცევს ფორმალურ, ილუზორულ დებულებად. დ) სადავო ნორმის ბუნდოვანება, როგორც პროკურატურის ვოლუნტარიზმის ლეგალური ინსტრუმენტი (მკვდარი ნორმის ანალიზი) საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, კანონისმიერი ჩანაწერი უნდა აკმაყოფილებდეს „კანონის ხარისხის“ ფუნდამენტურ პრინციპს — იგი უნდა იყოს ნათელი, პროგნოზირებადი და უნდა გამორიცხავდეს აღმსრულებლის მხრიდან სუბიექტური ინტერპრეტაციის რისკებს. სადავო ნორმაში არსებული სიტყვები — „სათანადო საფუძვლის არსებობისას“ — ამ სტანდარტს კატასტროფულად არღვევს. რეალურად, ხსენებული ფორმულირება პრაქტიკაში წარმოადგენს მკვდარ ნორმას, რამდენადაც საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი მოცულობა უნდა გააჩნდეს ამ „სათანადო საფუძველს“ პირის დაზარალებულად ცნობის ეტაპზე. ამგვარი საკანონმდებლო ვაკუუმი და დეფინიციის არარსებობა იძლევა პროკურატურის მხრიდან ვოლუნტარიზმისა და სუბიექტური ნების ლეგალური გამოვლენის საშუალებას. საგამოძიებო უწყებამ ხსენებული ჩანაწერი აქცია იურიდიულ საფარად, რომლის მეშვეობითაც, თავად წყვეტს, ვის და როდის მიანიჭოს საქმეზე რეალური საპროცესო სტატუსი. ე) მოსარჩელე ლანა ხარებავას ინდივიდუალური საქმეების არსი და კავშირი სადავო ნორმასთან სადავო ნორმატიული შეზღუდვების არაკონსტიტუციურობა მკაფიოდ ვლინდება მოსარჩელე ლანა ხარებავას ინდივიდუალურ საქმეებში, სადაც მოქმედმა საპროცესო მოდელმა სრულიად პარალიზებული გახადა დანაშაულის მსხვერპლის უფლებების ეფექტური დაცვა: 1. უმძიმესი დანაშაულების მხილება და ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ლანა ხარებავა არის ************** დაავადებული * წლის მცირეწლოვანი მ.ხ-ს დედა (ბავშვის მკურნალობის ღირებულება თურქეთის კლინიკა „********“-ის ოფიციალური ინვოისით შეადგენს ** *** აშშ დოლარს). მოსარჩელის მიერ საჯაროდ იქნა მხილებული საქველმოქმედო ორგანიზაციის — ა(ა)იპ „დედების ფონდის“ (ს/ნ 400178419) ხელმძღვანელობის მხრიდან ავადმყოფი ბავშვების სამკურნალოდ შეგროვებული სახსრების სავარაუდო მითვისებისა და ფულის გათეთრების გზით კოლოსალური პირადი ქონებრივი იმპერიის (1 493 209 ლარის ღირებულების აქტივების) დაგროვების ფაქტი. აღნიშნული მხილების გამო, ლანა ხარებავას მიმართ დაიწყო სისტემური ფსიქოლოგიური ტერორი და სიცოცხლის მოსპობის რეალური მუქარები. 2. წარმოებული სისხლის სამართლის საქმეები და პროკურორთა უარი: მოსარჩელის ადვოკატის მიერ წარდგენილი ოფიციალური განცხადებების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ორ დამოუკიდებელ სისხლის სამართლის საქმეზე: საქმე №092090226001 (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით — დიდი ოდენობით მითვისება/გაფლანგვა) და საქმე №MIA 1 26 02078119 (პოლიციაში, სსკ-ის 151-ე მუხლით — მუქარა). მიუხედავად იმისა, რომ ორ დანაშაულში უშუალო მსხვერპლს წარმოადგენს ლანა ხარებავა, მას უარი ეთქვა დაზარალებულად ცნობაზე როგორც პროკურორ თეა ბერიძის 2026 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით (ფინანსურ საქმეზე), ისე გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის 2026 წლის 1 სექტემბრის დადგენილებით (მუქარის საქმეზე). 3. პროკურორების მანკიერი საპროცესო ლოგიკის ანალიზი:
პროკურორი თეა ბერიძე დადგენილების სამოტივაციო ნაწილში პირდაპირ აღნიშნავს: „მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარე მუშაობს, შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მტკიცებულებების მოპოვებისთვის. საქმეზე ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები... დაზარალებულად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება შესაძლებელია მხოლოდ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, რაც არის დანაშაულის ფაქტის და მისი ჩადენის საერთო მტკიცებულებები, რაც ამ ეტაპზე დამატებით მოსაპოვებელია“. პარალელურად, რაიონული პროკურატურა 1 სექტემბრის დადგენილებაში მიუთითებს, რომ საქმეზე კვლავ ტარდება მოქმედებები სოციალურ ქსელებში მუქარის მიმოწერების შესასწავლად.აღნიშნული მსჯელობით ორივე უწყება უხეშად ამახინჯებს კანონს. საპროცესო კოდექსი დაზარალებულად ცნობისათვის ითხოვს არა ბრალდების წარდგენისათვის საჭირო უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობას, არამედ მარტივი ალბათობის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ პირი არის დანაშაულებრივი ქმედების უშუალო მსხვერპლი. პროკურორების მხრიდან სტატუსის უარყოფა იმ მოტივით, რომ გამოძიება გრძელდება, არღვევს კანონის იმპერატიულ არსს და ლეგალურ საფუძველს აძლევს უწყებრივ ვოლუნტარიზმს. ვ) საქმის სავალდებულო ზეპირი მოსმენით განხილვის იმპერატიული კონსტიტუციური აუცილებლობა (სსკ-ის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის კრიტიკა) ზეპირი მოსმენის გარეშე, დანაშაულის მსხვერპლი სრულიად დაუცველია იმისაგან, რომ საჩივრის განხილვისას რაიონული სასამართლო დაეფუძნოს მხოლოდ გამოძიების ეტაპზე გამომძიებლის მიერ შედგენილ გამოკითხვის ოქმს. პრაქტიკაში, აღნიშნული ოქმი ყოველთვის დგება ბეჭდური წესით, ყოველგვარი აუდიო-ვიდეო ჩაწერის გარეშე, და მას თავად გამომძიებელი აყალიბებს. ასეთ პირობებში, ოქმში ფაქტებისა და არგუმენტების შინაარსის თანმიმდევრული, ობიექტური და სრულყოფილი ასახვა ფიზიკურად ვერ ხერხდება იმ მიზეზით, რომ გამომძიებელი სუბიექტურად აფიქსირებს ტექსტს და დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ წყვეტს, მოწმის ნათქვამიდან რომელი იმყოფება კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობასთან კავშირში და რომელი არა. გამოკითხვის საპროცესო პროცესში დანაშაულის მსხვერპლს მართალია აქვს უფლება შეიტანოს შენიშვნა ოქმში გამოკითხვის დასრულებისას, თუმცა მას კანონმდებლობით არ გააჩნია უფლება გაასაჩივროს გამომძიებლის ზეპირი გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ რომელი ფაქტები მიიჩნიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონედ და რომელი — არა. ამასთანავე, აღნიშნული შენიშვნაც გამოკითხვის ოქმში ფიქსირდება და იკრიბება მხოლოდ გამომძიებლის მიერ იმავე წესით, რაც შესაძლოა ასევე არასრულყოფილად და დამახინჯებულად იქნეს ფორმულირებული, ხოლო „შენიშვნაზე შენიშვნის“ გაკეთება პრაქტიკაში დაუსრულებელ, აბსურდულ პროცესს გამოიწვევს. შესაბამისად, თუ სსკ-ის 56-ე მუხლის მე-7 ნაწილის ჩანაწერი — „ან მის გარეშე“ — ძალაში დარჩება, რაიონული სასამართლოს მოსამართლე იძულებული იქნება სამართლებრივი ვერდიქტი გამოიტანოს მხოლოდ გამომძიებლის მიერ სუბიექტურად გაფილტრული ბეჭდური ოქმის საფუძველზე. მხოლოდ სავალდებულო ზეპირი მოსმენა აძლევს დანაშაულის მსხვერპლს და მის ადვოკატს უფლებას, უშუალოდ, ცოცხალი რიტორიკით წარსდგნენ დამოუკიდებელი მოსამართლის წინაშე, წარმოადგინონ რეალური არგუმენტები, საჯაროდ გააბათილონ პროკურატურის ვოლუნტარიზმი და გამოასწორონ საგამოძიებო ოქმების ხარვეზები, რაც წარმოადგენს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ერთადერთ რეალურ გზას. ზ) ა(ა)იპ „დედების ფონდის“ სამოქალაქო სარჩელი და სისხლის სამართლის საქმის გაჭიანურების ნეგატიური მიზეზობრივი კავშირი ლანა ხარებავას დაცვის უფლებაზე სამოქალაქო პროცესში სახეზეა პირდაპირი, ნეგატიური მიზეზობრივი კავშირი გასაჩივრებულ საპროცესო ხარვეზებსა და მოსამართლე ზვიად ესებუას წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეში №330210025011853039 (წარმოება №2/27532-25) მოპასუხე ლანა ხარებავას დაცვის უფლების სრულ პარალიზებას შორის. სამოქალაქო საქმე 2026 წლის 21 ივლისს გადავიდა არსებითი განხილვის (მთავარ) სხდომაზე. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში, სასამართლო მოკლებულია საპროცესო ბერკეტებს, დამოუკიდებლად მოახდინოს ა(ა)იპ „დედების ფონდისა“ და ვიოლეტა ჩიმჩიურის საბანკო ანგარიშების ფართომასშტაბიანი ამოღება და კრიმინალისტიკური რევიზია, რაც სსკ-ის ნორმათა თანახმად, წარმოადგენს ფინანსური პოლიციის ექსკლუზიურ კომპეტენციას. გასაჩივრებული ნორმების მანკიერი ბუნების გამო, პროკურატურა ინარჩუნებს სრულ ინფორმაციულ ბლოკადას, უარს აცხადებს ლანა ხარებავას დაზარალებულად ცნობაზე, ხოლო სასამართლოში ზეპირი განხილვის არარსებობის საფრთხე პროცესს კაბინეტურს ხდის. შედეგად, მოსარჩელე ფონდი სამოქალაქო სასამართლოში ბოროტად სარგებლობს ლანა ხარებავას ამგვარი იძულებითი საინფორმაციო ვაკუუმით და ცდილობს საქმე მოიგოს იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს კანონმდებლობა ართმევს ერთადერთ გზას — წარადგინოს თავისი პოზიციის სიმართლის დამამტკიცებელი ფინანსური მასალები, რომლებიც საგამოძიებო უწყების სეიფებშია ჩაკეტილი. თუკი პირი მიუთითებს ფინანსური დანაშაულის კონკრეტულ ფაქტებზე, წარადგენს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურა ამბობს, რომ სათანადო საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს, მატერიალური კანონმდებლობის კონტექსტში სახეზეა იურიდიული აბსურდი: თუ დანაშაული არ არსებობს, გამოდის, რომ განმცხადებელმა ჩაიდინა ცრუ შეტყობინება ან ცრუ დასმენა. მაგრამ პროკურატურა ცრუ დასმენაზე საქმეს არ ძრავს, რადგან იცის, რომ დანაშაული რეალურია, და ამავდროულად პირს არ აძლევს დაზარალებულის სტატუსს. ეს ვოლუნტარისტული, ჩაკეტილი საპროცესო მიდგომა უხეშად არღვევს სამართლიანი სასამართლოს, ზეპირი განხილვისა და ეფექტური დაცვის უფლებებს, რის გამოც გასაჩივრებული ჩანაწერები უნდა გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად და ძალადაკარგულად.
6. კონსტიტუციური სარჩელით/წარდგინებით დაყენებული შუამდგომლობები
შუამდგომლობა სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე: კი
შუამდგომლობა პერსონალური მონაცემების დაფარვაზე: არა
შუამდგომლობა მოწმის/ექსპერტის/სპეციალისტის მოწვევაზე: კი
შუამდგომლობა/მოთხოვნა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე: კი
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სახის შუამდგომლობა: კი